თავი 131
სრულიად უდანაშაულო მეფეს ძელზე აკრავენ
მათე 27:33—44; მარკოზი 15:22—32; ლუკა 23:32—43; იოანე 19:17—24
იესოს ძელზე აკრავენ
ძელზე გაკეთებული წარწერის გამო ბევრი მასხრად იგდებს იესოს
იესო ერთ ყაჩაღს ჰპირდება, რომ მარადიულად იცხოვრებს სამოთხეში დედამიწაზე
იესო იმ ადგილზე მიჰყავთ, სადაც ორ ყაჩაღთან ერთად ძელზე უნდა გააკრან. ამ ადგილს, რომელიც იერუსალიმის მახლობლად მდებარეობს, გოლგოთა, იგივე თხემი ეწოდება; მისი დანახვა შორიდანაც შეიძლება (მარკოზი 15:40).
სამივე მსჯავრდებულს ტანსაცმელს ხდიან, რის შემდეგაც ნაღველნარევ, სმირნით შეზავებულ გამაბრუებელ ღვინოს აწვდიან. როგორც ჩანს, ეს ღვინო იერუსალიმელმა ქალებმა შეაზავეს და რომაელებსაც არაფერი აქვთ საწინააღმდეგო, რომ ის ტკივილის შესამსუბუქებლად სიკვდილმისჯილებს დაალევინონ. თუმცა გასინჯვის შემდეგ იესო უარს ამბობს მის დალევაზე, რადგან არ სურს, საღი აზრი დაკარგოს ამ გადამწყვეტ მომენტში, მისთვის ყველაზე მძიმე განსაცდელის დროს. მას უნდა, რომ ბოლო წუთამდე გონზე იყოს და სიკვდილამდე ერთგული დარჩეს.
შემდეგ იესოს ძელზე აკრავენ (მარკოზი 15:25). ჯარისკაცები მას ხელ-ფეხით ალურსმავენ. ამ დროს ლურსმანი ხორცში ბოლომდე შედის და მყესებს გაივლის, რაც აუტანელ ტკივილს იწვევს. როდესაც ძელს მაღლა სწევენ, იესოსთვის ტკივილი კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება, რადგან სხეულის სიმძიმის გამო ჭრილობები პირს ხსნის. ამ ყველაფრის მიუხედავად, იესოს ბაგეს ერთი სალანძღავი სიტყვაც არ სცდება ჯარისკაცების მისამართით. ის ლოცულობს: „მამა, აპატიე მათ, არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34).
რომაელებს ჩვეულება ჰქონდათ, ძელზე გაკრული დამნაშავის თავთან წარწერა გაეკეთებინათ, სადაც აღნიშნული იყო, თუ რა დანაშაული ჩაიდინა მან. ახლა პილატე იესოს წამების ბოძზეც ამაგრებს წარწერას, რომელზეც ასეთი სიტყვებია: „იესო ნაზარეთელი, იუდეველთა მეფე“. ეს წარწერა სამ ენაზე, ებრაულზე, ლათინურსა და ბერძნულზეა გაკეთებული, რათა, რაც შეიძლება ბევრმა შეძლოს მისი წაკითხვა. ამით პილატე ზიზღს გამოხატავს იმ იუდეველების მიმართ, რომლებსაც იესოს სისხლი სწყურიათ. ამაზე უფროსი მღვდლები ბრაზდებიან და ეუბნებიან: «ნუ წერ: „იუდეველთა მეფე“, დაწერე როგორც მან თქვა: „მე ვარ იუდეველთა მეფე“». მაგრამ პილატეს აღარ სურს, კიდევ ერთხელ გაიაროს მათ ჭკუაზე და პასუხობს: „რაც დავწერე, დავწერე“ (იოანე 19:19—22).
განრისხებული მღვდლები კვლავ იმეორებენ იმ ცრუ ბრალდებას, რაშიც იესოს სინედრიონის წინაშე დასდეს ბრალი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გამვლელები დასცინიან, თავს აქნევენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას: „ეი, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო! იხსენი თავი და ჩამოდი წამების ბოძიდან“. უფროსი მღვდლები და მწიგნობრებიც მათ მსგავსად იქცევიან და ერთმანეთში ამბობენ: „აბა, ჩამოვიდეს ქრისტე, ისრაელის მეფე, წამების ბოძიდან, რომ დავინახოთ და ვირწმუნოთ“ (მარკოზი 15:29—32). მათთან ერთად იესოს გვერდით, მარცხნივ და მარჯვნივ, ბოძებზე გაკრული ყაჩაღებიც ლანძღავენ მას, არადა ის ერთადერთი უდანაშაულოა მათ შორის.
იესოს მასხრად ოთხი რომაელი ჯარისკაციც იგდებს; შესაძლოა მათ ძმარი დალიეს და ახლა იესოსაც აწვდიან ლერწამზე წამოგებულ ძმრით გაჟღენთილ ღრუბელს, თუმცა, როგორც ჩანს, არც ისე ახლოს, რომ ის ტუჩებით მისწვდეს მას და იგემოს. რომაელები დაცინვით იმეორებენ იმ სიტყვებს, რომლებიც იესოს თავთან მიმაგრებულ წარწერაზეა, და ამბობენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი თავი“ (ლუკა 23:36, 37). უბრალოდ დაფიქრდით: კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლეა, ახლა სრულიად დაუმსახურებლად დაცინვის და შეურაცხყოფის სამიზნე ხდება! თუმცა ის ყველაფერს მედგრად იტანს და ერთ საყვედურსაც არ ამბობს იქ შეკრებილი იუდეველების, რომაელი ჯარისკაცების და მის გვერდით ძელზე გაკრული ბოროტმოქმედების მისამართით.
ეს ჯარისკაცები იესოს მოსასხამს იღებენ და ოთხ ნაწილად ყოფენ. ისინი წილისყრით ინაწილებენ ამ მოსასხამს. ხოლო რაც შეეხება იესოს სამოსს, ის ძალიან ძვირფასია; მას ნაკერები არა აქვს და თავიდან ბოლომდე ნაქსოვია. ამიტომ ჯარისკაცები ერთმანეთში ამბობენ: „ნუ დავხევთ, კენჭი ვყაროთ და ვისაც შეხვდება, იმისი იყოს“. ამგვარად თავისდა უნებურად ასრულებენ წმინდა წერილებში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას: „ჩემი მოსასხამი გაინაწილეს და ჩემს სამოსელზე წილი ყარეს“ (იოანე 19:23, 24; ფსალმუნი 22:18).
რამდენიმე ხანში იესოს გვერდით ძელზე გაკრული ერთი ბოროტმოქმედი ხვდება, რომ იესო ნამდვილად მეფეა. ის მეორეს უწყრება: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია? შენც ხომ იგივე განაჩენი გამოგიტანეს. ჩვენ ღირსნი ვართ, რადგან ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ, ამ კაცს კი ცუდი არაფერი ჩაუდენია“. ამის შემდეგ კი იესოს შესთხოვს: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“ (ლუკა 23:40—42).
იესო ჰპირდება: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). ეს დანაპირები განსხვავდება იმისგან, რასაც იესო მოციქულებს დაჰპირდა, რომ ისინი მის სამეფოში ტახტებზე დასხდებოდნენ (მათე 19:28; ლუკა 22:29, 30). ამ იუდეველს შესაძლოა გაგებული აქვს მიწიერი სამოთხის შესახებ, სადაც თავდაპირველად იეჰოვამ ადამი და ევა დაასახლა და სადაც მათ შთამომავლებსაც უნდა ეცხოვრათ. სიკვდილის წინ ამ კაცს ნამდვილად ჩაესახა ნათელი მომავლის იმედი!