თავი 10
ღვთის სამეფო მმართველობს
1, 2. როგორ დადასტურდა ადამიანთა მთავრობების უუნარობა?
შესაძლოა, გქონია ასეთი შემთხვევა: იყიდე რაღაც ხელსაწყო, მაგრამ ის არ მუშაობდა. დავუშვათ, გამოიძახე ხელოსანი. მან „შეაკეთა“ ის, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ მოწყობილობა ისევ გაფუჭდა. როგორი გულგასატეხი იქნებოდა ეს!
2 ეს შემთხვევა ჰგავს ადამიანთა მთავრობების მდგომარეობას. ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ სურვილი, ჰყოლოდათ მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფდა მშვიდობასა და ბედნიერებას. მაგრამ დანგრეული საზოგადოებრივი სტრუქტურის აღსადგენად გამოყენებული ძალისხმევა, სინამდვილეში, წარუმატებელი იყო. მრავალი შეთანხმება დაიდო მშვიდობის თაობაზე, შემდეგ კი დაირღვა. გარდა ამისა, რა შეეძლოთ მთავრობებს გაეკეთებინათ სიღარიბის, ამოჩემების, დამნაშავეობის, ავადმყოფობისა და ეკოლოგიური გაპარტახების ამოსაძირკვად? ადამიანის მმართველობა ვეღარ „შეკეთდება“. თვით ისრაელის ბრძენმა მეფემ, სოლომონმაც დასვა კითხვა: „როგორღა გაიგნოს კაცმა თავისი გზა-კვალი?“ (იგავნი 20:24).
3. ა) რა იყო იესოს ქადაგების თემა? ბ) როგორ აღწერს ზოგი ღვთის სამეფოს?
3 იმედს ნუ გაიცრუებ! სტაბილური მსოფლიო მთავრობა მხოლოდ ოცნება არ არის. ეს იესოს ქადაგების თემა იყო. მან „ღვთის სასუფეველი [სამეფო, აქ]“ უწოდა ამას და თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ელოცათ ამ სამეფოსთვის (ლუკა 11:2; 21:31). მართალია, ღვთის სამეფოს ზოგჯერ მოიხსენიებენ რელიგიურ წრეებში. სინამდვილეში, მილიონობით ადამიანი ლოცულობს მის შესახებ ყოველდღიურად, როცა იმეორებს უფლის ლოცვას (ასევე ეწოდება „მამაო ჩვენო“ ან ლოცვის ნიმუში). მაგრამ კითხვაზე: „რა არის ღვთის სამეფო?“ ადამიანები სხვადასხვანაირად პასუხობენ. ზოგი ამბობს: „ის შენს გულშია“. სხვები მას უწოდებენ ზეცას. ჩვენ ვნახავთ, რომ ბიბლია ნათელ პასუხს გვაძლევს ამაზე.
განზრახვის მქონე სამეფო
4, 5. რატომ არჩია იეჰოვამ, წარმოექმნა თავისი უზენაესი მმართველობის ახალი გამოვლენა და რას შეასრულებს ის?
4 იეჰოვა ღმერთი ყოველთვის იყო სამყაროს მეფე, ანუ უზენაესი მმართველი. ფაქტი, რომ მან შექმნა ყველაფერი, ანიჭებს მას ამ ამაღლებულ მდგომარეობას (პირველი ნეშტთა 29:11; ფსალმუნი 102:19; საქმეები 4:24). მაგრამ სამეფო, რომლის შესახებაც იესო ქადაგებდა, არის ღმერთის უზენაესი მმართველობის დამატებითი, ანუ დამხმარე საშუალება. ამ მესიანურ სამეფოს აქვს განსაკუთრებული განზრახვა. მაგრამ რა განზრახვაა ეს?
5 როგორც მეექვსე თავში იყო ახსნილი, ადამიანთა პირველი წყვილი აჯანყდა ღმერთის ძალაუფლების წინააღმდეგ. წამოჭრილი საკამათო საკითხების გამო იეჰოვამ არჩია, წარმოექმნა თავისი უზენაესი მმართველობის ახალი გამოვლენა. ღმერთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, წარმოექმნა ‘თესლი’, რომელიც გაანადგურებდა გველს, სატანას, და კაცობრიობას გაათავისუფლებდა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შედეგებისგან. მთავარი ‘თესლი’ არის იესო ქრისტე, „ღვთის სამეფო“ კი — აღმასრულებელი ორგანო, რომელიც სავსებით დაამარცხებს სატანას. იესო ქრისტე სამეფოს საშუალებით იეჰოვას სახელით აღადგენს მმართველობას დედამიწაზე და სამარადისოდ გაამართლებს ღმერთის სრულუფლებიან უზენაეს მმართველობას (დაბადება 3:15; ფსალმუნი 2:2–9).
6, 7. ა) სად არის სამეფო და ვინ არიან მისი მეფე და მისი თანამეფეები? ბ) ვინ არიან სამეფოს ქვეშევრდომები?
6 „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ (კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი) იესოს სიტყვებს ფარისევლების მიმართ ასე თარგმნის: „თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 17:21). გულისხმობდა თუ არა იესო, რომ სამეფო იმ გახრწნილი ადამიანების ბოროტ გულებში იყო? არა. ამ მხრივ ბერძნული ორიგინალის უფრო ზუსტი თარგმანი ამ სიტყვებს ასე გადმოსცემს: „სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს“ („ქართული ოთხთავი“, გიორგი მთაწმინდელის რედაქცია). ასე რომ იესო, რომელიც მათ შორის იყო, მიუთითებდა საკუთარ თავზე, როგორც მომავალ მეფეზე. ღვთის სამეფო არის ნამდვილი, მოქმედი მთავრობა, რომელსაც ჰყავს მმართველი და ქვეშევრდომები და სავსებით არ არის რაღაც, რაც პიროვნების გულში იმყოფება. ეს არის ზეციერი მთავრობა, ვინაიდან მას ორგვარი სახელწოდება აქვს: ‘ცათა სასუფეველი’ და ‘ღვთის სასუფეველი’ (მათე 13:11; ლუკა 8:10). დანიელ წინასწარმეტყველმა ხილვაში იხილა მისი მმართველი, „კაცის ძის მსგავსი“, რომელიც წარადგინეს ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე და რომელსაც მიეცა ხანგრძლივი „ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ“ (დანიელი 7:13, 14). ვინ არის ეს მეფე? ბიბლია ‘კაცის ძეს’ უწოდებს იესო ქრისტეს (მათე 12:40; ლუკა 17:26). დიახ, იეჰოვამ მეფედ დანიშნა თავისი ძე, იესო ქრისტე.
7 იესო მარტო არ მეფობს. მასთან ერთად არის 144 000 პიროვნება, რომლებიც ‘მიწისაგან არიან გამოსყიდული’, რომ იყვნენ მისი თანამეფეები და თანამღვდლები (გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3; ლუკა 22:28–30). ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეადგენენ მსოფლიო ოჯახს და ემორჩილებიან ქრისტეს ხელმძღვანელობას (ფსალმუნი 71:7, 8). მაგრამ როგორ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ სამეფო სინამდვილეში გაამართლებს ღმერთის უზენაეს მმართველობას და დედამიწაზე აღადგენს სამოთხის პირობებს?
ღვთის სამეფოს რეალურობა
8, 9. ა) რომელი მაგალითით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ღვთის სამეფოს დაპირებები სანდოა? ბ) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული სამეფოს რეალურობაში?
8 წარმოიდგინე, რომ შენი სახლი ხანძარმა დააზიანა. მეგობარი, რომელსაც აქვს საშუალება, დახმარებას გპირდება, რომ შეაკეთებს სახლს და საკვებით მოამარაგებს შენს ოჯახს. თუ ეს მეგობარი ყოველთვის პატიოსანი იყო, ნუთუ არ დაუჯერებ მას? წარმოიდგინე: მეორე დღეს სამსახურიდან დაბრუნებისას ხედავ, რომ მუშებმა უკვე დაიწყეს ხანძრის შედეგად დარჩენილი ნანგრევების გაწმენდა და შენი ოჯახიც საკვებითაა უზრუნველყოფილი. უეჭველია, შენ სავსებით დარწმუნდები, რომ დროთა განმავლობაში არა მარტო ყველაფერს შეაკეთებენ, არამედ უფრო უკეთესადაც გააკეთებენ, ვიდრე მანამდე იყო.
9 ამის მსგავსად, იეჰოვა გვარწმუნებს სამეფოს რეალურობაში. როგორც ნაჩვენებია ბიბლიურ წიგნში, „ებრაელთა მიმართ“, რჯულის მრავალი ნაწილი იყო სამეფოს ღონისძიების აჩრდილი (ებრაელთა 10:1). ასევე, ღვთის სამეფოს წინასწარმეტყველური პირველსახე ნაჩვენები იყო ისრაელის მიწიერი სამეფოს საშუალებით. ეს არ იყო ჩვეულებრივი მთავრობა, ვინაიდან მმართველები „საუფლო [იეჰოვას, აქ] ტახტზე“ ისხდნენ (პირველი ნეშტთა 29:23). გარდა ამისა, ნაწინასწარმეტყველები იყო: „არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელიa და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბადება 49:10). დიახ, ეს იყო იუდეის მეფეების შთამომავლობითი ხაზი, რომელშიც უნდა დაბადებულიყო იესო, ღმერთის მთავრობის მუდმივი მეფე (ლუკა 1:32, 33).
10. ა) როდის ჩაეყარა საფუძველი ღმერთის მესიანურ სამეფოს? ბ) რომელ მნიშვნელოვან საქმეს უნდა გაძღოლოდნენ დედამიწაზე იესოს მომავალი თანამეფეები?
10 ღმერთის მესიანურ სამეფოს საფუძველი ჩაეყარა იესოს მოციქულების არჩევით (ეფესელთა 2:19, 20; გამოცხადება 21:14). ისინი იყვნენ 144 000-დან პირველები, რომლებიც იესო ქრისტესთან იმეფებენ, როგორც თანამეფეები. სანამ დედამიწაზე იქნებოდნენ, ეს მომავალი თანამეფეები გაუძღვებოდნენ დამოწმების საქმიანობას იესოს განკარგულების თანახმად: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28:19).
11. როგორ ტარდება დღეს სამეფოს შესახებ ქადაგება და რა საქმე სრულდება ამით?
11 მოწაფეების მომზადების საქმე დღეს არნახული მასშტაბით სრულდება. იეჰოვას მოწმეები კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ მთელი დედამიწის ზურგზე აუწყებენ იესოს წინასწარმეტყველური სიტყვების თანახმად: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). ტარდება დიდებული საგანმანათლებლო პროგრამა, როგორც ამ სამეფოს ქადაგების ერთ-ერთი ნაწილი. ვინც ემორჩილება ღვთის სამეფოს კანონებსა და პრინციპებს, უკვე აქვს მშვიდობა და ერთიანობა, რასაც ვერ აღწევენ ადამიანთა მთავრობები. ეს ყოველივე იმის ნათელი მტკიცებაა, რომ სამეფო ნამდვილად არსებობს!
12. ა) რატომ არის მიზანშეწონილი, რომ სამეფოს მქადაგებლებს ეწოდებოდეთ იეჰოვას მოწმეები? ბ) რით განსხვავდება ღვთის სამეფო ადამიანების მთავრობებისგან?
12 იეჰოვამ ისრაელებს უთხრა: „თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. . . და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე“ (ესაია 43:10–12). იესო, ‘ერთგული მოწმე’, გულმოდგინედ აცხადებდა კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ (გამოცხადება 1:5, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა; მათე 4:17). ამიტომ, სამეფოს დღევანდელ მქადაგებლებს სათანადოდ ეწოდებათ ღმერთის მიერ დადგენილი სახელი — იეჰოვას მოწმეები. მაგრამ რატომ ახმარენ მოწმეები ამდენ დროსა და ძალისხმევას, რომ სხვებს ესაუბრონ ღვთის სამეფოზე? იმიტომ რომ, სამეფო არის კაცობრიობის ერთადერთი იმედი. ადამიანების მთავრობები ადრე თუ გვიან დაიშლება, ღვთის სამეფო კი — არასოდეს. ესაიას 9:5-სა და 6-ში ამ სამეფოს მმართველს, იესოს, ეწოდება „მშვიდობის მთავარი“ და ნათქვამია, რომ ის იქნება „ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის“. ღვთის სამეფო არ ჰგავს ადამიანების მთავრობებს, რომლებიც წარმავალნი არიან. სინამდვილეში, დანიელის 2:44 ამბობს: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. . . თავად კი უკუნისამდე იდგება“.
13. ა) რომელია იმ პრობლემებიდან ზოგიერთი, რომლებსაც ღვთის სამეფო წარმატებით გადაწყვეტს? ბ) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღმერთის დაპირებები შესრულდება?
13 რომელმა მეფემ აღკვეთა ომი, დამნაშავეობა და ავადმყოფობა ან გადაწყვიტა შიმშილისა და უსახლკარობის პრობლემა? უფრო მეტიც, რომელმა მიწიერმა მმართველმა შეძლო მკვდრების აღდგენა? ღვთის სამეფო და მისი მეფე ყურადღებას მიაქცევენ ამ საკითხებს. სამეფო არ იქნება უუნარო, იმ მოშლილი ხელსაწყოს მსგავსი, რომელსაც გამუდმებით ესაჭიროება შეკეთება. პირიქით, ღვთის სამეფო წარმატებული იქნება, ვინაიდან იეჰოვა გვპირდება: ‘ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან, ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე’ (ესაია 55:11). ღმერთის განზრახვა არ ჩაიშლება, მაგრამ როდის იწყებს მმართველობას სამეფო?
სამეფოს მმართველობა, როდის?
14. რა არასწორი გაგება ჰქონდათ იესოს მოწაფეებს სამეფოზე, მაგრამ რა იცოდა იესომ თავისი მმართველობის შესახებ?
14 „ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?“ იესოს მოწაფეების მიერ დასმული ეს კითხვა ცხადყოფს, რომ იმ დროისთვის მათ არ იცოდნენ არც ღვთის სამეფოს მიზანი, არც მისი მმართველობის დაწყების დრო. იესომ გააფრთხილა ისინი, რომ ცნობისმოყვარენი არ ყოფილიყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით და უთხრა: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ, დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით“. იესომ იცოდა, რომ მისი მმართველობა დედამიწაზე იქნებოდა მომავალში, მისი აღდგომისა და ზეცაში ამაღლებიდან დიდი ხნის შემდეგ (საქმეები 1:6–11; ლუკა 19:11, 12, 15). საღვთო წერილმა იწინასწარმეტყველა ეს. როგორ?
15. როგორ მოჰფინა ნათელი ფსალმუნის 109:1-მა იესოს მმართველობის დროის გამოთვლას?
15 დავით მეფემ წინასწარმეტყველებაში იესოს ‘მეუფე’ უწოდა და თქვა: „უთხრა უფალმა [იეჰოვამ, აქ] მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ“ (ფსალმუნი 109:1; შეადარე საქმეები 2:34–36). ეს წინასწარმეტყველება ცხადყოფს, რომ იესოს მმართველობა ზეცაში ამაღლებისთანავე არ დაიწყებოდა. პირიქით, მას, ღმერთის მარჯვნივ მყოფს, უნდა დაეცადა (ებრაელთა 10:12, 13). რამდენ ხანს უნდა გაგრძელებულიყო ეს მოლოდინი? როდის დაიწყებოდა მისი მმართველობა? ბიბლია გვეხმარება პასუხების მოძებნაში.
16. რა მოხდა ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს და როგორ არის ეს დაკავშირებული ღვთის სამეფოსთან?
16 ერთადერთი ქალაქი მთელ დედამიწაზე, სადაც იეჰოვამ თავისი სახელი დაავანა, იყო იერუსალიმი (მესამე მეფეთა 11:36). ასევე, ის იყო ღმერთის მიერ მოწონებული იმ მიწიერი სამეფოს დედაქალაქი, რომელიც ღვთის ზეციერ სამეფოს განასახიერებდა. მაშასადამე, ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურება ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს ძალიან საყურადღებო იყო. ამ მოვლენამ აღნიშნა თავის ხალხზე ღმერთის უშუალო მმართველობის დიდი ხნით შეწყვეტის დასაწყისი. დაახლოებით ექვსი საუკუნის შემდეგ იესომ უჩვენა, რომ ამ მმართველობის შეწყვეტის პერიოდი ჯერ არ იყო დასრულებული, ვინაიდან მან თქვა: „იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა ჟამი“ (ლუკა 21:24).
17. ა) რა არის „წარმართთა ჟამი“ და რამდენ ხანს უნდა გაგრძელებულიყო? ბ) როდის დაიწყო და როდის დამთავრდა „წარმართთა ჟამი“?
17 ‘წარმართთა ჟამის’ განმავლობაში ქვეყნიურ მთავრობებს ნება მიეცათ, შეეწყვიტათ ღმერთის მიერ მოწონებული მმართველობა. დროის ეს პერიოდი დაიწყო იერუსალიმის დანგრევით ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს და, როგორც დანიელმა უჩვენა, უნდა გაგრძელებულიყო ‘შვიდ ჟამს [ანუ შვიდ დროს]’ (დანიელი 4:20–22, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). დროის რა ხანგრძლივობას მოიცავს ეს? ბიბლია გვიჩვენებს, რომ სამნახევარი ‘დრო’ უდრის 1 260 დღეს (გამოცხადება 12:6, 14). ორჯერ ეს პერიოდი, ანუ შვიდი დრო, უდრის 2 520 დღეს. მაგრამ ამ მოკლე დროის დასასრულს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. თუ დანიელის წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით გამოვიყენებთ პრინციპს: „თითო დღე თითო წელიწადზე“ და შემდეგ ძველი წელთაღრიცხვით 607 წლიდან გადავითვლით 2 520 წელს, მივდივართ ახალი წელთაღრიცხვით 1914 წელთან (რიცხვნი 14:34; ეზეკიელი 4:6).
18. რა გააკეთა იესომ სამეფო ძალაუფლების მიღებისთანავე და რა მოუტანა ამ მოვლენამ დედამიწას?
18 დაიწყო თუ არა იესომ ზეცაში მეფობა იმ დროს? ბიბლიაზე დაფუძნებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ მან იმ დროს დაიწყო მეფობა, განხილული იქნება მომდევნო თავში. რა თქმა უნდა, იესოს მმართველობის დაწყება არ აღინიშნებოდა დედამიწაზე მშვიდობის უეცარი დამყარებით. გამოცხადების 12:7–12 აჩვენებს, რომ სამეფოს მიღებისთანავე იესო სატანასა და მის დემონებს ‘გადმოაგდებდა’ ზეციდან. დედამიწისთვის ეს იყო უბედურების მომასწავებელი, მაგრამ იმედს გვინერგავს იმის წაკითხვა, რომ ეშმაკს „დრო მცირეღა დარჩა“. მალე ჩვენ გავიხარებთ არა მარტო იმის გამო, რომ ღვთის სამეფო მმართველობს, არამედ იმიტომაც, რომ ის დედამიწასა და მორჩილ კაცობრიობას კურთხევებს მოუტანს (ფსალმუნი 71:7, 8). საიდან ვიცით, რომ ეს მალე მოხდება?
[სქოლიოები]
a ებრაულ ტექსტში აქ გამოყენებულია სახელი „შილო“, რომელიც ნიშნავს: „ის, ვისიც ეს არის; ის ვისაც ეს ეკუთვნის“. დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ „შილო“ იყო იესო ქრისტე, ‘ლომი იუდას ტომიდან’ (გამოცხადება 5:5). იუდეველთა ზოგიერთ „თარგუმში“ სიტყვა „შილო“, უბრალოდ, შეცვლილია სიტყვით „მესია“ ან „მეფე მესია“.
შეამოწმე შენი ცოდნა
რა არის ღვთის სამეფო და საიდან მმართველობს?
ვინ მმართველობს ამ სამეფოში და ვინ არიან მისი ქვეშევრდომები?
როგორ გვარწმუნებს იეჰოვა, რომ სამეფო ნამდვილად არსებობს?
როდის დაიწყო და როდის დამთავრდა „წარმართთა ჟამი“?
[ჩარჩო 94 გვერდზე]
ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ღვთის სამეფოსთან
• იეჰოვამ გამოაცხადა თავისი განზრახვა, წარმოექმნა ‘თესლი’, რომელიც თავს გაუჭეჭყავდა გველს, სატანა ეშმაკს (დაბადება 3:15).
• ძველი წელთაღრიცხვით 1943 წელს იეჰოვამ ცხადყო, რომ ‘თესლი’ იქნებოდა ადამიანი, აბრაამის შთამომავალი (დაბადება 12:1–3, 7; 22:18).
• რჯულის კავშირი, რომელიც ისრაელს მიეცა ძველი წელთაღრიცხვით 1513 წელს, შეიცავდა ‘მომავალ სიკეთეთა აჩრდილს’ (გამოსვლა 24:6–8; ებრაელთა 10:1).
• ისრაელის მიწიერ სამეფოს დასაბამი მიეცა ძველი წელთაღრიცხვით 1117 წელს და მოგვიანებით გაგრძელდა დავითის შთამომავლობით ხაზში (პირველი მეფეთა 11:15; მეორე მეფეთა 7:8, 16).
• ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს განადგურდა იერუსალიმი და დაიწყო „წარმართთა ჟამი“ (მეოთხე მეფეთა 25:8–10, 25, 26; ლუკა 21:24).
• ახალი წელთაღრიცხვით 29 წელს იესო ცხებული იყო წინასწარ დანიშნულ მეფედ და მან დაიწყო თავისი მიწიერი მსახურება (მათე 3:16, 17; 4:17; 21:9–11).
• ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს იესო ამაღლდა ზეცაში და ღმერთის მარჯვნივ მყოფი, ელოდებოდა თავისი მმართველობის დაწყებას (საქმეები 5:30, 31; ებრაელთა 10:12, 13).
• ‘წარმართთა ჟამის’ დასასრულს, ახალი წელთაღრიცხვით 1914 წელს, იესო გამეფდა ზეციერ სამეფოში (გამოცხადება 11:15).
• სატანა და მისი დემონები გადმოყარეს დედამიწის შემოგარენში და კაცობრიობას მათ დიდი უბედურება მოუტანეს (გამოცხადება 12:9–12).
• იესო ზედამხედველობს ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მსოფლიო ქადაგებას (მათე 24:14; 28:19, 20).