მთავარი თემა | რატომ ატყდება უბედურება კარგ ადამიანებს?
რატომ ატყდება უბედურება კარგ ადამიანებს?
იეჰოვა ღმერთიa ყველაფრის შემოქმედი და ყოვლისშემძლეა, ამიტომ ბევრის აზრით ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც მსოფლიოში ხდება, მათ შორის ცუდზეც. ვნახოთ, რა წერია ბიბლიაში ღმერთზე:
„იეჰოვა მართალია ყველა თავის გზაზე“ (ფსალმუნი 145:17).
„სამართლიანია მისი [ღვთის] ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“ (კანონი 32:4).
„სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და გულმოწყალეა“ (იაკობი 5:11).
ღმერთის ბრალი არ არის, უბედურებები რომ ხდება. ის არც არავის აქეზებს ბოროტების ჩადენისკენ. ბიბლიაში ნათქვამია: „განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო“. რატომ? „რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). ღმერთი არავის სცდის ანუ არავის აქეზებს ცუდის ჩადენისკენ. ასე რომ, ღმერთი არც იწვევს უბედურებებს და არც სხვებს აგულიანებს ბოროტებისკენ. მაშ ვინ ან რა არის უბედურებების გამომწვევი მიზეზი?
ცუდ დროს ცუდ ადგილზე
ბიბლია ადამიანთა ტანჯვის ერთ-ერთ მიზეზს ეკლესიასტეს 9:11-ში მოიხსენიებს: „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“. როდესაც გაუთვალისწინებელი მოვლენა ან შემთხვევა ხდება, დაზარალდება თუ არა ადამიანი, იმაზეა დამოკიდებული, თუ სად იმყოფება ის ამ დროს. დაახლოებით 2 000 წლის წინათ იესომ მოიხსენია უბედური შემთხვევა, როცა კოშკის ჩამონგრევამ 18 კაცი შეიწირა (ლუკა 13:1—5). ეს ადამიანები თავიანთი ცხოვრების წესის გამო არ დაღუპულან, ისინი შემთხვევით იმ კოშკის ქვეშ იდგნენ, რომელიც ჩამოინგრა. გავიხსენოთ თუნდაც 2010 წლის იანვარში ჰაიტიზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა. ჰაიტის მთავრობის მონაცემებით ამ ტრაგედიამ 300 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის იყო ყველანაირი ადამიანი. მსგავსადვეა დაავადებებიც — ის შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანს შეეყაროს.
რატომ არ იცავს ღმერთი კარგ ადამიანებს ბოროტმოქმედებისგან?
იბადება კითხვა: არ შეუძლია ღმერთს თავიდან აგვაცილოს ასეთი მომაკვდინებელი უბედურებები? არ შეუძლია ასეთ დროს დაიცვას კარგი ადამიანები? თუ ღმერთი ამას გააკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან წინასწარ იცის, რა დროს, რა უბედურება მოხდება. მართალია, ღმერთს ნამდვილად შეუძლია მომავლის დანახვა, მაგრამ მოდი ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე დავფიქრდეთ: იყენებს ღმერთი თავის უსაზღვრო ძალას, რომ წინასწარ დაინახოს ასეთი მოვლენები? (ესაია 42:9).
ბიბლიაში წერია: „ჩვენი ღმერთი ზეცაშია; რაც სურდა, ყველაფერი მოიმოქმედა“ (ფსალმუნი 115:3). იეჰოვა აკეთებს ყველაფერს, რასაც თავად თვლის საჭიროდ და არა იმას, რისი გაკეთების ძალაც შესწევს. ეს ასეა მაშინაც, როდესაც საქმე მომავლის განჭვრეტას ეხება. მაგალითად, როდესაც ძველად არსებულ ქალაქებში, სოდომსა და გომორაში, ბოროტებამ პიკს მიაღწია, ღმერთმა პატრიარქ აბრაამს უთხრა: „ჩავალ, ვნახავ, მართლა ისე იქცევიან, როგორი ხმაც მომდის მათზე?! თუ არა, ამასაც შევიტყობ“ (დაბადება 18:20, 21). რაღაც პერიოდი იეჰოვამ გადაწყვიტა, არ სცოდნოდა, სადამდე იყო მისული ბოროტება ამ ქალაქებში. მსგავსადვე, ზოგჯერ იეჰოვამ შეიძლება გადაწყვიტოს, წინასწარ არ იცოდეს ყველაფერი (დაბადება 22:12). ეს არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვა სუსტი ან არასრულყოფილი ღმერთია. ბიბლიაში წერია, რომ „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“. მომავლის დანახვის უნარს ღმერთი მიზნობრივად იყენებს; ის არასოდეს აიძულებს ადამიანებს, მიყვნენ მის მიერ დადგენილ კურსსb (კანონი 32:4). აქედან გამომდინარე, რა შეიძლება დავასკვნათ? მარტივად რომ ვთქვათ, ღმერთი წინასწარგანჭვრეტის უნარს თავისი განზრახვების შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევებში იყენებს.
ადამიანები არიან პასუხისმგებელნი?
გარკვეულწილად ბოროტებაში ადამიანსაც მიუძღვის წილი. ყურადღება მიაქციეთ, როგორ აღწერს ბიბლია პროცესს, რამაც ადამიანს შეიძლება ცუდი საქციელი ჩაადენინოს. „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“ (იაკობი 1:14, 15). როდესაც ადამიანები არასწორ სურვილებს ჰყვებიან, ცუდ შედეგებს იმკიან (რომაელები 7:21—23). კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანებს აურაცხელი შემზარავი საქმეები აქვთ ჩადენილი, რაც უდიდეს ტანჯვას იწვევდა. უფრო მეტიც, ბოროტები სხვებსაც რყვნიან, რის გამოც ბოროტება ყვავის (იგავები 1:10—16).
ოდითგანვე ადამიანები აურაცხელ შემზარავ საქმეებს სჩადიან, რაც უდიდეს ტანჯვას იწვევს
უნდა ერეოდეს ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში და უნდა შეგვიშალოს ხელი ცუდის კეთებაში? დავფიქრდეთ ადამიანის ბუნებაზე. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ადამიანი თავის ანარეკლად ანუ თავის მსგავსებად შექმნა. ამგვარად, მათ აქვთ უნარი, აირეკლონ ღვთის თვისებები (დაბადება 1:26). ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლება უბოძა. მათ შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, შეიყვარონ ღმერთი და უერთგულონ მას მისი მცნებების დაცვით (კანონი 30:19, 20). თუ ღმერთი გვაიძულებდა მივყოლოდით მის მიერ დადგენილ კურსს, განა ეს ნების თავისუფლების ხელყოფა არ იქნებოდა? ამ შემთხვევაში რობოტის დონეზე დავიდოდით და მხოლოდ იმას გავაკეთებდით, რაც პროგრამით იქნებოდა გათვალისწინებული. იმავეს თქმა შეიძლება ბედისწერაზეც. მას უნდა ეკარნახებინა ჩვენთვის, რა გაგვეკეთებინა, და რაც უნდა მოგვენდომებინა, ვერაფრით ავცდებოდით დაწერილ ბედს. რა ბედნიერები ვართ, რომ ღმერთმა არ შეგვილახა ღირსების გრძნობა და ნება დაგვრთო, თავად აგვერჩია ცხოვრების გზა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი მარადიულად არ დაუშვებს ტანჯვას, რომელიც მოაქვს ადამიანების არასწორ არჩევანსა და შეცდომებს.
კარმაა ტანჯვის გამომწვევი მიზეზი?
თუ ინდუსს ან ბუდისტს ამ ჟურნალის გარეკანზე დასმულ კითხვას დაუსვამდით, ის ალბათ ასეთ პასუხს გაგცემდათ: „კარგ ადამიანებს კარმის კანონის გამო ემართებათ ცუდი. ისინი წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვის ნაყოფს იმკიან“.c
კარმის კანონზე მსჯელობისას ძალიან დაგვეხმარება ბიბლიაში მოცემული ღვთის თვალსაზრისი სიკვდილზე. ედემის ბაღში, სადაც ადამიანთა მოდგმას მიეცა დასაბამი, შემოქმედმა პირველ კაცს, ადამს უთხრა: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბადება 2:16, 17). ადამს რომ ღმერთისთვის მოესმინა და არ შეეცოდა, მარადიულად იცოცხლებდა. სიკვდილი იყო სასჯელი, რომელიც ღვთის კანონის უგულებელყოფას მოჰყვა. შემდეგ კი, როდესაც ადამიანები გამრავლდნენ, „სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“ (რომაელები 5:12). ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელები 6:23). ბიბლიაში ისიც წერია, რომ „ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“ (რომაელები 6:7). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიკვდილი აბათილებს სიცოცხლეში ჩადენილ ნებისმიერ ცოდვას.
მილიონებს სჯერათ, რომ ადამიანთა ტანჯვა კარმით არის გამოწვეული. ამ კონცეფციის მიმდევარი, როგორც წესი, დიდად არ წუხს თავსდატეხილ ტანჯვაზე ან სხვების უბედურებაზე. ფაქტია, კარმის შესახებ სწავლება არანაირ იმედს აღარ ტოვებს იმისას, რომ უბედურება ოდესმე შეწყდება. ბევრს სწამს, რომ ერთადერთი შველა კარმის ტყვეობიდან თავის დასაღწევად, არის ხელახლა დაბადებისას საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების დაცვა და განსაკუთრებული შემეცნების მიღება. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრებები ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ბიბლია ამბობს.d
მთავარი მიზეზი
და მაინც, ბოროტების მთავარი მიზეზი ადამიანი არ არის. სატანა ეშმაკი, რომელიც თავდაპირველად ღვთის ერთგული ანგელოზი იყო, „ჭეშმარიტებაში არ დადგა“ და ცოდვა შემოიტანა მთელ დედამიწაზე (იოანე 8:44). მან ედემის ბაღში პირველი ადამიანები ღმერთს დაუპირისპირა (დაბადება 3:1—5). იესომ მას „ბოროტი“ და „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა (მათე 6:13; იოანე 14:30). ადამიანთა უმეტესობა დღემდე მიჰყვება სატანის პროპაგანდას და უგულებელყოფს იეჰოვას სწორ გზას (1 იოანე 2:15, 16). როგორც 1 იოანეს 5:19 ამბობს, „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“. სატანას ბოროტებაში სხვა სულიერი ქმნილებებიც შეუერთდნენ. ბიბლია გვიხსნის, რომ სატანას და მის დემონებს „შეცდომაში შეჰყავთ მთელი მსოფლიო“ და მოაქვთ „ვაი“ ანუ უბედურებები დედამიწისთვის (გამოცხადება 12:9, 12). ამგვარად, ბოროტების გამომწვევი მთავარი მიზეზი სატანა ეშმაკია.
აშკარად დავინახეთ, რომ ღმერთი არ არის პასუხისმგებელი იმ უბედურებებზე, რაც ადამიანებს ატყდებათ; ის არც ტკივილს აყენებს მათ. პირიქით, ღმერთი გვპირდება, რომ ბოლოს მოუღებს ბოროტებას, რაზეც მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.
a როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვა ღმერთის სახელია.
b იმის გასაგებად, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ თავი, 11. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
c იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი „კარმის კანონს“, იხილეთ ბროშურა „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, გვ. 8—12. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
d იმასთან დაკავშირებით, თუ რას ამბობს ბიბლია მკვდრების მდგომარეობაზე, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ თავი 6 და 7.