აფასებთ ღვთის ძღვენს — ქორწინებას?
„გიბოძოთ ძღვენი იეჰოვამ, რომ თითოეულმა თავშესაფარი პოვოთ თქვენ-თქვენი ქმრების სახლში“ (რუთ. 1:9).
უპასუხეთ:
რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველ დროს ღვთის მსახურები აფასებდნენ ქორწინების ძღვენს?
საიდან ვიცით, რომ იეჰოვასთვის სულერთი არ არის ჩვენი არჩევანი?
ქორწინებასთან დაკავშირებული რომელი ბიბლიური რჩევის გამოყენებას აპირებთ?
1. როგორი რეაქცია ჰქონდა ადამს ცოლის დანახვაზე?
„აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რადგან კაცისგან არის აღებული“ (დაბ. 2:23). პირველი ადამიანი ბედნიერი იყო. მას ცოლი ჰყავდა და თავისი აღტაცება ადამმა ზემოხსენებული სიტყვებით გამოხატა. იეჰოვამ ადამს ღრმა ძილი მოჰგვარა და მისი ერთი ნეკნისგან მშვენიერი ქალი შექმნა. ადამმა მას ევა დაარქვა. ასე ჩაუყარა ღმერთმა საფუძველი პირველ ბედნიერ ოჯახს. ვინაიდან იეჰოვამ ევა ადამის ნეკნისგან შექმნა, პირველ წყვილს განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდათ ერთმანეთთან, ვიდრე ნებისმიერ ცოლ-ქმარს დღეს.
2. რატომ აქვს მამაკაცსა და ქალს ერთმანეთისადმი ლტოლვა?
2 თავისი შეუდარებელი სიბრძნით იეჰოვამ ადამიანებში ჩადო რომანტიკული სიყვარულის გრძნობა და ეს არის მამაკაცსა და ქალს შორის ლტოლვის მიზეზი. ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ აღნიშნავს: „დაქორწინებისას მამაკაცი და ქალი იმედოვნებენ, რომ ექნებათ ინტიმური ურთიერთობა და რომანტიკული სიყვარული უსასრულოდ გაგრძელდება“. იეჰოვას ხალხი ყოველთვის აფასებდა ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს.
ისინი აფასებდნენ ქორწინების ძღვენს
3. როგორ მოიყვანა ისაკმა ცოლი?
3 ერთგული აბრაამი ძალიან აფასებდა ქორწინებას. მან თავისი ერთ-ერთი მსახური გაგზავნა შუამდინარეთში ისაკისთვის ცოლის მოსაყვანად. მსახურის ლოცვამ კარგი შედეგი გამოიღო. ღვთისმოშიში რებეკა ისაკის საყვარელი ცოლი გახდა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იეჰოვას შეთანხმებაში, რომელიც აბრაამის შთამომავალს ეხებოდა (დაბ. 22:18; 24:12—14, 67). აქედან არ უნდა დავასკვნათ, რომ ადამიანს, რაც არ უნდა კარგი განზრახვები ჰქონდეს, აქვს უფლება, იყოს არამკითხე შუამავალი. დღეს ბევრი თვითონ ირჩევს მომავალ მეუღლეს. მართალია, დღეს ქორწინების საკითხი ზეცაში არ წყდება, მაგრამ ღმერთი უხელმძღვანელებს ქრისტიანებს ამ და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებში, თუ ისინი იეჰოვას ლოცვაში რჩევას სთხოვენ და მის სულს მიჰყვებიან (გალ. 5:18, 25).
4, 5. რა გარწმუნებთ, რომ შულამელ გოგონასა და მწყემსს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი?
4 ძველ ისრაელში მცხოვრებ ლამაზ შულამელ გოგონას არ უნდოდა, სხვებს ზეგავლენა მოეხდინათ მასზე და მეფე სოლომონის მორიგი ცოლი გამხდარიყო. მან თქვა: „გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო, ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა“ (ქებ. 8:4). შულამელ გოგონასა და მწყემსს განსაკუთრებით თბილი გრძნობები ჰქონდათ ერთმანეთისადმი. შულამელმა თავმდაბლურად თქვა: „ზღვისპირა დაბლობზე ამოსული ზაფრანა ვარ, ველის შროშანი“. მწყემსმა კი უპასუხა: „როგორც შროშანი ეკლიან სარეველებს შორის, ასევეა ჩემი სატრფო ქალიშვილებს შორის“ (ქებ. 2:1, 2). მათ მართლა უყვარდათ ერთმანეთი.
5 რადგან შულამელ გოგონასა და მწყემსს ღმერთი უყვარდათ, მათი ქორწინება მტკიცე იქნებოდა. შულამელმა თავის სატრფოს უთხრა: „ბეჭედივით დამსვი შენს გულზე, შენს მხარზეც ბეჭედივით დამსვი, რადგან სიკვდილივით ძლიერია სიყვარული, სამარესავით შეუდრეკელია ერთგულება. მისი ბრიალი ცეცხლის ბრიალია, იაჰის ალია. ბევრი წყალიც კი ვერ ჩააქრობს სიყვარულს, ვერც მდინარეები წალეკავენ მას. კაცმა თავისი სახლის მთელი ძვირფასეულობაც რომ გაიღოს სიყვარულისთვის, ამ ძვირფასეულობას არაფრად ჩააგდებს ხალხი“ (ქებ. 8:6, 7). ნუთუ მეუღლეების მიმართ იეჰოვას მსახურებსაც მსგავსი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეთ?!
ღვთისთვის სულერთი არ არის თქვენი არჩევანი
6, 7. საიდან ვიცით, რომ იეჰოვასთვის სულერთი არ არის, ვის ავირჩევთ ცხოვრების თანამგზავრად?
6 იეჰოვასთვის სულერთი არ არის, თუ ვინ იქნება ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი. ქანაანელებთან დაკავშირებით ღმერთმა გააფრთხილა ისრაელები: „არ დაუმოყვრდე, არ მიათხოვო შენი ასული მათ ვაჟს და შენს ვაჟს არ მოუყვანო მათი ასული, რადგან ჩამომაშორებს ის შენს ვაჟს და სხვა ღმერთებს დაუწყებენ მსახურებას. აენთება შენზე იეჰოვას რისხვა და მყისვე გაგანადგურებს“ (კან. 7:3, 4). საუკუნეების შემდეგ მღვდელმა ეზრამ თქვა: „ორგულობთ, რადგან უცხოელი ცოლები მოიყვანეთ ისრაელის დანაშაულის დასამძიმებლად“ (ეზრ. 10:10). მოციქულმა პავლემ კი თანაქრისტიანებს მისწერა: „ცოლი ქმართან არის შეკრული მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, მაგრამ თუ მისი ქმარი სიკვდილის ძილით დაიძინებს, ქალი თავისუფალია, გაჰყვეს ვისაც უნდა, ოღონდ უფალში“ (1 კორ. 7:39).
7 ღვთის მიძღვნილი მსახური, რომელიც იეჰოვას მოწმეზე არ ქორწინდება ღვთისადმი დაუმორჩილებლობას ავლენს. ეზრას დროინდელმა ისრაელებმა „უცხოელი ცოლების მოყვანით“ ორგულობა გამოავლინეს. ასეთი ნათელი ბიბლიური მითითებების უგულებელყოფა ნამდვილად არ იყო სწორი (ეზრ. 10:10; 2 კორ. 6:14, 15). ქრისტიანი, რომელიც იეჰოვას მოწმესთან არ ქმნის ოჯახს, არასამაგალითოა და არ აფასებს ღვთის ძღვენს — ქორწინებას. მონათლული და ან ძმა ასეთ შემთხვევაში კრებაში გარკვეულ პასუხისმგებლობებს დაკარგავს. არაგონივრულია, თუ ასეთი ქრისტიანი კურთხევებისთვის ლოცულობს და ღმერთს ეუბნება: „იეჰოვა, შეგნებულად გეურჩე, მაგრამ გთხოვ, მაინც მაკურთხო“.
ღმერთზე უკეთ არავინ იცის
8. რატომ უნდა გავითვალისწინოთ ღვთის მითითებები ქორწინებასთან დაკავშირებით?
8 ნებისმიერი მოწყობილობის შემქმნელმა ზუსტად იცის, როგორ მუშაობს ის. მოწყობილობა სწორად რომ გამოვიყენოთ, მწარმოებელი ინსტრუქციასაც გვაძლევს. რა მოხდება, თუ უგულებელვყოფთ ინსტრუქციას და ჩვენებურად გამოვიყენებთ მას? ეს მოწყობილობა შეიძლება საერთოდ გამოვიდეს მწყობრიდან. მსგავსადვე, თუ გვინდა, ბედნიერი ქორწინება გვქონდეს, ზუსტად უნდა მივყვეთ იეჰოვას, ქორწინების დამფუძნებლის, მითითებებს.
9. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვას ესმის მათი, ვინც მარტოობას გრძნობს და მათიც, ვინც ბედნიერია ქორწინებაში?
9 იეჰოვამ ყველაფერი იცის ადამიანებისა და ქორწინების შესახებ. მან ადამიანებში ჩადო სექსუალური მოთხოვნილება, რათა მათ „ენაყოფიერათ და გამრავლებულიყვნენ“ (დაბ. 1:28). იეჰოვას ესმის მათი, ვინც მარტოობას გრძნობს და ეს კარგად ჩანს მისი სიტყვებიდან, რომლებიც პირველი ქალის შექმნამდე წარმოთქვა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“ (დაბ. 2:18). იეჰოვას მათიც ესმის, ვინც ბედნიერია ქორწინებაში (წაიკითხეთ იგავების 5:15—18).
10. რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს წყვილმა ინტიმურ ურთიერთობასთან დაკავშირებით?
10 ვინაიდან ადამის გამო ცოდვა და არასრულყოფილება ყველაზე გავრცელდა, არც ერთი ოჯახი დღეს სრულყოფილი არ არის. მიუხედავად ამისა, თუ იეჰოვას მსახურები ღვთის სიტყვაში მოცემულ მითითებებს მიჰყვებიან, მათ ბედნიერი ოჯახები ექნებათ. მაგალითად, განვიხილოთ პავლეს რჩევა ქორწინებაში ინტიმურ ურთიერთობებთან დაკავშირებით (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:1—5 ). ბიბლიაში არ წერია, რომ წყვილს მხოლოდ ბავშვის ყოლის მიზნით უნდა ჰქონდეს სექსუალური ურთიერთობა. ასეთი კავშირი როგორც ემოციური, ისე ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება. მაგრამ ღმერთი არ იწონებს გაუკუღმართებულ სექსუალურ ურთიერთობას. ქრისტიანმა ქმრებმა და ცოლებმა ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მხარეში ერთმანეთისადმი სინაზე და გულწრფელი სიყვარული უნდა გამოავლინონ. და რასაკვირველია, ისინი უნდა ერიდონ ისეთ საქციელს, რომელიც იეჰოვას არ მოსწონს.
11. როგორ აკურთხა იეჰოვამ რუთი იმის გამო, რომ სწორად მოიქცა?
11 ქორწინებას ადამიანებისთვის სიხარული უნდა მოჰქონდეს და არა უბედურება ან მწუხარება. ქრისტიანებისთვის ოჯახი უნდა იყოს ადგილი, სადაც სიმშვიდე სუფევს და სადაც მისვლა ყოველთვის სასიამოვნოა. გავიხსენოთ, რა მოხდა დაახლოებით 3 000 წლის წინ. ხანში შესული ქვრივი ნაომი და მისი დაქვრივებული რძლები, ორფა და რუთი, მოაბიდან იუდაში მიდიან. ნაომი მათ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას სთავაზობს. მოაბელი რუთი ჭეშმარიტი ღვთის ერთგულია და ნაომს არ ტოვებს. ის დარწმუნებულია, რომ სრულ საზღაურს მიიღებს იეჰოვასგან, რომლის ფრთებქვეშ ეძებს თავშესაფარს (რუთ. 1:9; 2:12). რუთი ძალიან აფასებს ღვთის ძღვენს, ქორწინებას. ის ცოლად მიჰყვება იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემელ ბოაზს. ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მკვდრეთით აღმდგარ რუთს ძალიან გაუხარდება, როცა გაიგებს, რომ ის თურმე იესო ქრისტეს წინაპარი გამხდარა (მათ. 1:1, 5, 6; ლუკ. 3:23, 32). მართლაც რამდენი კურთხევა მიიღო რუთმა იეჰოვასგან!
ბრძნული რჩევები ბედნიერი ქორწინებისთვის
12. სად შეიძლება ქორწინებასთან დაკავშირებული ბრძნული რჩევების პოვნა?
12 ქორწინების დამფუძნებელი გვეუბნება, თუ რა არის საჭირო ბედნიერი ქორწინებისთვის. მასზე უკეთ ეს არავინ იცის. ბიბლია უტყუარი წიგნია, და თუ ვინმეს სურს, რჩევა მისცეს სხვას ქორწინებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს. მაგალითად, პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფეს. 5:33). მოწიფული ქრისტიანისთვის ეს ბიბლიური რჩევა სრულიად გასაგებია. მთავარი ის არის, გამოიყენებს თუ არა ის იეჰოვას ამ სიტყვებს ცხოვრებაში. ქრისტიანი, რომელიც აფასებს ქორწინების ძღვენს, აუცილებლად გამოიყენებს ასეთ რჩევებს.a
13. რა სავალალო შედეგამდე მიიყვანს ქრისტიანს 1 პეტრეს 3:7-ში მოცემული რჩევის უგულებელყოფა?
13 ქრისტიანი ქმარი ცოლს სიყვარულით უნდა ეპყრობოდეს. მოციქული პეტრე წერდა: „ასევე თქვენც, ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ, რადგან თქვენც მათთან ერთად ხართ სიცოცხლის დაუმსახურებელი საჩუქრის თანამემკვიდრეები“ (1 პეტ. 3:7). თუ ქმარი იეჰოვას ამ რჩევას უგულებელყოფს, მისი ლოცვები შეიძლება ღმერთმა არ მოისმინოს. ეს ცოლ-ქმრის სულიერობაზე დამღუპველად იმოქმედებს და შეიძლება დიდი სტრესის, უთანხმოებისა და უხეშად მოპყრობის მიზეზიც კი გახდეს.
14. რა გავლენას ახდენს მოსიყვარულე ცოლი ოჯახზე?
14 ცოლი, რომელიც იეჰოვას სიტყვისა და წმინდა სულის ხელმძღვანელობას მიჰყვება, ოჯახში მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს უწყობს ხელს. ღვთისმოშიშ ქმარს უყვარს თავისი ცოლი და იცავს მას ფიზიკური თუ სულიერი ზიანისგან. ცოლი კი ისეთ თვისებებს ავლენს, რომლებიც ეხმარება ქმარს, უფრო მეტად უყვარდეს ის. იგავების 14:1-ში ნათქვამია: „ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს“. ბრძენი და მოსიყვარულე ცოლი დიდად უწყობს ხელს მთელი ოჯახის ბედნიერებას. ის ასევე ცხადყოფს, რომ აფასებს ღვთის ძღვენს — ქორწინებას.
15. რა რჩევაა მოცემული ეფესოელების 5:22—25-ში?
15 ქმრები და ცოლები ისე უნდა ეპყრობოდნენ ერთმანეთს, როგორც იესო კრებას. ამით ისინი გამოავლენენ მადლიერებას ღვთის ძღვნისთვის, ქორწინებისთვის (წაიკითხეთ ეფესოელების 5:22—25 ). ნამდვილი კურთხევაა, როდესაც ცოლ-ქმარს მართლა უყვარს ერთმანეთი და არ რთავს ნებას სიამაყეს, ბავშვურ გაბუტვასა თუ სხვა არაქრისტიანულ საქციელს, ზიანი მიაყენოს მათ ქორწინებას!
„კაცი ნუ დააშორებს მათ“
16. რატომ არ ქორწინდება ზოგი ქრისტიანი?
16 თუმცა ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს დაქორწინებაზე, იეჰოვას ზოგიერთი მსახური დაუქორწინებელი რჩება, ვინაიდან ვერ პოულობს მისთვის და ღვთისთვის მოსაწონ ცხოვრების თანამგზავრს. სხვები დაუქორწინებლობას ღვთის ძღვნად მიიჩნევენ და თავს მთლიანად იეჰოვას მსახურებას უძღვნიან. რა თქმა უნდა, დაუქორწინებლობა სიხარულის მომტანია, თუ ქრისტიანი იეჰოვას ნორმებს ემორჩილება (მათ. 19:10—12; 1 კორ. 7:1, 6, 7, 17).
17. ა) ქორწინებასთან დაკავშირებით იესოს მიერ წარმოთქმული რომელი სიტყვები უნდა გვახსოვდეს? ბ) რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა დაუყოვნებლივ, თუ სხვისი მეუღლის მიმართ გრძნობები გაუჩნდა?
17 დაქორწინებული ვართ თუ არა, ყველას უნდა გვახსოვდეს იესოს სიტყვები: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ» (მათ. 19:4—6). სხვისი მეუღლისადმი გრძნობების განვითარება ცოდვაა (კან. 5:21). ნებისმიერმა ქრისტიანმა, რომელსაც ასეთი სურვილი უჩნდება, და იქნება თუ ძმა, დაუყოვნებლივ უნდა მოიშოროს უწმინდური ფიქრები, თუნდაც ეს ემოციური ტკივილის ფასად დაუჯდეს. ემოციური ტკივილის მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანი თავიდანვე არ შეეწინააღმდეგა ეგოისტურ სურვილებს (მათ. 5:27— 30). უაღრესად მნიშვნელოვანია აზროვნების შეცვლა და ვერაგი გულის ცოდვილი მიდრეკილებების ჩახშობა (იერ. 17:9).
18. როგორ უნდა უყურებდეთ ღვთის ძღვენს — ქორწინებას?
18 ისინიც კი, რომლებმაც ცოტა რამ იციან, ან საერთოდ არაფერი იციან იეჰოვა ღმერთისა და მისი არაჩვეულებრივი ძღვნის, ქორწინების შესახებ, გარკვეულწილად, აფასებენ ოჯახურ კავშირს. ჩვენ, „ბედნიერი ღვთის“, იეჰოვას, მიძღვნილმა მსახურებმა უფრო მეტად უნდა დავაფასოთ ყველაფერი, რითაც ის უზრუნველგვყოფს და ყველასთვის ცხადი გავხადოთ, რომ ვაფასებთ ღვთის ძღვენს — ქორწინებას (1 ტიმ. 1:11).
[სქოლიო]
a ქორწინებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“, თავები 10 და 11.
[ჩანართი 6 გვერდზე]
ბედნიერი ქორწინება განადიდებს იეჰოვას და კურთხევები მოაქვს მთელი ოჯახისთვის
[სურათი 5 გვერდზე]
რუთი აფასებდა ღვთის ძღვენს — ქორწინებას
[სურათი 7 გვერდზე]
როგორ ცხადყოფთ, რომ აფასებთ ქორწინებას?