იოანეს სახარება
2 მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში. იესოს დედაც იქ იყო. 2 ქორწილში იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ დაპატიჟებულნი.
3 ღვინო რომ შემოაკლდათ, იესოს დედამისმა უთხრა: „ღვინო აღარ აქვთ“. 4 იესომ მიუგო: „მერე ჩვენ რა შუაში ვართ?!* ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა“. 5 დედამისმა სუფრის მომსახურეებს უთხრა: „ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც ის გეტყვით!“ 6 იუდეველთა განწმენდის წესისამებრ,+ იქ ექვსი ქვის ჭურჭელი იდგა, თითოში ორი-სამი საწყაო* ჩადიოდა. 7 იესომ მათ უთხრა: „წყლით აავსეთ ჭურჭელი“. მათაც აავსეს პირამდე. 8 შემდეგ უთხრა: „ახლა კი ამოიღეთ და სუფრის გამრიგეს მიართვით“. მათაც მიართვეს. 9 როცა სუფრის გამრიგემ, რომელმაც მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა, გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (წყლის ღვინოდ ქცევის ამბავი მხოლოდ სუფრის მომსახურეებმა იცოდნენ), ნეფეს დაუძახა 10 და უთხრა: „ჯერ კარგი ღვინო გამოაქვთ, ხოლო, როცა ხალხი შეთვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“. 11 იესომ ეს გალილეის კანაში მოიმოქმედა. ასე დაიწყო მან სასწაულების მოხდენა, რითაც გააცხადა თავისი დიდება;+ ირწმუნეს იგი მისმა მოწაფეებმა.
12 ამის შემდეგ ის, დედამისი, მისი ძმები+ და მოწაფეები კაპერნაუმში+ ჩავიდნენ, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილან.
13 მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი+ და იესო იერუსალიმში წავიდა. 14 ტაძარში ნახა საქონლის, ცხვრებისა და მტრედების+ გამყიდველები, იქვე ისხდნენ ფულის გადამხურდავებლებიც. 15 თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა თავიანთ ცხვართან და საქონელთან ერთად, ხოლო ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა.+ 16 მტრედების გამყიდველებს უთხრა: „მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“+ 17 მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს დაწერილი: „შენი სახლისადმი მოშურნეობით ავენთე*“.+
18 ამაზე იუდეველებმა უთხრეს: „რა ნიშანს გვიჩვენებ იმის დასამტკიცებლად,+ რომ გაქვს ამის გაკეთების უფლება?“ 19 იესომ მიუგო: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ!“+ 20 იუდეველებმა კი უთხრეს: „ეს ტაძარი 46 წელიწადი შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?!“ 21 თუმცა ტაძარში იესო თავის სხეულს გულისხმობდა.+ 22 როცა მკვდრეთით აღდგა, მის მოწაფეებს გაახსენდათ, ამას რომ ამბობდა ხოლმე.+ მათ ირწმუნეს წმინდა წერილიცა და იესოს ნათქვამიც.
23 იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ბევრმა იხილა იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები და ირწმუნა იგი*, 24 მაგრამ იესო სიფრთხილეს იჩენდა, რადგან იცნობდა მათ; 25 მას არ სჭირდებოდა, რომ მისთვის ვინმეს აეხსნა ადამიანის ბუნება, რადგან ისედაც იცნობდა მას.+