გადარჩები თუ არა ღვთის მოქმედებისას?
„ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ძე ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები“ (მათე 24:22).
1, 2. ა) რატომ არის ბუნებრივი, დაინტერესდე საკუთარი მომავლით? ბ) რა მნიშვნელოვანი კითხვები შეიძლება, წარმოშვას ბუნებრივმა ინტერესმა?
რამდენად ხარ დაინტერესებული საკუთარი თავით? მრავალი საკუთარი თავისადმი ინტერესით უკიდურესობაში ვარდება, ეგოისტი ხდება. მაგრამ სათანადო ინტერესის გამოვლენას იმის მიმართ, რაც ჩვენზე ახდეს გავლენას, ბიბლია არ განსჯის (ეფესელთა 5:33). ეს ჩვენი მომავლის მიმართ ინტერესსაც ეხება. მაშასადამე, ბუნებრივია იმის გაგების სურვილი, თუ რა იქნება მომავალში. ხარ თუ არა დაინტერესებული?
2 ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესოს მოციქულებსაც აინტერესებდათ თავიანთი მომავალი (მათე 19:27). როგორც ჩანს, ეს იყო მათ მიერ კითხვის დასმის მიზეზი, როდესაც ოთხი მათგანი ზეთისხილის მთაზე იყო იესოსთან ერთად. მათ ჰკითხეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, ანდა რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა მოხდეს?“ (მარკოზი 13:4). იესომ არ უარყო მომავლის მიმართ ბუნებრივი ინტერესი — არც მათი ინტერესი უარყო და არც ჩვენსას უარყოფს. მან არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, თუ რა გავლენა ექნებოდა მის მიმდევრებზე მომავლის მოვლენებს და რა იქნებოდა საბოლოო შედეგი.
3. რატომ ვუკავშირებთ იესოს პასუხს ჩვენს დროს?
3 იესოს პასუხში მოცემული წინასწარმეტყველება, ძირითადად, ჩვენს დროში სრულდება. ამის დანახვა შეგვიძლია მსოფლიო ომებით, ჩვენი საუკუნის სხვადასხვა კონფლიქტებითა და მიწისძვრებით, რომლებიც ნთქავს უამრავი ადამიანის სიცოცხლეს, შიმშილით, რასაც თან სდევს ავადმყოფობა და სიკვდილი, ეპიდემიებით — ესპანური გრიპის ეპიდემიით დაწყებული, რომელმაც 1918 წელს იფეთქა, დამთავრებული შიდს-ის ფართოდ გავრცელებული დაავადებით. მაგრამ იესოს პასუხში მოცემული წინასწარმეტყველებების უმეტესობა წარსულშიც შესრულდა, ეს იყო ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს რომაელთა მიერ იერუსალიმის განადგურება და იმის შესრულება, რაც განადგურებას უძღვოდა წინ. იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს, ვინაიდან გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, განმგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად“ (მარკოზი 13:9).
რა იწინასწარმეტყველა იესომ და რა შესრულდა
4. რომელი გაფრთხილებებია მოცემული იესოს პასუხში?
4 იესომ თავის მოწაფეებს მხოლოდ ის არ უწინასწარმეტყველა, თუ მომავალში როგორ მოექცეოდნენ. მან გააფრთხილა ისინი, თუ თვითონ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. მაგალითად, „ხოლო როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, იქ მდგომარეს, სადაც არ უნდა იყოს, მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს“ (მარკოზი 13:14). მსგავსი ჩანაწერი ლუკას 21:20-ში ამბობს: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება“. როგორ დამტკიცდა მისი სიზუსტე პირველი შესრულების დროს?
5. რა მოხდა ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს ებრაელთა შორის იუდეაში?
5 „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიური ენციკლოპედია“ [The International Standard Bible Encyclopedia (1982)] აღნიშნავს: „ებრაელები უფრო და უფრო შფოთავდნენ რომაელთა უღელქვეშ და ზედამხედველებიც უფრო მოძალადეები, სასტიკები და უპატიოსნოები ხდებოდნენ. ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს იფეთქა აშკარა აჯანყებამ. . . ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ებრაელმა ფანატიკოსებმა ხელში ჩაიგდეს მასადა და შემდეგ მენაჰემის ხელმძღვანელობით იერუსალიმისკენ დაიძრნენ. იმავე დროს, საგუბერნატორო ქალაქ კესარიაში გაიმართა ებრაელების ხოცვა-ჟლეტა და ამ სიმხეცის ამბავი მთელ ქვეყანას მოედო. ახლად მოჭრილ მონეტებზე ამოტვიფრული იყო 1—5 წლების აჯანყების თარიღი“.
6. როგორ გამოეხმაურნენ რომაელები ებრაელთა აჯანყებას?
6 რომაელთა მეთორმეტე ლეგიონი ცესტიუს გალუსის ხელმძღვანელობით დაიძრა სირიიდან, ააოხრა გალილეა და იუდეა და, შემდეგ, დედაქალაქზე მიიტანა იერიში და დაიპყრო ‘იერუსალიმის — წმინდა ქალაქის’ ზემოთა ნაწილი (ნეემია 11:1; მათე 4:5; 5:35; 27:53). ერთ-ერთი ტომი (The Roman Siege of Jerusalem) აჯამებს მთელ მოვლენებს და აღნიშნავს: „ხუთი დღის მანძილზე ცდილობდნენ კედლის აღებას, დროდადრო უკუგდებული იყვნენ. საბოლოოდ, დამცველები, რომლებსაც სძლიეს სეტყვასავის დაყრილი ლოდებით, დანებდნენ. რომაელმა ჯარისკაცებმა მიმართეს „კუ“-ს მეთოდს — ეს იყო მეთოდი, როდესაც თავდასაცავად თავზე ფარებს იფარებდნენ — დაანგრიეს კედელი და შეეცადნენ კარიბჭისთვის ცეცხლის წაკიდებას. დამცველები საშინელ პანიკაში ჩაცვივდნენ“. ქალაქში მყოფ ქრისტიანებს გაახსენდებოდათ ქრისტეს სიტყვები და მიხვდებოდნენ, რომ გატიალების სიბილწე წმინდა ადგილზე იდგაa. მაგრამ, როგორ შეეძლოთ ამ ქრისტიანებს ალყაშემორტყმული ქალაქიდან გაქცევა, როგორც იესომ ურჩია?
7. როგორ მოიქცნენ რომაელები ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს, როდესაც გამარჯვება ძალიან ახლოს იყო?
7 ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერდა: „ცესტიუსმა [გალუსმა] ალყაშემორტყმულთა სასოწარკვეთილებისა და პანიკის მიუხედავად, უეცრად მოხსნა ალყა, მას გამარჯვების იმედი გადაეწურა, მიუხედავად იმისა, რომ არ დამარცხებულა, ეს კი მისი მხრიდან ყოველგვარ აზრს მოკლებული მოქმედება იყო“. რატომ გასცილდა იქაურობას გალუსი? რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, მისმა წასვლამ ქრისტიანებს საშუალება მისცა, დამორჩილებოდნენ იესოს ბრძანებას, გაქცეულიყვნენ უსაფრთხო ადგილებში, მთებში.
8. რა იყო იერუსალიმის წინააღმდეგ რომაელთა ლაშქრობის მეორე ფაზა და რა განიცადეს გადარჩენილებმა?
8 მორჩილებამ სიცოცხლე შეუნარჩუნა მათ. მალე, აჯანყების ჩასახშობად, რომაელები დაიძრნენ. ამის აპოგეა იყო იერუსალიმის ალყაში მოქცევა გენერალ ტიტუსის ხელმძღვანელობით ახალი წელთაღრიცხვით 70 წლის აპრილიდან აგვისტომდე. ადამიანს სისხლი გაეყინება ძარღვებში, რომ წაიკითხოს, იოსებ ფლავიუსის მიერ აღწერილი ებრაელთა ტანჯვა. გარდა იმისა, რომ რომაელებთან ბრძოლაში დაიხოცნენ, მრავალი იუდეველი ურთიერთმეტოქე იუდეველთა ბანდების მსხვერპლი გახდა და შიმშილის გამო ხალხმა კანიბალიზმს მიჰყო ხელი. რომაელების გამარჯვების დროს დაიღუპა 1 100 000 ებრაელიb. დაუყოვნებლივ სიკვდილით დასაჯეს 97 000 გადარჩენილი; სხვები ტყვედ წაასხეს. იოსები წერს: „ჩვიდმეტზე მეტს ბორკილები დაადეს და მძიმე სამუშაოზე ეგვიპტეში გაგზავნეს, იმ დროს, როდესაც ტიტუსმა უამრავი გაგზავნა პროვინციებში, რათა ამფითეატრებში ხმლით დაეხოცათ ან მხეცებს დაეგლიჯათ“. ამ მოვლენების დროს, რომლებმაც განსაზღვრა მათი საბოლოო შედეგი, კიდევ 11 000 პიროვნება მოკვდა შიმშილით.
9. რატომ გადაურჩნენ ქრისტიანები იმას, რაც თავს დაატყდათ ებრაელებს და კიდევ რა კითხვები რჩება?
9 ქრისტიანები მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ, რომ დაემორჩილნენ უფლის გაფრთხილებას და რომაელების ჯარის დაბრუნებამდე ქალაქიდან გაიქცნენ. ამგვარად, ისინი გადაურჩნენ იმას, რასაც იესომ უწოდა: „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ იერუსალიმში (მათე 24:21). იესომ აგრეთვე თქვა: „ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ძე ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები“ (მათე 24:22). რას ნიშნავდა ეს იმ დროს და რას ნიშნავს დღეს?
10. როგორ იხსნებოდა ადრე მათეს 24:22?
10 წარსულში იხსნებოდა, რომ ‘გადარჩენილი ძე ხორციელი’, იყვნენ ის ებრაელები, რომლებიც ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს იერუსალიმის დიდ გასაჭირს გადაურჩნენ. ქრისტიანები გაიქცნენ, ასე რომ, ღმერთმა დაუშვა რომაელთაგან სწრაფი განადგურება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ ‘რჩეულებს’ საფრთხე არ ემუქრებოდათ, გასაჭირის დღეები შეიძლებოდა, შემოკლებულიყო, რათა ზოგი ებრაელი, „ძე ხორციელი“, გადარჩენილიყო. ფიქრობდნენ, რომ გადარჩენილი ებრაელები ასიმბოლოებდნენ ჩვენს დროს მოახლოებულ დიდ გასაჭირში გადარჩენილებს (გამოცხადება 7:14).
11. რატომ არის მათეს 24:22-ის ახსნა ხელახლა გადასახედი?
11 მაგრამ შეესაბამება თუ არა ეს ახსნა ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს მომხდარს? იესომ თქვა, რომ „ძე ხორციელი“ „გადარჩებოდა“, თავს დააღწევდა გასაჭირს. გამოიყენებდი თუ არა სიტყვას ‘გადარჩენილი’ იმ 97 000 გადარჩენილთან დაკავშირებით, როდესაც, სინამდვილეში, ათასობით მათგანი ცოტა ხანში შიმშილით დაიღუპა ან ამფითეატრებში ამოხოცეს? იოსებ ფლავიუსი კესარიის ერთ-ერთი ამფითეატრის შესახებ წერს: „გარეულ მხეცებთან ან ერთმანეთთან ორთაბრძოლაში დახოცილთა და ცოცხლად დამწვართა რიცხვმა 2 500-ს გადააჭარბა“. მიუხედავად იმისა, რომ ალყის დროს ცოცხლები გადარჩნენ, რა თქმა უნდა, ისინი ‘გადარჩენილები’ არ იყვნენ. და ნუთუ იესო მომავალში ‘დიდი გასაჭირის დროს’ ბედნიერ გადარჩენილთა მსგავსად მიიჩნევდა მათ გადარჩენას?
ძე ხორციელის გადარჩენა — როგორ?
12. ვინ იყვნენ პირველ საუკუნეში ‘რჩეულები’, რომლებიც ღმერთს აინტერესებდა?
12 ახალი წელთაღრიცხვით 70 წლისთვის ღმერთი დაბადებით ებრაელებს აღარ მიიჩნევდა რჩეულ ხალხად. იესომ აჩვენა, რომ ღმერთმა უარყო ის ერი და მათ დედაქალაქს, ტაძარსა და თაყვანისმცემლობის სისტემას გაანადგურებდა (მათე 23:37—24:2). ღმერთმა აირჩია ახალი ერი, სულიერი ისრაელი (საქმეები 15:14; რომაელთა 2:28, 29; გალატელთა 6:16). ის ყველა ერიდან არჩეული სულიწმიდით ცხებული მამაკაცებისა და ქალებისგან შედგებოდა (მათე 22:14; იოანე 15:19; საქმეები 10:1, 2, 34, 35, 44, 45). სანამ ცესტიუს გალუსი იერიშს მიიტანდა იერუსალიმზე, რამდენიმე წლით ადრე პეტრე წერდა „რჩეულებს მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით, სულის მიერ განწმენდით“. ასეთი სულითცხებულები წარმოადგენდნენ ‘რჩეულ მოდგმას, მეფურ სამღვდელოებას, წმიდა ერს’ (1 პეტრე 1:1, 2; 2:9 „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ღმერთი ასეთ რჩეულებს მომავალში ზეცაში აიყვანდა, რომ იესოსთან ერთად ემმართველათ (კოლასელთა 1:1, 2; 3:12; ტიტე 1:1; გამოცხადება 17:14).
13. რას შეიძლება, ნიშნავდეს მათეს 24:22-ში მოცემული იესოს სიტყვები?
13 რჩეულთა ამოცნობა დამხმარეა, რადგან იესომ იწინასწარმეტყველა „რჩეულთა გულისათვის“ გასაჭირის დღეების შემოკლება. ბერძნული სიტყვა, რომელიც გადმოთარგმნილია სიტყვით „გულისათვის“, შეიძლება, აგრეთვე ითარგმნოს როგორც „გამო“ ან ბოლოსართით „თვის“ (მათე 10:22; 14:3; მარკოზი 2:27; იოანე 12:30; 1 კორინთელთა 9:10, 23; 11:9; 2 ტიმოთე 2:10; გამოცხადება 2:3). ამგვარად, იესო, შეიძლება, ასეც ამბობდა: ‘ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ძე ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გამო შემოკლდება ის დღეები’c (მათე 24:22). მოხდა თუ არა რამე იერუსალიმში დარჩენილ რჩეულ ქრისტიანთა სასარგებლოდ ან მათ ‘გამო’?
14. როგორ გადარჩა „ძე ხორციელი“, როდესაც ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს რომაელთა ჯარმა, მოულოდნელად, უკან დაიხია?
14 გავიხსენოთ, რომ ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს რომაელები შეიჭრნენ ისრაელის მიწაზე, დაიპყრეს იერუსალიმის ზემოთა ნაწილი და დაიწყეს კედლის ნგრევა. იოსებ ფლავიუსი წერს: „კიდევ ცოტა ხანს რომ დაეტოვებინა ქალაქი ალყაში, ელვისებური სისწრაფით დაიპყრობდა“. დაუსვი საკუთარ თავს კითხვა: «რატომ უნდა შეეწყვიტა რომის ძლევამოსილ ჯარს მოულოდნელად ლაშქრობა და, „რაც ყოველგვარ აზრს მოკლებული იყო“, უკან დაეხია?» რიუპერ ფიურნო, მილიტარისტული ისტორიის განმარტების სპეციალისტი, წერს: „ვერც ერთმა ისტორიკოსმა ვერ დაასახელა გალუსის საკმაოდ უცნაური, კატასტროფული გადაწყვეტილების მიღების ნამდვილი მიზეზი“. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შედეგი იყო გასაჭირის დღეების შემოკლება. რომაელებმა უკან დაიხიეს, უკან წასულებს კი იუდეველებმა შეუტიეს. რა დაემართათ სულითცხებულ ‘რჩეულ’ ქრისტიანებს, რომლებიც იერუსალიმში იყვნენ? ალყის მოხსნა მათთვის ხსნას ნიშნავდა, ისინი გადაურჩებოდნენ იმ ხოცვა-ჟლეტას, რაც გასაჭირის დროს იყო. ამგვარად, ის ქრისტიანები, რომლებმაც ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს გასაჭირის დღეების შემოკლებით ისარგებლეს, იყვნენ მათეს 24:22-ში აღწერილი გადარჩენილი ‘ძე ხორციელნი’.
რას გიმზადებს მომავალი?
15. რატომ იტყოდი, რომ მათეს 24-ე თავი ძლიერ საინტერესო უნდა იყოს ჩვენს დროს?
15 შესაძლოა, ვინმემ იკითხოს: „განსაკუთრებულად რატომ უნდა მაინტერესებდეს იესოს სიტყვების ეს ნათელი გაგება?“ საკმაო მიზეზი არსებობს იმისთვის, რათა დავასკვნათ, რომ იესოს წინასწარმეტყველება უფრო ფართო მასშტაბით უნდა შესრულდეს, რადგან მისი წინასწარმეტყველება მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, რაც ახალი წელთაღრიცხვით 70 წლამდე და მისი ჩათვლით მოხდაd (შეადარე მათე 24:7; ლუკა 21:10, 11; გამოცხადება 6:2–8). ათწლეულების მანძილზე იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ, რომ მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება ჩვენს ეპოქაში სრულდება, რაც ცხადყოფს, რომ უნდა მოველოდეთ უფრო ფართო მასშტაბის ‘დიდ გასაჭირს’, რომელიც ჯერ კიდევ წინაა. როგორ შესრულდება დიდი გასაჭირის დროს მათეს 24:22-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?
16. რა გამამხნევებელ ინფორმაციას შეიცავს წიგნი „გამოცხადება“ მოახლოებული დიდი გასაჭირის შესახებ?
16 იერუსალიმის გასაჭირიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, მოციქულმა იოანემ დაწერა წიგნი „გამოცხადება“. ის იძლევა იმის მტკიცებას, რომ დიდი გასაჭირი ჯერ კიდევ წინაა. რადგანაც გვაინტერესებს, თუ პირადად ჩვენ როგორ გვეხება, შეგვიძლია შვებით ამოვისუნთქოთ — გამოცხადების წინასწარმეტყველება გვარწმუნებს, რომ „ძე ხორციელი“ გადარჩება მომავალი დიდი გასაჭირის დროს. იოანე წინასწარმეტყველებდა: „აჰა, უამრავი ხალხი. . . ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“. ვინ არიან ისინი? ხმა ზეციდან იძლევა პასუხს: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები“ (გამოცხადება 7:9, 14). დიახ, ისინი გადარჩებიან! გამოცხადება აგრეთვე გვთავაზობს, რომ ჩავუღრმავდეთ იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ დიდ გასაჭირში და როგორ შესრულდება მათეს 24:22.
17. რას მოიცავს დიდი გასაჭირის დამწყები ფაზა?
17 ამ გასაჭირის დამწყები ფაზა იქნება თავდასხმა სიმბოლურ მეძავზე, რომელსაც „დიდი ბაბილონი“ ეწოდება (გამოცხადება 14:8; 17:1, 2). ის ასიმბოლოებს ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს, რომლის შემადგენლობაშიც ყველაზე საძრახისი ქრისტიანული სამყაროა. გამოცხადების 17:16–18-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, ღმერთი პოლიტიკურ ელემენტებს გულში ჩაუდებს, რომ თავს დაესხას სიმბოლურ მეძავსe. დაფიქრდი, როგორ შეიძლება ეს აისახოს ღვთის ცხებულ ‘რჩეულებსა’ და მათ თანმხლებ ‘უამრავ ხალხზე’. რადგან ამ გამანადგურებელ თავდასხმას რელიგიაზე პროგრესი ექნება, შესაძლოა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ ის მიწის პირისაგან აღგვის ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, მათ შორის, იეჰოვას ხალხს.
18. რატომ შეიძლება, დიდი გასაჭირის დასაწყისში ისე ჩანდეს, თითქოს, „ძე ხორციელი“ ვერ გადარჩება?
18 ეს სწორედ ის დროა, როდესაც უფრო ფართო მასშტაბით შესრულდება მათეს 24:22-ში ჩაწერილი სიტყვები. როგორც იერუსალიმში აღმოჩნდნენ განსაცდელის წინაშე რჩეულები, შეიძლება ისე ჩანდეს, რომ იეჰოვას მსახურებსაც დაემუქრებათ განადგურების საშიშროება რელიგიებზე თავდასხმის დროს, თითქოს თავდასხმა ღვთის ხალხის ყოველ ‘ძე ხორციელს’ გაანადგურებს. მაგრამ, მოდი, ნუ დავივიწყებთ იმას, რაც წარსულში მოხდა, ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს. გასაჭირი, რომელიც რომაელებმა გამოიწვიეს, შემოკლდა, რითაც გაქცევისა და გადარჩენის შესანიშნავი საშუალება მიეცათ ღვთის სულითცხებულ რჩეულებს. ამგვარად, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ რელიგიაზე გამანადგურებელი თავდასხმა იმ ზომამდე არ იქნება დაშვებული, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა გლობალური კრება გაანადგუროს. ეს მოხდება სწრაფად, თითქოს, ‘ერთ დღეში’. ის როგორღაც შემოკლდება და არ იქნება დაშვებული, რომ თავის მიზანს მიაღწიოს და ამგვარად ღვთის ხალხი შეიძლება იყოს ‘გადარჩენილი’ (გამოცხადება 18:8).
19. ა) რა გამოაშკარავდება დიდი გასაჭირის პირველი ფაზის შემდეგ? ბ) რა მოხდება ამის შემდეგ?
19 სატანა ეშმაკის მიწიერი ორგანიზაციის სხვა ელემენტები ამის შემდეგ გარკვეული დროის მანძილზე იარსებებენ და იგლოვებენ ძველ რელიგიურ მეძავთან ურთიერთობის დაკარგვას (გამოცხადება 18:9–19). რაღაც გარკვეულ მომენტში ისინი შეამჩნევენ, რომ ღვთის ჭეშმარიტი მსახურები ‘მშვიდად და უგალავნოდ ცხოვრობენ’ და იფიქრებენ, რომ ადვილად გასანადგურებელ მსხვერპლს წარმოადგენენ. რამდენად დიდი მოულოდნელობა ელით მათ! ღმერთი უპასუხოდ არ დატოვებს თავისი მსახურების წინააღმდეგ რეალურ ან მუქარით აღსავსე აგრესიას, ღმერთი დიდი გასაჭირის დასასრულ ფაზაში დაიწყებს თავისი მტრების განკითხვას (ეზეკიელი 38:10–12, 14, 18–23).
20. რატომ არ იქნება ღვთის ხალხისთვის საშიში დიდი გასაჭირის მეორე ფაზა?
20 დიდი გასაჭირის მეორე ფაზა შეიძლება, შეედაროს იმას, რაც თავს დაატყდა იერუსალიმსა და მის მცხოვრებლებს, ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს, რომაელების მეორე თავდასხმისას. ის ნამდვილად იქნება „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ (მათე 24:21). ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის რჩეულები და მათი თანმხლებნი არ იქნებიან საშიშ ზონაში, მათ არ დაემუქრებათ საშიშროება, რომ ვინმე მოკლავს. არა, ისინი განსაზღვრულ გეოგრაფიულ ადგილზე არ გაიქცევიან. პირველი საუკუნის ქრისტიანებს შეეძლოთ ქალაქ იერუსალიმიდან მთიან რეგიონებში გაქცევა, მაგალითად, იორდანის გადაკვეთაზე, პელაში. მაგრამ მომავალში, ღვთის ერთგული მოწმეები მთელ დედამიწაზე იქნებიან, ასე რომ, დაცვა და უსაფრხოება გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე არ იქნება დამოკიდებული.
21. ვინ იბრძოლებს საბოლოო ბრძოლაში და რა შედეგით?
21 განადგურება რომაელთა ჯარებით ან კიდევ ადამიანთა რომელიმე ორგანიზაციით არ მოხდება. პირიქით, წიგნი „გამოცხადება“ აღწერს ზეციდან მოვლენილ განმსჯელ ძალებს. დიახ, დიდი გასაჭირის უკანასკნელი ფაზა შესრულდება არა ადამიანთა ჯარის მიერ, არამედ ამას შეასრულებს „ღვთის სიტყვა“, მეფე იესო ქრისტე, და მას მხარში ამოუდგება „ციური ლაშქარი“, რომელთა შორისაც იქნებიან მკვდრეთით აღდგენილი სულითცხებული ქრისტიანები. „უფალთ უფალი და მეფეთ მეფე“ ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს რომაელების ნამოქმედართან შედარებით, გაცილებით სრულყოფილად აღასრულებს სასჯელს. ის გაანადგურებს ღვთის ყოველ მოწინააღმდეგეს — მეფეებს, სამხედრო მეთაურებს, თავისუფლებსა და მონებს, პატარებსა და დიდებს. სატანის წუთისოფლის ადამიანთა ორგანიზაციებიც განადგურდებიან (გამოცხადება 2:26, 27; 17:14; 19:11–21; 1 იოანე 5:19).
22. კიდევ რომელი აზრის თანახმად იქნება „ძე ხორციელი“ გადარჩენილი?
22 გაიხსენე, რომ „ძე ხორციელი“, როგორც ცხებულთა დარჩენილი ნაწილი, აგრეთვე „უამრავი ხალხი“, უკვე გადარჩენილი იქნება იმ დროს, როდესაც დიდი ბაბილონი უეცრად და მთლიანად ეცემა და ეს მოხდება გასაჭირის პირველ ფაზაში. აგრეთვე დიდი გასაჭირის დასასრულ ფაზაში გადარჩება ის „ძე ხორციელი“, რომელიც იეჰოვას მხარეს გაიქცევა. რამდენად განსხვავებული იქნება ეს შედეგი იმისგან, რაც ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს თავს დაატყდათ მოჯანყე ებრაელებს!
23. რის იმედი ექნებათ გადარჩენილ ‘ძე ხორციელთ’?
23 როდესაც ფიქრობ, როგორც საკუთარ, აგრეთვე, შენთვის ძვირფასი პიროვნებების მომავალზე, ყურადღება მიაქციე გამოცხადების 7:16, 17-ში ჩაწერილ აღთქმას: „აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და არავითარი პაპანაქება. ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს. და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს“. უეჭველია, რომ ეს ნამდვილად განსაცვიფრებელი და მარადიული „გადარჩენაა“.
[სქოლიოები]
a იხილე 1996 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 23–28.
b იოსებ ფლავიუსი ამბობს: «როდესაც ტიტუსი ქალაქში შევიდა, ის გაოცდა ქალაქის სიძლიერით. . . მან ხმამაღლა წამოიძახა: „ღმერთი ჩვენს მხარეზეა; ღმერთმა დასცა ებრაელები ამ ციხე-სიმაგრეებიდან; თორემ რის შემძლე იყო ადამიანის ხელები ან იარაღი ასეთი სიმაგრეების წინააღმდეგ?“»
c საინტერესოა, რომ შემ-ტობის „მათეს“ ტექსტში 24:22-ში გამოყენებულია ებრაული სიტყვა „ʼა·ვურʹ“, რაც ნიშნავს: „გულისათვის, მხედველობაში მიღება, იმისთვის, რომ“. იხილე წინამორბედი სტატია, გვერდები 10, 11.
d იხილე 1994 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 21 და 22, აგრეთვე, 24-ე და 25-ე გვერდებზე მოცემული ცხრილი, სადაც პარალელურ გრაფებში მოცემულია იესოს წინასწარმეტყველებები მათეს 24-ე, მარკოზის მე-13 და ლუკას 21-ე თავებიდან.
e იხილე „გამოცხადება — მისი დიდებული აპოგეა ახლოსაა!“ (ინგლ.); გვერდები 235–258, გამოქვეყნებულია 1988 წელს საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
როგორ უპასუხებდი?
◻რომელ ორ ფაზად იყოფა რომაელთა ჯარის თავდასხმა იერუსალიმზე?
◻ რატომ არ არის გონივრული ვიფიქროთ, რომ 97 000 ებრაელი, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს ცოცხალი გადარჩა, არის მათეს 24:22-ში აღწერილი „ძე ხორციელი“?
◻ როგორ შემოკლდა იერუსალიმის გასაჭირის დღეები და როგორ გადარჩა „ძე ხორციელი“?
◻ როგორ შემოკლდება მოახლოებული დიდი გასაჭირის დღეები და როგორ გადარჩება „ძე ხორციელი“?
[სურათი 13 გვერდზე]
აჯანყების შემდეგ მოჭრილი ებრაული მონეტა. ებრაული ასოებით წერია „მეორე წელი“, რაც ნიშნავს ახალი წელთაღრიცხვით 67 წელს, მათი ავტონომიიდან მეორე წელს.
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
[სურათი 14 გვერდზე]
ახალი წელთაღრიცხვით 71 წელს მოჭრილი რომაული მონეტა. მარცხნივ შეიარაღებული რომაელი; მარჯვნივ მგლოვიარე ებრაელი ქალი. IVDAEA CAPTA ნიშნავს „ტყვე იუდეა“.
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.