იეჰოვა ზრუნავს ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე
„ნუ შფოთავთ. ვინაიდან . . . თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ესენი“ (ლუკა 12:29, 30).
1. როგორ უზრუნველყოფს იეჰოვა თავის ქმნილებებს საკვებით?
ოდესმე დაკვირვებიხართ ბეღურას ან სხვა ჩიტს, რომელიც რაღაცას კენკავს ისეთ ადგილას, სადაც ასაკენკი თითქოს არაფერია? ალბათ, გიფიქრიათ: „ნეტავ რას პოულობს ამ მოტიტვლებულ მიწაზე“. მთაზე ქადაგებისას იესომ გვიჩვენა, რა შეგვიძლია ვისწავლოთ იეჰოვას მიერ ჩიტებზე ზრუნვის მაგალითიდან. მან თქვა: „შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?“ (მათე 6:26). იეჰოვა თავის ყველა ქმნილებას უზრუნველყოფს საკვებით (ფსალმუნები 103:14, 21; 146:9).
2, 3. სულიერობასთან დაკავშირებით რა გვასწავლა იესომ იმით, რომ ლოცვის ნიმუშში ყოველდღიურ პურზე თხოვნა ჩართო?
2 აბა რატომ ჩართო იესომ ლოცვის ნიმუშში თხოვნა: „პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს“ (მათე 6:11). ამ უბრალო თხოვნიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლაა შესაძლებელი. ის შეგვახსენებს, რომ იეჰოვა დიდებული უზრუნველმყოფელია (ფსალმუნები 144:15, 16). ადამიანს შეუძლია დარგვა და მოვლა, მაგრამ მხოლოდ ღმერთი ზრდის ყველაფერს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად (1 კორინთელთა 3:7). ყველაფერი, რასაც ვჭამთ და ვსვამთ, ღვთის საჩუქარია (საქმეები 14:17). ლოცვაში ყოველდღიური საზრდოს თხოვნით ღმერთს ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ მის მზრუნველობას. ცხადია, საზრდოს თხოვნა იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა ვიმუშაოთ, მაშინ როდესაც ამის ძალა შეგვწევს (ეფესელთა 4:28; 2 თესალონიკელთა 3:10).
3 ყოველდღიური პურის შესახებ თხოვნა იმის მაჩვენებელია, რომ მომავალზე მეტისმეტად არ უნდა ვწუხდეთ. იესომ თქვა: „ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ. ამრიგად, ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე“ (მათე 6:31—34). ყოველდღიური პურის შესახებ ლოცვა იმასაც გვასწავლის, რომ ვიცხოვროთ უბრალოდ — ვიყოთ „ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გვაქვს“ (1 ტიმოთე 6:6—8, აქ).
ყოველდღიური სულიერი საზრდო
4. იესოსა და ისრაელების ცხოვრებიდან რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ სულიერი საზრდო მნიშვნელოვანია?
4 ყოველდღიურ პურზე ლოცვა შეგვახსენებს, რომ სულიერი საზრდოც ყოველდღე გვჭირდება. ხანგრძლივი მარხვის შემდეგ იესოს ძალიან მოშივდა, მაგრამ არ მიიღო სატანის წინადადება იმის თაობაზე, რომ ქვები პურებად ექცია და თქვა: „დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). იესო ამ დროს ციტირებდა წინასწარმეტყველ მოსეს სიტყვებს: „[იეჰოვა] გათვინიერებდა, გაშიმშილებდა, გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი შენ და არც შენმა მამებმა, რათა შეგეცნო, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მეორე რჯული 8:3). მანანის მიცემით იეჰოვა ისრაელებს არა მარტო ფიზიკურ საზრდოს აძლევდა, არამედ სულიერ საკითხებსაც ასწავლიდა. მაგალითად, მათ უნდა აეკრიფათ „დღის ულუფა“. თუ მეტს ააგროვებდნენ, მორჩენილი აყროლდებოდა და მატლი გაუჩნდებოდა (გამოსვლა 16:4, 20). მაგრამ ეს არ ხდებოდა მეექვსე დღეს, როდესაც ორჯერ მეტს აგროვებდნენ, რათა შაბათის სამყოფი საზრდოც ჰქონოდათ (გამოსვლა 16:5, 23, 24). ამგვარად, მანანა კარგად უბეჭდავდა ისრაელებს გონებაში მორჩილების საჭიროებას და ასწავლიდა, რომ მათი ცხოვრება მხოლოდ პურზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ „ღვთის პირიდან მომდინარე ყოველ სიტყვაზე“.
5. როგორ გვაძლევს იეჰოვა ყოველდღიურ სულიერ საზრდოს?
5 ჩვენც გვჭირდება, ყოველდღიურად ვიკვებოთ სულიერი საზრდოთი, რომელსაც იეჰოვა თავისი ძის მეშვეობით გვაძლევს. ამ მიზნით იესომ დანიშნა „ერთგული და გონიერი მონა“, რათა რწმენის საფუძველზე გაერთიანებული სახლეულისთვის მათ ‘დროულად მიეწოდებინათ საზრდო’ (მათე 24:45). გარდა იმისა, რომ უხვად გვაძლევს სულიერ საზრდოს ბიბლიის შესასწავლი დამხმარე პუბლიკაციების სახით, ერთგული მონის კლასი ბიბლიის ყოველდღიური კითხვისკენაც მოგვიწოდებს (იესო ნავეს ძე 1:8; ფსალმუნები 1:1—3). თუ ყოველდღე ძალისხმევას მოვახმართ იეჰოვას ნების შესწავლასა და ნასწავლის თანახმად მოქმედებას, იესოს მსგავსად ჩვენც შევიძენთ სულიერ ძალებს (იოანე 4:34).
ცოდვების მიტევება
6. რომელი ვალების პატიება უნდა ვთხოვოთ ღმერთს და რა შემთხვევაშია იეჰოვა მზად, მოგვიტევოს?
6 ლოცვის ნიმუშში შემდგომი თხოვნა ასეთია: „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა“ (მათე 6:12, სსგ). იესო აქ ვალებში ფულს არ გულისხმობდა. მას მხედველობაში ჰქონდა ჩვენი ცოდვების პატიება. ლუკას მიერ ჩაწერილ ლოცვის ნიმუშში ეს თხოვნა ასე ჟღერს: „მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას“ (ლუკა 11:4, სსგ). როდესაც ვცოდავთ, ასე ვთქვათ, იეჰოვას მოვალეები ვხდებით. მაგრამ თუ გულწრფელად ვინანიებთ, ‘მოვიქცევით’ და ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე მიტევებას ვითხოვთ, მოსიყვარულე ღმერთი მზად არის, ‘აღხოცოს’ ანუ გააუქმოს ჩვენი ვალები (საქმეები 3:19; 10:43; 1 ტიმოთე 2:5, 6).
7. რატომ უნდა ვილოცოთ ყოველდღე ჩვენი ცოდვების მიტევებაზე?
7 ცოდვა იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას სამართლიანი ნორმების შესაბამისად არ მოვიქეცით. მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო ყველა ვცოდავთ სიტყვით, საქმით თუ ფიქრით ან იმით, რომ არ ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ (ეკლესიასტე 7:20; რომაელთა 3:23; იაკობი 3:2; 4:17). ამიტომ, იმისდა მიუხედავად, გაცნობიერებული გვაქვს თუ არა, დღის განმავლობაში რა შევცოდეთ, საჭიროა ლოცვებში ყოველდღე ვითხოვოთ ცოდვების პატიება (ფსალმუნები 18:13; 39:13).
8. რისკენ უნდა აღგვძრას მიტევების შესახებ ლოცვამ და რა სარგებლობა მოაქვს ამას?
8 პატიება კი მას შემდეგ უნდა ვითხოვოთ, რაც პატიოსნად გამოვიკვლევთ საკუთარ თავს, ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის გამომსყიდველური ძალის საფუძველზე მოვინანიებთ და ვაღიარებთ, რომ შევცდით (1 იოანე 1:7—9). იმის დასადასტურებლად, რომ გულწრფელად ვლოცულობთ, საჭიროა მიტევების შესახებ თხოვნას „მონანიების ღირსი საქმეები“ დავურთოთ თან (საქმეები 26:20). ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა მზად არის ჩვენი ცოდვების მისატევებლად (ფსალმუნები 85:5; 102:8—14). შედეგად კი გვექნება შეუდარებელი სიმშვიდე, „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“, რაც ‘დაიფარავს ჩვენს გულებსა და ფიქრებს ქრისტე იესოში’ (ფილიპელთა 4:7). იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუში გვასწავლის, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ, რათა ღმერთმა ცოდვები მოგვიტევოს.
ღმერთმა რომ მოგვიტევოს, ჩვენც მიმტევებლები უნდა ვიყოთ
9, 10. ა) რა განმარტება დაურთო იესომ ლოცვის ნიმუშს და რას გაუსვა ამით ხაზი? ბ) კიდევ როგორ ცხადყო იესომ, რომ საჭიროა მიმტევებლები ვიყოთ?
9 საინტერესოა, რომ ლოცვის ნიმუშიდან იესომ განმარტება დაურთო მხოლოდ ერთ თხოვნას: „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა“. ლოცვის დამთავრების შემდეგ მან თქვა: „თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“ (მათე 6:14, 15). ამგვარად, იესომ ნათლად დაგვანახვა, რომ იეჰოვასგან მიტევების მისაღებად ჩვენც მზად უნდა ვიყოთ სხვების მისატევებლად (მარკოზი 11:25).
10 სხვა შემთხვევისას იესომ იგავის დახმარებით ცხადყო, რომ იეჰოვასგან პატიება თუ გვსურს, საჭიროა ჩვენც მიმტევებლები ვიყოთ. ის მოჰყვა ამბავს ერთი მეფის შესახებ, რომელმაც თავის მონას დიდსულოვნად აპატია უზარმაზარი ვალი. ამავე მეფემ მოგვიანებით სასტიკად დასაჯა ეს მონა, როდესაც გაიგო, რომ მან გაცილებით პატარა ვალი არ აპატია სხვა მონას. იესომ იგავი ამ სიტყვებით დაასრულა: „ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს“ (მათე 18:23—35). გაკვეთილი ნათელია: იეჰოვას წინაშე ჩვენი ვალი, ცოდვების სახით, ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც ვინმე ჩვენთან ურთიერთობისას უშვებს. გარდა ამისა, იეჰოვა ყოველდღე გვპატიობს ცოდვებს. ასე რომ, ჩვენც შეგვიძლია ვაპატიოთ სხვებს ცოდვები, რომლებსაც ისინი ზოგჯერ ჩადიან ჩვენ წინაშე.
11. მოციქულ პავლეს მიერ მოცემულ რომელ რჩევას გავითვალისწინებთ, თუ გვინდა, რომ იეჰოვამ მოგვიტევოს და რა კარგ შედეგებს მოიტანს ეს?
11 მოციქულმა პავლემ დაწერა: „იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:32). ერთმანეთისადმი მიმტევებლური დამოკიდებულება ქრისტიანებს შორის მშვიდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. პავლემ თანაქრისტიანებს ასევე მოუწოდა: «როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ [„იეჰოვამ“, აქ] მოგიტევათ, ასევე თქვენც. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია» (კოლასელთა 3:12—14). ეს ყოველივე იგულისხმება იესოს მიერ მოცემულ ლოცვის ნიმუშში, სადაც ნათქვამია: „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა“.
ცდუნების წინაშე დაცვა
12, 13. ა) რას არ ნიშნავს ლოცვის ნიმუშში ბოლოს წინა თხოვნა? ბ) ვინ არის დიდი მაცდური და რას ნიშნავს ლოცვის სიტყვები ‘ნუ შეგვიყვან ცდუნებაში’?
12 იესოს მიერ მოცემულ ლოცვის ნიმუშში ბოლოს წინა თხოვნაა: „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში“ (მათე 6:13 აქ). უნდოდა იესოს ამ სიტყვებით იმის თქმა, რომ იეჰოვასთვის გვეთხოვა, არ ვეცდუნებინეთ? შეუძლებელია, რადგან მოწაფე იაკობმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის“ (იაკობი 1:13). გარდა ამისა, ფსალმუნმომღერალმა თქვა: «თუ ცოდვებს შემოგვინახავ [„დაუწყებ ჩვენში ძებნას“, აქ], უფალო, ვინ დაგიდგება?» (ფსალმუნები 129:3). იეჰოვა არ ეძებს ჩვენში შეცდომებს და ნამდვილად არ ცდილობს ჩვენს გამოჭერას. მაშ, რას ნიშნავს ლოცვის ნიმუშის ეს ნაწილი?
13 გამოჭერას, მზაკვრული ხრიკების გამოყენებით ჩვენს ძირს დაცემას და ჩაყლაპვასაც კი სატანა ეშმაკი ცდილობს (ეფესელთა 6:11). ის დიდი „მაცდურია“ (1 თესალონიკელთა 3:5). სიტყვებით, ‘ნუ შეგვიყვან ცდუნებაში’, იეჰოვას ვთხოვთ, რომ ცდუნების წინაშე ყოფნის დროს შეგვეხიდოს, რათა არ დავეცეთ; ვთხოვთ დაგვეხმაროს, რომ ‘სატანამ არ გვძლიოს’ და არ დაგვცეს მისმა ცდუნებებმა (2 კორინთელთა 2:11, სსგ). ჩვენ ვლოცულობთ, რათა დავრჩეთ „უზენაესის საფარქვეშ“ და მივიღოთ სულიერი დაცვა, რომელსაც იღებენ ისინი, რომლებიც ყველაფერში იეჰოვას უზენაესობას აღიარებენ (ფსალმუნები 90:1—3).
14. როგორ გვარწმუნებს პავლე მოციქული, რომ იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებს, თუ ცდუნების წინაშე ყოფნის დროს მას დახმარებას ვთხოვთ?
14 შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებს, თუ გულწრფელად გვსურს დაცვა, ამას ლოცვაში ვთხოვთ მას და სათანადოდ ვმოქმედებთ. პავლე მოციქული გვარწმუნებს: „არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანურისა, მაგრამ ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელთა 10:13, აქ).
„გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან“
15. რატომ არის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვილოცოთ, რომ იეჰოვამ ბოროტისგან გვიხსნას?
15 ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ყველაზე სანდო ხელნაწერების თანახმად, იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუში შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“a (მათე 6:13). ამ აღსასრულის ჟამს ეშმაკისგან დაცვა განსაკუთრებით გვჭირდება. სატანა და მისი დემონები ებრძვიან ცხებულთა დარჩენილი ნაწილის წევრებს, „რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა“, და მათ თანამსახურებს — „უამრავ ხალხს“ (გამოცხადება 7:9; 12:9, 17). მოციქულმა პეტრემ ქრისტიანები გააფრთხილა: „მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. წინაღუდექით მას მტკიცე რწმენით“ (1 პეტრე 5:8, 9). სატანას სურს შეაჩეროს ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა და რელიგიური, კომერციული თუ პოლიტიკური სფეროს თავისი წარმომადგენლების საშუალებით ჩვენს დაშინებას ცდილობს. მაგრამ მტკიცედ თუ დავდგებით, იეჰოვა გვიხსნის. მოწაფე იაკობი წერდა: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7).
16. როგორ ეხმარება იეჰოვა განსაცდელში მყოფ თავის მსახურებს?
16 იეჰოვამ დაუშვა, რომ მისი ძე განსაცდელში ჩავარდნილიყო. მაგრამ, როდესაც იესომ ეშმაკისგან თავის დასაცავად ღვთის სიტყვა გამოიყენა, იეჰოვამ განსამტკიცებლად ანგელოზები მიუვლინა (მათე 4:1—11). მსგავსად ამისა, იეჰოვა ჩვენც გვეხმარება თავისი ანგელოზების საშუალებით, როდესაც რწმენით ვლოცულობთ და მას ვიხდით თავშესაფრად (ფსალმუნები 33:8; 90:9—11). მოციქული პეტრე წერდა: „იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად“ (2 პეტრე 2:9).
სრული გათავისუფლება ახლოსაა
17. როგორ აჩვენა იესომ ლოცვის ნიმუშში, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია?
17 ლოცვის ნიმუშში იესომ ყველა საკითხს სათანადო ადგილი მიუჩინა. ჩვენთვის უმთავრესი უნდა იყოს იეჰოვას დიდებული და წმინდა სახელის განწმენდა. რადგან ეს მესიანური სამეფოს საშუალებით მოხდება, ვლოცულობთ, რომ ეს სამეფო მოვიდეს, რათა გაანადგუროს ყველა არასრულყოფილი სამეფო, ანუ მთავრობა, და ბოლომდე შეასრულოს დედამიწაზე ღვთის ნება, ისევე როგორც ეს ზეცაშია. დედამიწაზე სამოთხეში ჩვენი მარადიული ცხოვრება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა იეჰოვას სახელი განიწმინდება და მისი სამართლიანი უზენაესი მმართველობა მთელ სამყაროში იქნება აღიარებული. ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ლოცვის შემდეგ შეგვიძლია ვილოცოთ ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებსა და ცოდვების მიტევებაზე; აგრეთვე იმაზე, რომ ღმერთმა ცდუნებებისგან და ბოროტის, სატანა ეშმაკის, მზაკვრობისგან გვიხსნას.
18, 19. როგორ გვეხმარება იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუში სიფხიზლისა და იმედის ‘ბოლომდე მტკიცედ’ შენარჩუნებაში?
18 ბოროტისგან და მისი გახრწნილი სისტემისგან სრული გათავისუფლება ახლოსაა. სატანამ კარგად იცის, რომ დედამიწაზე, განსაკუთრებით კი იეჰოვას ერთგულ მსახურებზე, „მძვინვარების“ გადმოსანთხევად „დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12, 17). „წუთისოფლის აღსასრულის“ ნიშნის მოცემისას იესომ იწინასწარმეტყველა მოვლენები, რომელთაგანაც ზოგი ჯერ არ შესრულებულა (მათე 24:3, 29—31). მათი შესრულების დანახვისას ხსნის იმედი კიდევ უფრო განგვიმტკიცდება. იესომ თქვა: „როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:25—28).
19 ლოცვის მოკლე ნიმუში, რომელიც იესომ თავის მოწაფეებს მისცა, საიმედო სახელმძღვანელოა და მისი დახმარებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა ჩავრთოთ ჩვენს ლოცვებში დღეს, წუთისოფლის აღსასრულის მოახლოებისას. ყოველთვის დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა ბოლომდე განაგრძობს ჩვენს ყოველდღიურ სულიერ და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვას. გამუდმებით ლოცვა და, ამგვარად, სიფხიზლის შენარჩუნება შეგვაძლებინებს, ‘ბოლომდე მტკიცე ვიყოთ იმაში, რაშიც დასაწყისში დავრწმუნდით’ (ებრაელთა 3:14, აქ; 1 პეტრე 4:7).
[სქოლიო]
a ქართულ და სხვა ენებზე გამოცემული ბიბლიების ძველ თარგმანებში უფლის ლოცვა ღვთისადმი ხოტბის შესხმით მთავრდება: „შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ“. ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია: „ღვთისთვის ხოტბის შემსხმელი სიტყვები სანდო [ხელნაწერთა] უმეტესობაში არ არის მოცემული“ (The Jerome Biblical Commentary).
გასამეორებლად
• რას გულისხმობს ყოველდღიური პურის შესახებ თხოვნა?
• ახსენით, რას ნიშნავს „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა“.
• რას ნიშნავს თხოვნა „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში?“
• რატომ უნდა ვილოცოთ „გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან“?
[სურათები 15 გვერდზე]
თუ გვსურს, რომ ღმერთმა ცოდვები მოგვიტევოს, ჩვენც მიმტევებლები უნდა ვიყოთ.
[სურათის საავტორო უფლება 13 გვერდზე]
Lydekker