თავი 56
რა ბილწავს სინამდვილეში ადამიანს
მათე 15:1—20; მარკოზი 7:1—23; იოანე 7:1
იესო გმობს ადამიანურ ადათ-წესებს
ახ. წ. 32 წელია. პასექის დღესასწაულის დადგომამდე იესო გალილეის მთელ მხარეში უქადაგებს და ასწავლის ხალხს, შემდეგ კი, როგორც ჩანს, იერუსალიმისკენ მიემართება, რათა ღვთის კანონის თანახმად იქ აღნიშნოს ეს დღესასწაული. მაგრამ იესო ფრთხილობს, რადგან იცის, რომ იუდეველები მოსაკლავად დაეძებენ (იოანე 7:1). პასექის შემდეგ იგი კვლავ გალილეაში ბრუნდება.
ახლა, როგორც ჩანს, იესო კაპერნაუმშია და მასთან იერუსალიმიდან მწიგნობრები და ფარისევლები ჩამოდიან. რატომ გამოიარეს მათ ამხელა გზა? ამ კაცებს სურთ, იესო რამეში მაინც გამოიჭირონ და შემდეგ ბრალი დასდონ, რომ თითქოს კანონს არღვევს. ისინი ეკითხებიან: „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები წინაპართა ადათ-წესებს? რატომ არ იბანენ ჭამის წინ ხელებს?“ (მათე 15:2). უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთს არასდროს მოუთხოვია თავისი ხალხისგან ამ რიტუალის შესრულება, ანუ „ხელების იდაყვებამდე“ დაბანა (მარკოზი 7:3). მიუხედავად ამისა, ფარისევლები ამ წესად ქცეული რიტუალის უგულებელყოფას სერიოზულ ცოდვად მიიჩნევენ.
იესო პირდაპირ მათი ბრალდების გაბათილებას კი არ იწყებს, არამედ ცდილობს, დაანახვოს, რომ თვითნებურად მოქმედებენ და ღვთის კანონს არღვევენ. „თქვენ რატომღა არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ადათ-წესებით?“ — ეკითხება იგი. «მაგალითად, ღმერთმა თქვა: „პატივი ეცი მამას და დედას“ და „მამის ან დედის მლანძღველი მოკვდეს“. თქვენ კი ამბობთ: „ვინც მამას ან დედას ეტყვის, ჩემი ქონება, რითაც ჩემგან შეგეძლო გესარგებლა, ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენიაო, ის ვალდებული აღარ არის, პატივი სცეს თავის მამას“» (მათე 15:3—6; გამოსვლა 20:12; 21:17).
ფარისევლების აზრით, ნებისმიერი რამ, რაზეც კაცი იტყოდა ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენიაო, იქნებოდა ეს ფული, ქონება თუ სხვა, ტაძრის საკუთრება ხდებოდა და შემწირველს აღარ შეეძლო მისი სხვა მიზნით გამოყენება. მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღვთისთვის განკუთვნილი ეს ძღვენი კვლავაც შემწირველის საკუთრებაში რჩებოდა. მაგალითად, ვაჟს შესაძლოა ეთქვა, რომ მისი ფული ან ქონება ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენი ანუ „კორბანი“ იყო, რაც, როგორც აღვნიშნეთ, იმას ნიშნავდა, რომ ეს ძღვენი ტაძრის საკუთრებაში გადადიოდა. მართალია, ეს ფული თუ ქონება კვლავ შემწირველის განკარგულებაში რჩებოდა, მაგრამ, როგორც თავად ამტკიცებდა, მეტად ვეღარ გამოიყენებდა მას იმ მიზნით, რომ ხანდაზმული მშობლებისთვის გაემართა ხელი; შესაბამისად, აღარ მოუწევდა მშობლების წინაშე თავისი ვალდებულების შესრულება (მარკოზი 7:11).
იესო სრულიად სამართლიანად გამოთქვამს აღშფოთებას, რადგან ეს ხალხი ამახინჯებს კანონში ჩაწერილ სიტყვებს. იგი ეუბნება მათ: «თქვენ თქვენივე ადათ-წესებით ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას. თქვე თვალთმაქცებო, სწორად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე: „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან. ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან როგორც სწავლებებს“». იესო მკაცრად განსჯის ფარისევლებს, თუმცა საპასუხოდ ისინი ვერაფერს ეუბნებიან. იესო თავისთან იხმობს ხალხს და ეუბნება: „მოისმინეთ და ჩასწვდით ნათქვამის აზრს: ადამიანს ის კი არ ბილწავს, რაც პირში შედის, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის“ (მათე 15:6—11; ესაია 29:13).
მოგვიანებით, უკვე სახლში ყოფნისას, მოწაფეები ეკითხებიან იესოს: „იცი, რომ შენი ნათქვამის მოსმენაზე ფარისევლები დაბრკოლდნენ?“. „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემს ზეციერ მამას არ დაურგავს, ამოიძირკვება. თავი დაანებეთ მათ, ბრმა მეგზურები არიან. თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება“, — პასუხობს იესო (მათე 15:12—14).
როგორც ჩანს, იესოს უკვირს, როცა მოწაფეების სახელით პეტრე სთხოვს, განუმარტოს, სინამდვილეში რა ბილწავს ადამიანს. იესო უხსნის: „ნუთუ არ იცით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, ნაწლავებს გაივლის და ორმოში ჩადის?! პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და ეს ბილწავს ადამიანს. მაგალითად, გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, ქურდობა, ცრუმოწმეობა, მკრეხელობა. აი, რა ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელებით ჭამა კი — არა“ (მათე 15:17—20).
ეს სიტყვები ისე არ უნდა გავიგოთ, რომ იესოსთვის მნიშვნელოვანი არ არის სისუფთავის დაცვა და არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ, მაგალითად, კერძის მომზადების თუ მისი მირთმევის წინ აუცილებელი არ არის ხელების დაბანა. სინამდვილეში იესოს იმის თქმა სურს, რომ ამ თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლების საქციელი გაუმართლებელია, რადგან ისინი ცდილობენ, გვერდი აუარონ ღვთის სამართლიან კანონებს და ადამიანური ადათ-წესებით ჩაანაცვლონ. ცხადზე ცხადია, რომ ადამიანს თავისი ბოროტი საქმეები ბილწავს ანუ ის, რაც მისი გულიდან გამოდის.