თავი ოცდამეათე
„ანუგეშეთ ჩემი ხალხი“
1. რას იყენებს იეჰოვა ჩვენი ნუგეშისცემის ერთ-ერთ საშუალებად?
იეჰოვა „ნუგეშის ღმერთია“. ნუგეშისცემის ერთ-ერთ საშუალებად ის თავის სიტყვაში ჩაწერილ აღთქმებს იყენებს (რომაელთა 15:4, 5). მაგალითად, საყვარელი ადამიანის სიკვდილის დროს განა შეიძლება იყოს რამე იმაზე მეტად მანუგეშებელი, ვიდრე იმედი, რომ ის ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღდგება? (იოანე 5:28, 29). ან რა შეიძლება ითქვას იეჰოვას დანაპირებზე, რომ მალე ბოლოს მოუღებს ბოროტებას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს? განა მანუგეშებელი არ არის ის, რომ შესაძლებლობა გვაქვს, გადავრჩეთ, სამოთხე დავიმკვიდროთ და არასდროს დავიხოცოთ (ფსალმუნი 36:9—11, 29; გამოცხადება 21:3—5).
2. რატომ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას აღთქმებს?
2 შეგვიძლია თუ არა ნამდვილად ვენდოთ ღვთის აღთქმებს? დიახ! აღმთქმელი სრულიად სანდოა. მას თავისი სიტყვის შესასრულებლად ძალაც შესწევს და სურვილიც აქვს (ესაია 55:10, 11). ეს შესანიშნავად გამოჩნდა იეჰოვას მიერ ესაიას მეშვეობით ნათქვამი სიტყვებიდან, რომ ის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას აღადგენდა იერუსალიმში. მოდი განვიხილოთ ესაიას მე-40 თავში მოცემული ეს წინასწარმეტყველება, რადგან ეს რწმენას განგვიმტკიცებს იეჰოვასადმი, რომელიც ყოველთვის ასრულებს თავის აღთქმებს.
მანუგეშებელი აღთქმა
3, 4. ა) რომელ მანუგეშებელ სიტყვებს წერს ესაია, რომლებიც ღვთის ხალხისთვის მოგვიანებით იქნება საჭირო? ბ) რატომ იქცევიან იუდასა და იერუსალიმის მკვიდრნი ბაბილონელთა ტყვეებად, და რამდენ ხანს იქნებიან მორჩილებაში?
3 წინასწარმეტყველი ესაია ძვ. წ. VIII საუკუნეში მანუგეშებელ სიტყვებს წერს, რომლებიც იეჰოვას ხალხისთვის მოგვიანებით იქნება საჭირო. იერუსალიმის მოახლოებული განადგურებისა და ბაბილონში იუდაელთა კარს მომდგარი ტყვეობის შესახებ მეფე ხიზკიაჰუსთვის უწყების შემდეგ ესაია იეჰოვას მანუგეშებელ სიტყვებს წარმოთქვამს: „ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის“ (ესაია 40:1, 2).
4 ესაიას მე-40 თავის პირველი სიტყვა „ანუგეშეთ“ შესანიშნავად უკავშირდება სინათლის მომტან და იმედის ჩამსახველ ცნობას, რომელიც ესაიას წიგნის დარჩენილ ნაწილშია მოცემული. განდგომილების გამო იუდასა და იერუსალიმის მკვიდრნი ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელთა ტყვეებად იქცევიან. მაგრამ იუდაელი ტყვეები მარადიულად არ იქნებიან ბაბილონელთა მორჩილებაში. მათი ტყვეობა მანამდე გაგრძელდება, სანამ „მიტევებული“ არ იქნება მათი დანაშაული. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად, 70 წელიწადს (იერემია 25:11, 12). ამის შემდეგ იეჰოვა ბაბილონიდან იერუსალიმში დააბრუნებს მცირე ნაწილს, რომელიც ცოდვებს მოინანიებს. რა მანუგეშებელი იქნება ეს ცნობა ტყვეებისთვის იუდას გაუკაცრიელებიდან სამოცდამეათე წელს, როდესაც გაიგებენ, რომ აღთქმული გათავისუფლების დღე უკვე კარს არის მომდგარი! (დანიელი 9:1, 2).
5, 6. ა) რატომ ვერ შეუშლის ხელს ღვთის აღთქმის შესრულებას ბაბილონიდან იერუსალიმამდე გასავლელი გრძელი გზა? ბ) რა გავლენას მოახდენს სხვა ერებზე იეჰოვას მიერ იუდაელთა სამშობლოში დაბრუნება?
5 ბაბილონიდან იერუსალიმში ჩასასვლელად, არჩეული გზის მიხედვით, 800—1600 კილომეტრის გავლაა საჭირო. შეუშლის თუ არა ხელს გრძელი გზა ღვთის აღთქმის შესრულებას? არავითარ შემთხვევაში! ესაია წერს: «ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის [„იეჰოვას“, აქ] გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის! ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება. ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება. გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად იხილავს, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს» (ესაია 40:3—5).
6 აღმოსავლელი მმართველები, ხშირად, მგზავრობამდე გზის მოსამზადებლად ხალხს გზავნიდნენ, რათა მათ დიდი ქვები მოეშორებინათ, დამბებიც აეგოთ და გორაკებიც მოესწორებინათ. იუდაელების დაბრუნებისას კი ღმერთი თითქოს თვითონ წაუძღვება ხალხს და ნებისმიერ დაბრკოლებას მოაშორებს გზიდან. ეს ხომ ღვთის სახელით წოდებული ერია, და ღვთის აღთქმის შესრულებით — მათი სამშობლოში დაბრუნებით — ხომ ყველა ერში განდიდდება იეჰოვა. სურთ თუ არ სურთ, ეს ერები იძულებული იქნებიან, აღიარონ, რომ იეჰოვა ასრულებს თავის აღთქმებს.
7, 8. ა) როგორ შესრულდა ესაიას 40:3 ახ. წ. I საუკუნეში? ბ) როგორ შესრულდა უფრო დიდი მნიშვნელობით ესაიას წინასწარმეტყველება 1919 წელს?
7 ესაიას ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ ძვ. წ. VI საუკუნეში იუდაელთა სამშობლოში დაბრუნებით არ შესრულებულა. ის ახ. წ. I საუკუნეშიც შესრულდა. იოანე ნათლისმცემელი იყო ესაიას 40:3-ში მოხსენიებული „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში“ (ლუკა 3:1—6). ღვთის შთაგონებით იოანემ თავის თავს დაუკავშირა ესაიას სიტყვები (იოანე 1:19—23). ახ. წ. 29 წლიდან მან იესო ქრისტესთვის გზის მომზადება დაიწყოa. იოანეს ქადაგება ხალხს აღთქმული მესიის საძიებლად აღძრავდა, რომელსაც მოუსმენდნენ და გაჰყვებოდნენ (ლუკა 1:13—17, 76). იესოს მეშვეობით იეჰოვა თავისუფლებამდე მიიყვანდა მომნანიებლებს — ცოდვისა და სიკვდილისგან თავისუფლებამდე, რომლის მოტანაც მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია (იოანე 1:29; 8:32). ესაიას სიტყვები უფრო დიდებულად შესრულდა 1919 წელს, როდესაც იეჰოვამ დიდი ბაბილონის ტყვეობიდან იხსნა სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილი და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღადგინა.
8 რა შეიძლება ითქვას ბაბილონში მყოფ იუდაელ ტყვეებზე, რომელთაც წინასწარმეტყველების პირველმა შესრულებამ უნდა მოუტანოს სარგებლობა? შეუძლიათ თუ არა მათ, ენდონ თავიანთ საყვარელ სამშობლოში დაბრუნების აღთქმას? დიახ! მხატვრული ენისა და ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული მაგალითების გამოყენებით ესაიას იმის დამაჯერებელი მიზეზები მოჰყავს, თუ რატომ უნდა იყვნენ სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ იეჰოვა თავის სიტყვას აღასრულებს.
ღმერთი, რომლის სიტყვაც სამუდამოდ რჩება
9, 10. როგორ უპირისპირებს ესაია ადამიანის სიცოცხლის წარმავლობას ღვთის „სიტყვის“ მარადიულობას?
9 პირველი მიზეზი ის არის, რომ აღმთქმელის სიტყვა საუკუნოდ რჩება. ესაია წერს: „ხმა ამბობს: ახარე. კითხულობს: რა ვახარო? ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი — მინდვრის ყვავილი. ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როცა უფლის ქარი დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი. გახმება ბალახი, დაჭკნება ყვავილი, ჩვენი ღვთის სიტყვა კი დგას საუკუნოდ“ (ესაია 40:6—8).
10 ისრაელებმა კარგად იციან, რომ ბალახი დიდხანს ვერ ძლებს. მშრალი სეზონის დროს მცხუნვარე მზე ახუნებს და ახმობს მწვანე ბალახს. მრავალმხრივ ნამდვილად ბალახივით არის ადამიანის ხანმოკლე სიცოცხლე (ფსალმუნი 102:15, 16; იაკობი 1:10, 11). ესაია ადამიანის სიცოცხლის წარმავლობას ღვთის „სიტყვის“, მისი გაცხადებული განზრახვის, მარადიულობას უპირისპირებს. დიახ, „ჩვენი ღვთის სიტყვა“ სამუდამოდ რჩება. ვერაფერი დაუკარგავს ძალას ღვთის სიტყვებს და ვერც ვერაფერი შეუშლის ხელს მათ შესრულებას (იესო ნავეს ძე 23:14).
11. რატომ შეგვიძლია გვწამდეს, რომ იეჰოვა აღასრულებს თავის წერილობით სიტყვაში მოცემულ აღთქმებს?
11 იეჰოვას განზრახვა, რომელიც თვითონ განაცხადა, დღეს ჩვენ წერილობითი სახით ბიბლიაში გვაქვს. ბიბლია საუკუნეების განმავლობაში მწვავე წინააღმდეგობას აწყდებოდა. მის დასაცავად სიცოცხლესაც კი სწირავდნენ გაბედული მთარგმნელები თუ სხვები. მაგრამ მხოლოდ მათი მცდელობის შედეგად არ გადარჩენილა იგი. მთელი პატივი ამისთვის იეჰოვას, თავისი სიტყვის დამცველ „ცოცხალ და მარადარსებულ“ ღმერთს უნდა მიეგოს (1 პეტრე 1:23—25). დაფიქრდით შემდეგზე: თუ იეჰოვამ შემოინახა თავისი წერილობითი სიტყვა, განა არ უნდა გვწამდეს, რომ აღასრულებს კიდეც მასში მოცემულ აღთქმებს?
ძლიერი ღმერთი, რომელიც სათუთად ზრუნავს თავის ცხვარზე
12, 13. ა) რატომ არის სანდო სამშობლოში დაბრუნების შესახებ აღთქმა? ბ) რა კეთილი ცნობა აქვს იეჰოვას იუდაელ ტყვეთათვის და რატომ არის ის მათთვის სარწმუნო?
12 ესაია მეორე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არის სანდო სამშობლოში დაბრუნების შესახებ აღთქმა. აღთქმას ძლიერი ღმერთი დებს, რომელიც სათუთად ზრუნავს თავის ხალხზე. ესაია განაგრძობს: „ადი მთამაღალზე, მახარობელო სიონო! აღიმაღლე შენი ხმაძლიერი, მახარობელო იერუსალიმო! აღიმაღლე, ნუ გეშინია! უთხარი იუდას ქალაქებს, აქ არის-თქო თქვენი ღმერთი! აჰა, მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი, აჰა, საზღაური მასთანაა და მის წინაშეა გასამრჯელო. როგორც მწყემსი, დამწყესავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება“ (ესაია 40:9—11).
13 ბიბლიურ დროში ქალები, ჩვეულებისამებრ, შეძახილებითა და სიმღერებით იუწყებოდნენ და ზეიმობდნენ ბრძოლაში გამარჯვებასა და მოახლოებულ შვებას (პირველი მეფეთა 18:6, 7; ფსალმუნი 67:12). ესაია წინასწარმეტყველურად აღნიშნავს, რომ კეთილი ცნობა აქვს იუდაელი ტყვეებისთვის — ცნობა, რომელიც მთის მწვერვალებიდანაც კი შეიძლება თამამად გაცხადდეს: იეჰოვა თავის ხალხს მათ საყვარელ იერუსალიმში დააბრუნებს! მათ შეუძლიათ მტკიცედ სწამდეთ ეს, რადგან იეჰოვა ‘ძლიერებით მოვა’. მას ხელს ვერაფერი შეუშლის თავისი სიტყვის შესრულებაში.
14. ა) როგორ აღწერს ესაია, თუ როგორი სინაზით გაუძღვება იეჰოვა თავის ხალხს? ბ) რა მაგალითიდან ჩანს ცხვრებისადმი მწყემსების სათუთი მოპყრობა? (იხილეთ ჩარჩო, გვერდი 405).
14 ძლიერი ღმერთი სინაზესაც ავლენს. ესაია სითბოთი აღწერს, როგორ გაუძღვება იეჰოვა თავის ხალხს სამშობლოსკენ. იეჰოვა მოსიყვარულე მწყემსს ჰგავს, რომელიც თავს უყრის ბატკნებს და „თავისი“ უბით მიჰყავს. „უბეში“, ზედა სამოსლის ქვეშ, მწყემსები ზოგჯერ იმ ახალშობილ ბატკნებს ისვამენ, რომლებიც ფეხდაფეხ ვერ მიჰყვებიან ფარას (მეორე მეფეთა 12:3). ასეთი შთამბეჭდავი სურათი ტყვეობაში მყოფ ხალხს უეჭველად არწმუნებს იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაში. ნამდვილად სანდოა იმ ღმერთის აღთქმები, რომელიც ძლიერების მიუხედავად ასეთ სინაზეს ამჟღავნებს!
15. ა) როდის მოვიდა იეჰოვა ‘თავისი ძლიერებით’ და ვინ არის ‘მისი მკლავი, რომელიც ხელმწიფობს’? ბ) რა კეთილი ცნობა უნდა გაცხადდეს გაბედულად?
15 ესაიას სიტყვებს ჩვენს დროშიც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს. 1914 წელს იეჰოვა ‘ძლიერებით მოვიდა’ და თავისი სამეფო მმართველობა დაამყარა ზეცაში. იეჰოვას ‘მკლავი, რომელიც ხელმწიფობს’, მის მიერ ზეციერ ტახტზე აყვანილი თავისი ძე, იესო ქრისტეა. 1919 წელს იეჰოვამ დედამიწაზე დიდი ბაბილონის მარწუხებიდან გაათავისუფლა თავისი სულიწმიდით ცხებული მსახურები და ცოცხალი და ჭეშმარიტი ღვთის წმინდა თაყვანისმცემლობის სრულ აღდგენას შეუდგა. ეს ის კეთილი ცნობაა, რომელიც თითქოს მთათა მწვერვალებიდან თამამად უნდა გაცხადდეს, რათა ყველგან იქნეს მიღწეული. მაშ, ხმამაღლა და გაბედულად ვაცნობოთ ხალხს, რომ იეჰოვამ თავისი წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინა დედამიწაზე!
16. როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხალხს დღეს და რა მაგალითს იძლევა ამით?
16 ესაიას 40:10, 11-ის სიტყვებს დღეს სხვა პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს ჩვენთვის. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა სათუთად ხელმძღვანელობს თავის ხალხს. როგორც მწყემსმა იცის, როგორი მოვლა სჭირდება თითოეულ ცხვარს — მათ შორის პატარა ბატკნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ფარის ფეხდაფეხ მიყოლა — ისე იეჰოვას ესმის თითოეული თავისი ერთგული მსახურის სისუსტეები. იეჰოვა, სათუთად მზრუნველი მწყემსი, მაგალითსაც აძლევს ქრისტიანული კრების მწყემსებს. უხუცესები სათუთად უნდა მოეპყრონ ფარას და იეჰოვას უნდა მიბაძონ სიყვარულსა და მზრუნველობაში. მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, როგორ ეპყრობა იეჰოვა თავისი ფარის თითოეულ ცხვარს, «რომელიც მან საკუთარი [„საკუთარი ძის“, აქ] სისხლით შეიძინა» (საქმეები 20:28).
ყოვლადძლიერი და ყოვლადბრძენი
17, 18. ა) რატომ შეუძლიათ იუდაელ ტყვეებს, ენდონ სამშობლოში დაბრუნების აღთქმას? ბ) რა შთამბეჭდავ შეკითხვებს სვამს ესაია?
17 იუდაელ ტყვეებს შეუძლიათ ენდონ სამშობლოში დაბრუნების შესახებ აღთქმას, რადგან ღმერთი ყოვლადძლიერი და ყოვლადბრძენია. ესაია ამბობს: „ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები — პინებზე? ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით? ვის სთხოვა რჩევა, რომ განსწავლულიყო, ვინ აცოდინა მას სამართლის გზა, ვინ აცოდინა სიბრძნე და გონების გზა ვინ ჩააგონა?“ (ესაია 40:12—14).
18 ამ შთამბეჭდავ კითხვებზე უნდა დაფიქრდნენ იუდაელი ტყვეები. განა ადამიანი შეძლებს ზღვის ძლიერი ტალღების უკან გაბრუნებას? ცხადია, ვერ შეძლებს! იეჰოვასთვის კი მთელი დედამიწის წყალი მის ხელისგულზე დაცემული წვეთიაb. განა გაზომავს უმწეო ადამიანი ვარსკვლავებით მოჭედილ უკიდეგანო ცას ან აწონის მთებსა და მთაგრეხილებს? ვერა, ვერ შეძლებს ის ამას. იეჰოვა კი ისე ადვილად ზომავს ცას, როგორც ადამიანს შეუძლია საგნის გადაზომვა მტკაველით — გაშლილი ხელის ცერის წვერიდან ნეკის წვერამდე მანძილით. ღმერთს, ფაქტობრივად, სასწორის პინებზე მთებისა და მთაგრეხილების აწონვაც შეუძლია. განა შეძლებს თვით ყველაზე ბრძენი კაციც კი ღვთისთვის რჩევის მიცემას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს გარკვეულ ვითარებაში ან რა უნდა გააკეთოს მომავალში? ცხადია, ვერ შეძლებს!
19, 20. რა მაგალითებს იყენებს ესაია იეჰოვას დიდებულების ხაზგასასმელად?
19 რა შეიძლება ითქვას ქვეყნის ძლიერ ერებზე? შეძლებენ თუ არა ისინი ღვთისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომ მან თავისი აღთქმა ვერ შეასრულოს? ესაია ერების შემდეგნაირად აღწერით პასუხობს ამ შეკითხვას: „აჰა, სარწყულის ერთი წვეთივით არიან ხალხები და ქვიშასავით სასწორის პინებზე. აჰა, მტვერივით ახვეტავს კუნძულებს! ლიბანი არ ეყოფა დასაწვავად და მისი მხეცები აღსავლენ მსხვერპლად! ყველა ხალხი არარაობაა მის წინაშე, ფუჭად და ამაოდ შეირაცხებიან მის თვალში“ (ესაია 40:15—17).
20 იეჰოვასთვის სარწყულიდან ჩამოვარდნილი წვეთივით არიან მთელი ერები. ისინი მხოლოდ სასწორის პინებზე დადებულ უმნიშვნელო მტვერს ჰგვანანc. წარმოიდგინეთ, რომ ვინმეს უზარმაზარი სამსხვერპლო აეგო და სამსხვერპლოს ცეცხლისთვის მთელი ლიბანის მთების ხეები გამოეყენებინა. შემდეგ კი მთელი ამ მთების ცხოველები მსხვერპლად შეეწირა. თვით ასეთი შესაწირავიც კი არ იქნებოდა იეჰოვას საკადრისი. თითქოს უკვე მოყვანილი მაგალითები არ იყოს საკმარისი, ესაია გადაჭრით ამბობს, რომ ყველა ხალხი „არარაობაა“ იეჰოვას თვალში (ესაია 40:15—17).
21, 22. ა) როგორ ამახვილებს ესაია ყურადღებას იმაზე, რომ იეჰოვას ბადალი არ ჰყავს? ბ) რა დასკვნამდე მივყავართ ესაიას შთამბეჭდავ სიტყვებს? გ) მეცნიერულად რა ზუსტ სიტყვებს წარმოთქვამს წინასწარმეტყველი ესაია? (იხილეთ ჩარჩო 412 გვერდზე).
21 შემდეგ იმის ხაზგასასმელად, რომ იეჰოვას არ ჰყავს ბადალი, ესაია იმ ხალხის უგუნურებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ოქროს, ვერცხლისა და ხის კერპებს აკეთებს. რა დიდი უგუნურებაა იმის დაშვება, რომ ასეთმა კერპებმა შეიძლება სათანადოდ წარმოადგინოს ღმერთი, რომელიც „ზის მიწის კამარაზე“ და მის მკვიდრთ განაგებს (წაიკითხეთ ესაია 40:18—24).
22 ესაიას შთამბეჭდავ სიტყვებს ერთ დასკვნამდე მივყავართ — ვერაფერი შეუშლის ხელს ყოვლადძლიერ, ყოვლადბრძენ და სწორუპოვარ იეჰოვას თავისი აღთქმის შესრულებაში. რა ძლიერ უნდა ენუგეშებინა და განემტკიცებინა ესაიას სიტყვებს ბაბილონის ტყვეობაში მყოფი იუდაელები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ნატრობდნენ! დღეს ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სინამდვილედ იქცევა იეჰოვას ის აღთქმებიც, რომლებიც ჩვენს მომავალს ეხება.
„ვინ შექმნა ესენი?“
23. რა მიზეზი აქვთ იუდაელ ტყვეებს გასამხნევებლად, და რას ამბობს იეჰოვა თავის თავზე?
23 იუდაელ ტყვეებს სხვა მიზეზიც აქვთ გასამხნევებლად. ის, ვინც ხსნას ჰპირდება მათ, ყოველივეს შემოქმედი და ყოველგვარი დინამიკური ენერგიის წყაროა. თავისი უდიდესი შესაძლებლობის აღსანიშნავად იეჰოვა შემოქმედებაზე ამახვილებს ყურადღებას: „ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა. ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს“ (ესაია 40:25, 26).
24. როგორ აღნიშნავს იეჰოვა, რომ მას ვერავინ შეედრება, როდესაც თვითონვე ლაპარაკობს თავისი სახელით?
24 ისრაელის წმინდა თავისი სახელით თვითონვე ლაპარაკობს. იმის აღსანიშნავად, რომ მას ვერავინ შეედრება, იეჰოვას ცის ვარსკვლავებზე გადააქვს ყურადღება. როგორც მხედართმთავარს შეუძლია თავის მხედართა მწყობრში ჩაყენება, ისე შეუძლია იეჰოვას ვარსკვლავთა მოხმობა. როცა ის კრებს მათ, ‘არავინ აკლდება ძალამოსილს’. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ვარსკვლავი არსებობს, იეჰოვა სახელდებით უხმობს თითოეულს ანუ საკუთარ ან განმსაზღვრელ სახელს უწოდებს მათ. მორჩილ ჯარისკაცთა მსგავსად, ვარსკვლავები თავიანთ ადგილზე დგანან და განსაზღვრულ წესრიგს იცავენ, რადგან მათი მხედართმთავარი „ძალამოსილი“ და „ყოვლადძლიერია“. ასე რომ, იუდაელ ტყვეებს აქვთ იმედის საფუძველი. შემოქმედს, რომელიც ვარსკვლავებს უხმობს, აქვს ძალა თავის მსახურთა მხარდასაჭერად.
25. როგორ შეგვიძლია გამოვეხმაუროთ ესაიას 40:26-ში მოცემულ მოწვევას და რა იქნება ამის შედეგი?
25 რომელი ჩვენგანი უგულებელყოფს ესაიას 40:26-ში მოცემულ ღვთის მოწოდებას: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ“? თანამედროვე ასტრონომიულმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ ვარსკვლავიერი ცა უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ესაიას დღეებში ეგონათ. ასტრონომებმა ძლიერი ტელესკოპების გამოყენებით შეძლეს გამოეთვალათ, რომ ხილულ სამყაროში 125 მილიარდი გალაქტიკაა. მხოლოდ ერთ-ერთ მათგანში — გალაქტიკაში „ირმის ნახტომი“ — ზოგიერთი მონაცემის თანახმად, 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია! ასეთმა ცოდნამ ჩვენი შემოქმედისადმი ღრმა პატივისცემის გრძნობა და მისი სიტყვისადმი სრული ნდობა უნდა ჩაგვინერგოს გულში.
26, 27. როგორ არის აღწერილი იუდაელ ტყვეთა გრძნობები და რა უნდა იცოდნენ მათ?
26 იეჰოვამ იცის, რომ წლების განმავლობაში ტყვეობა სულიერად დააძაბუნებს იუდაელებს, ამიტომაც ესაიას აღძრავს, წინასწარ დაწეროს შემდეგი გამამხნევებელი სიტყვები: „რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისაგან და ღვთისგან განუკითხავიაო ჩემი სამართალი? განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება“ (ესაია 40:27, 28).
27 ესაია იეჰოვას იმ სიტყვებს წერს, რომლებიც სამშობლოდან ასობით კილომეტრით დაშორებული ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდაელთა გრძნობებს აღწერს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათ „გზას“ — მათი რთული ცხოვრების წესს — იეჰოვა ვერ ხედავს ანუ არაფერი იცის მის შესახებ. ფიქრობენ, რომ იეჰოვა ყურადღებას არ აქცევს უსამართლობას, რომლითაც ისინი იტანჯებიან. ესაია იუდაელებს იმას ახსენებს, რაც პირადი გამოცდილებიდან თუ არა, მიღებული ცნობებიდან მაინც უნდა იცოდნენ. იეჰოვას ძალუძს და სურს კიდეც თავისი ხალხის ხსნა. ის მარადიული ღმერთი და მთელი დედამიწის შემოქმედია. იეჰოვა კვლავ ფლობს ძალას, რომელიც შემოქმედებისას გამოიყენა და ამიტომაც ვერც ძლევამოსილი ბაბილონი აღუდგება წინ. ასეთი ღმერთი არასდროს დაიღლება და იმედს არასდროს გაუცრუებს თავის ხალხს. ისინი არ უნდა მოელოდნენ, რომ ბოლომდე ჩასწვდებიან იეჰოვას საქმეებს, რადგან მისი „განგება“ — მისი წვდომის უნარი, გამჭრიახობა და გაგება — მათთვის მიუწვდომელია.
28, 29. ა) როგორ ახსენებს იეჰოვა თავის ხალხს, რომ დაეხმარება დაუძლურებულთ? ბ) რა მაგალითს იყენებს იეჰოვა იმის საჩვენებლად, თუ როგორ აღონიერებს თავის მსახურებს?
28 ესაიას მეშვეობით იეჰოვა კვლავ განაგრძობს დაუძლურებულ ტყვეთა გამხნევებას: „ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს. იღლებიან ჭაბუკები და იქანცებიან, მაგარი ვაჟკაცები ემხობიან. უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან“ (ესაია 40:29—31).
29 დაღლილ-დაქანცულისთვის ძალის მიცემის შესახებ ლაპარაკისას, იეჰოვას, ალბათ, მხედველობაში ის დამქანცველი გზა აქვს, რომელიც ტყვეებმა სამშობლოში ჩასასვლელად უნდა განვლონ. იეჰოვა ახსენებს თავის ხალხს, რომ ის ყოველთვის ეხმარება დაუძლურებულთ, რომელნიც დახმარებისთვის მიმართავენ. ძალ-ღონით სავსე „ჭაბუკები“ და „ვაჟკაცებიც“ კი შეიძლება დაიქანცონ და დაეცნენ. მაგრამ იეჰოვა აღუთქვამს მათ, რომ გაქცევისა და სიარულის უშრეტ ძალას მისცემს ყველას, ვინც მასზე დაამყარებს იმედს. არწივს, ძლიერ ფრინველს, რომელსაც თითქოს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ოთხი საათი შეუძლია შეუსვენებლად ფრენა, მაგალითად იყენებს იეჰოვა და უხსნის ხალხს, თუ როგორ აღონიერებს თავის მსახურებსd. ღვთის ასეთი მხარდაჭერის იმედის მქონე იუდაელ ტყვეებს ნამდვილად არა აქვთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის მიზეზი.
30. როგორ ამხნევებს დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესაიას მე-40 თავის დასკვნითი სიტყვები?
30 ესაიას მე-40 თავის ეს დასკვნითი სიტყვები მანუგეშებელია ამ ბოროტი სისტემის უკანასკნელ დღეებში მცხოვრები ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის. მიუხედავად ამდენი გულის გამტეხი სირთულისა და პრობლემისა, გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენს ღმერთს შეუმჩნეველი არ რჩება გასაჭირი, რომელსაც ვიტანთ და უსამართლობა, რომლითაც ვიტანჯებით. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყოველივეს შემოქმედი, რომლის „გონიერებაც განუზომელია“, თავის დროზე თავისი ნებისამებრ გამოასწორებს ყოველგვარ უსამართლობას (ფსალმუნი 146:5, 6). მანამდე კი მხოლოდ საკუთარი ძალით არ გვიწევს სირთულეებთან გამკლავება. იეჰოვას — უშრეტი ენერგიის წყაროს — შეუძლია თვით „აღმატებული ძლიერებაც“ კი მისცეს თავის მსახურებს გაჭირვების დროს (2 კორინთელთა 4:7).
31. რა სინათლის აღთქმას აძლევდა ესაიას წინასწარმეტყველება ბაბილონში მყოფ იუდაელ ტყვეებს და რაში შეგვიძლია ვიყოთ სრულიად დარწმუნებული?
31 დაფიქრდით ძვ. წ. VI საუკუნეში ბაბილონში მყოფ იუდაელ ტყვეებზე. ასობით კილომეტრით დაშორებული მათი საყვარელი იერუსალიმი გაუკაცრიელებული, ხოლო ტაძარი დანგრეული იყო. მათთვის ესაიას წინასწარმეტყველება მანუგეშებელ აღთქმას, სინათლესა და იმედს წარმოადგენდა — იეჰოვას თავიანთ ქვეყანაში უნდა დაებრუნებინა ისინი! ძვ. წ. 537 წელს იეჰოვამ სამშობლოში დააბრუნა თავისი ხალხი, რამაც ცხადყო, რომ ის აღთქმების შემსრულებელია. ჩვენც შეგვიძლია სრულიად დავამყაროთ იმედი იეჰოვაზე. მის სამეფოსთან დაკავშირებული აღთქმები, რომლებიც შესანიშნავად არის მოცემული ესაიას წინასწარმეტყველებაში, სინამდვილედ იქცევა. ეს მართლაც კეთილი ცნობაა — სინათლის ცნობა მთელი კაცობრიობისთვის!
[სქოლიოები]
a ესაია იეჰოვას წინაშე გზის მომზადებას წინასწარმეტყველებს (ესაია 40:3). მაგრამ სახარებებში ეს წინასწარმეტყველება იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტესთვის გზის მომზადებასთან დაკავშირებით არის გამოყენებული. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებმა ის ღვთის შთაგონებით გამოიყენეს ამგვარად, რადგან იესო თავისი მამის წარმომადგენელი იყო და თავისი მამის სახელით მოვიდა (იოანე 5:43; 8:29).
b გამოთვლილია, რომ „ოკეანეთა მასა დაახლოებით 1,35 კვინტილიონი (1,35x1018) მეტრული ტონაა ანუ დაახლოებით დედამიწის საერთო მასის 1/4400-ს შეადგენს“ (Encarta 97 Encyclopedia).
c ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ახლო აღმოსავლეთის ბაზრებში ყურადღებას არ აქცევდნენ წვეთს სარწყულში ან მტვერს სასწორის პინებზე, როდესაც ხორცს ან ხილს წონიდნენ“ (The Expositor’s Bible Commentary).
d არწივი ენერგიის მინიმალური დანაკარგით ჩერდება ჰაერში. ის ამისთვის მოხერხებულად იყენებს მაღლა ამავალი თბილი ჰაერის ნაკადს.
[ჩარჩო/სურათი 405 გვერდზე]
იეჰოვა მოსიყვარულე მწყემსია
ესაია იეჰოვას იმ მოსიყვარულე მწყემსს ადარებს, რომელიც უბით ატარებს თავის ბატკნებს (ესაია 40:10, 11). ესაიას, როგორც ჩანს, ეს შთამბეჭდავი მაგალითი მწყემსების ცხოვრებიდან მოჰყავს. თანამედროვე მწყემსების შესახებ, რომლებიც შუა აღმოსავლეთში ხერმონის მთის ფერდობებზე აბალახებენ ცხვარს, ერთი მეთვალყურე წერს: „თითოეული მეცხვარე თვალყურს ადევნებდა თავის ფარას. როცა ახალშობილ ბატკანს ნახავდა... გრძელი მოსასხამის უბეში ისვამდა, რადგან უმწეო ბატკანი ვერ შეძლებდა დედის ფეხდაფეხ სიარულს. უბე რომ ევსებოდა, ბატკნებს მხრებზეც ისხამდა, ფეხებში ჰკიდებდა ხელს ან ვირზე გადაკიდებული ხურჯინითა და კალათით ატარებდა, ვიდრე ისინი დედასთან ერთად სიარულს შეძლებდნენ“. განა მანუგეშებელი არ არის ისეთი ღვთის სამსახურში ყოფნა, რომელიც ასე სათუთად უფრთხილდება თავის ხალხს?
[ჩარჩო/სურათი 412 გვერდზე]
რა ფორმა აქვს დედამიწას?
ძველ დროში ხალხს სჯეროდა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო. მაგრამ ძვ. წ. VI საუკუნეში ბერძენმა ფილოსოფოსმა, პითაგორამ, ის აზრი გამოთქვა, რომ დედამიწა შეიძლება სფერული ყოფილიყო. ორი საუკუნით ადრე, ვიდრე პითაგორა თავის თეორიას ჩამოაყალიბებდა, წინასწარმეტყველმა ესაიამ სრულიად ნათლად და საოცარი სიზუსტით თქვა: „[ღმერთს] უპყრიეს სიმრგულე ქუჱყანისანი“ (ესაია 40:22, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). ებრაული სიტყვა „ხუგ“, რომელიც აქ „სიმრგულედ“ არის ნათარგმნი, შეიძლება „სფეროდაც“ ითარგმნოს. საინტერესოა, რომ ყოველი მხრიდან სიმრგვალეს მხოლოდ სფერული სხეული ქმნისe. ამგვარად, წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა იმ დროში სრულიად უცხო რამ, რაც მეცნიერულად ზუსტია და საერთო არაფერი აქვს ძველი დროის მითებთან.
[სქოლიო]
e ტექნიკური ენით დედამიწა შებრტყელებული სფეროიდია. ის პოლუსებთან არის ოდნავ შებრტყელებული.
[სურათი 403 გვერდზე]
იოანე ნათლისმცემელი იყო „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში“.