იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ლუკა“
მათეს სახარება, საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, ძირითადად, იუდეველი მკითხველისთვის არის დაწერილი, მარკოზის სახარება — არაიუდეველებისთვის, მაგრამ ლუკას სახარება — ყველა ერის ადამიანისთვის. ის ახ. წ. 56—58 წლებში დაიწერა და მასში საკმაოდ ვრცლად არის აღწერილი იესოს ცხოვრება და მსახურება.
მზრუნველი და გულისხმიერი ექიმი ლუკა ‘თავიდანვე ზედმიწევნით გამოკვლეულ’ ფაქტებს გვაწვდის, და იმ მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ძვ. წ. 3 წლიდან ახ. წ. 33 წლამდე, ანუ 35 წლის განმავლობაში, ხდებოდა (ლუკ. 1:3). ლუკას სახარებაში მოცემული ინფორმაციის დაახლოებით 60 პროცენტი ამ სახარების გარდა სხვაგან არსად გვხვდება.
იესოს მსახურების დასაწყისი
იოანე ნათლისმცემლისა და იესოს დაბადების შესახებ დეტალების გადმოცემის შემდეგ ლუკა მოგვითხრობს, თუ როგორ იწყებს მსახურებას იოანე ტიბერიუს კეისრის მმართველობის მე-15 წელს, ანუ ახ. წ. 29 წლის გაზაფხულზე (ლუკ. 3:1, 2). იმავე წლის შემოდგომაზე იოანე იესოს ნათლავს (ლუკ. 3:21, 22). ახ. წ. 30 წლისთვის ‘იესო გალილეაში ბრუნდება და სინაგოგებში იწყებს სწავლებას’ (ლუკ. 4:14, 15).
იესო ქადაგებას გალილეიდან იწყებს. ის ხალხს ეუბნება: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკ. 4:43). მას თან მიჰყავს მეთევზე სიმონი და სხვები. იესო სიმონ-პეტრეს ეუბნება: „ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკ. 5:1—11; მათ. 4:18, 19). გალილეაში საქადაგოდ მეორედ ჩასვლისას იესოს თან 12 მოციქულიც ახლავს (ლუკ. 8:1). მესამე მოგზაურობის დროს ის 12-ს გზავნის, რათა „იქადაგონ ღვთის სამეფოს შესახებ და ხალხი განკურნონ“ (ლუკ. 9:1, 2).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:35. იქონია თუ არა გავლენა ნაყოფის განვითარებაზე მარიამის კვერცხუჯრედმა? ღვთის დანაპირებისამებრ, მარიამის შვილი აბრაამის, იუდასა და დავითის შთამომავალი რომ ყოფილიყო, ნაყოფს მარიამის კვერცხუჯრედიდანაც უნდა აეღო რაღაც (დაბ. 22:15, 18; 49:10; 2 სამ. 7:8, 16). მაგრამ ღვთის სრულყოფილი ძის სიცოცხლე მარიამის საშვილოსნოში იეჰოვას წმინდა სულის მეშვეობით ჩაისახა (მათ. 1:18). შედეგად მარიამის კვერცხუჯრედს მოშორდებოდა ყოველგვარი არასრულყოფილება და ემბრიონი თავიდან ბოლომდე დაცული იქნებოდა არასრულყოფილებისგან.
1:62. დამუნჯდა და დაყრუვდა ზაქარია? არა. ზაქარია მხოლოდ დამუნჯდა. მართალია, სხვები მას „ხელებით ეკითხებოდნენ“, რისი დარქმევა უნდოდა ბავშვისთვის, მაგრამ ამის მიზეზი ის არ ყოფილა, რომ ზაქარია ყრუ იყო. მან, როგორც ჩანს, გაიგო, რა თქვა მისმა ცოლმა ბავშვის სახელზე. ამ საკითხზე სხვებს მისი აზრის გაგება სურდათ და შეიძლება ამიტომ ანიშნებდნენ ჟესტებით. ზაქარიას შესახებ ნათქვამია, რომ ის ალაპარაკდა და არაფერია ნათქვამი სმენაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ყურთასმენა არ დაუკარგავს (ლუკ. 1:13, 18—20, 60—64).
2:1, 2. როგორ გვეხმარება იესოს დაბადების დროის განსაზღვრაში „პირველი აღწერის“ მოხსენიება? კეისარ ავგუსტუსის მმართველობის დროს მოსახლეობა მხოლოდ ერთხელ არ აღუწერიათ; პირველი აღწერა ძვ. წ. 2 წელს მოხდა, რითაც შესრულდა დანიელის 11:20, მეორე კი — ახ. წ. 6 ან 7 წელს (საქ. 5:37). ამ ორივე აღწერის დროს სირიაში გამგებელი კვირინიუსი იყო; როგორც ჩანს, ეს თანამდებობა მან ორჯერ დაიკავა. ლუკას მიერ პირველი აღრიცხვის მოხსენიება იმაზე მიუთითებს, რომ იესო ძვ. წ. 2 წელს დაიბადა.
2:35. როგორ გაუვლიდა სულში „დიდი მახვილი“ მარიამს? მას დიდ ტკივილს მიაყენებდა ის, რომ ხალხის უმრავლესობა იესოს მესიად არ აღიარებდა; მარიამი იესოს ტანჯვით სიკვდილის მოწმეც გახდებოდა (იოან. 19:25).
9:27, 28. რატომ ამბობს ლუკა, რომ მას შემდეგ, რაც იესო მოწაფეებს დაჰპირდა, რომ იქ მდგომთაგან ‘ზოგიერთები არ იგემებდნენ სიკვდილს’, იესოს გარდასახვა „რვა დღის შემდეგ“ მოხდა მაშინ, როცა მათე და მარკოზი ამბობენ, რომ ეს იყო „ექვსი დღის შემდეგ“? (მათ. 17:1; მარ. 9:2). როგორც ჩანს, ლუკამ მარკოზის მიერ მოხსენიებულ დღეებს ის დღეც მიათვალა, როცა იესო დაჰპირდა მოწაფეებს და ის დღეც, როცა იესოს გარდასახვა მოხდა.
9:49, 50. რატომ არ დაუშალა იესომ დემონების განდევნა ერთ კაცს, რომელიც მას არ დაჰყვებოდა? იმიტომ, რომ იმ დროს ქრისტიანული კრება ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული. ამიტომ იმისათვის, რომ მისი სახელისადმი რწმენა გამოევლინა და დემონები განედევნა, აუცილებელი არ იყო ეს კაცი ფიზიკურად ყოფილიყო იესოსთან ერთად (მარ. 9:38—40).
რას ვსწავლობთ:
1:32, 33; 2:19, 51. მარიამმა დაიმახსოვრა ყველაფერი, რაც წინასწარმეტყველების შესრულებასთან იყო დაკავშირებული. ვიმახსოვრებთ ჩვენც „ქვეყნიერების აღსასრულის“ შესახებ იესოს წინასწარმეტყველებას და ვადარებთ მის ნათქვამს დღევანდელ მოვლენებს? (მათ. 24:3).
2:37. ანას მაგალითი გვასწავლის, რომ ‘გამუდმებით ვილოცოთ’ და არ მივატოვოთ „ჩვენი შესაკრებელი“, ანუ ვიაროთ ქრისტიანულ შეხვედრებზე (რომ. 12:12; ებრ. 10:24, 25).
2:41—50. იოსები ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებდა სულიერს და თავისი ოჯახის ფიზიკურ და სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავდა. ამით მან ოჯახისთავებს შესანიშნავი მაგალითი მისცა.
4:4. დღე ისე არ უნდა გავიდეს, რომ ღვთის სიტყვაზე არ ვიფიქროთ.
6:40. ღვთის სიტყვის მასწავლებელმა მოსწავლეებს კარგი მაგალითი უნდა მისცეს. ჩვენ იმის შესაბამისად უნდა ვიქცეოდეთ, რასაც სხვებს ვასწავლით.
8:15. ღვთის სიტყვა რომ ‘დავიცვათ და მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი’, საჭიროა გვესმოდეს და ვაფასებდეთ ღვთის სიტყვას, და ღრუბელივით ვიწოვდეთ მასში მოცემულ აზრებს. ლოცვა და წაკითხულზე დაფიქრება აუცილებელია ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის კითხვისას.
იესოს მსახურების ბოლო წელი
იესო წინასწარ გზავნის სამოცდაათს იუდეის ქალაქებსა და სხვადასხვა ადგილებში (ლუკ. 10:1). ის „ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში“ დადის და ასწავლის (ლუკ. 13:22).
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე ხუთი დღით ადრე ჩოჩორზე ამხედრებული იესო იერუსალიმში შედის. დადგა მოწაფეებისთვის ნათქვამი მისი წინასწარმეტყველური სიტყვების შესრულების ჟამი: „კაცის ძემ მრავალი ტანჯვა უნდა გამოიაროს, უარყოფილი იყოს უხუცესებისგან, უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან, უნდა მოკლან და მესამე დღეს აღდგეს“ (ლუკ. 9:22, 44).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
10:18. რას გულისხმობდა იესო, როდესაც 70 მოწაფეს უთხრა: „დავინახე, სატანა ელვასავით ჩამოვარდა ციდან“? იესო ამ სიტყვებით არ მიუთითებდა, რომ სატანა უკვე გადმოგდებული იყო ციდან. ეს 1914 წელს მოხდა, ზეცაში ქრისტეს გამეფებიდან მალევე (გამოცხ. 12:1—10). სავარაუდოდ, მომავალში მოსახდენი მოვლენის წარსულ დროში მოხსენიებით იესო ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ის აუცილებლად მოხდებოდა.
14:26. რა გაგებით „სძულთ“ ქრისტეს მიმდევრებს ოჯახის წევრები? ბიბლიაში სიტყვა „სიძულვილი“ შეიძლება ადამიანის ან საგნის შედარებით ნაკლებად სიყვარულზე მიუთითებდეს (დაბ. 29:30, 31). ქრისტიანებს იმ გაგებით „სძულთ“ ოჯახის წევრები, რომ ისინი იესოზე ნაკლებად უყვართ (მათ. 10:37).
17:34—37. ვინ არიან „არწივები“ და რა არის „ლეში“, სადაც ისინი გროვდებიან? ‘წაყვანილები’, ანუ გათავისუფლებულები, არწივებთან არიან შედარებული. „ლეში“, სადაც ისინი გროვდებიან, არის ჭეშმარიტი ქრისტე იმ დროს, როცა ის მოსულია, და სულიერი საზრდო, რომელსაც იეჰოვა მათ აძლევს (მათ. 24:28).
22:44. რატომ იტანჯებოდა იესო? არსებობს ამის რამდენიმე მიზეზი. იესო წუხდა იმის გამო, რომ ბოროტმოქმედივით მისი სიკვდილი იეჰოვა ღმერთსა და მის სახელზე იმოქმედებდა. გარდა ამისა, იესოს კარგად ესმოდა, რომ მის ერთგულებაზე იყო დამოკიდებული როგორც მისი მარადიული სიცოცხლე, ისე მთელი კაცობრიობის მომავალი.
23:44. მზის დაბნელებით იყო გამოწვეული სამი საათის განმავლობაში სიბნელის ჩამოწოლა? არა. მზის დაბნელება მხოლოდ ახალმთვარობისას ხდება და არა სავსემთვარობისას; მაშინ კი პასექი იყო და შესაბამისად მთვარეც სავსე იყო. იესოს სიკვდილის დღეს წყვდიადის ჩამოწოლა ღვთის მიერ მოხდენილი სასწაული იყო.
რას ვსწავლობთ:
11:1—4. ამ მუხლებში ნათქვამი ოდნავ განსხვავდება დაახლოებით 18 თვის წინ იესოს მიერ მთაზე ქადაგებისას წარმოთქმული ლოცვის ნიმუშის სიტყვებისგან, რაც თვალნათლივ გვანახვებს, რომ ლოცვისას გარკვეული სიტყვები მექანიკურად არ უნდა ვიმეოროთ (მათ. 6:9—13).
11:5, 13. მართალია, იეჰოვა მზად არის, ლოცვაზე გვიპასუხოს, მაგრამ ლოცვაში მაინც მდგრადნი უნდა ვიყოთ (1 იოან. 5:14).
11:27, 28. ნამდვილი ბედნიერება ღვთის ნების ერთგულად შესრულებას მოაქვს და არა ოჯახურ ურთიერთობებსა და სიმდიდრეს.
11:41. მოწყალება მოსიყვარულე და მზრუნველი გულიდან უნდა მომდინარეობდეს.
12:47, 48. ის, ვისაც მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ არ ასრულებს მას, უფრო მეტად არის დამნაშავე, ვიდრე ის, ვინც არ იცის ან ბოლომდე არ ესმის, თუ რა მოითხოვება მისგან.
14:28, 29. გონიერებას ვავლენთ მაშინ, როცა იმაზე მეტს არ ვხარჯავთ, ვიდრე გვაქვს.
22:36—38. იესოს თავის მოწაფეებისთვის არ უთქვამს, რომ თავდაცვის მიზნით იარაღი ეტარებინათ. მისი გაცემის ღამეს მოწაფეებს თან ჰქონდათ მახვილები. ამან იესოს საშუალება მისცა მნიშვნელოვანი რამ ესწავლებინა მათთვის: „ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათ. 26:52).
[სურათი 31 გვერდზე]
იოსებმა ოჯახისთავებს კარგი მაგალითი მისცა
[სურათი 32 გვერდზე]
ლუკა დაწვრილებით აღგვიწერს იესოს ცხოვრებასა და მსახურებას