ერთგულად მივყვეთ ღვთის შთაგონებულ სიტყვას
„უარვყავით სირცხვილის გამო დაფარულნი, არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის დამახინჯებით“ (2 კორინთელთა 4:2).
1. ა) რა მოითხოვება მათეს 24:14-სა და 28:19, 20-ში ჩაწერილი საქმის შესასრულებლად? ბ) რამდენ ენაზე იყო ხელმისაწვდომი ბიბლია უკანასკნელი დღეების დასაწყისისთვის?
დიდებულ წინასწარმეტყველებაში მეფური თანდასწრების პერიოდსა და ძველი სისტემის აღსასრულთან დაკავშირებით იესო ქრისტემ თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“. მან აგრეთვე დაარიგა თავისი მოწაფეები: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. . . ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 24:14; 28:19, 20). ამ წინასწარმეტყველებების შესრულებაში შედის დიდი შრომა: ბიბლიის თარგმნა და ბეჭდვა, ადამიანებისთვის იმის სწავლა, თუ რას ნიშნავს ეს წიგნი და დახმარება, რომ ცხოვრებაში გამოიყენონ ნასწავლი. რა დიდებული პატივია, მონაწილეობა მიიღო ასეთ საქმეში! უკვე 1914 წლისთვის ბიბლია ან მისი რომელიმე ნაწილი გამოქვეყნებული იყო 570 ენაზე. მაგრამ იმ დროიდან ასობით სხვა ენა და უამრავი დიალექტი დაემატა ამ რიცხვს და მრავალ ენაზე რამდენიმე თარგმანიც კი გაკეთდაa.
2. რომელი სხვადასხვა მოტივი ამოძრავებდა ბიბლიის მთარგმნელებსა და გამომცემლებს?
2 ნებისმიერი მთარგმნელისთვის რთულ საქმეს წარმოადგენს, ერთი ენიდან გადათარგმნოს მასალა და გასაგები გახადოს ადამიანებისთვის მეორე ენაზე, რომელზეც ისინი კითხულობენ და რომელსაც ისმენენ. ბიბლიის ზოგ მთარგმნელს შეგნებული ჰქონდა, რომ ღვთის სიტყვას თარგმნიდა. სხვებს ამ საქმის მხოლოდ სქოლასტიკური სირთულე ხიბლავდა. შესაძლოა, ისინი ბიბლიის შინაარსს განიხილავდნენ მხოლოდ როგორც ძვირფას კულტურულ მემკვიდრეობას. ზოგისთვის რელიგია თავის სარჩენი საქმეა და წიგნის გამოქვეყნება, რომელიც მთარგმნელის ან გამომცემლის სახელს ატარებს, შემოსავლის წყაროა. მთარგმნელების მოტივები აშკარად ახდენს გავლენას მათი საქმისადმი მათ დამოკიდებულებაზე.
3. როგორ განიხილავდა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმნის კომიტეტი“ თავის სამუშაოს?
3 საყურადღებოა „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმნის კომიტეტის“ მიერ გაკეთებული განცხადება: «საღვთო წერილის თარგმნა ნიშნავს იეჰოვა ღმერთის აზრებისა და სიტყვების გადმოცემას სხვა ენაზე. . . ეს ძალიან სერიოზული აზრია. ამ ნაშრომის მთარგმნელები, რომელთაც საღვთო წერილის ავტორის, ღვთის, მიმართ შიში და სიყვარული აქვთ, მის წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობენ, რომ რაც შეიძლება ზუსტად გადმოსცენ მისი აზრები და განაცხადები. ისინი აგრეთვე პასუხისმგებლობას გრძნობენ მკვლევარი მკითხველის წინაშე, რომელიც დამოკიდებულია უზენაესი ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვის თარგმანზე, რათა გადარჩეს მარადიული ცხოვრებისთვის. სერიოზული პასუხისმგებლობის ასეთი გრძნობით სავსე თავდადებული მამაკაცებისგან შემდგარმა კომიტეტმა მრავალი წლის მუშაობის შემდეგ გამოსცა „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ». კომიტეტის მიზანი იყო, ბიბლიის თარგმანი ნათელი და გასაგები ყოფილიყო და იმდენად ზედმიწევნით მიჰყოლოდა ებრაულ და ბერძნულ დედნებს, რომ ზუსტ შემეცნებაში მუდმივი ზრდის საფუძველი ჩაეყარა.
რა დაემართა ღვთის სახელს?
4. რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის სახელი ბიბლიაში?
4 ბიბლიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს, შეიცნონ ჭეშმარიტი ღმერთი (გამოსვლა 20:2–7; 34:1–7; ესაია 52:6). იესო ქრისტე ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ელოცათ იმის შესახებ, რომ მისი მამის სახელი ‘წმიდა ყოფილიყო’, ანუ მოპყრობოდნენ როგორც წმინდას (მათე 6:9). ღმერთმა თავისი სახელი ბიბლიაში 7 000-ზე მეტჯერ ჩააწერინა. მას სურს, რომ ადამიანებმა იცოდნენ ეს სახელი და ამ სახელის მქონე პიროვნების თვისებები (მალაქია 1:11).
5. როგორ წარადგენენ სხვადასხვა მთარგმნელები ღვთის სახელს?
5 ბიბლიის მრავალი მთარგმნელი ავლენდა ღვთის სახელისადმი გულწრფელ პატივისცემას და ყოველთვის იყენებდა მას თავის ნაშრომში. ზოგი მთარგმნელი უპირატესობას ანიჭებს „იაჰვეს“. სხვებმა კი ირჩიეს ღვთის სახელის ისეთი ფორმა, რომელიც მათ ენაშია დამკვიდრებული და მაინც ნათლად მიანიშნებს იმაზე, რაც ებრაულ ტექსტში გვხვდება — ალბათ, ფორმაზე, რომელიც კარგადაა ცნობილი დიდი ხნის გამოყენების შედეგად. „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტექსტის ძირითად ნაწილში 7 210-ჯერ იყენებს სახელს „იეჰოვას“.
6. ა) როგორ მოექცნენ მთარგმნელები ღვთის სახელს გასულ წლებში? ბ) რამდენად გავრცელებულია ასეთი მოქმედება?
6 გასულ წლებში, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის მთარგმნელებმა დატოვეს ისეთი წარმართული ღვთაებების სახელები, როგორიცაა ბაალი და მოლოქი, მათ მოუხშირეს ჭეშმარიტი ღვთის პირადი სახელის ამოღებას მისი შთაგონებული სიტყვის თარგმანებიდან (გამოსვლა 3:15; იერემია 32:35). ისეთ ნაწყვეტებში, როგორიცაა მათეს 6:9 და იოანეს 17:6, 26, ფართოდ გავრცელებული ალბანური თარგმანი ბერძნულ გამოთქმას „შენი სახელი“ (ესე იგი ღვთის სახელი) თარგმნის, უბრალოდ, როგორც „შენ“, ისე, თითქოს ტექსტები საერთოდ არ მოიხსენიებდეს სახელს. „ახალმა ინგლისურმა ბიბლიამ“ (The New English Bible) და „დღევანდელმა ინგლისურმა თარგმანმა“ (Today’s English Version) ფსალმუნის 82:19-დან სრულიად ამოაგდეს ღვთის სახელი და რამე მითითება იმ ფაქტზე, რომ ღმერთს სახელი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სახელი გვხვდება ენების უმრავლესობაზე გაკეთებულ ებრაული წერილების ძველ თარგმანებში, უფრო ახალი თარგმანები ხშირად არ შეიცავს მას ან მხოლოდ არშიაზე მიწერილ შენიშვნებში მოიხსენიებს. ასეთი რამ ხდება ინგლისურ და აგრეთვე ევროპის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის კუნძულების მრავალ ენაზე.
7. ა) როგორ ეპყრობიან ღვთის სახელს ბიბლიის მთარგმნელები ზოგ აფრიკულ ენაზე? ბ) რა აზრის ხარ ამის შესახებ პირადად შენ?
7 ბიბლიის მთარგმნელები ზოგ აფრიკულ ენაზე ამაზე უარესსაც აკეთებენ. მათ ღვთის სახელი ისეთი ბიბლიური ტიტულებით კი არ შეცვალეს, როგორიცაა ღმერთი ან უფალი, არამედ ჩასვეს სახელები, რომლებიც ადგილობრივი რელიგიური მრწამსიდან აიღეს. წიგნში „იტესტამენტე ელისჰა ნამაჰუბო“ (ახალი აღთქმა და ფსალმუნები ზულუ ენაზე, 1986 წლის გამოცემა) ტიტული „ღმერთი“ (უნკულუნკულუ) შეცვლილია ვითომ ეკვივალენტური პირადი სახელით (უმველინგანგი), რაც, როგორც ზულუ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ესმის, მიუთითებს ‘დიდებულ წინაპარზე, რომელსაც თაყვანს სცემენ ადამიანი წინაპრების მეშვეობით’. ჟურნალ „ბიბლიის მთარგმნელის“ სტატია (The Bible Translator, 1992 წლის ოქტომბერი) იტყობინებოდა, რომ ჩინიანჯა ენაზე ბიბლიის მომზადებისას, რომლისთვისაც „ბუკუ ლოიერა“ („წმინდა წიგნი“) უნდა ეწოდებინათ, მთარგმნელები „იეჰოვას“ ნაცვლად საკუთარ სახელად იყენებდნენ სიტყვა „ჩაუტას“. „ჩაუტა“, განმარტავდა სტატია, არის „ღმერთი, რომელსაც ისინი დიდი ხანია იცნობდნენ და თაყვანს სცემდნენ“. მაგრამ მრავალი მათგანი აგრეთვე თაყვანს სცემს, როგორც თვითონ სწამთ, მკვდართა სულებს. ნუთუ მართალია, რომ, თუ ხალხი ევედრება „უზენაესს“, რა სახელიც არ უნდა გამოიყენოს ამ „უზენაესისთვის“, სახელი „იეჰოვას“ მართებული ეკვივალენტი იქნება, მიუხედავად იმისა, რასაც არ უნდა შეიცავდეს მათი თაყვანისცემა? რასაკვირველია, არა! (ესაია 42:8; 1 კორინთელთა 10:20, სსგ). ღვთის სახელის შეცვლა სხვა რამით, რაც ადამიანებში ისეთ გრძნობას იწვევს, თითქოს მათი ტრადიციული რწმენა, სინამდვილეში, სწორია, არ დაეხმარება მათ ჭეშმარიტ ღმერთთან მიახლოებაში.
8. რატომ არ ჩაიშალა ღვთის განზრახვა, ცნობილი გაეხადა თავისი სახელი?
8 ყოველივე ამან ვერც შეცვალა და ვერც ჩაშალა იეჰოვას განზრახვა: მისი სახელი ცნობილი გამხდარიყო. ევროპის, აფრიკის, ამერიკის კონტინენტების, აღმოსავლეთის ქვეყნებსა და კუნძულებზე მცხოვრები ხალხის ენებზე ჯერ კიდევ გამოდის მრავალი ბიბლია, რომელიც ღვთის სახელს შეიცავს. აგრეთვე 233 ქვეყანასა და ტერიტორიაში მცხოვრები 5 400 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე წელიწადში ერთობლივად ერთ მილიარდზე მეტ საათს უთმობს, რომ მოუთხრონ სხვებს ჭეშმარიტი ღვთის სახელისა და მისი განზრახვების შესახებ. ისინი ბეჭდავენ და ავრცელებენ ბიბლიებს, რომლებშიც გამოიყენება ღვთის სახელი, ისეთ ენებზე, რომლებზეც ლაპარაკობს დედამიწის 3 600 000 000 მცხოვრები, მათ შორის ესპანურზე, ინგლისურზე, რუსულზე, პორტუგალიურზე, ფრანგულზე, ჩინურსა და ჰოლანდიურზე. ისინი აგრეთვე ბეჭდავენ ბიბლიის შესასწავლად დამხმარე საშუალებებს იმ ენებზე, რომლებზეც დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა ლაპარაკობს. მალე თვით ღმერთი მიიღებს ზომებს, რითაც საბოლოოდ შესრულდება მისი განაცხადი, რომ ყველა ხალხს ‘მოუწევს იმის შეცნობა, რომ ის იეჰოვაა’ (ეზეკიელი 38:23).
როცა თარგმანი პირადი შეხედულებებით ყალიბდება
9. როგორ მიუთითებს ბიბლია იმ სერიოზულ პასუხისმგებლობაზე, რომელიც აკისრია ყველას, ვინც ღვთის სიტყვას გადასცემს?
9 სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრია მათ, ვინც თარგმნის და აგრეთვე ვინც სხვებს ასწავლის ღვთის სიტყვას. თავისი და თანამორწმუნეების მსახურების შესახებ მოციქულმა პავლემ თქვა: „უარვყავით სირცხვილის გამო დაფარულნი, არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის დამახინჯებით, არამედ ჭეშმარიტების გამოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს ღვთის წინაშე“ (2 კორინთელთა 4:2). დამახინჯება ნიშნავს შერყვნას უცხო ან შეუფერებელი რამის ჩამატებით. მოციქული პავლე არ ჰგავდა იერემიას დროინდელ ისრაელის ორგულ მწყემსებს, რომლებიც იეჰოვამ გაკიცხა, რადგან, ღვთის სიტყვების ნაცვლად, საკუთარ აზრებს ქადაგებდნენ (იერემია 23:16, 22). მაგრამ რა ხდება თანამედროვე დროს?
10. ა) როგორი გავლენა იქონია თანამედროვე დროის ზოგ მთარგმნელებზე ღვთისადმი ერთგულებისგან განსხვავებულმა მოტივებმა? ბ) რა როლი დაიკისრეს მათ უმართებულოდ?
10 მეორე მსოფლიო ომის დროს ღვთისმეტყველებისა და პასტორებისგან შემდგარი კომიტეტი თანამშრომლობდა გერმანიის ნაცისტურ მთავრობასთან, რომ გამოეშვათ გადამუშავებული „ახალი აღთქმა“, რომლიდანაც ამოღებული იყო ყველა ადგილი, სადაც დადებითად იყვნენ მოხსენიებული ებრაელები და სადაც იესო ქრისტეს ებრაულ წარმომავლობაზე იყო ლაპარაკი. სულ ახლახან მთარგმნელები, რომლებმაც გამოუშვეს „ახალი აღთქმისა და ფსალმუნების ყოვლისმომცველი თარგმანი“, სხვა გეზით წავიდნენ და სცადეს, მიეჩქმალათ ყველანაირი მითითება, რომ იესო იუდეველებმა მოკლეს. ამ მთარგმნელებმა აგრეთვე იფიქრეს, რომ ფემინისტ მკითხველს გაახარებდა, თუ ღმერთზე იტყოდნენ არა მამას, არამედ მამა-დედას, იესოზე კი არა ღვთის ძეს, არამედ — მის შვილს (მათე 11:27). როცა ამ საკითხზე მუშაობდნენ, მათ ამოიღეს ქმრებისადმი ცოლებისა და მშობლებისადმი შვილების მორჩილების პრინციპი (კოლასელთა 3:18, 20). ამ თარგმანების გამომცემლებმა აშკარად არ გაიზიარეს პავლე მოციქულის გადაწყვეტილება არ ‘დაემახინჯებინათ ღვთის სიტყვა’. მათ დაივიწყეს მთარგმნელის როლი, დაიკავეს ავტორის ადგილი და გამოუშვეს წიგნები, რომლებიც სარგებლობენ ბიბლიის რეპუტაციით, რათა თავიანთი შეხედულებები გაავრცელონ.
11. როგორ უპირისპირდება ქრისტიანული სამყაროს სწავლებები ბიბლიის სწავლებებს სულისა და სიკვდილის შესახებ?
11 საერთოდ, ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ასწავლიან, რომ ადამიანის სული არის ზებუნებრივი არსება, რომ სიკვდილის დროს ტოვებს სხეულს და რომ ის უკვდავია. ამის საპირისპიროდ, უმრავლეს ენებზე შესრულებული ბიბლიის უძველესი თარგმანები ნათლად აცხადებენ, რომ ადამიანები არიან სულები, რომ ცხოველებიც სულები არიან და რომ სული კვდება (რიცხვნი 31:28; იაკობი 5:20). ეს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს სამღვდელოებას.
12. რა მხრივ აბუნდოვანებს ზოგი ახლახან გაკეთებული თარგმანი ძირითად ბიბლიურ ჭეშმარიტებებს?
12 დღეს უახლესი თარგმანები აბუნდოვანებს ამ ჭეშმარიტებებს. როგორ? უბრალოდ, ისინი ერიდებიან, პირდაპირ თარგმნონ გარკვეულ მუხლებში ებრაული არსებითი სახელი „ნეʹფეში“ (სული). დაბადების 2:7-ში ნათქვამია, რომ პირველი ადამიანი ‘იქცა ცოცხალ არსებად’ (ნაცვლად ‘იქცა ცოცხალ სულად’). ან ცხოველთა სამყაროსთან დაკავშირებით მათ შეიძლება გამოიყენონ „ქმნილება“ ან „სულდგმული“, „სულის“ ნაცვლად (დაბადება 1:21). ისეთ მუხლებში, როგორიცაა ეზეკიელის 18:4, 20, ისინი ამბობენ, რომ კვდება „ადამიანი“ ან „პიროვნება“ („სულის“ ნაცვლად). ასეთი თარგმანები, ალბათ, დასაშვებად მიაჩნიათ იმ მთარგმნელებს. მაგრამ რამდენად ეხმარებიან ისინი ჭეშმარიტების გულწრფელ მაძიებლებს, რომელთა აზროვნებაშიც უკვე დამკვიდრებულია ქრისტიანული სამყაროს არაბიბლიური სწავლებები?b
13. როგორ მალავს ბიბლიის ზოგი თარგმანი ღვთის განზრახვას დედამიწასთან დაკავშირებით?
13 იმ რწმენის მხარდაჭერის მიზნით, რომ ყველა კეთილი ადამიანი ზეცაში მიდის, მთარგმნელები — ან ღვთისმეტყველები, რომლებიც ამოწმებენ მათ ნაშრომს — შეიძლება ასევე ცდილობენ იმის დამალვას, რასაც ბიბლია ამბობს ღვთის განზრახვაზე დედამიწასთან დაკავშირებით. ფსალმუნის 36:11-ში რამდენიმე თარგმანი ამბობს, რომ თავმდაბალი ადამიანები დაიმკვიდრებენ „ქვეყნიერებას“. „ქვეყნიერება“ არის ებრაულ ტექსტში გამოყენებული სიტყვის (ʼეʹრეც) ერთ-ერთი შესაძლო თარგმანი. მაგრამ „დღევანდელი ინგლისური თარგმანი“ (Today’s English Version) (რომელიც საფუძვლად უდევს თარგმანებს სხვა მრავალ ენაზე) უფრო უარესსაც აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თარგმანში ბერძნული სიტყვა „გე“ მათეს სახარებაში 17-ჯერ არის გადმოტანილი სიტყვით „დედამიწა“, მათეს 5:5-ში „დედამიწა“ შეცვლილია ფრაზით „რასაც ღმერთი დაპირდა“. ეკლესიის წევრები, ჩვეულებრივ, ზეცაზე ფიქრობენ. მათ არ ეძლევათ სწორი ინფორმაცია, რომ მთაზე ქადაგებისას იესო ქრისტემ თქვა: თვინიერნი ანუ თავმდაბლები „დაიმკვიდრებენ მიწას“ (სსგ).
14. რა ეგოისტური აღძვრები ჩანს აშკარად ბიბლიის ზოგ თარგმანში?
14 საღვთო წერილის ზოგიერთი თარგმანი კი აშკარად ისეა გაკეთებული, რომ დაეხმაროს მქადაგებლებს კარგი გამორჩენა ჰქონდეთ. მართალია, ბიბლია ამბობს: „მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა“ (1 ტიმოთე 5:18). მაგრამ 1-ლი ტიმოთეს 5:17-ში, სადაც ნათქვამია, რომ უხუცესები, რომლებიც კარგად ასრულებენ საქმეს, „ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ“, ზოგი მთარგმნელის აზრით, ის პატივი, რომლის მოხსენიებასაც ღირსად თვლიან, არის ფულადი (შეადარე 1 პეტრე 5:2). ამიტომ „ახალი ინგლისური ბიბლია“ ამბობს, რომ უხუცესები „ორმაგი ჯამაგირის ღირსნი უნდა იყვნენ“, და „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“ (Contemporary English Version) კი ამბობს, რომ ისინი ‘იმსახურებენ ორმაგ გასამრჯელოს’.
ერთგულად მივყვეთ ღვთის სიტყვას
15. როგორ შეგვიძლია იმის დადგენა, თუ ბიბლიის რომელი თარგმანი გამოვიყენოთ?
15 რას ნიშნავს ყოველივე ეს ბიბლიის ცალკეული მკითხველისთვის და მათთვისაც, ვინც ბიბლიას იყენებს სხვების სასწავლებლად? უმრავლეს ფართოდ გავრცელებულ ენებზე არსებობს ბიბლიის რამდენიმე თარგმანი, რაც არჩევის საშუალებას იძლევა. ბიბლიის არჩევისას გამჭრიახობა გამოავლინე, რომლის გამოყენებასაც აპირებ (იგავნი 19:8). თუ თარგმანი ღვთის ვინაობასთან დაკავშირებით არ არის ზუსტი — ნებისმიერი საბაბით იღებს ღვთის სახელს შთაგონებული სიტყვიდან — მთარგმნელები, ალბათ, ბიბლიური ტექსტის სხვა ნაწილებსაც თვითნებურად შეცვლიდნენ. თუ თარგმანი საეჭვო გეჩვენება, შეეცადე შეადარო ის უფრო ძველ თარგმანებს. თუ ღვთის სიტყვის მასწავლებელი ხარ, უპირატესობა მიანიჭე იმ თარგმანებს, რომლებიც ზედმიწევნით მიჰყვებიან ებრაულ და ბერძნულ დედნებს.
16. პირადად ჩვენ როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ერთგულება ღვთის შთაგონებული სიტყვის გამოყენებისას?
16 თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს ღვთის სიტყვის ერთგული. ამას იმით ვაკეთებთ, თუ გვაინტერესებს, რას შეიცავს ის, ასე რომ, თუ შესაძლებელია, ბიბლიის კითხვას ყოველდღიურად ვუყოფთ დროს (ფსალმუნი 1:1–3). ამას იმით ვაკეთებთ, თუ მასში ნათქვამს ცხოვრებაში სრულად ვიყენებთ და ვსწავლობთ მისი პრინციპებისა და მაგალითების გამოყენებას სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად (რომაელთა 12:2; ებრაელთა 5:14). ჩვენ იმით ვაჩვენებთ, რომ ღვთის სიტყვის ერთგული დამცველები ვართ, რომ თავგამოდებით ვუქადაგებთ მას სხვებს. აგრეთვე როცა როგორც მასწავლებლები ბიბლიას ყურადღებით ვიყენებთ და არასოდეს არ ვამახინჯებთ და არ ვაზვიადებთ მასში ნათქვამს, რათა ჩვენს აზრებს მოვარგოთ (2 ტიმოთე 2:15). რაც ღმერთმა იწინასწარმეტყველა, აუცილებლად შესრულდება. ის ერთგულია თავისი სიტყვის შესრულებაში. ჩვენც ვიყოთ ერთგულები მისი სიტყვის მიყოლის საკითხში.
[სქოლიოები]
a „ბიბლიის გაერთიანებულმა საზოგადოებებმა“ 1997 წელს 2 167 ენა და დიალექტი ჩამოთვალა, რომელზეც გამოცემული იყო ბიბლია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამ რიცხვში შედის ზოგი ენის მრავალი დიალექტი.
b აქ საუბარია ისეთ ენებზე, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ეს საკითხი ნათელი გახადონ, მაგრამ მთარგმნელები არ აკეთებენ ამას. გარკვეულ ენებში არსებული სიტყვათა მარაგი ძალიან ზღუდავს მთარგმნელებს. ამიტომ პატიოსანი რელიგიური მასწავლებლები ხსნიან, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მთარგმნელებმა სხვადასხვა სიტყვა გამოიყენეს ან თუნდაც ისეთი სიტყვა გამოიყენეს, რომელსაც არაბიბლიური მნიშვნელობა აქვს, დედანში გამოყენებული სიტყვა „ნეფეშ“ ეხება ადამიანებსა და ცხოველებს და წარმოადგენს ისეთ რამეს, რაც სუნთქავს, ჭამს და კვდება.
გახსოვს?
◻ რა მოტივები ამოძრავებდა ბიბლიის მთარგმნელებს თანამედროვე დროს?
◻ რატომ ვერ ჩაშალა თანამედროვე თარგმანებში დაშვებულმა ტენდენციებმა ღვთის განზრახვა მის სახელთან დაკავშირებით?
◻ როგორ აბუნდოვანებს ზოგი თარგმანი ბიბლიის ჭეშმარიტებებს სულის, სიკვდილისა და დედამიწის შესახებ?
◻ როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ერთგულად მივყვებით ღვთის სიტყვას?
[სურათი 16 გვერდზე]
ბიბლიის რომელი თარგმანი უნდა გამოიყენო?