იესომ თავმდაბლობის მაგალითი მოგვცა
„ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ“ (იოან. 13:15).
1, 2. რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა იესომ მოციქულებს თავისი სიკვდილის წინა ღამეს?
იესოს დედამიწაზე ცხოვრების ბოლო ღამეა. ის თავის მოციქულებთან ერთად იერუსალიმში, ერთი სახლის ზედა ოთახში, იმყოფება. ვახშმის დროს იესო დგება და მოსასხამს გვერდზე დებს; იღებს პირსახოცს და წელზე იხვევს. შემდეგ ტაშტში ასხამს წყალს, იწყებს მოწაფეებისთვის ფეხების დაბანას და პირსახოცით შემშრალებას. ბოლოს იღებს თავის მოსასხამს და იცვამს. რატომ გამოავლინა მან ასეთი თავმდაბლობა? (იოან. 13:3—5).
2 იესომ ეს ასე ახსნა: „იცით, რა გაგიკეთეთ? . . . თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები. ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ“ (იოან. 13:12—15). ასეთი თავმდაბლური საქციელით იესომ მოწაფეებს მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა, რაც მათ არასდროს დაავიწყდებოდათ; ეს აგრეთვე აღძრავდა მოციქულებს, თავადაც თავმდაბლურად მოქცეულიყვნენ.
3. ა) რომელ ორ შემთხვევაში აღნიშნა იესომ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავმდაბლობა? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 მოციქულებისთვის ფეხების დაბანა არ იყო პირველი შემთხვევა, როცა იესომ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავმდაბლობა. უფრო ადრე, როდესაც ზოგიერთმა მოციქულმა მეტოქეობის სული გამოავლინა, იესომ ბავშვი გვერდით დაიყენა და უთხრა მათ: „ვინც იღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიღებს, და ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს. ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი, ის იქნება დიდი“ (ლუკ. 9:46—48). იესომ იცოდა, რომ ფარისევლები დიდებას ეძებდნენ, ამიტომ თქვა: „ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (ლუკ. 14:11). ცხადია, იესოს სურდა, რომ მისი მიმდევრები ყოფილიყვნენ თავმდაბლები და არა ამაყები და ქედმაღლები. მოდი, ყურადღებით განვიხილოთ იესოს თავმდაბლობის მაგალითი და მივბაძოთ მას. ამ სტატიაში აგრეთვე დავინახავთ, რომ ეს თვისება არა მარტო მათთვის არის სასარგებლო, ვინც მას ავლენს, არამედ მათთვისაც, ვის მიმართაც ავლენენ.
„სხვა მხარეს არ შევბრუნებულვარ“
4. როგორ გამოავლინა ღვთის მხოლოდშობილმა ძემ თავმდაბლობა დედამიწაზე მოსვლამდე?
4 ღვთის მხოლოდშობილმა ძემ თავმდაბლობა დედამიწაზე მოსვლამდეც გამოავლინა. ზეცაში იესომ უთვალავი წელი გაატარა თავის ზეციერ მამასთან. ბიბლიური წიგნი „ესაია“ აღწერს, თუ როგორი ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ძესა და მამას: „უზენაესმა უფალმა იეჰოვამ მომცა სწავლულთა ენა, რათა ვიცოდე, როგორი სიტყვით ვუპასუხო დაღლილს. ყოველ დილით მაღვიძებს, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ სწავლულებივით მოვისმინო. უზენაესმა უფალმა იეჰოვამ გამიხსნა ყური და მეც არ ვეურჩე; სხვა მხარეს არ შევბრუნებულვარ“ (ეს. 50:4, 5). ღვთის ძე თავმდაბლობას ავლენდა და მთელი ყურადღებით უსმენდა, როცა იეჰოვა ასწავლიდა. იესოს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ესწავლა ჭეშმარიტი ღმერთისგან. ის კარგად ხედავდა, თუ როგორ თავმდაბლურად მოქმედებდა იეჰოვა, როდესაც წყალობას ავლენდა ცოდვილი ადამიანების მიმართ.
5. როგორ გამოავლინა იესომ, როგორც მიქაელ მთავარანგელოზმა, თავმდაბლობა და მოკრძალება სატანასთან კამათის დროს?
5 ზეცაში ყველა სულიერ ქმნილებას როდი ჰქონდა ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ღვთის მხოლოდშობილ ძეს. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასგან ესწავლა, ანგელოზმა, რომელიც სატანა ეშმაკი გახდა, ნება მისცა თავმდაბლობის საპირისპირო თვისებებს, პატივმოყვარეობასა და სიამაყეს, ფესვი გაედგა მასში, რის შედეგადაც ის დაუპირისპირდა ღმერთს. იესო კი არც უკმაყოფილო იყო თავისი მდგომარეობით ზეცაში და არც ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას. მიქაელ მთავარანგელოზს, იესოს, თავისი უფლებებისთვის არ გადაუჭარბებია, როდესაც არ ეთანხმებოდა ეშმაკს მოსეს სხეულის გამო. პირიქით, ღვთის ძემ თავმდაბლობა და მოკრძალება გამოავლინა. მას სურდა, იეჰოვას, სამყაროს უზენაეს მოსამართლეს, თავად გადაეჭრა ეს საკითხი ისე, როგორც ის გადაწყვეტდა და როცა ჩათვლიდა საჭიროდ (წაიკითხეთ იუდას 9).
6. როგორ გამოავლინა იესომ თავმდაბლობა იმით, რომ თანახმა იყო, გამხდარიყო მესია?
6 ზეცაში იესომ სხვა ყველაფერთან ერთად იცოდა ის წინასწარმეტყველებებიც, რომლებიც დედამიწაზე მესიად ყოფნის დროს შესრულდებოდა. ალბათ, მას წინასწარ ეცოდინებოდა ყველა ის უსიამოვნება, რაც თავს გადახდებოდა. მიუხედავად ამისა, იესო მაინც თანახმა იყო, ეცხოვრა დედამიწაზე და მომკვდარიყო როგორც აღთქმული მესია. რა იყო ამის მიზეზი? მოციქულმა პავლემ ხაზი გაუსვა ღვთის მხოლოდშობილი ძის თავმდაბლობას და დაწერა: „თუმცა ის ისე არსებობდა, როგორც ღმერთი, ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა. პირიქით, ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა“ (ფილ. 2:6, 7).
როგორც ადამიანმა „თავი დაიმდაბლა“
7, 8. როგორ გამოავლინა იესომ თავმდაბლობა პატარაობისას და დედამიწაზე მსახურების დროს?
7 „როცა [იესომ] ადამიანის სახე მიიღო, — წერდა პავლე — თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“ (ფილ. 2:8). იესო პატარაობიდანვე ავლენდა თავმდაბლობას, რითაც კარგი მაგალითი დაგვიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის არასრულყოფილმა მშობლებმა, იოსებმა და მარიამმა აღზარდეს, იესო „კვლავაც ემორჩილებოდა“ მათ (ლუკ. 2:51). რა შესანიშნავი მაგალითია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ღმერთი აკურთხებს მშობლებისადმი მორჩილებისთვის.
8 იესო როცა სრულწლოვანი გახდა, საკუთარ სურვილებზე წინ იეჰოვას ნების შესრულებას აყენებდა და ასეთი სახით თავმდაბლობას ავლენდა (იოან. 4:34). მსახურების განმავლობაში იესო ქრისტე იყენებდა ღვთის სახელს და ეხმარებოდა გულწრფელ ადამიანებს, მიეღოთ ზუსტი შემეცნება იეჰოვას თვისებებისა და კაცობრიობისადმი მისი განზრახვების შესახებ. იესო არა მხოლოდ ასწავლიდა იეჰოვას შესახებ, არამედ ცხოვრობდა კიდეც იმის თანახმად, რასაც ასწავლიდა. მაგალითად, აი, რა მოიხსენია უპირველესად იესომ ლოცვის ნიმუშში: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9). ამგვარად მან ასწავლა თავის მიმდევრებს, რომ მათთვის იეჰოვას სახელის განწმენდა ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილიყო. იესო თავად იძლეოდა ამის მაგალითს. დედამიწაზე მსახურების ბოლოს მას შეეძლო ეთქვა იეჰოვასთვის: „ვამცნე მათ [მოციქულებს] შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ“ (იოან. 17:26). უფრო მეტიც, მსახურების განმავლობაში იესოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ყველაფერს იეჰოვას დახმარებით აკეთებდა (იოან. 5:19).
9. რა იწინასწარმეტყველა ზაქარიამ მესიის შესახებ და როგორ შეასრულა იესომ ეს წინასწარმეტყველება?
9 მესიასთან დაკავშირებით ზაქარიამ იწინასწარმეტყველა: „გაიხარე, სიონის ასულო! სიხარულით იყიჟინე, იერუსალიმის ასულო! აი, შენი მეფე მოდის შენთან! მართალი და დახსნილია ის, თავმდაბალია, ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული“ (ზაქ. 9:9). ეს მაშინ შესრულდა, როცა ახ. წ. 33 წლის პასექამდე იესო იერუსალიმში შევიდა. ხალხი ტანსაცმელსა და ტოტებს უფენდა გზაზე. მთელ ქალაქში აურზაური ატყდა. მიუხედავად იმისა, რომ მას როგორც მეფეს ეგებებოდნენ, იესო მაინც თავმდაბლობას ინარჩუნებდა (მათ. 21:4—11).
10. რა დაამტკიცა იესომ იმით, რომ სიკვდილამდე მორჩილი იყო?
10 იესოს თავმდაბლობა და მორჩილება ყველაზე კარგად წამების ბოძზე სიკვდილის დროს გამოვლინდა. ამით მან დაამტკიცა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ურთულესი განსაცდელების დროსაც კი იეჰოვას ერთგულები დარჩნენ. იესომ სატანის სიცრუეც გააბათილა, რომ თითქოსდა ადამიანები ღმერთს გამორჩენის მიზნით ემსახურებოდნენ (იობ. 1:9—11; 2:4). მან თავისი სრულყოფილი ერთგულებით მხარი დაუჭირა იეჰოვას უფლებას, იყოს სამყაროს უზენაესი, სამართლიანი მმართველი. იეჰოვა ძალიან გაახარა თავისი თავმდაბალი ძის შეუდრეკელმა ერთგულებამ (წაიკითხეთ იგავების 27:11).
11. რა გახდა შესაძლებელი მორჩილი ადამიანებისთვის ქრისტეს გამოსასყიდის გაღებით?
11 წამების ბოძზე სიკვდილით იესომ გადაიხადა საფასური ადამიანების გამოსასყიდად (მათ. 20:28). ამან შესაძლებლობა მისცა ცოდვილ კაცობრიობას, ეცხოვრათ მარადიულად, რაც სრულად შეესაბამებოდა ღვთის სამართლიანობას. „ერთ მოქმედებას, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა, ყველასთვის მართლებად აღიარება მოაქვს სასიცოცხლოდ“, — წერდა პავლე (რომ. 5:18). იესოს სიკვდილმა სულითცხებულ ქრისტიანებს შესაძლებლობა მისცა, უკვდავება მიეღოთ ზეცაში, ხოლო „სხვა ცხვარს“ — მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე (იოან. 10:16; რომ. 8:16, 17).
„გულით თავმდაბალი ვარ“
12. როგორ გამოავლინა იესომ რბილი ხასიათი და თავმდაბლობა არასრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობისას?
12 იესო იწვევდა ყველა „მძიმედ მშრომელსა და ტვირთმძიმეს“, მისულიყვნენ მასთან. მან თქვა: „დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათ. 11:28, 29). თავმდაბლობა და რბილი ხასიათი აღძრავდა იესოს, კეთილად და მიუკერძოებლად მოქცეოდა არასრულყოფილ ადამიანებს. ის თავისი მოწაფეებისგან იმაზე მეტს არ ელოდა, რის გაკეთებაც შეეძლოთ. იესო აქებდა და ამხნევებდა მათ. ის თავის მიმდევრებს თავს უცოდინრად ან უღირსად არ აგრძნობინებდა. იესო არ იყო უხეში ან სასტიკი. პირიქით, ის არწმუნებდა მოწაფეებს, რომ გამოცოცხლდებოდნენ, თუ მასთან ახლო ურთიერთობა ექნებოდათ და ცხოვრებაში ნასწავლს გამოიყენებდნენ, ვინაიდან მისი უღელი ადვილი სატარებელი და მისი ტვირთი მსუბუქი იყო. ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანი თავისუფლად გრძნობდა მასთან თავს (მათ. 11:30).
13. როგორ თანაუგრძნობდა იესო გაჭირვებულებს?
13 იესო თანაუგრძნობდა უბრალო ადამიანებს და ზრუნავდა მათზე, რადგან ისინი გაჭირვებულები იყვნენ. იერიხონთან ახლოს ის შეხვდა ორ უსინათლო მათხოვარს, რომელთაგან ერთ-ერთს ბარტიმეოსი ერქვა. ისინი დაჟინებით სთხოვდნენ იესოს დახმარებას, ხალხი კი უწყრებოდა და ცდილობდა მათ გაჩუმებას. იესოს შეეძლო ყურადღება არ მიექცია ამ უსინათლო მამაკაცებისთვის. მაგრამ მან სთხოვა ხალხს მათი მოყვანა. იესოს გული დაეწვა მათ დანახვაზე და მხედველობა დაუბრუნა. მართლაც, ის ავლენდა თავმდაბლობასა და გულმოწყალებას ცოდვილებისადმი და ამით ჰბაძავდა თავის მამა იეჰოვას (მათ. 20:29—34; მარ. 10:46—52).
„ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“
14. რა მოჰყვა შედეგად იესოს თავმდაბლობას?
14 იესო ქრისტეს თავმდაბლობას სიხარული და უამრავი კურთხევა მოჰყვა. იეჰოვას ძალიან გაუხარდა, როდესაც იესო თავმდაბლურად დაემორჩილა მის ნებას. მოციქულებისა და მოწაფეებისთვის გამომაცოცხლებელი იყო მისი რბილი ხასიათი და თავმდაბლობა. მაგალითად, იესოს სწავლებები და გულთბილი შექება აღძრავდა მათ, რომ სულიერად გაზრდილიყვნენ. უბრალო ხალხისთვის მისი თავმდაბლობა ნამდვილი კურთხევა იყო, რადგან ისინი მისგან იღებდნენ დახმარებას, სწავლებასა და გამხნევებას. ყველა, ვინც რწმენას ავლენს იესოს გამოსასყიდისადმი, მარადიულ კურთხევებს მიიღებს.
15. რა კურთხევები მოუტანა თავმდაბლობის გამოვლენამ თავად იესოს?
15 რის თქმა შეიძლება იესოზე? მოუტანა მასაც კურთხევები თავმდაბლობის გამოვლენამ? რა თქმა უნდა. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“ (მათ. 23:12). ეს სიტყვები გამართლდა იესოს შემთხვევაში. პავლე გვიხსნის: „ღმერთმა ის [იესო] უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“. დედამიწაზე თავმდაბლობისა და ერთგულების გამოვლენის გამო იეჰოვა ღმერთმა აამაღლა თავისი ძე და მისცა ძალაუფლება ყველა ქმნილებაზე, როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე (ფილ. 2:9—11).
იესო ამხედრდება ჭეშმარიტებისა და თავმდაბლობის გულისთვის
16. ღვთის ძის რომელი საქმეებიდან ჩანს, რომ თავმდაბლობა კვლავაც მისი დამახასიათებელი თვისებაა?
16 თავმდაბლობა კვლავაც ღვთის ძის დამახასიათებელი თვისებაა. ფსალმუნმომღერალმა იწინასწარმეტყველა, თუ როგორ იმოქმედებს ზეცად ამაღლებული იესო თავისი მტრების წინააღმდეგ: „წარმატებისკენ ისწრაფე შენი სიდიადით; ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრდი“ (ფსალმ. 45:4). არმაგედონის დროს იესო ქრისტე „ამხედრდება“ არა მარტო სიმართლისა და ჭეშმარიტების მოყვარული ადამიანების დასაცავად, არამედ თავმდაბლების დასაცავადაც. რა მოხდება მისი ათასწლიანი მეფობის ბოლოს, როცა მესიანური მეფე „ბოლოს მოუღებს ყველა მმართველობას, ძალაუფლებასა და ძალას“? კვლავაც გამოავლენს იესო თავმდაბლობას? რა თქმა უნდა, რადგან ის „თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:24—28).
17, 18. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი იეჰოვას მსახურებისთვის, მიჰბაძონ იესოს თავმდაბლობაში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
17 რას ვიტყოდით ჩვენზე? მივბაძავთ იესოს და გამოვავლენთ თავმდაბლობას? გადავრჩებით, როცა მეფე იესო ქრისტე არმაგედონის დროს განაჩენს აღასრულებს? არმაგედონის დროს მხოლოდ თავმდაბალი და მართალი ადამიანები გადარჩებიან. ამიტომ თავმდაბლობის განვითარება ჩვენი გადარჩენისთვის აუცილებელია. უფრო მეტიც, როგორც იესოს მიერ თავმდაბლობის გამოვლენამ კურთხევები მოუტანა არა მარტო მას, არამედ სხვებს, ჩვენ მიერ გამოვლენილი თავმდაბლობაც მრავალმხრივ იქნება სასარგებლო.
18 რა დაგვეხმარება, მივბაძოთ იესოს თავმდაბლობაში? როგორ შეგვიძლია ვისწრაფოთ თავმდაბლობისკენ სირთულეების მიუხედავად? ამ კითხვებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.