იეჰოვა სიყვარულით ზრუნავს თავის ხანდაზმულ მსახურებზე
„ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრ. 6:10).
1, 2. ა) რა შეიძლება გაგვახსენდეს თმაგათეთრებული და-ძმების დანახვაზე? ბ) როგორ უყურებს იეჰოვა ხანდაზმულ ქრისტიანებს?
ჭაღარა, თმაგათეთრებული და-ძმების დანახვაზე შეიძლება წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში ჩაწერილი ხილვა გაგახსენდეთ. ამ ხილვის მიხედვით, იეჰოვა ღმერთს თეთრი თმა აქვს. დანიელი წერს: „ვიყურებოდი, სანამ ტახტები არ დაიდგა და ძველი დღეთა არ დაჯდა. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და მისი თმა — სუფთა მატყლივით“ (დან. 7:9).
2 ხშირ შემთხვევაში მატყლი თეთრი ფერისაა. „თეთრი თმა“ და „ძველი დღეთა“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ღმერთი მარადიული და ყოვლადბრძენია, რაც მის მიმართ უდიდესი პატივისცემით განგვაწყობს. როგორ უყურებს „ძველი დღეთა“, იეჰოვა, თავის ერთგულ ხანდაზმულ მსახურებს? ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზე იპოვება“ (იგავ. 16:31). ერთგული გაჭაღარავებული და თმაგათეთრებული ქრისტიანები იეჰოვას თვალში ძვირფასნი არიან. თქვენც ისევე უყურებთ მოხუც და-ძმებს, როგორც იეჰოვა?
რატომ არიან ასე ძვირფასნი?
3. რატომ არიან ასე ძვირფასნი ხანდაზმული ქრისტიანები?
3 ღვთის ხანდაზმულ მსახურებს შორის არიან იეჰოვა მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრები, მიმომსვლელი ზედამხედველები, პიონერები და ის და-ძმები, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. შეიძლება იცნობთ კიდეც მათ, ვინც დიდი ხანია სასიხარულო ცნობას ქადაგებს, კარგ მაგალითს აძლევს ახალგაზრდებს და სწორი გზის არჩევაში ეხმარება. ბევრ ხანდაზმულ ქრისტიანს უტარებია პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი და ბევრიც დევნის მსხვერპლი გამხდარა სასიხარულო ცნობის გულისთვის. იეჰოვა და „ერთგული და გონიერი მონა“ დიდად აფასებენ მათ სამეფო საქმეში შეტანილი წვლილისთვის (მათ. 24:45).
4. რატომ უნდა ვცეთ პატივი ხანდაზმულ და-ძმებს და რატომ უნდა მოვიხსენიოთ ისინი ლოცვებში?
4 ეს ერთგული და-ძმები იეჰოვას სხვა თაყვანისმცემლებისგან პატივისცემას იმსახურებენ. როგორც ღვთის კანონიდან ჩანს, რომელიც მოსეს მეშვეობით გადაეცა ისრაელ ერს, მოხუცთა მიმართ ყურადღება და პატივისცემა ღვთისმოშიშებაზე მეტყველებს (ლევ. 19:32). ეს ერთგული ადამიანები ლოცვებში უნდა მოვიხსენიოთ და მადლობა გადავუხადოთ ღმერთს მათ მიერ გაწეული შრომისთვის. პავლე მოციქული თავის ლოცვებში იხსენიებდა როგორც ხანდაზმულ, ისე ახალგაზრდა თანაქრისტიანებს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 1:2, 3).
5. რა მხრივაა სასარგებლო იეჰოვას ხანდაზმულ მსახურებთან ურთიერთობა?
5 ხანში შესულ ქრისტიანებთან ურთიერთობა ყველასთვის სასარგებლოა. წლების მანძილზე მათ უდიდესი ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს პირადი შესწავლითა და დაკვირვებით; ისწავლეს მოთმინება და გახდნენ თანამგრძნობნი. ისინი დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას გრძნობენ, როდესაც მომავალ თაობებს თავიანთ ცოდნას უზიარებენ (ფსალმ. 71:18). ახალგაზრდებო, ბრძნულად მოიქეცით, და როგორც ჭიდან წყალი, ისე „ამოხაპეთ“ ცოდნა ხანდაზმულებისგან (იგავ. 20:5).
6. როგორ დავანახვოთ ხანდაზმულ ქრისტიანებს, რომ ჩვენთვის ძვირფასნი არიან?
6 გრძნობენ ხანდაზმულები, რომ თქვენც ისე აფასებთ მათ, როგორც იეჰოვა აფასებს? უთხარით, რომ ძალიან გიყვართ ისინი იმის გამო, რომ ერთგულები არიან, და აფასებთ მათ აზრს. თუ გაითვალისწინებთ მათ რჩევებს, ეს თქვენი მხრიდან გულწრფელი პატივისცემის გამოვლენა იქნება. დღეს ბევრ მოხუც ქრისტიანს შეუძლია გაიხსენოს, როგორ გამოადგათ ხანდაზმული და-ძმებისგან თავის დროზე მიღებული რჩევებიa.
მხარში ამოუდექით ხანდაზმულებს
7. ძირითადად ვისი მოვალეობაა ხანდაზმულებზე ზრუნვა?
7 ხანდაზმულებზე ზრუნვა ღმერთმა ძირითადად ოჯახის წევრებს დაავალა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:4, 8). იეჰოვას სიამოვნებს, როდესაც ოჯახის წევრები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და ხანდაზმულებზე ზრუნავენ. ღმერთი მხარში უდგას ასეთ ოჯახებს და კურთხევებს არ აკლებს გაწეული ძალისხმევისა თუ გაღებული მსხვერპლისთვისb.
8. რატომ უნდა იზრუნონ კრების წევრებმა ხანში შესულ ქრისტიანებზე?
8 იეჰოვას ისიც სიამოვნებს, როდესაც კრების წევრები ეხმარებიან გასაჭირში მყოფ ხანდაზმულ ქრისტიანებს, რომელთა ოჯახის წევრებიც არ არიან მორწმუნეები და არ ზრუნავენ მათზე (1 ტიმ. 5:3, 5, 9, 10). როდესაც კრების წევრები ასეთ ხანდაზმულ და-ძმებზე ზრუნავენ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მათ მიმართ „გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი და დიდად თანამგრძნობნი“ არიან (1 პეტ. 3:8). ხანდაზმულებისადმი მათ დამოკიდებულებას კარგად ასახავს პავლე მოციქულის სიტყვები, რომელმაც აღნიშნა: „თუ სხეულის ერთი ნაწილი იტანჯება, მასთან ერთად იტანჯება ყველა“ (1 კორ. 12:26). თუ ხანდაზმულ და-ძმებს მხარში ვუდგავართ, ესე იგი ვითვალისწინებთ პავლე მოციქულის რჩევას, რომელმაც დაწერა: „ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით შეასრულეთ ქრისტეს კანონი“ (გალ. 6:2).
9. რა სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს ასაკის მატებამ?
9 რა ტვირთის ტარება უწევთ მოხუცებულ და-ძმებს? ბევრი მათგანი ადვილად იღლება, ელემენტარული საქმის გაკეთებაც კი დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებათ, მაგალითად, ექიმთან წასვლა, გადასახადის გადახდა, სახლის დალაგება თუ საჭმლის მომზადება. ხშირ შემთხვევაში ხანდაზმულებს მადა და წყურვილის გრძნობა ეკარგებათ. იგივე შეიძლება დაემართოთ სულიერი თვალსაზრისითაც. მხედველობისა და სმენის დაქვეითების გამო შეიძლება გაუჭირდეთ კითხვა და კრების შეხვედრებზე პროგრამის მოსმენა. ამის გამო ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება შეიძლება ტვირთად ექცეთ. რით შეუძლიათ კრების წევრებს ხანდაზმულთა დახმარება?
რით შეგვიძლია დავეხმაროთ?
10. რა შეიძლება გააკეთონ უხუცესებმა ხანდაზმული და-ძმების დასახმარებლად?
10 ბევრ კრებაში მოხუც და-ძმებს კრების წევრები მზრუნველობას არ აკლებენ. ისინი ყიდულობენ მათთვის სურსათს, ეხმარებიან საჭმლის მომზადებაში და სახლის დალაგებაში; ერთად იკვლევენ ბიბლიას, ერთად ემზადებიან კრების შეხვედრებისთვის და რეგულარულად მსახურობენ მათთან ერთად. ახალგაზრდა და-ძმებს ისინი კრებაზე დაჰყავთ. თუ მოხუცებს სახლიდან გასვლა არ შეუძლიათ, პროგრამას ან ტელეფონით ასმენინებენ ან მათთვის აუდიოჩანაწერებს აკეთებენ. უხუცესები ზრუნავენ იმაზე, რომ თავიანთ კრებაში ხანდაზმულ და-ძმებს საჭირო დახმარება აღმოუჩინონc.
11. მოყევით, როგორ დაეხმარა ერთი ოჯახი მოხუც ძმას.
11 თითოეულ ქრისტიანს შეუძლია სტუმართმოყვარეობისა და გულუხვობის გამოვლენა. როდესაც ერთ მოხუც ძმას მეუღლე გარდაეცვალა, ბინის ქირის გადასახდელად მხოლოდ თავისი პენსია აღარ ჰყოფნიდა. ადრე ისინი ბიბლიას ასწავლიდნენ ერთ ცოლ-ქმარს და მათ ორ გოგონას. ამ ოჯახს დიდი სახლი ჰქონდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მათ ამ მოხუც ძმას ორი ოთახი დაუთმეს. თხუთმეტი წლის განმავლობაში ეს ძმა ისე გრძნობდა თავს, როგორც მათი ოჯახის წევრი; ერთად ჭამდნენ და დროსაც ერთად ატარებდნენ. ოჯახის წევრებმა ბევრი რამ ისწავლეს ამ მოხუცი ძმისგან. მათთან ურთიერთობით იგი თავადაც ხარობდა. ეს ძმა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სიცოცხლის ბოლომდე მათთან ცხოვრობდა. ამ ოჯახის წევრები დღესაც ემადლიერებიან ღმერთს იმისათვის, რაც ამ ძმისგან ისწავლეს. მათ ‘არ დაეკარგათ თავიანთი საზღაური’ იმის გამო, რომ იესო ქრისტეს მოწაფეს დახმარების ხელი გაუწოდეს (მათ. 10:42)d.
12. რით შეგიძლიათ დაანახვოთ მოხუც და-ძმებს, რომ ზრუნავთ მათზე?
12 ყველას არ შეუძლია ამ ოჯახის მსგავსად აღმოუჩინოს დახმარება მოხუც დას ან ძმას, მაგრამ მათი წაყვანა კრების შეხვედრებზე და მათთან ერთად ქადაგება შესაძლებელია. შეგიძლიათ აგრეთვე სტუმრად დაპატიჟოთ ან თან წაიყვანოთ, როდესაც ქალაქგარეთ მიდიხართ; თუ ავად არიან ან ლოგინს არიან მიჯაჭვულნი, შეგიძლიათ მოინახულოთ. ნუ მოექცევით მათ ისე, როგორც ბავშვებს. ვიდრე საღად აზროვნებენ, ნუ მიიღებთ მათ გარეშე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ეხებათ. ის ხანდაზმულებიც კი, ვისაც აზროვნების უნარი დაქვეითებული აქვს, ხედავენ, როდესაც უპატივცემულოდ ეპყრობიან.
იეჰოვა არ დაივიწყებს თქვენს შრომას
13. რატომაა აუცილებელი ხანდაზმულთა გრძნობების გათვალისწინება?
13 აუცილებელია ხანდაზმულთა გრძნობების გათვალისწინება. ხშირად მათ უჭირთ იმასთან შეგუება, რომ იმდენს ვეღარ აკეთებენ, რამდენსაც მაშინ, როდესაც ახალგაზრდული ენერგია ჰქონდათ და უფრო ჯანმრთელები იყვნენ. ერთი და დაახლოებით 50 წელი აქტიურად ემსახურებოდა იეჰოვას და ერთ დროს პიონერადაც მსახურობდა. მაგრამ მძიმე დაავადებამ ძალები გამოაცალა, რის გამოც კრების შეხვედრებზე ძლივსღა დადიოდა. როცა გაიხსენა, ადრე როგორ მსახურობდა, ატირდა. შემდეგ სინანულით აღმოხდა: „ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებ“.
14. როგორ ამხნევებს ფსალმუნები იეჰოვას ხანდაზმულ მსახურებს?
14 დროდადრო თქვენც ხომ არ გეუფლებათ ასეთი მტანჯველი გრძნობა? ხომ არ ფიქრობთ ზოგჯერ, რომ იეჰოვამ მიგატოვათ? შესაძლოა ფსალმუნმომღერალიც იმავეს ფიქრობდა, როდესაც იეჰოვას სთხოვდა: „ნუ მიმაგდებ სიბერეში, ნუ მიმატოვებ, როცა ძალა გამომეცლება. ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო“ (ფსალმ. 71:9, 18). რასაკვირველია, იეჰოვა არ მიატოვებდა ფსალმუნმომღერალს, და არც თქვენ მიგატოვებთ. ერთ ფსალმუნში დავითი წერდა, რომ ღვთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 68:19). დარწმუნებული იყავით, რომ თუ იეჰოვას ერთგულად ემსახურებით, ის თქვენ გვერდით იქნება და ყოველდღე იზრუნებს თქვენზე.
15. რა დაეხმარება ხანდაზმულებს ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნებაში?
15 ძვირფასო ხანდაზმულებო, იეჰოვას არასოდეს ავიწყდება ის, რაც აქამდე გაგიკეთებიათ და რასაც დღეს აკეთებთ მის განსადიდებლად. „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“, — ნათქვამია ბიბლიაში (ებრ. 6:10). იმედს ნუ დაკარგავთ. ნუ იფიქრებთ, რომ ასაკის გამო იეჰოვასთვის აღარაფრის გაკეთება შეგიძლიათ. ეცადეთ, პესიმისტური განწყობა ოპტიმისტურით შეცვალოთ. გაიხარეთ მომავლის იმედით და იმ კურთხევებით, რომელიც დღემდე მიგიღიათ. ჩვენი შემოქმედი საუკეთესო „მომავლისა და იმედის“ გარანტიას გვაძლევს (იერ. 29:11, 12; საქ. 17:31; 1 ტიმ. 6:19). იფიქრეთ მომავალზე და შეინარჩუნეთ ახალგაზრდული სულისკვეთება. ნურასოდეს იფიქრებთ, რომ კრებას ვერაფრით ეხმარებითe.
16. რატომ გადაწყვიტა ერთმა მოხუცმა ძმამ, რომ უარი ეთქვა უხუცესად მსახურებაზე, მაგრამ როგორ გაამხნევეს კრების უხუცესებმა?
16 ოთხმოცი წლის იოჰანი თავის ინვალიდ ცოლს, სანისf, რომელიც დღემდე ღვთის ერთგულია, ყურადღების გარეშე ერთი წუთითაც ვერ ტოვებს. დები მორიგეობით რჩებიან სანისთან და საშუალებას აძლევენ იოჰანს, რომ კრების შეხვედრებს დაესწროს და იქადაგოს. თუმცა რამდენიმე ხნის წინ იოჰანი ემოციურად იმდენად გამოიფიტა, რომ გადაწყვიტა უხუცესად მსახურებაზე უარი ეთქვა. უხუცესებს თვალცრემლიანი ეუბნებოდა: „რა აზრი აქვს ჩემს უხუცესობას, ძველებურად ვეღარ ვასრულებ ჩემს მოვალეობას“. უხუცესებმა დაარწმუნეს, რომ თავისი გამოცდილებითა და განსჯის უნარით კრებას დიდ დახმარებას უწევდა. მათ გაამხნევეს და წაახალისეს, რომ კვლავაც ემსახურა უხუცესად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვეღარ აკეთებდა. იოჰანი დღესაც მსახურობს უხუცესად და კრების წინსვლაში თავისი წვლილი შეაქვს.
იეჰოვა მზრუნველობას არ აკლებს ხანდაზმულებს
17. რაში არწმუნებს ბიბლია ხანდაზმულ ქრისტიანებს?
17 როგორც ბიბლია ადასტურებს, ასაკის მიუხედავად ხანდაზმულებს შეუძლიათ სულიერად გამდიდრდნენ. ფსალმუნმომღერალი წერდა: „ღვთის ეზოებში დანერგილნი . . . გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნულნი იქნებიან, ძალით სავსენი და ქორფანი“ (ფსალმ. 92:13, 14). მოციქული პავლე, რომელსაც შესაძლოა სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, ‘სულით არ ეცემოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგანი კაცი ჭკნებოდა’ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:16—18).
18. რატომ საჭიროებენ ხანდაზმულები და მათი ოჯახის წევრები კრებისგან მხარდაჭერას?
18 ბევრი თანამედროვე მაგალითი ადასტურებს, რომ ხანდაზმულები ‘იფურჩქნებიან’. თუმცა ავადმყოფობამ და სიბერემ შეიძლება მათაც კი გამოაცალოს ძალები, ვისაც ოჯახი მზრუნველობას არ აკლებს. გადაღლისგან არც ოჯახის წევრები არიან დაზღვეულნი. კრების წევრებისთვის დიდი პატივია და მოვალენიც არიან ისინი, რომ დაეხმარონ მოხუც და-ძმებს და მხარში ამოუდგნენ მათი ოჯახის წევრებს (გალ. 6:10). ასეთი და-ძმები ხანდაზმულებს მხოლოდ იმას კი არ ეუბნებიან, ‘თავი არ მოიმშიოთ და არ შეიციოთო’, არამედ პრაქტიკულადაც ეხმარებიან (იაკ. 2:15—17).
19. რატომ უნდა უყურონ ხანდაზმულმა ქრისტიანებმა მომავალს იმედის თვალით?
19 ხანდაზმულობის გამო ქრისტიანმა შეიძლება ძველებურად ვეღარ იმსახუროს, მაგრამ იეჰოვას მაინც უყვარს თავისი ერთგული მსახურები. ღმერთი არასოდეს მიატოვებს მათ, რადგან მის თვალში ძვირფასნი არიან (ფსალმ. 37:28; ეს. 46:4). იეჰოვა იზრუნებს ხანდაზმულებზე და წაუძღვება სიბერეში (ფსალმ. 48:14).
[სქოლიოები]
a იხილეთ სტატია „ხანდაზმულები — კურთხევა ახალგაზრდებისთვის“, 2007 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“.
b იხილეთ „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, თავი 15, სათაურით „პატივი ეცით მოხუც მშობლებს“.
c ზოგ ქვეყანაში უხუცესები ზრუნავენ იმაზე, რომ ხანდაზმულებმა სახელმწიფოსგან დახმარება მიიღონ. იხილეთ სტატია „ღმერთი ზრუნავს ხანდაზმულებზე“, 2006 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“.
d იხილეთ სტატია „იეჰოვა ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე“, 2003 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“.
e იხილეთ სტატია „ჭაღარა მათი მშვენებაა“, 1993 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“.
f სახელები შეცვლილია.
როგორ უპასუხებთ?
• რატომ არიან თქვენთვის ძვირფასნი ერთგული ხანდაზმული ქრისტიანები?
• როგორ ამოვუდგეთ მხარში ჩვენს მოხუც და-ძმებს?
• რა დაეხმარება იეჰოვას ხანდაზმულ მსახურებს, რომ ოპტიმისტური განწყობა ჰქონდეთ?
[სურათები 18 გვერდზე]
კრების წევრები ხანდაზმულებს ყურადღებას არ აკლებენ