ლუკას სახარება
13 იმ დროს იქ იყვნენ ზოგიერთები, რომლებიც იესოს მოუყვნენ, როგორ შეურია პილატემ გალილეელთა სისხლი მათ მიერ შეწირული მსხვერპლის სისხლს. 2 მან მიუგო: „თქვენ გგონიათ, იმ გალილეელებს ეს იმიტომ დაემართათ, რომ სხვა გალილეელებზე ცოდვილები იყვნენ? 3 რა თქმა უნდა, არა! მაგრამ, თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.+ 4 ან ხომ არ გგონიათ, იმ 18 კაცს, სილოამში კოშკი რომ დაეცათ და დაიხოცნენ, უფრო დიდი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, ვიდრე იერუსალიმის სხვა მკვიდრთ? 5 არამც და არამც! მაგრამ, თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“.
6 შემდეგ მათ ასეთ იგავს მოუყვა: «ერთ კაცს ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა ნაყოფის სანახავად, მაგრამ ხეს არ ესხა.+ 7 მაშინ მევენახეს უთხრა: „სამი წელია, ველოდები, რომ ამ ლეღვმა მოისხას, მაგრამ არადა არ ისხამს. მოჭერი; ტყუილად რატომ უნდა ეკავოს მიწა?“ 8 მან მიუგო: „ბატონო, წელსაც დააცადე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი. 9 თუ გამოიღებს ნაყოფს, ხომ კარგი, თუ არადა, მოჭერი“».+
10 ერთ შაბათ დღეს იესო სინაგოგაში ასწავლიდა. 11 იქ ერთი ქალი იყო, 18 წელი უძლურების დემონით შეპყრობილი; წელში იყო მოხრილი და ვერ იმართებოდა. 12 იესომ რომ დაინახა იგი, უთხრა: „განკურნებული ხარ უძლურებისგან“.+ 13 ხელები დაადო ქალს, ისიც მაშინვე გაიმართა და ღვთის განდიდება დაიწყო. 14 სინაგოგის წინამძღვარი კი აღშფოთდა, იესომ ავადმყოფი შაბათს რომ განკურნა, და ხალხს უთხრა: „საქმის საკეთებლად ექვსი დღე არსებობს.+ შაბათს კი ნუ მოხვალთ განსაკურნავად, იმ დღეებში მოდით, როცა ნებადართულია საქმის კეთება“.+ 15 უფალმა მას უთხრა: „თვალთმაქცნო,+ შაბათობით რომელი თქვენგანი არ უშვებს თავის ხარს ან ვირს ბაგიდან და არ მიჰყავს დასარწყულებლად?+ 16 მაშ, არ შეიძლებოდა შაბათს ამ ქალის, აბრაამის ასულის, გათავისუფლება, რომელიც სატანას 18 წელი ჰყავდა შებორკილი?“ 17 ეს რომ თქვა, მის მოწინააღმდეგეებს შერცხვათ, ხალხი კი აღტაცებული იყო მისი დიდებული საქმეებით.+
18 შემდეგ მან თქვა: „რისი მსგავსია ღვთის სამეფო, რას შევადარო? 19 ის ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა. მარცვალი გაიზარდა, ხედ იქცა და მის ტოტებში ფრინველებმა დაიბუდეს“.+
20 შემდეგ განაგრძო: „კიდევ რას შევადარო ღვთის სამეფო? 21 ის ჰგავს საფუარს, რომელიც აიღო ქალმა და სამ სეა* ფქვილს შეაზილა, და ცომიც გაფუვდა“.+
22 შემდეგ იესომ გეზი იერუსალიმისკენ აიღო და გზადაგზა სოფლებსა და ქალაქებში ასწავლიდა. 23 ერთმა კაცმა ჰკითხა: „უფალო, მართალია, რომ ცოტანი გადარჩებიან?“ მან უთხრა მათ: 24 «ძალ-ღონე არ დაიშუროთ ვიწრო კარში შესასვლელად,+ რადგან, გეუბნებით, ბევრნი შეეცდებიან შესვლას, მაგრამ ვერ შევლენ. 25 როცა სახლის პატრონი ადგება და კარს ჩაკეტავს, მაშინ თქვენ გარეთ იდგებით, კარზე კაკუნს მოჰყვებით და სთხოვთ: „ბატონო, შემოგვიშვი!“+ ის კი მოგიგებთ: „არ გიცნობთ!“ 26 მაშინ ეტყვით: „ჩვენ ხომ შენთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით?! შენ ხომ ჩვენს მთავარ ქუჩებში ასწავლიდი?!“+ 27 ის კი გეტყვით: „არ გიცნობთ. გამშორდით, უმართლობის მოქმედნო!“ 28 როცა დაინახავთ, რომ აბრაამი, ისაკი, იაკობი და ყველა წინასწარმეტყველი ღვთის სამეფოში იქნებიან, თქვენ კი გარეთ იქნებით გამოყრილნი, მაშინ მოჰყვებით ტირილსა და კბილთა ღრჭენას.+ 29 მოვა ხალხი აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან და ყველა თავის ადგილს დაიკავებს სუფრასთან ღვთის სამეფოში. 30 ბოლოები პირველები იქნებიან, პირველები კი — ბოლოები».+
31 მაშინ მასთან რამდენიმე ფარისეველი მივიდა და უთხრა: „წადი, გაეცალე აქაურობას, ჰეროდე მოკვლას გიპირებს“. 32 მან უთხრა მათ: „წადით და გადაეცით იმ მელას: დღეს და ხვალ დემონებს ვდევნი და ავადმყოფებს ვკურნავ, ზეგ დავასრულებ ჩემს საქმეს. 33 დღეს, ხვალ და ზეგ ეს საქმე გზად უნდა ვაკეთო; შეუძლებელია წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ მოკლან.+ 34 იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო!+ რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ!+ 35 აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი ტაძარი.+ გეუბნებით, ამიერიდან ვეღარ მიხილავთ, სანამ არ იტყვით, კურთხეულიაო იეჰოვას* სახელით მომავალი!“+