სწავლებისას გამოავლინე გონიერება და დამაჯერებლობა
«ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას [„დამაჯერებლობას“, აქ] ჰმატებს» (იგავნი 16:23).
1. რატომ შედის ღვთის სიტყვის სწავლებაში უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა?
ჩვენი, ღვთის სიტყვის მასწავლებლების, მიზანია, გავანათლოთ მოსწავლის არა მარტო გონება, არამედ გულიც (ეფესელთა 1:18). ამიტომ სწავლებაში მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა. იგავნის 16:23 ამბობს: «ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას [„დამაჯერებლობას“, აქ] ჰმატებს».
2. ა) რას ნიშნავს ვინმეს დაჯერება? ბ) როგორ არის ყველა ქრისტიანისთვის შესაძლებელი, რომ დარწმუნების ხელოვნებით აღჭურვილი მასწავლებლები იყვნენ?
2 სწავლებისას მოციქული პავლე, რა თქმა უნდა, იცავდა ამ პრინციპს. კორინთში ყოფნისას ის „ყოველ შაბათს საუბრობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს“ (საქმეები 18:4). ერთი ავტორიტეტული წყაროს თანახმად, ბერძნული სიტყვა, რომელიც „დარწმუნებად“ ანუ დაჯერებად, ითარგმნა, „მსჯელობის ან ზნეობრივი მოსაზრებების გამო აზროვნების შეცვლას“ ნიშნავს. დამაჯერებელი არგუმენტაციით პავლემ შეძლო აზროვნების ფორმის შესაცვლელად ხალხის აღძვრა. მას სხვების დაჯერების საოცარი უნარი ჰქონდა, რაც მტრებს შიშის ზარს სცემდა (საქმეები 19:24–27). მაგრამ პავლეს სწავლება ადამიანის უნარის აფიშირება არ იყო. მან კორინთელებს უთხრა: „ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოცხადებით. რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით“ (1 კორინთელთა 2:4, 5). რადგან იეჰოვა ღმერთის სულიწმიდა ნებისმიერ ქრისტიანს ეხმარება, ყველას შეუძლია დარწმუნების ხელოვნებას დაუფლებული მასწავლებელი გახდეს. მაგრამ როგორ? მოდი განვიხილოთ სწავლების რამდენიმე ეფექტური მეთოდი.
იყავით კარგი მსმენელი
3. რატომ არის საჭირო სწავლებისას გონიერება და როგორ შეგვიძლია ბიბლიის შემსწავლელის გულს ჩავწვდეთ?
3 სწავლების პირველ მეთოდში შედის არა ლაპარაკი, არამედ მოსმენა. იგავნის 16:23-ის თანახმად, სხვისი დარწმუნებისთვის გონიერებაა საჭირო. იესო ნამდვილად ავლენდა გონიერებას, როდესაც ხალხს ასწავლიდა. იოანეს 2:25 (სსგ) ამბობს: „თავად იცოდა, რაც იყო კაცში“. მაგრამ საიდან შეგვიძლია ვიცოდეთ, რა აქვს გულში ბიბლიის შემსწავლელს? ერთ-ერთი საშუალება კარგი მოსმენაა. იაკობის 1:19-ში ნათქვამია: „ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი“. მართალია, ყველა ადვილად არ გადაუშლის გულს სხვას, მაგრამ, თუ შემსწავლელი დაინახავს, რომ მართლა ვართ მისი პიროვნებით დაინტერესებული, შეიძლება გულახდილი საუბრისკენ აღიძრას. თბილად დასმული კარგად გააზრებული კითხვები ხშირად შეიძლება გულში ჩაწვდომასა და გულის ზრახვების ‘ამოხაპვაში’ დაგვეხმაროს (იგავნი 20:5).
4. რატომ უნდა იყვნენ კარგი მსმენელები ქრისტიანი უხუცესები?
4 გულდასმით მოსმენა განსაკუთრებით ქრისტიანი უხუცესებისთვის არის მნიშვნელოვანი. მხოლოდ მაშინ ‘ეცოდინებათ [მათ], ვის რა პასუხი გასცენ’ (კოლასელთა 4:6). იგავნის 18:13 ამბობს: „მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი“. ერთხელ ორი კეთილმოსურნე ძმა დასთან, რომელმაც რამდენიმე კრება გააცდინა რჩევის მისაცემად მივიდა და ქვეყნიური ინტერესებით გატაცებაზე ელაპარაკა. დას ძალიან ეტკინა გული, რადგან კრების გაცდენის მიზეზი მისთვის არც უკითხავთ. მას თურმე ოპერაცია გაუკეთეს და ახლახან გამოეწერა საავადმყოფოდან. როგორც ვხედავთ, რჩევის მიცემამდე მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.
5. როგორ შეუძლიათ უხუცესებს მოაგვარონ ძმებს შორის წამოჭრილი პრობლემა?
5 უხუცესებისთვის მასწავლებლობა ხშირად სხვებისთვის რჩევის მიცემასაც ნიშნავს. აქაც მნიშვნელოვანია კარგი მოსმენა. ეს განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც თანაქრისტიანებს შორის უთანხმოება წამოიჭრება. მხოლოდ მოსმენის შემდეგ შეუძლია უხუცესს ‘მიუკერძოებლად განმკითხავ მამას’ მიბაძოს (1 პეტრე 1:17). ასეთ შემთხვევებში ხშირად ემოციები მოჭარბებულია და კარგი იქნება უხუცესებს ყოველთვის ახსოვდეთ იგავნის 18:17-ში მოცემული რჩევა: „პირველი მართალია დავაში, ვიდრე მისი მოსარჩლე მოვიდოდეს და გაჩხრეკდეს მას“. კარგი მასწავლებელი ორივე მხარეს მოუსმენს. ლოცვის წარმოთქმით კი მშვიდი ატმოსფეროს შექმნას შეუწყობს ხელს (იაკობი 3:18). თუ ემოციები მძაფრდება, შეიძლება უხუცესმა ორივე ძმას ურჩიოს, რომ ერთმანეთში კი არ იკამათონ, არამედ უშუალოდ მას მოუთხრონ თავიანთი გასაჭირი. სათანადო კითხვების საშუალებით უხუცესი შეძლებს ჩასწვდეს პრობლემის არსს. ხშირად კამათის მიზეზი გაუგებრობაა და არა ბოროტი განზრახვა, მაგრამ, თუ ბიბლიური პრინციპები ირღვევა, მოსიყვარულე მასწავლებელი ორივე მხარის მოსმენის შემდეგ უკვე საქმეში ჩახედული იქნება და ისე მისცემს რჩევას.
უბრალოების ფასი
6. რა მაგალითი დაგვიტოვეს პავლემ და იესომ უბრალო ენით სწავლებასთან დაკავშირებით?
6 სწავლების კიდევ ერთი პრაქტიკული მეთოდი საკითხის უბრალო ენით გადაცემაა. ჩვენი სურვილია, რომ ბიბლიის შემსწავლელი ‘ყველა წმიდასთან ერთად ჩასწვდეს, რა არის’ ჭეშმარიტების „სიგანე და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე“ (ეფესელთა 3:18). ბიბლიურ მოძღვრებაში არის გარკვეული მხარეები, რომლებიც ძალიან საინტერესო, მაგრამ ხშირად რთულია (რომაელთა 11:33). მიუხედავად ამისა, ბერძნებთან ქადაგებისას მოციქული პავლე ყურადღებას ამახვილებდა ‘ჯვარცმული ქრისტეს’ შესახებ ცნობაზე, რომელიც ადვილად გასაგები იყო (1 კორინთელთა 2:1, 2). ქადაგებისას იესოს მიერ გამოყენებული სიტყვებიც ნათელი და გულში ჩამწვდომი იყო. მთაზე ქადაგებისას ის უბრალო ენით ლაპარაკობდა, მაგრამ მასში ჩადებული იყო ოდესმე წარმოთქმულთაგან ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება (მათეს 5—7 თავები).
7. როგორ შეგვიძლია ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას გავაიოლოთ საკითხები?
7 მსგავსად ამისა, ჩვენც ბიბლიის შემსწავლელებს უბრალო ენით უნდა ვასწავლოთ. როგორ? ‘უფრო მნიშვნელოვანზე’ ყურადღების გამახვილებით (ფილიპელთა 1:10, აქ). როდესაც რთულ საკითხებს ვხსნით, უნდა ვეცადოთ, ნათლად გადმოვცეთ აზრი. პუბლიკაციაში მოყვანილი ყველა ბიბლიური მუხლის წაკითხვისა და გარჩევის ნაცვლად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ძირითად მუხლებზე. ამისათვის კი კარგი მომზადებაა საჭირო. ბიბლიის შემსწავლელი არ უნდა დავტვირთოთ ათასი წვრილმანით და ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხებით მთავარი თემიდან არ უნდა გადავახვევინოთ. თუ მას წამოეჭრება კითხვა, რომელიც უშუალოდ გაკვეთილთან არაა დაკავშირებული, ტაქტიანად ვუთხრათ, რომ ამაზე გაკვეთილის ბოლოს ვისაუბრებთ.
კითხვების ეფექტურად გამოყენება
8. როგორ იყენებდა იესო კითხვებს ეფექტურად?
8 სწავლების ხელოვნებაში პრაქტიკულ მეთოდს ეფექტური კითხვების დასმაც წარმოადგენს. სწავლებისას იესო ქრისტე ძალიან ხშირად სვამდა კითხვებს. მაგალითად, მან პეტრეს ჰკითხა: «„რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს — თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან?“ როცა თქვა: უცხოთაგანო, იესომ უთხრა მას: „აბა, ძენი თავისუფლები ყოფილან“» (მათე 17:24–26). როგორც ისეთი პიროვნების მხოლოდშობილი ძე, რომელსაც იმ ტაძარში თაყვანს სცემდნენ, იესო ნამდვილად არ იყო ვალდებული, ტაძრის გადასახადი გადაეხადა. მაგრამ იესომ ჭეშმარიტება კითხვების ეფექტურად გამოყენებით გააგებინა თავის მოწაფეს. ამგვარად, ის პეტრეს მისთვის უკვე ცნობილი ფაქტების საფუძველზე სათანადო დასკვნის გამოტანაში დაეხმარა.
9. როგორ შეგვიძლია კითხვების გამოყენება ბიბლიის შესწავლის განმავლობაში?
9 ბიბლიის შესწავლის განმავლობაში ჩვენც შეგვიძლია ეფექტური კითხვები დავსვათ. თუ შემსწავლელი არასწორად გვპასუხობს, შეიძლება სურვილი გვიჩნდება, რომ მაშინვე სწორი პასუხი ვუთხრათ, მაგრამ დაამახსოვრდება ბიბლიის შემსწავლელს ამგვარად მიწოდებული ინფორმაცია? ხშირად საუკეთესო საშუალებაა დავსვათ ისეთი კითხვები, რომლებიც შემსწავლელს სწორ დასკვნამდე მიიყვანს. მაგალითად, თუ მას უჭირს ღვთის სახელის გამოყენების აუცილებლობის გაგება, შეიძლება ვკითხოთ: „არის თქვენი სახელი თქვენთვის მნიშვნელოვანი?. . რატომ?. . როგორი გრძნობა დაგეუფლებოდათ, ვინმეს რომ უარი ეთქვა თქვენი სახელით მოხმობაზე?. . განა მიზანშეწონილი არ არის ღვთის მოთხოვნაც მისი პირადი სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით?
10. როგორ შეუძლიათ უხუცესებს კითხვების გამოყენება მათ დასახმარებლად, რომლებსაც ემოციური ჭრილობები აქვთ?
10 უხუცესებს შეუძლიათ სამწყსოს მწყემსვის დროსაც გამოიყენონ კითხვები. კრებაში მრავალი სატანის წუთისოფელმა გათელა და ემოციური ჭრილობები აწუხებს. მათ შეიძლება თავი უწმინდური ჰგონიათ ან ფიქრობენ, რომ სიყვარულის ღირსი არ არიან. უხუცესებს შეუძლიათ ასეთ ადამიანს უთხრან: „შენ ამბობ, რომ საკუთარი თავი უწმიდური გგონია, მაგრამ დაფიქრდი, რას ფიქრობს შენზე იეჰოვა? თუ ჩვენმა მოსიყვარულე ზეციერმა მამამ საკუთარი ძის სიკვდილი დაუშვა და, ამგვარად, გამოგისყიდა, განა ეს იმის მაჩვენებელი არ არის, რომ ღმერთს უყვარხარ?“ (იოანე 3:16).
11. რა მიზანს ემსახურება რიტორიკული კითხვები და როგორ შეიძლება საჯარო მოხსენებებში მათი გამოყენება?
11 სწავლების კარგ მეთოდს წარმოადგენს რიტორიკული შეკითხვებიც. მათზე მსმენელებისგან პასუხს კი არ ელიან, არამედ ისინი დაფიქრებისკენ აღძრავს ადამიანს. ძველი დროის წინასწარმეტყველები ხშირად სვამდნენ მსგავს შეკითხვებს, რათა მსმენელები სერიოზულად დაეფიქრებინათ (იერემია 18:14, 15). იესოც ეფექტურად იყენებდა რიტორიკულ კითხვებს (მათე 11:7–11). ასეთი კითხვები განსაკუთრებით ხალხთან ლაპარაკის დროს არის ეფექტური. ნაცვლად იმისა, რომ მსმენელებისთვის პირდაპირ ეთქვა, იეჰოვასთვის სიამოვნების მისანიჭებლად მთელი გულით მსახურებაა საჭირო, ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა კითხვის დასმა: თუ ნამდვილად მთელი გულით არ ვმსახურობთ, მივანიჭებთ იეჰოვას სიამოვნებას?
12. რით არის ღირებული ბიბლიის შემსწავლელის პირადი თვალსაზრისის გასაგებად დასმული კითხვები?
12 პირადი თვალსაზრისის გასაგებად დასმული კითხვები ძალზე პრაქტიკულია იმის გასაგებად, ნამდვილად სწამს თუ არა ბიბლიის შემსწავლელს ის, რასაც სწავლობს (მათე 16:13–16). ბიბლიის შემსწავლელმა შეიძლება სწორად უპასუხოს, რომ მრუშობა ცუდია, მაგრამ რატომ არ უნდა დაგესვათ, მაგალითად, ასეთი კითხვები: „პირადად თქვენ, რას ფიქრობთ ღვთის თვალსაზრისზე ზნეობრივ ნორმებთან დაკავშირებით? ხომ არ გგონიათ, რომ ისინი მეტისმეტად მკაცრია? რას იტყოდით, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის ნორმების შესრულება?“
გულში ჩამწვდომი თვალსაჩინო მაგალითები
13, 14. ა) რას ნიშნავს რაღაცასთან დაკავშირებით თვალსაჩინო მაგალითის მოყვანა? ბ) რატომ არის ეფექტური კარგი თვალსაჩინო მაგალითები?
13 ეფექტური თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებითაც შესაძლებელია მსმენელისა და ბიბლიის შემსწავლელის გულს შევეხოთ. ბერძნული გამოთქმა, რომელიც „თვალსაჩინო მაგალითად“ ითარგმნა, სიტყვასიტყვით „გვერდით ან ერთად მოთავსებას“ ნიშნავს. როდესაც თვალსაჩინო მაგალითი მოგყავთ, საკითხის ასახსნელად მაგალითს მსგავსი რამის „გვერდით ათავსებთ“. მაგალითად, იესომ იკითხა: „რას შევუდაროთ ღვთის სასუფეველი? ან რომელი იგავით გამოვხატოთ იგი?“ პასუხად იესომ ყველასთვის კარგად ცნობილი მდოგვის მარცვალი მოიყვანა (მარკოზი 4:30–32).
14 ღვთის წინასწარმეტყველები მრავალ თვალსაჩინო მაგალითს იყენებდნენ. როდესაც აშურელებმა, რომლებიც ღვთის ხელში ისრაელის დასასჯელ იარაღს წარმოადგენდნენ, საშინელი სიმკაცრე გამოიჩინეს, ესაიამ თვალსაჩინო მაგალითით ამხილა მათი კადნიერება: „თუ ეყოყოჩება ცული მჩეხველს, თუ ედიდგულება ხერხი მხერხელს?“ (ესაია 10:15). მსგავსად ამისა, სწავლებისას იესო ძალიან ხშირად მიმართავდა თვალსაჩინო მაგალითებს. აღსანიშნავია, რომ ის „იგავის გარეშე არ ესაუბრებოდა მათ [ხალხს]“ (მარკოზი 4:34). კარგი თვალსაჩინო მაგალითები ეფექტურია, ვინაიდან იპყრობს როგორც გონებას, ისე გულს. ისინი მსმენელებს საშუალებას აძლევს ახალი ინფორმაცია მათთვის უკვე ნაცნობ მოვლენებს შეადარონ, რაც სიახლის ათვისებას აადვილებს.
15, 16. რა ხდის ყველაზე მეტად თვალსაჩინო მაგალითს ეფექტურს? მოიყვანეთ მაგალითები.
15 როგორ შეგვიძლია ისეთი თვალსაჩინო მაგალითების მოყვანა, რომლებიც ნამდვილად აღწევს გულებამდე? პირველ რიგში, თვალსაჩინო მაგალითი უნდა შეესაბამებოდეს ასახსნელ საკითხს. თუ შედარება შესატყვისი არ არის, ის მსმენელს, რაიმე ცნობის მიწოდების ნაცვლად, საერთოდ დააბნევს. ერთმა მომხსენებელმა, რომელსაც ცუდი განზრახვა სულაც არ ჰქონია, ცხებულთა დარჩენილი ნაწილის წევრების იესო ქრისტესადმი მორჩილება ძაღლის ერთგულებას შეადარა. მაგრამ ნორმალურია ასეთი დამამცირებელი შედარების გაკეთება? იგივე აზრი ბიბლიაში ბევრად უფრო მიმზიდველი და ღირსეული სახით არის გადმოცემული. მასში იესოს 144 000 ცხებული მიმდევარი „ქმრისათვის მორთულ სასძლოსთან“ არის შედარებული (გამოცხადება 21:2).
16 თვალსაჩინო მაგალითები ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც ყოველდღიური ცხოვრებიდანაა აღებული. ნათანის მიერ მოყვანილ თვალსაჩინო მაგალითში ბატკნის დაკვლამ მეფე დავითს გული ატკინა, რადგან სიჭაბუკეში ის მწყემსი იყო და უყვარდა ცხვრები (პირველი მეფეთა 16:11–13; მეორე მეფეთა 12:1–7). თუ თვალსაჩინო მაგალითში ხარზე იქნებოდა საუბარი, შეიძლება ის იმდენად ეფექტური არ ყოფილიყო. მსგავსად ამისა, რაიმე მეცნიერულ ფენომენზე ან ნაკლებად ცნობილ ისტორიულ მოვლენაზე დაფუძნებულ თვალსაჩინო მაგალითს, შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს ჩვენი მსმენელისთვის. იესოს თვალსაჩინო მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან მოჰყავდა და ლაპარაკობდა უბრალო რამეებზე: სანათზე, ცის ფრინველებსა და მინდვრის შროშანებზე (მათე 5:15, 16, აფ; 6:26, 28). იესოს მსმენელებისთვის ამგვარად მოწოდებული ინფორმაცია ადვილად გასაგები იყო.
17. ა) რაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული ჩვენ მიერ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითები? ბ) როგორ შეიძლება მოვურგოთ ბიბლიის შემსწავლელის მდგომარეობას ჩვენს პუბლიკაციებში გამოყენებული თვალსაჩინო მაგალითები?
17 მსახურებაში მარტივი, მაგრამ ეფექტური თვალსაჩინო მაგალითების გამოყენების მრავალი შესაძლებლობა არსებობს. იყავით დაკვირვებული (საქმეები 17:22, 23). ზოგჯერ თვალსაჩინო მაგალითის დაკავშირება შეიძლება მსმენელის შვილებთან, სახლთან, სამსახურთან ან ჰობთან. ან შეიძლება სასწავლო მასალაში მოცემული თვალსაჩინო მაგალითის ეფექტის გასაძლიერებლად, ის ბიბლიის შემსწავლელის მდგომარეობისთვის მოგვერგო. ავიღოთ, მაგალითად, ეფექტური თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც წიგნ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“ მე-8 თავის მე-14 აბზაცშია მოყვანილი. მასში ლაპარაკია მოსიყვარულე მშობელზე, რომელსაც მეზობელი ცილს სწამებს. კარგი იქნებოდა დავფიქრებულიყავით, თუ როგორ მოგვერგო ეს მაგალითი ბიბლიის შემსწავლელის მდგომარეობასთან, რომელიც თავად არის მშობელი.
ბიბლიური მუხლების გამართულად წაკითხვა
18. რატომ უნდა ვეცადოთ გამართულად კითხვას?
18 პავლე ტიმოთეს არიგებდა: „ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, შეგონებას და სწავლებას“ (1 ტიმოთე 4:13). ვინაიდან ჩვენი სწავლება ბიბლიაზეა დაფუძნებული, კარგი იქნებოდა გამართული კითხვა შეგვძლებოდა. ლევიანებს წილად ხვდათ პატივი, ღვთის ხალხისთვის მოსეს რჯული ეკითხათ. ენის ბორძიკით ან მონოტონურად კითხულობდნენ ისინი? არა, რადგან ნეემიას 8:8 ამბობს: „კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნიდან, განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული“.
19. როგორ შეგვიძლია საღვთო წერილის კითხვაში გაუმჯობესება?
19 ზოგი კარგი ორატორი ქრისტიანი მამაკაცი სათანადოდ ვერ კითხულობს, როდესაც ამის აუცილებლობა იქმნება. როგორ შეუძლიათ მათ ამ საკითხში გაუმჯობესება? ვარჯიშით. დიახ, მათ ხმამაღლა უნდა იკითხონ და იკითხონ მანამ, სანამ გამართულად კითხვას არ შეძლებენ. თუ ბიბლიის აუდიოკასეტი თქვენს ენაზე ხელმისაწვდომია, კარგი იქნებოდა ყურადღება მიგექციათ, თუ სად სვამს მკითხველი აზრობრივ მახვილს და სად ცვლის ინტონაციას. კარგი იქნებოდა ძნელად წარმოსათქმელი სახელების კითხვაშიც გვევარჯიშა. ვარჯიშის შემდეგ ისეთი სახელის წაკითხვაც კი, როგორიცაა მაჰერშალალ ხაშ-ბაზი, შედარებით იოლი ხდება.
20. როგორ შეგვიძლია ‘გულისყურით მოვეკიდოთ საკუთარ თავსა და სწავლებას’?
20 რამხელა პატივია ჩვენთვის, იეჰოვას ხალხისთვის, მასწავლებლებად მსახურება! ამიტომ დაე თითოეული ჩვენგანი სერიოზულად მოეკიდოს ამ პასუხისმგებლობას. დაე ‘გულისყურით მოვეკიდოთ საკუთარ თავსა და სწავლებას’ (1 ტიმოთე 4:16, აქ). კარგი მოსმენით, საკითხების მარტივად გადაცემით, გონივრული კითხვების დასმით ეფექტური თვალსაჩინო მაგალითებითა და საღვთო წერილის გამართული კითხვით შეგვიძლია შესანიშნავი მასწავლებლები გავხდეთ. დაე თითოეულმა ჩვენგანმა ისარგებლოს იმ მოსამზადებელი პროგრამით, რომელსაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვაწვდის, რადგან ეს „სწავლულთა ენით“ ლაპარაკში დაგვეხმარება (ესაია 50:4). თუ ბოლომდე გამოვიყენებთ მსახურებისთვის მოწოდებულ ყველა საშუალებას, რომლებშიც შედის: ბროშურები, აუდიო- და ვიდეოკასეტები, შევძლებთ, რომ სხვების სწავლებისას გონიერება და დამაჯერებლობა გამოვავლინოთ.
შეგიძლია გაიხსენო?
◻ როგორ დაგვეხმარება სწავლებისას კარგი მოსმენა?
◻ როგორ შეგვიძლია უბრალო ენით სწავლებაში პავლესა და იესოს მივბაძოთ?
◻ როგორი კითხვები უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც სხვებს ვასწავლით?
◻ რომელი თვალსაჩინო მაგალითებია ყველაზე ეფექტური?
◻ როგორ შეგვიძლია კითხვის ხელოვნების გაუმჯობესება?
[სურათი 16 გვერდზე]
კარგი მასწავლებელი უსმენს შემსწავლელს, რომ ჩასწვდეს მის გულის ზრახვებს.
[სურათები 18 გვერდზე]
იესოს თვალსაჩინო მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან მოჰყავდა.