ბავშვების აღზრდა ქვეყნიერებაში, რომელშიც ყველაფერი ნებადართულია
გინახავთ ბავშვი, რომელიც მშობელს სათამაშოს ყიდვას სთხოვს, მაგრამ მშობელი არ ყიდულობს? ბავშვი, რომელიც დარბის და თამაშობს მაშინ, როცა მშობელი ეუბნება, გაჩერდეს? შეიძლება არაერთხელ გინახავთ, რომ მსგავს სიტუაციაში მშობელს იმის გაკეთება სურს, რაც ბავშვისთვის საუკეთესო იქნება. მიუხედავად ამისა, ძალიან ხშირად ის მაინც იმას აკეთებს, რაც ბავშვს უნდა. ბევრი წუწუნის შემდეგ მშობელი „არა“-ს „ჰო“-თი ცვლის.
მრავალი მშობლის აზრით, კარგი მშობელი ისაა, ვინც თითქმის ყველა სურვილს უსრულებს ბავშვს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში 12-დან 17 წლამდე 750 მოზარდი გამოკითხეს. კითხვაზე, თუ როგორ იქცეოდნენ მაშინ, როდესაც მშობლები რაღაცაზე უარს ეუბნებოდნენ, დაახლოებით 60-მა პროცენტმა თქვა, რომ ისინი მანამ ითხოვდნენ, სანამ თავისას არ გაიტანდნენ. დაახლოებით 55-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ამგვარად მიზანს აღწევდნენ. მათი მშობლები შეიძლება ფიქრობენ, რომ დათმობაზე წასვლით შვილების სიყვარულს ავლენენ. მაგრამ ასეა ეს სინამდვილეში?
განვიხილოთ ძველად დაწერილი ბრძნული იგავი: „თუ მსახურს სიყმაწვილიდან ანებივრებ, მოგვიანებით შენი უმადური იქნება“ (იგავები 29:21). ცხადია, შვილი მსახური არ არის. მაგრამ, განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ აქ მოცემული პრინციპი შვილის აღზრდასაც ეხება? თუ ბავშვს ანებივრებთ, მას ყველა სურვილს უსრულებთ, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მის „უმადურ“ ადამიანად ჩამოყალიბებას, რომელიც თავკერძა, თავნება და დაუნახავია.
ამის საპირისპიროდ, ბიბლია მშობლებს ურჩევს: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს“ (იგავები 22:6). გონიერი მშობლები ითვალისწინებენ ამ რჩევას — ბავშვებს გასაგებ და გონივრულ წესებს უდგენენ, შემდეგ კი დადგენილი წესების შესაბამისად მოქმედებენ. ისინი სიყვარულის გამოვლენად არ მიიჩნევენ ყველაფერზე ნების დართვას, და არც იმის გამო უსრულებენ სურვილს, რომ ბავშვები საცოდავად სლუკუნებენ, გულის გამაწვრილებლად ბუზღუნებენ ან ისტერიკა ემართებათ. პირიქით, ისინი ეთანხმებიან იესოს გონივრულ სიტყვებს: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათე 5:37). რა შედის შვილების აღზრდაში? განვიხილოთ ერთი იგავი.
„როგორც ისრები ძლიერი კაცის ხელში“
ბიბლია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შვილებს მშობლების ხელმძღვანელობა სჭირდებათ. ფსალმუნის 127:4, 5-ში ნათქვამია: „როგორც ისრები ძლიერი კაცის ხელში, ისე არიან სიყრმის შვილები. ბედნიერია კაცი, რომელმაც კაპარჭი აივსო მათით“. ამგვარად, შვილები შედარებული არიან ისრებთან, მშობლები კი — ძლიერ კაცთან. როგორც მშვილდოსანმა იცის, რომ ისარი თავისით ვერ მოხვდება მიზანში, ისე მოსიყვარულე მშობლებს ესმით, რომ შვილების აღზრდა შემთხვევითობას არ უნდა მიანდონ. მათი სურვილია, შვილებმა მიზანს მიაღწიონ, ანუ ბედნიერ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, გააკეთონ სწორი არჩევანი, იყვნენ გონიერები, აირიდონ ზედმეტი პრობლემები და დაისახონ ღირებული მიზნები. მაგრამ მხოლოდ სურვილი როდი კმარა.
რა არის საჭირო იმისათვის, რომ ისარი მიზანში მოხვდეს? გულმოდგინე მომზადება, კარგი დაცვა და გულდასმით დამიზნება. მსგავსად ამისა, საჭიროა ბავშვების მომზადება, დაცვა და ისეთ გზაზე დაყენება, რომელიც ცხოვრებაში მათ წარმატებას მოუტანთ. მოდი, სათითაოდ განვიხილოთ ეს სამი რამ.
ისრების გულმოდგინედ მომზადება
ბიბლიურ დროში ისრებს დიდი გულმოდგინებით ამზადებდნენ. საისრე წვრილი ჯოხი, რომელსაც მსუბუქი ხისგან ამზადებდნენ, ხელით უნდა გაეთალათ, რაც შეიძლება სწორი რომ ყოფილიყო. ერთი ბოლო წამახული უნდა ჰქონოდა, მეორე ბოლოში კი დამაგრებული უნდა ჰქონოდა ფრთა, რისი მეშვეობითაც ისარი პირდაპირ მიზნისკენ მიემართებოდა და მიმართულებას არ იცვლიდა.
მშობლებს სურთ, რომ შვილები სწორ ისრებს ჰგავდნენ — იყვნენ მართლები, ყოველგვარ ცუდს განრიდებულნი. ამიტომ, გონიერი მშობელი თვალს კი არ დახუჭავს შვილის სერიოზულ სისუსტეებზე, არამედ სიყვარულით დაეხმარება მათ დაძლევაში. ნებისმიერ ბავშვს ბევრ რამეში სჭირდება დახმარება, რადგან „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“ (იგავები 22:15). ბიბლია მშობლებს მოუწოდებს, კარგად აღზარდონ შვილები (ეფესოელები 6:4). მართლაც, აღმზრდელობითი ზომების მიღება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის გონებისა და ხასიათის ფორმირებასა და სწორად ჩამოყალიბებაში.
ამიტომ გასაკვირი არ არის იგავების 13:24-ში ჩაწერილი სიტყვები: „ვისაც შვილი გასაჯოხად არ ემეტება, სძულს იგი, ხოლო შვილის მოყვარული მუდამ ჭკუას ასწავლის მას“. აქ სიტყვა „გაჯოხვა“ ამა თუ იმ სახის გამოსასწორებელი ზომების მიღებაზე მიუთითებს. როდესაც მშობელი სიყვარულით ასწავლის ჭკუას შვილს, ამით ეხმარება იმ სისუსტეების დაძლევაში, რომლებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვევად ექცეოდა და მოწიფულ ასაკში ბევრ პრობლემას შეუქმნიდა. მართლაც, თუ მშობელი აღმზრდელობით ზომებს არ მიმართავს, შვილის მიმართ სიყვარულს არ ავლენს, ხოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში სიყვარულს ავლენს
მოსიყვარულე მშობელი ბავშვს ყოველთვის აუხსნის, რატომ უდგენს ამა თუ იმ მოთხოვნას. აღმზრდელობითი ზომების გატარება განა მხოლოდ ბრძანებების გაცემა და დამუქრებაა, თუ როგორ დასჯის მშობელი ბავშვს?! ამაში იმის ახსნაც იგულისხმება, თუ რატომ ითხოვს მშობელი ბავშვისგან გარკვეული მოთხოვნის შესრულებას; ეს კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ბიბლიაში ნათქვამია: „გაგების უნარის მქონე შვილი კანონს იცავს“ (იგავები 28:7).
ფრთა, რომელსაც მშვილდოსანი ისრის ბოლოში ამაგრებს, გასროლის შემდეგ ისარს სწორ კურსს აძლევს. მსგავსად ამისა, ოჯახის დამფუძნებლის მიერ მოცემული ბიბლიური რჩევები ბავშვებს მშობლების სახლის დატოვების შემდეგაც დარჩებათ გულებში და მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუტანთ სარგებლობას (ეფესოელები 3:14, 15). მაგრამ როგორ შეძლებს მშობელი, ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ ბიბლიური რჩევები საგულდაგულოდ „მიამაგროს“ შვილებს?
აი, რა უთხრა მოსეს დროს ღმერთმა ისრაელ მშობლებს: „გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე [ისინი] შენს ვაჟს“ (კანონი 6:6, 7). ასე რომ, მშობლებმა ორი რამ უნდა გააკეთონ. პირველ რიგში, თავად უნდა შეიყვარონ ღვთის კანონები — ისწავლონ ღვთის სიტყვა და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენონ (ფსალმუნი 119:97). შემდეგ კი ამ მუხლის მეორე ნაწილის შესრულების შესაძლებლობა მიეცემათ — ჩააგონონ ისინი თავიანთ შვილებს. ამისათვის ღვთის კანონების მნიშვნელოვნება მშობელმა შვილს გულში უნდა ჩაუბეჭდოს, რის გაკეთებაც მშობელს ეფექტური სწავლებითა და ხშირი გამეორებით შეუძლია.
ცხადია, ძველმოდური და დრომოჭმული სულაც არ არის სერიოზული სისუსტეების გამოსასწორებლად ბიბლიური პრინციპების გამოყენება და გამოსასწორებელი ზომების მიღება. არსებობს მნიშვნელოვანი მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება ამ ძვირფასმა „ისრებმა“ სწორი მიმართულებით და თანაბარზომიერად „იფრინოს“ მოწიფულობისკენ.
ისრების დაცვა
მოდი, დავუბრუნდეთ ფსალმუნის 127:4, 5-ში ჩაწერილ სიტყვებს. მშვილდოსანმა „კაპარჭი აივსო“ ისრებით. მომზადების შემდეგ ისრებს დაცვა სჭირდებოდა. ამიტომ მშვილდოსანი მათ კაპარჭით ატარებდა, სადაც ისინი დაცული იყო გატეხვისა და დაზიანებისგან. საინტერესოა, რომ ბიბლიაში მოცემულ ერთ-ერთ წინასწარმეტყველებაში მესია წამახულ ისრად მოიხსენიება, რომელიც მამამ ‘კაპარჭში შეინახა’ (ესაია 49:2). ცხადია, იეჰოვა ღმერთმა, ყველაზე მოსიყვარულე მამამ, დაიცვა თავისი საყვარელი ძე, იესო, რათა წინასწარმეტყველების თანახმად, სიკვდილის დრომდე მას არაფერი დაშავებოდა. ღმერთმა ის სიკვდილის დროსაც კი დაიცვა ისე, რომ სიკვდილს მისთვის სამუდამო ზიანი არ მიეყენებინა და თავისი ძე უსაფრთხოდ დაებრუნებინა ზეცაში, სადაც მარადიულად იცოცხლებდა.
მსგავსად ამისა, კარგი მშობლები ზრუნავენ, რომ გახრწნილი ქვეყნიერების ზეგავლენისაგან დაიცვან თავიანთი შვილები. მშობლები შვილებს უკრძალავენ იმას, რაც მათ ზიანს მოუტანდა. მაგალითად, გონიერი მშობელი სერიოზულად ეკიდება რჩევას: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). თუ შვილს ისეთ ხალხთან ურთიერთობას დაუშლით, რომლებიც ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს პატივს არ სცემენ, მრავალი სერიოზული და, შესაძლოა, სასიკვდილო ცოდვისგანაც კი, დაიცვათ ისინი.
შვილებმა შეიძლება ყოველთვის ვერ დააფასონ მშობლების ძალისხმევა, რაც მათ დაცვას ემსახურება. ბავშვები შეიძლება განაწყენდნენ, როცა მშობელს, მათივე საკეთილდღეოდ, ხშირად მათი თხოვნის შესრულებაზე უარის თქმა უწევს. ბავშვების აღზრდის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი წიგნის ავტორმა აღნიშნა: „მოცემულ მომენტში შეიძლება ბავშვებმა ყოველთვის ვერ გამოხატონ მადლიერება, მაგრამ სინამდვილეში სურთ, რომ მშობლები მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. ბავშვები კი თავს უსაფრთხოდ მაშინ იგრძნობენ, თუ პასუხისმგებლობის მქონე მშობლები შვილებს ყოველთვის ყველაფრის ნებას არ დართავენ“.
შვილების სიყვარულს ის მშობელი ავლენს, რომელიც იცავს მათ სიმშვიდეს, სიწმინდეს და ცდილობს, რომ მათ ღვთის მოწონება არ დაკარგონ. გავა დრო და, ალბათ, მიხვდებიან შვილები, რატომ არ იყო ყველაფერი ნებადართული მათთვის, და დააფასებენ თქვენ მიერ ამგვარად გამოვლენილ სიყვარულს.
ისრის დამიზნება
ყურადღება მიაქციეთ, რომ ფსალმუნის 127:4, 5 მშობელს „ძლიერ კაცთან“ ადარებს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მხოლოდ მამას შეუძლია შვილის სათანადოდ აღზრდა? სულაც არა, ამ მაგალითში მოცემული პრინციპი ეხება არა მარტო დედ-მამას, არამედ მარტოხელა მშობელსაც (იგავები 1:8). სიტყვები „ძლიერი კაცი“ მიუთითებს დიდი ძალის მქონე კაცზე, რომელსაც მშვილდით ისრის გასროლა შეუძლია. ბიბლიურ დროში მშვილდი ზოგჯერ სპილენძით იყო მოვარაყებული. ჯარისკაცებს ეუბნებოდნენ, რომ „მოეზიდათ ისარი“, ანუ, დედნიდან თუ სიტყვასიტყვით გადმოვიტანთ, „ფეხით დაემაგრებინათ მშვილდი“. ამაში, შესაძლოა, ის იგულისხმებოდა, რომ მშვილდის მოსაზიდად და ისრის გასასროლად მეომარს ფეხიც უნდა შეეშველებინა (იერემია 50:14, 29). ცხადია, დიდი ენერგია და ძალისხმევა დასჭირდებოდა მაგრად დაჭიმული ლარის მოზიდვას და სამიზნისკენ ისრის გასროლას.
მსგავსად ამისა, შვილის აღსაზრდელად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ბავშვები თავისთავად არ იზრდებიან, ისევე როგორც მშვილდიდან გასროლის გარეშე, თავისთავად, ვერც ისარი მიემართება სამიზნისკენ. სამწუხაროდ, დღეს მრავალი მშობელი სათანადო ძალისხმევას არ ახმარს შვილების აღზრდას. ისინი იოლ გზას ირჩევენ და ტელევიზიას, სკოლასა და თანატოლებს ანდობენ თავიანთი შვილების გათვითცნობიერებას იმაში, თუ რა არის სწორი და არასწორი, რა არის სექსი და ზნეობა. ასეთი მშობლები არაფერს უშლიან შვილებს. როდესაც ისინი ხედავენ, რომ „არა“-ს თქმა ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, უბრალოდ, ეუბნებიან „ჰო“-ს და ხშირად თავიანთ გადაწყვეტილებას იმით ამართლებენ, რომ არ უნდათ შვილების გულის ტკენა. სინამდვილეში კი ბავშვებს, ხანგრძლივ და გამოუსწორებელ ზიანს ის აყენებს, რომ მშობლები მათ ყველაფრის ნებას რთავენ.
ბავშვის აღზრდა რთული ამოცანაა. ამ დავალების მთელი გულით, ღვთის სიტყვის მითითებისამებრ შესრულება ნამდვილად მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მაგრამ სასურველი შედეგი ფასდაუდებელი ჯილდოა. ჟურნალში „მშობლები“ ნათქვამია: „გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მოსიყვარულე, მაგრამ მომთხოვნი მშობლების შვილები, რომლებსაც ყოველთვის მხარში ედგნენ მშობლები, თუმცა ყოველთვის უდგენდნენ გარკვეულ საზღვრებს, უკეთესად სწავლობდნენ, თავს კარგად გრძნობდნენ და ბევრად უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც მეტისმეტად ლმობიერები ან მეტისმეტად მკაცრები იყვნენ“.
არსებობს კიდევ ერთი დადებითი მხარე. ადრე განვიხილეთ იგავების 22:6-ის პირველი ნაწილი, სადაც ნათქვამია: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს“. მუხლის მეორე ნაწილში კი ვკითხულობთ: „ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“. ცხადყოფს იგავებში ჩაწერილი ეს სიტყვები, რომ მშობლის მცდელობა ყოველთვის წარმატებით დაგვირგვინდება? არა, შვილებს ნების თავისუფლება აქვთ და მოწიფულობის ასაკში ისინი თავად აირჩევენ როგორ იცხოვრონ. მაგრამ ეს მუხლი მშობლებს სიყვარულით არწმუნებს ერთ რამეში.
თუ მშობლები შვილებს ბიბლიის რჩევების თანახმად აღზრდიან, ამით საუკეთესო გარემოს შეუქმნიან იმისთვის, რომ კარგი ნაყოფი გამოიღონ და ბავშვები ბედნიერ, კმაყოფილ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოწიფულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ (იგავები 23:24). ამიტომ ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ ამ ძვირფასი „ისრების“ მოსამზადებლად, დასაცავად და სწორი მიმართულების მისაცემად! თუ ასე მოიქცევით, არასოდეს ინანებთ.
[სურათი 13 გვერდზე]
სიყვარულს ავლენენ მშობლები, თუ ბავშვებს ყველა სურვილს უსრულებენ?
[სურათი 15 გვერდზე]
მოსიყვარულე მშობელი შვილს უხსნის, თუ რატომ უდგენს ამა თუ იმ წესს
[სურათი 15 გვერდზე]
კარგი მშობელი შვილს ამ გახრწნილი ქვეყნიერების საზიანო გავლენისგან იცავს
[სურათი 16 გვერდზე]
შვილების აღზრდა რთული ამოცანაა, მაგრამ სასურველი შედეგი ფასდაუდებელი ჯილდოა