გვაქვს მიზეზი, სიხარულით ვიყიჟინოთ
„შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ“ (ესაია 35:10).
1. ვის აქვს სიხარულის განსაკუთრებული მიზეზი დღეს?
ალბათ შეამჩნევდი, რომ ამჟამად ცხოვრებაში ადამიანთა მხოლოდ მცირე რაოდენობას თუ აქვს ნამდვილი სიხარული. აღსანიშნავია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები, იეჰოვას მოწმეები, გრძნობენ სიხარულს. მსგავსი სიხარული სხვა მილიონობით ადამიანის წინაშეც არის, იმ მოუნათლავი ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების წინაშე, რომლებიც დაუკავშირდნენ იეჰოვას მოწმეებს. ის ფაქტი, რომ შენ ახლა კითხულობ ამ ჟურნალს, ცხადყოფს, რომ უკვე გრძნობ ამ სიხარულს, ან კიდევ შეგიძლია ამ სიხარულის მოპოვება.
2. როგორ განსხვავდება ქრისტიანების სიხარული ადამიანთა უმრავლესობის საერთო მდგომარეობისგან?
2 მრავალი ადამიანი გრძნობს, რომ ცხოვრებაში რაღაც აკლია. რა შეიძლება ითქვას შენზე? შესაძლოა, შენ არ გაქვს მოხმარების საგნები, რასაკვირველია არც ყოველივე ის გაქვს, რასაც დღეს მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანები ფლობენ. შენ, ალბათ, გსურს უფრო კარგი ჯანმრთელობა გქონდეს ან უფრო მეტი ენერგია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუკი შევეხებით სიხარულს, შენ უფრო მდიდარი და ჯანმრთელი ხარ, ვიდრე დედამიწაზე მცხოვრები მილიარდები. როგორ?
3. რომელი მნიშვნელოვანი სიტყვები იმსახურებს ჩვენს ყურადღებას და რატომ?
3 გავიხსენოთ იესოს სიტყვები: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული“ (იოანე 15:11). „სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული“. რა დიდებულადაა ნათქვამი! ქრისტიანული ცხოვრების გზის ღრმად შესწავლისას მრავალი მიზეზი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ჩვენი სიხარული სრულყოფილი იყოს. ახლა კი, ყურადღება მიაქციე ესაიას 35:10-ში ჩაწერილ მნიშვნელოვან სიტყვებს. ეს სიტყვები იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ჩვენ გვეხება დღეს. ჩვენ ვკითხულობთ: „უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო [უსასრულო, აქ] სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ“.
4. რომელი სიხარულია მოხსენიებული ესაიას 35:10-ში და რატომ უნდა მივაქციოთ მას ყურადღება?
4 „უსასრულო სიხარული“. სიტყვა „უსასრულო“ ზუსტი თარგმანია იმისა, რაც ესაიამ ებრაულ ენაზე დაწერა. მაგრამ, როგორც საღვთო წერილის სხვა მუხლები ადასტურებს, ამ სიტყვის მნიშვნელობა არის „მარადიული“ (ფსალმუნი 44:7; 89:2; ესაია 40:28). ასე რომ, სიხარული უსასრულოდ იმეფებს იმ პირობების დროს, რომელიც დაუშვებს — დიახ, გაამართლებს — მარადიულ სიხარულს. ნუთუ წარმტაცი არ არის ეს სიტყვები? შესაძლოა ამ მუხლმა შეგიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაღაც აბსტრაქტულზეა საუბარი, და თითქოს ისეთ გრძნობას გიტოვებს, რომ ფიქრობ: „ეს სიტყვები მე არ მეხება, რადგან ყოველდღიური პრობლემები და საზრუნავი თავისას აკეთებენ“. მაგრამ ფაქტები სხვას ამტკიცებს. ესაიას 35:10-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღეს შენთვის. ნათლად რომ დავინახოთ, თუ როგორ გიკავშირდება ეს წინასწარმეტყველება შენ, განვიხილოთ ესაიას 35-ე თავი და ყურადღება მივაქციოთ ყოველი ნაწილის კონტექსტს. იყავი დარწმუნებული, რომ აღმონაჩენით სიხარულს იგრძნობ.
ერი, რომელსაც სჭირდებოდა სიხარული
5. რა წინასწარმეტყველური სიტუაციაა გამეფებული იმ დროს, როდესაც სრულდება ესაიას 35-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?
5 დახმარებისთვის გადავხედოთ წარსულს, ისტორიულ მდგომარეობას, რომელიც შესანიშნავ წინასწარმეტყველებას შეეხება. ებრაელმა წინასწარმეტყველმა ესაიამ ეს წიგნი დაწერა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 732 წელს, ათწლეულებით ადრე, სანამ ბაბილონელთა ჯარები იერუსალიმს გაანადგურებდნენ. როგორც ესაიას 34:1, 2 ცხადყოფს, ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ მრისხანების გადმოფრქვევას აპირებდა ისეთ ერებზე, როგორიც იყო მაგალითად ედომი, რომელიც ნახსენებია ესაიას 34:6-ში. ცხადია, რომ ღმერთმა ამის განსახორციელებლად გამოიყენა ძველი ბაბილონი. მსგავსად გამოიყენა ბაბილონი ღმერთმა იუდას გასაცამტვერებლად, რადგან იუდეველები ურწმუნოები იყვნენ. რა მოჰყვა ამას შედეგად? ღვთის ხალხი ტყვეობაში აღმოჩნდა და მათი სამშობლო 70 წლის განმავლობაში გაუდაბურებული იყო (მეორე ნეშტთა 36:15–21).
6. რა სხვაობაა ედომელებსა და იუდეველებზე თავს დამტყდარ განადგურებას შორის?
6 მაგრამ ედომელებსა და იუდეველებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იყო. ღვთისგან დატეხილი დამსახურებული სასჯელი ედომელებისთვის მარადიული იყო; საბოლოოდ ეს ხალხი გადაშენდა. დიახ, დღესაც შესაძლებელია მოინახულო უკაცრიელი, ნანგრევებად ქცეული ადგილები, სადაც უწინ ედომელები ცხოვრობდნენ, მაგალითად, მსოფლიოში კარგადაა ცნობილი ქალაქ პეტრას ნაშთები. დღეს არ არსებობს არც ერი და არც ადამიანი, რომლებიც შეიძლებოდა „ედომელებისთვის“ მიგვეკუთვნებინა. მაგრამ, საინტერესოა, მარადიული განადგურება დაატეხა თუ არა ბაბილონმა იუდას და საუკუნოდ სიხარულს მოკლებული დარჩა თუ არა იუდეის მიწები?
7. როგორი რეაგირება შეიძლებოდა ჰქონოდათ ბაბილონში მყოფ იუდეველ ტყვეებს ესაიას 35-ე თავში მოცემულ წინასწარმეტყველებაზე?
7 ესაიას 35-ე თავში მოცემულია შესანიშნავი წინასწარმეტყველება, რომელსაც ამაღელვებელი მნიშვნელობა აქვს. მას შეიძლება ეწოდოს წინასწარმეტყველება, რომელიც არაერთხელ სრულდება, რადგან პირველად ის შესრულდა მაშინ, როდესაც ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს იუდეველები სამშობლოში დაბრუნდნენ. ისრაელებს, რომლებიც ბაბილონის ტყვეობაში იმყოფებოდნენ, მიეცათ სამშობლოში დაბრუნების უფლება (პირველი ეზრა 1:1–11). მაგრამ, ვიდრე ეს მოხდებოდა, ბაბილონში მყოფ იუდეველ ტყვეებს, რომლებიც ფიქრობდნენ ამ ღვთიურ წინასწარმეტყველებაზე, შესაძლოა აინტერესებდათ, თუ რა პირობები დახვდებოდათ სამშობლოში, იუდეაში. რა პირობებში იქნებოდნენ თვითონ? პასუხები პირდაპირ შეესაბამება იმას, თუ რატომ გვაქვს დღეს სიხარულით ყიჟინისთვის ნამდვილი მიზეზი. მოდი, ვნახოთ.
8. რა პირობები დახვდებოდათ იუდეველებს, რომლებიც ბაბილონიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ? (შეადარე ეზეკიელი 19:3–6; ოსია 13:8).
8 საქმეს ისეთი პირი უჩანდა, თითქოს იუდეველებს იმედის არავითარი ნაპერწკალი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ გაიგეს, სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. მათი სამშობლო გაუკაცრიელებული და მიტოვებული იყო შვიდი ათწლეულის მანძილზე, რაც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ტოლია. რა დაემართა ქვეყანას? ფაქტია, რომ დამუშავებული მინდვრები, ვენახები და ხეხილის ბაღები უდაბნოდ გადაიქცეოდა. მორწყული ბაღნარები და ნაკვეთები გაუდაბურებული და გვალვიან, მივარდნილ უდაბნოდ ქცეული დახვდებოდათ (ესაია 24:1, 4; 33:9; ეზეკიელი 6:14). აგრეთვე უკაცრიელ მიწაზე მრავლად იქნებოდნენ გარეული მხეცებიც. მათ შორის მტაცებლებიც, როგორიცაა ლომი და ვეფხვი (მესამე მეფეთა 13:24–28; მეოთხე მეფეთა 17:25, 26; ქებათა ქება 4:8). მათთვის ასევე შეუმჩნეველი არ იქნებოდა დათვებიც, რომლებსაც შეეძლოთ მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების დაგლეჯა (პირველი მეფეთა 17:34–37; მეოთხე მეფეთა 2:24; იგავნი 17:12). რომ აღარ ვილაპარაკოთ გველგესლებზე, სხვა შხამიან ქვეწარმავლებსა და მორიელებზე (დაბადება 49:17; მეორე რჯული 32:33; იობი 20:16; ფსალმუნი 57:5; 139:4; ლუკა 10:19). იმ იუდეველებთან ერთად რომ ყოფილიყავი, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს ბაბილონიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ, ალბათ, თავს შეიკავებდი, გევლო ასეთ ადგილებში. როდესაც იუდეველები სამშობლოში დაბრუნდნენ, ის სულაც არ წარმოადგენდა სამოთხეს.
9. რა მიზეზით ჰქონდათ დაბრუნებულებს ნდობისა და რწმენის საფუძველი?
9 იეჰოვა გზას უჩვენებდა სამშობლოსკენ მიმავალ თავის თაყვანისმცემლებს და მას აქვს უნარი, რომ შეცვალოს გაუკაცრიელებული ადგილი. გჯერა თუ არა ყოველივე ეს შემოქმედის შესახებ? (იობი 42:2; იერემია 32:17, 21, 27, 37, 41). ასე რომ, რას გააკეთებდა იეჰოვა, ანუ რა გააკეთა მან მშობლიურ მიწაზე დაბრუნებული ისრაელებისა და მათი სამშობლოსთვის? რა გავლენას ახდენს ყოველივე ეს ღვთის ხალხსა და თვით შენს მდგომარეობაზე, როგორც დღეს, ასევე მომავალში? უპირველეს ყოვლისა, ვნახოთ, კიდევ რა მოხდა წარსულში, მოგვიანებით.
შეცვლილი მდგომარეობის გამო სიხარულით აღსავსენი
10. რა ცვლილება იწინასწარმეტყველა ესაიამ 35:1, 2-ში?
10 რა მოხდა მას შემდეგ, რაც კიროსმა ნება დართო იუდეველებს დაბრუნებულიყვნენ იმ უსიცოცხლო მიწაზე? წაიკითხე ის აღმაფრთოვანებელი წინასწარმეტყველება, რომელიც ჩაწერილია ესაიას 35:1, 2-ში: „მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება. აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს“.
11. ქვეყნის შესახებ რა ცნობა მოიყვანა ესაიამ?
11 ბიბლიურ დროში ლიბანი, ქარმელი და შარონი ცნობილი იყო შესანიშნავი გამწვანებით (პირველი ნეშტთა 5:16; 27:29; მეორე ნეშტთა 26:10; ქებათა ქება 2:1; 4:15; ოსია 14:5–7). ესაიამ ეს მაგალითები იმისთვის მოიყვანა, რომ აღეწერა, თუ ღვთის დახმარებით, როგორ შეიცვლებოდა ქვეყანა. მაგრამ მხოლოდ ნიადაგი შეიცვლებოდა? ფაქტია, რომ არა!
12. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაიას 35-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ადამიანებს შეეხება?
12 ესაიას 35:2-ში ლაპარაკია, რომ მიწა „გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული“. ჩვენ ვიცით, რომ მიწა და ტრამალები პირდაპირი გაგებით ვერ ‘გაიხარებენ და ვერც ილხენენ’. მიწის ნაყოფიერ და ნოყიერ ნიადაგად გადაქცევა ადამიანების სიხარულსა და ლხენას გამოიწვევდა (ლევიანნი 23:37–40; მეორე რჯული 16:15; ფსალმუნი 125:5, 6; ესაია 16:10; იერემია 25:30; 48:33). ნიადაგის შეცვლა, თვით ადამიანების შეცვლის მიზეზიც იქნებოდა, რადგან ამ წინასწარმეტყველებაში ადამიანებზეა მთავარი აქცენტი გადატანილი. მაშასადამე, არსებობს მიზეზი, რომ საფუძვლიანად გავეცნოთ ესაიას სიტყვებს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სამშობლოში დაბრუნებულ იუდეველთა ცვლილებაზე, განსაკუთრებით კი, მათ სიხარულზე.
13, 14. რა ცვლილება იწინასწარმეტყველა ესაიამ 35:3, 4-ში ადამიანებთან დაკავშირებით?
13 ამგვარად, განვიხილოთ სტიმულის მომცემი ამ წინასწარმეტყველების სხვა მხარეებიც, რომ დავინახოთ, თუ როგორ განხორციელდა ეს წინასწარმეტყველება იუდეველების გათავისუფლებისა და ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. მე-3 და მე-4 მუხლებში ესაია საუბრობს სამშობლოში დაბრუნებულების სხვა ცვლილებებზეც: „გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ! უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ“.
14 ნუთუ არ გვამხნევებს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ღმერთი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს შიშველი ტრამალები, ასეთ დიდ ინტერესს ამჟღავნებს თავისი თაყვანისმცემლების მიმართ? მას არ სურდა, რომ ტყვეობაში მყოფ იუდეველებს ეგრძნოთ სისუსტე ან დაეკარგათ მხნეობა, ან კიდევ მომავალზე ფიქრით აფორიაქებული ყოფილიყვნენ (ებრაელთა 12:12). დაუფიქრდი, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდნენ ტყვე იუდეველები. იმ იმედების გარეშე, რაც მათ ღვთის წინასწარმეტყველებიდან იცოდნენ, თავიანთი მომავლის შესახებ, ძნელი იქნებოდა ოპტიმიზმით გამსჭვალულიყვნენ. მათი მდგომარეობა ისეთი იყო, თითქოს ბნელ დილეგში იყვნენ ჩამწყვდეული და არ ჰქონდათ თავისუფლება, რაიმე ეღონათ იეჰოვასადმი მსახურებისთვის. შესაძლოა მათ ისეთი გრძნობა ჰქონოდათ, თითქოს შუქი არსაიდან ანათებდა (შეადარე მეორე რჯული 28:29; ესაია 59:10).
15, 16. ა) რა შეგვიძლია დავასკვნათ იეჰოვას მიერ სამშობლოში დაბრუნებულთათვის გაკეთებულის საფუძველზე? ბ) რატომ არ უნდა ჰქონოდათ დაბრუნებულებს ღმერთისგან სასწაულებრივად ფიზიკური განკურნების იმედი და რა გააკეთა ღმერთმა ესაიას 35:5, 6-ის თანახმად?
15 და რამდენად დიდი ცვლილება იყო, როდესაც იეჰოვას ნებით კიროსმა გაათავისუფლა ისინი, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ! ბიბლია არაფერს იუწყება იმის შესახებ, სასწაულებრივად აუხილა თუ არა ღმერთმა თვალები ბრმებს, იმ იუდეველთა შორის, რომლებიც შინ ბრუნდებოდნენ ან დაუბრუნა თუ არა სმენა ყრუ-მუნჯებს, ან თუ გამოაჯანსაღა ხეიბრები. როგორც ჩანს, იეჰოვამ გაცილებით მეტი გააკეთა. მან დააბრუნა ისინი საყვარელი მიწა-წყლის სინათლესა და თავისუფლებაში.
16 არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სამშობლოში დაბრუნებულები იეჰოვასგან მოელოდნენ სასწაულებრივად ფიზიკურ განკურნებას. მათ უნდა შეეგნოთ, რომ ღმერთს არ განუკურნავს ისაკი, სამსონი ან კიდევ ელი (დაბადება 27:1; მსაჯულნი 16:21, 26–30; პირველი მეფეთა 3:2–8; 4:15). მაგრამ თუ ისინი ღვთისგან თავიანთი პირობების სიმბოლურ ცვლილებებს ელოდნენ, მათ იმედი არ გაცრუებიათ. რასაკვირველია, სიმბოლურად მე-5 და მე-6 მუხლებიც ნამდვილად განხორციელდა. ესაიამ ზუსტად იწინასწარმეტყველა: „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“.
მიწის გადაქცევა სამოთხედ
17. როგორც ჩანს, რა ფიზიკური ცვლილებები მოახდინა იეჰოვამ?
17 ვინც სამშობლოში დაბრუნდა, რასაკვირველია, ექნებოდა სიხარულით ყიჟინის მიზეზი, იმ პირობების გამო, როგორსაც ესაია შემდგომში აღწერს: „რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე — ნიაღვრები. დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა და ხრიოკები წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით გადამწვანდება“ (ესაია 35:6ბ, 7). დღეს შესაძლოა ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ პირობებს იმ მიწებზე, მაგრამ, როგორც მტკიცებები გვიჩვენებს, იუდეის მთელი ტერიტორია ოდესღაც ‘მწყემსებისთვის სამოთხე’ იყოa.
18. როგორი რეაგირება ექნებოდათ სამშობლოში დაბრუნებულ იუდეველებს ღვთის კურთხევებზე?
18 ნამდვილად არსებობდა სიხარულის მიზეზი, წარმოიდგინე, რას იგრძნობდა იუდეველთა დარჩენილი ნაწილი, როდესაც სამშობლოში, აღთქმულ მიწაზე დაბრუნდა! მათ ჰქონდათ საშუალება, რომ დაემუშავებინათ გაუკაცრიელებული ტერიტორიები, სადაც ტურები და სხვა მრავალი ცხოველი ბინადრობდა. ნუთუ არ იგრძნობდი სიხარულს ასეთი აღდგენითი საქმიანობისას, მითუმეტეს, როდესაც გეცოდინებოდა, რომ ღმერთი აკურთხებს შენს ძალისხმევას?
19. ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნება რა გაგებით იყო პირობითი?
19 როგორც ჩანს, ყველა იუდეველ ტყვეს არ შეეძლო ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნება და ამ სასიხარულო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. ღმერთმა დააწესა ნორმები. მათ, რომლებიც წაბილწული იყვნენ ბაბილონელებისგან მიღებული ცრუ რწმენით, არ შეეძლოთ სამშობლოში დაბრუნება (დანიელი 5:1, 4, 22, 23; ესაია 52:11). დაბრუნება არ შეეძლოთ მათ, ვინც უგუნურად აირჩია არაბრძნული გზა. ასეთი პირები დაბრუნებისთვის უვარგისები იყვნენ. მეორე მხრივ, ისინი, რომლებიც იეჰოვას ნორმებს ითვალისწინებდნენ, იეჰოვას თვალში შედარებით სპეტაკები იყვნენ და შეეძლოთ იუდეაში დაბრუნება. მათ შეეძლოთ ისე ემგზავრათ, როგორც ‘წმიდა გზაზე’ მიმავალთ. ესაიამ ეს ნათლად აღწერა მე-8 მუხლში: „შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ“.
20. რატომ არ უნდა ჰქონოდათ იუდეველებს შიში სამშობლოში დაბრუნებისას და რა იყო შედეგი?
20 სამშობლოსკენ მიმავალ იუდეველებს არავითარი საშიშროება არ ემუქრებოდათ სასტიკი ადამიანებისა და მოთარეშე ბანდებისაგან. რატომ? იეჰოვა არ დაუშვებდა, რომ კვლავ შეძენილ ხალხს ასეთი რამ შემთხვეოდა გზაზე. ამგვარად მათ შეეძლოთ სიხარულით აღსავსე ოპტიმიზმითა და ბედნიერი მომავლის იმედით დასდგომოდნენ შინისკენ მიმავალ გზას. ყურადღება მიაქციე, თუ როგორ აღწერს ყოველივე ამას ესაია ამ წინასწარმეტყველების დასასრულს: „არ გამოჩნდება იქ ლომი და სასტიკი მხეცი არ დაადგება მას, არ გაჭაჭანდება იქ; მხოლოდ გამოხსნილნი ივლიან. უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ“ (ესაია 35:9, 10).
21. რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს დღეს ესაიას 35-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულებაზე, რომელიც უკვე განხორციელდა?
21 ეს დიდებული წინასწარმეტყველების სურათია! ამ წინასწარმეტყველებაზე არ უნდა გვქონდეს ისეთი თვალსაზრისი, თითქოს მხოლოდ წარსული ისტორიის ფურცლებია, ან მშვენიერი მოთხრობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვენს დღევანდელ მდგომარეობასა და მომავალთან. ფაქტია, რომ ღვთის ხალხს შორის ეს წინასწარმეტყველება გასაოცრად სრულდება დღესაც, ასე რომ, ის ნამდვილად შეეხება თითოეულ ჩვენგანს. ეს ნამდვილად გვაძლევს სიხარულით ყიჟინის მიზეზს. ყოველივე, რაც შენს დღევანდელ სიცოცხლესა და მომავალს შეეხება, განხილული იქნება შემდეგ სტატიაში.
[სქოლიოები]
a ამ ტერიტორიის გამოკვლევების თანახმად, აგრონომი ვოლტერ ს. ლაუდერმილკი (სურსათისა და მიწათმოქმედების ორგანიზაციის წარმომადგენელი გაეროში) მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „ეს მიწა ერთ დროს მწყემსებისთვის სამოთხე იყო“. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ „რომაელების დროიდან“ იმ ტერიტორიაზე კლიმატს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია და „‘უდაბნო’, რომელმაც აყვავებული მიწა შეცვალა, ადამიანის მოქმედების შედეგი იყო და არა ბუნების მიზეზი“.
ხომ არ გაიხსენებდი?
◻ როდის შესრულდა პირველად ესაიას 35-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?
◻ რა გავლენა მოახდინა წინასწარმეტყველების თავდაპირველმა შესრულებამ?
◻ როგორ შეასრულა იეჰოვამ ესაიას 35:5, 6?
◻ რა ცვლილებები განიცადა როგორც მიწამ, ასევე სამშობლოში დაბრუნებული იუდეველების მდგომარეობამ?
[სურათი მე-9 გვერდზე]
პეტრას ნანგრევები, სადაც ოდესღაც ედომელები ცხოვრობდნენ.
[საავტორო უფლება]
Garo Nalbandian
[სურათები მე-10 გვერდზე]
იუდეველების გადასახლებაში ყოფნის დროს, იუდეის უმეტესი ნაწილი უდაბნოდ გადაიქცა, სადაც ბინადრობდნენ ისეთი მტაცებელი ცხოველები, როგორიცაა დათვი და ლომი.
[საავტორო უფლებები]
Garo Nalbandian
დათვი და ლომი: Safari-Zoo of Ramat-Gan, Tel Aviv.