მათეს სახარება
5 ხალხი რომ დაინახა, მთაზე ავიდა; დაჯდა და მოწაფეები მივიდნენ მასთან. 2 მან გახსნა ბაგე და ასწავლიდა მათ:
3 «ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი*,+ რადგან მათია ზეციერი სამეფო.
4 ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ.+
5 ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი,+ რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას.+
6 ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი,+ რადგან ისინი გაძღებიან.+
7 ბედნიერნი არიან გულმოწყალენი,+ რადგან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
8 ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი,+ რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
9 ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი,+ რადგან მათ ღვთის ძეები დაერქმევათ.
10 ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი,+ რადგან მათია ზეციერი სამეფო.
11 ბედნიერნი ხართ, თუ გლანძღავენ,+ გდევნიან+ და ყოველგვარ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო.+ 12 იხარეთ და იმხიარულეთ,+ რადგან დიდი საზღაური+ გელით ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც ასე დევნიდნენ.+
13 თქვენ ხართ მარილი+ მიწისთვის და, თუ მარილი ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე?! ის აღარაფრად ივარგებს, მხოლოდ გარეთ თუ გადაყრიან,+ ხალხმა რომ გათელოს.
14 თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე.+ მთაზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. 15 ლამპარს რომ ანთებენ, ჭურჭელს კი არ აფარებენ ზემოდან, არამედ სალამპრეზე დგამენ, რომ ყველას გაუნათოს სახლში.+ 16 თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე,+ რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს+ და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას.+
17 არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველებების გასაუქმებლად მოვედი; გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი.+ 18 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ცა და დედამიწა რომც მოისპოს, კანონიდან არცერთი პაწაწინა ასო და ასოს უმცირესი ნაწილაკიც კი არ დარჩება შეუსრულებელი.+ 19 ამიტომ ის, ვინც ერთ ამ უმცირეს მცნებათაგანს არღვევს და სხვებსაც იმავეს ასწავლის, უღირსად ჩაითვლება* ზეციერი სამეფოსთვის; ის კი, ვინც მათ ასრულებს და ასწავლის, ღირსეულად ჩაითვლება* ზეციერი სამეფოსთვის. 20 გეუბნებით: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს,+ ვერ დაიმკვიდრებთ ზეციერ სამეფოს.+
21 თქვენ გსმენიათ, რაც თქვენი წინაპრებისთვის უთქვამთ: არ მოკლა;+ ვინც მკვლელობას ჩაიდენს, სასამართლოს წინაშე აგებსო პასუხს,+ 22 მე კი გეუბნებით: ვინც განრისხებულია+ თავის ძმაზე, სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს; ვინც თავის ძმას სიტყვით ამცირებს, უზენაესი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს, ხოლო ის, ვინც ეუბნება: „შე უვარგისო!“ ცეცხლოვან გეენას* დაექვემდებარება.+
23 თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოსთან+ და იქ გაგახსენდება, რომ შენი ძმა განაწყენებულია შენზე, 24 დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე კი დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი.+
25 სწრაფად, გზაშივე, მოაგვარე საქმე შენს მომჩივანთან, რათა მან არ გადაგცეს მოსამართლეს, მოსამართლემ კი — მცველს, და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ.+ 26 ჭეშმარიტებას გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, სანამ უკანასკნელ კოდრანტს* არ გადაიხდი.
27 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“,+ 28 მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს+ და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან გულში.+ 29 ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე,+ რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში;+ 30 და, თუ მარჯვენა ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე,+ რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული აღმოჩნდეს გეენაში.+
31 ისიც თქმულა, ვინც ცოლს ეყრება, გაყრის მოწმობა მისცესო,+ 32 მე კი გეუბნებით: ვინც ცოლს გაეყრება, თუმცა არა ღალატის* გამო, მას მრუშობის საბაბს აძლევს, და ვინც ასეთ ქალზე ქორწინდება, მრუშობს.+
33 ისიც გსმენიათ, რაც ძველი ხალხისთვის უთქვამთ, ტყუილუბრალოდ არ დაიფიცო,+ არამედ შეუსრულეო იეჰოვას* შენი აღთქმები,+ 34 მე კი გეუბნებით: არაფერი დაიფიცოთ,+ არც ზეცა, რადგან ის ღვთის ტახტია, 35 არც დედამიწა, რადგან ის მისი ფეხსადგამია,+ არც იერუსალიმი, რადგან ის დიდი მეფის ქალაქია,+ 36 არც საკუთარი თავი დაიფიცოთ, რადგან თმის ერთი ღერის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლიათ. 37 თქვენი „დიახ“ იყოს დიახ, „არა“ კი — არა;+ რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის.+
38 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, თვალი თვალით ზღონ, კბილი კი — კბილითო,+ 39 მე კი გეუბნებით: ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს; თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე.+ 40 თუ ვინმე სასამართლოში გიჩივის და შენი ტანსაცმლის მისაკუთრება უნდა, მოსასხამიც მიეცი,+ 41 და, თუ ძალაუფლების მქონე ერთ მილზე* გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. 42 თუ ვინმე რამეს გთხოვს, მიეცი და, თუ ვინმეს შენგან ფულის სესხება* სურს, ზურგს ნუ შეაქცევ.+
43 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, მოყვასი გიყვარდეს+ და მტერი გძულდესო, 44 მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები+ და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის,+ 45 რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები,+ რომელსაც მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც,+ 46 რადგან, თუ მხოლოდ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით?!+ განა მებაჟეებიც ასე არ იქცევიან?! 47 თუ მხოლოდ თქვენს მოძმეებს ესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ?! განა უცხოტომელებიც ასე არ იქცევიან?! 48 მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი».+