თავი მეთხუთმეტე
უშვილო დედაკაცი ხარობს
1. რატომ ნატრობდა სარა შვილებს და რა გადაიტანა მან?
სარა ნატრობდა შვილებს. სამწუხაროდ, ის უშვილო იყო, რაც ძლიერ სტკენდა გულს. მის დროს უშვილობა სამარცხვინოდ ითვლებოდა, მაგრამ მხოლოდ ეს როდი იყო სარას გულისტკივილის მიზეზი. მას ღვთის მიერ მისი ქმრისთვის მიცემული აღთქმის შესრულების ხილვა სურდა. აბრაამის თესლში უნდა კურთხეულიყო მიწიერთა მთელი მოდგმა (დაბადება 12:1—3). მაგრამ ღვთის მიერ ამ აღთქმის დადებიდან ათწლეულების გასვლის შემდეგაც კი არ ჰყავდა მათ შვილი. სარა უშვილოდ დაბერდა. ზოგჯერ ის შეიძლება ფიქრობდა კიდეც, ფუჭი ხომ არ იყო მისი იმედები. ერთ დღესაც მისი სასოწარკვეთილება სიხარულმა შეცვალა!
2. რით არის ჩვენთვის საინტერესო ესაიას 54-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველება?
2 სარას გასაჭირი ესაიას 54-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველების გაგებაში გვეხმარება. მასში იერუსალიმი უშვილო დედაკაცად არის მოხსენიებული, რომელიც მოგვიანებით მრავალი შვილის შეძენით ხარობს. იეჰოვა ცოლად იხსენიებს ძველ დროს მცხოვრებ თავის ხალხს, რითაც მათდამი ნაზ გრძნობებს ავლენს. გარდა ამისა, ესაიას წინასწარმეტყველების ეს თავი გვეხმარება, გავერკვეთ მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც ბიბლიაში მოხსენიებულ „დაფარულ საიდუმლოს“ მიეკუთვნება (რომაელთა 14:24, 25). ამ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „დედაკაცის“ ვინაობა და მისი ამბავი ნათელს ჰფენს დღევანდელ წმინდა თაყვანისმცემლობას.
„დედაკაცი“ ამოცნობილია
3. სიხარულის რა მიზეზი ექნება უშვილო „დედაკაცს“?
3 ესაიას 54-ე თავი სასიხარულო ცნობით იწყება: „გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი“ (ესაია 54:1). რა გრძნობით უნდა წარმოთქვამდეს ესაია ამ სიტყვებს! რა დიდი ნუგეში იქნება ბაბილონში მყოფი ტყვეებისთვის ამ წინასწარმეტყველების შესრულება! იმ დროს იერუსალიმი კვლავაც უკაცრიელი იქნება. ადამიანის თვალსაზრისით, არავითარი იმედი არ იარსებებს, რომ ის ოდესმე კვლავ დასახლდება, ისევე როგორც უშვილო ქალს არ აქვს, ჩვეულებრივ, სიბერეში შვილის შეძენის იმედი. მაგრამ ეს „დედაკაცი“ კურთხეულ იქნება მომავალში — მას შვილები შეეძინება. იერუსალიმი უზომოდ გაიხარებს. ის კვლავ გაივსება „შვილებით“, ანუ მცხოვრებლებით.
4. ა) როგორ გვეხმარება მოციქული პავლე იმის დანახვაში, რომ ესაიას 54-ე თავი ძვ. წ. 537 წლის შემდეგ უფრო მნიშვნელოვნად სრულდება? ბ) რა არის „ზენა იერუსალიმი“?
4 ესაიას წინასწარმეტყველება განმეორებითაც შესრულდება, თუმცა ესაიამ შეიძლება არაფერი იცის ამის შესახებ. მოციქული პავლე ესაიას წინასწარმეტყველების 54-ე თავიდან ციტირებს და ხსნის, რომ მასში მოხსენიებული დედაკაცით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ არის წარმოდგენილი, ვიდრე მიწიერი ქალაქი იერუსალიმი. ის წერს: „ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის ყველა ჩვენგანის დედაა“ (გალატელთა 4:26). რა არის ეს „ზენა იერუსალიმი“? ცხადია, ის არ არის აღთქმულ მიწაზე არსებული იერუსალიმი, რომელიც არ წარმოადგენს „ზენა“, ანუ ზეციერი სამყაროს ქალაქს. „ზენა იერუსალიმი“ ღვთის ზეციერი „დედაკაცია“ — ძლიერი სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი მისი ორგანიზაცია.
5. გალატელთა 4:22—31-ში მოცემულ წინასწარმეტყველურ სურათში ვინ არის წარმოდგენილი ა) აბრაამით? ბ) სარათი? გ) ისაკით? დ) აგარით? ე) ისმაილით?
5 მაგრამ როგორ შეიძლება იეჰოვას ორი სიმბოლური დედაკაცი ჰყავდეს — როგორც ზეციერი, ისე მიწიერი? არის თუ არა აქ რაიმე წინააღმდეგობა? სრულიადაც არა. მოციქული პავლე გვიხსნის, რომ ამას ნათელს ჰფენს აბრაამის ოჯახით წარმოდგენილი წინასწარმეტყველური სურათი (გალატელთა 4:22—31; იხილეთ „აბრაამის ოჯახი — წინასწარმეტყველური სურათი“, გვერდი 218). სარა, „თავისუფალი“ ქალი და აბრაამის მეუღლე, წარმოადგენს სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ იეჰოვას ორგანიზაციას, რომელიც ცოლს არის შედარებული. აგარით კი, რომელიც მხევალი ქალი და აბრაამის მეორე ცოლი იყო, მიწიერი იერუსალიმია წარმოდგენილი.
6. რა გაგებით იყო ღვთის ზეციერი ორგანიზაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნაყოფო?
6 ამ ყოველივეს მხედველობაში მიღებით ვხედავთ, თუ რა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული ესაიას 54:1-ში. ათწლეულების განმავლობაში უშვილო სარას 90 წლის ასაკში ისაკი შეეძინა. მსგავსად ამისა, იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში უნაყოფო იყო. მაგრამ იეჰოვას ჯერ კიდევ ედემში ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები თავისი „დედაკაცის“ მომავალი „თესლის“ შესახებ (დაბადება 3:15). 2000 წელზე მეტი ხნის შემდეგ იეჰოვამ აღთქმულ თესლთან დაკავშირებით კავშირი შეკრა აბრაამთან. მაგრამ ღვთის ზეციერ „დედაკაცს“ კიდევ მრავალი საუკუნე უნდა მოეცადა, ვიდრე თავის თესლს იხილავდა. მაგრამ დადგა დრო, როდესაც ერთ დროს „უშვილო დედაკაცმა“ ხორციელ ისრაელზე მეტი შვილი შეიძინა. უშვილო დედაკაცის მაგალითი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ ნატრობდნენ ასე ძლიერ ანგელოზები ნაწინასწარმეტყველები თესლის მოსვლას (1 პეტრე 1:12). როდის მოხდა ეს?
7. როდის ჰქონდა „ზენა იერუსალიმს“ სიხარულის მიზეზი, რომლის შესახებაც ესაიას 54:1-შია ნაწინასწარმეტყველები და რატომ პასუხობთ ასე?
7 დედამიწაზე იესოს დაბადება ნამდვილად სასიხარული იყო ანგელოზებისთვის (ლუკა 2:9—14). მაგრამ ეს არ ყოფილა ესაიას 54:1-ში ნაწინასწარმეტყველები მოვლენა. იესო მხოლოდ ახ. წ. 29 წელს სულიწმიდით შობის შემდეგ გახდა „ზენა იერუსალიმის“ სულიერი ძე, თავად ღვთის მიერ საყოველთაოდ აღიარებული „საყვარელი ძე“ (მარკოზი 1:10, 11; ებრაელთა 1:5; 5:4, 5). სწორედ მაშინ ჰქონდა ღვთის ზეციერ „დედაკაცს“ სიხარულის მიზეზი, რითაც ესაიას 54:1 შესრულდა. საბოლოოდ, მან აღთქმული თესლი, მესია, წარმოშვა! მისი მრავალსაუკუნოვანი უნაყოფობა წარსულს ჩაჰბარდა. მაგრამ მისი სიხარული ამით არ დასრულებულა.
უშვილო დედაკაცი უამრავ ძეს იძენს
8. რატომ ჰქონდა სიხარულის მიზეზი ღვთის ზეციერ „დედაკაცს“ აღთქმული თესლის მოსვლის შემდეგ?
8 იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ღვთის ზეციერმა „დედაკაცმა“ სიხარულით მიიღო საყვარელი ძე, როგორც „პირმშო მკვდართაგან“ (კოლასელთა 1:18). ამის შემდეგ მას ბევრი სულიერი ძე შეეძინა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესოს დაახლოებით 120 მოწაფე იქნა სულიწმიდით ცხებული, რის საშუალებითაც ისინი იესო ქრისტეს თანამემკვიდრეებად იქნენ აღიარებული. მოგვიანებით მათ კიდევ 3000 შეემატა (იოანე 1:12; საქმეები 1:13—15; 2:1—4, 41; რომაელთა 8:14—16). ამ ძეთა რიცხვი თანდათანობით გაიზარდა. ქრისტიანობაში პირველი განდგომილების გამოჩენიდან რამდენიმე საუკუნის მანძილზე ზრდა თითქმის შეჩერდა. მაგრამ მდგომარეობა უნდა შეცვლილიყო XX საუკუნეში.
9, 10. რა მნიშვნელობა ექნებოდა სიტყვებს „გააფართოვე შენი კარვის ადგილი“ ძველ დროში კარავში მცხოვრები ქალისთვის და რატომ იქნებოდა ეს სასიხარულო პერიოდი მისთვის?
9 ესაია ამ მნიშვნელოვანი ზრდის პერიოდის შესახებ განაგრძობს წინასწარმეტყველებას: „გააფართოვე შენი კარვის ადგილი და გადაჭიმონ შენი ჩარდახების გადასახურავნი. ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი თოკები და გაამაგრე შენი პალოები. რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი, შენი მოდგმა ხალხებს დაიმკვიდრებს და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებენ. ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები; ნუ დაიმალები, რადგან არ იქნები შეგინებული, რადგან დაივიწყებ ყრმობისდროინდელ სირცხვილს და შენი ქვრივობის მოყივნებას აღარ გაიხსენებ“ (ესაია 54:2—4).
10 აქ იერუსალიმი, სარას მსგავსად, კარვებში მცხოვრებ მეუღლედ და დედად არის მოხსენიებული. ოჯახის ზრდით კურთხეული ასეთი დედისთვის დროა, სახლის გაფართოებაზე იფიქროს. მას უფრო გრძელი კარვის გადასახურავისა და თოკების გადაჭიმვა, აგრეთვე პალოების გამაგრება სჭირდება. ამ სასიხარულო სამუშაოს შესრულებისას შეიძლება მალე დაავიწყდეს ის წლები, როცა მთელი გულით ნატრობდა შვილებს და წუხდა შთამომავლობაზე.
11. ა) როგორ იქნა კურთხეული ღვთის ზეციერი „დედაკაცი“ 1914 წელს (იხილეთ სქოლიო). ბ) როგორ იქნენ კურთხეული ცხებული ქრისტიანები 1919 წლიდან?
11 ასეთი განახლებით მიწიერი იერუსალიმი ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იყო კურთხეული. „ზენა იერუსალიმი“ უფრო მეტად იქნა კურთხეულიa. 1919 წლიდან მისი ცხებული „მოდგმა“ განახლებული სულიერი მდგომარეობით ხარობს (ესაია 61:4; 66:8). ამ მოდგმამ ‘ხალხები დაიმკვიდრა’ ანუ მრავალ ქვეყანაში დაიწყო იმ ადამიანთა ძებნა, რომლებიც მათ სულიერ ოჯახს შეუერთდებოდნენ. ამის შედეგად საოცარი სისწრაფით მოხდა ცხებულ ძეთა შეკრება. მათი სრული რიცხვი, 144000, როგორც ჩანს, XX საუკუნის 30-იან წლებში შეივსო (გამოცხადება 14:3). ამ დროიდან მოყოლებული სამქადაგებლო საქმის ძირითადი მიზანი ცხებულთა შეკრება აღარ ყოფილა. მაგრამ ცხებულთა ზრდა სრულიად არ შემწყდარა.
12. ცხებულთა გარდა ვისი შეკრება მიმდინარეობს XX საუკუნის 30-იანი წლებიდან?
12 იესომ თავად იწინასწარმეტყველა, რომ ცხებული ძმებისგან შემდგარი „მცირე სამწყსოს“ გარდა „სხვა ცხვრებსაც“ მოიყვანდა ჭეშმარიტ ქრისტიანთა ფარეხში (ლუკა 12:32; იოანე 10:16). მიუხედავად იმისა, რომ „ზენა იერუსალიმის“ ძეები არ არიან, ცხებულთა ერის ეს ერთგული თანამშრომელნი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რომლის შესახებაც დიდი ხნის წინათ იყო ნაწინასწარმეტყველები (ზაქარია 8:23). XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე „უამრავი ხალხის“ შეკრებამ სასწაულებრივად გააფართოვა ქრისტიანული კრება (გამოცხადება 7:9, 10). დღეს ეს „უამრავი ხალხი“ მილიონებს ითვლის. ასეთი ზრდა ახალ სამეფო დარბაზებზე, საკონგრესო დარბაზებსა და საზოგადოების ფილიალების შენობებზე მოთხოვნას ზრდის. ესაიას სიტყვები ნამდვილად დროულია. რა დიდი უპირატესობაა ამ ნაწინასწარმეტყველებ გაფართოებაში მონაწილეობა!
შვილების მოყვარული დედა
13, 14. ა) ერთი შეხედვით, რა სირთულეს ვხვდებით ღვთის ზეციერი „დედაკაცის“ მიმართ გამოყენებულ ზოგიერთ სიტყვასთან დაკავშირებით? ბ) რას ვიგებთ ღვთის მიერ მოყვანილი ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებული თვალსაჩინო მაგალითიდან?
13 როგორც დავინახეთ, წინასწარმეტყველების დიდი მნიშვნელობით შესრულებისას მასში მოხსენიებული „დედაკაცი“ იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას წარმოადგენს. მაგრამ ესაიას 54:4-ის წაკითხვის შემდეგ შეიძლება დაგვებადოს კითხვა, თუ როგორ იქნა შერცხვენილი და შეურაცხყოფილი სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი ეს ორგანიზაცია. მომდევნო მუხლებში ნათქვამია, რომ ღვთის „დედაკაცი“ მოძულებული და დაჩაგრული იქნება და მას თავს დაესხმებიან. ის ღვთის რისხვასაც კი გამოიწვევს. როგორ შეიძლება ეს ყოველივე ითქვას ღვთის სრულყოფილ სულიერ ქმნილებებზე, რომლებსაც არასდროს შეუცოდავთ? პასუხს ოჯახის მაგალითიდან მივიღებთ.
14 იეჰოვა ოჯახურ — ქმრისა და ცოლის, დედისა და შვილის — ურთიერთობებს იყენებს მნიშვნელოვანი სულიერი ჭეშმარიტებების გადმოსაცემ თვალსაჩინო მაგალითად, რადგან ასეთი სიმბოლოები მრავლისმთქმელია ადამიანებისთვის. ჩვენი ოჯახური მდგომარეობისა და გამოცდილების მიუხედავად, ალბათ, ყველას გვაქვს წარმოდგენა, თუ როგორი უნდა იყოს ცოლქმრობა ან მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა. რა შესანიშნავად გვიჩვენებს იეჰოვა, რა მჭიდრო დამოკიდებულება აქვს თავის მრავალრიცხოვან სულიერ მსახურებთან და როგორ ენდობა მათ! რა შთამბეჭდავად გვასწავლის, რომ მისი ზეციერი ორგანიზაცია ზრუნავს დედამიწაზე მყოფ თავის სულითცხებულ შთამომავლებზე! მიწიერ მსახურთა ტანჯვისას ერთგული ზეციერი მსახურებიც — „ზენა იერუსალიმის“ მკვიდრნიც — იტანჯებიან. ამიტომაც თქვა იესომ: „რაც-კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე [სულითცხებულ] ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“ (მათე 25:40).
15, 16. როდის სრულდება ესაიას 54:5, 6 პირველად და როდის სრულდება უფრო დიდი მნიშვნელობით?
15 ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ღვთის ზეციერი „დედაკაცის“ შესახებ ნათქვამი სიტყვების უმრავლესობა მის მიწიერ შვილებს ეხება. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიტყვებს: „რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად წოდებული. რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს, გაშვებულს და სულგამწარებულს, როგორც ყრმობისდროინდელ ცოლს, შეძულებულს, ამბობს შენი ღმერთი“ (ესაია 54:5, 6).
16 ვინ არის აქ მოხსენიებული ცოლი? წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას ის იერუსალიმია, რომლითაც ღვთის ხალხია წარმოდგენილი. ბაბილონის 70-წლიანი ტყვეობის პერიოდში ხალხი იფიქრებს, რომ იეჰოვასგან შეძულებული და სამუდამოდ მიტოვებული არიან. წინასწარმეტყველების უფრო მნიშვნელოვანი შესრულებისას ეს სიტყვები ეხება „ზენა იერუსალიმსა“ და მისგან „თესლის“ მოსვლას, რითაც დაბადების 3:15 შესრულდა.
მცირე ხნით დასჯა და მარადიული კურთხევები
17. ა) როგორ წაილეკება ღვთის რისხვის „წარღვნით“ მიწიერი იერუსალიმი? ბ) რა „წარღვნა“ დაატყდა „ზენა იერუსალიმის“ ძეებს?
17 წინასწარმეტყველება გრძელდება: «მცირე ხნით მყავდი მიტოვებული და დიდი შებრალებით შეგკრებ. ერთწამს რისხვით [„რისხვის წარღვნით“, აქ] დავიფარე სახე შენგან და საუკუნო წყალობით შეგიბრალებ, ამბობს შენი გამომსყიდველი უფალი» (ესაია 54:7, 8). მიწიერი იერუსალიმი ღვთის რისხვის „წარღვნით“ ილეკება, როდესაც ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელები ესევიან. მისი 70-წლიანი ტყვეობა ხანგრძლივი პერიოდი ჩანს. მიუხედავად ამისა, ასეთი განსაცდელი „ერთწამს“ გრძელდება, თუ შევადარებთ იმ ადამიანთა მომავალ მარადიულ კურთხევებს, რომლებიც დადებითად რეაგირებენ სასჯელზე. აგრეთვე „ზენა იერუსალიმის“ ცხებულ ძეებსაც თითქოს ღვთის რისხვის „წარღვნა“ დაატყდა, როდესაც იეჰოვამ დაუშვა, რომ მათ თავს დასხმოდნენ პოლიტიკური ელემენტები, რისი ინიციატორიც დიდი ბაბილონი იყო. მაგრამ მოგვიანებით რამდენად ხანმოკლე აღმოჩნდა ეს სასჯელი სულიერი კურთხევების ხანასთან შედარებით, რომელიც 1919 წლიდან დაიწყო!
18. რა მნიშვნელოვან პრინციპს ვხედავთ თავისი ხალხისადმი იეჰოვას განრისხებიდან, და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან პირადად ჩვენზე?
18 ეს მუხლები კიდევ ერთ უდიდეს ჭეშმარიტებას გვიმჟღავნებს: ღვთის რისხვა ხანმოკლეა, ხოლო მისი წყალობა — მარადიული. მისი რისხვა თავს ატყდება შემცოდველებს, მაგრამ ის ყოველთვის ზომიერი და მიზანდასახულია. თუ ვიღებთ იეჰოვას სასჯელს, მისი რისხვა „ერთწამს“ გრძელდება. მას „დიდი შებრალება“ — პატიება და წყალობა — ცვლის. ეს ყოველივე „საუკუნოდ“ გაგრძელდება. თუ შევცოდავთ, აუცილებლად უნდა მოვინანიოთ და ღვთის წინაშე გამოვისყიდოთ დანაშაული. თუ ცოდვა სერიოზულია, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ კრების უხუცესებს (იაკობი 5:14). შესაძლებელია, მკაცრი ზომების მიღება გახდეს საჭირო, რაც ნამდვილად რთული იქნება ჩვენთვის (ებრაელთა 12:11). მაგრამ სასჯელი ხანმოკლე აღმოჩნდება იმ მარადიულ კურთხევებთან შედარებით, რომლებსაც იეჰოვას მიერ მიტევების შემდეგ მივიღებთ!
19, 20. ა) რა არის ცისარტყელას კავშირი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ბაბილონში მყოფი ტყვეებისთვის? ბ) რით ანუგეშებს დღეს მცხოვრებ ქრისტიანებს „სამშვიდობო კავშირი“?
19 იეჰოვა ანუგეშებს თავის ხალხს: «რადგან ეს ნოეს წყლებია ჩემთვის: როგორც დავიფიცე, რომ აღარ მოვავლენდი ნოეს წყლებს ქვეყანაზე, ასე ვფიცავ, რომ აღარ განვრისხდები შენზე და აღარ დაგემუქრები. რადგან მთები შეიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი შენდამი წყალობა კი არ შეიძვრის და ჩემი სამშვიდობო აღთქმა [„კავშირი“, აქ] არ შეირყევა, ამბობს შენი მწყალობელი უფალი» (ესაია 54:9, 10). წარღვნის შემდეგ ღმერთმა ნოესთან და ყველა ცოცხალ არსებასთან შეკრა კავშირი, რომელსაც ზოგჯერ ცისარტყელას კავშირს უწოდებენ. იეჰოვამ აღთქმა დადო, რომ აღარასოდეს გაანადგურებდა დედამიწას გლობალური წარღვნით (დაბადება 9:8—17). რა მნიშვნელობა აქვს ამას ესაიასა და მისი ხალხისთვის?
20 მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ისინი ბაბილონის 70-წლიანი ტყვეობით მხოლოდ ერთხელ დაისჯებიან. ეს აღარასოდეს გამეორდება. ტყვეობის შემდეგ ღვთის „სამშვიდობო კავშირი“ ამოქმედდება. ებრაული სიტყვა „მშვიდობა“ მხოლოდ ომის არარსებობას კი არ გულისხმობს, არამედ ყოველგვარ კეთილდღეობასაც. თავის მხრივ, ღმერთმა მარადიულად დადო ეს კავშირი. მთები და ბორცვები უფრო მალე გაქრებიან, ვიდრე ღვთის წყალობა თავისი ერთგული ხალხის მიმართ. სამწუხაროდ, მისი მიწიერი ერი დაარღვევს ამ კავშირის პირობას და მშვიდობას თავად მოუღებს ბოლოს მესიის უარყოფით. „ზენა იერუსალიმის“ ძეები კი სრულიად სხვაგვარად მოიქცევიან. სასჯელის მძიმე პერიოდის შემდეგ ისინი ღვთის მფარველობით იქნებიან ნუგეშცემული.
ღვთის ხალხის სულიერი უსაფრთხოება
21, 22. ა) რატომ არის „ზენა იერუსალიმი“ „დაჩაგრული“ და „ქარნაცემი“? ბ) რაზე მეტყველებს ღვთის ზეციერი „დედაკაცის“ კურთხეული მდგომარეობა მის მიწიერ „მოდგმასთან“ დაკავშირებით?
21 იეჰოვა კვლავ თავისი ერთგული ხალხის უსაფრთხოებას წინასწარმეტყველებს: „დაჩაგრულო, ქარნაცემო, უნუგეშებელო! აჰა, შემოგიშენებ კედლებს ძვირფასი ქვებით და საფუძვლად საფირონს დაგიდებ. ლალის ქონგურებს და ელვარე ქვის კარიბჭეებს გაგიკეთებ, მთელი გალავანი პატიოსანი ქვებისგან გექნება. შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა. სიმართლით განმტკიცდები, შორს იქნები გასაჭირისგან, რადგან არაფრის შეგეშინდება, და საფრთხისაგან, რადგან არ მოგეკარება. კი მოგიხდებიან, მაგრამ არა ჩემგნით; შენი მომხდური შენს წინაშე დაეცემა“ (ესაია 54:11—15).
22 ცხადია, იეჰოვას „დედაკაცი“ სულიერ სამყაროში არასდროს ყოფილა „დაჩაგრული“ და „ქარნაცემი“. მაგრამ ის განიცდიდა, როდესაც დედამიწაზე მისი ცხებული „მოდგმა“ განსაცდელში იყო, განსაკუთრებით კი 1918—1919 წლებში მათი სულიერი ტყვეობის დროს. აგრეთვე პირიქით, როდესაც ზეციერი „დედაკაცი“ განდიდებულია, მისი მოდგმაც ასეთ მდგომარეობაშია. ამიტომაც განვიხილოთ, თუ რა შთამბეჭდავად არის აღწერილი „ზენა იერუსალიმი“. თვლებით მოჭედილი კარიბჭეები, ირგვლივ „ძვირფასი ქვები“; საძირკველი და გალავანიც კი, ერთი ნაშრომის თანახმად, მის „მშვენიერებაზე, დიდებულებაზე, სიწმინდეზე, სიძლიერესა და სიმტკიცეზე“ მეტყველებს. რა განაპირობებს ცხებული ქრისტიანების ასეთ უსაფრთხოებასა და კურთხევას?
23. ა) რა გავლენას ახდენს ცხებულ ქრისტიანებზე ‘უფლის მიერ დამოძღვრა’ უკანასკნელ ჟამს? ბ) რა გაგებით არის იეჰოვას ხალხი ‘პატიოსანი ქვების გალავნით’ კურთხეული?
23 პასუხი 54-ე თავის მე-13 მუხლშია მოცემული — ისინი „უფლის დამოძღვრილნი იქნებიან“. თავად იესომ გამოიყენა ამ მუხლის სიტყვები თავისი ცხებული მიმდევრების მიმართ (იოანე 6:45). დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ ჟამს“ ცხებულები ჭეშმარიტი შემეცნებითა და სულიერი გაგებით იქნებოდნენ კურთხეული (დანიელი 12:3, 4). მათ ეს გაგება ეხმარება ისტორიაში უდიდესი საგანმანათლებლო საქმიანობის ხელმძღვანელობაში, რომლის საშუალებითაც მთელ დედამიწაზე ავრცელებენ ღვთის სწავლებას (მათე 24:14). გარდა ამისა, ამ სულიერი გაგების წყალობით დაინახეს ჭეშმარიტ და ცრუ რელიგიას შორის განსხვავება. ესაიას 54:12-ში ‘პატიოსანი ქვების გალავანია’ მოხსენიებული. 1919 წლიდან იეჰოვამ უკეთ გაარკვია ცხებულები გალავნის — სულიერი საზღვრების — მნიშვნელობაში და გამოყო ისინი ცრუ რელიგიისგან და ამ უღვთო წუთისოფლისგან (ეზეკიელი 44:23; იოანე 17:14; იაკობი 1:27). ამგვარად, ისინი ღვთის ხალხად იქნენ ამორჩეული (1 პეტრე 2:9).
24. რა შემთხვევაში ვიქნებით იეჰოვას მიერ განსწავლული?
24 ამიტომაც თითოეული უნდა დავფიქრდეთ: ვარ თუ არა იეჰოვას მიერ განსწავლული? ღვთის მიერ ავტომატურად ვერ განვისწავლებით. ამისთვის ძალისხმევა გვჭირდება. თუ რეგულარულად ვკითხულობთ ღვთის სიტყვას, ვფიქრობთ მასზე და მითითებებს ვიღებთ „ერთგული და გონიერი“ მონის მიერ გამოცემული ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის კითხვით, ქრისტიანული კრებებისთვის მომზადებითა და მათზე დასწრებით, ნამდვილად ვიქნებით მისგან დამოძღვრილი (მათე 24:45—47). თუ ვეცდებით ნასწავლის გამოყენებასა და სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებას, ღვთის სწავლება გამოგვყოფს ამ უღვთო წუთისოფლისგან (1 პეტრე 5:8, 9). რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ის ‘ღმერთთან მიახლოებაში’ დაგვეხმარება (იაკობი 1:22—25; 4:8).
25. რას ნიშნავს ღვთის მიერ მშვიდობის აღთქმა დღეს მისი ხალხისთვის?
25 ესაიას წინასწარმეტყველება იმასაც ცხადყოფს, რომ ცხებულები დიდი მშვიდობით იქნებიან კურთხეული. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მათ არავინ დაესხმის თავს? არა, მაგრამ ღმერთი არწმუნებს მათ, რომ თავდამსხმელებს თავად არასდროს აღძრავს მათ წინააღმდეგ და არასდროს დაუშვებს თავდამსხმელთა წარმატებას: „აჰა, მე შევქმენი მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლის მუგუზლებს და ჭედავს იარაღს თავისი ხელობით. მევე შევქმენი დამღუპველი, რომ ანადგუროს. ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება და ყოველ ენას, შენს წინააღმდეგ აღმდგარს სამსჯავროზე, გაამტყუნებ. ესაა წილხვედრი უფლის მორჩილთა და მათი გამართლება ჩემგნით, ამბობს უფალი“ (ესაია 54:16, 17).
26. რატომ არის მანუგეშებელი იმის ცოდნა, რომ იეჰოვა მთელი კაცობრიობის შემოქმედია?
26 ესაიას წინასწარმეტყველების ამ თავში იეჰოვა მეორედ ახსენებს თავის მსახურებს, რომ შემოქმედია. პირველად ის თავის სიმბოლურ ცოლს ეუბნება, რომ მისი „შემქმნელია“. ახლა კი ამბობს, რომ მთელი კაცობრიობის შემოქმედია. მე-16 მუხლში აღწერილია მჭედელი, რომელიც მუგუზლებს უბერავს საომარი იარაღის ჭედვისას, და — მეომარი, ანუ „დამღუპველი, რომ ანადგუროს“. ასეთი ადამიანები შეიძლება შიშს უნერგავენ ხალხს, მაგრამ როგორ უნდა სძლიონ მათ თავიანთ შემოქმედს? ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთისოფელში მრავალი ძლიერი მოწინააღმდეგე თავს ესხმის იეჰოვას ხალხს, საბოლოოდ, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული. რატომ?
27, 28. რაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ დღევანდელი სირთულეებისას და საიდან ვიცით, რომ სატანის თავდასხმები უშედეგო იქნება?
27 ღვთის ხალხსა და სულითა და ჭეშმარიტებით მათ თაყვანისმცემლობაზე გამანადგურებელი თავდასხმის პერიოდმა განვლო (იოანე 4:23, 24). იეჰოვამ დაუშვა, რომ დიდ ბაბილონს ერთხელ იერიში მიეტანა მათზე, რაც დროებით წარმატებული აღმოჩნდა. გარკვეული ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში „ზენა იერუსალიმი“ თავისი მოდგმის დადუმების მოწმე გახდა, როდესაც დედამიწაზე სამქადაგებლო საქმიანობა თითქმის მთლიანად შეწყდა. ეს აღარასდროს გამეორებულა! ახლა ის თავისი შვილების გამო ხარობს, რადგან ისინი სულიერად უძლეველნი არიან (იოანე 16:33; 1 იოანე 5:4). ცხადია, მათთან შესაბრძოლებლად კვლავ და კვლავ გამოიჭედება იარაღი (გამოცხადება 12:17). მაგრამ, როგორც წინათ, ასეთი იარაღით კვლავაც ვერავინ მიაღწევს წარმატებას. სატანას არ გააჩნია იმგვარი იარაღი, რომელიც სძლევს ცხებულებისა და მათი თანამსახურების რწმენასა და ღვთისადმი ერთგულებას. ეს სულიერი მშვიდობა არის „წილხვედრი უფლის მორჩილთა“, ამიტომაც ვერავინ შესძლებს მათთვის ამის წართმევას (ფსალმუნი 117:6; რომაელთა 8:38, 39).
28 დიახ, სატანის წუთისოფელი ვერაფრით შეაჩერებს ღვთისადმი მიძღვნილ მსახურთა საქმესა და მრავალსაუკუნოვან წმინდა თაყვანისმცემლობას. ეს ნამდვილად მანუგეშებელია როგორც „ზენა იერუსალიმის“ შვილებისთვის, ისე უამრავი ხალხისთვის. რაც უფრო მეტს გავიგებთ იეჰოვას ზეციერი ორგანიზაციისა და ღვთის მიწიერი თაყვანისმცემლებისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ, მით უფრო განგვიმტკიცდება რწმენა. ვიდრე მტკიცე რწმენა გვაქვს, სრულიად უსარგებლო აღმოჩნდება სატანის, ჩვენ წინააღმდეგ მომართული, ნებისმიერი იარაღი!
[სქოლიო]
a გამოცხადების 12:1—17-ის თანახმად, ღვთის „დედაკაცი“ კურთხეულ იქნა განსაკუთრებული „შთამომავლით“ — არა პიროვნული სულიერი ძით, არამედ ზეციერი მესიანური სამეფოთი. ეს 1914 წელს მოხდა (იხილეთ „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდები 177—186 [ინგლ.]). ესაიას წინასწარმეტყველება ყურადღებას იმ სიხარულზე ამახვილებს, რომელიც ამ „დედაკაცისთვის“ დედამიწაზე მყოფი ცხებული ძეების ღვთის მიერ კურთხევას მოაქვს.
[ჩარჩო 218, 219 გვერდებზე]
აბრაამის ოჯახი — წინასწარმეტყველური სურათი
მოციქული პავლე გვიხსნის, რომ აბრაამის ოჯახს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა — ის ზეციერ ორგანიზაციასთან და მოსეს რჯულის ქვეშ მყოფ მიწიერ ისრაელ ერთან იეჰოვას ურთიერთობის წინასწარმეტყველურ სურათს ქმნიდა (გალატელთა 4:22—31).
აბრაამი, ოჯახის თავი, იეჰოვა ღმერთს წარმოადგენს. აბრაამი მზად იყო, მსხვერპლად გაეღო საყვარელი ძე ისაკი, რითაც წინასწარმეტყველურად განასახიერა იეჰოვა, რომელმაც კაცობრიობის ცოდვებისთვის საყვარელი ძე გაიღო მსხვერპლად (დაბადება 22:1—13; იოანე 3:16).
სარა ღვთის ზეციერ „ცოლს“, სულიერი არსებებისგან შემდგარ ორგანიზაციას, წარმოადგენს. ეს ზეციერი ორგანიზაცია სათანადოდ არის აღწერილი იეჰოვას ცოლად, რადგან ის მჭიდრო კავშირშია იეჰოვასთან, ემორჩილება მას და მხარს უჭერს მისი განზრახვების განხორციელებას. მას აგრეთვე „ზენა იერუსალიმიც“ ეწოდება (გალატელთა 4:26). ეს „დედაკაცი“ დაბადების 3:15-შია მოხსენიებული და გამოცხადების 12:1—6, 13—17 მუხლებში მოცემულ ხილვაშია აღწერილი.
ისაკი ღვთის დედაკაცის სულიერ თესლს წარმოადგენს. ეს თესლი, ძირითადად, იესო ქრისტეა. მაგრამ მასში ქრისტეს ცხებული ძმებიც შედიან, რომლებიც სულიერ შვილებად არიან აღიარებული და ქრისტეს თანამემკვიდრენი ხდებიან (რომაელთა 8:15—17; გალატელთა 3:16, 29).
აგარი, აბრაამის მეორე ცოლი, და მონა იყო. ის სათანადოდ წარმოადგენს მიწიერ იერუსალიმს, სადაც რჯულის ქვეშ მყოფი თითოეული ადამიანი, მოსეს კანონთა კრებულით ცოდვისა და სიკვდილის მონად იყო მხილებული. პავლე ამბობს, რომ „აგარი არის სინაის მთა არაბეთში“, რადგან იქ შეიკრა რჯულის კავშირი (გალატელთა 3:10, 13; 4:25).
ისმაელი, აგარის ძე, პირველი საუკუნის ებრაელებს, ჯერ კიდე მოსეს რჯულს დამონებულ ისრაელის ძეებს, წარმოადგენს. როგორც ისმაელი დევნიდა ისაკს, ისე დევნიდნენ ის ებრაელები ქრისტიანებს, რომლებიც ფიგურალური სარას, „ზენა იერუსალიმის“, ცხებული ძეები იყვნენ. როგორც აბრაამმა გაუშვა სახლიდან აგარი და ისმაელი, ისე მოიკვეთა იეჰოვამ იერუსალიმი და მისი ურჩი ძეები (მათე 23:37, 38).
[სურათი 220 გვერდზე]
მონათვლისას იესო სულიწმიდით იქნა ცხებული, რის შემდეგაც ესაიას 54:1 უდიდესი მნიშვნელობით შესრულდა.
[სურათი 225 გვერდზე]
იეჰოვამ „ერთწამს“ დაიფარა სახე იერუსალიმისგან.
[სურათები 231 გვერდზე]
განა შეუძლიათ მეომარსა და მჭედელს თავიანთი შემოქმედის ძლევა?