ვინ ხელმძღვანელობს დღეს ღვთის ხალხს?
„გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია“ (ებრ. 13:7).
1, 2. რა კითხვა შეიძლებოდა გასჩენოდათ მოციქულებს იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ?
იესოს მოციქულები ზეთისხილის მთაზე იდგნენ და ცას შესცქეროდნენ. იესო, მათი ბატონი და მეგობარი, ის-ის იყო მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა და ღრუბლებში გაუჩინარდა (საქ. 1:9, 10). დაახლოებით ორი წლის მანძილზე იესო ასწავლიდა, ამხნევებდა და მიუძღოდა თავის მოციქულებს, ახლა კი მათ გვერდით აღარ იყო. რას გააკეთებდნენ ისინი?
2 იესომ თავის მიმდევრებს მნიშვნელოვანი დავალება მისცა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). მაგრამ როგორ შეასრულებდნენ ისინი ამ დავალებას? იესომ დაარწმუნა მოწაფეები, რომ მალე წმინდა სულს მიიღებდნენ (საქ. 1:5). თუმცა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება მაინც იქნებოდა საჭირო. ძველ დროში თავისი ხალხისთვის ხელმძღვანელობისა და ორგანიზების გასაწევად იეჰოვა მიწიერ წარმომადგენლებს იყენებდა. ასე რომ, მოციქულებს შეიძლება გასჩენოდათ კითხვა: დანიშნავდა თუ არა იეჰოვა ახალ წინამძღოლს?
3. ა) რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ერთგულმა მოციქულებმა იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ამ მოვლენიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ იესოს მოწაფეებმა წმინდა წერილების კვლევისა და ღვთის ხელმძღვანელობისთვის ლოცვის შემდეგ იუდა ისკარიოტელის ნაცვლად მატთია აირჩიეს, რათა ერთ-ერთი თორმეტთაგანი ყოფილიყო (საქ. 1:15—26). რატომ იყო ამ არჩევნის გაკეთება მნიშვნელოვანი როგორც მათთვის, ისე იეჰოვასთვის? მატთიას მოციქულების რაოდენობა უნდა შეევსო.a იესომ მოციქულები მხოლოდ იმიტომ არ აირჩია, რომ მათთან ერთად ემსახურა. მათი არჩევის მიზანი უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობისთვის მომზადება იყო. რა იყო ეს პასუხისმგებლობა? როგორ მოამზადა იეჰოვამ ისინი იესოს მეშვეობით მის შესასრულებლად? რა მსგავსი სტრუქტურა არსებობს დღეს ღვთის ხალხს შორის? რით ცხადვყოფთ, რომ გვახსოვს ჩვენ შორის ხელმძღვანელობის გამწევნი, განსაკუთრებით „ერთგული და გონიერი მონა“? (ებრ. 13:7; მათ. 24:45).
უხილავი წინამძღოლის ხილული წარმომადგენლები
4. რა პასუხისმგებლობა ეკისრათ პირველ საუკუნეში მოციქულებსა და სხვა უხუცესებს იერუსალიმში?
4 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულებმა ქრისტიანული კრების ხელმძღვანელობა იკისრეს. ამ დღეს „წამოდგა პეტრე თერთმეტთან ერთად“ და იუდეველებისა და პროზელიტებისგან შემდგარ დიდძალ ხალხს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება გადასცა (საქ. 2:14, 15). მსმენელთაგან ბევრმა ირწმუნა. იმ დღიდან მოყოლებული ეს ახალმოქცეული ქრისტიანები „მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ“ (საქ. 2:42). კრების ფინანსებსაც მოციქულები განაგებდნენ (საქ. 4:34, 35). ისინი ზრუნავდნენ ღვთის ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე, როგორც ეს მათი სიტყვებიდან ჩანს: „ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას უნდა მივუძღვნათ თავი“ (საქ. 6:4). ამასთან, ისინი ახალ ტერიტორიებზე სამქადაგებლო საქმიანობის წინ წასაწევად გამოცდილ ქრისტიანებს ნიშნავდნენ (საქ. 8:14, 15). დროთა განმავლობაში მოციქულებთან ერთად ქრისტიანულ კრებებს სხვა ცხებული უხუცესებიც უწევდნენ ხელმძღვანელობას. როგორც ხელმძღვანელი საბჭო, ისინი ყველა კრებას აძლევდნენ მითითებებს (საქ. 15:2).
5, 6. ა) როგორ მოქმედებდა წმინდა სული ხელმძღვანელ საბჭოზე? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე) ბ) როგორ ეხმარებოდნენ ანგელოზები ხელმძღვანელ საბჭოს? გ) როგორ ხელმძღვანელობდნენ ეს სულით ცხებული უხუცესები ღვთის სიტყვით?
5 პირველ საუკუნეში ქრისტიანები აცნობიერებდნენ, რომ იეჰოვა ხელმძღვანელ საბჭოს მათი წინამძღოლის, იესოს მეშვეობით ხელმძღვანელობდა. რა არწმუნებდა მათ ამაში? პირველი, ხელმძღვანელ საბჭოზე წმინდა სული მოქმედებდა (იოან. 16:13). მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სული ყველა ცხებულ ქრისტიანზე გადავიდა, ის განსაკუთრებით ეხმარებოდა იერუსალიმში მყოფ მოციქულებსა და სხვა უხუცესებს, ღვთის ხალხისთვის ზედამხედველობა გაეწიათ. მაგალითად, ახ. წ. 49 წელს მათ წმინდა სულის დახმარებით მიიღეს გადაწყვეტილება წინადაცვეთის საკითხთან დაკავშირებით. მათგან მიღებული მითითებების გათვალისწინების შედეგად „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 16:4, 5). ხელმძღვანელი საბჭოს წერილიდან აგრეთვე ჩანდა, რომ ისინი ავლენდნენ ღვთის სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელ თვისებებს — რწმენასა და სიყვარულს (საქ. 15:11, 25—29; გალ. 5:22, 23).
6 მეორე, ხელმძღვანელ საბჭოს ანგელოზები ეხმარებოდნენ. სანამ მოინათლებოდა და პირველი წინადაუცვეთელი უცხოტომელი ქრისტიანი გახდებოდა, კორნელიუსმა ანგელოზის მითითებით პეტრეს მასთან მისვლა სთხოვა. პეტრეს ქადაგების შემდეგ წმინდა სული გადავიდა კორნელიუსსა და მის ნათესავებზე მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინადაცვეთილები არ იყვნენ. ამან აღძრა მოციქულები და სხვა ძმები, ღვთის ნებას დამორჩილებოდნენ და ქრისტიანულ კრებაში წინადაუცვეთელი უცხოტომელები მიეღოთ (საქ. 11:13—18). უფრო მეტიც, ანგელოზები აქტიურად უჭერდნენ მხარს და აჩქარებდნენ სამქადაგებლო საქმეს, რომელსაც ხელმძღვანელი საბჭო ზედამხედველობდა (საქ. 5:19, 20). მესამე, ხელმძღვანელი საბჭო ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, საქმე დოქტრინული საკითხების გადაჭრას ეხებოდა თუ ორგანიზაციული მითითებების მიცემას, ეს სულით ცხებული უხუცესები ყოველთვის წმინდა წერილებით ხელმძღვანელობდნენ (საქ. 1:20—22; 15:15—20).
7. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ პირველ ქრისტიანებს იესო ხელმძღვანელობდა?
7 თუმცა ხელმძღვანელ საბჭოს ადრინდელ ქრისტიანულ კრებაში გარკვეული ძალაუფლება ჰქონდა, ეს პასუხისმგებელი ძმები თავიანთ წინამძღოლად იესოს მიიჩნევდნენ. მოციქულმა პავლემ დაწერა: „[ქრისტემ] მოგვცა ზოგი მოციქულად“, შემდეგ კი დასძინა: „ყველაფერში სიყვარულით გავიზარდოთ მასში, ვინც არის თავი — ქრისტე“ (ეფეს. 4:11, 15). ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე გამოჩენილი მოციქულის სახელით წოდებულიყვნენ, „მოწაფეებს ღვთის განგებით . . . ქრისტიანები“ ეწოდათ (საქ. 11:26). პავლე მნიშვნელოვნად თვლიდა წმინდა წერილებზე დაფუძნებული წესების მტკიცედ დაცვას, რომლებიც მოციქულებისა და სხვა ხელმძღვანელი ძმებისგან მიიღეს. თუმცა მან აღნიშნა: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის [მათ შორის ხელმძღვანელი საბჭოს თითოეული წევრის] თავი ქრისტეა . . . ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორ. 11:2, 3). აშკარაა, კრებას ზეცად ამაღლებული და განდიდებული იესო ქრისტე ხელმძღვანელობდა, რომლის თავიც იეჰოვა ღმერთია.
„ეს ადამიანის კი არა, უფლის საქმეა“
8, 9. რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ძმა რასელმა?
8 მე-19 საუკუნის მიწურულს ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღედგინათ. სხვადასხვა ენაზე ბიბლიური ჭეშმარიტების გასავრცელებლად მათ 1884 წელს რეგისტრაციაში გაატარეს „სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოება“, რომლის პრეზიდენტიც ძმა რასელი გახდა.b ის იყო ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი, რომელიც უშიშრად ააშკარავებდა ისეთ ცრუ სწავლებებს, როგორიცაა სამების მოძღვრება და სულის უკვდავება. ძმა რასელი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქრისტე უხილავად დაბრუნდებოდა და „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ 1914 წელს დასრულდებოდა (ლუკ. 21:24). ის არ იშურებდა თავის დროს, ენერგიასა და სახსრებს, რომ ჭეშმარიტება სხვებისთვისაც გაეზიარებინა. აშკარაა, რომ ამ გარდამტეხ პერიოდში იეჰოვა და კრების თავი ქრისტე თავიანთი საქმის შესასრულებლად ძმა რასელს იყენებდნენ.
9 ძმა რასელი დიდებას არ ეძებდა ადამიანებისგან. 1896 წელს მან დაწერა: «არ გვსურს დიდება და პატივი არც ჩვენთვის და არც ჩვენი ნაშრომებისთვის; არ ვითხოვთ, რომ გვიწოდონ „თქვენო აღმატებულებავ“ ან „რაბი“; არც ის გვინდა, რომ რომელიმე მიმდინარეობას ჩვენი სახელი ეწოდოს». მოგვიანებით მან თქვა: „ეს ადამიანის კი არა, უფლის საქმეა“.
10. ა) როდის დანიშნა იესომ „ერთგული და გონიერი მონა“? ბ) როგორ გამოეყო თანდათან ხელმძღვანელი საბჭო „საზოგადოება საგუშაგო კოშკს“?
10 ძმა რასელის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ, 1919 წელს, იესომ „ერთგული და გონიერი მონა“ დანიშნა. ამის მიზანი მისი შინაურებისთვის სულიერი საზრდოს დროულად მიცემა იყო (მათ. 24:45). სულით ცხებული ძმებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომელიც ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მთავარ სამმართველოში მსახურობდა, ამზადებდა და აწვდიდა სულიერ საზრდოს იესოს მიმდევრებს. ჩვენს პუბლიკაციებში 1940-იან წლებში გამოჩნდა სახელწოდება „ხელმძღვანელი საბჭო“, რომელსაც ხშირად „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებასთან“ აკავშირებდნენ. მაგრამ 1971 წელს ხელმძღვანელი საბჭო „საზოგადოება საგუშაგო კოშკსა“ და მის დირექტორთა საბჭოს გამოეყო, რადგან ამ საზოგადოების არსებობას ბიბლიური საფუძველი კი არა, იურიდიული დატვირთვა ჰქონდა. ამ წლიდან ხელმძღვანელ საბჭოში ისეთი ცხებული ძმებიც დაინიშნენ, რომლებიც საზოგადოების დირექტორები არ იყვნენ. ბოლო წლებში „სხვა ცხვრის“ წარმომადგენელი პასუხისმგებელი ძმები აირჩიეს ამ და სხვა იურიდიული გაერთიანებების დირექტორებად. შედეგად, ხელმძღვანელ საბჭოს საშუალება ეძლევა, რომ ძირითადი ყურადღება სულიერი რჩევა-დარიგებებისა და მითითებების მიცემაზე გადაიტანოს (იოან. 10:16; საქ. 6:4). 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ არის სულით ცხებული ძმებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოს ქმნიან.
11. როგორ მოქმედებს ხელმძღვანელი საბჭო?
11 ხელმძღვანელი საბჭოს წევრები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებენ. როგორ ხდება ეს? ისინი ყოველკვირეულად იკრიბებიან, რაც ხელს უწყობს აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და ერთობას (იგავ. 20:18). ყოველ წელს იცვლება ამ შეხვედრების თავმჯდომარე, რადგან ხელმძღვანელი საბჭოს არც ერთი წევრი სხვებზე არ უპირატესობს (1 პეტ. 5:1). მსგავსი პრინციპით იცვლებიან ხელმძღვანელი საბჭოს ექვსივე კომიტეტის თავმჯდომარეებიც. ამ საბჭოს წევრები საკუთარ თავს თანაქრისტიანების წინამძღოლებად კი არა, შინაურებად მიიჩნევენ, რომლებიც ერთგული მონისგან მიღებული სულიერი საზრდოთი იკვებებიან და მის ხელმძღვანელობას ემორჩილებიან.
„ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“
12. რა კითხვები წამოიჭრება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელმძღვანელი საბჭო არც ღვთივშთაგონებულია და არც უშეცდომო?
12 ხელმძღვანელი საბჭო არც ღვთივშთაგონებულია და არც უშეცდომო. ამიტომ მან შეიძლება შეცდომა დაუშვას რომელიმე სწავლების ახსნისას ან ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით მაინცდამაინც სახარბიელო გადაწყვეტილება ვერ მიიღოს. „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელში“ სათაურის ქვეშ „სწავლებებს ნათელი მოეფინა“ ჩამოთვლილია, 1870 წლიდან მოყოლებული როგორ იცვლებოდა ამა თუ იმ ბიბლიური სწავლების გაგება. რა თქმა უნდა, იესოს არ უთქვამს, რომ ერთგული მონა სრულყოფილ სულიერ საზრდოს მოამზადებდა. მაშ, როგორ ვუპასუხოთ იესოს კითხვას: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“ (მათ. 24:45). რა ადასტურებს, რომ ამ როლს ხელმძღვანელი საბჭო ასრულებს? განვიხილოთ პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოსა და თანამედროვე ხელმძღვანელ საბჭოს შორის არსებული სამი მსგავსება.
13. როგორ ეხმარება წმინდა სული ხელმძღვანელ საბჭოს?
13 წმინდა სულის დახმარება. წმინდა სულის დახმარებით ხელმძღვანელი საბჭო ჩასწვდა არაერთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომლებიც მანამდე გაურკვეველი იყო. მაგალითად, წინა აბზაცში მოვიხსენიეთ იმ სწავლებების ჩამონათვალი, რომელთაც ნათელი მოეფინა. ცხადია, არც ერთ ადამიანს არ ეკუთვნის ქება „ღვთის სიღრმეების“ გაგებისა და ახსნისთვის! (წაიკითხეთ 1 კორინთელების 2:10). ხელმძღვანელი საბჭო იზიარებს პავლე მოციქულის აზრს: „არც ამას ვლაპარაკობთ ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულით ნასწავლით“ (1 კორ. 2:13). უდავოა, წმინდა სულის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რომ საუკუნოვანი განდგომილებისა და სულიერი სიბნელის შემდეგ 1919 წლიდან სულიერ საკითხებს ასე სწრაფად მოჰფენოდა ნათელი!
14. გამოცხადების 14:6, 7-ის თანახმად, როგორ ეხმარებიან დღეს ანგელოზები ღვთის ხალხს?
14 ანგელოზების დახმარება. დღეს ხელმძღვანელ საბჭოს კოლოსალური საქმის ზედამხედველობა აკისრია. ისინი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობენ, რომელშიც რვა მილიონზე მეტი მახარობელია ჩართული. რა უწყობს ხელს ამ საქმის წარმატებით შესრულებას? ერთ-ერთი ფაქტორი მასში ანგელოზების მონაწილეობაა (წაიკითხეთ გამოცხადების 14:6, 7). ხშირად მაუწყებლები სწორედ მაშინ მისულან ადამიანებთან, როცა ისინი ღმერთს სთხოვდნენ დახმარებას!c ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე იმ ქვეყნებშიც მიიწევს წინ, სადაც მაუწყებლები სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებიან. ანგელოზების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.
15. რა განსხვავებაა ხელმძღვანელ საბჭოსა და ქრისტიანული ეკლესიების წინამძღოლებს შორის? მოიყვანეთ მაგალითი.
15 ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობა (წაიკითხეთ იოანეს 17:17). მაგალითად, 1973 წლის პირველი ივნისის „საგუშაგო კოშკში“ დასმული იყო კითხვა: „შეიძლება ნათლობის უფლება მიეცეთ მათ, ვისაც სიგარეტის მოწევისთვის თავი არ დაუნებებია?“. იქვე ეწერა პასუხი: „წმინდა წერილებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ასეთებს ნათლობის უფლება არ უნდა მიეცეთ“. „საგუშაგო კოშკში“ მოყვანილი იყო ამ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე ბიბლიური მუხლი და იხსნებოდა, თუ რატომ უნდა გარიცხულიყო მოუნანიებელი მწეველი კრებიდან (1 კორ. 5:7; 2 კორ. 7:1). მასში აგრეთვე ეწერა: „ეს არ არის თვითნებური და დოგმატური მიდგომა. სინამდვილეში ასეთი მტკიცე პოზიცია ღვთისგან მომდინარეობს, რომელიც საკუთარ თვალსაზრისს თავისი წერილობითი სიტყვის მეშვეობით გვამცნობს“. მიჰყვებიან ბოლომდე სხვა რელიგიური ორგანიზაციები ღვთის სიტყვას მაშინ, როცა მათი მრევლიდან ზოგიერთისთვის მისი დაცვა დიდ სირთულეს წარმოადგენს? ახლახან გამოცემულ ერთ-ერთ წიგნში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რელიგიის გავლენას ეხება, ნათქვამია: „ქრისტიანული ეკლესიების წინამძღოლები მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამუდმებით ცდილობენ, თავიანთი სწავლებები ეკლესიის წევრებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს მოარგონ“. თუკი ხელმძღვანელი საბჭო გავრცელებული აზრის ნაცვლად ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობს, სინამდვილეში ვინ გამოდის ღვთის ხალხის წინამძღოლი?!
„გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია“
16. რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვახსოვს ხელმძღვანელი საბჭო?
16 წაიკითხეთ ებრაელების 13:7. სიტყვა, რომელიც ამ მუხლში ითარგმნა, როგორც „გახსოვდეთ“, აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მოიხსენიეთ“. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ გახსოვთ ისინი, ვისაც „ხელმძღვანელობა აკისრია“, თუ ლოცვებში ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს მოიხსენიებთ (ეფეს. 6:18). დაფიქრდით მათ პასუხისმგებლობაზე, რაც სულიერი საზრდოს მომზადებას, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ზედამხედველობასა და შეწირული თანხების განკარგვას მოიცავს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს მათზე გამუდმებით ლოცვის მიზეზი!
17, 18. ა) როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ხელმძღვანელ საბჭოსთან? ბ) როგორ შეგვიძლია ჩვენი ქადაგებით მხარი დავუჭიროთ ერთგულ მონასა და იესოს?
17 რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითაც უნდა ვაჩვენოთ, რომ გვახსოვს ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც პუბლიკაციების, კრების შეხვედრებისა და კონგრესების მეშვეობით გვაძლევს მითითებებს. ის ნიშნავს სარაიონო ზედამხედველებსაც, რომლებიც კრებებში უხუცესებს ნიშნავენ. თავის მხრივ, სარაიონო ზედამხედველებსა და უხუცესებს იმით ახსოვთ ხელმძღვანელი საბჭო, რომ ზედმიწევნით მიჰყვებიან მათთვის მიცემულ მითითებებს. თითოეული ჩვენგანი პატივისცემას ვავლენთ ჩვენი წინამძღოლის, იესოს მიმართ, როცა ვემორჩილებით იმ მამაკაცებს, რომელთა მეშვეობითაც ის გვხელმძღვანელობს (ებრ. 13:17).
18 კიდევ ერთი საშუალება, რითაც ვაჩვენებთ, რომ გვახსოვს ხელმძღვანელი საბჭო, სამქადაგებლო საქმიანობაში გულმოდგინედ მონაწილეობაა. პავლეც ხომ მოუწოდებდა ქრისტიანებს, მიებაძათ მათი რწმენისთვის, ვისაც ხელმძღვანელობა ეკისრა. ერთგული მონა უდიდეს რწმენას ავლენს და გულმოდგინედ ავრცელებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. თუ სხვა ცხვრის წარმომადგენელი ხართ, უჭერთ მხარს ცხებულებს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში? თქვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება, როცა თქვენი წინამძღოლი იესო გეტყვით: „რაც კი ერთ ამ ჩემს უმცირეს ძმას გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“ (მათ. 25:34—40).
19. რატომ გაქვთ გადაწყვეტილი, მიჰყვეთ თქვენს წინამძღოლს, იესოს?
19 ზეცად ამაღლებულ იესოს არ მიუტოვებია თავისი მიმდევრები (მათ. 28:20). დედამიწაზე მსახურების დროს მან თავად გამოსცადა წმინდა სულის, ანგელოზებისა და ღვთის სიტყვის დახმარება, რამაც მას თავისი მიმდევრებისთვის ხელმძღვანელობის გაწევა გაუადვილა. ამიტომ დღეს ის მსგავსად ეხმარება ერთგულ მონას. ეს ცხებული ქრისტიანი ძმები „მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს“ (გამოცხ. 14:4). მათი ხელმძღვანელობის მიყოლით ჩვენს წინამძღოლს, იესოს მივყვებით. მალე ის მარადიული სიცოცხლისკენ წაგვიძღვება (გამოცხ. 7:14—17). ასეთი დაპირების მოცემა დღეს არც ერთ მიწიერ მმართველს არ შეუძლია!
a როგორც ბიბლიიდან ჩანს, იეჰოვას განზრახვის თანახმად, 12 მოციქული ახალი იერუსალიმის საძირკვლის 12 ქვა იქნებოდა (გამოცხ. 21:14). ამიტომ მეტად აღარ გახდებოდა საჭირო მათ ნაცვლად სხვების არჩევა, ვინც სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებას შეინარჩუნებდა.
b 1955 წლიდან ეს იურიდიული გაერთიანება „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ სახელით არის ცნობილი.
c იხილეთ წიგნი „საფუძვლიანად დაამოწმეთ ღვთის სამეფოზე“, გვერდები 58, 59.