თავი 15
„ვერ ვდუმდები“
1. რატომ არ დადუმდნენ იერემია და სხვა წინასწარმეტყველები?
„ისმინეთ იეჰოვას სიტყვა“. ეს სიტყვები ძვ. წ. 647 წლიდან იერუსალიმის ქუჩებსა და მოედნებზე გაისმოდა. ღვთის წინასწარმეტყველი არ წყვეტდა ქადაგებას. მან ეს მოწოდება 40 წლის შემდეგ, ქალაქის განადგურებისასაც გაიმეორა (იერ. 2:4; 42:15). ყოვლისშემძლე ღმერთი წინასწარმეტყველებს უგზავნიდა თავის ხალხს, რათა მოესმინათ მისი გაფრთხილება და მოენანიებინათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ ამ წიგნში, იერემია გამოირჩეოდა ღვთის წინასწარმეტყველთა შორის. წინასწარმეტყველად დანიშვნისას ღმერთმა უთხრა მას: „ადექი და უთხარი მათ ყველაფერი, რაც გიბრძანე. ნუ შეძრწუნდები მათ გამო, თავზარი რომ არ დაგცე მათ წინაშე“ (იერ. 1:17). იერემიამ საკმაოდ რთული დავალება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური და ემოციური ტკივილის ატანა უწევდა, წინასწარმეტყველს არ შეეძლო, არ შეესრულებინა თავისი დავალება. იერემიამ თქვა: „შემეძრა გული, ვერ ვდუმდები“ (იერ. 4:19).
2, 3. ა) როგორ ჰბაძავდნენ იესოს მოწაფეები იერემიას? ბ) რატომ უნდა მიჰბაძოთ იერემიას?
2 იერემიამ ღვთისგან მიღებული დავალების შესრულებით კარგი მაგალითი დაუტოვა მის შემდგომ მცხოვრებ იეჰოვას მსახურებს (იაკ. 5:10). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ იუდეველმა წინამძღოლებმა პეტრე და იოანე მოციქულები დააპატიმრეს და უბრძანეს, აღარ ექადაგათ. აი, რა უპასუხეს მათ: „ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქ. 4:19, 20). სანამ გაუშვებდნენ წინამძღოლები დაემუქრნენ, რომ, თუ კიდევ იქადაგებდნენ, უარეს დღეს დააყრიდნენ. გახსოვთ, რა მოხდა შემდეგ? ამ ერთგულ მამაკაცებს აზრადაც კი არ მოსვლიათ ქადაგების შეწყვეტა.
3 ხედავთ, როგორ არის ასახული იერემიასეული მოშურნეობა საქმეების 4:20-ში ჩაწერილ პეტრესა და იოანეს სიტყვებში? იეჰოვას მსახურებს, რომლებიც ამ კრიტიკულ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ, მსგავსი განწყობა გვაქვს და ვამბობთ: „ვერ ვდუმდებით“. ვნახოთ, როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ იერემიასავით სიმტკიცე და განვაგრძოთ სასიხარული ცნობის ქადაგება მიუხედავად იმისა, რომ ვითარება სულ უფრო და უფრო უარესდება.
გულგრილობის მიუხედავად განაგრძეთ ქადაგება
4. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ძველად იერუსალიმის მცხოვრებთ?
4 ღმერთი გვპირდება, რომ მომავალში მისი ძის მმართველობის დროს ადამიანები ბედნიერად იცხოვრებენ. განა დარწმუნებული არა ხართ, რომ ეს საუკეთესო ცნობაა, რისი მოსმენაც დღეს ხალხს შეუძლია?! თუმცა დღეს ბევრი იმ იუდეველების მსგავსად იქცევა, რომლებმაც იერემიას უთხრეს: „არ მოვისმენთ სიტყვას, რომელსაც იეჰოვას სახელით გვეუბნები“ (იერ. 29:19; 44:16). იერემია არაერთხელ გამხდარა მსგავსი გულგრილობის მოწმე. იეჰოვას მსახურები დღესაც ხშირად ისმენენ ხალხისგან: „არ მაინტერესებს“. ასეთმა გულგრილობამ მაუწყებლებს შეიძლება ქადაგების ენთუზიაზმი ჩაუქროს. თუ გულგრილობის გამო თქვენი კრების რომელიმე წევრს ან თავად თქვენ მსგავსი რამ დაგემართათ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ?
5. ა) როგორ რეაგირებდა იერემია ხალხის გულგრილობაზე? ბ) რატომ დგანან დიდი საფრთხის წინაშე ისინი, ვინც სასიხარულო ცნობას არ იღებს?
5 ვნახოთ, როგორ რეაგირებდა იერემია იუდეველთა გულგრილობაზე. წინასწარმეტყველად მსახურების დასაწყისში იეჰოვამ გაუმჟღავნა იერემიას, თუ რა მოხდებოდა ღვთის განაჩენის სისრულეში მოყვანის დროს (წაიკითხეთ იერემიას 4:23—26). წინასწარმეტყველი მიხვდებოდა, რომ ათასების სიცოცხლე იმაზე იყო დამოკიდებული, მოუსმენდნენ თუ არა მის სიტყვას და მოიქცეოდნენ თუ არა მის თანახმად. ხალხი დღესაც მსგავს მდგომარეობაშია, მათ შორის იქაც, სადაც თქვენ ცხოვრობთ. იმ დღის შესახებ, როცა ღმერთი ამ ბოროტ ქვეყნიერებაზე თავის განაჩენს აღასრულებს, იესომ თქვა: „ის დედამიწის ყველა მცხოვრებს დაატყდება. მაშ, იფხიზლეთ და მუდამ იმის ვედრებაში იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და წარსდგეთ კაცის ძის წინაშე“ (ლუკ. 21:34—36). ალბათ, იესოს სიტყვებიდან დაინახეთ, რომ ისინი, ვინც სასიხარულო ცნობას არ იღებს, დიდი საფრთხის წინაშე დგანან.
6. რატომ უნდა უქადაგოთ იმათაც კი, ვინც ინტერესს არ ავლენს სასიხარულო ცნობის მიმართ?
6 ვინც ერთ დროს გულგრილობას ავლენდა, დღეს კი ისმენს იეჰოვას სიტყვას და იღებს მას, ფასდაუდებელ კურთხევებს მიიღებს. ღმერთი გვიჩვენებს გზას, როგორ დავაღწიოთ თავი განადგურებას და როგორ შევაბიჯოთ ახალ ქვეყნიერებაში. გარკვეულწილად, ეს ასე იყო იერემიას მსახურების დროსაც. იუდას მცხოვრებთ გადარჩენა შეეძლოთ (წაიკითხეთ იერემიას 26:2, 3). იერემია ათწლეულების განმავლობაში მოუწოდებდა ხალხს, რომ მოესმინათ და მობრუნებულიყვნენ — ყურად ეღოთ ჭეშმარიტი ღვთის სიტყვა (იერ. 26:3). ზუსტად არ ვიცით, რამდენმა მოინანია და შეიცვალა ცხოვრება წინასწარმეტყველის ქადაგების წყალობით, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცით, რომ ზოგმა გააკეთა ეს და ჩვენს დროშიც ბევრი იქცევა ასე. ჩვენ არ ვწყვეტთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას და ხშირად გვესმის, როგორ ულბება ბევრს გული (იხილეთ ჩარჩო „გულგრილმა ადამიანმა შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს“, გვერდი 184). განა ეს კიდევ ერთი მიზეზი არ არის იმისთვის, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში კვლავაც აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა?!
რატომ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ გულგრილობის მიუხედავად განაგრძოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება?
მოწინააღმდეგეებს არ შეუძლიათ გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენონ
7. როგორ ცდილობდნენ მოწინააღმდეგეები იერემიას საქმიანობის შეჩერებას?
7 აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგეები ხშირად ცდილობდნენ იერემიას მოკვლას და მისი საქმიანობის შეჩერებას. ცრუწინასწარმეტყველები მას საქვეყნოდ უპირისპირდებოდნენ (იერ. 14:13—16). როდესაც იერემია იერუსალიმის ქუჩებში დადიოდა, ხალხი ლანძღავდა და დასცინოდა (იერ. 15:10). ზოგიერთი მოწინააღმდეგე ათასგვარ ხრიკს მიმართავდა, რომ მისთვის სახელი გაეტეხა (იერ. 18:18). სხვები გამუდმებით ლაპარაკობდნენ მის ზურგს უკან, რომ ის გულწრფელი ადამიანები, რომლებიც იერემიას უსმენდნენ, ჭეშმარიტებისგან ჩამოეშორებინათ (გოდ. 3:61, 62). შეწყვიტა იერემიამ ქადაგება? არა, პირიქით! როგორ შეძლო მან ამის გაკეთება?
8. როგორ გამოეხმაურა იერემია მოწინააღმდეგეთა შემოტევებს?
8 ამ ბრძოლაში იერემიას ძირითადი იარაღი იეჰოვაზე მინდობა იყო. როდესაც იერემია მსახურებას შეუდგა, ღმერთი დაჰპირდა მას, რომ მხარში დაუდგებოდა და დაიცავდა (წაიკითხეთ იერემიას 1:18, 19). იერემიას სჯეროდა ამ დანაპირების და იეჰოვასაც არ გაუცრუებია მისთვის იმედი. რაც უფრო იზრდებოდა წინააღმდეგობა, იერემია უფრო გამბედავი, მამაცი და ამტანი ხდებოდა. ყურადღება მიაქციეთ, როგორ დაეხმარა მას ეს თვისებები.
9, 10. როგორ გმატებთ გაბედულებას ის, რაც იერემიას გადახდა თავს?
9 ერთხელ ორგულმა მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა იერემია იუდას მთავრებთან მიიყვანეს და მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. შეაშინა ამან იერემია და დაადუმა? არა. მან იმდენად ეფექტურად დაიცვა თავი, რომ გაათავისუფლეს (წაიკითხეთ იერემიას 26:11—16; ლუკ. 21:12—15).
10 მას შემდეგ, რაც ტაძარში მომსახურე ფაშხურმა მოისმინა იერემიას გამაფრთხილებელი ცნობა, ხუნდები დაადო მას. ალბათ, ის ფიქრობდა, რომ ასეთი სახით ჭკუას ასწავლიდა იერემიას და დაადუმებდა. მეორე დღეს ფაშხურმა იერემია გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველმა საკმაოდ დიდი ტანჯვა გამოიარა, პირდაპირ ფაშხურს განუცხადა, თუ რას დამართებდა ღმერთი მას. დიახ, ვერც ტანჯვა-წამებამ დაადუმა იერემია (იერ. 20:1—6). რამ გააძლებინა წინასწარმეტყველს? ის თვითონ გვცემს პასუხს: „იეჰოვა იყო ჩემთან, როგორც ძლიერი და შიშის მომგვრელი მეომარი. ამიტომ წაიბორძიკებენ ჩემი მდევნელები და ვერ მძლევენ“ (იერ. 20:11). მაშინაც კი, როცა გააფთრებული მოწინააღმდეგეების წინაშე იდგა, იერემიას უკან არ დაუხევია. მას იეჰოვასადმი ნდობისთვის მტკიცე საფუძველი ჰქონდა და ასე იქნება თქვენს შემთხვევაშიც.
11, 12. ა) როგორ გამოავლინა იერემიამ საღი აზროვნება, როცა ხანანია შეეწინააღმდეგა? ბ) რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუ თავშეკავებას ვავლენთ, როცა ბოროტებას ვხვდებით?
11 კარგია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იერემია ფანატიკოსი არ ყოფილა. ის საღ აზროვნებას არ კარგავდა, როცა წინააღმდეგობას ხვდებოდა. მან იცოდა, როდის მორიდებოდა ამა თუ იმ სიტუაციას. გავიხსენოთ, რა შეემთხვა მას ხანანიასთან. როდესაც ამ ცრუწინასწარმეტყველმა იეჰოვას სიტყვა საჯაროდ გააკრიტიკა, იერემიამ ის სიცრუეში ამხილა და ხალხს აუხსნა, როგორ უნდა გაეგოთ, ვინ იყო ღვთის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი და ვინ — არა. იერემიამ კისერზე უღელი დაიდგა იმის საჩვენებლად, რომ იუდას ბაბილონი დაიმონებდა, ხანანია კი გამძვინვარდა და უღელი დაამსხვრია. ვინ იცის, კიდევ რას მოიმოქმედებდა ხანანია? როგორ მოიქცა იერემია? ბიბლიაში ვკითხულობთ: „წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე“. დიახ, იერემია იქაურობას გაეცალა. მოგვიანებით იეჰოვას მითითებით ის დაბრუნდა და ხანანიას უთხრა, რას გააკეთებდა ღმერთი — იუდას ბაბილონს დაუმონებდა, ხანანიას კი მოკლავდა (იერ. 28:1—17).
12 ამ შემთხვევიდან კარგად ვხედავთ, რომ ქადაგებისას გაბედულებასთან ერთად განსჯის უნარიც უნდა გამოვავლინოთ. თუ ერთ სახლში უარს ამბობენ ბიბლიურ ცნობაზე და ბრაზდებიან ან გვემუქრებიან, შეგვიძლია თავაზიანად მოვიბოდიშოთ და სხვა კართან მივიდეთ. ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას არავისთან არ უნდა ჩავებათ გაცხარებულ კამათში. თუ თავშეკავებული ვიქნებით, როცა ბოროტებას ვხვდებით, მობინადრეს საშუალებას მივცემთ, რომ სხვა, უფრო ხელსაყრელ დროს გამოეხმაუროს სასიხარულო ცნობას (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:23—25; იგავ. 17:14).
რატომ არის იეჰოვასადმი ნდობა მნიშვნელოვანი სასიხარულო ცნობის ქადაგებისას? რატომ არის აუცილებელი, გაბედულებასთან ერთად საღი აზროვნებაც გვქონდეს?
„ნუ გეშინია!“
13. რატომ უთხრა იეჰოვამ იერემიას, ნუ გეშინიაო და რატომ არის ეს სიტყვები ჩვენთვისაც საყურადღებო?
13 ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზეც მოქმედებდა ის საშინელი მდგომარეობა, რომელიც იერუსალიმში ძვ. წ. 607 წელს მის განადგურებამდე არსებობდა. გასაკვირი არ არის, რატომ უთხრა ღმერთმა იერემიას: „ნუ გეშინია!“ (იერ. 1:8; გოდ. 3:57). იეჰოვამ იერემიას დაავალა ეს გამამხნევებელი სიტყვები თავისი ხალხისთვისაც ეთქვა (წაიკითხეთ იერემიას 46:27 ). რას ვსწავლობთ აქედან? რადგან საზარელ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ, ხანდახან შეიძლება შიში ჩვენც დაგვეუფლოს. მოვუსმენთ ასეთ დროს იეჰოვას, რომელიც, ფაქტობრივად, გვეუბნება: „ნუ გეშინია“? ამ წიგნის წინა თავებში განვიხილეთ, როგორ ეხმარებოდა ღმერთი იერემიას იმ პერიოდში, როცა იერუსალიმში საშიში ვითარება იყო. ახლა მოკლედ განვიხილოთ, როგორ განვითარდა მაშინ მოვლენები და ვნახოთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან.
14, 15. ა) რა საშიშ ვითარებაში აღმოჩნდა იერემია? ბ) როგორ შეასრულა იეჰოვამ თავისი დაპირება და როგორ დაიცვა იერემია?
14 ბაბილონელებმა იერუსალიმი ალყაში მოაქციეს და ქალაქში შიმშილობა ჩამოვარდა. ხალხი ლუკმა-პურს ნატრობდა (იერ. 37:21). თითქოს შიმშილი არ კმაროდა, იერემია დაიჭირეს და ისეთ ადგილას ჩააგდეს, რომელიც შეიძლებოდა მისთვის სამარე აღმოჩენილიყო. იუდას მთავრები მეფე ციდკიას საკუთარ ჭკუაზე ატარებდნენ და ადვილად დაიყოლიეს, რომ წინასწარმეტყველი ღრმა, ამომშრალ, ტალახიან ჭაში ჩაეგდოთ. იერემია, რომელიც ნელ-ნელა ტალახში ეფლობოდა, ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მის ადგილას რომ ყოფილიყავით, განა არ შეგეშინდებოდათ?! (იერ. 38:4—6).
15 მართალია, იერემია ჩვენნაირი მოკვდავი ადამიანი იყო, მაგრამ მას ეჭვი არ ეპარებოდა იეჰოვას დაპირებაში, რომ არასდროს მიატოვებდა (წაიკითხეთ იერემიას 15:20, 21 ). გაუმართლა იეჰოვამ მას ნდობა? დიახ! ღმერთმა აღძრა ებედ-მელექი, დაპირისპირებოდა მთავრებს და იერემია გადაერჩინა. მან მეფეს ნებართვა სთხოვა, წინასწარმეტყველი ჭიდან ამოეყვანა და ტალახში ჩახრჩობისგან ეხსნა (იერ. 38:7—13).
16. რა საფრთხისგან დაიცვა იეჰოვამ თავისი ერთგულები?
16 მართალია, იერემია ტალახიანი ჭიდან ამოიყვანეს და მიწაზე დადგა ფეხი, მაგრამ საფრთხე კვლავაც ემუქრებოდა. ებედ-მელექმა მეფეს უთხრა, რომ იერემია შიმშილით მოკვდებოდა, რადგან პური აღარ იყო ქალაქში (იერ. 38:9). იერუსალიმში შიმშილი იმდენად მძვინვარებდა, რომ ხალხი ადამიანის ხორცს ჭამდა. მაგრამ იეჰოვამ ამჯერადაც გადაარჩინა თავისი წინასწარმეტყველი. იერემიამ ებედ-მელექს გადასცა იეჰოვას სიტყვა, რომ ღმერთი მასაც გადაარჩენდა (იერ. 39:16—18). წინასწარმეტყველს არ დავიწყებია ღვთის დანაპირები: „შენთანა ვარ, რომ გიხსნა“ (იერ. 1:8). უზენაესი ღმერთი ამ ორი ერთგული მამაკაცის გვერდით იყო, ამიტომ ვერც შიმშილი და ვერც მტრები ვერაფერს დააკლებდნენ მათ. ამ განადგურებისთვის განწირულ ქალაქში ისინი სიკვდილს გადაურჩნენ. და ეს იმიტომ, რომ იეჰოვამ შეასრულა თავისი დაპირება (იერ. 40:1—4).
17. რატომ უნდა გჯეროდეთ, რომ იეჰოვა თავისი დაპირებისამებრ დაიცავს თავის მსახურებს?
17 ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ იესოს წინასწარმეტყველება თანდათან თავის კულმინაციას უახლოვდება. ახლო მომავალში „იქნება ნიშნები მზეზე, მთვარეზე და ვარსკვლავებზე; დედამიწაზე ხალხები გაიტანჯებიან და არ ეცოდინებათ გამოსავალი . . . ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს“ (ლუკ. 21:25, 26). დრო გვაჩვენებს, როგორ გამოჩნდება ეს ნიშნები და როგორ შეაძრწუნებს ხალხს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ იმაში, რომ იეჰოვას შეუძლია და სურვილიც აქვს, იხსნას თავისი ხალხი. მაგრამ მათი ბოლო, ვინც ღვთის კეთილგანწყობას ვერ დაიმსახურებს, სულ სხვაგვარი იქნება (წაიკითხეთ იერემიას 8:20; 14:9). ღვთის მსახურები ჭაში მყოფ იერემიას მსგავსად, ერთი შეხედვით, უიმედო მდგომარეობაშიც რომ აღმოჩნდნენ, ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას, რომ იხსნას ისინი. ებედ-მელექისთვის ნათქვამი ღვთის სიტყვები მის ხალხზეც შესრულდება: «„გადაგარჩენ და არ დაეცემი მახვილით. ნადავლად შენი სული გექნება, რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული, — ამბობს იეჰოვა“» (იერ. 39:18).
თქვენთვის ჩაწერილი სიტყვები
18. ა) რამ შეცვალა იერემიას ცხოვრება? ბ) როგორ გეხებათ იერემიას 1:7-ში ჩაწერილი ღვთის მითითება?
18 „ყველასთან უნდა წახვიდე, ვისთანაც გაგგზავნი, და ყველაფერი უნდა ილაპარაკო, რასაც გიბრძანებ“ (იერ. 1:7). იერემიას ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, როცა ღვთისგან ეს დავალება მიიღო. იმ დროიდან მოყოლებული მისი უმთავრესი საქმე „იეჰოვას სიტყვის“ გაცხადება იყო. ეს ფრაზა არაერთხელ გვხვდება წიგნ „იერემიაში“. თავისი წიგნის ბოლო თავში იერემია გვიამბობს იერუსალიმის დაპყრობისა და მისი უკანასკნელი მეფის, ციდკიას, გადასახლების შესახებ. იერემია მანამ ასწავლიდა და მოუწოდებდა იუდას ხალხს დამორჩილებოდა იეჰოვას, სანამ აშკარა არ გახდა, რომ მისი მისია დასრულდა.
19, 20. ა) რატომ არის იერემიას მსახურება თქვენთვის სამაგალითო? ბ) რა კავშირია ქადაგებასა და სიხარულსა თუ კმაყოფილებას შორის? გ) როგორ იმოქმედა თქვენზე „იერემიასა“ და „გოდების“ განხილვამ?
19 ბევრი მსგავსება არსებობს იერემიას მსახურებასა და დღეს იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო მსახურებას შორის. მის მსგავსად თქვენც ემსახურებით ჭეშმარიტ ღმერთს გასამართლების დროს. სხვა პასუხისმგებლობებთან ერთად, რომლებიც თქვენს დროსა და ენერგიას მოითხოვს, გევალებათ სასიხარულო ცნობის ქადაგება, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა დღეს. სასიხარულო ცნობის ქადაგებით განადიდებთ ღვთის დიდებულ სახელს და აღიარებთ, რომ ის არის უზენაესი მმართველი (წაიკითხეთ გოდების 5:19). როდესაც ხალხს ეხმარებით ჭეშმარიტი ღვთისა და მისი ნორმების გაცნობაში, ამით უდიდეს სიყვარულს ავლენთ მოყვასის მიმართ (იერ. 25:3—6).
20 იეჰოვასგან მიღებული დავალების შესახებ იერემიამ თქვა: „მივიღე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი; შენი სიტყვა ჩემი მხიარულებაა, გულის სიხარულია, რადგან შენი სახელით ვიწოდები, იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო!“ (იერ. 15:16). ასეთ სიხარულსა და კმაყოფილებას გრძნობს ყველა, ვინც ჭეშმარიტი ღვთის დავალებით მთელი სულითა და გულით ქადაგებს. ასე რომ, საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ, იერემიას მსგავსად განაგრძოთ იეჰოვას ცნობის გაცხადება.
როგორ გმატებთ გამბედაობას იერემიასა და ებედ-მელექის მაგალითები? რაში გინდათ, მიჰბაძოთ იერემიას ქადაგებისას?