დედამიწაზე იესოს ცხოვრების ბოლო დღეების გახსენება
იუდაური კალენდრის მიხედვით ახ. წ. 33 წლის შვიდი ნისანია. წარმოიდგინე, რომ აკვირდები მოვლენებს, რომლებიც რომის პროვინციაში, იუდეაში, ხდება. იესო ქრისტე და მისი მოწაფეები ტოვებენ მწვანეში ჩაფლულ იერიხონს და მტვრიანი, ძნელი გზით მიდიან. აგრეთვე, მათ მსგავსად, ბევრი სხვა მგზავრი ადის იერუსალიმში ყოველწლიური დღესასწაულის პასექის საზეიმოდ. მაგრამ დამქანცველი აღმართის გარდა იესო ქრისტეს მოწაფეები სხვა რამეზეც ფიქრობდნენ.
იუდეველები ნატრობენ მესიას, რომელიც რომაელთა უღლიდან გაათავისუფლებს. ბევრს სწამს, რომ იესო ნაზარეველია დიდი ხნის ნანატრი მხსნელი. სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებს. ავადმყოფებს კურნავს და მშივრებს აპურებს. დიახ, ის ნუგეშს სცემს ადამიანებს. მაგრამ რელიგიური წინამძღოლები გაღიზიანებულნი არიან იესოს მხილებებით და გადაწყვიტეს, მოკლან. მიუხედავად ამისა, აი ის მოწაფეების წინ მტკიცედ მიდის მტვრიან გზაზე (მარკოზი 10:32).
სანამ მზე ზეთისხილის მთის უკან ჩადის, იესო და მისი თანამგზავრები ბეთანიის ერთ-ერთ უახლოეს სოფელს აღწევენ, სადაც გაატარებენ შემდეგ ექვს ღამეს. მათი საყვარელი მეგობრები: ლაზარე, მარიამი და მართა დიდი სიხარულით ხვდებიან მათ. საღამოს სიგრილე შვებას ჰგვრის სიცხეში მავალთ და მიანიშნებს შაბათის, 8 ნისანის, დაწყებას (იოანე 12:1, 2).
9 ნისანი
შაბათის შემდეგ იერუსალიმში ცხოვრება დუღს. ათასობით სტუმარი ქალაქში უკვე შეიკრიბა პასექისთვის. მაგრამ ხმაური, რომელიც გვესმის, დიდად განსხვავდება იმისგან, რაც, ჩვეულებრივად, წელიწადის ამ დროს ისმის. ცნობისმოყვარე ხალხი ვიწრო ქუჩებით მიიჩქარის ქალაქის კარიბჭეებისკენ. და აი, როდესაც ჭიშკართან შეკრებილ უამრავ ხალხში გზას მიიკვლევენ, რა სანახაობა ხვდებათ! უამრავი მოზეიმე ხალხი ჩამოდის ზეთისხილის მთიდან ბეთბაგეს გზით (ლუკა 19:37). რას ნიშნავს ყოველივე ეს?
შეხედე! იესო ნაზარეველი ჩოჩორზე ამხედრებული მოდის. ხალხი გზაზე ტანსაცმელს უფენს. სხვები კი პალმის ახლად მოჭრილ ტოტებს აქნევენ და მხიარულად ყვირიან: ‘კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი მეფე ისრაელისა!’ (იოანე 12:12–15).
ხალხი უახლოვდება იერუსალიმს. იესო უყურებს ქალაქს და ის ტირის, ჩვენ გვესმის მისი წინასწარმეტყველება ქალაქის დანგრევის შესახებ. მცირე ხნის შემდეგ, როდესაც იესო ტაძარში მიდის, ხალხს ასწავლის, ბრმებსა და კოჭლებს, რომლებიც მასთან მიდიან, კურნავს (მათე 21:14; ლუკა 19:41–44, 47).
ეს მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისთვის შეუმჩნეველი არ რჩება. ო, როგორი გაბრაზებულნი არიან იესოს საოცარი საქმეებისა და აღტაცებული ხალხის ნახვით! ფარისევლები აღშფოთებას ვერ მალავენ და მოითხოვენ: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს“. თქვენ გეუბნებით, — პასუხობს იესო, — ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ“. გამოსვლისას იესო ყურადღებას აქცევს ტაძარში ვაჭრობას (ლუკა 19:39, 40; მათე 21:15, 16; მარკოზი 11:11).
10 ნისანი
იესო ტაძარში ადრიანად მიდის. გუშინ ის განრისხებული იყო, რადგანაც მამამისის, იეჰოვა ღმერთის, თაყვანისმცემლობა აშკარა ვაჭრობად აქციეს. ამის გამო ის გაცეცხლებული იწყებს ტაძრიდან მყიდველებისა და გამყიდველების განდევნას. შემდეგ აყირავებს ფულის გაუმაძღარი გადამცვლელებისა და მტრედების გამყიდველთა მაგიდებს. „დაწერილია, — ხმამაღლა ამბობს იესო, — ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება,’ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!“ (მათე 21:12, 13).
იესოს საქმეები და საჯარო სწავლება მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და წარჩინებულებს არ მოსწონთ. ო, როგორ ნატრობენ მის მოკვლას! მაგრამ ბრბოს გამო უძლურნი არიან, რადგანაც ხალხი გაოცებულია მისი სწავლებით და ‘მოუშორებლად უსმენს მას’ (ლუკა 19:47, 48). საღამოვდება, იესო და მისი თანამგზავრები ნელა ბრუნდებიან ბეთანიაში ღამის გასათევად.
11 ნისანი
გარიჟრაჟდა. იესო და მისი მოწაფეები ზეთისხილის მთის გავლით უკვე იერუსალიმში მიდიან. როგორც კი ტაძარში შედიან, მღვდლები და უხუცესები ხვდებიან. არ დავიწყებიათ ტაძარში ფულის გადამცვლელებისა და ვაჭრებისადმი იესოს მოპყრობა. მტრები ღვარძლიანად ეკითხებიან: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ „მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას, — უბრუნებს კითხვას იესო, — და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?“ მოწინააღმდეგენი იკრიბებიან და მსჯელობენ: „თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას? თუ ვიტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე“. ჩიხში მოქცეულნი პასუხობენ: „არ ვიცით“. იესო მშვიდად პასუხობს „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას“ (მათე 21:23–27).
იესოს მტრები ახლა ცდილობენ, სიტყვაში გამოიჭირონ, რის საფუძველზეც შეძლებენ მის დაპატიმრებას. „როგორ ფიქრობ, — ეკითხებიან ისინი, — უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“ „მიჩვენეთ ხარკის მონეტა, — მიმართავს იესო და ეკითხება. — ვისია ეს სახე და წარწერა?“ „კეისრისა!“ — ამბობენ ისინი. მათდა გასაკვირად იესო ყველას გასაგონად აცხადებს: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა — ღმერთსა!“ (მათე 22:15–22).
იესომ უდავო არგუმენტირებით გააჩუმა თავისი მტრები და ახლა თვითონ იწყებს მხილებას ხალხისა და თავისი მოწაფეების წინაშე. მოუსმინე, როგორ უშიშრად განსჯის მწიგნობრებსა და ფარისევლებს. „მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, — ამბობს ის, — ვინაიდან ისინი ამბობენ, არკი ასრულებენ“. გულადად კიცხავს მათ და ბრმა წინამძღოლებსა და თვალთმაქცებს უწოდებს. „იქედნეთა ნაშობო გველებო! — ეუბნება იესო, — როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ (მათე 23:1–33).
ეს მკაცრი მხილება არ ნიშნავს, რომ იესოს შეუმჩნეველი რჩება სხვების კარგი თვისებები. მოგვიანებით ის უყურებს ხალხს, რომლებიც ტაძრის საგანძურში ყრიან ფულს. რამდენად ამაღელვებელია ღარიბი ქვრივის დანახვა, რომელიც აგდებს მთლიანად, რაც აქვს — მცირე ღირებულების ორ მონეტას! იესო ღრმა მადლიერების გრძნობით აღნიშნავს, რომ ქვრივმა სინამდვილეში უფრო მეტი ჩაყარა, ვიდრე სხვებმა, ვინც უხვად შესწირა „თავისი მოჭარბებულისგან“. იესო თანაგრძნობით ღრმად აფასებს იმას, რაც პიროვნების ძალებს შესწევს (ლუკა 21:1–4).
ახლა იესო უკანასკნელად ტოვებს ტაძარს. ზოგიერთი მისი მოწაფე ტაძრის ბრწყინვალებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ის „ძვირფასი ქვებით და შეწირულებებით არისო დამშვენებული“. მათდა გასაკვირად იესო პასუხობს: „დადგება დღეები, როცა ამათგან. . . ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიქცეს“ (ლუკა 21:5, 6). იესო და მისი მოციქულები ხალხმრავალი ქალაქიდან გადიან. მოწაფეებს აინტერესებთ, თუ რას გულისხმობს იესო.
ცოტა ხნის შემდეგ იესო და მისი მოწაფეები ზეთისხილის მთაზე სხედან და აქ გამეფებული სიმშვიდითა და სიწყნარით ტკბებიან. როგორც ხელის გულზე, ისე მოჩანს იერუსალიმი და ტაძარი. პეტრე, იაკობი, იოანე და ანდრია იესოს განსაცვიფრებელი წინასწარმეტყველების ახსნას სთხოვენ. „გვითხარი, — ეუბნებიან ისინი, — როდის იქნება ეს და რა იქნება შენი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3, აქ; მარკოზი 13:3, 4).
პასუხად დიდებული მასწავლებელი აძლევს ჭეშმარიტად საოცარ წინასწარმეტყველებას. ის წინასწარმეტყველებს სასტიკ ომებს, მიწისძვრებს, საკვების უკმარისობასა და ეპიდემიებს. იესო აგრეთვე წინასწარმეტყველებს, რომ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა მთელ მსოფლიოს ექადაგება. ის იძლევა გაფრთხილებას, რომ „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ (მათე 24:7, 14, 21; ლუკა 21:10, 11).
ოთხი მოწაფე ყურადღებით უსმენს, რადგანაც იესო საუბრობს ‘მისი თანდასწრების ნიშნის’ სხვა მხარეების შესახებ. ის ხაზს უსვამს ‘ფხიზლად ყოფნის’ აუცილებლობას. რატომ? „რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ — ამბობს ის (მათე 24:42; მარკოზი 13:33, 35, 37).
იესოსა და მისი მოწაფეებისთვის ეს დაუვიწყარი დღეა. ფაქტობრივად, ეს იესოს მსახურების ბოლო დღეა დაპატიმრების, გასამართლებისა და განაჩენის სისრულეში მოყვანის წინ. რადგან ბინდდება, ისინი მოკლე გზით ბრუნდებიან გორაკის გავლით ბეთანიაში.
12 და 13 ნისანი
იესო მშვიდად ატარებს 12 ნისანს თავის მოწაფეებთან ერთად. ესმის, რომ რელიგიურ წინამძღოლებს ძლიერ სურთ მისი მოკვლა და არ სურს, რომ ხელი შეუშალონ პასექის დღესასწაულში, რომელიც მომდევნო საღამოსაა (მარკოზი 14:1, 2). მეორე დღეს, 13 ნისანს, ხალხი პასექისთვის საბოლოო მზადებებითაა დაკავებული. ნაშუადღევს იესო პეტრესა და იოანეს აგზავნის პასექის მოსამზადებლად ზემოთა ოთახში, იერუსალიმში (მარკოზი 14:12–16; ლუკა 22:8). მზის ჩასვლამდე ცოტა ადრე იესო და მისი ათი მოწაფე უერთდებიან მათ ბოლო პასექის აღსანიშნავად.
14 ნისანი მზის ჩასვლის შემდეგ
ზეთისხილის მთაზე მთვარე ამოდის და სავსე მთვარის ნათელი ეფინება იერუსალიმს. დიდ მოფარდაგებულ ოთახში იესო და 12 მოწაფე წამოწოლილნი არიან გამზადებულ მაგიდასთან. „დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ“, — ამბობს ის (ლუკა 22:14, 15). ცოტა ხნის შემდეგ იესო მოწაფეებისთვის გასაოცარ რამეს აკეთებს: დგება, დებს მოსასხამს, იღებს ტილოს, საბანელს და ფეხებს ჰბანს მათ. თავმდაბლური მსახურების რა დაუვიწყარი გაკვეთილია! (იოანე 13:2–15).
თუმცა იესომ იცის, რომ ერთ-ერთმა ამ მამაკაცებიდან — იუდა ისკარიოტელმა — გასცა რელიგიურ ხელმძღვანელებთან. გასაგებია, რომ ის ძალიან მწუხრდება. „ერთი თქვენგანი გამცემს“, — ამბობს ის. ამის გამო მოწაფეები ძალიან შეწუხდებიან (მათე 26:21, 22). პასექის აღნიშვნის შემდეგ იესო იუდას ეუბნება: „რასაც აკეთებ, მალე გააკეთე“ (იოანე 13:27).
როგორც კი იუდა მიდის, იესო სთავაზობს საჭმელს თავისი მოახლოებული სიკვდილის საღამოს აღსანიშნავად. იღებს ხმიადს, სამადლობელ ლოცვას წარმოთქვამს, ამტვრევს და თერთმეტივეს ეუბნება, ჭამონ. „ეს ჩემი სხეულია, — ამბობს ის, — რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“. შემდეგ იღებს წითელი ღვინით სავსე ფიალას. კურთხევის შემდეგ აწვდის მათ ფიალას და ეუბნება, რომ შესვან და ამატებს: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად“ (ლუკა 22:19, 20; მათე 26:26–28).
ამ მნიშვნელოვანი საღამოს განმავლობაში იესო თავის ერთგულ მოციქულებს მრავალ ძვირფას გაკვეთილს ასწავლის და მათ შორის ძმური სიყვარულის მნიშვნელობას (იოანე 13:34, 35). ის აღუთქვამს, რომ მიიღებენ ‘ნუგეშისმცემელს’, სულიწმიდას. ის გაახსენებს მათ ყველაფერს, რაც მათთან უთქვამს იესოს (იოანე 14:26). მოგვიანებით, საღამოს, ისინი დიდად გამხნევებულნი უნდა იყვნენ იესოს გულმხურვალე ლოცვით, რომელიც მათთვის წარმოთქვა (იოანე მე-17 თავი). სადიდებელი სიმღერების შემდეგ ისინი ტოვებენ ზემოთა ოთახს და მიჰყვებიან იესოს ნათელ, გრილ ღამეში.
კედრონის ხევის გადაკვეთით იესო და მისი მოწაფეები ერთ-ერთ თავიანთ საყვარელ ადგილზე, გეთსემანიის ბაღში, მიდიან (იოანე 18:1, 2). სანამ იესოს მოწაფეები ელოდებიან, ის მიდის მოშორებით სალოცავად. როდესაც მხურვალედ მიმართავს ღმერთს დახმარებისთვის, მისი ემოციური დაძაბულობა ენით აღუწერელია (ლუკა 22:44). იმაზე ფიქრიც კი, რომ, თუ დამარცხდა, შეარცხვენს თავის საყვარელ ზეციერ მამას, უკიდურესად ტანჯავს.
როგორც კი დაამთავრა იესომ ლოცვა, იუდა ისკარიოტელი და მასთან ერთად ხალხი მახვილებით, კეტებითა და ჩირაღდნებით მოდიან. „გიხაროდეს, რაბი!“ — ამბობს იუდა და კოცნის იესოს. ეს მამაკაცებისთვის ნიშანია, რომ დააპატიმრონ იესო. უცბად პეტრე იშიშვლებს მახვილს და მღვდელმთავრის მონას ყურს ათლის. „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, — ეუბნება იესო და უკურნავს კაცს ყურს, — ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:47–52).
ყველაფერი ელვის სისწრაფით ხდება! იესო შეპყრობილი და შებოჭილია. შეშინებული და დაბნეული მოციქულები ტოვებენ თავიანთ მასწავლებელს და გარბიან. იესო მიჰყავთ ანასთან, ყოფილ მღვდელმთავართან. შემდეგ კი კაიაფასთან, ამჟამინდელ მღვდელმთავართან გასასამართლებლად. მეორე დღეს დილაადრიან სინედრიონი იესოს ღვთისგმობაში სდებს ბრალს. შემდეგ კაიაფა მას რომაელ გამგებელთან, პონტოელ პილატესთან, აგზავნის. ის კი იესოს გალილეის მმართველ ჰეროდე ანტიპასთან აგზავნის, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად სასაცილოდ იგდებს. შემდეგ უკან აბრუნებენ პილატესთან. პილატე იესოს უდანაშაულობას ადასტურებს. მაგრამ იუდეველთა რელიგიური წინამძღოლები მისგან მოითხოვენ, რომ იესოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ იესო გოლგოთაზე მიჰყავთ, სადაც ულმობლად აკრავენ წამების ძელზე და აუტანელი ტანჯვით კვდება (მარკოზი 14:50—15:39; ლუკა 23:4–25).
ნამდვილად დიდი ტრაგედია იქნებოდა, თუ იესოს სიკვდილი მისი სიცოცხლის დასასრული იქნებოდა. საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა. ახ. წ. 33 წლის 16 ნისანს მისი მოწაფეები გაოცებული იყვნენ იმის გაგებით, რომ იესო მკვდრეთით აღდგა. გარკვეული დროის შემდეგ 500-ზე მეტ ადამიანს შეეძლო დაედასტურებინა, რომ იესო გაცოცხლდა. თავის აღდგომიდან 40 დღის შემდეგ მისმა ერთგულმა მიმდევრებმა მისი ზეცად ამაღლება იხილეს (საქმეები 1:9–11; 1 კორინთელთა 15:3–8).
იესოს სიცოცხლე და შენ
როგორ ზეგავლენას ახდენს ეს შენზე და თითოეულ ჩვენგანზე? იესოს მსახურება, სიკვდილი და აღდგომა განადიდებს იეჰოვა ღმერთს და გადამწყვეტია მისი დიდებული განზრახვის შესრულებაში (კოლასელთა 1:18–20). ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან შეგვიძლია ცოდვები გვეპატიოს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე და ამგვარად შეგვიძლია გვქონდეს პირადი ურთიერთობა იეჰოვა ღმერთთან (იოანე 14:6; 1 იოანე 2:1, 2).
ეს მკვდრებსაც ეხება. იესოს აღდგენა საშუალებას აძლევს მათ, გაცოცხლდნენ ღვთის მიერ დაპირებულ სამოთხეში საცხოვრებლად დედამიწაზე (1 კორინთელთა 15:20–22). თუ გსურს უფრო მეტი გაიგო ამ საკითხებთან დაკავშირებით, გიწვევთ, დაესწრო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 1998 წლის 11 აპრილს, იეჰოვას მოწმეთა უახლოეს სამეფო დარბაზში.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
‘ავაზაკთა ბუნაგი’
იესოს საკმაოდ დიდი მიზეზი ჰქონდა იმის სათქმელად, რომ გაუმაძღარმა ვაჭრებმა ღვთის ტაძარი „ავაზაკთა ბუნაგად“ აქციეს (მათე 21:12, 13). სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ იუდეველებსა და პროზელიტებს ტაძრის გადასახადისთვის თავიანთი უცხოური ფული ადგილობრივ ფულზე უნდა გადაეცვალათ. ალფრედ ედერშაიმი თავის წიგნში (The Life and Times of Jesus the Messiah) აღწერს, რომ ფულის გადამცვლელები თავიანთ საქმეებს პროვინციებში იწყებდნენ პასექის წინა თვიდან, ადარის 15-დან. 25 ადარიდან ისინი იერუსალიმში ტაძრის ტერიტორიაზე გადადიოდნენ, რათა გამდიდრებულიყვნენ მოზღვავებული იუდეველებისა და პროზელიტების ხარჯზე. ვაჭრებმა საქმიანობა ყველანაირი ფულის ერთეულის გადაცვლაზე ქირის დაწესებით ააყვავეს. იესოს მიერ მათი ავაზაკებად მოხსენიება ნიშნავს, რომ მათი ქირა იმდენად მაღალი იყო, რომ ისინი, ფაქტიურად, ღარიბების მძარცველები იყვნენ.
ზოგს საკუთარი ცხოველების შესაწირად მოყვანა არ შეეძლო. მაგრამ, ვისაც საკუთარი ცხოველი მოჰყავდა, ტაძრის შემმოწმებლისთვის უნდა ენახვებინა და გასამრჯელო მიეცა. თავი რომ აერიდებინათ დიდი მანძილიდან მოყვანილი ცხოველის დაწუნებისთვის, ბევრი ყიდულობდა გაუმაძღარი ვაჭრებისგან ტაძარში ლევიანების მიერ „მოწონებულს“. „ბევრი ღარიბი გლეხი გაუყვლეფიათ იქ“, — ამბობს ერთი სწავლული.
ფაქტია, რომ ყოფილ მღვდელმთავარ ანასა და მის ოჯახს პირადი ინტერესი ჰქონდათ ტაძრის ვაჭრობაში. რაბინების ჩანაწერები „ანას ვაჟების [ტაძარში] ბაზრის შესახებ“ საუბრობს. ტაძრის ტერიტორიაზე ფულის გადამცვლელთა და ცხოველთა გამყიდველთაგან შემოსავალი მათი შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო. ერთი სწავლული ამბობს, რომ იესოს მიერ ვაჭრების გადევნა „შეეხო არა მხოლოდ მღვდლების მდგომარეობას, არამედ მათ ჯიბეებსაც“. რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, მის მტრებს ძლიერ სურდათ მისი მოკვლა! (ლუკა 19:45–48).
[ცხრილი 4 გვერდზე]
დედამიწაზე იესოს ცხოვრების ბოლო დღეები
ახ. წ. 33 წ. ნისანი მოვლენები „დიდებული ადამიანი“*
7 პარასკევი იესო და მისი მოწაფეები იერიხონიდან 101, აბზ. 1
იერუსალიმში მიდიან (7 ნისანი ემთხვევა
1998 წლის 5 აპრილს, კვირას, რადგანაც
ებრაული კალენდრის მიხედვით დღე
საღამოდან მეორე დღის საღამომდე გრძელდება)
8 პარასკევი იესო და მისი მოწაფეები ბეთანიაში 101, აბზ. 2-4
საღამო ჩადიან; იწყება შაბათი
შაბათი უქმე დღე (1998 წლის 6 აპრილი) 101, აბზ. 4
9 შაბათი ვახშმობს კეთროვან სიმონთან; მარიამი 101, აბზ. 5-9
საღამო სურნელოვან ზეთს სცხებს იესოს; ბევრი
მოდის იერუსალიმიდან იესოს სანახავად
და მოსასმენად
კვირა საზეიმო შესვლა იერუსალიმში; 102
ტაძარში სწავლება
10 ორშაბათი იერუსალიმისკენ მიემგზავრება დილაადრიან; 103, 104
ტაძარს წმენდს; იეჰოვა საუბრობს ზეციდან
11 სამშაბათი თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით 105-112
იერუსალიმში ასწავლის; ფარისევლებს აბზ. 1
ამხელს; ქვრივის შესაწირავს ყურადღებას
აქცევს; ტოვებს თავისი თანდასწრების
ნიშნებს
12 ოთხშაბათი მშვიდი დღე ბეთანიაში მოწაფეებთან; 112, აბზ. 2-4
იუდა ემზადება გასაცემად
13 ხუთშაბათი პეტრე და იოანე პასექის მოსამზადებლად 112, აბზ. 5 —
მიდიან იერუსალიმში; იესო და დანარჩენი 113, აბზ. 1
ათი მოწაფე მოგვიანებით, საღამოს,
მიჰყვებიან მათ (1998 წლის 11 აპრილი, შაბათი)
14 პარასკევი პასექის დღესასწაული; იესო ფეხებს 113, აბზ. 2 —
საღამო ჰბანს მოციქულებს; იუდა მიდის იესოს 117
გასაცემად; ქრისტე აწესებს თავისი
სიკვდილის გახსენების საღამოს (1998 წლის
11 აპრილს, შაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ)
შუაღამის იესოს გაცემა და დაპატიმრება გეთსემანიის 118—120
შემდეგ ბაღში; მოციქულები გარბიან;
მღვდელმთავრებისა და სინედრიონის წინაშე
გასამართლება; პეტრე უარყოფს იესოს
პარასკევს კვლავ სინედრიონის წინაშე; პილატესგან 121—127,
მზის ჰეროდესთან და კვლავ პილატევთან; აბზ. 7
ამოსვლიდან სიკვდილის მისჯა; ძელზე გაკვრა;
ჩასვლამდე დაკრძალვა
15 შაბათი უქმე დღე; პილატე ნებას რთავს, 127, აბზ. 8-10
დაიცვან იესოს სამარხი
16 კვირა იესო აღდგა 128
* აქ ჩამოთვლილი ციფრები იმ თავების ნომრებია, რომლებიც მოცემულია წიგნში „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.