თავი მეცამეტე
„იყიჟინეთ ერთად“!
1. რატომ იძლევა ესაიას 52-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველური სიტყვები სიხარულის მიზეზს და რომელ ორ შემთხვევაში სრულდება ისინი?
თავისუფლება! განა არსებობს ამაზე სანატრელი რამ ტყვე ხალხისთვის? ესაიას წიგნის ძირითადი თემა გათავისუფლება და განახლებაა, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ფსალმუნების შემდეგ ბიბლიის ამ წიგნში ყველაზე ხშირად არის გამოყენებული სიხარულის გამომხატველი სიტყვები. ესაიას 52-ე თავი სიხარულის განსაკუთრებულ მიზეზს აძლევს ღვთის ხალხს. მასში მოცემული წინასწარმეტყველური სიტყვები იერუსალიმზე ძვ. წ. 537 წელს სრულდება. ისინი უფრო დიდი მნიშვნელობით სრულდება „ზენა იერუსალიმზე“, სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ ზეციერ ორგანიზაციაზე, რომელიც ზოგჯერ დედად და მეუღლედ არის წარმოდგენილი (გალატელთა 4:26; გამოცხადება 12:1).
„შეიმოსე ძალი შენი, სიონო!“
2. როდის იღვიძებს სიონი და როგორ ხდება ეს?
2 იეჰოვა ესაიას პირით მოუწოდებს თავის საყვარელ ქალაქს, სიონს: „გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან აღარ შემოგივა წინდაუცვეთელი და უწმიდური! ჩამოიფერთხე მტვერი, აღდექ, ტყვე იერუსალიმო! გაიხსენი შენი ქედის საკვრელები, დატყვევებულო სიონის ასულო!“ (ესაია 52:1, 2). იერუსალიმის მცხოვრებლებმა განარისხეს იეჰოვა, რის გამოც ქალაქი 70 წლის განმავლობაში გაუკაცრიელებულია (მეოთხე მეფეთა 24:4; მეორე ნეშტთა 36:15—21; იერემია 25:8—11; დანიელი 9:2). ახლა დროა, გამოიღვიძოს ხანგრძლივი უმოქმედობიდან და თავისუფლების დიდებული სამოსლით შეიმოსოს. იეჰოვამ კიროსი აღძრა, „დატყვევებული სიონის ასულის“ გასათავისუფლებლად, რათა იერუსალიმის ყოფილმა მცხოვრებლებმა და მათმა შთამომავლობამ ბაბილონის დატოვება, იერუსალიმში დაბრუნება და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენა შეძლონ. იერუსალიმში ვერც ერთი წინადაუცვეთელი და უწმინდური ვერ იცხოვრებს (პირველი ეზრა 1:1—4).
3. რატომ შეიძლება ცხებულ ქრისტიანთა კრებას „სიონის ასული“ ეწოდოს და რა გაგებით არის ის განთავისუფლებული?
3 ესაიას ეს სიტყვები ქრისტიანულ კრებაზეც სრულდება. ცხებულ ქრისტიანთა კრებას შეიძლება „სიონის ასული“ ეწოდოს, რადგან „ზენა იერუსალიმი“ მისი დედააa. წარმართული სწავლებებისგან და განდგომილთა მოძღვრებებისგან გათავისუფლებულმა ცხებულებმა იეჰოვას წინაშე სიწმინდე უნდა შეინარჩუნონ, მაგრამ არა ხორციელად წინადაცვეთით, არამედ გულების წინადაცვეთით (იერემია 31:32; რომაელთა 2:25—29). ამაში იეჰოვას წინაშე სულიერი, გონებრივი და ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება შედის (1 კორინთელთა 7:19; ეფესელთა 2:3).
4. მიუხედავად იმისა, რომ „ზენა იერუსალიმი“ არასდროს ყოფილა იეჰოვას ურჩი, რა შემთხვევაში მოიქცნენ მისი მიწიერი წარმომადგენლები ძველი იერუსალიმის მკვიდრთა მსგავსად?
4 მართალია, „ზენა იერუსალიმი“ არასდროს ყოფილა იეჰოვას ურჩი, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს მისმა მიწიერმა წარმომადგენლებმა — ცხებულმა ქრისტიანებმა — უნებურად დაარღვიეს იეჰოვას კანონი, რადგან მათ სათანადოდ არ ესმოდათ ჭეშმარიტი ქრისტიანული ნეიტრალიტეტის საკითხი. ღვთის კეთილგანწყობილების დაკარგვის შემდეგ ისინი „დიდი ბაბილონის“ — ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის — სულიერ ტყვეობაში ჩაცვივდნენ (გამოცხადება 17:5). მათმა მონურმა მდგომარეობამ კულმინაციურ წერტილს 1918 წლის ივნისში მიაღწია, როდესაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ რვა პასუხისმგებელი პირი ცრუ ბრალდებებით — მათ შორის შეთქმულების ბრალდებით — დააპატიმრეს. ამ დროს კეთილი ცნობის ორგანიზებული ქადაგება, ფაქტობრივად, შეწყდა. მაგრამ 1919 წელს სულიერი გამოღვიძებისკენ მოწოდება გაისმა. ცხებული ქრისტიანები თანდათანობით ჩამოშორდნენ დიდი ბაბილონის ზნეობრივ და სულიერ უწმინდურებას. მათ მოიშორეს ტყვეობის ჭუჭყი, რის შემდეგაც „ზენა იერუსალიმმა“ ძველი დიდება დაიბრუნა და კვლავ „წმინდა ქალაქად“ იქცა, სადაც სულიერი უწმინდურება ყოვლად დაუშვებელია.
5. რატომ აქვს იეჰოვას ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე თავისი ხალხის გათავისუფლების სრული უფლება?
5 როგორც ძვ. წ. 537 წელს, ისე ახ. წ. 1919 წელს იეჰოვას თავისი ხალხის გათავისუფლების სრული უფლება ჰქონდა. ესაია გვიხსნის: „ასე ამბობს უფალი: მუქთად იყავით გაყიდულნი და უსასყიდლოდ გამოისყიდებით“ (ესაია 52:3). ძველ ბაბილონსა და დიდ ბაბილონს არაფერი გადაუხდიათ, როდესაც ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხი თავიანთ საკუთრებად — მონებად — აქციეს. რადგან ისინი ფულზე არ გარიგებულან, კანონიერად კვლავ იეჰოვა ითვლებოდა თავისი ხალხის პატრონად. განა ვინმეს მოვალე იყო ის? ცხადია, არა. იეჰოვას ორივე შემთხვევაში ჰქონდა უფლება, ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გაეთავისუფლებინა ტყვეობაში მყოფი თავისი თაყვანისმცემლები (ესაია 45:13).
6. რა ვერ ისწავლეს ისტორიიდან იეჰოვას მტრებმა?
6 იეჰოვას მტრებმა ვერაფერი ისწავლეს ისტორიიდან. წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი: ეგვიპტეში იყო ჩასული ჩემი ერი ოდესღაც საცხოვრებლად და აშური თრგუნავდა მას არაფრისთვის“ (ესაია 52:4). ეგვიპტის ფარაონმა დაიმონა ისრაელები, რომლებიც მის ქვეყანაში საცხოვრებლად იყვნენ მიწვეული. მაგრამ იეჰოვამ მეწამულ ზღვაში ჩაძირა ფარაონი და მისი ლაშქარი (გამოსვლა 1:11—14; 14:27, 28). როდესაც ასურეთის (აშურის) მეფე სანხერიბი იერუსალიმის აღებას ცდილობდა, იეჰოვას ანგელოზმა 185000 მეომარი გაუწყვიტა (ესაია 37:33—37). მათ მსგავსად, ვერც ძველი ბაბილონი და ვერც დიდი ბაბილონი გაექცევიან სასჯელს ღვთის ხალხის ჩაგვრის გამო.
„შეიცნობს ჩემი ერი ჩემს სახელს“
7. რა ზეგავლენას ახდენს იეჰოვას სახელზე თავისი ხალხის ტყვეობა?
7 იეჰოვას ხალხის ტყვეობა ზეგავლენას ახდენს მის სახელზე, როგორც ეს წინასწარმეტყველების შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: «რა მინდა აქ ახლა, ამბობს უფალი, როცა ჩემი ხალხი მუქთად არის წაყვანილი. მისი მთავარნი ქვითინებენ [„გაჰკივიან“, აქ], ამბობს უფალი, და გამუდმებით, დღენიადაგ, ილანძღება ჩემი სახელი. ამიტომ შეიცნობს ჩემი ერი ჩემს სახელს; ამიტომ სწორედ იმ დღეს, შეიცნობს, რომ ეს მე ვარ, ვინც ლაპარაკობს: აჰა, მე ვარ!» (ესაია 52:5, 6). რატომ აღელვებს იეჰოვას ეს მდგომარეობა? რატომ აწუხებს მას ის, რომ ისრაელი ბაბილონშია დამონებული? იეჰოვა უნდა ამოქმედდეს, რადგან ბაბილონმა ტყვედ ჩაიგდო მისი ხალხი და დაჰკივის მას, როგორც გამარჯვებული. ასეთმა ამპარტავნობამ შეურაცხყო იეჰოვას სახელი (ეზეკიელი 36:20, 21). ბაბილონი ვერ მიხვდა, რომ იერუსალიმის გაუკაცრიელების მიზეზი თავისი ხალხისადმი იეჰოვას უკმაყოფილებაა. მან იუდაელთა დამონება მათი ღმერთის სისუსტის დამამტკიცებლად მიიჩნია. ბაბილონის მმართველმა, ბელშაცარმა, დაამცირა კიდეც იეჰოვა, როდესაც ნადიმზე ბაბილონელთა ღმერთების განსადიდებლად მისი ტაძრიდან წამოღებული ჭურჭელი გამოიყენა (დანიელი 5:1—4).
8. რა მოხდა ღვთის სახელთან დაკავშირებით მოციქულების სიკვდილის შემდეგ?
8 როგორ ეხება ეს ყოველივე „ზენა იერუსალიმს“? მას შემდეგ, რაც განდგომილებამ ქრისტიანობაში ფეხი მოიკიდა, შეიძლება ითქვას, რომ „ღვთის სახელი იგმობა წარმართებში“ (რომაელთა 2:24; საქმეები 20:29, 30). იუდაელებმა ცრუ რწმენის გამო თანდათანობით შეწყვიტეს ღვთის სახელის ხსენება. მოციქულების სიკვდილიდან მცირე ხანში განდგომილმა ქრისტიანებმა მათ მსგავსად შეწყვიტეს ღვთის პირადი სახელის გამოყენება. განდგომილების შედეგად ჩამოყალიბდა ქრისტიანული სამყარო, რომელიც დიდი ბაბილონის ძირითადი ნაწილია (2 თესალონიკელთა 2:3, 7; გამოცხადება 17:5). ქრისტიანული სამყაროს თავაშვებულმა უზნეობამ და სისხლისღვრამ იეჰოვას სახელი შეურაცხყო (2 პეტრე 2:1, 2).
9, 10. რა მხრივ გაერკვა უკეთ ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხი იეჰოვას ნორმებსა და მისი სახელის მნიშვნელობაში ამ თანამედროვე დროს?
9 როდესაც დიდმა კიროსმა, იესო ქრისტემ, 1919 წელს დიდი ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლა ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხი, ისინი უკეთ გაერკვნენ იეჰოვას მოთხოვნებში. ამ დროისთვის ისინი უკვე განწმენდილი იყვნენ ქრისტიანული სამყაროს ბევრი სწავლებისგან, რომლებსაც ფესვები წინაქრისტიანული პერიოდის წარმართულ ტრადიციებში ჰქონდა გადგმული — მაგალითად სამებისგან, სულის უკვდავებისგან და ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიული ტანჯვისგან. ახლა ისინი მზად იყვნენ ბაბილონის ზეგავლენის ნებისმიერი გადმონაშთისგან გასათავისუფლებლად. გარდა ამისა, ისინი მიხვდნენ, რამდენად აუცილებელი იყო ამ წუთისოფელში არსებულ დაპირისპირებებში მტკიცე ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. მათ ისიც კი სურდათ, რომ განწმენდილიყვნენ სისხლის ღვრაში ნებისმიერი დანაშაულისგან, რომელიც შეიძლება ზოგს ჰქონდა ჩადენილი.
10 ღვთის თანამედროვე მსახურები აგრეთვე უკეთ გაერკვნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღვთის სახელი. 1931 წელს მათ მიიღეს სახელი „იეჰოვას მოწმეები“, რითაც სახალხოდ განაცხადეს, რომ იეჰოვასა და მისი სახელის შესახებ ამოწმებდნენ. გარდა ამისა, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ საშუალებით იეჰოვას მოწმეებმა 1950 წლიდან ბიბლიაში ღვთის სახელი აღადგინეს. დიახ, მათ შეიცნეს იეჰოვას სახელი და ამ სახელს დღეს კიდით კიდემდე აუწყებენ.
„მახარობელი“
11. რატომ არის დროული ძვ. წ. 537 წელს შეძახილი „გამეფდა შენი ღმერთი!“?
11 ახლა ყურადღება კვლავ გაუკაცრიელებულ სიონზეა გადატანილი. მას კეთილი ცნობის მაცნე უახლოვდება: „რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი!“ (ესაია 52:7). რა გაგებით შეიძლებოდა თქმულიყო ძვ. წ. 537 წელს, რომ გამეფდა სიონის ღმერთი? განა იეჰოვა ყოველთვის მეფე არ იყო? დიახ, ის «ხალხთა [„მარადიულობის“, აქ] მეფეა»! (გამოცხადება 15:3). მაგრამ შეძახილი „გამეფდა შენი ღმერთი!“ დროულია, რადგან ბაბილონის დაცემა და იერუსალიმის ტაძრისა და წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის შესახებ მეფის ბრძანება იეჰოვას მეფობის ახალი გამოვლინებაა (ფსალმუნი 96:1).
12. ვინ და როგორ იტვირთა „მახარობლის“ პასუხისმგებლობა?
12 ესაიას დღეებში არც ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი არ ყოფილა ამოცნობილი „მახარობლად“. დღეს კი კეთილი ცნობის მაუწყებლის ვინაობა ცნობილია. იესო ქრისტე იეჰოვას მშვიდობის უდიდესი მაცნეა. დედამიწაზე ყოფნის დროს ის ქადაგებდა კეთილ ცნობას იმის თაობაზე, რომ ადამიანები ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ყოველგვარი ცოდვის შედეგებისგან, მათ შორის ავადმყოფობისა და სიკვდილისგანაც, გათავისუფლდებოდნენ (მათე 9:35). იესომ უკეთესი მომავლის შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა; ის ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა, რათა ხალხისთვის ღვთის სამეფოს შესახებ ესწავლებინა (მათე 5:1, 2; მარკოზი 6:34; ლუკა 19:1—10; იოანე 4:5—26). მისი მოწაფეები მის მსგავსად იქცეოდნენ.
13. ა) როგორ განავრცობს მოციქული პავლე სიტყვებს „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ მახარებელთა ფეხები „მშვენიერია“?
13 რომაელთათვის მიწერილ წერილში პავლე ესაიას 52:7-დან ციტირებს, რითაც კეთილი ცნობის ქადაგების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის რამდენიმე დამაფიქრებელ კითხვას სვამს, მათ შორის, თუ ‘როგორ მოისმენს ხალხი ცნობას მქადაგებლის გარეშე’. შემდეგ ის ამბობს: «როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“» (რომაელთა 10:14, 15). პავლე განავრცობს ესაიას 52:7-ს; ის მრავლობითი რიცხვით, „მახარებელნით“, ცვლის მხოლობით რიცხვს, რომელიც ესაიას წიგნშია გამოყენებული. თითოეული ქრისტიანი ჰბაძავს იესო ქრისტეს და მშვიდობის კეთილი ცნობის მაცნეა. რა გაგებით არის „მშვენიერი“ მათი ფეხები? ესაიას სიტყვების თანახმად, მაცნე იერუსალიმის გარშემო მდებარე მთებიდან მოდის. შორიდან შეუძლებელია მაცნის ფეხების დანახვა. ამ სიტყვებით ყურადღება მაცნეზეა გამახვილებული; ფეხებით თავად მაცნეა წარმოდგენილი. როგორც პირველ საუკუნეში იესოსა და მისი მოწაფეების დანახვა იყო სასიამოვნო თვინიერთათვის, ისე თანამედროვე მოწმეების დანახვაა სასიამოვნო იმ თავმდაბალი ადამიანებისთვის, რომლებიც ეხმაურებიან სიცოცხლის მომტან კეთილ ცნობას.
14. როგორ გამეფდა იეჰოვა „უკანასკნელ ჟამს“ და როდიდან ეუწყება ეს კაცობრიობას?
14 როდიდან გაისმის ამ თანამედროვე დროს შეძახილი „გამეფდა შენი ღმერთი!“? 1919 წლიდან. ამ წელს კონგრესზე სიდარ-პოინტში (ოჰაიო) საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტმა ჯ. რუტერფორდმა მოხსენებით „მიმართვა თანამშრომელთ“ მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ესაიას 52:7-სა და გამოცხადების 15:2-ზე დაფუძნებულმა ამ მოხსენებამ ყველას სამქადაგებლო მსახურებისკენ მოუწოდა. ამგვარად, ‘მთებზე საამური ნაბიჯები’ გამოჩნდა. ჯერ ცხებულმა ქრისტიანებმა, ხოლო მოგვიანებით მათმა თანამშრომლებმა, „სხვა ცხვრებმა“, იეჰოვას გამეფების შესახებ გულმოდგინედ ქადაგება დაიწყეს (იოანე 10:16). როგორ გამეფდა იეჰოვა? მან კიდევ ერთხელ ცხადყო თავისი მეფობა 1914 წელს, როდესაც თავისი ძე, იესო ქრისტე, ახლად დამყარებულ ზეციერ სამეფოში გაამეფა. იეჰოვამ კვლავ ცხადყო თავისი მეფობა 1919 წელს, როდესაც „ღვთის ისრაელი“ დიდი ბაბილონიდან გაათავისუფლა (გალატელთა 6:16; ფსალმუნი 46:9; გამოცხადება 11:15, 17; 19:6).
„გაისმა ხმა შენი გუშაგების“
15. ვინ არიან „გუშაგები“, რომლებიც ხმას უწევენ ძვ. წ. 537 წელს?
15 მოჰყვება თუ არა გამოხმაურება შეძახილს: „გამეფდა შენი ღმერთი!“? დიახ. ესაია წერს: «აჰა, გაისმა ხმა შენი დარაჯების [„გუშაგების“, აქ]! ერთად აუწიეს ხმას და ყიჟინებენ, რადგან თვალდათვალ ხედავენ, რომ ბრუნდება სიონზე [„დაინახავენ, კვლავ რომ შეკრებს სიონს“, აქ] უფალი» (ესაია 52:8). ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმში არავითარი გუშაგი არ არის დაყენებული დაბრუნებული ტყვეების მისაგებებლად. ქალაქი 70 წელია, რაც გაუკაცრიელებულია (იერემია 25:11, 12). ასე რომ, „გუშაგები“, რომლებიც ხმას უწევენ, ის ისრაელები უნდა იყვნენ, რომლებიც სიონის შეკრების შესახებ ახალ ამბავს სხვებზე ადრე იგებენ და პასუხისმგებლები ხდებიან, ეს ამბავი სიონის სხვა შვილებსაც გადასცენ. როდესაც გუშაგები ხედავენ, რომ ძვ. წ. 539 წელს იეჰოვა ბაბილონს კიროსს უგდებს ხელში, ისინი დარწმუნებული არიან, რომ იეჰოვა გაათავისუფლებს თავის ხალხს. გუშაგები ყიჟინებენ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ეხმაურებიან მათ, და სხვებსაც აუწყებენ მათთან ერთად კეთილ ცნობას.
16. ვის ხედავენ „თვალდათვალ“ გუშაგები და რა გაგებით?
16 ფხიზელი გუშაგები უახლოეს, პირად ურთიერთობას ამყარებენ იეჰოვასთან, თითქოს „თვალდათვალ“, პირისპირ, ხედავენ მას (რიცხვნი 14:14). იეჰოვასთან და ერთმანეთთან უახლოესი ურთიერთობა ადასტურებს მათ ერთობას და ცხადყოფს, რომ ისინი სასიხარულო ცნობას აუწყებენ (1 კორინთელთა 1:10).
17, 18. ა) როგორ უწევს ხმას თანამედროვე გუშაგის კლასი? ბ) რა გაგებით მოუწოდებს ხალხს ერთხმად გუშაგის კლასი?
17 წინასწარმეტყველების თანამედროვე შესრულებისას გუშაგის კლასი — „ერთგული და გონიერი მონა“ — ხმას უწევს არა მხოლოდ ღვთის ხილულ ორგანიზაციაში მყოფთათვის, არამედ მათთვისაც, რომლებიც მის გარეთ არიან (მათე 24:45—47). 1919 წელს ხმა ცხებულთა დარჩენილი ნაწილის შესაკრებად გაისმა, ხოლო 1922 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიო) ჩატარებულ კონგრესზე ეს ხმა უფრო მეტად გაძლიერდა მოწოდებით: „აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“. 1935 წლიდან ყურადღება ცხვრისმაგვარი ადამიანების, უამრავი ხალხის, შეკრებაზე იქნა გადატანილი (გამოცხადება 7:9, 10). უკანასკნელ წლებში იეჰოვას მეფობის შესახებ ცნობის გაცხადებამ უფრო ფართო მასშტაბები მიიღო. როგორ? 2000 წელს დაახლოებით ექვსი მილიონი ადამიანი 230-ზე მეტ ქვეყანაში აუწყებდა იეჰოვას მეფობის შესახებ. გარდა ამისა, „საგუშაგო კოშკი“, რომელსაც გუშაგის კლასი ძირითად საშუალებად იყენებს, ამ სასიხარულო ცნობას 130-ზე მეტ ენაზე ავრცელებს.
18 ამ ერთობლივ საქმეში მონაწილეობის მიღება თავმდაბლობასა და ძმურ სიყვარულს მოითხოვს. მოწოდებას რომ გამოხმაურება მოჰყვეს, ყველამ უნდა იქადაგოს ერთი და იგივე ცნობა, რომელიც იეჰოვას სახელს, მის მიერ გაღებულ გამოსასყიდს, მის სიბრძნეს, სიყვარულსა და სამეფოს ეხება. რადგანაც მთელი მსოფლიოს ქრისტიანები მხარდამხარ შრომობენ, იეჰოვასთან თითოეულის პირადი ურთიერთობა უფრო მეტად მტკიცდება და ერთხმად გაისმის სასიხარულო ცნობა.
19. ა) როგორ ხარობს „იერუსალიმის ნაოხარი“? ბ) რა გაგებით „გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი“?
19 როდესაც ღვთის ხალხი ყიჟინებს, მათი ადგილ-სამყოფელიც სასიხარულო ელფერს იღებს. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „იყიჟინეთ ერთად, იერუსალიმის ნაოხარნო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი. გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი ყველა ხალხის წინაშე და იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა“ (ესაია 52:9, 10). ბაბილონიდან ტყვეების დაბრუნების შემდეგ გაუკაცრიელებული იერუსალიმის მოღუშული მიდამოები ხარობს, რადგან ახლა იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაა შესაძლებელი (ესაია 35:1, 2). ცხადია, ეს იეჰოვას ხელის ნამოქმედარია. მან „გაიშიშვლა... თავისი წმიდა მკლავი“, თითქოს მკლავები დაიკაპიწა თავისი ხალხის სახსნელად (პირველი ეზრა 1:2, 3).
20. რა იყო და რა იქნება იმის შედეგი, რომ იეჰოვამ გაიშიშვლა თავისი წმინდა მკლავი ამ „უკანასკნელ დღეებში“?
20 ამ „უკანასკნელ დღეებში“ იეჰოვამ თავისი წმინდა მკლავი დაიკაპიწა, რათა გამოეცოცხლებინა ცხებულთა დარჩენილი ნაწილი, რომლებიც წიგნ „გამოცხადებაში“ „ორ მოწმედ“ არიან წარმოდგენილი (2 ტიმოთე 3:1; გამოცხადება 11:3, 7—13, სსგ). 1919 წლიდან მათ სულიერი სამოთხე დაიმკვიდრეს — სულიერი ადგილ-სამყოფელი, სადაც მათთან ერთად მილიონობით მათი თანამსახური, სხვა ცხვრებიც, არიან. საბოლოოდ კი იეჰოვა გაიშიშვლებს თავის წმინდა მკლავს, როდესაც თავის ხალხს „არმაგედონში“ გადაარჩენს (გამოცხადება 16:14, 16). ამის შემდეგ „იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა“.
აუცილებელი მოთხოვნა
21. ა) რა მოეთხოვებათ „უფლის საჭურჭლის მტვირთველთ“? ბ) რატომ არ სჭირდებათ „ფაცაფუცი“ ბაბილონიდან გამოსულ იუდაელებს?
21 ბაბილონიდან იერუსალიმში დასაბრუნებლად გამოსულმა ხალხმა ერთი მოთხოვნა უნდა შეასრულოს. ესაია წერს: „წამოდით, წამოდით, გამოდით მანდედან! უწმიდურს ნუ მიეკარებით. გამოდით მისგან! განიწმიდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო! რადგან ფაცაფუცით არ გამოხვალთ და სირბილით არ ივლით, რადგან უფალი წაგიძღვებათ და ისრაელის ღმერთი გამოგყვებათ უკან“ (ესაია 52:11, 12). სამშობლოსკენ მიმავალმა ისრაელებმა ბაბილონში უნდა დატოვონ ყოველივე, რაც ბაბილონელთა ცრუთაყვანისმცემლობით არის დაბინძურებული. ისინი იეჰოვას საჭურჭლეს ატარებენ, რომელიც ბაბილონში იერუსალიმის ტაძრიდან იყო გაზიდული, ამიტომაც წმინდები უნდა იყვნენ არა მხოლოდ გარეგნულად, ცერემონიულად, არამედ გულითაც (მეოთხე მეფეთა 24:11—13; პირველი ეზრა 1:7). გარდა ამისა, მათ წინ იეჰოვა მიუძღვით, ამიტომაც არ უნდა ფაციფუცობდნენ და არ უნდა გარბოდნენ თავის საშველად, თითქოს სისხლმოწყურებული მდევარი მისდევდეთ ფეხდაფეხ. ისრაელის ღმერთი დამცველად მიჰყვება მათ უკან (პირველი ეზრა 8:21—23).
22. როგორ აღნიშნა პავლემ, თუ რამდენად აუცილებელია სიწმინდე ცხებულ ქრისტიანთათვის?
22 სიწმინდის შენარჩუნების შესახებ ესაიას სიტყვები, ძირითადად, „ზენა იერუსალიმის“ შთამომავლებზე სრულდება. როდესაც პავლემ კორინთელ ქრისტიანებს შეაგონა, არ შებმულიყვნენ უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად, მან ესაიას 52:11-ის სიტყვები მოიყვანა: „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით! ამბობს უფალი. უწმიდურს ნუ მიეკარებით“ (2 კორინთელთა 6:14—17). ბაბილონიდან სამშობლოში მიმავალი ისრაელების მსგავსად, ქრისტიანები სრულიად უნდა განიწმინდონ ბაბილონური ცრუთაყვანისმცემლობისგან.
23. როგორ ცდილობენ დღეს იეჰოვას მსახურები სიწმინდის შენარჩუნებას?
23 ეს სიტყვები განსაკუთრებულად შეეხო იესოს ცხებულ მიმდევრებს, რომლებმაც 1919 წელს თავი დააღწიეს დიდ ბაბილონს. ისინი თანდათანობით გათავისუფლდნენ ცრუთაყვანისმცემლობის ყოველგვარი გადმონაშთისგან (ესაია 8:19, 20; რომაელთა 15:4). მათ აგრეთვე უკეთ დაინახეს ზნეობრივი სიწმინდის აუცილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეები ყოველთვის მაღალზნეობრივ ნორმებს ინარჩუნებდნენ, ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ 1952 წელს მოცემული იყო სტატიები, სადაც ხაზგასმული იყო უზნეოთა დასჯის აუცილებლობა, რათა შენარჩუნებულიყო კრების სიწმინდე. ასეთი ზომები თავად ცოდვის ჩამდენსაც ეხმარება გულწრფელი მონანიების აუცილებლობის დანახვაში (1 კორინთელთა 5:6, 7, 9—13; 2 კორინთელთა 7:8—10; 2 იოანე 10, 11).
24. ა) რა არის „უფლის საჭურჭლე“ დღეს? ბ) რატომ შეუძლიათ ქრისტიანებს დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა ივლის, როგორც მათ წინ, ისე მათ უკან?
24 ცხებულ ქრისტიანებსა და უამრავ ხალხს ანუ სხვა ცხვრებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, არ მიეკარონ არაფერს, რაც სულიერი თვალსაზრისით უწმინდურია. ასეთი სიწმინდე უფლებას აძლევს მათ, ატარონ „უფლის საჭურჭლე“, რითაც ის ძვირფასი საშუალებებია წარმოდგენილი, რომლებითაც ღმერთი უზრუნველყოფს მათ კარდაკარ წმინდა მსახურებისთვის, ბიბლიის შესწავლებისა და ქრისტიანული მსახურების სხვა სფეროებისთვის. ღვთის ხალხს, რომელიც დღეს სიწმინდეს იცავს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იეჰოვა ივლის როგორც მათ წინ, ისე მათ უკან. ღვთის წმინდა ხალხს უამრავი მიზეზის გამო შეუძლია ‘იყიჟინოს ერთად’!
[სქოლიო]
a იხილეთ ამ წიგნის მე-15 თავი, სადაც განხილულია „ზენა იერუსალიმისა“ და მისი მიწიერი, ცხებული შვილების ურთიერთობა.
[სურათი 183 გვერდზე]
სიონი ტყვეობიდან გათავისუფლდება.
[სურათი 186 გვერდზე]
1919 წლიდან „მთებზე“ კვლავ გამოჩნდა ‘მშვენიერი ფერხნი’.
[სურათი 189 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები ერთხმად ლაპარაკობენ.
[სურათი 192 გვერდზე]
იეჰოვას „საჭურჭლის მტვირთავები“ ზნეობრივად და სულიერად სუფთა უნდა იყვნენ.