ბარუქი იერემიას ერთგული მწერალი
იცნობთ „ბარუქ ნერიას ძეს“? (იერემია 36:4). მართალია, ის ბიბლიის მხოლოდ ოთხ თავშია მოხსენიებული, მაგრამ მას კარგად იცნობენ ბიბლიის მკითხველები, როგორც წინასწარმეტყველ იერემიას მწერალსა და ახლო მეგობარს. მათ ერთად გამოიარეს იუდას სამეფოს უკანასკნელი 18 მშფოთვარე წელი; ისინი ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურების მოწმენი გახდნენ; ასევე ეგვიპტეში ებრაელების გადასახლების თვითმხილველნიც იყვნენ.
გასულ წლებში აღმოჩენილმა ორმა ბულამa, რომლებიც ძვ. წ. მე–7 საუკუნით თარიღდება, და რომლებზეც აღნიშნული იყო, რომ იგი „ეკუთვნის ბერექიაჰუს [ბარუქის ებრაული სახელი], ნერიაჰუს [ნერის ებრაული სახელი] ძეს, მწიგნობარს“, ამ ბიბლიური პერსონაჟის მიმართ მკვლევართა ინტერესი აღძრა. ვინ იყო ბარუქი? ვინ იყვნენ მისი წინაპრები, რა განათლება ჰქონდა და რა საზოგადოებრივი მდგომარეობა ეკავა მას? რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბარუქი ყოველთვის მხარში ედგა იერემიას? რის სწავლა შეგვიძლია მისგან? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გამოვიკვლიოთ ბიბლიური და ის ისტორიული წყაროები, რომლებიც დღეისათვის ხელმისაწვდომია.
წარმომავლობა და საზოგადოებრივი მდგომარეობა
დღეს მრავალი მეცნიერის აზრით, ბარუქი იუდაში ცნობილ მწიგნობართა ოჯახიდან იყო. ამ აზრის დასადასტურებლად მათ რამდენიმე მიზეზი მოჰყავთ. მაგალითად, ბიბლიის ზოგ თარგმანში ბარუქი „მწერლად“, არის მოხსენიებული, ზოგან კი — „მწიგნობრად“. წერილებში ასევე ნათქვამია, რომ სერაია, ბარუქის ძმა, ცედეკიას სამეფო კარის წარჩინებული პირი იყო (იერემია 36:32; 51:59).
არქეოლოგი ფილიპ კინგი იერემიას დროს მცხოვრები მწერლების შესახებ წერს: „მწერლები, განათლებული ფენის წარმომადგენლები, იუდაში ძვ. წ. მე–7 საუკუნის მიწურულსა და მე–6 საუკუნის დასაწყისში იყვნენ ცნობილნი . . . [მათ] სამეფო კარის უფლებამოსილი პირები ნიშნავდნენ“.
გარდა ამისა, იერემიას 36–ე თავიდან, რომელსაც დაწვრილებით განვიხილავთ, ჩანს, რომ ბარუქს მეფის მრჩევლებთან მისვლა შეეძლო და უფლება ჰქონდა, გამოეყენებინა გემარიას, წარჩინებული პირის, სასადილო ოთახი. ბიბლეისტი ჯეიმზ მიულენბერგი ამტკიცებს, რომ „ბარუქს, როგორც უფლებამოსილსა და სამეფო კარის წარჩინებულ პირს, შეეძლო შესულიყო მწერლის სასადილო ოთახში, სადაც მნიშვნელოვანი მოვლენების დროს გრაგნილის წასაკითხად იკრიბებოდნენ. ის ერთ–ერთი დიდებულთაგანი იყო“.
ერთი ნაშრომი ბარუქის საზოგადოებრივი მდგომარეობის შესახებ ამბობს: „ვინაიდან ბერექიაჰუს ბულა სხვა წარჩინებულ პირთა ბულებთან ერთად იპოვეს, გონივრულია დავასკვნათ, რომ ბარუქი, ბერექიაჰუ, დიდებულთა წრეში მოღვაწეობდა“ (Corpus of West Semitic Stamp Seals). არსებული ინფორმაცია, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ ბარუქი და მისი ძმა სერაია იყვნენ წარჩინებული პირები, რომლებიც იერუსალიმის განადგურების წინა პერიოდში მხარში ედგნენ ღვთის ერთგულ წინასწარმეტყველ იერემიას.
ბარუქი საჯაროდ უჭერს მხარს იერემიას
ბარუქი პირველად იერემიას 36–ე თავში გვხვდება, სადაც აღწერილია ‘იეჰოიაკიმის მეფობის მეოთხე წელს’ ანუ დაახლოებით ძვ. წ. 625 წელს მომხდარი მოვლენები. იმ დროისთვის 23 წელი იყო გასული, რაც იერემია წინასწარმეტყველად მსახურობდა (იერემია 25:1—3; 36:1, 4).
მაშინ იეჰოვამ იერემიას უთხრა: „აიღე გრაგნილის წიგნი და დაწერე მასზე ყველა ის სიტყვა, რომელიც მე გითხარი შენ ისრაელზე და იუდაზე, ყველა ხალხზე . . . იოშიას დღეებიდან დღემდე“. შემდეგ ნათქვამია: „მოუხმო იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს და ჩაწერა ბარუქმა გრაგნილის წიგნში იერემიას პირით ნათქვამი უფლის ყველა სიტყვა“ (იერემია 36:2—4).
რატომ მოუხმო იერემიამ ბარუქს? წინასწარმეტყველმა მას უთხრა: „მე დაპატიმრებული ვარ, არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა“ (იერემია 36:5). როგორც ჩანს, იერემია დააპატიმრეს ტაძრის ტერიტორიაზე, სადაც იეჰოვას ცნობა უნდა წაეკითხა, და ამის მიზეზი, შესაძლოა, ის იყო, რომ იერემიამ ადრე თავისი წინასწარმეტყველებით მთავრები განარისხა (იერემია 26:1—9). უეჭველად, ბარუქი იეჰოვას გულწრფელი თაყვანისმცემელი იყო და „გააკეთა ყოველივე ისე, როგორც უბრძანა იერემია წინასწარმეტყველმა“ (იერემია 36:8).
ოცდასამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოთქმული გაფრთხილებების ჩაწერას დიდი დრო სჭირდებოდა და, შესაძლოა, იერემია შესაფერის დროსაც ელოდებოდა. ბოლოს ძვ. წ. 624 წლის ნოემბერსა თუ დეკემბერში ბარუქმა გაბედულად „ხმამაღლა წაიკითხა . . . წიგნიდან იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარიას . . . ოთახში, მთელი ხალხის გასაგონად“ (იერემია 36:8—10).
მიქაიამ, გემარიას ძემ, მამასა და რამდენიმე თავადს მოუთხრო, თუ რა მოხდა; მათ კი ბარუქს სთხოვეს, კიდევ ერთხელ წაეკითხა გრაგნილი ხმამაღლა. ბიბლიაში ნათქვამია: «როდესაც მოისმინეს მათ ყველა ეს სიტყვა, შიშით გადახედეს ერთმანეთს და უთხრეს ბარუქს: „გადავცემთ მეფეს ყველა ამ სიტყვას . . . წადი, დაიმალეთ შენ და იერემია და ნურავის ეცოდინება, სად იმყოფებით“» (იერემია 36:11—19).
როდესაც მეფე იეჰოიაკიმმა მოისმინა იერემიას კარნახით ბარუქის მიერ დაწერილი სიტყვები, განრისხებულმა გრაგნილი დაჭრა და ცეცხლში ჩაყარა; შემდეგ კი იერემიასა და ბარუქის დაპატიმრების ბრძანება გასცა. სამალავში ყოფნისას, იეჰოვას მითითებით, იერემიამ და ბარუქმა გრაგნილზე ხელახლა დაწერეს ღვთის სიტყვები (იერემია 36:21—32).
ცხადია, ბარუქი ხედავდა, რომ ეს სახიფათო დავალება იყო. ალბათ, მან იცოდა, რომ ადრე იერემიას ემუქრებოდნენ. ბარუქს ისიც ექნებოდა გაგონილი, თუ რა ბედი ეწია ურიას, რომელიც წინასწარმეტყველებდა „იმ სიტყვებით, რომლებითაც იერემია წინასწარმეტყველებდა“, და რის გამოც მეფე იეჰოიაკიმმა მოკლა იგი. და მაინც, ბარუქი მზად იყო, გამოეყენებინა თავისი უნარი და სამეფო კართან კავშირები იმისათვის, რომ მხარში ამოსდგომოდა იერემიას (იერემია 26:1—9, 20—24).
„დიდს [ნუ] ითხოვ“
პირველი გრაგნილის წერის პერიოდში ბარუქი ემოციურად იტანჯებოდა. ის წუხდა: „ვაი მე, რადგან დაუმატა უფალმა მწუხარება ჩემს სატკივარს, მოვიქანცე ვაებით და სიმშვიდე ვერ ვპოვე“. რატომ აღმოჩნდა ის ასეთ მდგომარეობაში? (იერემია 45:1—3).
ბიბლიაში პირდაპირ არაფერია ამის შესახებ ნათქვამი. მაგრამ წარმოიდგინეთ ბარუქის მდგომარეობა. ისრაელისა და იუდას მიმართ 23 წლის განმავლობაში წარმოთქმული გაფრთხილებების ჩაწერისას ბარუქისთვის, ალბათ, ნათელი გახდა, რომ ეს ხალხი განდგომილი და იეჰოვას მიერ უარყოფილი იყო. აგრეთვე, იეჰოვას გადაწყვეტილი ჰქონდა, გაენადგურებინა იერუსალიმი და იუდა, და ერი 70 წლით ბაბილონის ტყვეობაში გადაესახლებინა; ამან, ალბათ, თავზარი დასცა ბარუქს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყოველივე ეს იეჰოვამ იმავე წელს გააცხადა და, შესაძლოა, იმავე გრაგნილში ეწერა, რომელშიც 23 წლის განმავლობაში წარმოთქმული გაფრთხილებები იყო მოცემული (იერემია 25:1—11). გარდა ამისა, ამ კრიტიკულ დროს იერემიას მხარდაჭერა რისკთან იყო დაკავშირებული და ამის გამო ბარუქს შეიძლება თავისი მდგომარეობა დაეკარგა.
ასე იყო თუ ისე, იეჰოვა დაეხმარა ბარუქს, რომ ხსომებოდა იერუსალიმისთვის გამოტანილი განაჩენი. „რაც მე ავაშენე, მევე ვანგრევ, და რაც მე დავრგე, მევე აღმოვფხვრი, და ასე იქნება მთელს ქვეყანაზე, — უთხრა იეჰოვამ ბარუქს. შემდეგ კი ურჩია, — შენ კი დიდს ითხოვ შენთვის. ნუ ითხოვ“ (იერემია 45:4, 5).
იეჰოვას არ დაუკონკრეტებია, რა იყო ეს „დიდი“ რამ, მაგრამ თავად ბარუქს ეცოდინებოდა იყო ეს ამბიცია, საკუთარი თავის გამოჩენის თუ მატერიალური სიმდიდრის ფლობის სურვილი. იეჰოვამ ბარუქს ურჩია, რომ რეალურად შეეფასებინა მდგომარეობა და ხსომებოდა, თუ რა მოხდებოდა: „მე მოვაწევ უბედურებას ყოველ ხორციელზე . . . შენ კი შენს სულს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ!“ სადაც უნდა წასულიყო, ბარუქს ყველაზე ძვირფასი რამ — საკუთარი სიცოცხლე — შეუნარჩუნდებოდა (იერემია 45:5).
იერემიას 36–ე და 45–ე თავებში აღწერილი მოვლენების შემდეგ, რომლებიც ძვ. წ. 625—624 წლებში მოხდა, ბიბლია ბარუქის შესახებ არაფერს ამბობს და მას მხოლოდ ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელების მიერ იერუსალიმისა და იუდას განადგურებამდე რამდენიმე თვით ადრე მოიხსენიებს. რა მოხდა იმ დროს?
ბარუქი კვლავ მხარში უდგას იერემიას
ბიბლია კვლავ მოიხსენიებს ბარუქს, როცა ბაბილონელები ალყას არტყამენ იერუსალიმს. იერემია „დაპატიმრებული იყო საყარაულო ეზოში“, როდესაც იეჰოვამ უთხრა მას, რომ თავისი ბიძაშვილისგან ანათოთში მიწის ნაკვეთი ეყიდა იმის ნიშნად, რომ აღდგენა მოხდებოდა. იერემიამ ბარუქს დახმარება სთხოვა, რათა ყველაფერი კანონიერად გაეკეთებინათ (იერემია 32:1, 2, 6, 7).
იერემია ჰყვება: „დავწერე საბუთი, დავბეჭდე, მოწმეები მოვიყვანე და სასწორზე ფული ავწონე. ავიღე ნასყიდობის საბუთი . . . დაბეჭდილი და ერთიც — დაუბეჭდავი. მივეცი ნასყიდობის საბუთი ბარუქს“. შემდეგ მან დაავალა ბარუქს, რომ ეს დაბეჭდილი საბუთები თიხის ჭურჭელში შეენახა. ზოგი მეცნიერის აზრით, როდესაც იერემიამ თქვა „დავწერე“, ეს იმას ნიშნავდა, რომ მან ტექსტი უკარნახა ბარუქს, დახელოვნებულ მწერალს, რომელმაც დაწერა სინამდვილეში ეს საბუთი (იერემია 32:10—14, აქ; 36:4, 17, 18; 45:1).
ბარუქი და იერემია იმ დროს მიღებულ წესებს იცავდნენ. ამ წესის ერთი თავისებურება ის იყო, რომ ნასყიდობის საბუთი ორ ეგზემპლარად იბეჭდებოდა. ერთ–ერთ წიგნში ნათქვამია: «პირველ საბუთს „დაბეჭდილი“ ეწოდებოდა, რადგან მას ახვევდნენ და ბულით ბეჭდავდნენ; ეს იყო ხელშეკრულების დედანი . . . მეორე იყო „ღია“, დახვეული და დაბეჭდილი საბუთის ასლი და, ჩვეულებრივ, მას იყენებდნენ. ამგვარად იქმნებოდა ორი საბუთი — დედანი და ასლი; ეს საბუთები პაპირუსის ცალკეულ ფურცლებზე იწერებოდა» (Corpus of West Semitic Stamp Seals). არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს იმას, რომ ძველად საბუთებს თიხის ჭურჭელში ინახავდნენ.
ბაბილონელებმა იერუსალიმი აიღეს, გადაწვეს და, რამდენიმე ღარიბი ოჯახის გარდა, ყველა ტყვედ წაასხეს. ნაბუქოდონოსორმა გამგებლად გედალიაჰუ დანიშნა, რომელიც იუდეველებმა ორი თვის შემდეგ მოკლეს. დარჩენილი იუდეველები ეგვიპტეში გაქცევას გეგმავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იერემია მათ ღვთის შთაგონებით საპირისპიროს ურჩევდა, და სწორედ ამ კონტექსტში ვხვდებით კვლავ ბიბლიაში ბარუქს (იერემია 39:2, 8; 40:5; 41:1, 2; 42:13—17).
იუდეველმა წინამძღოლებმა იერემიას უთხრეს: „ტყუილს ამბობ; უფალს, ჩვენს ღმერთს, არ მოუვლინებიხარ ამის სათქმელად: არ წახვიდეთ ეგვიპტეში იქ საცხოვრებლადო! ბარუქ ნერიას ძეა რომ გაქეზებს ჩვენს წინააღმდეგ, რათა გადაგვცეს ჩვენ ქალდეველთა ხელთ და დაგვხოცონ მათ ან გადაგვასახლონ ბაბილონში“ (იერემია 43:2, 3). ამ ბრალდებიდან ჩანს, რომ იუდეველთა წინამძღოლების აზრით, ბარუქს იერემიაზე დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო. ფიქრობდნენ ისინი, რომ თავისი მდგომარეობის ან იერემიასთან დიდი ხნის მეგობრობის გამო ბარუქი წინასწარმეტყველისთვის მწერალზე მეტი იყო? შესაძლოა, მაგრამ რაც უნდა ეფიქრათ მათ, ეს ცნობა იეჰოვასგან მოდიოდა.
ღვთიური გაფრთხილების მიუხედავად, დარჩენილი იუდეველები მაინც წავიდნენ ეგვიპტეში და თან „იერემია წინასწარმეტყველი და ბარუქ ნერიას ძე“ წაიყვანეს. იერემიამ დაწერა: „წავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან არ ისმინეს უფლის ხმა, და მივიდნენ თახფანხესამდე“, ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სინას მოსაზღვრედ მდებარე ქალაქამდე. ამის შემდეგ ბარუქის სახელი ბიბლიაში აღარ გვხვდება (იერემია 43:5—7).
რის სწავლა შეგვიძლია ბარუქისგან?
ბარუქისგან მრავალი მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეგვიძლია. მაგალითად, ის მზად იყო, იეჰოვას მსახურებაში თავისი უნარი და სამეფო კართან კავშირები გამოეყენებინა მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ამას. დღეს იეჰოვას მრავალი მოწმე — ქალი თუ კაცი — იმავე სულისკვეთებას ავლენს და თავის უნარს ბეთელში, მშენებლობასა თუ სხვა მსგავსი სახის მსახურებაში იყენებს. პირადად თქვენ, როგორ შეგიძლიათ ისეთივე სულის გამოვლენა, როგორსაც ბარუქი ავლენდა?
როდესაც ბარუქს შეახსენეს, რომ იუდას უკანასკნელი დღეების დროს იმის დრო არ იყო, „დიდი“ რამ ეძია საკუთარი თავისთვის, ის, როგორც ჩანს, ამ შეხსენებას დადებითად გამოეხმაურა, რადგან ცოცხალი გადარჩა. გონივრულია, გამოვიყენოთ ეს რჩევა, რადგან ჩვენც ამ სისტემის ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. იეჰოვა ჩვენც იმავეს გვპირდება — სიცოცხლის შენარჩუნებას. ბარუქის მსგავსად, ვეხმაურებით დადებითად ასეთ შეხსენებებს?
ბარუქის მაგალითიდან კიდევ ერთი რამის სწავლა შეგვიძლია. ბარუქი იერემიასა და მის ნათესავს საქმიანი გარიგებისთვის აუცილებელი საბუთების შედგენაში დაეხმარა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლო ნათესავები იყვნენ. ეს კარგი მაგალითია იმ ქრისტიანი და–ძმებისთვის, რომლებსაც ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ბიბლიური პრინციპების თანახმად ვიქცევით და თანაქრისტიანის მიმართ სიყვარულს ვავლენთ, თუ საქმიან შეთანხმებას წერილობითი სახით ვაფორმებთ; ამგვარად მოქმედება პრაქტიკულიცაა.
მართალია, ბიბლიაში ბარუქის შესახებ მოკლე ინფორმაციაა მოცემული, მაგრამ დღეს ის ყველა ქრისტიანისთვის კარგი მაგალითია. მიჰბაძავთ იერემიას ერთგული მწერლის მაგალითს?
[სქოლიოები]
a ბულა იყო თიხის პატარა ბეჭედი, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტების დასაბეჭდად გამოიყენებოდა. თიხაზე ამოტვიფრული იყო ბეჭდის მფლობელის ანუ დოკუმენტის გამგზავნელის სახელი.
[სურათი 16 გვერდზე]
ბარუქის ბულა.
[საავტორო უფლება]
Bulla: Courtesy of Israel Museum, Jerusalem