-
„არ იცი, რაში მოგემართება ხელი“!საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
მაგალითი საფუარზე
9, 10. ა) რაზე გაამახვილა იესომ ყურადღება საფუვრის მაგალითში? ბ) ხშირად რის სიმბოლოდ გამოიყენება საფუარი ბიბლიაში და რა კითხვა წამოიჭრება იესოს მიერ მოხსენიებულ საფუართან დაკავშირებით?
9 ზრდა ყოველთვის არაა შესამჩნევი ადამიანის თვალისთვის. მომდევნო მაგალითში იესო სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს: „ზეციერი სამეფო ჰგავს საფუარს, რომელიც აიღო ქალმა და სამ დიდ საწყაო ფქვილს შეაზილა, სანამ ცომი არ გაფუვდა“ (მათ. 13:33). რას განასახიერებს საფუარი და როგორ უკავშირდება ის სამეფოს ზრდას?
10 ბიბლიაში საფუარი ხშირად ცოდვის სიმბოლოდ გამოიყენება. პავლე მოციქულმა სწორედ რომ საფუარს შეადარა ის გამხრწნელი ზეგავლენა, რომელიც ცოდვილ ადამიანს შეეძლო მოეხდინა ძველი კორინთის კრებაზე (1 კორ. 5:6—8). უარყოფით კონტექსტში მოიხსენია იესომაც საფუარი თავის მაგალითში?
11. როგორ გამოიყენებოდა საფუარი ძველ ისრაელში?
11 სანამ ამ კითხვას გავცემთ პასუხს, განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი: მართალია, იეჰოვა არ რთავდა ნებას ისრაელებს, რომ პასექის დღესასწაულზე საფუარი გამოეყენებინათ, მაგრამ სხვა შემთხვევებში მისთვის მისაღები იყო ისეთი შესაწირავი, რომელიც საფუარს შეიცავდა. საფუარი გამოიყენებოდა სამადლობელი მსხვერპლის, მშვიდობის მსხვერპლის მომზადებისას, როდესაც ის მადლიერების ნიშნად ნებაყოფლობით მიჰქონდათ იეჰოვას წინაშე იმ მრავალი კურთხევისთვის, რაც ღვთისგან ჰქონდათ. ასეთ შესაწირავს სიხარული მოჰქონდა შემწირველისთვის (ლევ. 7:11—15).
12. რა შეგვიძლია ვისწავლოთ იქიდან, თუ როგორ იყენებს ბიბლია სიმბოლურ ენას?
12 მეორე: მართალია, გარკვეული სიმბოლო ბიბლიის რომელიმე მონაკვეთში შეიძლება უარყოფით კონტექსტში იყოს გამოყენებული, მაგრამ სხვა შემთხვევაში იგივე სიმბოლო შესაძლოა რაღაც დადებითს განასახიერებდეს. მაგალითად, 1 პეტრეს 5:8-ში სატანა შედარებულია ლომთან, რითაც აღწერილია მისი საშიში და სასტიკი ბუნება. მაგრამ, გამოცხადების 5:5-ში იესოა შედარებული ლომთან — ის მოხსენიებულია როგორც „ლომი იუდას ტომიდან“. ამ შემთხვევაში ლომი წარმოადგენს სიმამაცისა და სამართლიანობის სიმბოლოს.
13. რას ვიგებთ სულიერი ზრდის შესახებ საფუვრის მაგალითიდან?
13 მესამე: იესოს არ უთქვამს, რომ საფუარმა გააფუჭა ცომი და ის გამოუსადეგარი გახადა. იესო უბრალოდ გულისხმობდა ცომის მოზელის ჩვეულებრივ პროცესს, რაც საჭიროა პურის გამოსაცხობად. დიასახლისმა სპეციალურად შეურია ფქვილში საფუარი და სასურველი შედეგიც მიიღო. საფუარი ცომში არ ჩანდა. ამგვარად, გაფუების პროცესი დიასახლისის თვალისთვის უხილავად ხდებოდა. ეს მოგვაგონებს იმ კაცს, რომელმაც თესლი დათესა და ღამით დაიძინა. იესომ თქვა, რომ „თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან [კაცმა] კი არ იცის, როგორ“ (მარ. 4:27). მართლაც რა მარტივად დაგვანახვა იესომ სულიერი ზრდის უხილავი პროცესი! ჩვენ შეიძლება თავიდან ვერ ვხედავდეთ, თუ როგორ მიმდინარეობს სულიერი ზრდა, მაგრამ ბოლოს მისი შედეგები აშკარა ხდება.
14. რაზე მიუთითებს ის, რომ საფუარი მთელ ცომს აფუებს?
14 ეს მაგალითი არა მხოლოდ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ზრდა ადამიანის თვალისთვის უხილავად მიმდინარეობს, არამედ იმაზეც, რომ ის დიდ მასშტაბებს აღწევს. ეს არის კიდევ ერთი მხარე, რასაც ხაზი ესმება საფუვრის მაგალითში. საფუარი აფუებს მთელ ცომს, „სამ დიდ საწყაო ფქვილს“ (ლუკ. 13:21). საფუვრის მსგავსად, სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა, რომელიც სულიერ ზრდას უწყობს ხელს, დღესდღეობით ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ ღვთის ცნობა „დედამიწის კიდით კიდემდე“ ვრცელდება (საქ. 1:8; მათ. 24:14). ჩვენთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღოთ სამეფოს გრანდიოზულ საქმეში, რომელიც დღითი დღე წინ მიიწევს!
-
-
„არ იცი, რაში მოგემართება ხელი“!საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
ფქვილში შერეული საფუარი არ ჩანს, მაგრამ ის მთელ ცომს აფუებს. ასევეა სულიერი ზრდის შემთხვევაშიც — ის ყოველთვის აშკარა შესამჩნევი არ არის და შეიძლება ვერც ვიგებთ, როგორ ხდება ზრდის პროცესი, მაგრამ ზრდა ნამდვილად მიმდინარეობს!
-