თავი 7
„მე გავაძღობ დაღლილ სულს“
1. ყველაზე მეტად რომელ კურთხევას მოელით?
ახალი ქვეყნიერება! რა წარმოგიდგებათ თვალწინ ამ სიტყვების მოსმენისას? შესაძლოა, სრულყოფილი სხეული, უამრავი სასარგებლო საკვები, მშვიდობიანი ცხოველები, საკუთარი სახლი. ალბათ, გახსენდებათ ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ იმედის საფუძველს გაძლევთ. მაგრამ არანაკლები კურთხევებია საუკეთესო სულიერი და ემოციური ჯანმრთელობაც. მათ გარეშე სხვა ყველაფერი თავის ხიბლს კარგავს.
2, 3. რა დიდებული კურთხევის იმედს გვინერგავს იერემიას წიგნი?
2 ბაბილონიდან იუდეველების დაბრუნების შესახებ წინასწარმეტყველებისას ღმერთმა ისიც აღნიშნა, თუ რას იგრძნობდნენ სამშობლოში დაბრუნებულები: „მოიხდენ შენს დაირებს და გახვალ მოცინართა ცეკვის საცეკვაოდ“ (წაიკითხეთ იერემიას 30:18, 19; 31:4, 12—14 ). შემდეგ ისეთი რამ თქვა, რაც თქვენც გაგამხნევებთ: „მე გავაძღობ დაღლილ სულს და ავავსებ ყოველ დასუსტებულ სულს“ (იერ. 31:25).
3 რა დიდებული იმედია! იეჰოვა გააძღებდა ანუ გამოაცოცხლებდა დაღლილებს და გააძლიერებდა გულგატეხილებს. და რასაც ღმერთი გვპირდება, ასრულებს კიდეც. იერემიას წიგნი გვარწმუნებს, რომ ღმერთი ჩვენც გამოგვაცოცხლებს და გაგვაძლიერებს. მისი წიგნიდან იმასაც ვიგებთ, თუ როგორ შეგვიძლია დღესვე ვიყოთ ოპტიმიზმით განმსჭვალულნი და როგორ შევინარჩუნოთ მხნეობა. ასევე ვნახავთ, როგორ შეიძლება გავამხნევოთ სხვები და გამოვაცოცხლოთ „დაღლილი სულები“.
4. რატომ შეგვიძლია გავუგოთ იერემიას?
4 ზემოთ მოხსენიებული დაპირება იერემიასთვის ნუგეშის წყარო იყო და ჩვენც დიდად გვანუგეშებს. რატომ შეიძლება ამის თქმა? გავიხსენოთ, რა ეწერა ამ წიგნის პირველ თავში. როგორც ელია, იერემიაც „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (იაკ. 5:17). დავფიქრდეთ იმაზეც, თუ რატომ იყო იერემია ზოგჯერ გულგატეხილი და დათრგუნული. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდით თავს მსგავს ვითარებაში და დაფიქრდით, რატომ გიტეხავთ გულს ესა თუ ის სიტუაცია (რომ. 15:4).
5. შესაძლოა, რა იყო იერემიას გულგატეხილობის მიზეზი?
5 იერემიას გულგატეხილობა, ნაწილობრივ, შეიძლება მის მშობლიურ ქალაქში მცხოვრები ხალხის ბრალი იყო. წინასწარმეტყველი ლევიანთა ქალაქში, ანათოთში გაიზარდა, რომელიც იერუსალიმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. მას ამ ქალაქში, ალბათ, ნაცნობები და ნათესავებიც ჰყავდა. როგორც იესომ თქვა, წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში პატივს არ სცემენ და ეს მართლაც ასე იყო იერემიას შემთხვევაში (იოან. 4:44). ანათოთელებს უგულო და უპატივცემულო დამოკიდებულება ჰქონდათ იერემიას მიმართ. უფრო მეტიც, ერთხელ ღმერთმა თქვა მათზე, რომ ისინი იერემიას სულს დაეძებდნენ. ანათოთელები ემუქრებოდნენ წინასწარმეტყველს: „ნუ წინასწარმეტყველებ იეჰოვას სახელით, ჩვენი ხელით რომ არ მოკვდე“. მართლაც, რამხელა საფრთხეს უქმნიდნენ იერემიას მეზობლები და, შესაძლოა, ნათესავებიც — ის ადამიანები, რომლებიც წესით მას მხარში უნდა დასდგომოდნენ! (იერ. 1:1; 11:21).
6. თუ თანამშრომლები ან სხვები გეწინააღმდეგებიან, რა შეგიძლიათ ისწავლოთ იერემიასა და ანათოთელების შემთხვევიდან?
6 თუ მეზობლები, თანაკლასელები, თანამშრომლები ან, შესაძლოა, ოჯახის წევრები გეწინააღმდეგებიან, გაიხსენეთ, როგორ მოექცა იეჰოვა იერემიას და ეს დიდად განუგეშებთ. ღმერთმა უთხრა მას, რომ განიკითხავდა იმ ანათოთელებს, რომლებიც მის წინასწარმეტყველს ეწინააღმდეგებოდნენ (წაიკითხეთ იერემიას 11:22, 23). ღმერთმა დაარწმუნა იერემია, რომ არ მიატოვებდა და სწორედ ეს დაეხმარა მას წინააღმდეგობის დროს გულგატეხილობის დაძლევაში. მოგვიანებით ღმერთმა თავისი დაპირებისამებრ მართლაც განიკითხა ეს ხალხი და უბედურება დაატეხა თავს ანათოთელებს. იყავით დარწმუნებული, რომ იეჰოვას არაფერი რჩება მხედველობიდან (ფსალმ. 11:4; 66:7). თუ ყოველთვის ბიბლიური სწავლებების თანახმად მოიქცევით და იმას გააკეთებთ, რაც სწორია, შეიძლება ზოგიერთ მოწინააღმდეგესაც დაეხმაროთ, თავი დააღწიონ უბედურებას (1 ტიმ. 4:16).
როგორ ჩანს იერემიას წიგნიდან, რომ ღვთისთვის სულერთი არ არის თავისი ხალხის გრძნობები და, შესაძლოა, როგორ დაეხმარა ეს წინასწარმეტყველს?
გულგატეხილობის მიზეზები
7, 8. რა შეურაცხყოფის ატანა მოუწია იერემიას და როგორ იმოქმედა ამან მასზე?
7 იერემიას თავის მშობლიურ ქალაქში ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ სხვაგან უფრო სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებოდა. ერთხელ მას გამოჩენილი იერუსალიმელი მღვდელი, ფაშხურიa დაუპირისპირდა. წინასწარმეტყველების მოსმენის შემდეგ „გაარტყა ფაშხურმა წინასწარმეტყველ იერემიას და დაადო მას ხუნდები“ (იერ. 20:1, 2). როგორც ჩანს, გარტყმაში უბრალოდ სილის გაწვნა არ იგულისხმება. ზოგის აზრით, ფაშხურმა იერემია გააშოლტვინა ანუ 40-მდე როზგი დაარტყმევინა (კან. 25:3). ამ დროს შეიძლება ხალხი დასცინოდა იერემიას, შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდა და აფურთხებდა კიდეც. მაგრამ მხოლოდ ეს არ აკმარეს. ის ფაშხურის ბრძანებით მთელი ღამე ხუნდებდადებული ჰყავდათ. ებრაული სიტყვა, რომელიც ხუნდებად არის ნათარგმნი, იმაზე მიუთითებს, რომ ხუნდებდადებული მოხრილ და მოკაკულ მდგომარეობაში იყო. იერემიას, შესაძლოა, ხის ჩარჩოში მომწყვდეულს, საშინელი ტკივილის ატანა მოუწევდა იმ ღამეს.
8 როგორ იმოქმედა ამ განსაცდელმა იერემიაზე? მან ღმერთს უთხრა: „მთელი დღე სასაცილოდ მიგდებენ“ (იერ. 20:3—7). ისიც კი იფიქრა, რომ აღარ ექადაგა ღვთის სახელით. თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლო, რადგან ცნობა, რომელიც მას უნდა გადაეცა ხალხისთვის „ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით“ უგიზგიზებდა და აიძულებდა, ექადაგა (წაიკითხეთ იერემიას 20:8, 9).
9. რატომ იქნება ჩვენთვის გამამხნევებელი იერემიას შემთხვევაზე დაფიქრება?
9 ეს შემთხვევა ნამდვილად გაგვამხნევებს, თუ ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები ან თანაკლასელები დაგვცინიან და აბუჩად გვიგდებენ. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ამის გამო ზოგჯერ გულგატეხილობა დაგვეუფლება. ასეთ მდგომარეობაში მაშინაც შეიძლება აღმოვჩნდეთ, როცა რწმენის გამო ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებენ. იერემიას, რომელიც არასრულყოფილი ადამიანი იყო, ასეთი გრძნობები დაეუფლა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩვენც იგივე დაგვემართოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის დახმარებით იერემიამ სიხარული დაიბრუნა და უფრო გაბედული გახდა. მისი გულგატეხილობა დროებითი აღმოჩნდა და ეს შეიძლება ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდეს (2 კორ. 4:16—18).
10. რას ვიგებთ ბიბლიიდან იერემიას გუნება-განწყობილების შესახებ?
10 ზოგჯერ იერემიას საგრძნობლად ეცვლებოდა გუნება-განწყობილება. ყოფილა ისე, რომ ერთ წუთში ბედნიერებასა და სიხარულს განიცდიდით, მეორე წუთში კი მწუხარება და დარდი შემოგწოლიათ? ყურადღება მიაქციეთ, როგორ გამოხატავს იერემია თავის სიხარულს მე-20 თავის მე-12 და მე-13 მუხლებში (წაიკითხეთ). ფაშხურისგან გათავისუფლებულმა იერემიამ სიხარულით შეადარა საკუთარი თავი „ბოროტმოქმედთა ხელიდან“ დახსნილ ღარიბ კაცს. ალბათ თქვენც არაერთხელ გაგჩენიათ სურვილი ხოტბა შეგესხათ იეჰოვასთვის მაშინ, როცა, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოხვედით ან სასიხარულო ამბავი მოხდა თქვენს პირად ცხოვრებაში თუ ქრისტიანულ მსახურებაში. ეს მართლაც შეუდარებელი გრძნობაა! (საქ. 16:25, 26).
11. თუ ზოგჯერ გვეცვლება გუნება-განწყობილება, რაში დაგვეხმარება იერემიას მაგალითის გახსენება?
11 ყველანი არასრულყოფილები ვართ და იერემიას მსგავსად შეიძლება ზოგჯერ ჩვენც შეგვეცვალოს გუნება-განწყობილება. დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც იერემიამ ხალხს მოუწოდა, იეჰოვასთვის ემღერათ, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და, შესაძლოა, თვალზე ცრემლიც კი მოადგა (წაიკითხეთ იერემიას 20:14—16 ). ის იმდენად დამწუხრებული იყო, რომ ფიქრობდა, ჰქონდა თუ არა საერთოდ მის ცხოვრებას აზრი. გულდამძიმებულმა თქვა, რომ კაცი, რომელმაც მისი დაბადება ახარა მამამისს, სოდომისა და გომორასავით უნდა დაწყევლილიყო და განადგურებულიყო. მაგრამ დარჩებოდა იერემია ბოლომდე გულგატეხილი და იფიქრებდა, რომ ვეღარასდროს გამოვიდოდა ამ მდგომარეობიდან? არა. პირიქით, ის ცდილობდა, მორეოდა თავის გრძნობებს და არცთუ უშედეგოდ. ვნახოთ, რა არის ნათქვამი შემდეგ იერემიას წიგნში. ერთ-ერთი მთავარი, სახელად ფაშხური, მეფე ციდკიას დავალებით მივიდა იერემიასთან, რათა გაეგო, რა ელოდა იერუსალიმს, რომელიც ბაბილონელებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული. იერემიამ უყოყმანოდ განუცხადა ღვთის განაჩენი და უთხრა, როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი (იერ. 21:1—7). ჩანს, რომ იერემიას არ შეუწყვეტია წინასწარმეტყველება.
12, 13. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ გუნება-განწყობილება საგრძნობლად გვეცვლება?
12 არიან ქრისტიანები, რომელთათვისაც უცხო არ არის გუნება-განწყობილების ცვალებადობა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევა ან ბიოქიმიური დისბალანსი. ამ დროს გამოცდილი ექიმის ჩარევით, შესაძლოა, ასეთ ადამიანს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა (ლუკ. 5:31). ბევრის შემთხვევაში ეს გრძნობები ზომიერების ფარგლებს არ სცილდება. უარყოფითი გრძნობები, როგორც ჩანს, უბრალოდ ჩვენი, არასრულყოფილი ადამიანების, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს გრძნობები შეიძლება გადაღლილობამ ან საყვარელი ადამიანის სიკვდილმა გამოიწვიოს. თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უნდა გვახსოვდეს, რომ იერემიაც იყო მსგავს მდგომარეობაში, მაგრამ ღვთის კეთილგანწყობა არ დაუკარგავს. ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად, შესაძლოა, საჭირო იყოს დღიური განრიგის შეცვლა და უფრო მეტი დასვენება. ან, შესაძლოა, დრო იყოს საჭირო, საყვარელი ადამიანის დაკარგვით მიღებული ჭრილობის მოსაშუშებლად. ამასთანავე, უაღრესად მნიშვნელოვანია, არ შევწყვიტოთ ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარული და სხვა თეოკრატიულ საქმეებში მონაწილეობის მიღება. ამის წყალობით გაწონასწორებულობას და ღვთის მსახურებაში სიხარულს შევინარჩუნებთ (მათ. 5:3; რომ. 12:10—12).
13 არა აქვს მნიშვნელობა ერთხელ დაგეუფლათ გულგატეხილობა, იშვიათად ვარდებით ამ მდგომარეობაში, თუ ის თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, იერემიას მაგალითი თქვენთვის მაინც მანუგეშებელი იქნება. როგორც უკვე მოვიხსენიეთ, ზოგჯერ იერემიაც ვარდებოდა გულგატეხილობაში. მაგრამ ის არ აძლევდა გულგატეხილობას იმის უფლებას, რომ ჩამოეშორებინა ღვთისგან, რომელიც უყვარდა და რომელსაც ერთგულად ემსახურებოდა. როცა მისი მტრები სიკეთეს ბოროტებით უხდიდნენ, ის იეჰოვასთან ეძებდა შველას და მას ენდობოდა (იერ. 18:19, 20, 23). ეცადეთ, მუდამ იერემიას მსგავსად მოიქცეთ (გოდ. 3:55—57).
თუ ზოგჯერ გულგატეხილობა გეუფლებათ ან სასოწარკვეთილებაში ვარდებით, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ იერემიას წიგნში ჩაწერილი ინფორმაცია?
გაამხნევებთ დაღლილ სულებს?
14. უმთავრესად ვინ იყო იერემიას გამხნევების წყარო?
14 მოდი, დავფიქრდეთ, ვინ და როგორ გაამხნევა იერემია და თვითონ როგორ ამხნევებდა „დაღლილ სულებს“ (იერ. 31:25). წინასწარმეტყველის გამხნევების წყარო, უმთავრესად, იეჰოვა იყო. წარმოიდგინეთ, როგორი მანუგეშებელი იქნებოდა, იეჰოვას თქვენთვის რომ ეთქვა: „აი, გამაგრებულ ქალაქად . . . გაქციე დღეს . . . შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომ გიხსნა“ (იერ. 1:18, 19). გასაკვირი არ არის, რატომ მიმართა იერემიამ იეჰოვას ასეთი სიტყვებით: „ჩემო ძალავ და ჩემო სიმაგრევ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის დღეს“ (იერ. 16:19).
15, 16. როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ სხვების გამხნევებისას ის, თუ როგორ გაამხნევა იეჰოვამ იერემია?
15 ყურადღება მიაქციეთ, რა უთხრა იეჰოვამ იერემიას: „შენთანა ვარ“. რაზე მიგანიშნებთ ეს სიტყვები და რის გაკეთებისკენ გიბიძგებთ, როცა ვინმეს გამხნევება სჭირდება? ერთია დაინახო, რომ თანაქრისტიანს ან ნათესავს თანადგომა სჭირდება და მეორეა, საჭირო დახმარება აღმოუჩინო. ხშირად საუკეთესოა, სწორედ ისე მოვიქცეთ, როგორც იეჰოვა მოიქცა იერემიას შემთხვევაში — უბრალოდ, ვიყოთ გულდამძიმებული ადამიანის გვერდით. და როცა საშუალება მოგეცემათ, სიტყვებითაც გაამხნევეთ ის, ოღონდ თავს ნუ მოაბეზრებთ. რამდენიმე კარგად შერჩეული სიტყვით ნამდვილად შეძლებთ მის დახმარებასა და დამშვიდებას. არ არის აუცილებელი მჭევრმეტყველება. გამოიყენეთ უბრალო სიტყვები, რომლებშიც ჩანს, რომ დაინტერესებული ხართ მისით, ზრუნავთ მასზე და გიყვართ ის. ასეთ სიტყვებს დიდი ძალა აქვს (წაიკითხეთ იგავების 25:11 ).
16 „იეჰოვა, გამიხსენე, მომხედე“, — შესთხოვა იერემიამ იეჰოვას. რა მოხდა შემდეგ? წინასწარმეტყველი ამბობს: „მივიღე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი; შენი სიტყვა ჩემი მხიარულებაა, გულის სიხარულია“ (იერ. 15:15, 16). იქნებ მას, ვისი გამხნევებაც გინდათ, სწორედ ასეთი ყურადღება სჭირდება. ცხადია, თქვენს ნათქვამს ისეთივე ძალა არ ექნება, როგორიც იეჰოვას სიტყვებს, თუმცა შეგიძლიათ მისი სიტყვები მოიშველიოთ. გულწრფელი, გულითადი და ბიბლიაზე დაფუძნებული ნათქვამი შეიძლება დათრგუნულ ადამიანს მალამოსავით დაედოს გულზე (წაიკითხეთ იერემიას 17:7, 8).
17. რა მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ ამ აბზაცში მოყვანილი ორი შემთხვევიდან?
17 მართალია, იერემიას სჭირდებოდა გამხნევება და იეჰოვა ამხნევებდა კიდეც თავის წინასწარმეტყველს, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ თვითონ იერემიაც ამხნევებდა სხვებს. ერთხელ მეფე ციდკიამ უთხრა მას, რომ იმ იუდეველების შიში ჰქონდა, რომლებიც ბაბილონელებთან იყვნენ შეკრულნი. წინასწარმეტყველმა დაამშვიდა მეფე და ურჩია, დამორჩილებოდა იეჰოვას და ყველაფერი კარგად წარიმართებოდა (იერ. 38:19, 20). იერუსალიმის დაცემის შემდეგ იუდეველთა მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა იუდაში და ჯარის მეთაური იოხანანი ეგვიპტეში აპირებდა მათ წაყვანას, თუმცა გადაწყვიტა, ჯერ იერემიასთვის ეკითხა რჩევა. იერემიამ მოუსმინა იოხანანს, მერე იეჰოვას მიმართა ლოცვით, ბოლოს მიღებული პასუხი მას გადასცა და უთხრა, რომ თუ ღვთის მითითებისამებრ იუდას მიწაზე დარჩებოდნენ, არაფერი გაუჭირდებოდათ (იერ. 42:1—12). ამ შემთხვევებიდან კარგად ჩანს, რომ სანამ რამეს ეტყოდა ციდკიასა და იოხანანს, იერემიამ ჯერ კარგად მოუსმინა მათ. სხვები რომ გაამხნევოთ, კარგი მსმენელი უნდა იყოთ. დამწუხრებულს შესაძლებლობა უნდა მისცეთ, გულში ნადები გადმოღვაროს. მოუსმინეთ, როცა გიყვებათ, რა აწუხებს ან რისი ეშინია. შეარჩიეთ სათანადო დრო გამამხნევებელი სიტყვების სათქმელად. ცხადია, ღმერთი არ გამოგეცხადებათ და არ გეტყვით, როგორ გაამხნევოთ დამწუხრებული ადამიანი, თუმცა შეგიძლიათ მოიყვანოთ გამამხნევებელი აზრები მისი სიტყვიდან, განსაკუთრებით კი ის აზრები, რომლებიც ბედნიერ მომავალს ეხება (იერ. 31:7—14).
18, 19. როგორ გაამხნევა იერემიამ რექაბელები და ებედ-მელექი და რას ვსწავლობთ ამ შემთხვევებიდან?
18 არც ციდკიამ გაითვალისწინა იერემიას რჩევა და არც იოხანანმა და შეიძლება არც დღეს გაითვალისწინოს ყველამ თქვენი რჩევა. მაგრამ გული არ გაიტეხოთ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აფასებდნენ იერემიას რჩევებს და ასე იქნება თქვენს შემთხვევაშიც. გავიხსენოთ კენიელი რექაბელები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე იუდეველებს შორის ცხოვრობდნენ. მათ თავიანთი წინაპრის, იეჰონადაბის ბრძანების თანახმად, ღვინო არ უნდა დაელიათ, რადგან ხიზნები იყვნენ იმ ქვეყანაში. როდესაც ბაბილონელებმა იუდაზე გაილაშქრეს, იერემიამ ღვთის მითითებით რექაბელები ტაძრის ერთ-ერთ სასადილო ოთახში შეიყვანა და ღვინო დაუდგა წინ. ურჩი ისრაელებისგან განსხვავებით, მათ დიდი პატივისცემა გამოავლინეს თავიანთი წინაპრისადმი, დაემორჩილნენ მის მითითებას და არ დალიეს ღვინო (იერ. 35:3—10). იერემიამ უთხრა მათ, რომ იეჰოვამ მოიწონა მათი ერთგულება და მშვიდობიანი მომავალი აღუთქვა (წაიკითხეთ იერემიას 35:14, 17—19). აქედან გამომდინარე, ვინმეს გამხნევებისას ყოველთვის იხელმძღვანელეთ შემდეგი დევიზით: შეაქეთ გულწრფელად სხვები, თუ ეს შესაძლებელია.
19 იერემია სწორედ ასე მოექცა ეთიოპ ებედ-მელექს, რომელიც მეფე ციდკიას კარზე მსახურობდა. იუდას მთავრებმა უსამართლობა ჩაიდინეს და იერემია ტალახიან ჭაში ჩააგდეს, რათა მომკვდარიყო იქ. ებედ-მელექს წინასწარმეტყველის გადარჩენა სურდა, ამიტომ თხოვნით მიმართა მეფე ციდკიას გაეთავისუფლებინა ის და მანაც დააკმაყოფილა მისი სათხოვარი. ეს უცხო ქვეყნის შვილი არ შეუშინდა შესაძლო საფრთხეს (იერ. 38:7—13). ასეთი მოქმედებით ებედ-მელექმა იუდას მთავრები მტრად გადაიკიდა და, შესაძლოა, ფიქრობდა, რომ ეს კარგს არაფერს უქადდა. იერემიას არ უფიქრია, რომ ებედ-მელექი თავისით გაუმკლავდებოდა ამ განცდებს. ის დაელაპარაკა მას, გაამხნევა და უთხრა, რომ ღმერთი კურთხევებს არ მოაკლებდა (იერ. 39:15—18).
20. რის გაკეთება უნდა გვსურდეს ჩვენი და-ძმებისთვის, ახალგაზრდებისა თუ მოხუცებისთვის?
20 მართლაც, იერემიას წიგნის კითხვისას იმის არაერთ შესანიშნავ მაგალითს ვხედავთ, თუ როგორ შეგვიძლია მივყვეთ მოციქულ პავლეს მიერ თესალონიკელი ქრისტიანებისთვის მიცემულ რჩევას: „ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი . . . გქონდეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წყალობა“ (1 თეს. 5:11, 28).
როგორ ამხნევებდა იერემია დაღლილ სულებს და როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მას ამაში?
a ციდკიას მეფობის დროს მცხოვრებმა კიდევ ერთმა ფაშხურმა, იუდას ერთ-ერთმა მთავარმა, მეფეს სთხოვა, მოეკლა იერემია (იერ. 38:1—5).