თავი მეათე
აღთქმული მშვიდობის მთავარი
1. რის მოწმეა კაცობრიობა კაენის დროიდან მოყოლებული დღემდე?
დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინათ პირველი ბავშვი გაჩნდა. ჩვილს კაენი დაარქვეს. მისი დაბადება განსაკუთრებული მოვლენა იყო. არავის — არც მშობლებს, არც ანგელოზებს და არც თვით შემოქმედს — ენახა მანამდე ჩვილი ბავშვი. ეს ახალშობილი იმედის მომცემი უნდა ყოფილიყო მსჯავრდადებული ადამიანებისთვის. რა სამწუხაროა, რომ ეს პატარა, როცა გაიზარდა, მკვლელი გახდა! (1 იოანე 3:12). მას შემდეგ კაცობრიობა უამრავი მკვლელობის მოწმეა. ცუდის კეთების მიდრეკილების მქონე ადამიანებს მშვიდობიანი ურთიერთობა არც ერთმანეთთან აქვთ და არც ღმერთთან (დაბადება 6:5; ესაია 48:22).
2, 3. რა კურთხევების მიღების შესაძლებლობა მისცა იესო ქრისტემ კაცობრიობას და რა უნდა გავაკეთოთ მათ მისაღებად?
2 კაენის დაბადებიდან დაახლოებით ოთხი ათასი წლის შემდეგ სხვა ბავშვი გაჩნდა. ბავშვს იესო დაარქვეს. მისი დაბადებაც მეტად განსაკუთრებული მოვლენა იყო. ის ქალწულმა შვა სულიწმიდით, რაც კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო. მისი დაბადებისას უამრავმა ანგელოზმა სიხარულით უმღერა ღმერთს სადიდებელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანაზე და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკა 2:13, 14). პირველი ბავშვისგან განსხვავებით, იესო მკვლელი კი არ გახდა, არამედ ადამიანებს ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობისა და მარადიული სიცოცხლისკენ გაუხსნა გზა (იოანე 3:16; 1 კორინთელთა 15:55).
3 ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ იესო „მშვიდობის მთავრად“ იწოდებოდა (ესაია 9:5). ის სიცოცხლეს გასწირავდა ადამიანებისთვის და შესაძლებელს გახდიდა მათი ცოდვების მიტევებას (ესაია 53:11). დღეს ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა და ცოდვების მიტევება იესო ქრისტესადმი რწმენის საფუძველზეა შესაძლებელი. მაგრამ ეს კურთხევები თავისთავად არ მოდის (კოლასელთა 1:21—23). ამისათვის ადამიანებმა იეჰოვა ღმერთისადმი მორჩილება უნდა ისწავლონ (1 პეტრე 3:11; შეადარეთ ებრაელთა 5:8, 9). ესაიას დღეებში ისრაელი და იუდა სრულიად საპირისპიროდ იქცეოდა.
ხალხი დემონებს მიმართავს
4, 5. რა მდგომარეობაა ესაიას დღეებში და ზოგი ვის მიმართავს დახმარებისთვის?
4 ურჩობის გამო ესაიას თანამედროვენი ზნეობრივად სავალალო მდგომარეობაში, ნამდვილ სულიერ სიბნელეში, არიან. მშვიდობა სამხრეთ სამეფოში, იუდაშიც, კი არ არის, სადაც ღვთის ტაძარია. ორგულობის გამო ერი აშურელთა თავდასხმის საფრთხეშია და დიდი გასაჭირი მოელის. ვის მიმართავენ ისინი დახმარებისთვის? სამწუხაროდ, მრავალი მათგანი სატანას მიმართავს და არა იეჰოვას. არა, ისინი სახელით კი არ უხმობენ სატანას, არამედ, როგორც ძველ დროში მეფე საული აკეთებდა, სპირიტიზმით არიან დაკავებული და გამოსავლის პოვნას მიცვალებულებთან ურთიერთობის დამყარებით ცდილობენ (პირველი მეფეთა 28:1—20).
5 ზოგი სხვებსაც კი ურჩევს ამის გაკეთებას. ესაია ასეთ განდგომილებას გულისხმობს შემდეგ სიტყვებში: „თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?“ (ესაია 8:19). მესულთანეები ‘ჩურჩულითა და სტვენით’ ატყუებენ ხალხს. ამ ხმებს, რომლებიც ვითომცდა მიცვალებულთა სულებს ეკუთვნის, მესულთანეები თვითონვე გამოსცემენ მუცლით. ზოგჯერ კი დემონები იღებდნენ მიცვალებულთა სახეს, რაც, როგორც ჩანს, მაშინ მოხდა, როდესაც საულმა დახმარებისთვის ყენდორელ მესულთანეს მიმართა (პირველი მეფეთ 28:8—19).
6. რატომ არიან სპირიტიზმში ჩაბმული ისრაელები სერიოზული დამნაშავეები?
6 ხალხი ასეთ საქმეებს სჩადის იუდაში მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას აკრძალული აქვს სპირიტიზმი. მოსეს რჯულის თანახმად, ეს ძალზე სერიოზულ ცოდვად ითვლება (ლევიანნი 19:31; 20:6, 27; მეორე რჯული 18:9—12). რატომ სცოდავს ასე მძიმედ ხალხი, რომელიც იეჰოვამ თავის ერად ამოარჩია? იმიტომ რომ ზურგი აქციეს იეჰოვას რჯულსა და რჩევას და ‘გული გაუქვავდათ ცოდვის საცდურით’ (ებრაელთა 3:13). «დამსუყდა ცხიმივით [„უგრძნობი გახდა ქონივით“, აქ] მათი გული» და ჩამოშორდნენ თავიანთ ღმერთს (ფსალმუნი 118:70)a.
7. რით ჰგავს დღეს ბევრი ესაიას დროინდელ ისრაელებს და რა მოელით მათ, თუ არ მოინანიებენ?
7 როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ: რას გვარგებს იეჰოვას რჯული, როდესაც აშურელთა თავდასხმის საფრთხის წინაშე ვართ? მათ სწრაფი და იოლი გამოსავლის პოვნა სურთ და არ ელოდებიან იეჰოვას, რომ მან თავისი ნება აღასრულოს. ჩვენს დროშიც მრავალი უგულებელყოფს იეჰოვას კანონს და პრობლემების გადასაჭრელად მედიუმებს, ჰოროსკოპებსა თუ ოკულტიზმის სხვადასხვა სახეობას მიმართავენ. მაგრამ ცოცხლების მიერ მიცვალებულებისგან პასუხის მიღების მცდელობა დღესაც მაშინდელივით აზრს მოკლებულია. ყველა, ვინც ამას სჩადის და არ ინანიებს „მკვლელთა, მეძავთა,.. კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა“ ხვედრს გაიზიარებს. ასეთ ადამიანებს სიცოცხლის პერსპექტივა არ გააჩნიათ (გამოცხადება 21:8).
ღვთის „რჯული და მოწმობა“
8. რა არის „რჯული“ და „მოწმობა“, რომელსაც დღეს უნდა მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის?
8 იეჰოვას რჯული, რომელიც კრძალავს სპირიტიზმს, და მისი მცნებები უცნობი არ არის იუდაელთათვის. მათ ამ რჯულის ხელნაწერები აქვთ. დღეს ღვთის სიტყვა სრულად არსებობს წერილობითი სახით. ეს ბიბლიაა, რომელიც არა მხოლოდ ღვთის წესებსა და კანონებს მოიცავს, არამედ მასში ისიც არის მოთხრობილი, როგორ ეპყრობოდა ღმერთი თავის ხალხს. იეჰოვას მოქმედების შესახებ ბიბლიის ცნობა მოწმობა ანუ ჩვენებაა, რომელიც იეჰოვას ბუნებასა და თვისებებს გვიმჟღავნებს. რით უნდა ეხელმძღვანელათ ისრაელებს მიცვალებულებისთვის რჩევის კითხვის ნაცვლად? ესაია გვპასუხობს: «მიმართეთ რჯულსა და ანდერძს [„მოწმობას“, აქ]!» (ესაია 8:20ა). დიახ, ჭეშმარიტი განათლების მიღების მსურველებმა ღვთის სიტყვას უნდა მიმართონ.
9. აქვს რაიმე ფასი ბიბლიიდან დროდადრო ციტატების მოყვანას მათთვის, ვინც არ ინანიებს ცოდვებს?
9 სპირიტიზმში ჩაბმული ზოგი ისრაელი შეიძლება ამბობს, რომ პატივს სცემს ღვთის სიტყვას, მაგრამ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობაა. ესაია ამბობს: «თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი [„ისინი ილაპარაკებენ ამ ნათქვამის მიხედვით, რომელსაც განთიადის სინათლე არ ექნება“, აქ]» (ესაია 8:20ბ). რა ნათქვამს გულისხმობს აქ ესაია? შეიძლება შემდეგ ნათქვამს: „მიმართეთ რჯულსა და მოწმობას!“. ალბათ, ზოგი განდგომილი ისრაელი მიმართავს ღვთის სიტყვას, ისევე როგორც განდგომილებსა თუ სხვა ხალხს დღესაც მოჰყავთ ციტატები საღვთო წერილიდან. მაგრამ ეს სიტყვები სიტყვებად რჩება. საღვთო წერილიდან ციტირება ვერ მოუტანთ „განთიადის სინათლეს“ ანუ იეჰოვასგან არ იქნებიან დამოძღვრილი, თუ არ შეასრულებენ მის ნებას და არ მიატოვებენ უწმინდურ საქმეებსb.
‘შიმშილი არა პურისა’
10. როგორ იტანჯება იუდა იეჰოვას უარყოფის გამო?
10 იეჰოვასადმი ურჩობამ ხალხს გონება დაუბნელა (ეფესელთა 4:17, 18). იუდაელები სულიერად დაბრმავებული არიან და გაგება არა აქვთ (1 კორინთელთა 2:14). მათი მდგომარეობის შესახებ ესაია ამბობს: «ჩაივლის [„თითოეული ჩაივლის“, აქ] იქ გატანჯული და მშიერი» (ესაია 8:21ა). ერის ორგულობის გამო (განსაკუთრებით ახაზის მეფობის დროს) იუდას სამეფოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია. ქვეყანა მტრებით არის გარშემორტყმული. აშურელთა ჯარი ქალაქს ქალაქზე ესხმის თავს. მტერი აუდაბურებს ბარაქიან მიწას და ხალხს საკვები არ ჰყოფნის. ბევრი „გატანჯული და მშიერია“. გარდა ამისა, ქვეყანაში სხვაგვარი შიმშილობაც მძვინვარებს. ამოსს რამდენიმე ათწლეულის წინათ ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები: „აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას“ (ამოსი 8:11). იუდას ახლა სწორედ ასეთი სულიერი შიმშილი სტანჯავს!
11. მიახვედრებს თუ არა იუდას თავის შეცდომას თავსდატეხილი სასჯელი?
11 მიხვდება იუდა თავის შეცდომას და დაუბრუნდება იეჰოვას? მიატოვებს ხალხი სპირიტიზმსა და კერპთაყვანისმცემლობას და დაუბრუნდება „რჯულსა და მოწმობას“? იეჰოვა წინასწარმეტყველებს, როგორ მოიქცევა ხალხი: „როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს“ (ესაია 8:21ბ). დიახ, ბევრი მეფეს დაადანაშაულებს ასეთი მდგომარეობის შექმნაში. ზოგი უგუნურების გამო იეჰოვასაც კი დასდებს ბრალს თავის უბედურებებში! (შეადარეთ იერემია 44:15—18). მაშინდელივით დღესაც ბევრს აქვს ასეთი რეაქცია და ადამიანის ბოროტებით გამოწვეულ უბედურებაში დამნაშავედ ღმერთს მიიჩნევს.
12. ა) რა მოაქვს ღვთისადმი ურჩობას იუდასთვის? ბ) რა მნიშვნელოვანი კითხვები წამოიჭრება?
12 მოუტანს თუ არა იუდას ხალხს მშვიდობას ღვთის გმობა? არა. ესაია წინასწარმეტყველებს: „მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს — წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება“ (ესაია 8:22). ზეცისკენ თვალის აპყრობისა და ღვთის დადანაშაულების შემდეგ კვლავ მიწაზე, თავიანთ ფუჭ იმედებზე, გადააქვთ მზერა. ღვთისადმი ურჩობას მათთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს (იგავნი 19:3). მაგრამ როგორია ღვთის მიერ აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმების საქმის ვითარება? (დაბადება 22:15—18; 28:14, 15). არ შეასრულებს მათ იეჰოვა? მოსპობს აშურელთა ან სხვა ქვეყნის ჯარი სამეფო საგვარეულო ხაზს, რომლის შესახებაც ღმერთს აღთქმა ჰქონდა დადებული იუდასთან და დავითთან? (დაბადება 49:8—10; მეორე მეფეთა 7:11—16). იქნებიან ისრაელები განწირული სამუდამო სიბნელისთვის?
‘დამცირებული’ ქვეყანა
13. რა არის „წარმართთა გალილეა“ და როგორ იქნა ის „შეურაცხყოფილი“?
13 ახლა ესაია ყველაზე დიდ უბედურებას ეხება, რომელიც კი აბრაამის შთამომავლებს ატყდება თავს: «მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი შეჭირვებულისთვის. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, წიაღიორდანეს და წარმართთა გალილეას [„აღარ იქნება წყვდიადი, როგორც მაშინ, როდესაც ქვეყანა გასაჭირში იყო, როგორც მაშინ, როდესაც შეურაცხყოფილი იყო ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, და როდესაც უკანასკნელ დროს განდიდდა ზღვისპირა გზა, იორდანეს მხარე, წარმართთა გალილეა“, აქ]» (ესაია 8:23; [9:1, აქ]). გალილეა ჩრდილოეთ სამეფოს, ისრაელის, ტერიტორიაა. ესაიას წინასწარმეტყველებაში ის „ზებულონის ქვეყანას და ნაფთალის ქვეყანას“, აგრეთვე „ზღვისპირა გზას“ ანუ იმ ძველ გზას მოიცავს, რომელიც გალილეის ზღვის სანაპიროს ხმელთაშუა ზღვამდე მიუყვებოდა. ესაიას დღეებში ამ მხარეს „წარმართთა გალილეას“ უწოდებენ. როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მისი მრავალი ქალაქი არაისრაელებით არის დასახლებულიc. როგორ იქნა ის „შეურაცხყოფილი“? წარმართმა აშურელებმა დაიპყრეს ქვეყანა, ისრაელები თავიანთი მიწიდან გადაასახლეს და მათ ნაცვლად მთელ მხარეში წარმართები დაასახლეს, რომლებიც აბრაამის შთამომავლები არ იყვნენ. მას შემდეგ ჩრდილოეთის ათტომიანი სამეფო ისტორიიდან ქრება, როგორც ღვთის რჩეული ქვეყანა! (მეოთხე მეფეთა 17:5, 6, 18, 23, 24).
14. რა გაგებით მოიცავს იუდას „წყვდიადი“ ათტომიან სამეფოზე ნაკლებად?
14 იუდასაც ავიწროებენ აშურელები. მოიცავს თუ არა მასაც სამუდამო „წყვდიადი“ ზებულონითა და ნაფთალით წარმოდგენილი ათტომიანი სამეფოსავით? არა. „უკანასკნელ დროს“ იეჰოვა აკურთხებს იუდას, სამხრეთ სამეფოს, და თვით იმ მხარესაც კი, რომელიც ერთ დროს ჩრდილოეთის სამეფოში შედიოდა. როგორ?
15, 16. ა) რომელ „უკანასკნელ დროს“ უნდა შეცვლილიყო მდგომარეობა ‘ზებულონისა და ნეფთალის საზღვრებში’? ბ) როგორ განდიდდა ერთ დროს დამცირებული ქვეყანა?
15 მოციქული მათე პასუხობს ამ შეკითხვას თავის ღვთივსულიერ ცნობაში, რომელშიც დედამიწაზე იესო ქრისტეს მსახურებას აღწერს. მისი მსახურების პირველ დღეებთან დაკავშირებით მათე ამბობს: «[იესომ] მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულუნისა და ნეფთალის საზღვრებში. რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „ზებულუნის მიწა და ნეფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა.“ ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, იხილა დიდი ნათელი, ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ ნათელი ამოუბრწყინდათ» (მათე 4:13—16).
16 დიახ, ესაიას მიერ მოხსენიებულ „უკანასკნელ დროში“ დედამიწაზე იესოს მსახურების პერიოდი იგულისხმება. იესომ დედამიწაზე ცხოვრების წლები, ძირითადად, გალილეაში გაატარა. გალილეის მხარეშივე დაიწყო მსახურება და პირველად იქ აუწყა ხალხს, რომ „მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მათე 4:17). გალილეაში მან ცნობილი მთაზე ქადაგება წარმოთქვა, მოციქულები ამოირჩია, პირველი სასწაული მოახდინა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დაახლოებით 500 თავის მიმდევარს ეჩვენა (მათე 5:1—7:27; 28:16—20; მარკოზი 3:13, 14; იოანე 2:8—11; 1 კორინთელთა 15:6). ამგვარად განადიდა იესომ „ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა“, რითაც ესაიას წინასწარმეტყველება შესრულდა. ცხადია, იესო მხოლოდ გალილეაში მსახურებით არ იფარგლებოდა. ამიტომაც მთელ ქვეყანაში მისი ქადაგებით, იუდას ჩათვლით, ისრაელის მთელი ერი „განდიდდა“.
„ნათელი დიდი“
17. როგორ იხილა გალილეამ „ნათელი დიდი“?
17 რა შეიძლება ითქვას მათეს მიერ მოხსენიებული „დიდი ნათელის“ შესახებ გალილეაში? ეს სიტყვებიც ესაიას წინასწარმეტყველებიდან იყო აღებული? ესაიამ დაწერა: „ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა“ (ესაია 9:1). ახ. წ. I საუკუნისთვის წარმართული სიცრუის გამო ჭეშმარიტების ნათელი აღარ ჩანდა. იუდაელთა რელიგიური წინამძღოლები, იმის გამო, რომ თავიანთ ტრადიციებს მიჰყვებოდნენ, ‘აუქმებდნენ ღვთის მცნებას’ და კიდევ უფრო ართულებდნენ მდგომარეობას (მათე 15:6). თავმდაბალი ხალხი იჩაგრებოდა და გზააბნეული მიჰყვებოდა „ბრმა წინამძღოლებს“ (მათე 23:2—4, 16). მაგრამ მესიის მოსვლამ თავმდაბალ ხალხს შორის მრავალს აუხილა თვალი (იოანე 1:9, 12). ამიტომაც დედამიწაზე იესოს მსახურება და მისი მსხვერპლით მოტანილი კურთხევები ესაიას წინასწარმეტყველებაში ნამდვილად სათანადოდ არის მოხსენიებული ‘დიდ ნათლად’ (იოანე 8:12).
18, 19. დიდი სიხარულის რა მიზეზი ჰქონდათ მათ, ვისაც თვალები აუხილა ნათელმა?
18 მათ, ვისაც თვალები აუხილა ნათელმა, დიდი სიხარულის მიზეზი ჰქონდათ. ესაიამ განაგრძო: „შენ გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას“ (ესაია 9:2). იესოსა და მისი მიმდევრების ქადაგების შედეგად იმატა იმ გულწრფელი ადამიანების რიცხვმა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, სულითა და ჭეშმარიტებით ეცათ იეჰოვასთვის თაყვანი (იოანე 4:24). ოთხ წელიწადზე ნაკლებ დროში მრავალმა მიიღო ქრისტიანობა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სამი ათასი კაცი მოინათლა. სულ მალე კი მორწმუნეთა „რიცხვმა ხუთი ათასამდე მიაღწია“ (საქმეები 2:41; 4:4). მოწაფეები გულმოდგინედ ირეკლავდნენ ნათელს, რის შედეგადაც „მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში და მღვდელთაგანიც ბევრი ემორჩილებოდა რწმენას“ (საქმეები 6:7).
19 როგორც უხვი მოსავლის აღებისას ან დიდ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ძვირფასი ნადავლის გაყოფისას ხარობდა ხალხი, ისე ახარებდა იესოს მიმდევრებს ეს ზრდა (საქმეები 2:46, 47). დროთა განმავლობაში იეჰოვამ წარმართებსაც დაანახვა ნათელი (საქმეები 14:27). ამგვარად, ყველა ერი ხარობდა, რომ მიცემული ჰქონდათ ღმერთთან მიახლოების შესაძლებლობა (საქმეები 13:48).
„როგორც მიდიანის დღეს“
20. ა) რა მხრივ იყვნენ მიდიანელები ისრაელების მტრები და როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ერი მათგან? ბ) როგორ იხსნის იესო ღვთის ხალხს მტრებისგან მომავალ „მიდიანის დღეს“?
20 მესიის მსახურებას მარადიული სარგებლობა მოაქვს, როგორც ესაიას შემდგომი სიტყვებიდან ვიგებთ: „შენ დალეწე მისი კირთების უღელი, და მისი ბეჭების კეტი — მისი დამჩაგვრელის კვერთხი, როგორც მიდიანის დღეს“ (ესაია 9:3). ესაიას დღეებამდე საუკუნეებით ადრე მიდიანელები და მოაბელები აცდუნებდნენ ისრაელებს და ცოდვისკენ უბიძგებდნენ (რიცხვნი 25:1—9, 14—18; 31:15, 16). მოგვიანებით კი მიდიანელები შვიდი წლის მანძილზე თავს ესხმოდნენ ისრაელებს და მოსავალსა და საქონელს ართმევდნენ (მსაჯულნი 6:1—6). მაგრამ შემდეგ იეჰოვამ თავისი მსახური გედეონის საშუალებით განდევნა მიდიანელთა ჯარები. იმ „მიდიანის დღის“ შემდეგ, როგორც ჩანს, ისრაელი აღარ დატანჯულა მიდიანელებისგან (მსაჯულნი 6:7—16; 8:28). უახლოეს მომავალში იესო ქრისტე, დიდი გედეონი, ღვთის ხალხის დღევანდელ მტრებს გაანადგურებს (გამოცხადება 17:14; 19:11—21). მაშინ, „როგორც მიდიანის დღეს“, ღვთის და არა ადამიანის ხელით საბოლოოდ დამარცხდებიან მტრები (მსაჯულნი 7:2—22). ღვთის ხალხი აღარასდროს დაიტანჯება მჩაგვრელთა უღელქვეშ!
21. რა არის ნათქვამი ესაიას წინასწარმეტყველებაში ომებთან დაკავშირებით?
21 ღვთის ძლიერების ამგვარი გამოვლინება ომისთვის ხოტბის შესხმა არ არის. მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე მშვიდობის მთავარია და მტრების განადგურებით მარადიულ მშვიდობას დაამყარებს. ესაია ამბობს, რომ ცეცხლში დაიწვება ომში გამოსაყენებელი ყოველი საგანი: „ყოველი ხამლი, ბრძოლაში ნატარები, და სამოსელი, სისხლში ნათრევი, დასაწვავი იქნება, როგორც ცეცხლის კერძი“ (ესაია 9:4). აღარავინ გაიგებს მწყობრი ნაბიჯით მიმავალ ჯარისკაცთა ფეხსაცმელების ბრახუნს. აღარავინ დაინახავს ომგადახდილ მეომართა სისხლიან საბრძოლო ტანსაცმელს. ომები აღარასდროს იქნება! (ფსალმუნი 45:10).
„საკვირველი მრჩეველი“
22. რომელი შედგენილი წინასწარმეტყველური სახელით არის მოხსენიებული იესო ესაიას წიგნში?
22 სასწაულებრივად შობილ პატარას, რომელიც მესია უნდა გამხდარიყო, იესო დაარქვეს, რაც ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“. მაგრამ მესიას სხვა წინასწარმეტყველური სახელებიც აქვს, რომლებიც მის ძირითად როლსა და ამაღლებულ მდგომარეობას გამოხატავს. ერთ-ერთი ასეთი სახელია ემანუელი, რომელიც ნიშნავს „ჩვენთან არს ღმერთი“ (ესაია 7:14; შეადარეთ მათე 1:23). ესაია მის სხვა წინასწარმეტყველურ სახელსაც იხსენიებს: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი“ (ესაია 9:5). ამ შედგენილი წინასწარმეტყველური სახელის მნიშვნელობები ქვემოთ არის განხილული.
23, 24. ა) რა გაგებით არის იესო „საკვირველი მრჩეველი“? ბ) როგორ უნდა მიბაძონ იესოს მათ, ვინც ქრისტიანულ კრებაში იძლევა რჩევებს?
23 მრჩეველი რჩევა-დარიგების მიმცემს ეწოდება. დედამიწაზე ცხოვრების დროს იესო ხალხს შესანიშნავ რჩევებს აძლევდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით“ (მათე 7:28). იესო გონიერი და თანამგრძნობი მრჩეველია და კარგად იცის ადამიანის ბუნება. მისი რჩევა უბრალო საყვედური და გაკიცხვა არ არის. ხშირად ის სიყვარულით და დარიგების სახით იძლევა რჩევას. იესო საკვირველ რჩევებს გვაძლევს, რადგან ისინი ყოველთვის ბრძნული, სრულყოფილი და უშეცდომოა. მათი შესრულება მარადიულ სიცოცხლემდე მიგვიყვანს (იოანე 6:68).
24 იესოს რჩევები, უბრალოდ, მისი შესანიშნავი აზროვნების ნაყოფი არ არის. ის ამბობს: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა“ (იოანე 7:16). როგორც სოლომონის შემთხვევაში იყო, იესოს სიბრძნის წყაროც იეჰოვაა (მესამე მეფეთა 3:7—14; მათე 12:42). იესოს მაგალითმა უნდა აღძრას ყველა, ვინც ქრისტიანულ კრებაში ასწავლის და რჩევას იძლევა, რომ თავიანთი მითითებები ყოველთვის ღვთის სიტყვაზე დააფუძნონ (იგავნი 21:30).
„ღმერთი ძლიერი“ და „მარადისობის მამა“
25. რას გვეუბნება სახელი „ღმერთი ძლიერი“ ზეცაში ამაღლებულ იესო ქრისტეზე?
25 იესო ასევე „ღმერთი ძლიერი“ და „მარადისობის მამაა“. ეს არ ნიშნავს, რომ ის იეჰოვას, „ჩვენი მამა ღმერთის“, ძალაუფლებასა და მდგომარეობას ისაკუთრებს (2 კორინთელთა 1:2). «ის [იესო] ... მიტაცებად არ თვლიდა [„ფიქრადაც არ მოსვლია“, აქ] ღვთის თანასწორად ყოფნას» (ფილიპელთა 2:6). მას „ღმერთი ძლიერი“ ეწოდება და არა ყოვლადძლიერი ღმერთი. იესო არასდროს თვლიდა თავს ყოვლისშემძლე ღმერთად. ის ამბობდა, რომ თავისი მამა იყო „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“, ანუ ერთადერთი ღმერთი, რომლისთვისაც თაყვანი უნდა ეცა ხალხს (იოანე 17:3; გამოცხადება 4:11). საღვთო წერილში სიტყვა „ღმერთი“ შეიძლება „ძლევამოსილს“ ანუ „ძლიერს“ ნიშნავდეს (გამოსვლა 12:12; 2 კორინთელთა 4:4). იესო დედამიწაზე მოსვლამდე „ღმერთი“ და „ღვთის ხატება“ იყო. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ის კვლავ ზეცად ამაღლდა და უფრო დიდი ძალაუფლება მიიღო (იოანე 1:1 ფილიპელთა 2:6—11). გარდა ამისა, სიტყვა „ღმერთი“ სხვა აზრსაც გამოხატავს. ისრაელის მსაჯულები „ღმერთებად“ იწოდებოდნენ და ერთხელ ამგვარად იესომაც მოიხსენია ისინი (ფსალმუნი 81:6; იოანე 10:35). იესო იეჰოვას მიერ დანიშნული მსაჯულია, რომელმაც ‘ცოცხლები და მკვდრები უნდა განიკითხოს’ (2 ტიმოთე 4:1; იოანე 5:30). ცხადია, მას სათანადოდ ეწოდება „ღმერთი ძლიერი“.
26. რატომ შეიძლება იესოს ეწოდოს „მარადისობის მამა“?
26 სახელი „მარადისობის მამა“ მესიანური მეფის იმ შესაძლებლობასა და ძალაუფლებას გამოხატავს, რომ ადამიანებს დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცეს (იოანე 11:25, 26). ადამმა შთამომავლობას სიკვდილი მოუტანა, იესო, უკანასკნელი ადამი კი, ‘მაცოცხლებელი სული გახდა’ (1 კორინთელთა 15:22, 45; რომაელთა 5:12, 18). როგორც იესო, მარადისობის მამა, იცხოვრებს მარადიულად, ისე მორჩილი ადამიანები გაიხარებენ მარადიულად მისი მამობრივი მზრუნველობით (რომაელთა 6:9).
„მშვიდობის მთავარი“
27, 28. რა სარგებლობას იღებენ „მშვიდობის მთავრის“ ქვეშევრდომები როგორც ახლა, ისე მომავალში?
27 მარადიული სიცოცხლის გარდა, ადამიანებისთვის როგორც ღმერთთან, ისე ერთმანეთთან მშვიდობაა საჭირო. დღესვე ყველა, ვინც „მშვიდობის მთავარს“ ემორჩილება, ‘მახვილებისგან სახნისებს ჭედავს და შუბებისაგან — ნამგლებს’ (ესაია 2:2—4). მათთვის უცხოა სიძულვილი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა თუ განსხვავებული წარმოშობის, რასისა და ეკონომიკური მდგომარეობის ადამიანებისადმი. ისინი ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, თაყვანისცემაში არიან გაერთიანებული და ცდილობენ მშვიდობიანი ურთიერთობა შეინარჩუნონ როგორც თანამორწმუნეებთან, ისე სხვებთან (გალატელთა 6:10, სსგ; ეფესელთა 4:2, 3; 2 ტიმოთე 2:24).
28 ღვთის მიერ დადგენილ დროს ქრისტე დედამიწაზე საყოველთაო და მარადიულ მშვიდობას დაამყარებს (საქმეები 1:7). „ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის“ (ესაია 9:6ა). იესო ტირანულად არ გამოიყენებს მშვიდობის მთავრის ძალაუფლებას. ის არ წაართმევს თავის ქვეშევრდომებს ნების თავისუფლებას და იძულებით არ დაიმორჩილებს. იესო „სამართლითა და სიმართლით“ აღასრულებს ყოველივეს. რა არაჩვეულებრივი ცვლილებაა!
29. რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს, მარადიული მშვიდობით გავიხაროთ?
29 იესოს წინასწარმეტყველური სახელის შესანიშნავი მნიშვნელობების მხედველობაში მიღებით, ესაიას წინასწარმეტყველების ამ ნაწილის დასკვნითი სიტყვები განსაკუთრებით საინტერესოა. ესაია წერს, რომ «ცაბაოთ უფლის შური [„გულმოდგინება“, აქ] აღასრულებს ამას» (ესაია 9:6ბ). დიახ, იეჰოვა გულმოდგინედ მოქმედებს და არაფერს აკეთებს უგულოდ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის ბოლომდე შეასრულებს ყველაფერს, რასაც კი გვპირდება. მაშ, მთელი გულით ვემსახუროთ იეჰოვას ყველა, ვისაც გვსურს, მარადიული მშვიდობით გავიხაროთ. იეჰოვასა და იესოს, მშვიდობის მთავრის, მსგავსად, დაე ჩვენც ვიყოთ „გულმოდგინე კეთილ საქმეთა მიმართ“ (ტიტე 2:14, სსგ).
[სქოლიოები]
a ბევრი ფიქრობს, რომ 118-ე ფსალმუნი იეხიზკიაჰუს უნდა დაეწერა გამეფებამდე. ამ შემთხვევაში ის იმ პერიოდში უნდა დაწერილიყო, როცა ესაია წინასწარმეტყველებდა.
b ესაიას 8:20-ში მოხსენიებულ „ამ ნათქვამში“ შეიძლება ესაიას 8:19-ში სპირიტიზმის შესახებ ნათქვამი იგულისხმებოდეს. ამ შემთხვევაში, ესაია ამბობს, რომ სპირიტიზმის მიმდევარნი კვლავაც მოუწოდებენ სხვებს, მიმართონ მესულთანეებს და ამიტომაც ვერ მიიღებენ იეჰოვასგან სინათლეს.
c ზოგის აზრით, გალილეის ოცი ქალაქი, რომლებიც სოლომონმა ტვიროსის მეფე ხირამს მისცა, არაისრაელებით იქნებოდა დასახლებული (მესამე მეფეთა 9:10—13).
[რუკა/სურათი 122 გვერდზე]
(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ქორაზინი
კაპერნაუმი
ბეთსაიდა
გენესარეთის დაბლობი
გალილეის ზღვა
მაგადანი
ტიბერია
მდინარე იორდანე
ღადარა
ღადარა
[სურათები 119 გვერდზე]
როგორც კაენის, ისე იესოს დაბადება განსაკუთრებული მოვლენა იყო. მხოლოდ იესოს დაბადებამ მოუტანა ადამიანებს ბედნიერება.
[სურათი 121 გვერდზე]
პურის შიმშილზე და წყლის წყურვილზე უარესი შიმშილ-წყურვილი ჩამოვარდება.
[სურათი 127 გვერდზე]
იესო ნათელი იყო ხალხისთვის.