თავი მეოცე
არ დამოკლებულა იეჰოვას ხელი
1. რა მდგომარეობაა იუდაში და რა აინტერესებს ხალხს?
იუდა აცხადებს, რომ იეჰოვასთან კავშირით არის შეკრული. მაგრამ ვითარება მთელ ქვეყანაში სავალალოა. სამართალი აღარ არსებობს, დამნაშავეობა და ჩაგვრა სრულიად ბუნებრივ რამედ არის ქცეული, მაგრამ მდგომარეობის შეცვლის ყოველგვარი იმედი მხოლოდ იმედად რჩება. რაღაცაშია საქმე! ბევრს აინტერესებს, ოდესმე თუ გამოასწორებს ყოველივეს იეჰოვა. ასეთი მდგომარეობაა ესაიას დღეებში. მაგრამ თავისი დროის შესახებ ესაიას ცნობა მხოლოდ ძველი ისტორია როდია. მის სიტყვებში მოცემულია წინასწარმეტყველური გაფრთხილებები ყველასთვის, ვინც აცხადებს, რომ თაყვანს სცემს ღმერთს, მაგრამ უარყოფს მის კანონებს. ესაიას წიგნის 59-ე თავის ღვთივსულიერი წინასწარმეტყველება გამამხნევებელია ყველასთვის, ვინც, დაძაბული მდგომარეობისა და საფრთხის მიუხედავად, იეჰოვასთვის მსახურებას ცდილობს.
ჭეშმარიტ ღმერთს ჩამოშორებულნი
2, 3. რატომ არ მფარველობს იეჰოვა იუდას?
2 მხოლოდ წარმოიდგინეთ — იეჰოვასთან კავშირით შეკრულ ხალხში განდგომილებამ მოიკიდა ფეხი! მათ ზურგი აქციეს თავიანთ შემოქმედს, რითაც მოიშორეს მისი მფარველი ხელი. ამიტომაც დიდ გასაჭირში არიან. იქნებ იეჰოვას ადანაშაულებენ ყოველივეში? ესაია ეუბნება მათ: „აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი რომ ხსნა არ შეეძლოს, და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ვერ ისმინოს. მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას“ (ესაია 59:1, 2).
3 ეს გულწრფელი სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა. იეჰოვა კვლავაც მხსნელი ღმერთია. ის ‘ლოცვის მომსმენია’ და ისმენს თავის ერთგულ მსახურთა ლოცვებს (ფსალმუნი 64:3). მაგრამ ის არ აკურთხებს შემცოდველებს. თავად ხალხია დამნაშავე, რომ შორს არიან ღვთისგან. მათი ცოდვების გამო დაფარა ღმერთმა მათგან თავისი სახე.
4. რა ბრალდებები აქვს წაყენებული იუდას?
4 იუდა ნამდვილად საშინლად იქცევა. ესაიას წინასწარმეტყველება მას რამდენიმე ბრალდებას უყენებს: „თქვენი ხელები სისხლით არის შებღალული და თითები თქვენი — უკეთურებით; თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს“ (ესაია 59:3). ხალხი ცრუობს და სიბილწეს ლაპარაკობს. სიტყვები, ‘სისხლით შებღალული ხელები’, იმაზე მეტყველებს, რომ ზოგი მკვლელობასაც სჩადის. როგორ შეურაცხყოფს ეს ღმერთს, რომლის რჯული მხოლოდ მკვლელობას კი არა, ‘მოძმისადმი გულში მტრობასაც’ კი კრძალავს! (ლევიანნი 19:17). იუდას მკვიდრთა აღვირახსნილობა და მათი ცოდვების გარდაუვალი შედეგები თითოეული ჩვენგანისთვის შეხსენებაა, რომ ყველას გვჭირდება არასწორი აზრებისა და გრძნობების გაკონტროლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შევცოდოთ და ჩამოვშორდეთ ღმერთს (რომაელთა 12:9; გალატელთა 5:15; იაკობი 1:14, 15).
5. როგორ არის ცოდვის სენი გავრცელებული იუდაში?
5 ცოდვის სენი მთელ ერს მოედო. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: «არავინ მოითხოვს სიმართლით და არავინ განიკითხვის ჭეშმარიტებით; ფუჭია მათი საესავი და ცრუობენ; ჩაესახვით ამაოება და ტყუილს [„ზიანს“, აქ] ბადებენ» (ესაია 59:4). არავინ ლაპარაკობს სიმართლეს. მსაჯულთა შორისაც კი რთულია სანდო და მართალი კაცის ნახვა. იუდამ ზურგი აქცია იეჰოვას და უცხო ერებსა და უსიცოცხლო ღმერთებზეც კი ამყარებს იმედს. ეს ყოველივე კი „ფუჭია“ და არარაობაა (ესაია 40:17, 23; 41:29). შედეგი ის არის, რომ ისინი ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ მათი ლაპარაკი სრულიად უსარგებლოა. გეგმებს სახავენ, მაგრამ მხოლოდ განსაცდელსა და ზიანს იმკიან.
6. რით ჰგავს ქრისტიანული სამყარო იუდას?
6 უსამართლობითა და ძალადობით იუდას ძლიერ ჰგავს ქრისტიანული სამყარო (იხილეთ „განდგომილი იერუსალიმი და მისი ანალოგი — ქრისტიანული სამყარო“, გვერდი 294). ორ მძვინვარე მსოფლიო ომში ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სახელმწიფოები იყვნენ ჩაბმული. ქრისტიანული სამყაროს რელიგიები დღემდე უძლური არიან თავიანთ წევრებს შორის არსებული ეთნიკური წმენდისა და ტომობრივი ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ (2 ტიმოთე 3:5, სსგ). მიუხედავად იმისა, რომ იესო თავის მიმდევრებს ღვთის სამეფოზე იმედის დამყარებას ასწავლიდა, ქრისტიანული სამყაროს სახელმწიფოები კვლავაც სამხედრო ძალასა და პოლიტიკურ კავშირებზე ამყარებენ იმედს (მათე 6:10). მსოფლიოში არსებული იარაღის უდიდეს ნაწილს სწორედ ქრისტიანული სამყაროს სახელმწიფოები აწარმოებენ! დიახ, როდესაც ქრისტიანული სამყარო მომავლის იმედს ადამიანის ძალასა და მის მიერ შექმნილ ორგანიზაციებზე ამყარებს, მისი ‘საესავიც ფუჭია’.
სავალალო შედეგები
7. რატომ არის იუდას გეგმები საზიანო?
7 კერპთაყვანისმცემლობა და უპატიოსნობა ჯანსაღი საზოგადოების საწინდარი ვერ იქნება. ამიტომაც ორგული იუდაელები იმ უბედურებას იმკიან ნაყოფად, რომელიც თავად დათესეს. წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „ასპიტის კვერცხებს ჩეკავენ და ობობას აბლაბუდას ქსოვენ; მათი კვერცხების მჭამელი კვდება და, თუ გატყდა, უნასი იჩეკება“ (ესაია 59:5). იუდას გეგმები განხორციელების შემდეგაც კი არარაობაა. მათ არასწორ აზროვნებას მხოლოდ ზიანი მოაქვს, ისევე როგორც შხამიანი გველის კვერცხებიდან მხოლოდ შხამიანი გველები იჩეკებიან. ამის შედეგად ერი იტანჯება.
8. რა ცხადყოფს იუდას არასწორ აზროვნებას?
8 იუდას ზოგი მცხოვრები თავდაცვის მიზნით ძალადობას მიმართავს, მაგრამ ამაოდ. თავის დასაცავად ფიზიკური ძალა ვერ შეცვლის იეჰოვაზე მინდობასა და სიმართლის საქმეებს, ისევე როგორც აბლაბუდა ვერ შეცვლის ქსოვილის სამოსელს. ესაია აცხადებს: „მათი აბლაბუდა სამოსელისთვის არ ვარგა და თავიანთ ნაკეთებს ვერ ჩაიცვამენ; მათი ნაკეთები უკეთური ნაკეთებია და ძალადობაა მათ ხელებში. ფეხები სიავისკენ გაურბით და უბრალო სისხლის დასაღვრელად მიიჩქარიან; მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და პარტახია მათ გზებზე“ (ესაია 59:6, 7). იუდა არასწორად აზროვნებს. პრობლემების გადასაჭრელად ძალადობას მიმართავს, რითაც თავის უღვთოობას ავლენს. მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომ ბევრი მისი მსხვერპლი უდანაშაულოა, ზოგი მათგანი კი ღვთის ჭეშმარიტი მსახურია.
9. რატომ ვერ მიაღწევენ ჭეშმარიტ მშვიდობას ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები?
9 ეს ღვთივსულიერი სიტყვები სისხლის ღვრაში ქრისტიანული სამყაროს მონაწილეობას მოგვაგონებს. ცხადია, იეჰოვა პასუხს აგებინებს მას ქრისტიანული მოძღვრების დამახინჯებისთვის! ესაიას დროინდელი იუდაელების მსგავსად, ქრისტიანულმა სამყარომ უგულებელყო ზნეობა, რადგან მის წინამძღოლებს მხოლოდ ამგვარი მოქმედება მიაჩნიათ პრაქტიკულად. ისინი მშვიდობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ უსამართლოდ იქცევიან. რა ორპირობაა! სანამ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები ასე იქცევიან, ვერასდროს მიაღწევენ ჭეშმარიტ მშვიდობას. ეს წინასწარმეტყველების შემდეგი სიტყვებიდანაც ჩანს: „მშვიდობის გზები მათ არ უწყიან და მათ ბილიკებზე არ არის სამართალი; თავადვე გაიმრუდეს გზა-სავალი და მასზე მავალმა არავინ იცის მშვიდობა“ (ესაია 59:8).
სულიერ სიბნელეში გზააბნეულნი
10. რას აღიარებს ესაია იუდას სახელით?
10 იეჰოვა ვერ აკურთხებს იუდას უწმინდურ და დამღუპველ გზებს (ფსალმუნი 10:5). ესაია თითქოს მთელი ერის სახელით ლაპარაკობს და აღიარებს იუდას დანაშაულს: „განგვშორდა სამართალი და ვერ გვწვდება სიმართლე. მოველით ნათელს და, აჰა, წყვდიადია! გაბრწყინებას — და ბნელში დავდივართ! ბრმებივით ვეპოტინებით კედლებს და ხელებს ვაცეცებთ, თითქოს თვალები არ გვქონდეს; ვფორხილობთ შუადღისას როგორც ბინდში, როგორც მკვდრები უკუნეთში. დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და მტრედებივით ვკვნესით“ (ესაია 59:9—11ა). იუდაელთათვის არ არის ღვთის სიტყვა ლამპარი მათი ფეხებისთვის და სინათლე — მათი ბილიკებისთვის (ფსალმუნი 118:105). ამიტომაც სავალალო მდგომარეობაში არიან. დღის სინათლეზეც კი ისე აცეცებენ ხელებს, როგორც შუაღამისას. ისინი თითქოს მკვდრები არიან. შვებას მოწყურებულნი ხმამაღლა ღრიალებენ მშიერი და დაჭრილი დათვებივით. ზოგი კი გულსაკლავად კვნესის მარტოდ დარჩენილი მტრედივით.
11. რატომ არის იუდასთვის ფუჭი სამართლისა და ხსნის მოლოდინი?
11 ესაიამ შესანიშნავად იცის, რომ იუდას გასაჭირის მიზეზი ღვთის მიმართ ურჩობაა. ის ამბობს: „მოველით სამართალს და არ ჩანს, ხსნას და შორს არის ჩვენგან. რადგან გამრავლდა ჩვენი დანაშაულები შენს წინაშე და ჩვენი ცოდვები ჩვენს წინააღმდეგ მოწმობენ; რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაულები და ჩვენი შეცოდებანი ჩვენვე ვუწყით: უფლის ღალატი და უარყოფა, ჩვენი ღვთისაგან განრიდება, ავის და უკუღმართის ზრახვა, სიცრუის ჩაფიქრება და გულიდან აღმოთქმა“ (ესაია 59:11ბ—13). იუდას მცხოვრებლებს არ მოუნანიებიათ ცოდვები, ამიტომაც ისინი კვლავაც მათ წინააღმდეგ არის მიმართული. სამართალმა დატოვა ქვეყანა, რადგან ხალხმა იეჰოვა მიატოვა. ისინი გამუდმებით ცრუობენ და ჩაგრავენ კიდეც თანამოძმეებს. რა ძლიერ ჰგვანან ამით დღევანდელ ქრისტიანულ სამყაროს! ბევრი მხოლოდ სამართალს კი არ უგულებელყოფს, არამედ სასტიკად დევნის იეჰოვას ერთგულ მოწმეებს, რომლებიც ღვთის ნების შესრულებას ცდილობენ.
იეჰოვა აღასრულებს სამართალს
12. როგორ იქცევიან ის მამაკაცები, რომელთაც სამართალი უნდა განიკითხონ იუდაში?
12 როგორც ჩანს, იუდაში არავითარი სამართალი, სიმართლე და ჭეშმარიტება არ არსებობს. „უკუიქცა სამართალი და სიმართლე შორს გადგა, რადგან წაფორხილდა ქუჩაში ჭეშმარიტება და სიწრფელე ვეღარ შემოდის“ (ესაია 59:14). იუდაში ქალაქის კარიბჭეებთან მოედნებია, სადაც უხუცესები იკრიბებიან სამართლის განსაკითხავად (რუთი 4:1, 2, 11). ამ მამაკაცებმა სიმართლით უნდა განსაჯონ, სამართალს უნდა მისდიონ და არ უნდა აიღონ ქრთამი (მეორე რჯული 16:18—20). მაგრამ ისინი თავიანთი პირადი აზრების შესაბამისად განიკითხავენ. რაც ბევრად უარესია, ისინი სიმართლის მოქმედ კაცს ხელში ადვილად ჩასაგდებ მსხვერპლად მიიჩნევენ. ესაია წერს: „გამქრალია ჭეშმარიტება და სიავეს განრიდებული ძლეულია“ (ესაია 59:15ა).
13. რას გააკეთებს იეჰოვა იმის გამო, რომ მსაჯულები უგულებელყოფენ თავიანთ მოვალეობას?
13 ის, ვინც თვალს ხუჭავს არასწორ საქციელზე, ივიწყებს, რომ იეჰოვას არც არაფერი რჩება შეუმჩნეველია და არც ძალა აკლია. ესაია წერს: „უფალი ხედავს და თვალში ავად უჩანს, რომ არ არის სამართალი. ხედავს, რომ არ არის კაციშვილი, და უკვირს, რომ არავინაა ქომაგი. მაშინ მისი მკლავი ეშველება და მისი სიმართლე განამტკიცებს მას“ (ესაია 59:15, 16). მსაჯულები უგულებელყოფენ თავიანთ მოვალეობას, ამიტომაც იეჰოვა ჩაერევა ამ საქმეში. ის სიმართლით ამოქმედდება და თავის ძალას გამოიყენებს.
14. ა) როგორი შეხედულებები აქვს დღეს მრავალს? ბ) როგორ ემზადება იეჰოვა მოქმედებისთვის?
14 ასეთი მდგომარეობაა დღესაც. ჩვენ ვცხოვრობთ წუთისოფელში, სადაც მრავალმა დაკარგა ზნეობა (ეფესელთა 4:19). უმეტესობას არ სჯერა, რომ იეჰოვა ოდესმე ზომებს მიიღებს და ბოროტებას მოსპობს დედამიწაზე. მაგრამ ესაიას წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ იეჰოვა აკვირდება ადამიანთა საქმეებს. მას განაჩენი გამოაქვს მათთვის და თავის დროზე შესაბამისად მოქმედებს. არის თუ არა მის მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანი? ესაია ცხადყოფს, რომ ეს ასეა. იუდასთან დაკავშირებით ის ამბობს: „ჯავშანივით შეიმოსა [იეჰოვამ] სიმართლე და ხსნის მუზარადი დაირქვა თავზე; ნაცვალგების სამოსელი ჩაიცვა და მოსასხამივით მოისხა შური“ (ესაია 59:17). ამ წინასწარმეტყველური სიტყვებით იეჰოვა მეომრად არის წარმოდგენილი, რომელიც საბრძოლველად ემზადება. მას თავისი მიზნის განხორციელება აქვს განზრახული. დარწმუნებულია, რომ სრულიად მართალია და ამიტომაც მთელი შემართებით აღასრულებს განაჩენს. უეჭველია, სიმართლე გაიმარჯვებს.
15. ა) როგორ მოიქცევიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, როდესაც იეჰოვა განაჩენს აღასრულებს? ბ) როგორი იქნება იეჰოვას განაჩენი?
15 დღეს ზოგ ქვეყანაში ჭეშმარიტების მტრები ხელს უშლიან იეჰოვას მსახურთა საქმიანობას ცრუ და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით. ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის გაბედულად იცავენ ჭეშმარიტებას, მაგრამ პირადად არასდროს ცდილობენ შურისძიებას (რომაელთა 12:19). მაშინაც კი, როდესაც იეჰოვა პასუხს აგებინებს განდგომილ ქრისტიანულ სამყაროს, იეჰოვას მიწიერი თაყვანისმცემლები მონაწილეობას არ მიიღებენ მის განადგურებაში. მათ იციან, რომ შურისგება იეჰოვას ეკუთვნის და თავის დროზე ის სათანადო ზომებს მიიღებს. წინასწარმეტყველება გვარწმუნებს: „საქმეთაებრ მიუზღავს ყველას: მტრებს — რისხვას, მოძულეთ — საქმეთაებრ, ზღვისპირელებს, საქმეთაებრ მიუზღავს“ (ესაია 59:18). როგორც ესაიას დღეებში, ღვთის განაჩენი მხოლოდ სამართლიანი კი არ იქნება, არამედ ყოვლისმომცველიც. ის შორეულ „ზღვისპირელებსაც“ კი მისწვდება. არავინ იქნება იმდენად შორს, რომ არ შეეხოს იეჰოვას მიერ მიღებული ზომები.
16. ვინ გადარჩება, როდესაც იეჰოვა განაჩენს აღასრულებს და როგორი გაკვეთილი იქნება ეს მათთვის?
16 იეჰოვა ამართლებს მათ, რომლებიც სწორად მოქცევას ცდილობენ. ესაია წინასწარმეტყველებს, რომ ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე ანუ მთელ დედამიწაზე გადარჩებიან ასეთი ადამიანები. როდესაც ისინი იეჰოვას მფარველობას იგრძნობენ, უფრო დიდ პატივს მიაგებენ და უფრო მეტად განადიდებენ მას (მალაქია 1:11). წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „შეუშინდებიან დასავლეთში უფლის სახელს და მზის აღმოსავლეთში — მის დიდებას, რადგან ნიაღვარივით მოვა მტერი, უფლის ქარი გამორეკავს მათ“ (ესაია 59:19). როგორც ძლიერი ქარიშხლისას მოვარდნილი ყველაფრის წამლეკავი ნიაღვარი, ისე წალეკავს იეჰოვას სულიწმიდა ყოველგვარ დაბრკოლებას მისი განზრახვის შესასრულებლად. ღვთის სული აღემატება ადამიანთა მფლობელობაში არსებულ ნებისმიერ ძალას. იეჰოვა ყოველთვის წარმატებულია, როდესაც მას ცალკეულ ადამიანებსა თუ ერებზე განაჩენის აღსასრულებლად იყენებს.
იმედი და კურთხევა მომნანიებელთათვის
17. ვინ არის სიონის გამომსყიდველი და როდის გამოისყიდა?
17 მოსეს რჯულის მიხედვით, შესაძლებელი იყო, რომ ისრაელი, რომელიც ვინმეს მონად მიეყიდებოდა, გამომსყიდველს გამოეხსნა მონობიდან. ესაიას წინასწარმეტყველურ წიგნში იეჰოვა უკვე აღწერილი იყო მომნანიებელთა გამომსყიდველად (ესაია 48:17, აქ). ახლა ის კვლავ ამგვარად არის მოხსენიებული. ესაია იეჰოვას აღთქმას წერს: „მოუვა გამომსყიდველი სიონს და მათ, ვინც ცოდვას განერიდნენ იაკობში, ამბობს უფალი“ (ესაია 59:20). ეს მანუგეშებელი აღთქმა ძვ. წ. 537 წელს შესრულდა. მაგრამ ის განმეორებითაც სრულდება. პავლე მოციქულმა ეს სიტყვები მოიყვანა სეპტუაგინტიდან და ისინი ქრისტიანთა მიმართ გამოიყენა. მან დაწერა: «ასე მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც წერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღმერთოებას ააცდენს იაკობს. ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს“» (რომაელთა 11:26, 27). ესაიას წინასწარმეტყველება ნამდვილად ფართო მნიშვნელობით სრულდება — ის ჩვენს დროსა და შემდგომ პერიოდსაც მოიცავს. როგორ?
18. როდის და როგორ წარმოშვა იეჰოვამ „ღვთის ისრაელი“?
18 პირველ საუკუნეში ისრაელი ერის მცირე ნაწილმა იესო მესიად აღიარა (რომაელთა 9:27; 11:5). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იეჰოვამ თავისი სულიწმიდით სცხო დაახლოებით 120 მორწმუნე და მათთან შეკრა ახალი კავშირი, რომლის შუამდგომელიც იესო ქრისტეა (იერემია 31:30—32; ებრაელთა 9:15). ამ დღეს „ღვთის ისრაელი“ დაიბადა — ახალი ერი, რომლის წევრებიც აბრაამის შთამომავლები კი არა, ღვთის სულით შობილები არიან (გალატელთა 6:16). ამ ახალ ერში კორნელიოსის შემდეგ სხვა წინადაუცვეთელი არაებრაელებიც გაერთიანდნენ (საქმეები 10:24—48; გამოცხადება 5:9, 10). იეჰოვამ აღიარა ისინი, რის შემდეგაც მისი სულიერი შვილები და იესოს თანამემკვიდრეები გახდნენ (რომაელთა 8:16, 17).
19. რა კავშირს კრავს იეჰოვა ღვთის ისრაელთან?
19 იეჰოვა ახლა კავშირს კრავს ღვთის ისრაელთან. წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „აჰა, ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, ამბობს უფალი: ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში, არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის ბაგეებს, შენი ნაშიერის ნაშიერის ბაგეებს, ამბობს უფალი ამიერიდან და უკუნისამდე“ (ესაია 59:21). მიუხედავად იმისა, შესრულდა თუ არა ეს სიტყვები თავად ესაიაზე, ისინი ნამდვილად შესრულდა იესოზე, რომელსაც აღთქმული ჰქონდა, რომ ‘თავის ნაგრამს იხილავდა’ (ესაია 53:10). იესო ლაპარაკობდა იმას, რაც მამისგან ჰქონდა მოსმენილი და იეჰოვას სული იყო მასზე (იოანე 1:18; 7:16). შესაბამისად, მისი ძმები და თანამემკვიდრეებიც — ღვთის ისრაელის წევრებიც — იღებენ ღვთის სულიწმიდას და ქადაგებენ ცნობას, რომელიც თავიანთი ზეციერი მამისგან მიიღეს. ყოველი მათგანი „უფლის დამოძღვრილია“ (ესაია 54:13; ლუკა 12:12; საქმეები 2:38). ესაიას ანუ ამ შემთხვევაში მის მიერ წინასწარმეტყველურად წარმოდგენილი იესოს შუამდგომლობით იეჰოვა კავშირს კრავს მათთან, რომ მარადიულად მისი მოწმეები იქნებიან (ესაია 43:10). ვინ არის მათი „ნაშიერი“, რომელიც აგრეთვე სარგებლობას იღებს ამ კავშირიდან?
20. როგორ შესრულდა იეჰოვას მიერ აბრაამისთვის დადებული აღთქმა პირველ საუკუნეში?
20 ძველად იეჰოვამ აღუთქვა აბრაამს: „იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი“ (დაბადება 22:18). ამის შესაბამისად, ხორციელი ისრაელის მცირე ნაწილმა, რომელმაც მესია მიიღო, მრავალ ერში დაიწყო ქრისტეს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება. კორნელიოსის შემდეგ ბევრი წინადაუცვეთელი წარმართი ‘იკურთხა’ იესოს, აბრაამის თესლის, წყალობით. ისინი ღვთის ისრაელის ნაწილი და აბრაამის თესლის მეორეხარისხოვანი ნაწილი გახდნენ. ასეთი ადამიანები იეჰოვას „წმიდა ერის“ წევრები არიან, რომელთაც უნდა ‘გამოაცხადონ მისი სათნოებანი, ვინც ისინი სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოიხმო’ (1 პეტრე 2:9; გალატელთა 3:7—9, 14, 26—29).
21. ა) რა „ნაშიერს“ იძენს ღვთის ისრაელი ჩვენს დროში? ბ) როგორ არის „ნაშიერი“ ნუგეშცემული კავშირით, რომელიც იეჰოვამ ღვთის ისრაელთან შეკრა?
21 ღვთის ისრაელი, როგორც ჩანს, დღეს უკვე სრულიად შეკრებილია. მიუხედავად ამისა, ერები კვლავაც მნიშვნელოვნად იკურთხებიან. როგორ? ღვთის ისრაელს „ნაშიერი“ ჰყავს — იესოს მოწაფეები, რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის იმედი აქვთ (ფსალმუნი 36:11, 29). ეს „ნაშიერიც“ იეჰოვას მიერ არის დამოძღვრილი და ისიც მის გზებზე სიარულს სწავლობს (ესაია 2:2—4). ისინი არ არიან სულიწმიდით მონათლული და არ ითვლებიან ახალი კავშირის მონაწილეებად, მაგრამ განმტკიცებული არიან იეჰოვას სულიწმიდით ყველა იმ დაბრკოლების გადასალახავად, რომელთაც მათ სატანა უქმნის სამქადაგებლო მსახურებისას (ესაია 40:28—31). დღეს ასეთი ადამიანები მილიონობით არიან და მათი რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, როდესაც ისინიც იძენენ „ნაშიერს“. იეჰოვას მიერ თავის ცხებულებთან შეკრული კავშირი არწმუნებს ამ „ნაშიერს“, რომ იეჰოვა მასაც მარადიულად გამოიყენებს თავის წარმომადგენლად (გამოცხადება 21:3, 4, 7).
22. როგორ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას, და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე?
22 დაე ყველამ შევინარჩუნოთ იეჰოვასადმი რწმენა. მას ჩვენი ხსნის სურვილიც აქვს და საამისო ძალაც შესწევს! მისი ხელი არასდროს დამოკლდება; ის ყოველთვის იხსნის თავის ერთგულ ხალხს. მასზე მინდობილებს ყოველთვის, „ამიერიდან და უკუნისამდე“, ბაგეზე ექნებათ მისი სიტყვები.
[ჩარჩო 294 გვერდზე]
განდგომილი იერუსალიმი და მისი ანალოგი — ქრისტიანული სამყარო
იერუსალიმით, ღვთის რჩეული ერის სატახტო ქალაქით, წარმოდგენილია ღვთის სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი ზეციერი ორგანიზაცია და აგრეთვე ცხებული ქრისტიანები, რომლებიც ზეცაში ქრისტეს სასძლოდ არიან აღდგენილი (გალატელთა 4:25, 26; გამოცხადება 21:2). მაგრამ აღსანიშნავია, რომ ხშირად იერუსალიმის მცხოვრებნი იეჰოვას ორგულები იყვნენ და ამიტომაც ქალაქი მეძავად და მრუშად იყო აღწერილი (ეზეკიელი 16:3, 15, 30—42). ამ შემთხვევაში იერუსალიმი სათანადოდ წარმოადგენს განდგომილ ქრისტიანულ სამყაროს.
იესომ იერუსალიმს ‘წინასწარმეტყველთა დამხოცველი და მასთან მოვლინებულთა ჩამქოლავი’ უწოდა (ლუკა 13:34; მათე 16:21). ქრისტიანული სამყარო ორგული იერუსალიმის მსგავსად აცხადებს, რომ ღმერთს ემსახურება, მაგრამ არ დადის მისი გზებით. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა იმავე სამართლიანი ნორმებით განსჯის ქრისტიანულ სამყაროს, რომლებითაც განდგომილი იერუსალიმი განსაჯა.
[სურათი 296 გვერდზე]
მსაჯულმა სიმართლით უნდა განსაჯოს, სამართალი უნდა ეძიოს და არ უნდა აიღოს ქრთამი.
[სურათი 298 გვერდზე]
განაჩენის აღსრულებისას იეჰოვა მოვარდნილი მდინარესავით წალეკავს ყოველგვარ დაბრკოლებას და თავის ნება-სურვილს შეასრულებს.
[სურათი 302 გვერდზე]
იეჰოვა კავშირის პირობით აღუთქვამს თავის ხალხს, რომ ისინი არასდროს დაკარგავენ მის მოწმეებად ყოფნის უპირატესობას.