თავი მეცამეტე
მეფეთა ორთაბრძოლა
1, 2. რატომ იმსახურებს დანიელის მე-11 თავში მოცემული წინასწარმეტყველება ჩვენს ყურადღებას?
ორი მეფე ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად თავგამოდებით იბრძვის. წლების მანძილზე ხან ერთი იმარჯვებს და ხან მეორე. დროდადრო ერთი მეფე ბატონობს და მეორე უმოქმედოდ არის, მდგომარეობა დაწყნარებულია, მაგრამ უეცრად ყველაფერი ხელახლა იწყება. ამ დრამის მონაწილენი არიან: სირიის მეფე სელევკე I ნიკატორი, ეგვიპტის მეფე პტოლემე ლაგეს ძე, სირიის მეფის ასული და ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა I, რომის იმპერატორები ავგუსტუსი და ტიბერიუსი და პალმირას დედოფალი ზენობია. უკანასკნელ ეტაპზე კონფლიქტში ჩაება ნაცისტური გერმანია, კომუნისტური ბლოკის ქვეყნები, ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი, ერთა ლიგა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ომი მასში ჩაბმული მხარეებისთვის სრულიად მოულოდნელი შედეგით მთავრდება. ეს ყოველივე ღვთის ანგელოზმა დაახლოებით 2 500 წლის წინათ აუწყა წინასწარმეტყველ დანიელს (დანიელი, თავი 11).
2 რა დიდი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა დანიელზე ანგელოზის სიტყვებს, როდესაც მეფეთა მოახლოებული ორთაბრძოლის შესახებ დაწვრილებით ცნობებს ღებულობდა! ეს ორთაბრძოლა ჩვენს ყურადღებასაც იმსახურებს, რადგანაც ძალაუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. როდესაც დავინახავთ, რა საოცრად დაადასტურა ისტორიამ წინასწარმეტყველების პირველი ნაწილის ჭეშმარიტება, გაგვიძლიერდება რწმენა, რომ მსგავსი სიზუსტით შესრულდება წინასწარმეტყველური ცნობის ბოლო ნაწილიც. ამ წინასწარმეტყველების გამოკვლევა დაგვეხმარება გავიგოთ, რა პერიოდში ვცხოვრობთ დღეს. აგრეთვე დაგვეხმარება, ნეიტრალიტეტი შევინარჩუნოთ ამ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით და მოთმინებით დაველოდოთ დროს, როდესაც ღმერთი ჩვენს საკეთილდღეოდ ამოქმედდება (ფსალმუნი 145:3, 5). მაშ ასე, გულდასმით გამოვიკვლიოთ იეჰოვას ანგელოზის მიერ დანიელისთვის ნათქვამი სიტყვები.
საბერძნეთის სამეფოს წინააღმდეგ
3. ვის ეხმარებოდა ანგელოზი „დარიოს მიდიელის პირველ წელს“?
3 „დარიოს მიდიელის პირველ წელს [ძვ. წ. 539—538], — თქვა ანგელოზმა, — მე შემწედ და საყრდენად ვედექი მას“ (დანიელი 11:1). დარიოსი აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ ანგელოზმა მისი გამეფების წლით დაიწყო თავისი წინასწარმეტყველური ცნობა. ეს ის დარიოსი იყო, რომლის ბრძანებითაც დანიელი ლომების ხაროდან ამოიყვანეს. მანვე გასცა ბრძანება, რომ ყველას დანიელის ღმერთის შიში ჰქონოდა (დანიელი 6:22—28). მიუხედავად ამისა, ანგელოზი დარიოს მიდიელს კი არ უჭერდა მხარს, არამედ თავის თანამსახურ მიქაელს — დანიელის ხალხის მთავარს (შეადარეთ დანიელი 10:12—14). ღვთის ანგელოზი ეხმარებოდა მიქაელს, როდესაც ის მიდია-სპარსეთის სამეფოს მმართველ დემონს ებრძოდა.
4, 5. სპარსეთის რომელი ოთხი მეფის შესახებ იწინასწარმეტყველა ანგელოზმა?
4 ღვთის ანგელოზმა განაგრძო: «სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის [„საბერძნეთის“, აქ] სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს» (დანიელი 11:2). ვინ იყვნენ სპარსეთის ეს მმართველები?
5 პირველი სამი მეფე იყო: კიროს დიდი, კამბისე II და დარიოს I (ჰისტასპის ძე). რამდენადაც ბარდიამ (ან შესაძლებელია ბარდიას სახელს ამოფარებულმა გაუმატამ) მხოლოდ შვიდი თვე იმეფა, წინასწარმეტყველებაში მნიშვნელობა არ ენიჭება მის ხანმოკლე მეფობას. ძვ. წ. 490 წელს მესამე მეფემ, დარიოს I-მა, მეორედ სცადა საბერძნეთის დაპყრობა. მაგრამ მარათონთან სპარსელები დამარცხდნენ და მცირე აზიაში დაბრუნდნენ. დარიოსი 4 წლის შემდეგ ისე დაიღუპა, რომ ვერ მოასწრო საბერძნეთზე კიდევ ერთხელ გალაშქრება, რისთვისაც საგულდაგულოდ ემზადებოდა. საბერძნეთის წინააღმდეგ მის ვაჟსა და ტახტის მემკვიდრეს, „მეოთხე“ მეფე ქსერქსე I-ს, უნდა გაელაშქრა. ეს იყო მეფე ახაშვეროში, რომელიც ესთერზე დაქორწინდა (ესთერი 1:1; 2:15—17).
6, 7. ა) როგორ ‘აამხედრა ყველა საბერძნეთის სამეფოს წინააღმდეგ’ მეოთხე მეფემ? ბ) რით დასრულდა ქსერქსეს საბერძნეთზე გალაშქრება?
6 ქსერქსე I-მა მართლაც ‘ყველა აამხედრა საბერძნეთის სამეფოს’, ანუ ყველა ბერძნული სახელმწიფოს წინააღმდეგ. „სამეფო კარის პატივმოყვარე მსახურთა გაქეზებით ქსერქსემ წამოიწყო როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ბრძოლები“, — ნათქვამია წიგნში „მიდიელები და სპარსელები — დამპყრობლები და დიპლომატები“. ძვ. წ. V საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერს, რომ „ამ ლაშქრობას ვერც ერთი ლაშქრობა ვერ შეედრებოდა“. მისი ცნობის თანახმად, ფლოტი „შედგებოდა 517 610 კაცისგან. ქვეით ჯარში 1 700 000 კაცი იყო, ხოლო მხედრობაში — 80 000; გარდა ამისა, იყვნენ არაბები, რომლებიც აქლემებზე ისხდნენ და ლიბიელები, რომლებიც ეტლებით იბრძოდნენ. ისინი 20 000 კაცს შეადგენდნენ. ამგვარად, ფლოტი და სახმელეთო ჯარი მთლიანობაში 2 317 610 კაცისგან შედგებოდა“.
7 რადგანაც ქსერქსე I-ს აბსოლუტური დაპყრობა ჰქონდა განზრახული, ძვ. წ. 480 წელს მთელი თავისი ურიცხვი ლაშქრით შეუტია საბერძნეთს. თერმოპილესთან ბერძენთა დამარცხების შემდეგ სპარსელებმა ათენი ააოხრეს. სალამინის ბრძოლაში ქსერქსე სასტიკად დამარცხდა. ბერძნებმა ძვ. წ. 479 წელს პლატეასთან კიდევ ერთხელ დაამარცხეს სპარსელები. ქსერქსეს შემდგომ სპარსეთის სამეფო ტახტზე ასული მომდევნო შვიდი მეფიდან, 143 წლის განმავლობაში, ვერც ერთმა ვერ შეძლო საბერძნეთის დაპყრობა. შემდეგ კი საბერძნეთში უძლეველი მეფე გამოჩნდა.
უზარმაზარი სამეფო ოთხად იყოფა
8. რომელი „ძლიერი მეფე“ დადგა და როგორ ‘მოიხვეჭა მან დიდი ხელმწიფება’?
8 „დადგება იქ ძლიერი მეფე, დიდ ხელმწიფებას მოიხვეჭს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს“, — თქვა ანგელოზმა (დანიელი 11:3). ძვ. წ. 336 წელს ოცი წლის ალექსანდრე მაკედონიის მეფედ ‘დადგა’. ის „ძლიერ მეფედ“ — ალექსანდრე დიდად — იქცა. მამამისის, ფილიპე II-ის, გეგმის მიხედვით, მან ახლო აღმოსავლეთში სპარსეთის პროვინციები დაიპყრო, გადალახა ევფრატი და ტიგროსი და 47 000-კაციანი ლაშქრით გავგამელასთან დარიოს III-ის 250 000-კაციანი ჯარი დაამარცხა. გაქცეული დარიოსი მოკლეს და ამით ბოლო მოეღო მის დინასტიას. საბერძნეთი მსოფლიო მპყრობელი გახდა, ხოლო ალექსანდრემ ‘დიდი ხელმწიფება მოიხვეჭა და, რასაც მოისურვებდა, იმას აკეთებდა’.
9, 10. როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება, რომ ალექსანდრეს სამეფო მემკვიდრეზე არ გადავიდოდა?
9 ანგელოზის სიტყვების თანახმად, ალექსანდრეს მსოფლიო ბატონობა ხანმოკლე უნდა ყოფილიყო. „მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო და, ამას გარდა, სხვათა ხელში გადავა“ (დანიელი 11:4). ალექსანდრეს 33 წელი ჯერ არ შესრულებოდა, როდესაც ძვ. წ. 323 წელს ბაბილონში მოულოდნელად ავად გახდა და გარდაიცვალა.
10 ალექსანდრეს უზარმაზარი იმპერია „მემკვიდრეზე“ არ გადასულა. მისი ნახევარძმა ფილიპე III არიდეოსი, რომელსაც შვიდი წელიც არ უმეფია, ძვ. წ. 317 წელს ალექსანდრეს დედამ, ოლიმპიადამ, მოაკვლევინა. ალექსანდრეს ვაჟი ალექსანდრე IV კი, რომელიც ძვ. წ. 311 წლამდე მეფობდა, მამამისის ერთ-ერთმა მხედართმთავარმა, კასანდრემ, მოკლა. ალექსანდრეს უკანონო შვილი ჰერაკლეც ცდილობდა მამის იმპერიის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ძვ. წ. 309 წელს ისიც მოკლეს. ასე დასრულდა ალექსანდრეს საგვარეულო ხაზის მეფობა; „მისი [ალექსანდრეს] სამეფო“ შთამომავლებს არ დარჩენიათ.
11. როგორ „გაიყო“ ალექსანდრეს სამეფო „ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით“?
11 ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო „ოთხი ქარის მიმართულებით გაიყო“. მრავალი მხედართმთავარი ეცილებოდა ერთმანეთს ტერიტორიებისთვის. ცალთვალა მხედართმთავარი ანტიგონე I ალექსანდრეს მთელი იმპერიის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. მაგრამ ის ფრიგიაში, იფსოსის ბრძოლაში, დაიღუპა. ძვ. წ. 301 წლისთვის ალექსანდრეს ოთხმა მხედართმთავარმა გაიყო დიდი დამპყრობის მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერია. კასანდრემ მაკედონია და საბერძნეთი მიიღო სამმართველოდ, ლისიმაქემ კი — მცირე აზია და თრაკია. სელევკე I ნიკატორმა მესოპოტამია და სირია ჩაიგდო ხელში. პტოლემე ლაგეს ძე კი ეგვიპტესა და პალესტინაში გაბატონდა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ალექსანდრეს უზარმაზარი იმპერია დაიყო და მის ადგილზე ოთხი ელინისტური სახელმწიფო ჩამოყალიბდა.
ორი მოწინააღმდეგე მეფის გამოჩენა
12, 13. ა) როგორ ჩამოყალიბდა ოთხი ელინისტური სახელმწიფოდან ორი სამეფო? ბ) რომელი დინასტია დააფუძნა სელევკემ სირიაში?
12 ძალაუფლების ხელში აღებიდან მცირე ხანში, კასანდრე გარდაიცვალა და ძვ. წ. 285 წელს საბერძნეთის იმპერიის ევროპული ნაწილი ლისიმაქემ ჩაიგდო ხელში. ძვ. წ. 281 წელს ლისიმაქე სელევკე I ნიკატორთან ბრძოლაში დაიღუპა, რის შემდეგაც მისი სამეფოს აზიური ტერიტორიის უდიდესი ნაწილი სელევკეს დარჩა. ძვ. წ. 276 წელს მაკედონიის ტახტზე ალექსანდრეს ერთ-ერთი მხედართმთავრის შვილიშვილი ანტიგონე II გონატა ავიდა. დროთა განმავლობაში მაკედონია რომის ზეგავლენის ქვეშ მოექცა და ძვ. წ. 146 წელს რომის პროვინციად გამოცხადდა.
13 ოთხი ელინისტური სახელმწიფოდან მხოლოდ ორი — სელევკე I ნიკატორისა და პტოლემე ლაგეს ძის — სამეფო გაძლიერდა. სელევკემ სირიაში სელევკიდების დინასტია დააფუძნა. მან სირიაში ახალი ქალაქები, მათ შორის ანტიოქია, რომელიც დედაქალაქად აქცია, და საპორტო ქალაქი სელევკია, დააარსა. მოგვიანებით მოციქული პავლე ასწავლიდა ანტიოქიაში, სადაც იესოს მოწაფეებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები (საქმეები 11:25, 26; 13:1—4). ძვ. წ. 281 წელს სელევკე მოკლეს, მაგრამ მისმა დინასტიამ ძვ. წ. 64 წლამდე იარსება, ვიდრე რომაელმა სარდალმა, გნეუს პომპეუსმა, სირია რომის პროვინციად აქცია.
14. როდის დაფუძნდა პტოლემეების დინასტია ეგვიპტეში?
14 ოთხი ელინისტური სახელმწიფოდან ყველაზე დიდხანს პტოლემე ლაგეს ძის ანუ პტოლემე I-ის სახელმწიფომ იარსება. პტოლემე I-მა ძვ. წ. 305 წელს თავი მეფედ გამოაცხადა. მის მიერ დაფუძნებულმა პტოლემეების დინასტიამ ძვ. წ. 30 წელს რომის მიერ ეგვიპტის დაპყრობამდე იარსება.
15. რომელი ორი მეფე გაძლიერდა ოთხი ელინისტური სახელმწიფოს მეფეებს შორის და რა ორთაბრძოლა დაიწყო მათ შორის?
15 ამგვარად, ოთხი ელინისტური სახელმწიფოს მეფეებიდან ორი — სირიის მეფე სელევკე I ნიკატორი და ეგვიპტის მეფე პტოლემე I — გაძლიერდა. მათ დაიწყეს „სამხრეთის მეფისა“ და „ჩრდილოეთის მეფის“ ხანგრძლივი ორთაბრძოლა, რომლის შესახებაც დანიელის მე-11 თავშია მოთხრობილი. იეჰოვას ანგელოზს არ მოუხსენიებია ამ მეფეთა სახელები, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში მოწინააღმდეგე მეფეთა ვინაობა და ეროვნება შეიცვლებოდა. ყოველგვარი ზედმეტი წვრილმანის გარეშე ანგელოზმა მხოლოდ ორთაბრძოლასთან დაკავშირებული მოვლენები და ბრძოლაში ჩაბმული მხარეები მოიხსენია.
ორთაბრძოლის დასაწყისი
16. ა) რის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე ქვეყნებიდან უნდა ყოფილიყვნენ ორთაბრძოლის მონაწილე მეფეები? ბ) რომელი მეფეები ასრულებდნენ პირველად „ჩრდილოეთის მეფისა“ და „სამხრეთის მეფის“ როლებს?
16 იეჰოვას ანგელოზი შემდეგი სიტყვებით იწყებს ამ დრამატული ორთაბრძოლის აღწერას: „გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი [ალექსანდრეს] მთავართაგანი, გაბატონდება [ჩრდილოეთის მეფე] და დიდი იქნება მისი ხელმწიფება“ (დანიელი 11:5). „ჩრდილოეთის მეფედ“ და „სამხრეთის მეფედ“ იმ დროისათვის უკვე ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებული და სამშობლოში დაბრუნებული ებრაელების ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე ქვეყნების მეფეები არიან მოხსენიებული. „სამხრეთის მეფე“ პირველად ეგვიპტის მეფე პტოლემე I გახდა. ალექსანდრეს ერთ-ერთმა მხედართმთავარმა, სირიის მეფე სელევკე I ნიკატორმა, სძლია პტოლემე I-ს, ‘გაბატონდა და დიდი გახდა მისი ხელმწიფება’. მან „ჩრდილოეთის მეფის“ როლი შეასრულა.
17. ვის ემორჩილებოდა იუდა ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების ორთაბრძოლის დაწყებისას?
17 ორთაბრძოლის დაწყებისას იუდა სამხრეთის მეფეს ემორჩილებოდა. დაახლოებით ძვ. წ. 320 წლიდან პტოლემე I-მა ებრაელების ეგვიპტეში გადასახლება დაიწყო. ბევრი ებრაელი ცხოვრობდა ალექსანდრიაში, სადაც პტოლემე I-მა შესანიშნავი ბიბლიოთეკა დააარსა. იუდაში მცხოვრები ებრაელები პტოლემეელთა ეგვიპტის, სამხრეთის მეფის, მორჩილებაში ძვ. წ. 198 წლამდე იყვნენ.
18, 19. როგორ ‘დამყარდა მშვიდობა’ დროთა განმავლობაში ორ მოწინააღმდეგე მეფეს შორის?
18 ამ ორი მეფის შესახებ ანგელოზმა იწინასწარმეტყველა: «წლების მერე ისინი შეერთდებიან. სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ვერც ეს ასული შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას და ვერც ის მეფე და მისი მოდგმა [„მისი მკლავი“, აქ] ვერ გაძლებს. იმ ხანებში გაიცემა ეს ასული თავის ამალით, თავისი შვილითა [„მისთვის სიცოცხლის მიმცემით“, აქ] და თავისი შემწითურთ» (დანიელი 11:6). როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება?
19 წინასწარმეტყველებაში საუბარი არ არის სელევკე I ნიკატორის მემკვიდრე ანტიოქე I-ზე, რადგანაც მას არ ჰქონია სამხრეთის მეფესთან მნიშვნელოვანი ბრძოლები. მისი მემკვიდრე ანტიოქე II კი დიდი ხნის მანძილზე ეომებოდა პტოლემე I-ის ვაჟ პტოლემე II-ს. ანტიოქე II და პტოლემე II ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების როლებს ასრულებდნენ. ანტიოქე II დაქორწინებული იყო ლაოდიკეზე, რომლისგანაც ვაჟი, სელევკე II, შეეძინა. პტოლემე II-ს კი ჰყავდა ქალიშვილი ბერენიკე. ძვ. წ. 250 წელს ამ ორმა მეფემ ერთმანეთთან ‘მშვიდობა დაამყარა’. ეს კავშირი ანტიოქე II-ს ლაოდიკესთან გაყრისა და ბერენიკეზე, „სამხრეთის მეფის ასულზე“, დაქორწინების ფასად დაუჯდა. ბერენიკესგან მას შეეძინა ვაჟი, რომელიც ლაოდიკეს ვაჟების ნაცვლად, სირიის ტახტის მემკვიდრე გახდა.
20. ა) რა მხრივ ვერ შეინარჩუნა ბერენიკეს „მკლავმა“ ძალა? ბ) როგორ გაიცა ბერენიკე „თავისი ამალითა“ და „თავისი შემწითურთ“? გ) ვინ გახდა სირიის მეფე, როდესაც ანტიოქე II-მ ‘მკლავი’ ანუ ძალა დაკარგა?
20 ბერენიკეს „მკლავი“ ანუ მხარდამჭერი მამამისი პტოლემე II იყო. ძვ. წ. 246 წელს მამის სიკვდილის შემდეგ ბერენიკემ ვერ ‘შეინარჩუნა თავისი მკლავის ძალა’ მეუღლესთან დამოკიდებულებაში. ანტიოქე II გაეყარა მას, ისევ ლაოდიკეზე დაქორწინდა და მისი ვაჟი მემკვიდრედ გამოაცხადა. ლაოდიკემ ბერენიკე და მისი ვაჟი მოაკვლევინა. როგორც ჩანს, იგივე ეწიათ ბერენიკეს მხლებლებსაც, ანუ მის „ამალას“, რომლებიც მას ეგვიპტიდან გაჰყვნენ სირიაში. ლაოდიკემ ანტიოქე II მოწამლა და, ამგვარად, „მისმა მკლავმა“ ანუ ძალამაც ‘ვერ გაძლო’. ასე რომ, დაიღუპა როგორც ბერენიკეს მამა — „მისთვის სიცოცხლის მიმცემი“, ისე მისი სირიელი მეუღლე, რომელიც დროებით ‘შეეწია’ მას. სირიის ტახტზე სელევკე II, ლაოდიკეს ვაჟი, ავიდა. რას მოიმოქმედებდა პტოლემეების დინასტიის შემდგომი წარმომადგენელი?
მეფის შურისძიება დის მკვლელებზე
21. ა) ვინ იყო ბერენიკეს „ფესვების მორჩი“ და როგორ ‘ამოვიდა’ ის? ბ) როგორ ‘დაეცა ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეს’ პტოლემე III და როგორ გაიმარჯვა?
21 „მისი ფესვიდან მის ადგილზე ამოვა მორჩი, — თქვა ანგელოზმა, — იგი ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეს დაეცემა და შიგ შეიჭრება. შეებრძოლება მათ და გაიმარჯვებს“ (დანიელი 11:7). ბერენიკეს „ფესვების“ ანუ მშობლების „მორჩი“ მისი ძმა იყო. მამის სიკვდილის შემდეგ ის ‘ამოვიდა’ როგორც სამხრეთის მეფე — ეგვიპტის ფარაონი პტოლემე III. მან გამეფებისთანავე დის მკვლელებზე დაიწყო შურისძიება. პტოლემე III შეებრძოლა სირიის მეფე სელევკე II-ს, რომელსაც ლაოდიკემ ბერენიკე და მისი ვაჟი მოაკვლევინა და ამგვარად ‘ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეს დაეცა’. პტოლემე III-მ აიღო ანტიოქიის სიმაგრეები და მოკლა ლაოდიკე. შემდეგ ჩრდილოეთის მეფის სამფლობელოს აღმოსავლეთით გადაინაცვლა, გაძარცვა ბაბილონის სამეფო და ინდოეთისკენ აიღო გეზი.
22. რა წაიღო ეგვიპტეში პტოლემე III-მ და რატომ ‘ჩამოეხსნა წლობით ჩრდილოეთის მეფეს’?
22 რა მოხდა შემდეგ? ღვთის ანგელოზი გვეუბნება: „მის ღმერთებსაც კი ეგვიპტეში წაასხამს კერპებითა და ოქრო-ვერცხლის ძვირფასი ჭურჭლეულითურთ; და წლობით ჩამოეხსნება ჩრდილოეთის მეფეს“ (დანიელი 11:8). 200 წელზე მეტი ხნით ადრე სპარსეთის მეფე კამბისე II-მ დაიპყრო ეგვიპტე და თავის ქვეყანაში წაიღო ეგვიპტელთა ღმერთები, ანუ „კერპები“. ახლა კი პტოლემე III-მ გაძარცვა სპარსეთის ყოფილი სატახტო ქალაქი სუსა, დაიბრუნა ეს ღმერთები და ეგვიპტეში ‘წაასხა’. აგრეთვე ხელში ჩაიგდო „ოქრო-ვერცხლის ძვირფასი ჭურჭლეული“. შემდეგ კი პტოლემე III-ს აჯანყების ჩასახშობად ეგვიპტეში დაბრუნება მოუწია. ასე რომ, ‘ჩამოეხსნა ჩრდილოეთის მეფეს’ და ზიანი აღარ მიუყენებია მისთვის.
სირიის მეფის საპასუხო მოქმედება
23. რატომ ‘დაბრუნდა თავის სამეფოში’ ჩრდილოეთის მეფე სამხრეთის სამეფოზე გალაშქრების შემდეგ?
23 რა მოიმოქმედა საპასუხოდ ჩრდილოეთის მეფემ? ანგელოზმა დანიელს უთხრა: „გაილაშქრებს სამხრეთის სამეფოზე, მაგრამ უკან დაბრუნდება თავის ქვეყანაში“ (დანიელი 11:9). ჩრდილოეთის მეფემ — სირიის მეფე სელევკე II-მ — საპასუხო დარტყმა მიაყენა სამხრეთის მეფეს. მან გაილაშქრა ეგვიპტის, სამხრეთის მეფის, „სამეფოზე“, ანუ სამფლობელოზე, მაგრამ მარცხი განიცადა. ძვ. წ. 242 წელს სელევკე II-მ დარჩენილ მეომრებთან ერთად სირიის დედაქალაქ ანტიოქიისკენ დაიხია და ‘უკან დაბრუნდა თავის ქვეყანაში’. სელევკე II-ს სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი ძე სელევკე III ავიდა.
24. ა) რა დაემართა სელევკე III-ს? ბ) როგორ ‘წალეკა და გადაიარა’ სამხრეთის მეფის სამფლობელო სირიის მეფე ანტიოქე III-მ?
24 რა იყო ნაწინასწარმეტყველები სირიის მეფე სელევკე II-ის მემკვიდრეზე? ანგელოზმა უთხრა დანიელს: „მისი ვაჟები იარაღს აისხამენ და დიდ ურდოს შეყრიან. ერთ-ერთი მათგანი სწრაფად წავა, წალეკავს და გადაივლის. მერე შემობრუნდება და მის ციხე-სიმაგრემდე მივა“ (დანიელი 11:10). სელევკე III-ს სამი წელიც არ უმეფია რომ მოკლეს. მის შემდეგ სირიის ტახტზე მისი ძმა ანტიოქე III ავიდა. სელევკე II-ის ამ ვაჟმა დიდი ლაშქარი შეკრიბა, რომ თავს დასხმოდა სამხრეთის მეფეს, რომელსაც იმ პერიოდში პტოლემე IV წარმოადგენდა. ჩრდილოეთის ახალმა სირიელმა მეფემ წარმატებით გაილაშქრა ეგვიპტეზე და დაიბრუნა საპორტო ქალაქი სელევკია, ბეკაი, ტვიროსი, პტოლემაიდა და ახლომდებარე ქალაქები. განდევნა პტოლემე IV-ის ჯარი და იუდას მრავალი ქალაქი დაიპყრო. ძვ. წ. 217 წლის გაზაფხულზე ანტიოქე III-მ დატოვა პტოლემაიდა, ჩრდილოეთისკენ წავიდა და სირიაში ‘თავის ციხე-სიმაგრემდე მივიდა’. მაგრამ მალე საქმე სხვაგვარად უნდა შეტრიალებულიყო.
ვითარება იცვლება
25. სად შეებრძოლა პტოლემე IV ანტიოქე III-ს და რა ‘ჩაუვარდა ხელში’ სამხრეთის მეფეს?
25 დანიელის მსგავსად, ჩვენთვისაც მეტად საინტერესოა იეჰოვას ანგელოზის შემდგომი სიტყვები: „განმძვინვარდება სამხრეთის მეფე და საომრად გავა ჩრდილოეთის მეფესთან, რომელიც დიდ ურდოს გამოიყვანს. მაგრამ ეს ურდო მის ხელში ჩავარდება“ (დანიელი 11:11). სამხრეთის მეფე პტოლემე IV 75 000-კაციანი ჯარით ჩრდილოეთისკენ დაიძრა. ჩრდილოეთის სირიელმა მეფე ანტიოქე III-მ მის წინააღმდეგ „დიდი ურდო“, 68 000-კაციანი ლაშქარი, გამოიყვანა. მაგრამ „ეს ურდო“ ეგვიპტის საზღვართან ახლოს მდებარე ზღვისპირა ქალაქ რაფიაში სამხრეთის მეფის ‘ხელში ჩავარდა’.
26. ა) რა „ურდო“ ჩაიგდო ხელში სამხრეთის მეფემ რაფიასთან ბრძოლაში და რა სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო მეფეებს შორის? ბ) რა გაგებით ‘ვერ გამოიყენა თავისი ძალაუფლება’ პტოლემე IV-მ? გ) ვინ გახდა სამხრეთის შემდგომი მეფე?
26 ანგელოზმა წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით განაგრძო: «როდესაც ის ხელში ჩაიგდებს ურდოს, გადიდგულდება და, თუმცა მრავალ ათასს დასცემს, ამით ვერ გაძლიერდება [„ვერ გამოიყენებს თავის ძალაუფლებას“, აქ]» (დანიელი 11:12). პტოლემე IV-მ, სამხრეთის მეფემ, ‘ხელში ჩაგდებული’ 10 000 ქვეითი ჯარისკაცი და 300 ცხენოსანი ამოხოცა, ხოლო 4 000 ჯარისკაცი ტყვედ წაიყვანა. მეფეებმა დადეს ხელშეკრულება, რომლის საშუალებითაც ანტიოქე III-მ შეინარჩუნა სირიის ზღვისპირა ქალაქი სელევკია, მაგრამ დაკარგა ფინიკია და ბეკაი. ამ გამარჯვების შემდეგ ეგვიპტელი სამხრეთის მეფე ‘გადიდგულდა’ და განსაკუთრებით იეჰოვას წინაშე აღიმაღლა თავი. იუდა პტოლემე IV-ის მორჩილებაში დარჩა. მაგრამ სამხრეთის მეფემ ‘ვერ გამოიყენა თავისი ძალაუფლება’, რომ ბოლომდე დაემარცხებინა ჩრდილოეთის მეფე. ამის ნაცვლად, ის თავაშვებულობამ გაიტაცა. პტოლემე IV-ს შემდეგ, ანტიოქე III-ს სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, სამხრეთის მეფე მისი ხუთი წლის ვაჟი პტოლემე V გახდა.
დამპყრობი ბრუნდება
27. როგორ გაილაშქრა ჩრდილოეთის მეფემ „რამდენიმე წლის შემდეგ“ ეგვიპტის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად?
27 დიდი დაპყრობითი ომებით სახელგანთქმულ ანტიოქე III-ს ანტიოქე დიდი ეწოდა. მის შესახებ ანგელოზმა თქვა: „ჩრდილოეთის მეფე პირვანდელზე დიდ ურდოს შეჰყრის და რამდენიმე წლის შემდეგ სწრაფად გაილაშქრებს დიდი ურდოთი და დიდძალი სიმდიდრით“ (დანიელი 11:13). ეს „რამდენიმე წელი“ თექვსმეტი ან უფრო მეტი წელი იყო რაფიასთან ეგვიპტელების მიერ სირიელების დამარცხების შემდეგ. როდესაც მცირეწლოვანი პტოლემე V სამხრეთის მეფე გახდა, ანტიოქე III-მ „პირვანდელზე დიდი ურდო“ შეჰყარა ეგვიპტის მეფის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. მან მაკედონიის მეფე ფილიპე V-ს ჯარიც მოიშველია.
28. რა პრობლემები ჰქონდა სამხრეთის მცირეწლოვან მეფეს?
28 სამხრეთის მეფეს შინა პრობლემებიც ჰქონდა. „იმ დროს კიდევ მრავალნი აღუდგებიან სამხრეთის მეფეს“, — თქვა ანგელოზმა (დანიელი 11:14ა). მართლაც ‘მრავალნი აღუდგნენ სამხრეთის მეფეს’. ანტიოქე III-ისა და მისი მაკედონელი მოკავშირის გარდა, სამხრეთის მეფეს თავისსავე ქვეყანაში, ეგვიპტეშიც, ჰყავდა მოწინააღმდეგენი. მისი მეურვე აგათოკლე, რომელიც მის მაგივრად მართავდა სამეფოს, ცუდად ეპყრობოდა ხალხს, რის გამოც მრავალი აჯანყდა. შემდეგ ანგელოზმა თქვა: «აჯანყდებიან მძლავრნი [„ყაჩაღთა ძენი“, აქ] შენი ხალხიდან, რათა აღსრულდეს ხილვა [„შეეცდებიან აღასრულონ ხილვა“, აქ], და წაიფორხილებენ ისინი» (დანიელი 11:14ბ). თვით დანიელის თანამემამულეებშიც აღმოჩნდნენ „ყაჩაღთა ძენი“, ანუ მოჯანყენი. მაგრამ მათი ყველა „ხილვა“ იუდაში წარმართთა ბატონობის დასასრულის შესახებ ცრუ იყო და ამიტომაც „ყაჩაღთა ძენი“ ტყუილად ირჯებოდნენ ანუ ‘ფორხილებდნენ’.
29, 30. ა) რა გაგებით ვერ გაუძლო „სამხრეთის ძალამ“ ჩრდილოეთის მეფის იერიშს? ბ) როგორ ‘დადგა მშვენიერ ქვეყანაში’ ჩრდილოეთის მეფე?
29 იეჰოვას ანგელოზმა განაგრძო წინასწარმეტყველება: „მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და ციხე-ქალაქს დაიპყრობს. მას ვერც სამხრეთის ძალა დააკავებს და ვერც მისი რჩეული ხალხი. მათ არ ეყოფათ ძალა მასთან გასამკლავებლად. თავის ნებისაებრ მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული და წინ ვერავინ დაუდგება. იგი მშვენიერ ქვეყანაში დადგება და მის ხელთ იქნება დაღუპვა“ (დანიელი 11:15, 16).
30 პტოლემე V-ის ჯარმა ანუ „სამხრეთის ძალამ“ ვერ გაუძლო ჩრდილოეთის მეფის იერიშს. პანეასთან (ფილიპეს კესარია) ბრძოლისას ანტიოქე III-მ ეგვიპტელი მხედართმთავარი სკოპა და მისი 10 000 კაცი ანუ „რჩეული ხალხი“ სიდონში, „ციხე-ქალაქში“, მოიმწყვდია. შემდეგ ‘მიწაყრილები მოაწყო’ და ძვ. წ. 198 წელს აიღო ფინიკიის ეს პორტი. ის „თავის ნებისაებრ მოიქცა“, რადგანაც სამხრეთის ეგვიპტელი მეფის ჯარი წინ ვერ აღუდგა მას. ამის შემდეგ ანტიოქე III-მ მშვენიერი ქვეყნის, იუდას, დედაქალაქ იერუსალიმისკენ აიღო გეზი. ძვ. წ. 198 წელს იერუსალიმი და იუდა ეგვიპტის ანუ სამხრეთის მეფის მფლობელობიდან სირიის ანუ ჩრდილოეთის მეფის მფლობელობაში გადავიდა. ანტიოქე III, ჩრდილოეთის მეფე, „მშვენიერ ქვეყანაში დადგა“. „მის ხელთ იყო“ ყველა მოწინააღმდეგე ებრაელისა და ეგვიპტელის „დაღუპვა“. როდემდე იმოქმედებდა ჩრდილოეთის მეფე თავისი ნებისამებრ?
რომი გავლენას ახდენს დამპყრობზე
31, 32. რატომ დაუდო ჩრდილოეთის მეფემ სამხრეთის მეფეს „ხელშეკრულება“?
31 იეჰოვას ანგელოზი გვაძლევს პასუხს: „განიზრახავს [ჩრდილოეთის მეფე] მთელი თავისი სამეფოს ძალით გალაშქრებას, და ასეც იზამს. მას დაუდებენ ხელშეკრულებას; დედაკაცთა ასულს მისცემენ ასაოხრებლად; ვერ გაუძლებს, მაგრამ ვერც მას დარჩება“ (დანიელი 11:17, აქ).
32 ჩრდილოეთის მეფე ანტიოქე III-მ ეგვიპტეზე ‘მთელი თავისი სამეფოს ძალით’ გალაშქრება ‘განიზრახა’. მაგრამ ეს ბრძოლა სამხრეთის მეფე პტოლემე V-სთან სამშვიდობო „ხელშეკრულების“ დადებით დაასრულა. რომმა აიძულა ანტიოქე III, შეეცვალა თავისი გეგმები. როდესაც ის და მაკედონიის მეფე ფილიპე V ეგვიპტის მცირეწლოვანი მეფის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, პტოლემე V-ს მეურვეებმა მფარველობისთვის რომს მიმართეს. რომმა თავისი გავლენის სფეროს გასაფართოებლად ამ შემთხვევით ისარგებლა და ეგვიპტეს მფარველად მოევლინა.
33. ა) რა ხელშეკრულება დადეს ანტიოქე III-მ და პტოლემე V-მ? ბ) რა იყო კლეოპატრა I-ისა და პტოლემე V-ს ქორწინების მიზანი და რატომ ჩაიშალა ეს გეგმა?
33 რომმა აიძულა ანტიოქე III, სამშვიდობო ხელშეკრულება დაედო სამხრეთის მეფესთან. იმის მაგივრად, რომ რომის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და დაპყრობილი ტერიტორიები დაებრუნებინა, ანტიოქე III-მ განიზრახა თავისი ქალიშვილი კლეოპატრა I — „დედაკაცთა ასული“ — პტოლემე V-სთვის მიეთხოვებინა და პირობითად გადაეცა ეგვიპტისთვის ეს ტერიტორიები. პროვინციები, მათ შორის იუდა — „მშვენიერი ქვეყანა“ — ანტიოქე III-ს მზითევად უნდა მიეცა თავისი ქალიშვილისთვის. მაგრამ ძვ. წ. 193 წელს ქორწილის შემდეგ სირიის მეფეს არ გადაუცია ეს პროვინციები პტოლემე V-სთვის. ეს იყო პოლიტიკური ქორწინება, რომელსაც ეგვიპტე სირიის ქვეშევრდომად უნდა ექცია. მაგრამ გეგმა ჩაიშალა, რადგანაც კლეოპატრა I ‘მას არ დარჩა’ — ის მოგვიანებით ქმარს მიემხრო. როდესაც ანტიოქე III-სა და რომაელებს შორის ომმა იფეთქა, ეგვიპტემ რომის მხარე დაიჭირა.
34, 35. ა) რომელი ქვეყნები იგულისხმებოდა „ზღვისპირეთში“, რომლისკენაც პირი იბრუნა ჩრდილოეთის მეფემ? ბ) როგორ შეაწყვეტინა რომმა ჩრდილოეთის მეფეს „დაცინვა“? გ) როგორ გარდაიცვალა ანტიოქე III და ვინ გახდა მის შემდეგ ჩრდილოეთის მეფე?
34 ჩრდილოეთის მეფის მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების შესახებ ანგელოზმა იწინასწარმეტყველა: «[ანტიოქე III] პირს კუნძულებისკენ [„ზღვისპირეთისკენ“, აქ] იბრუნებს და მრავალს დაიპყრობს; მაგრამ ვინმე მთავარი [რომი] შეაწყვეტინებს თავის დაცინვას და სამაგიერო სირცხვილს აჭმევს. ამის შემდეგ [ანტიოქე III] თავისი ქვეყნის ციხე-სიმაგრეებისკენ იბრუნებს პირს, მაგრამ წაიფორხილებს, დაეცემა და დაიკარგება» (დანიელი 11:18, 19).
35 „ზღვისპირეთში“ მაკედონია, საბერძნეთი და მცირე აზია იგულისხმებოდა. ძვ. წ. 192 წელს საბერძნეთში ომი დაიწყო, რამაც ანტიოქე III-ს მასზე გალაშქრების საბაბი მისცა. სირიის მეფის ამ დაპყრობითი ლაშქრობით უკმაყოფილო რომმა ომი გამოუცხადა მას. რომაელებმა თერმოპილესთან დაამარცხეს ანტიოქე III. ძვ. წ. 190 წელს მაგნესიის ბრძოლაში დამარცხებიდან დაახლოებით ერთ წელში სირიის მეფე იძულებული იყო, უარი ეთქვა მთელ საბერძნეთზე, მცირე აზიასა და ტავროსის მთების დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე. რომმა დიდი ხარკი დააკისრა მას და ჩრდილოეთის მეფე თავის ქვეშევრდომად აქცია. საბერძნეთიდან და მცირე აზიიდან გაძევებულმა ანტიოქე III-მ, რომელმაც თითქმის მთელი თავისი ფლოტი დაკარგა, სირიისკენ, ‘თავისი ქვეყნის ციხე-სიმაგრეებისკენ, იბრუნა პირი’. რომაელებმა ‘თავიანთი დაცინვის სამაგიერო სირცხვილი აჭამეს მას’. ანტიოქე III ძვ. წ. 187 წელს ელემაისში (სპარსეთი) ტაძრის გაძარცვის დროს მოკლეს. ამგვარად, ანტიოქე III ‘დაეცა’ ანუ გარდაიცვალა, ხოლო მის შემდეგ მისი ძე სელევკე IV — ჩრდილოეთის შემდგომი მეფე — ავიდა ტახტზე.
ორთაბრძოლა გრძელდება
36. ა) როგორ განაგრძო ბრძოლა სამხრეთის მეფემ, მაგრამ რა დაემართა მას? ბ) როგორ გარდაიცვალა სელევკე IV და ვინ ავიდა ტახტზე მის შემდეგ?
36 სამხრეთის მეფე პტოლემე V შეეცადა, ხელში ჩაეგდო პროვინციები, რომლებიც, როგორც კლეოპატრას მზითევი, მას უნდა გადასცემოდა, მაგრამ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ის მოწამლეს. მის შემდეგ პტოლემე VI გამეფდა. მაგრამ რა დაემართა სელევკე IV-ს? რომის მიერ დაკისრებული დიდძალი ხარკის გადასახდელად მან თავისი ხაზინის გამგე ჰელიოდორუსი იერუსალიმის ტაძრის საგანძურის ხელში ჩასაგდებად გაგზავნა. ჰელიოდორუსს ტახტზე ასვლა უნდოდა და მოკლა სელევკე IV. მაგრამ პერგამონის მეფე ევმენემ და მისმა ძმა ატალემ მოკლული მეფის ძმა ანტიოქე IV გაამეფეს.
37. ა) როგორ ცდილობდა ანტიოქე IV იეჰოვა ღმერთზე მეტად თავის ამაღლებას? ბ) რა მოჰყვა ანტიოქე IV-ის მიერ იერუსალიმის ტაძრის წაბილწვას?
37 ჩრდილოეთის ახალ მეფე ანტიოქე IV-ს სურდა თავი ღმერთზე მეტად აღემაღლებინა, რისთვისაც იეჰოვას თაყვანისმცემლობის ძირფესვიანად აღმოფხვრას ცდილობდა. იერუსალიმის ტაძარი მან ზევსის ანუ იუპიტერის ტაძრად აქცია, რითაც აშკარად შეურაცხყო იეჰოვა. ძვ. წ. 167 წლის დეკემბერში მან ტაძრის ეზოს დიდებულ სამსხვერპლოზე, სადაც იეჰოვას ყოველდღიურად სწირავდნენ მსხვერპლს, წარმართული სამსხვერპლო აღმართა. ათ დღეში კი ამ წარმართულ სამსხვერპლოზე ზევსს შესწირა მსხვერპლი. ტაძრის ამგვარმა წაბილწვამ ებრაელების აჯანყება გამოიწვია, რასაც მაკაბელები ჩაუდგნენ სათავეში. ანტიოქე IV სამ წელიწადს ებრძოდა აჯანყებულებს. ტაძრის წაბილწვიდან სამი წლისთავზე, ძვ. წ. 164 წელს, იუდა მაკაბელმა ხელახლა მიუძღვნა ტაძარი იეჰოვას და ტაძრის კურთხევის დღესასწაული ხანუკა დააარსა (იოანე 10:22, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990).
38. როგორ მოეღო ბოლო მაკაბელთა მმართველობას?
38 მაკაბელებმა, შესაძლებელია, ძვ. წ. 161 წელს დადეს რომთან ხელშეკრულება და ძვ. წ. 104 წელს დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს. მაგრამ მათსა და ჩრდილოეთის სირიელ მეფეს შორის უთანხმოება კვლავაც გრძელდებოდა. ბოლოს რომი ჩაერია. რომაელმა მხედართმთავარმა გნეუს პომპეუსმა სამწელიწად-ნახევრიანი ალყის შემდეგ, ძვ. წ. 63 წელს, აიღო იერუსალიმი. ძვ. წ. 39 წელს რომის სენატმა ჰეროდე, წარმოშობით ედომელი, გამოაცხადა იუდას მეფედ. ჰეროდემ ძვ. წ. 37 წელს იერუსალიმში ბოლო მოუღო მაკაბელთა მმართველობას.
39. რით იყო თქვენთვის სასარგებლო დანიელის 11:1—19-ის განხილვა?
39 რა ზუსტად შესრულდა მეფეთა ორთაბრძოლის შესახებ წინასწარმეტყველების პირველი ნაწილის თითოეული წვრილმანი! მართლაც შთამბეჭდავია, რომ დანიელის წინასწარმეტყველების დაწერიდან დაახლოებით 500 წლის შემდგომი დროის ისტორიის მიმოხილვისას შეგვიძლია ამოვიცნოთ ის მმართველები, რომლებიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების როლებს ასრულებდნენ. მაგრამ ისტორიის განმავლობაში ამ მეფეებს სხვადასხვა პოლიტიკური პირები ენაცვლებოდნენ, რადგანაც ეს ორთაბრძოლა იესოს დედამიწაზე ცხოვრების დროსაც მიმდინარეობდა და თვით ჩვენს დროშიც გრძელდება. ისტორიული მოვლენების დანიელის წინასწარმეტყველებაში მოცემულ საინტერესო წვრილმანებთან შედარება საშუალებას გვაძლევს, ამოვიცნოთ ეს მოქიშპე მეფეები.
როგორ უპასუხებდით?
• რომელი ორი დინასტია გაძლიერდა ოთხი ელინისტური სახელმწიფოდან და რა ბრძოლა დაიწყო მათ შორის?
• როგორ ‘დამყარდა მშვიდობა’ ორ მეფეს შორის, როგორც დანიელის 11:6-ში იყო ნაწინასწარმეტყველები?
• როგორ გრძელდებოდა ორთაბრძოლა
• სელევკე II-სა და პტოლემე III-ს შორის? (დანიელი 11:7—9).
ანტიოქე III-სა და პტოლემე IV-ს შორის? (დანიელი 11:10—12).
ანტიოქე III-სა და პტოლემე V-ს შორის? (დანიელი 11:13—16).
რა იყო კლეოპატრა I-ისა და პტოლემე V-ს ქორწინების მიზანი და რატომ ჩაიშალა ეს გეგმა? (დანიელი 11:17—19).
რა სარგებლობა მიიღეთ დანიელის 11:1—19-ის განხილვით?
[ცხრილი/სურათები 228 გვერდზე]
დანიელის 11:5–19-ში მოხსენიებული მეფეები
ჩრდილოეთის მეფე სამხრეთის მეფე
დანიელი 11:5 სელევკე I ნიკატორი პტოლემე I
დანიელი 11:6 ანტიოქე II პტოლემე II
(მეუღლე ლაოდიკე) (ქალიშვილი ბერენიკე)
დანიელი 11:7—9 სელევკე II პტოლემე III
დანიელი 11:10—12 ანტიოქე III პტოლემე IV
დანიელი 11:13—19 ანტიოქე III პტოლემე V
(ქალიშვილი კლეოპატრა I) მემკვიდრე პტოლემე VI
მემკვიდრეები: სელევკე IV და
ანტიოქე IV
[სურათი]
მონეტა პტოლემე II-ისა და მისი მეუღლის გამოსახულებით.
[სურათი]
სელევკე I ნიკატორი.
[სურათი]
ანტიოქე III
[სურათი]
პტოლემე VI
[სურათი]
პტოლემე III-ისა და მისი მემკვიდრეების მიერ აგებული ჰოროსის ტაძარი ედფუში (ზემო ეგვიპტე).
[რუკა/სურათები 216 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
„ჩრდილოეთის მეფედ“ და „სამხრეთის მეფედ“ დანიელის ხალხის სამშობლოს ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე ქვეყნების მეფეები არიან მოხსენიებული.
მაკედონია
საბერძნეთი
მცირე აზია
ისრაელი
ლიბია
ეგვიპტე
ეთიოპია
სირია
ბაბილონი
არაბეთი
[სურათი]
პტოლემე II
[სურათი]
ანტიოქე დიდი
[სურათი]
ქვის ფილა, რომელზეც ანტიოქე დიდის ბრძანებებია მოცემული.
[სურათი]
მონეტა პტოლემე V-ს გამოსახულებით.
[სურათი]
პტოლემე III-ს კარიბჭე კარნაკში (ეგვიპტე).
[მთელი 210 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[სურათი 215 გვერდზე]
სელევკე I ნიკატორი.
[სურათი 218 გვერდზე]
პტოლემე I