დაბადება
49 იაკობმა თავის ვაჟებს მოუხმო და უთხრა: „შეგროვდით და გამცნობთ თქვენს მომავალს. 2 შეიკრიბეთ და მოუსმინეთ, იაკობის ვაჟებო, მოუსმინეთ მამათქვენს, ისრაელს.
3 რეუბენ,+ შენა ხარ ჩემი პირმშო,+ ჩემი ძალა და ჩემი პირველი შვილი*; აღმატებული ხარ დიდებითა და ძლიერებით. 4 არ ამაღლდები, რადგან ნიაღვარივით შეუკავებელი იყავი — მამაშენის ხარჭასთან დაწექი* და შებღალე ჩემი სარეცელი.+ შეურაცხყო მამამისის სარეცელი!
5 სიმონი და ლევი ძმები არიან.+ თავიანთი მახვილები ძალადობის იარაღად აქციეს.+ 6 ნუ მიხვალ მათთან, ჩემო სულო*. ნუ შეუერთდები მათ, ჩემო ღირსებავ*, რადგან განრისხდნენ და დახოცეს კაცები;+ თავიანთი ჟინის მოსაკლავად ხარებს მყესები გადაუჭრეს. 7 წყეული იყოს მათი რისხვა, რადგან სისასტიკეა, და მათი მრისხანება, ვინაიდან ულმობლობაა.+ დავანაწილებ მათ იაკობში და გავფანტავ ისრაელში.+
8 შენ კი, იუდა,+ ხოტბას შეგასხამენ ძმები.+ მტრების კისერში გექნება ხელი ჩავლებული+ და მამაშენის ვაჟები შენ წინაშე პირქვე დაემხობიან.+ 9 ლომის ბოკვერია იუდა.+ მსხვერპლს შეჭამ და წამოდგები, შვილო. მიწაზე ლომივით გაწვება და გაიჭიმება. ვინ გაბედავს და წამოაგდებს მას?! 10 არ მოსცილდება იუდას სამეფო კვერთხი+ და მთავრის კვერთხი*, სანამ არ მოვა შილო*;+ მას დაემორჩილებიან ხალხები.+ 11 ვაზზე მიაბამს თავის ვირს და რჩეულ ვაზზე — თავის ჩოჩორს, თავის ტანსაცმელს ღვინოში გარეცხავს და თავის სამოსს — ყურძნის სისხლში. 12 თვალები ღვინისგან ექნება ჩაწითლებული და კბილები რძისგან — გათეთრებული.
13 ზებულონი+ ზღვის პირას დამკვიდრდება, იმ ნაპირზე, სადაც გემები ღუზას უშვებენ,+ და შორეული საზღვარი სიდონისკენ ექნება.+
14 ისაქარი+ მაგარძვლიანი ვირია, ხურჯინგადაკიდებული წევს. 15 დაინახავს იგი, რომ ის ადგილი საცხოვრებლად კარგია და მიწაც მშვენიერია. დახრის მხარს ტვირთის საზიდად და მძიმე სამუშაოს შეასრულებს.
16 დანი,+ ისრაელის ერთ-ერთი ტომი, თავის ხალხს განსჯის.+ 17 გზისპირა გველი იყოს დანი, გზისპირა გველგესლა, რომელიც ისე ჰკბენს ცხენს ფლოქვზე, რომ ცხენი მხედარს უკან აგდებს.+ 18 ხსნას შენგან დაველოდები, იეჰოვა.
19 გადს+ მოთარეშე რაზმი თავს დაესხმება, მაგრამ იგი უკუაქცევს მას და თავად დაედევნება.+
20 აშერს+ უხვად ექნება საკვები და სამეფო საზრდო.+
21 ნაფთალი+ ლამაზი ფურირემია. ის მოხდენილ სიტყვებს წარმოთქვამს.+
22 იოსები+ ნაყოფიერი ხის ამონაყარია, წყაროსთან მდგარი ნაყოფიერი ხე, რომლის ტოტებიც კედელზეა გადასული. 23 მას მშვილდოსნები ავიწროებდნენ და ესროდნენ, მტრობდნენ,+ 24 თუმცა მისი მშვილდი მომართული იყო;+ მას ძლიერი და მარჯვე ხელები ჰქონდა+ იაკობის ძლიერის, მწყემსისა და ისრაელის კლდის წყალობით. 25 იგი მამამისის ღვთისგანაა. ღმერთი დაეხმარება. ის ყოვლისშემძლესთანაა, რომელიც აკურთხებს ზეცისა და დედამიწის კურთხევებით,+ ძუძუთა და საშვილოსნოს კურთხევებით. 26 მარადიული მთებისა და მარად არსებული გორების კურთხევებზე აღმატებული იქნება მამაშენის კურთხევები.+ ეს კურთხევები იოსების თავზე, თავისი ძმებისგან გამორჩეულის თხემზე იქნება.+
27 ბენიამინი+ მგელივით მგლეჯელი იქნება.+ დილით ნანადირევს შეჭამს და საღამოთი ნადავლს გაანაწილებს“.+
28 ეს არის ისრაელის 12 ტომი და ეს უთხრა მათ მამამ, როცა აკურთხებდა. ყველა სათითაოდ აკურთხა.+
29 ბოლოს მათ უთხრა: „ჩემს ხალხს ვუერთდები.+ დამმარხეთ ჩემს წინაპრებთან ხეთელი ეფრონის მინდვრის გამოქვაბულში,+ 30 იმ გამოქვაბულში, მაქფელას მინდორში რომ არის, მამრეს წინ, ქანაანის მიწაზე, იმ მინდორში, რომელიც ხეთელი ეფრონისგან იყიდა აბრაამმა სამარხად. 31 იქ დამარხეს აბრაამი და მისი ცოლი სარა.+ იქ დამარხეს ისაკი+ და მისი ცოლი რებეკა, და იქ დავმარხე მე ლეა. 32 ის მინდორი და იქ მდებარე გამოქვაბული ხეთის ვაჟებისგანაა ნაყიდი“.+
33 დაასრულა იაკობმა თავისი ვაჟებისთვის მითითებების მიცემა. დააწყო ფეხები საწოლზე, უკანასკნელად ამოისუნთქა და შეუერთდა თავის ხალხს*.+