ახალი კავშირით მიღებული უფრო დიდი კურთხევები
«[იესო] უმჯობესი აღთქმის [„კავშირის“, აქ] შუამავალია» (ებრაელთა 8:6).
1. ვინ აღმოჩნდა ედემის ბაღში დანაპირები ‘დედაკაცის თესლი’ და როგორ იქნა ის ‘ქუსლში დაგესლილი’?
მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ შესცოდეს, იეჰოვამ განაჩენი გამოუცხადა სატანას, რომელმაც ევა აცდუნა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15). ახ. წ. 29 წელს მდინარე იორდანეში იესოს მონათვლისას საბოლოოდ გამოჩნდა ედემში დაპირებული თესლი. ახ. წ. 33 წელს წამების ძელზე სიკვდილით შესრულდა იმ ძველი წინასწარმეტყველების გარკვეული ნაწილი. სატანამ ‘ქუსლში დაგესლა’ თესლი.
2. იესოს სიტყვების თანახმად, რა სარგებლობა მოაქვს კაცობრიობისთვის მის სიკვდილს?
2 საბედნიეროდ, ეს ჭრილობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივნეული იყო, არ იყო სამუდამო. იესო აღდგენილ იქნა უკვდავ სულიერ ქმნილებად და ზეციერ მამასთან ავიდა, სადაც „მრავალთა გამოსასყიდად“ წარადგინა თავისი დაღვრილი სისხლის ფასი. ამგვარად, გამართლდა მისი სიტყვები: „უნდა ამაღლდეს კაცის ძე. რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (მათე 20:28; იოანე 3:14–16; ებრაელთა 9:12–14). ახალი კავშირი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იესოს წინასწარმეტყველების შესრულებაში.
ახალი კავშირი
3. პირველად როდის გახდა ცხადი ახალი კავშირის ძალაში შესვლა?
3 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ მის მიერ დაღვრილი სისხლი ‘ახალი კავშირის სისხლი’ იყო (მათე 26:28, აქ; ლუკა 22:20). ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ იერუსალიმში ზემოთა ოთახში შეკრებილ 120 მოწაფეზე სულიწმიდის გადმოსვლისას ცხადი გახდა, რომ ახალი კავშირი ძალაში შევიდა (საქმეები 1:15; 2:1–4). ამ 120 მოწაფის ახალ კავშირში შეყვანით ნაჩვენები იქნა, რომ მან დააძველა „პირველი“ კავშირი, რჯულის კავშირი (ებრაელთა 8:13).
4. ჰქონდა თუ არა ძველ კავშირს ნაკლი? ახსენი.
4 ჰქონდა თუ არა ძველ კავშირს ნაკლი? არა. მართალია, მისი ახლით შეცვლას მოყვა ის, რომ ხორციელი ისრაელი უკვე აღარ იყო ღვთის განსაკუთრებული ხალხი (მათე 23:38). მაგრამ ამის მიზეზი ისრაელების დაუმორჩილებლობა და იეჰოვას ცხებულის უარყოფა იყო (გამოსვლა 19:5; საქმეები 2:22, 23). მიუხედავად ამისა, გაუქმებამდე რჯულმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. საუკუნეების განმავლობაში ის ღმერთთან მიახლოებისა და ცრუ რელიგიისგან დაცვის საშუალება იყო. რჯულში ახალი კავშირის აჩრდილი შეინიშნებოდა, ხოლო მასში მოცემული მსხვერპლშეწირვის მრავალგზისობა ადამიანის ცოდვისა და სიკვდილისგან გამოსყიდვის უკიდურეს საჭიროებაზე მიუთითებდა. მართლაც, რჯული ‘ქრისტესკენ წარმმართველი’ იყო (გალატელთა 3:19, 24; რომაელთა 3:20; 4:15; 5:12; ებრაელთა 10:1, 2). მაგრამ აბრაამისთვის დაპირებული კურთხევები ბოლომდე ახალი კავშირის საშუალებით უნდა შესრულებულიყო.
აბრაამის თესლის მეშვეობით ერების კურთხევა
5, 6. აბრაამთან დადებული კავშირის სულიერი გაგებით შესრულებაში, ძირითადად, ვინ არის აბრაამის თესლი და მისი მეშვეობით პირველად რომელმა ერმა მიიღო კურთხევა?
5 იეჰოვა აბრაამს დაჰპირდა: „იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა“ (დაბადება 22:18). ძველი კავშირის დაცვით მრავალმა თვინიერი გულის მქონე არაისრაელმა მიიღო კურთხევები ისრაელთან, აბრაამის ეროვნულ თესლთან ურთიერთობის შედეგად. მაგრამ, ძირითადად, ამ დანაპირების სულიერი გაგებით შესრულებაში აბრაამის თესლი ერთი სრულყოფილი მამაკაცი იყო. პავლემ ამის ახსნისას თქვა: «აბრაამს ეთქვა ეს აღთქმანი და მის თესლს [„აბრაამთან დადო ეს კავშირი და მის თესლთან“, აქ]. არ თქმულა: „შენს თესლთ“ — როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე: „შენს თესლს“, რომელიც არის ქრისტე» (გალატელთა 3:16).
6 დიახ, იესო არის აბრაამის თესლი და მისი მეშვეობით ღებულობენ ერები იმაზე ბევრად უკეთეს კურთხევებს, რომლებიც ხორციელი ისრაელის მეშვეობით იყო შესაძლებელი. მართლაც, პირველი ერი, რომელმაც ეს კურთხევა მიიღო, ისრაელი იყო. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან ცოტა ხნის შემდეგ მოციქულმა პეტრემ იუდეველთა ჯგუფს უთხრა: «თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა [„კავშირისა“, აქ], რომელიც აღუთქვა ღმერთმა ჩვენს მამებს, როცა უთხრა აბრაამს: შენს თესლში იკურთხებაო დედამიწის ყოველი მოდგმა! ღმერთმა, აღადგინა რა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხევლად, რათა მოგაქციოთ ყოველი თქვენი ბოროტი საქმიდან» (საქმეები 3:25, 26).
7. რომელმა ერებმა მიიღო კურთხევა იესოს, აბრაამის თესლის, მეშვეობით?
7 მალე ეს კურთხევა სამარიელებზე გავრცელდა, ხოლო შემდეგ წარმართებზეც (საქმეები 8:14–17; 10:34–48). დაახლოებით ახ. წ. 50–52 წლებში პავლემ გალატელ და მცირე აზიელ ქრისტიანებს მისწერა: «წერილმა, როცა წინასწარ განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებს წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაამს: „და იკურთხება შენში ყველა ერი“. ამიტომ ისინი, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან» (გალატელთა 3:8, 9; დაბადება 12:3). მიუხედავად იმისა, რომ გალატიაში მრავალი ქრისტიანი ‘წარმართი’ იყო, თავიანთი რწმენის საფუძველზე იესოს მეშვეობით ისინი კურთხეულნი იყვნენ. როგორ?
8. რა შედიოდა პავლეს დროინდელი ქრისტიანებისთვის აბრაამის თესლის მეშვეობით კურთხევაში და საბოლოოდ რამდენმა მიიღო ასეთი კურთხევა?
8 პავლე მიმართავდა ნებისმიერი წარმოშობის გალატელ ქრისტიანს: „თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაამის თესლი ხართ და აღთქმით მემკვიდრენი“ (გალატელთა 3:29). იმ გალატელებისთვის აბრაამის თესლის მეშვეობით მიღებულ კურთხევებში ახალ კავშირში შესვლაც შედიოდა, მასში შედიოდა აგრეთვე იესოს თანამემკვიდრეებად, იესოსთან ერთად აბრაამის თესლად, ყოფნა. ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენი იყო ძველი ისრაელის მოსახლეობა. ვიცით მხოლოდ ის, რომ ისინი „ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი“ გახდნენ (მესამე მეფეთა 4:20). მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იმ პიროვნებათა საბოლოო რიცხვი, ვინც იესოსთან ერთად შეადგენს სულიერი გაგებით თესლს, 144 000-ია (გამოცხადება 7:4; 14:1, აფ). ეს 144 000 გამოსულია „ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან“ და მონაწილეობას ღებულობენ იმის ხელმძღვანელობაში, რომ აბრაამთან დადებული კავშირის კურთხევები სხვებმაც მიიღონ (გამოცხადება 5:9).
წინასწარმეტყველება შესრულდა
9. როგორ აქვთ ახალ კავშირში მყოფებს წიაღში ჩადებული იეჰოვას კანონი?
9 ახალი კავშირის შესახებ წინასწარმეტყველებისას იერემია წერდა: «ეს არის ის აღთქმა [„კავშირი“, აქ], რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ» (იერემია 31:32). ახალ კავშირში შემავალი პიროვნებებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებას იეჰოვასადმი სიყვარულით მსახურება წარმოადგენს (იოანე 13:35; ებრაელთა 1:9). იეჰოვას რჯული მათ გულებზე აწერიათ და დიდი სურვილი აქვთ, შეასრულონ მისი ნება. მართალია, ძველ ისრაელშიც ზოგ ერთგულ პიროვნებას მთელი გულით უყვარდა იეჰოვას კანონი (ფსალმუნი 118:97). მაგრამ მრავალს არ უყვარდა. მიუხედავად ამისა, ისინი ამ ერის წარმომადგენლებად რჩებოდნენ. ახალ კავშირში კი ვერავინ დარჩება, თუ ღვთის კანონი გულზე არა აქვს დაწერილი.
10, 11. ახალ კავშირში მყოფთათვის როგორ ხდება იეჰოვა „მათი ღმერთი“ და როგორ ეყოლება ყველას ის შეცნობილი?
10 შემდეგ იეჰოვამ ახალ კავშირში მყოფებთან დაკავშირებით თქვა: „მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან“ (იერემია 31:32). ძველ ისრაელში, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ეთაყვანებოდა სხვა ხალხების ღმერთებს, მაინც ისრაელებად რჩებოდნენ. ახალი კავშირის საფუძველზე ხორციელი ისრაელი იეჰოვამ სულიერი ერით, ‘ღვთის ისრაელით’, შეცვალა (გალატელთა 6:16; მათე 21:43; რომაელთა 9:6–8). მაგრამ არავინ დარჩება ახალი სულიერი ერის შემადგენლობაში, თუ ის შეწყვეტს მხოლოდ იეჰოვასადმი თაყვანისცემას.
11 იეჰოვამ აგრეთვე თქვა: „ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე“ (იერემია 31:33). ისრაელში მრავალი, უბრალოდ, უგულებელყოფდა იეჰოვას და, ფაქტობრივად, ამბობდა: „არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო“ (სოფონია 1:12). არავინ დარჩება ღვთის ისრაელს შორის, თუ იეჰოვას უგულებელყოფს ან წმინდა თაყვანისმცემლობას ბილწავს (მათე 6:24; კოლასელთა 3:5). სულიერი ისრაელი ‘ღვთის მცოდნე ხალხია’ (დანიელი 11:32). ისინი დიდი სიამოვნებით ‘იღებენ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ შემეცნებას’ (იოანე 17:3). იესოს შესახებ ცოდნა აღრმავებს მათ შემეცნებას ღვთის შესახებ, ვინაიდან იესო საუკეთესოდ ‘აცხადებს’ ღმერთზე (იოანე 1:18; 14:9–11).
12, 13. ა) რის საფუძველზე პატიობს ცოდვებს იეჰოვა ახალ კავშირში მყოფებს? ბ) რით აღემატება ცოდვების მიტევებაში ახალი კავშირი ძველს?
12 ბოლოს იეჰოვა იძლევა დაპირებას: „ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს“ (იერემია 31:33ბ). მოსეს რჯულში მოცემული იყო ასობით დაწერილი კანონი, რომლის შესრულებისკენაც ისრაელებს მოუწოდებდნენ (მეორე რჯული 28:1, 2, 15). რჯულის ყველა დამრღვევი ცოდვების გამოსასყიდად მსხვერპლს სწირავდა (ლევიანნი 4:1–7; 16:1–31). მრავალ იუდეველს იმის რწმენა გაუჩნდა, რომ რჯულის თანახმად ცხოვრებით შეძლებდნენ ღვთის წინაშე მართლად წარდგომას. მაგრამ ქრისტიანებს ესმით, რომ ისინი თავიანთი საქმეებით ვერასოდეს დაიმსახურებენ ღვთის წინაშე მართლად წარდგომას. მათ ესმით, რომ შეუძლებელია არ შესცოდონ (რომაელთა 5:12). ახალი კავშირის საშუალებით ღვთის წინაშე მართლად წარდგომა მხოლოდ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზეა შესაძლებელი. და მაინც, მართლად წარდგომა ჯილდო, ღვთისგან ბოძებული მადლია (რომაელთა 3:20, 23, 24). იეჰოვა თავის მსახურებისგან კვლავ მორჩილებას მოითხოვს. პავლე ამბობს, რომ ახალ კავშირში ‘ქრისტეს რჯულიერები’ არიან (1 კორინთელთა 9:21).
13 მაშასადამე, ქრისტიანების ცოდვებისთვისაც შეწირულ იქნა მსხვერპლი, მაგრამ ეს უკანასკნელი ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე რჯულის კავშირის მოთხოვნის თანახმად შეწირული შესაწირავები. პავლე წერდა: „ყოველი მღვდელი [რჯულის კავშირში მყოფი] ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლთ, რომელთაც არასოდეს არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა. [იესომ] კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ“ (ებრაელთა 10:11, 12). რადგან ახალ კავშირში მყოფი ქრისტიანები იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას ავლენენ, იეჰოვა მათ მართლებად, უცოდველებად აცხადებს და ამგვარად, მათ სულიერ ძეებად ცხების ღირსად მიიჩნევს (რომაელთა 5:1; 8:33, 34; ებრაელთა 10:14–18). როდესაც არასრულყოფილების გამო სცოდავენ, მათ შეუძლიათ ღვთისგან მიტევება ითხოვონ და იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, იეჰოვაც პატიობს მათ (1 იოანე 2:1, 2). მაგრამ, თუ ისინი შეგნებულად სცოდავენ, კარგავენ ღვთის წინაშე მართლად წარდგომის პოზიციასა და ახალ კავშირში ყოფნის შესაძლებლობას (ებრაელთა 2:2, 3; 6:4–8; 10:26–31).
ძველი და ახალი კავშირი
14. რა წინადაცვეთა მოითხოვებოდა რჯულის კავშირის თანახმად? ახალი კავშირის თანახმად?
14 ძველ კავშირში მყოფი მამაკაცები რჯულის ქვეშევრდომობის ნიშნად წინადაცვეთილები იყვნენ (ლევიანნი 12:2, 3; გალატელთა 5:3). ქრისტიანული კრების დაფუძნების შემდეგ ზოგს ეგონა, რომ არაიუდეველ ქრისტიანებსაც უნდა წინადაეცვითათ. მაგრამ მოციქულებმა და იერუსალიმში მყოფმა უხუცესებმა ღვთის სიტყვისა და სულიწმიდის ხელმძღვანელობით გაიგეს, რომ ეს არ იყო აუცილებელი (საქმეები 15:1, 5, 28, 29). რამდენიმე წლის შემდეგ პავლემ თქვა: „იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე. არამედ იუდეველია ის, ვინც დაფარულად არის, და წინადაცვეთილობაა ის, რაც გულით არის, სულში და არა ასოში“ (რომაელთა 2:28, 29). ხორციელ წინადაცვეთას, წარმოშობით იუდეველებისთვისაც კი უკვე არ ჰქონდა იეჰოვას თვალში სულიერი ღირებულება. ახალ კავშირში მყოფებმა გულები უნდა წინადაიცვითონ და არა ხორცი. მათი აზროვნებიდან, სურვილებიდან თუ აღძვრებიდან ყველაფერი, რაც არასასიამოვნო ან უწმინდურია იეჰოვას თვალში, მოშორებულ უნდა იქნესa. დღეს მრავალი წარმოადგენს იმის ცოცხალ მაგალითს, რომ სულიწმიდის ძალით შესაძლებელია ამგვარი ცვლილებების მოხდენა (1 კორინთელთა 6:9–11; გალატელთა 5:22–24; ეფესელთა 4:22–24).
15. რა მსგავსება არსებობს ხორციელი ისრაელისა და სულიერი ისრაელის სამეფო მმართველობებს შორის?
15 რჯულის კავშირით იეჰოვა იყო ისრაელის მეფე, გარკვეული დროის შემდეგ კი ის თავის უზენაესობას იერუსალიმში მმართველი მეფეების მეშვეობით ახორციელებდა (ესაია 33:22). იეჰოვაა ღვთის ისრაელის, სულიერი ისრაელის, ღმერთიც და ახ. წ. 33 წლიდან ის იესო ქრისტეს მეშვეობით მმართველობს, რომელსაც მისცა „მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18; ეფესელთა 1:19–23; კოლასელთა 1:13, 14). დღეს ღვთის ისრაელი იესოს 1914 წელს დამყარებული ღვთის ზეციერი სამეფოს მეფედ აღიარებს. იესო ხიზკიაზე, იოშიასა და ძველი ისრაელის სხვა ერთგულ მეფეებზეც კი ბევრად უკეთესი მეფეა (ებრაელთა 1:8, 9; გამოცხადება 11:15).
16. რა სახის სამღვდელოებას წარმოადგენს ღვთის ისრაელი?
16 ისრაელი არა მარტო სამეფო იყო, არამედ ცხებული სამღვდელოებაც ჰყავდა. ახ. წ. 33 წელს ღვთის ისრაელმა შეცვალა ხორციელი ისრაელი და იეჰოვას ‘მორჩილი’, მისი ‘მოწმე’ გახდა (ესაია 43:10). ისრაელის მიმართ იეჰოვას სიტყვები, რომლებიც ესაიას 43:21-სა და გამოსვლის 19:5, 6-შია მოცემული, ამ დროიდან უკვე ღვთის სულიერ ისრაელს ეხებოდა. ღვთის ახალი სულიერი ერი გახდა ‘რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადონ [იეჰოვას] სათნოებანი’ (1 პეტრე 2:9). ღვთის ისრაელის ყველა წარმომადგენელი, როგორც კაცები, ისე ქალები, ერთიან სამღვდელოებას ქმნიან (გალატელთა 3:28, 29). როგორც აბრაამის თესლის მეორეხარისხოვანი ნაწილი, ისინი ამბობენ: „იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა“ (მეორე რჯული 32:43, მცხ). იმ სულიერი ისრაელიდან ჯერ კიდევ არიან დედამიწაზე დარჩენილები, რომლებიც ‘ერთგული და გონიერი მონის’ შემადგენლობაში არიან (მათე 24:45–47). მხოლოდ მათთან ურთიერთობითაა შესაძლებელი ღვთისათვის მისაღები წმინდა მსახურება.
ღვთის სამეფო — საბოლოო შესრულება
17. რომელ შობაზეა ლაპარაკი ახალ კავშირში მყოფებთან დაკავშირებით?
17 ძვ. წ. 1513 წლის შემდეგ დაბადებული ისრაელები დაბადებიდანვე რჯულის კავშირში იყვნენ. იეჰოვას მიერ ახალ კავშირში მიღებულებიც იბადებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში — სულიერად. იესომ ეს ფარისეველ ნიკოდემოსთან საუბრისას მოიხსენია: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე 3:3). ახ. წ. 33 წელს 120 მოწაფე გახდა არასრულყოფილი ადამიანებიდან პირველი ახლად შობილი. ახალი კავშირის მეშვეობით ისინი მართლებად არიან გამოცხადებული და სამეფო მემკვიდრეობის ‘საწინდარად’ სულიწმიდა აქვთ მიღებული (ეფესელთა 1:14). ისინი ‘სულის მიერ იყვნენ შობილი’, რათა ღვთის შვილობილები გამხდარიყვნენ, რამაც ისინი იესოს ძმებად და ამგვარად ‘ქრისტეს თანამემკვიდრეებად’ გახადა (იოანე 3:6; რომაელთა 8:16, 17). ‘ხელახლა შობამ’ მათ შესანიშნავი მომავლისკენ გაუხსნა გზა.
18. რა შესანიშნავი მომავლისკენ ხსნის გზას ახალ კავშირში მყოფთათვის ხელახლა შობა?
18 ახალი კავშირისთვის შუამავლობისას, იესომ კიდევ ერთი კავშირი შეკრა თავის მიმდევრებთან: „მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამაჩემმა სასუფეველი“ (ლუკა 22:29). ეს სამეფოსთან დაკავშირებით დადებული კავშირი გზას უხსნის დანიელის 7:13, 14, 22, 27-ში მოცემული ღირსშესანიშნავი ხილვის შესრულებას. დანიელმა იხილა ვიღაც „კაცის ძის მსგავსი“, რომელსაც ‘ძველი დღეთასგან’, იეჰოვა ღმერთისგან, სამეფო ძალაუფლება მიეცა. შემდეგ დანიელმა იხილა, რომ „სამეფოს წმიდანები დაეუფლნენ“. აქ აღწერილი „კაცის ძის მსგავსი“ პიროვნება არის იესო, რომელმაც 1914 წელს იეჰოვა ღმერთისგან ზეციერი სამეფო მიიღო. სულით ცხებული მოწაფეები კი „წმიდანები“, სამეფოში მისი თანამმართველები არიან (1 თესალონიკელთა 2:12). როგორ?
19, 20. ა) იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემული, რომელი დანაპირები შესრულდება ბრწყინვალედ საბოლოოდ ახალ კავშირში მყოფებზე? ბ) რომელი შემდგომი საკითხი უნდა განვიხილოთ?
19 მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ეს ცხებულები, იესოს მსგავსად, უკვდავი სულიერი ქმნილებები ხდებიან, რათა მასთან ერთად ზეციერ მეფეებად და მღვდლებად იმსახურონ (1 კორინთელთა 15:50–53; გამოცხადება 20:4, 6). რა დიდებული იმედია! ისინი „იმეფებენ [მთელ] დედამიწაზე“ და არა მხოლოდ ქანაანზე (გამოცხადება 5:10). დაიმკვიდრებენ ისინი ‘თავიანთ მტერთა ქალაქებს’? (დაბადება 22:17). დიახ, უეჭველია, ისინი ამას მაშინ გააკეთებენ, როდესაც მტრულად განწყობილი რელიგიური მეძავის, დიდი ბაბილონის, განადგურების მოწმეები გახდებიან, როდესაც, როგორც აღდგენილი ცხებულები, ქრისტესთან ერთად ერებს „რკინის კვერთხით“ დამწყემსავენ და როდესაც სატანას თავს გაუჭეჭყავენ. ამგვარად ისინი მონაწილეობას მიიღებენ დაბადების 3:15-ში მოცემული წინასწარმეტყველების საბოლოო დეტალის შესრულებაში (გამოცხადება 2:26, 27; 17:14; 18:20, 21; რომაელთა 16:20).
20 და მაინც შეიძლება ვიკითხოთ, შედის თუ არა აბრაამთან დადებულ კავშირსა და ახალ კავშირში მხოლოდ 144 000 ერთგული პიროვნება? არა, როგორც მომდევნო სტატიაში იქნება ნაჩვენები, მათი მეშვეობით იკურთხებიან ის სხვა პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ არ იმყოფებიან ამ კავშირში.
[სქოლიოები]
a იხილე ბიბლიის ორტომიანი ცნობარი, ტომი I, გვერდი 470; გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
გახსოვს თუ არა?
◻ როდის გამოჩნდა პირველად, რომ ახალი კავშირი ძალაში შევიდა?
◻ რა დანიშნულება შეასრულა ძველმა კავშირმა?
◻ ვინ არის პირველ რიგში აბრაამის თესლი და რა თანამიმდევრობით იკურთხა ერები მისი მეშვეობით?
◻ რა არის 144 000-ის წევრებისთვის აბრაამთან დადებული კავშირის საბოლოო დანაპირების შესრულება და რა — ახალი კავშირის?
[სურათი 15 გვერდზე]
ახალი კავშირით ცოდვების მიტევებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ძველი კავშირით ჰქონდა.