ღმერთთან ერთად სიარული — პირველი ნაბიჯები
„მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8).
1, 2. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვასადმი მსახურება უდიდესი უპირატესობაა?
ეს მამაკაცი წლების განმავლობაში საპატიმროში იტანჯებოდა. შემდეგ გამოიძახეს, რომ ქვეყნის მმართველის წინაშე წარმდგარიყო. მდგომარეობა სწრაფად შეიცვალა. სრულიად მოულოდნელად პატიმარმა დედამიწის ზურგზე ყველაზე ძლიერი მონარქის გვერდით დაიწყო მსახურება. ყოფილი პატიმარი მეტად საპასუხისმგებლო ადგილზე დანიშნეს და უჩვეულო პატივს სცემდნენ. იოსები — კაცი, რომელსაც ოდესღაც ფეხებზე ბორკილები ედო, — ახლა მეფესთან ერთად დადიოდა! (დაბადება 41:14, 39–43; ფსალმუნი 104:17, 18).
2 დღეს ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, ეგვიპტის ფარაონზე უდიდესი პიროვნების სამსახურში ჩადგნენ. სამყაროს უზენაესი მმართველი ყველას გვიწვევს, რომ ვემსახუროთ. რა მოწიწების მომგვრელია, გამოვეხმაუროთ იეჰოვას, ყოვლისშემძლე ღმერთს, და ახლო ურთიერთობა დავამყაროთ მასთან! ბიბლია მას უკავშირებს დიდებულ ძალასა და ბრწყინვალებას, ასევე სიმშვიდეს, სილამაზესა და საამურობას (ეზეკიელი 1:26–28; გამოცხადება 4:1–3). ყველა მისი საქმე სიყვარულითაა გამსჭვალული (1 იოანე 4:8). ის არასოდეს ცრუობს (რიცხვნი 23:19). ერთგულ მსახურებს იმედს არასოდეს უმტყუნებს (ფსალმუნი 17:26). მისი სამართლიანი მოთხოვნილებების დაცვით შეგვიძლია დღესაც გვქონდეს ბედნიერი და აზრიანი ცხოვრება, ხოლო მომავალში — მარადიული სიცოცხლე (იოანე 17:3). ვერც ერთი მმართველი ვერ შემოგვთავაზებს ოდნავ მაინც ამის მსგავს კურთხევებსა და უპირატესობებს.
3. რა გაგებით დადიოდა ნოე ‘ღმერთთან [ერთად]’?
3 ძველი დროის პატრიარქმა ნოემ გადაწყვიტა, რომ ღვთის ნებისა და განზრახვების შესაბამისად ეცხოვრა. მის შესახებ ბიბლია ამბობს: „მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან [ერთად] დადიოდა ნოე“ (დაბადება 6:9). რასაკვირველია, ნოე პირდაპირი გაგებით არ დადიოდა ღმერთთან ერთად, რადგან „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:18). უფრო სწორად, ნოე ღმერთთან ერთად იმ გაგებით დადიოდა, რომ, რასაც ღმერთი ეუბნებოდა, იმას აკეთებდა. იმის გამო, რომ ნოემ სიცოცხლე იეჰოვას ნების შესრულებას მიუძღვნა, მას თბილი, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ყოვლისშემძლე ღმერთთან. ნოეს მსგავსად, დღეს მილიონები ‘დადიან ღმერთთან ერთად’ და მისი რჩევებისა და მითითებების თანახმად ცხოვრობენ. როგორ შეიძლება ასეთ გზას დაადგეს ადამიანი?
აუცილებელია ზუსტი შემეცნება
4. როგორ ასწავლის იეჰოვა თავის ხალხს?
4 იეჰოვასთან ერთად რომ ვიაროთ, თავდაპირველად უნდა გავიცნოთ ღმერთი. წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა: „უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა — იერუსალიმიდან“ (ესაია 2:2, 3). დიახ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გვასწავლის ყველას, ვინც მის გზებზე სიარულს ცდილობს. იეჰოვამ უზრუნველგვყო თავისი სიტყვით, ბიბლიით, და გვეხმარება მის გაგებაში. ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ამას აკეთებს, არის „ერთგული და გონიერი მონა“ (მათე 24:45–47). იეჰოვა იყენებს ‘ერთგულ მონას’, რომ უზრუნველგვყოს სულიერი სწავლებით ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების, ქრისტიანული შეხვედრებისა და ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლის დახმარებით. ღმერთი აგრეთვე სულიწმიდის საშუალებით ეხმარება თავის მსახურებს თავისი სიტყვის გაგებაში (1 კორინთელთა 2:10–16).
5. რატომაა ასე ძვირფასი ბიბლიის ჭეშმარიტება?
5 მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის ჭეშმარიტებისთვის ფულს არ ვიხდით, ის ძვირფასი რამ არის. ღვთის სიტყვის შესწავლისას ვიგებთ თვით ღვთის, მისი სახელის, მისი თვისებების, მისი განზრახვისა და იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ადამიანებთან. ასევე ვიგებთ პასუხებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: რატომ ვართ აქ? რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას? როგორი მომავალი გველის? რატომ ვბერდებით და ვიხოცებით? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? უფრო მეტიც, ჩვენ ვიგებთ, თუ რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან, რაც იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უნდა ვიაროთ, რომ ყველაფერში ვაამოთ მას. ვიგებთ, რომ მისი მოთხოვნები გონივრულია, ხოლო მათ თანახმად ცხოვრება — სარგებლობის მომტანი. ღვთის სწავლების გარეშე ვერასოდეს შევძლებდით ასეთ კითხვებზე პასუხების გაგებას.
6. რა კურსს გვიჩვენებს ზუსტი ბიბლიური შემეცნება?
6 ბიბლიური ჭეშმარიტება მოქმედია და აღგვძრავს, შევიცვალოთ ცხოვრების წესი (ებრაელთა 4:12). ბიბლიური შემეცნების მიღებამდე მხოლოდ „წუთისოფლის წესისამებრ“ დავდიოდით (ეფესელთა 2:2). მაგრამ ღვთის სიტყვის ზუსტი შემეცნება განსხვავებულ კურსს გვიდგენს, რომ შევძლოთ ‘მოვიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ვაამოთ მას’ (კოლასელთა 1:10). რა სასიხარულოა, გადავდგათ პირველი ნაბიჯები და ვიაროთ იეჰოვასთან, მთელ სამყაროში ყველაზე დიდებულ პიროვნებასთან, ერთად! (ლუკა 11:28).
ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი — მიძღვნა და მონათვლა
7. რა ჭეშმარიტება ხდება აშკარა ადამიანთა ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ღვთის სიტყვის შესწავლისას?
7 როცა ჩვენი ბიბლიური შემეცნება იზრდება, ვიწყებთ ადამიანური საქმეებისა და პირადი ცხოვრების შემოწმებას ღვთის სიტყვის სულიერ შუქზე. ასეთნაირად აშკარა ხდება ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ეს ჭეშმარიტება დიდი ხნის წინათ წინასწარმეტყველმა იერემიამ გამოთქვა: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ადამიანებს — ყველას — გვესაჭიროება ღვთის ხელმძღვანელობა.
8. ა) რა აღძრავს ადამიანებს, რომ ღმერთს მიუძღვნან თავი? ბ) რას ნიშნავს ქრისტიანული მიძღვნა?
8 ამ მნიშვნელოვანი ფაქტის გაგება აღგვძრავს, ვეძებოთ იეჰოვას ხელმძღვანელობა. ღვთის სიყვარული კი აღგვძრავს, მას მივუძღვნათ სიცოცხლე. მივუძღვნათ თავი ღმერთს ნიშნავს, ლოცვით მივუახლოვდეთ მას და აღვუთქვათ, რომ მთელი სიცოცხლე მის სამსახურში ვიქნებით და ერთგულად ვივლით მის გზებზე. ასე მოქცევით იესოს მივბაძავთ, რომელმაც წარუდგინა თავი იეჰოვას მტკიცე გადაწყვეტილებით — მისი ნება შეესრულებინა (ებრაელთა 10:7).
9. რატომ უძღვნიან ადამიანები სიცოცხლეს იეჰოვას?
9 იეჰოვა ძალას არავის ატანს, ანუ არავის აიძულებს, მას თავი მიუძღვნას (შეადარეთ 2 კორინთელთა 9:7). ღმერთი არც იმას ელის, რომ ვინმე წამიერად აჰყვეს გრძნობებს და ისე მიუძღვნას თავი. მონათვლამდე პიროვნება ჯერ მოწაფე უნდა გახდეს, ეს კი მოითხოვს გულწრფელ მონდომებას შემეცნების მიღებასთან დაკავშირებით (მათე 28:19, 20). პავლე ყველას, ვინც უკვე მონათლული იყო, ევედრებოდა, რომ ‘თავიანთი სხეულები ცოცხალ, წმიდა, კეთილსასურველ მსხვერპლად ეძღვნათ ღვთისთვის, რათა მათი მსახურება გონივრული ყოფილიყო’ (რომაელთა 12:1, სსგ). ჩვენც გონივრული გადაწყვეტილების საფუძველზე ვუძღვნით თავს იეჰოვა ღმერთს. როდესაც ვიგებთ, თუ რასთან არის ეს დაკავშირებული, და ამ საკითხზე გულდასმით ვმსჯელობთ, ხალისითა და სიხარულით ვუძღვნით ღმერთს სიცოცხლეს (ფსალმუნი 109:3).
10. როგორ არის მიძღვნა მონათვლასთან დაკავშირებული?
10 მას შემდეგ, რაც პირადად მივუახლოვდებით ღმერთს ლოცვით, რათა გამოვხატოთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ვივლით მის გზებზე, ვდგამთ შემდგომ ნაბიჯს. ჩვენს მიძღვნას საჯაროდ ვამტკიცებთ წყალში მონათვლით. ეს არის საჯარო განცხადება, რომ იეჰოვას მისი ნების შესრულება აღვუთქვით. დედამიწაზე თავისი მსახურების დასაწყისში იესო იოანეს მიერ მოინათლა, რითაც მაგალითი დაგვიტოვა (მათე 3:13–17). მოგვიანებით იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, რომ მოემოწაფათ ხალხი და მოენათლათ. ამიტომ მიძღვნა და მონათვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ყველასთვის, ვისაც სურს იეჰოვასთან ერთად სიარული.
11, 12. ა) როგორ შეიძლება მონათვლა შევადაროთ ქორწინებას? ბ) რა ანალოგია არსებობს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობასა და ცოლქმრულ ურთიერთობას შორის?
11 იესო ქრისტეს მონათლულ მოწაფედ გახდომა რაღაცნაირად ქორწინების მსგავსია. მრავალ ქვეყანაში ქორწილის დღეს წინ უსწრებს რამდენიმე ნაბიჯი. მამაკაცი და ქალი ხვდებიან და ეცნობიან ერთმანეთს, შემდეგ უყვარდებათ ერთმანეთი. მომდევნო ნაბიჯია ნიშნობა. ქორწინება კი საჯაროდ აცხადებს მათ პირად გადაწყვეტილებას, რომ დაქორწინდნენ და გახდნენ ცოლ-ქმარი. ქორწინებით სახალხოდ ცხადდება ამ განსაკუთრებული ურთიერთობის დაწყება. ეს დღე ცოლქმრობის დასაწყისზე მიუთითებს. ამის მსგავსად, მონათვლით აღინიშნება მთელი ცხოვრების განმავლობაში იეჰოვასთან ერთად ერთგულად სიარული.
12 განვიხილოთ სხვა ანალოგიური შემთხვევა. ქორწილის დღის შემდეგ ცოლ-ქმარს შორის სიყვარული უნდა გაღრმავდეს და განმტკიცდეს. ერთმანეთთან დაახლოებისთვის ორივე მეუღლემ უანგაროდ უნდა ეცადოს, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ცოლქმრული ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა ქორწინება არ არის, მონათვლის შემდეგ უნდა ვეცადოთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას. ის გვაკვირდება, აფასებს ჩვენს ძალისხმევას — შევასრულოთ მისი ნება — და გვიახლოვდება. „მიუახლოვდით ღმერთს, — დაწერა მოწაფე იაკობმა, — და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8).
იესოს კვალდაკვალ სიარული
13. ვის მაგალითს უნდა მივყვეთ ღმერთთან ერთად სიარულისას?
13 იეჰოვასთან ერთად რომ ვიაროთ, იესო ქრისტეს მაგალითს უნდა მივბაძოთ. მოციქული პეტრე წერდა: „ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ“ (1 პეტრე 2:21). რადგან იესო სრულყოფილი იყო, ჩვენ კი არასრულყოფილები ვართ, სრულად ვერ მივყვებით მის მაგალითს. მიუხედავად ამისა, იეჰოვა მოელის, ვაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. განვიხილოთ იესოს ცხოვრებისა და მსახურების ის ხუთი თავისებურება, რომლებსაც მონათლულმა ქრისტიანებმა უნდა მიბაძონ.
14. რას ნიშნავს ღვთის სიტყვის ცოდნა?
14 იესოს ჰქონდა ღვთის სიტყვის ზუსტი და საფუძვლიანი შემეცნება. მსახურებისას ის ხშირად ციტირებდა ებრაული წერილებიდან (ლუკა 4:4, 8). რასაკვირველია, მაშინდელი ბოროტი რელიგიური ბელადებიც საღვთო წერილიდან ციტირებდნენ (მათე 22:23, 24). მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ იესოს ესმოდა საღვთო წერილის მნიშვნელობა და მას ცხოვრებაში იყენებდა. მან არა მარტო იცოდა რჯული, არამედ მისი ნამდვილი მნიშვნელობაც ესმოდა. რადგან ქრისტეს მაგალითს მივყვებით, ჩვენც უნდა ვეცადოთ, გავიგოთ ღვთის სიტყვა და მის სულს ჩავწვდეთ. ასე მოქცევით ღვთისმოსაწონი მსახურები გავხდებით, რომლებსაც ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა’ შეუძლიათ (2 ტიმოთე 2:15).
15. ღვთის შესახებ საუბრის როგორი მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
15 იესო ქრისტე ზეციერი მამის შესახებ სხვებს ესაუბრებოდა. იესო ღვთის სიტყვის შემეცნებას არ მალავდა. მას მტრებიც კი ‘მოძღვარს’ ეძახდნენ, რადგან, სადაც უნდა წასულიყო, ყველას იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ესაუბრებოდა (მათე 12:38). იესო საჯაროდ ქადაგებდა ტაძარში, სინაგოგებში, ქალაქებსა და დაბებში (მარკოზი 1:39; ლუკა 8:1; იოანე 18:20). ის თანაგრძნობითა და გულკეთილად ასწავლიდა და სიყვარულით ეხმარებოდა ხალხს (მათე 4:23). ისინიც, ვინც იესოს მაგალითს მიჰყვება, მრავალ საშუალებას ნახულობენ, რომ ასწავლონ სხვებს იეჰოვა ღვთისა და მისი საოცარი განზრახვების შესახებ.
16. რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა იესოს იეჰოვას თაყვანისმცემლებთან?
16 იესოს თბილი გრძნობები აკავშირებდა იეჰოვას თაყვანისმცემლებთან. ერთ-ერთი შემთხვევისას, როდესაც იესო ხალხს ესაუბრებოდა, დედამისი და მისი ურწმუნო ძმები მასთან სალაპარაკოდ მივიდნენ. ბიბლიური ცნობა ამბობს: «ვიღაცამ უთხრა მას: „აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ.“ მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“ ხელით უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: „აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს შეასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“ » (მათე 12:47–50). ეს არ ნიშნავს, რომ იესო თავის ოჯახს უარყოფდა, რადგან მომდევნო მოვლენები საპირისპიროს ადასტურებს (იოანე 19:25–27). მაგრამ ეს ცნობა ხაზს უსვამს იმ სიყვარულს, რომელსაც იესო თანამორწმუნეების მიმართ ავლენდა. მსგავსად ამისა, ისინი, ვინც დღეს ღმერთთან ერთად დადის, იეჰოვას სხვა მსახურებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ამყარებენ და ყოველდღიურად იზრდებიან მათ მიმართ სიყვარულში (1 პეტრე 4:8).
17. რას ფიქრობდა იესო თავისი ზეციერი მამის ნების შესრულებაზე და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე?
17 ღვთის ნების შესრულებით, იესომ სიყვარული გამოხატა თავისი ზეციერი მამისადმი. იესო ყველაფერში ემორჩილებოდა იეჰოვას. მან თქვა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). ქრისტემ ისიც თქვა: „მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის [ღვთისთვის] არის სათნო“ (იოანე 8:29). იესოს ისე ძალიან უყვარდა თავისი ზეციერი მამა, რომ „დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილიპელთა 2:8). თავის მხრივ, იეჰოვამ აკურთხა იესო — მისცა მას ძალაუფლება და თავის შემდეგ მეორე ადგილზე დასვა (ფილიპელთა 2:9–11). იესოს მსგავსად, ღვთის მცნებების დაცვითა და მისი ნების შესრულებით ვაჩვენებთ, რომ მისადმი სიყვარული გვაქვს (1 იოანე 5:3).
18. ლოცვის რა მაგალითები დაგვიტოვა იესომ?
18 იესო გამუდმებით ლოცულობდა. ის ლოცულობდა მონათვლის დროს (ლუკა 3:21). თორმეტი მოციქულის არჩევამდე მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა (ლუკა 6:12, 13). იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, თუ როგორ ელოცათ (ლუკა 11:1–4). სიკვდილის წინა ღამეს იესომ მოწაფეებთან ერთად ილოცა მათთვის (იოანე 17:1–26). იესოს ცხოვრებაში ლოცვას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა და ასე უნდა იყოს ჩვენს შემთხვევაშიც, რადგან მისი მიმდევრები ვართ. რა პატივია, ლოცვით მიმართო უზენაეს მმათველს! გარდა ამისა, იეჰოვა პასუხობს ლოცვებზე, რადგან იოანემ დაწერა: „რა სითამამე გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ“ (1 იოანე 5:14, 15).
19. ა) იესოს რომელ თვისებებს უნდა მივბაძოთ? ბ) რა სარგებლობას მოგვიტანს იესოს ცხოვრებისა და მსახურების გამოკვლევა?
19 იესო ქრისტეს დედამიწაზე ცხოვრებისა და მსახურების გულდასმით გამოკვლევით ძალიან ბევრს გავიგებთ! დავფიქრდეთ მის მიერ გამოვლენილ თვისებებზე: სიყვარულზე, თანაგრძნობაზე, სიკეთეზე, სიძლიერეზე, გაწონასწორებულობაზე, გონივრულობაზე, თავმდაბლობაზე, გამბედაობასა და უანგარობაზე. რაც მეტს ვიგებთ იესოზე, მით უფრო მეტად გვსურს მისი ერთგული მიმდევრები ვიყოთ. იესოს შესახებ შემეცნება იეჰოვასთანაც გვაახლოვებს. ბოლოს და ბოლოს, იესო თავისი ზეციერი მამის სრული განსახიერება იყო. ისე ახლოს იყო იეჰოვასთან, რომ შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოანე 14:9).
მხარდაჭერისთვის ღმერთს მიენდე
20. როგორ შეგვიძლია მტკიცედ ვიაროთ იეჰოვასთან ერთად?
20 როდესაც ბავშვები სიარულს სწავლობენ, მათი ნაბიჯები არ არის მყარი. როგორ სწავლობენ ისინი მტკიცე სიარულს? მხოლოდ პრაქტიკისა და მონდომების შედეგად. ისინი, რომლებიც იეჰოვასთან ერთად დადიან, ცდილობენ იარონ მტკიცედ, მყარი ნაბიჯებით. ესეც დროსა და მონდომებას მოითხოვს. პავლემ აღნიშნა, რომ მონდომება მნიშვნელოვანი იყო ღმერთთან ერთად სიარულისთვის, როცა დაწერა: „კიდევ გთხოვთ, ძმებო, და შეგაგონებთ უფალ იესოში, რაკი ჩვენგან ისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ აამოთ ღმერთს, უფრო და უფრო“ (1 თესალონიკელთა 4:1).
21. რა კურთხევები შეგვიძლია მივიღოთ იეჰოვასთან ერთად სიარულისას?
21 თუ მთლიანად მას მივუძღვნით თავს, იეჰოვა დაგვეხმარება ვიაროთ მასთან ერთად (ესაია 40:29–31). წუთისოფელი ვერაფერს შემოგვთავაზებს ისეთს, რაც კი შეიძლება იმ კურთხევებს შეედაროს, რომლებსაც ღმერთი თავის გზაზე მოსიარულეებს აძლევს. ის არის ‘დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე ჩვენი წარმმართველი. და თუ ყურად ვიღებთ მის მცნებებს, მაშინ მდინარესავით იქნება ჩვენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით — ჩვენი სიმართლე’ (ესაია 48:17, 18). თუ გამოვეხმაურებით მოწოდებას, — ვიაროთ ღმერთთან ერთად — და მას ერთგულად ვემსახურებით, მასთან მარადიულ მშვიდობას მოვიპოვებთ.
როგორ უპასუხებდით?
◻ რატომ ითვლება პატივად ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად სიარული?
◻ რატომ არის იეჰოვასთან ერთად სიარულისთვის პირველი ნაბიჯები შესწავლა, მიძღვნა და მონათვლა?
◻ როგორ შეგვიძლია მივყვეთ იესოს კვალს?
◻ საიდან ვიცით, რომ იეჰოვა მხარში ამოგვიდგება მასთან ერთად სიარულისას?
[სურათები 13 გვერდზე]
შესწავლა, მიძღვნა და მონათვლა ღმერთთან ერთად სიარულის პირველი ნაბიჯებია.