თვალი მოარიდეთ არარაობას!
„თვალი ამარიდებინე არარაობას; სიცოცხლე შემინარჩუნე და შენი გზით მატარე“ (ფსალმ. 119:37).
1. რამდენად მნიშვნელოვანია მხედველობა?
მხედველობა ძვირფასი ძღვენია. მისი წყალობით აღვიქვამთ გარე სამყაროს მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ჩვენი საყვარელი მეგობრების დანახვა გულს გვიხარებს. რომ არა მხედველობა, ვერც საფრთხეს დავინახავდით. მხედველობა საშუალებას გვაძლევს, დავტკბეთ ჩვენ ირგვლივ არსებული სილამაზით, საოცარი ქმნილებებით, დავრწმუნდეთ ღვთის არსებობაში და აღვფრთოვანდეთ მისი სიდიადით (ფსალმ. 8:3, 4; 19:1, 2; 104:24; რომ. 1:20). თუ გავითვალისწინებთ იმას, რა კავშირია თვალსა და გონებას შორის, ადვილად დავინახავთ, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხედველობა იეჰოვას გაცნობასა და მისდამი რწმენის გაღრმავებაში (იეს. 1:8; ფსალმ. 1:2, 3).
2. რატომ უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას, რას ვუყურებთ და რას ვსწავლობთ ფსალმუნმომღერლის გულწრფელი თხოვნიდან?
2 მაგრამ იმან, რასაც ვუყურებთ, შეიძლება უარყოფითადაც იმოქმედოს ჩვენზე. გონებასა და მხედველობას შორის კავშირი იმდენად ძლიერია, რომ თვალით დანახულს შეუძლია გულში სხვადასხვა სურვილი აღგვიძრას ან გაგვიძლიეროს. ჩვენ ვცხოვრობთ სატანა ეშმაკის გახრწნილ ქვეყნიერებაში, რომელშიც საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყოველდღიურად ზღვა ინფორმაციასა და ათასგვარ გამოსახულებას ვაწყდებით. ამ ყველაფრისთვის, თუნდაც წამიერად, თვალის შევლებამ შეიძლება ადვილად აგვაცდინოს გზას (1 იოან. 5:19). ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ სთხოვდა ფსალმუნმომღერალი ღმერთს: „თვალი ამარიდებინე არარაობას; სიცოცხლე შემინარჩუნე და შენი გზით მატარე“ (ფსალმ. 119:37).
როგორ შეიძლება გვაცდუნოს თვალმა
3—5. რომელი ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რამდენად სახიფათოა თვალის სურვილის აყოლა?
3 გავიხსენოთ, რა შეემთხვა პირველ ქალს, ევას. სატანამ მას უთხრა, რომ თვალი აეხილებოდა, თუ „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ შეჭამდა ნაყოფს. როგორც ჩანს, ევა მოხიბლა იმ აზრმა, რომ მას თვალი აეხილებოდა. აკრძალული ნაყოფის ჭამის სურვილი მას შემდეგ გაუძლიერდა, რაც „დაინახა ქალმა, რომ იმ ხეს საჭმელად კარგი და თვალისთვის მიმზიდველი ნაყოფი ჰქონდა. ხე მართლაც თვალწარმტაცი იყო“. ხის ყურებამ ევას მისი ნაყოფის ჭამის სურვილი აღუძრა, რის გამოც მან ღვთის კანონი დაარღვია. მისი ქმარი, ადამიც არ დაემორჩილა ღმერთს, რის შედეგადაც ადამიანთა მოდგმა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა (დაბ. 2:17; 3:2—6; რომ. 5:12; იაკ. 1:14, 15).
4 ნოეს დროს, თვალით დანახულმა ზოგიერთ ანგელოზზეც მოახდინა გავლენა. დაბადების 6:2-ში მათ შესახებ ნათქვამია: „ჭეშმარიტი ღვთის ძეებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ“. ურჩმა ანგელოზებმა ადამიანთა ასულებს ისეთი თვალით დაუწყეს ყურება, რომ მათთვის არაბუნებრივი სქესობრივი ურთიერთობის ძლიერი სურვილი გაუჩნდათ. შედეგად ქვეყნიერებას მათი მოძალადე შთამომავლობა მოევლინა. იმ დროს ბოროტებამ ისე იმძლავრა, რომ ღმერთმა ნოესა და მისი ოჯახის გარდა, ყველა გაანადგურა (დაბ. 6:4—7, 11, 12).
5 საუკუნეების შემდეგ თვალმა ერთი ებრაელი, აქანიც აცდუნა. მან დაპყრობილ ქალაქ იერიხონიდან მოიპარა ნივთები. ღმერთს ნაბრძანები ჰქონდა, რომ ამ ქალაქში ყველაფერი გაენადგურებინათ იმ ნივთების გარდა, რომლებიც იეჰოვას საგანძურში უნდა მიეტანათ. მან გააფრთხილა ისრაელები: „ერიდეთ ყველაფერს, რაც გასანადგურებელია, რომ არ მოინდომოთ და არ აიღოთ ის, რაც გასანადგურებელია“. მაგრამ აქანი არ დაემორჩილა ბრძანებას, ამიტომ ისრაელები ქალაქ აისთან ბრძოლაში დამარცხდნენ და რამდენიმე მებრძოლიც დაკარგეს. აქანმა მანამ არ აღიარა დანაშაული, სანამ არ ამხილეს. მან ასე ახსნა თავისი საქციელი: „დავინახე . . . დავხარბდი და წამოვიღე“. თვალის სურვილის აყოლამ დაღუპა აქანი და დააკარგვინა „ყველაფერი, რაც მისი იყო“ (იეს. 6:18, 19; 7:1—26). აქანმა ის მოინდომა, რაც ეკრძალებოდა.
თვითკონტროლის აუცილებლობა
6, 7. რას იყენებს ხშირად სატანა ჩვენს საცდუნებლად და რატომ მიმართავენ რეკლამის მწარმოებლები იმავე მეთოდს?
6 ადამიანები დღესაც იმავე მახეში ებმებიან, რომელშიც ერთ დროს ევა, ურჩი ანგელოზები და აქანი გაებნენ. იმ „ზრახვებიდან“, რომელსაც სატანა კაცობრიობის შესაცდენად იყენებს, „თვალთა სურვილი“ ყველაზე ძლიერია (2 კორ. 2:11; 1 იოან. 2:16). თანამედროვე რეკლამების მწარმოებლებმაც კარგად იციან, როგორ მოქმედებს თვალით დანახული ადამიანზე. „მხედველობა ყველაზე მაცდური გრძნობაა, — აღნიშნავს ერთ-ერთი ცნობილი ევროპელი მარკეტინგის ექსპერტი. — ხშირად ის ყველა სხვა გრძნობას გადაწონის და იმას გვაკეთებინებს, რაც ლოგიკას ეწინააღმდეგება“.
7 ამიტომაც არ გვიკვირს, რატომ გვაწვდიან რეკლამის მწარმოებლები განუწყვეტლივ ისეთ რეკლამებს, რომლებიც ვიზუალურ ეფექტზეა გათვლილი და ჩვენში გარკვეული საქონლის ყიდვის ან მომსახურებით სარგებლობის სურვილს აღძრავს. ერთი ამერიკელი სპეციალისტი, რომელიც იკვლევს რეკლამის გავლენას ადამიანებზე, ამბობს: „რეკლამა მხოლოდ შემეცნებით ხასიათს არ ატარებს. ძირითადად ის იმისთვის არის გამიზნული, რომ მომხმარებელში გარკვეული ემოცია წარმოშვას და შესაბამისი მოქმედებისკენ აღძრას“. ეფექტის მოსახდენად რეკლამებში ხშირად იყენებენ გამომწვევ გამოსახულებებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ, რას ვუყურებთ და რა ინფორმაციას ვაწვდით გულსა და გონებას.
8. როგორ ამახვილებს ბიბლია ყურადღებას თვალის დაცვის აუცილებლობაზე?
8 თვალისა და ხორცის სურვილმა გავლენა შეიძლება ჭეშმარიტ ქრისტიანებზეც მოახდინოს. ამიტომ გვირჩევს ღვთის სიტყვა, რომ ვაკონტროლოთ ჩვენი სურვილები და ის, რასაც ვუყურებთ (1 კორ. 9:25, 27; წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15—17 ). ღვთისმოშიშმა იობმაც კარგად იცოდა, როგორ უკავშირდება თვალით დანახული სურვილებს. მან თქვა: „შეთანხმება დავუდე ჩემს თვალებს და როგორღა შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?!“ (იობ. 31:1). იობისთვის ქალზე გულისთქმით ფიქრიც კი მიუღებელი იყო, შეხებაზე რომ არაფერი ვთქვათ. გონების უზნეო ფიქრებისგან დაცვის აუცილებლობაზე იესომაც გაამახვილა ყურადღება, როცა თქვა: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათ. 5:28).
არარაობა, რომელსაც თვალი უნდა მოვარიდოთ
9. ა) რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, როცა ინტერნეტს ვიყენებთ? ბ) რა შეიძლება მოჰყვეს პორნოგრაფიისთვის თვალის შევლებას?
9 დღეს ბევრი გატაცებულია პორნოგრაფიის ყურებით, განსაკუთრებით ინტერნეტში. უხამს ვებ-გვერდებს შეიძლება ჩვენ არ ვსტუმრობდეთ, მაგრამ ხშირად თვითონ ისინი „გვსტუმრობენ“ დაუპატიჟებლად. როგორ? კომპიუტერის ეკრანზე შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს მიმზიდველი სარეკლამო ფანჯარა. ერთი შეხედვით უწყინარი ელექტრონული შეტყობინების გახსნის შემთხვევაში ეკრანზე გამოჩენილი პორნოგრაფიული სურათები შეიძლება ადვილად ვეღარ გავაქროთ. წაშლამდე მათ წამიერადაც რომ შევავლოთ თვალი, ის თავის კვალს მაინც დატოვებს ჩვენს გონებაში. მათთვის თვალის გადავლება კი გაცილებით სერიოზულ შედეგამდე მიგვიყვანს. ამის გამო ადამიანი შეიძლება სინდისმა შეაწუხოს და მას გაუჭირდეს უზნეო სცენების თავიდან ამოგდება. მაგრამ ყველაზე სახიფათო ის არის, როცა ადამიანი შეგნებულად უყურებს პორნოგრაფიულ მასალას. ამ შემთხვევაში მან აუცილებლად უნდა ჩაკლას არასწორი სურვილები თავის გულში (წაიკითხეთ ეფესოელების 5:3, 4, 12; კოლ. 3:5, 6).
10. რატომ შეიძლება ბავშვები ადვილად გაებან პორნოგრაფიის მახეში და რა შეიძლება მოჰყვეს ამას?
10 ცნობისმოყვარეობის გამო პორნოგრაფიამ შეიძლება ბავშვებიც მიიზიდოს, რაც დაუმახინჯებს მათ წარმოდგენას სქესობრივ ურთიერთობაზე. ერთ-ერთი სტატიის თანახმად, ასეთ ბავშვებს არა მარტო სექსუალურ ნორმებზე უმახინჯდებათ წარმოდგენა, არამედ მათ „უჭირთ ჯანსაღი და თბილი ურთიერთობების შენარჩუნება, არასწორი წარმოდგენა უყალიბდებათ ქალებზე და დამოკიდებული ხდებიან პორნოგრაფიაზე, რომელიც შემდეგ გავლენას ახდენს სკოლაში სწავლის პროცესზე და მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მათ ურთიერთობაზე“. მოგვიანებით ეს ყველაფერი უარყოფითად იმოქმედებს მათ ქორწინებაზეც.
11. მაგალითის მეშვეობით ახსენით, რამდენად სახიფათოა პორნოგრაფიის ყურება.
11 „ცუდი ჩვევებიდან, რომლებიც ქრისტიანობამდე მქონდა, ყველაზე მეტად პორნოგრაფიის ყურების დაძლევა გამიჭირდა, — წერდა ერთი მოწმე. — ზოგჯერ რომელიმე სუნი ან მუსიკა კვლავ მახსენებს დიდი ხნის წინათ ნანახ კადრებს. ხანდახან გონებაში ეს კადრები მაშინ მოდის, როცა რაიმეს ვუყურებ ან რამეზე ვფიქრობ. ყოველდღიურად ვებრძვი საკუთარ თავს“. ბავშვობაში ერთი ძმა ათვალიერებდა თავისი ურწმუნო მამის პორნოგრაფიულ ჟურნალებს, როცა მშობლები სახლში არ იყვნენ. ის წერს: „ამ სურათებმა საშინელი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში. მას შემდეგ 25 წელი გავიდა, მაგრამ დღემდე თავიდან ვერ ამოვიგდე ის გამოსახულებები. როგორ არ ვეცადე, მაგრამ უშედეგოდ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად თავს ვარიდებ ასეთ ფიქრებს“. აქედან გამომდინარე, გაცილებით გონივრული იქნება, თუ თავს არ დავიმძიმებთ ასეთი არარაობის ყურებით. როგორ შევძლებთ ამას? თუ „ყოველ აზრს ვატყვევებთ ქრისტესთვის დასამორჩილებლად“ (2 კორ. 10:5).
12, 13. რა არარაობას უნდა მოარიდონ თვალი ქრისტიანებმა და რატომ?
12 ჩვენ ასევე უნდა მოვერიდოთ „უვარგის“ გართობას, რომელიც მატერიალიზმთან, ოკულტიზმთან, ძალადობასთან, სისხლის ღვრასთან და მკვლელობასთან არის დაკავშირებული (წაიკითხეთ ფსალმუნის 101:3). ქრისტიანი მშობლები იეჰოვას წინაშე არიან პასუხისმგებლები, რომ აკონტროლონ, რას უყურებენ სახლში მათი ბავშვები. ცხადია, არც ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი შეგნებულად არ იღებს მონაწილეობას სპირიტიზმში. მაგრამ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ზოგიერთი ფილმი, ტელესერიალი, ვიდეო თამაში, კომიქსი და საბავშვო წიგნიც კი მისტიკასთან არის დაკავშირებული (იგავ. 22:5).
13 რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ, სიამოვნებას არ უნდა გვანიჭებდეს ისეთი ვიდეოთამაშები და ფილმები, რომლებიც ძალადობასა და სისხლის ღვრას ასახავს (წაიკითხეთ ფსალმუნის 11:5 ). ჩვენ არ გვინდა გონება იმით ვკვებოთ, რასაც იეჰოვა გმობს. გვახსოვდეს, რომ სატანის მთავარი სამიზნე ჩვენი ფიქრებია (2 კორ. 11:3). მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნორმალურმა გართობამაც შეიძლება წაგვართვას დრო, რომელიც ოჯახთან ერთად თაყვანისცემას, ბიბლიის კითხვას და შეხვედრებისთვის მომზადებას უნდა დავუთმოთ (ფილ. 1:9, 10).
მიჰბაძეთ იესოს
14, 15. როგორ ცდილობდა სატანა იესოს ცდუნებას და როგორ ჩაუშალა იესომ მას გეგმა?
14 სამწუხაროდ, ამ ბოროტ ქვეყნიერებაში ყველანაირ არარაობას ვერ მოვარიდებთ თვალს. ზოგჯერ იესოსაც უწევდა არარაობის ყურება. სატანა ცდილობდა, იესოსთვის ღვთის ნების შესრულებაში ხელი შეეშალა. მესამე მცდელობის დროს, „ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“ (მათ. 4:8). რატომ მოიქცა სატანა ასე? როგორც ჩანს, მას სურდა თვალის მაცდუნებელი ძალით ესარგებლა. მსოფლიოს ყველა სამეფოს დიდების დანახვაზე იესოს შეიძლება განდიდების სურვილი გასჩენოდა. მაგრამ როგორ მოიქცა ის?
15 იესო არ აჰყვა ამ მაცდურ წინადადებას. არც არასწორი სურვილებისთვის მიუცია გასაქანი და არც ეშმაკის შემოთავაზების აწონ-დაწონა დაუწყია. იესომ მაშინვე უთხრა მას: „გამშორდი, სატანა!“ (მათ. 4:10). იესოსთვის მთავარი იეჰოვასთან ურთიერთობა და მისი ნების შესრულება იყო, რაც კარგად გამოჩნდა მისი პასუხიდან (ებრ. 10:7). ასე ჩაუშალა იესომ სატანას მზაკვრული გეგმა.
16. რას ვსწავლობთ იესოს შემთხვევიდან?
16 ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან. პირველი, არავინ არის დაცული სატანის ხრიკებისგან (მათ. 24:24). მეორე, თვალით დანახულს შეუძლია კარგი ან ცუდი სურვილები გაგვიძლიეროს. მესამე, სატანა ყველანაირად ცდილობს, გამოიყენოს „თვალთა სურვილი“, რათა სწორ გზას აგვაცდინოს (1 პეტ. 5:8). და მეოთხე, ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცდუნების დროს დაუყოვნებლივ მივიღებთ ზომებს (იაკ. 4:7; 1 პეტ. 2:21).
შეინარჩუნეთ „სუფთა“ თვალი
17. რატომ ღირს წინასწარ დაფიქრება იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ცდუნების შემთხვევაში?
17 როცა თავს ვუძღვნით იეჰოვას, იმის პირობასაც ვაძლევთ, რომ თვალს მოვარიდებთ არარაობას. ჩვენ ფაქტობრივად ვიმეორებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ყოველ ცუდ გზას ვარიდებ ფეხს, რათა დავიცვა შენი სიტყვა“ (ფსალმ. 119:101). ამიტომ კარგს ვიზამთ, თუ წინასწარ დავფიქრდებით, როგორ მოვიქცევით, თუ არარაობას გადავეყრებით. ჩვენ კარგად ვიცით, რას კრძალავს ბიბლია. ჩვენთვის არც სატანის ზრახვებია უცნობი. როდის უთხრა სატანამ იესოს ქვები პურებად ექცია? მაშინ, როცა იესო ორმოცი დღის მშიერი იყო (მათ. 4:1—4). სატანა ხვდება, როდის ვართ დასუსტებულები და როდის შეიძლება ადვილად ავყვეთ ცდუნებას. ამიტომ, დღესვე უნდა ვიფიქროთ ამ საკითხზე და სამომავლოდ არ უნდა გადავდოთ. თუ ყოველდღიურად შევახსენებთ თავს, რა აღვუთქვით იეჰოვას, უფრო ადვილად შევძლებთ არარაობისთვის თვალის არიდებას (იგავ. 1:5; 19:20).
18, 19. ა) რა განსხვავებაა „სუფთა“ და „ბოროტ“ თვალს შორის? ბ) რატომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც ღირებულია და რა რჩევაა ჩაწერილი ფილიპელების 4:8-ში?
18 ყოველდღიურად თვალისთვის მიმზიდველ სულ უფრო მეტ რამეს ვხვდებით. ამიტომ, დღეს უფრო აქტუალურია იესოს მითითება, რომ „სუფთად“ დავიცვათ თვალი (მათ. 6:22, 23). „სუფთა“ თვალი ერთ რამეზეა ფოკუსირებული, კერძოდ ღვთის ნების შესრულებაზე. „ბოროტი“ თვალი კი ხარბი და მაცდურია და არარაობა იზიდავს.
19 გახსოვდეთ, თვალით გონებას ვკვებავთ, გონება კი თავის მხრივ გულს კვებავს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, რაც ღირებულია (წაიკითხეთ ფილიპელების 4:8). დაე, ჩვენც გავიმეოროთ ლოცვის დროს წარმოთქმული ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „თვალი ამარიდებინე არარაობას“. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ თუ ვეცდებით, ეს სიტყვები სიტყვებად არ დარჩეს, იეჰოვა სიცოცხლეს შეგვინარჩუნებს და თავის გზით გვატარებს (ფსალმ. 119:37; ებრ. 10:36).
გახსოვთ თუ არა?
• როგორ უკავშირდება თვალი, გონება და გული ერთმანეთს?
• რატომ არის სახიფათო პორნოგრაფიის ყურება?
• რატომ უნდა შევინარჩუნოთ „სუფთა“ თვალი?
[სურათები 23 გვერდზე]
რა არის არარაობა, რომელსაც ქრისტიანებმა უნდა მოარიდონ თვალი?