თავი 4
„აი . . . ლომი იუდას ტომიდან“
1—3. რა საშიშროება ელოდა იესოს, მაგრამ როგორ მოიქცა?
მახვილებითა და ხელკეტებით შეიარაღებული ბრბო ჯარისკაცებთან ერთად იესოსკენ მიემართებოდა. ბოროტი განზრახვით გაერთიანებულებმა იერუსალიმის ბნელ ქუჩებსა და კედრონის ხევზე გაიარეს და ზეთისხილის მთისკენ გასწიეს. მთვარიანი ღამე იყო, თუმცა ჩირაღდნები და ლამპრები ეჭირათ ხელში. იმიტომ ხომ არა, რომ მთვარეს დროდადრო ღრუბლები ეფარებოდა, ან იქნებ შიშობდნენ, იესო სიბნელეში არ გაგვექცესო? როგორც არ უნდა იყოს, თუ ვინმე იმას ელოდა, რომ იესოს შიში შეიპყრობდა, მას იესო ნამდვილად არ ცნობია.
2 იესომ იცოდა, რომ საფრთხე ელოდა, მაგრამ გაქცევა აზრადაც არ მოსვლია. მას ბრბო უახლოვდებოდა, რომელსაც წინ მიუძღოდა იუდა, ერთ დროს სანდო ადამიანი. იუდა ურცხვად მიუახლოვდა თავის მოძღვარს, იესოს, ფარისევლურად მიესალმა და ეამბორა. იესოს სიმშვიდე არ დაუკარგავს, გაბედულად მივიდა ბრბოსთან და იკითხა: „ვის ეძებთ?“ მათ მიუგეს: „იესო ნაზარეთელს“.
3 იესოს ადგილზე ბევრს, ასეთი შეიარაღებული ბრბოს შემხედვარეს, შიში შეიპყრობდა. ალბათ, მოელოდნენ კიდეც ამას იესოსგან, მაგრამ ის არ შეშინებულა, არ გაქცეულა და არც ტყუილი უთქვამს თავის დაძვრენის მიზნით. მან პირდაპირ უთხრა მათ: „მე ვარ“. იესოს სიმშვიდემ და გაბედულებამ ისე გააოგნა იქ მყოფნი, რომ უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხვნენ (იოანე 18:1—6; მათე 26:45—50; მარკოზი 14:41—46).
4—6. ა) რასთან არის შედარებული ღვთის ძე, და რატომ? ბ) რა და რა შემთხვევაში გამოავლინა იესომ გაბედულება?
4 რამ შეაძლებინა იესოს ასეთი საშიშროების წინაშე სიმშვიდისა და თავშეკავების გამოვლენა? მოკლედ რომ ვთქვათ, გაბედულებამ. წინამძღოლს გაბედულება უნდა ახასიათებდეს. ეს თვისება იესოს მსგავსად არასოდეს არავის გამოუვლენია. როგორც მე-3 თავიდან გავიგეთ, იესო თავმდაბალი და მშვიდი ადამიანი იყო. ბიბლია მას „კრავს“ უწოდებს (იოანე 1:29). ღვთის სიტყვა იესოს სხვაგვარადაც მოიხსენიებს გაბედულების გამო: „აი . . . ლომი იუდას ტომიდან“ (გამოცხადება 5:5).
5 გაბედულება ხშირად ლომთან ასოცირდება. წარმოიდგინე, ახლოს დგახარ გისოსებთან, რომლის მიღმაც ლომია. თავდასხმისგან დაცული ხარ, მაგრამ შიშის გრძნობა მაინც გეუფლება, რადგან უშიშარი მხეცი მოგჩერებია. ლომის შემხედვარეს, ალბათ, არც კი მოგივა აზრად, რომ მას შეეშინდება და გაიქცევა. ბიბლიაში წერია, რომ „ლომი უძლიერესია ცხოველთა შორის, რომელიც უკან არ იხევს არავის წინაშე“ (იგავები 30:30). სწორედ ლომს მოგვაგონებს ქრისტეც თავისი გაბედულებით.
6 ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ავლენდა იესო გაბედულებას ჭეშმარიტების დასაცავად, სამართლიანობის მხარდასაჭერად და მოწინააღმდეგეებთან გასამკლავებლად. იმასაც დავინახავთ, რომ ბუნებით გაბედულებიც რომ არ ვიყოთ, მაინც შევძლებთ იესოს მივბაძოთ.
იესო გაბედულად იცავდა ჭეშმარიტებას
7—9. ა) რა მოხდა, როდესაც იესო თორმეტი წლის იყო, და შენ, მოძღვრებს შორის რომ მჯდარიყავი, რას იგრძნობდი? ბ) როგორ გამოიჩინა იესომ გაბედულება ტაძარში?
7 სატანის, „სიცრუის მამის“ ქვეყნიერებაში ჭეშმარიტების დაცვა ხშირად გაბედულებას მოითხოვს (იოანე 8:44; 14:30). იესო ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ჭეშმარიტებას იცავდა. თორმეტი წლის ასაკში პასექის დღესასწაულის შემდეგ იესო იერუსალიმში დარჩა. მშობლებმა, მარიამმა და იოსებმა სამი დღე ეძებეს იესო და ბოლოს ტაძარში იპოვეს. რას აკეთებდა ტაძარში? „მასწავლებლებს შორის იჯდა, უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა“ (ლუკა 2:41—50).
8 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, დღესასწაულების შემდეგ რელიგიური წინამძღოლები ტაძრის შესასვლელთან ხალხს მოძღვრავდნენ. ხალხი მათ ფეხებთან იჯდა და კითხვებს უსვამდა. ისინი განსწავლული მოძღვრები იყვნენ, კარგად იცოდნენ მოსეს კანონი და ხალხის მიერ წლების მანძილზე შექმნილი კანონები და ტრადიციები. შენ, თორმეტი წლის რომ ყოფილიყავი და მათ შორის მჯდარიყავი, რას იგრძნობდი? გაუბედაობისგან შეიძლება ხმაც ვერ ამოგეღო და ეს გასაგებიც იქნებოდა. ბავშვების უმეტესობა მორცხვია (იერემია 1:6). ზოგი ყველანაირად ცდილობს, რომ სკოლაში მასწავლებლის ყურადღება არ მიიქციოს; მათ ეშინიათ, მასწავლებელმა რომ გაიძახოს, შეიძლება ვერ უპასუხონ და ბავშვებმა დასცინონ.
9 იესო კი მოძღვრებს შორის იჯდა და თამამად სვამდა სერიოზულ კითხვებს; და არა მარტო კითხვებს სვამდა. ბიბლია მოგვითხრობს: „მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებდა“ (ლუკა 2:47). ბიბლიაში არ წერია, თუ კონკრეტულად რით გააოცა იესომ მსმენელები. მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის არ ისაუბრებდა არასწორი გადმოცემების საფუძველზე, რასაც იმ დროს რელიგიური წინამძღოლები ასწავლიდნენ (1 პეტრე 2:22). იესო ღვთის ჭეშმარიტებას იცავდა. ეს თორმეტი წლის ბიჭი სწორედ ღრმა ცოდნითა და გაბედულებით აოცებდა მსმენელებს.
10. როგორ ჰბაძავენ ქრისტიანი ბავშვები იესოს გაბედულების გამოვლენაში?
10 დღეს ბევრი ქრისტიანი ბავშვი ჰბაძავს იესოს, თუმცა იესოსგან განსხვავებით არასრულყოფილები არიან. ასაკი მათ ჭეშმარიტების დაცვაში ხელს არ უშლის. სკოლასა თუ უბანში ისინი ტაქტიანად საუბრობენ, სვამენ კითხვებს, პასუხებსაც ისმენენ და ამგვარად ხალხს ჭეშმარიტებას უზიარებენ (1 პეტრე 3:15). ბავშვები ეხმარებიან კლასელებს, მასწავლებლებს და მეზობლებს, რომ ქრისტეს მიმდევრები გახდნენ. წარმოიდგინე, როგორ ესიამოვნება იეჰოვას მათი გაბედულება! ღვთის სიტყვა ბავშვებს ნამს ადარებს, რომლის წვეთებიც მცენარეებს ეფინება, ახალისებს და აცოცხლებს (ფსალმუნი 110:3).
11, 12. როგორ ავლენდა იესო გაბედულებას ჭეშმარიტების დასაცავად?
11 იესო მხოლოდ ბავშვობაში როდი იცავდა ჭეშმარიტებას, ის მერეც გაბედულად ქადაგებდა. ქადაგების დროს ისეთ წინააღმდეგობებს ხვდებოდა, რომ იესოს ადგილზე ბევრს შიში შეიპყრობდა. ღვთის ძეს, არა როგორც ძლევამოსილ მთავარანგელოზს, არამედ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, იეჰოვას ყველაზე ძლიერი და საშიში მტრისგან, სატანისგან დიდი განსაცდელი ელოდა. ის წინ აღუდგა სატანას, რომელიც ღვთის სიტყვას ამახინჯებდა. ბოლოს იესომ სატანას უბრძანა: „გამშორდი, სატანა!“ (მათე 4:2—11).
12 იესო მთელი თავისი მსახურების განმავლობაში გაბედულად იცავდა მამის სიტყვას დამახინჯებისგან. არაკეთილსინდისიერი საქციელი რელიგიური წინამძღოლების მხრიდან ისეთივე ჩვეულებრივი რამ იყო, როგორიც დღეს არის. ამიტომ ამხილა იესომ ისინი: „თქვენ ძალას უკარგავთ ღვთის სიტყვას თქვენ მიერ გადაცემული ადათ-წესებით“ (მარკოზი 7:13). იესომ გაბედულად უწოდა რელიგიურ წინამძღოლებს ფარისევლები და ბრმა მეგზურები, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მათ დიდ პატივს სცემდაa (მათე 23:13, 16). ჩვენ როგორ მივბაძოთ იესოს?
13. რა არის საჭირო იმისათვის, რომ იესოს მივბაძოთ, და რატომ ვართ ბედნიერები?
13 ჩვენ არ გვაქვს გულების წაკითხვის უნარი და არც იმის უფლება, რაც იესოს ჰქონდა, რომ ადამიანები განვსაჯოთ. მაგრამ ქრისტეს მსგავსად ის კი შეგვიძლია, რომ სატანის ბნელ ქვეყნიერებაში გაბედულად დავიცვათ ჭეშმარიტება და ვამხილოთ ის სიცრუე, რომელსაც ღმერთზე, მის სიტყვასა და მის განზრახვებზე ლაპარაკობენ (მათე 5:14; გამოცხადება 12:9, 10). გარდა ამისა, შეგვიძლია დავიხსნათ ადამიანები ცრუ სწავლებების ტყვეობისგან; ასეთი სწავლებები აშინებს ხალხს და ართმევს ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობას. ბედნიერები ვართ, რომ ვხედავთ, როგორ სრულდება იესოს დანაპირები: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32).
იესო გაბედულად იდგა სამართლიანობის მხარეს
14, 15. ა) როგორ აგებინებდა იესო ხალხს, „რა არის სამართალი“? ბ) რა აჩვენა იესომ სამარიელ ქალთან საუბრით?
14 წინასწარმეტყველების თანახმად, მესია ხალხებს გააგებინებდა, „რა არის სამართალი“ (მათე 12:18; ესაია 42:1). იესომ ეს საქმე დედამიწაზე დაიწყო. ის ყოველთვის გაბედულად ავლენდა სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას. მაგალითად, იესო არ იზიარებდა იმ დროს ფართოდ გავრცელებულ აკვიატებულ აზრებს.
15 ერთხელ იესო სიქარის ჭასთან სამარიელ ქალს ელაპარაკებოდა, რამაც მოციქულების გაოცება გამოიწვია. მიზეზი ის იყო, რომ იუდეველები ვერ იტანდნენ სამარიელებს. ასეთი სიძულვილი საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა (ეზრა 4:4). ზოგიერთი რაბინი ქალებს არაფრად აგდებდა. რაბინული კანონები მამაკაცს მოუწოდებდა, ქალს არ დალაპარაკებოდა; ეს წესები ქალს არც ღვთის კანონების სწავლის ღირსად მიიჩნევდა. განსაკუთრებით სამარიელ ქალებს თვლიდნენ უწმინდურ ქალებად. მაგრამ იესო ყურადღებას არ აქცევდა ასეთ შეხედულებებს და ფარულად არ უსაუბრია სამარიელ ქალთან, რომელიც უზნეო ცხოვრებას ეწეოდა; იესომ მას ისიც კი გაუმხილა, რომ მესია იყო (იოანე 4:5—27).
16. რისთვის სჭირდებათ ქრისტიანებს გაბედულება?
16 თუ გქონია ურთიერთობა აკვიატებული აზრების მქონე ადამიანებთან? შესაძლოა ისინი სარკასტულად ხუმრობდნენ, ამცირებდნენ ან ზემოდან უყურებდნენ სხვა რასის, ეროვნების, საპირისპირო სქესისა თუ განსხვავებული სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანებს. ქრისტეს მიმდევრები არ იზიარებენ ასეთ შეხედულებებს და ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მოიშორონ აკვიატებული აზრები (საქმეები 10:34). როგორც იესოს შემთხვევიდან დავინახეთ, გაბედულებაა საჭირო იმისათვის, რომ მიუკერძოებლები ვიყოთ.
17. როგორ მოიქცა იესო ტაძარში, და რატომ?
17 გაბედულება იესოს იმაშიც ეხმარებოდა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა და ღვთის ხალხის სიწმინდე დაეცვა. ერთხელ იერუსალიმის ტაძარში შესული იესო ძლიერ აღშფოთდა, როცა იქ ვაჭრები და ფულის გადამცვლელები დაინახა. სამართლიანად განრისხებულმა გაუმაძღარი ვაჭრები ტაძრიდან გაყარა (იოანე 2:13—17). ის თავისი მსახურების მიწურულსაც ასე მოიქცა (მარკოზი 11:15—18). იესომ იცოდა, რომ ასეთი საქციელით ძლიერ მტრებს გაიჩენდა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა. რატომ? იმიტომ, რომ იესო ტაძარს ბავშვობიდანვე მამამისის სახლად თვლიდა (ლუკა 2:49). იესო ვერასოდეს შეიწყნარებდა წმინდა თაყვანისმცემლობის შელახვას. სწორედ მოშურნეობამ მისცა მას საჭირო გაბედულება.
18. როგორ უნდა გამოავლინონ ქრისტიანებმა გაბედულება, როცა საქმე კრების სიწმინდის დაცვას ეხება?
18 ქრისტეს მიმდევრები დღესაც გულმოდგინედ ზრუნავენ წმინდა თაყვანისმცემლობისა და ღვთის ხალხის სიწმინდის დაცვაზე. ისინი თანაქრისტიანის სერიოზულ ცოდვაზე თვალს არ დახუჭავენ, პირიქით, გაბედულებას გამოიჩენენ და შემცოდველს პირადად დაელაპარაკებიან (1 კორინთელები 1:11). ამავე დროს უნდა დარწმუნდნენ, რომ კრების უხუცესებმა იციან ეს საკითხი. სულიერად დავრდომილებს უხუცესები დაეხმარებიან და აუცილებელ ზომებსაც მიიღებენ, რომ იეჰოვას სამწყსოს სიწმინდე დაიცვან (იაკობი 5:14, 15).
19, 20. ა) რა უსამართლობას ხვდებოდა იესო ყოველი ფეხის ნაბიჯზე და როგორ ზეწოლას ახდენდნენ იესოზე? ბ) რატომ არ ერევიან ქრისტეს მიმდევრები პოლიტიკაში, რატომ არ მიმართავენ ძალადობას და რისი წყალობით უკავიათ ასეთი პოზიცია?
19 უნდა ვიფიქროთ, რომ იესო ხალხის უსამართლოდ ჩაგვრის წინააღმდეგაც გამოვიდოდა? ის უსამართლობას ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებოდა. იუდეველებს რომაელები ავიწროებდნენ, მძიმე გადასახადებს აკისრებდნენ და რელიგიურ საკითხებშიც კი ერეოდნენ. ამიტომაც სურდა ხალხს, რომ იესო პოლიტიკაში ჩარეულიყო (იოანე 6:14, 15). მას ამ შემთხვევაშიც სჭირდებოდა გაბედულება, რომ უარი ეთქვა.
20 იესომ გარკვევით განაცხადა, რომ მისი სამეფო ქვეყნიერების ნაწილი არ იყო. მან მაგალითი დაუტოვა თავის მიმდევრებს, რომ პოლიტიკაში ჩარევის ნაცვლად ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ექადაგათ (იოანე 17:16; 18:36). ერთხელ, როცა ბრბო იესოს დასაპატიმრებლად მივიდა, პეტრემ მახვილი იშიშვლა და მღვდელმთავრის მონას ყური ჩამოათალა. შეიძლება გაამართლო კიდეც პეტრე, მაგრამ ძალადობას გამართლება რომ ჰქონდეს, სწორედ იმ ღამეს იქნებოდა გამართლებული, როცა ღვთის უდანაშაულო ძეს დაპატიმრება დაუპირეს. იმ დღეს იესომ პეტრეს მეტად საყურადღებო სიტყვები უთხრა: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათე 26:51—54). იესოს სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავს ძალა. როგორც მაშინ, ისე დღეს მშვიდობის მხარეს დგომა ქრისტეს მიმდევრებისგან გაბედულებას მოითხოვს. ღვთის ხალხი არასოდეს ჩარეულა ომებში, გენოციდში, არეულობებსა თუ სხვადასხვა სახის ძალადობაში. ასეთი პოზიცია მათ სწორედ გაბედულების წყალობით უკავიათ.
იესო გაბედულად უმკლავდებოდა მოწინააღმდეგეებს
21, 22. ა) ვინ დაეხმარა იესოს, როცა უმძიმესი განსაცდელების წინაშე იდგა? ბ) როგორ აჩვენა იესომ, რომ ბოლომდე გაბედული იყო?
21 იეჰოვას ძემ კარგად იცოდა, რომ დედამიწაზე საშინელ წინააღმდეგობებს შეხვდებოდა (ესაია 50:4—7). მას არაერთხელ დაემუქრა სიკვდილი. ყველაზე დაძაბული სიტუაცია კი მაშინ შეიქმნა, როცა იესოს დაპატიმრება დაუპირეს. როგორ ავლენდა ის გაბედულებას ასეთი წინააღმდეგობების მიუხედავად? რას აკეთებდა, სანამ ბრბო მის დასაპატიმრებლად მივიდოდა? ის მთელი გულით ლოცულობდა. როგორ უპასუხა იეჰოვამ? როგორც ბიბლია მოგვითხრობს, იესოს ლოცვა „შესმენილ იქნა“ (ებრაელები 5:7). იეჰოვამ ზეციდან ანგელოზი გამოგზავნა, რომ განემტკიცებინა თავისი უშიშარი ძე (ლუკა 22:42, 43).
22 მას შემდეგ, რაც ძალები შეემატა, იესომ მოციქულებს უთხრა: „ადექით, წავიდეთ“ (მათე 26:46). იესოს სიტყვებში დიდი გაბედულება ჩანდა. იესომ იცოდა, რომ თავისი მოციქულების დაცვა მოუწევდა, რომ ისინი მიატოვებდნენ მას და გაიქცეოდნენ, და რომ მარტოს მოუწევდა უმძიმეს განსაცდელთან გამკლავება, მაგრამ მაინც უთხრა მოციქულებს, წავიდეთო. იესო მარტო უნდა შეხვედროდა უკანონობას, უსამართლობას, დაცინვას, და ბოლოს ტანჯვით მომკვდარიყო. მიუხედავად ამისა, იესოსთვის გაბედულებას არც ერთ სიტუაციაში არ უღალატია.
23. რატომ ვერ ვიტყვით, რომ იესოს სიფრთხილე აკლდა და ამიტომ აღმოჩნდა განსაცდელებისა და სიკვდილის პირისპირ?
23 მართალია იესო გაბედულებას ავლენდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიფრთხილე აკლდა. იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ სიფრთხილე გამოეჩინათ, რათა საფრთხე თავიდან აერიდებინათ და კვლავაც შეესრულებინათ ღვთის ნება (მათე 4:12; 10:16). მაგრამ იესომ იცოდა, რომ უკან ვერ დაიხევდა, რადგან საქმე ღვთის ნების შესრულებას ეხებოდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ერთგულების შენარჩუნება. ამისთვის კი ერთადერთი საშუალება ის იყო, რომ განსაცდელებს პირისპირ შეხვედროდა.
24. რა გვარწმუნებს იმაში, რომ ნებისმიერი განსაცდელის დროს შევძლებთ გაბედულების გამოვლენას?
24 იესოს მიმდევრები თავიანთ მოძღვარს ჰბაძავდნენ გაბედულებაში. ბევრი მათგანი მოთმინებით ხვდებოდა დაცინვას, დევნას, დაპატიმრებას, წამებას და თვით სიკვდილსაც კი. საიდან ჰქონდათ ძალები არასრულყოფილ ადამიანებს ასეთი გაბედულების გამოსავლენად? ეს მათი დამსახურება არ ყოფილა. მათ ღმერთი განამტკიცებდა, როგორც ეს იესოს შემთხვევაში გააკეთა (ფილიპელები 4:13). როგორ განსაცდელსაც არ უნდა შეხვდე, ნურასოდეს შეგეშინდება! შეინარჩუნე ერთგულება. საამისოდ იეჰოვა მოგცემს გაბედულებას. გამხნევდი იესოს სიტყვებით: „გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:33).
a ისტორიკოსების აზრით, რაბინების სამარხებს ისევე მიაგებდნენ დიდ პატივს, როგორც წინასწარმეტყველებისა და პატრიარქების სამარხებს.