იობი
1 უცის მიწაზე ცხოვრობდა ერთი მართალი, ღვთისმოშიში და უმწიკვლო* კაცი,+ რომელსაც ბოროტებისგან შორს ეჭირა თავი;+ მას იობი*+ ერქვა. 2 იობს შვიდი ვაჟი და სამი ასული ჰყავდა. 3 ჰყავდა აგრეთვე 7 000 ცხვარი, 3 000 აქლემი, 500 უღელი ხარი, 500 ჭაკი ვირი და მრავალი მსახური. ის მთელ აღმოსავლეთში ყველაზე დიდებული კაცი იყო.
4 მისი ვაჟები რიგრიგობით მართავდნენ ნადიმს თავ-თავიანთ სახლებში და სამივე დას ეპატიჟებოდნენ, რომ ერთად ეჭამათ და ესვათ. 5 ნადიმის დღეები რომ ჩაივლიდა, იობი შეუთვლიდა ხოლმე მათ, რომ განწმენდილიყვნენ. იგი დილით ადრე დგებოდა, თითოეულისთვის დასაწვავ მსხვერპლს+ სწირავდა და ამბობდა, ვაითუ შესცოდეს ჩემმა შვილებმა და დაგმეს ღმერთი თავიანთ გულშიო. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.+
6 ერთ დღეს, როდესაც ღვთის ძეები*+ იეჰოვას წინაშე წარდგნენ,+ სატანაც+ მივიდა იქ.+
7 იეჰოვამ სატანას ჰკითხა: „სად იყავი?“ სატანამ იეჰოვას მიუგო: „ვიხეტიალე და შემოვიარე დედამიწა“.+ 8 იეჰოვამ სატანას უთხრა: „შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? დედამიწაზე არავინაა მისი მსგავსი; მართალი, უმწიკვლო*,+ ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს უჭირავს თავი“. 9 სატანამ იეჰოვას მიუგო: „მერედა ტყუილადაა იობი ღვთისმოშიში?!+ 10 შენ არ მფარველობ მას,+ მის სახლ-კარსა და ქონებას?! შენ არ აკურთხე მისი ნაშრომი+ და შენ არ გაუმრავლე საქონელი?! 11 აბა, გაიწოდე ხელი, შეეხე მის ქონებას და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!“ 12 იეჰოვამ სატანას უთხრა: „კარგი, შენს ხელთ იყოს მთელი მისი ქონება, ოღონდ თავად მას არ შეეხო!“ წავიდა სატანა იეჰოვასგან.+
13 ერთ დღეს იობის ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში შეიკრიბნენ, რომ ეჭამათ და ღვინო დაელიათ.+ 14 მივიდა იობთან მსახური და აცნობა: „როცა ხარები ხნავდნენ და ვირები ძოვდნენ, 15 სებელები დაგვესხნენ თავს; საქონელი წაასხეს, მსახურები კი მახვილით დახოცეს. მეღა დავრჩი ამბის მომტანი“.
16 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მსახური მივიდა და აცნობა: „ღმერთმა ცეცხლი* მოავლინა ზეციდან, აბრიალდა და შთანთქა ცხვარიცა და მსახურებიც. მეღა დავრჩი ამბის მომტანი“.
17 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მსახური მივიდა და აცნობა: „ქალდეველთა+ სამი რაზმი თავს დაგვესხა, აქლემები წაასხეს, მსახურები კი მახვილით დახოცეს. მეღა დავრჩი ამბის მომტანი“.
18 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მსახური მივიდა და აცნობა: „შენი ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში იყვნენ, ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ; 19 უცებ უდაბნოდან ძლიერმა ქარმა დაუბერა და სახლის ოთხივე კუთხეს ეძგერა, ახალგაზრდებს თავზე დაემხოთ და დაიხოცნენ. მეღა დავრჩი ამბის მომტანი“.
20 ადგა იობი, შემოიხია სამოსელი, თავი გადაიპარსა, მუხლი მოიყარა, პირქვე დაემხო 21 და თქვა:
„შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან
და შიშველი დავუბრუნდები მიწას.+
იეჰოვამ მომცა+ და იეჰოვამ წაიღო.
კვლავაც იდიდოს იეჰოვას სახელმა“.
22 ყველაფრის მიუხედავად არ შეუცოდავს იობს და არ დაუდანაშაულებია ღმერთი.