თავი 38
რატომ უნდა გვიყვარდეს იესო?
წარმოიდგინე, რომ ნავი, რომელშიც ზიხარ, იძირება. ხომ გინდა ვინმემ გადაგარჩინოს? ~ თუ ის საკუთარ სიცოცხლეს სწირავს შენს გადასარჩენად? ~ ზუსტად ეს გააკეთა იესო ქრისტემ. როგორც 37-ე თავიდან გავიგეთ, მან საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად ჩვენს გადასარჩენად.
მართალია იესომ დახრჩობისგან არ გადაგვარჩინა, მაგრამ გახსოვს, რისგან გვიხსნა? ~ ცოდვისა და სიკვდილისგან, რაც ყველამ მივიღეთ ადამისგან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს ბევრი ბოროტება აქვს ჩადენილი, იესო მათთვისაც მოკვდა. გასწირავდი საკუთარ სიცოცხლეს ასეთი ადამიანების გადასარჩენად? ~
ბიბლიაში ვკითხულობთ: „ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისთვის, თუმცა კარგი კაცისთვის შეიძლება მოკვდეს კიდეც ვინმე“. იქვე ნათქვამია, რომ იესო „უღმერთოთათვის მოკვდა“ ანუ მათთვის, ვინც ღმერთს არ ემსახურება! შემდეგ ვკითხულობთ: „ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით [ჯერ კიდევ ცუდ საქმეებს ვაკეთებდით]“ (რომაელები 5:6—8).
გახსოვს, რომელი მოციქული აკეთებდა წარსულში ძალიან ცუდ საქმეებს? ~ იმ მოციქულმა დაწერა: „ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ“. ამ სიტყვების ავტორი მოციქული პავლეა. მან თქვა, რომ ოდესღაც „უგუნური“ იყო და „ბოროტებით“ ცხოვრობდა (1 ტიმოთე 1:15; ტიტე 3:3).
დაფიქრდი, როგორ უყვარს ღმერთს ადამიანები. მან თავისი ძე გამოგზავნა, რათა ასეთი ადამიანებისთვის მომკვდარიყო! მოდი გადავშალოთ ბიბლია და წავიკითხოთ იოანეს მე-3 თავის მე-16 მუხლი: „ღმერთმა ქვეყნიერება [დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები] ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“.
იესომ დაამტკიცა, რომ მასაც ისევე ვუყვარვართ, როგორც მამამისს. ამ წიგნის 30-ე თავიდან ალბათ გახსოვს, რა გადაიტანა იესომ იმ ღამეს, როცა დააპატიმრეს. ის მღვდელმთავარ კაიაფას სახლში წაიყვანეს, სადაც სასამართლო მოუწყვეს. სასამართლოზე მიიყვანეს ცრუ მოწმეები, რომლებიც ცილს სწამებდნენ იესოს. ხალხი მუშტებს ურტყამდა მას. იმ ღამეს პეტრემაც უარყო, რომ იცნობდა იესოს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენც იქ ვართ და მოვლენებს თვალს ვადევნებთ.
თენდება. იესოს მთელი ღამე არ სძინებია. რადგან ღამით მოწყობილი სასამართლო არაკანონიერი იყო, მღვდლებმა სასწრაფოდ შეკრიბეს სინედრიონი ანუ იუდეველთა უმაღლესი სასამართლო და პროცესი ხელახლა გამართეს. ამჯერად იესოს ღვთის წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებაში ადანაშაულებენ.
შემდეგ მღვდლები იესოს ბოჭავენ და პილატესთან, რომის მმართველთან, მიჰყავთ. ისინი პილატეს ეუბნებიან: ‘იესო მთავრობის მოწინააღმდეგეა. ის უნდა მოკვდეს’. პილატე ხვდება, რომ მღვდლები სიცრუეს ამბობენ და ეუბნება: ‘ბრალს ვერაფერში ვდებ. უნდა გავათავისუფლო’. მაგრამ მღვდლები და სხვები ყვირიან: ‘არა! სიკვდილით დასაჯე!’
მოგვიანებით, პილატე კვლავ ცდილობს, იესოს გათავისუფლებას. მაგრამ მღვდლები ხალხს აქეზებენ, რომ იყვირონ: ‘თუ გაათავისუფლებ, შენც მთავრობის მოწინააღმდეგე იქნები! სიკვდილით დასაჯე!’ ხალხი უფრო და უფრო ღელავს. იცი, რას გააკეთებს პილატე? ~
ის ნებდება ხალხის მოთხოვნას. იესოს ჯერ აშოლტვინებს, შემდეგ ჯარისკაცებს გადასცემს, რათა სიკვდილით დასაჯონ. ჯარისკაცები იესოს თავზე ეკლის გვირგვინს ადგამენ, მის წინაშე მუხლს იყრიან და დასცინიან. შემდეგ ზურგზე დიდ ბოძს ანუ ძელს ჰკიდებენ და იმ ადგილზე მიჰყავთ, რომელსაც თხემის ადგილს უწოდებენ. აქ იესოს ძელზე აკრავენ; ფეხებსა და ხელებში ლურსმნებს არტყამენ და ძელს სწევენ. იესოს სხეულიდან სისხლი სდის. ის საშინელ ტკივილს განიცდის.
იესო მაშინვე არ კვდება. მას ძელზე ჩამოკიდებულს ტოვებენ. მღვდელმთავრები დასცინიან, გამვლელები კი ეუბნებიან: „თუ ღვთის ძე ხარ, ჩამოდი წამების ბოძიდან!“ იესომ იცის, რისთვის გამოგზავნა მამამ დედამიწაზე. მან იცის, რომ თავისი სრულყოფილი სიცოცხლე უნდა გაიღოს, რათა ჩვენ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცეს. დაახლოებით დღის სამ საათზე იესომ ზეციერ მამას ხმამაღლა შესძახა და მოკვდა (მათე 26:36—27:50; მარკოზი 15:1; ლუკა 22:39—23:46; იოანე 18:1—19:30).
როგორ განსხვავდებოდა იესო ადამისგან! ადამმა საქმეებით არ დაამტკიცა, რომ ღმერთი უყვარდა. ის არ დაემორჩილა ღმერთს. ადამმა არც ჩვენ მიმართ გამოავლინა სიყვარული. მისი ცოდვის გამო ჩვენ ყველანი ცოდვილები დავიბადეთ. იესომ კი სიყვარული ღვთისადმიც გამოავლინა და ჩვენდამიც. ის ყოველთვის ემორჩილებოდა ღმერთს. მან თავისი სიცოცხლე გაიღო, რათა ჩვენთვის ადამისგან მიღებული ცოდვა ჩამოეშორებინა.
მადლიერი ხარ იესოს მიერ გაღებული შესანიშნავი საჩუქრისთვის? ~ როცა ლოცულობ, ეუბნები ღმერთს მადლობას, რომ მან თავისი ძე შემოგვწირა? ~ მოციქული პავლე აფასებდა იმას, რაც ქრისტემ ჩვენთვის გააკეთა. პავლემ დაწერა: ღვთის ძემ „შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის“ (გალატელები 2:20). იესო ყველასთვის მოკვდა — შენთვისაც და ჩემთვისაც. მან თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო, ჩვენ რომ მარადიულად გვეცოცხლა! ამის გამო ნამდვილად უნდა გვიყვარდეს იესო.
მოციქულმა პავლემ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა: ‘ქრისტეს სიყვარულმა მოქმედებისკენ აღგვძრა’. რისი გაკეთებისკენ უნდა გვიბიძგოს ქრისტეს სიყვარულმა? შენ რას ფიქრობ? ~ ყურადღება მიაქციე პავლეს პასუხს: ‘ქრისტე ყველასთვის მოკვდა და მათ თავიანთთვის კი აღარ უნდა იცოცხლონ, არამედ მისთვის’ (2 კორინთელები 5:14, 15).
როგორ შეგიძლია აჩვენო, რომ გინდა, ქრისტესთვის იცხოვრო და მას ასიამოვნო? ~ მაგალითად, შეგიძლია მის შესახებ სხვებს მოუყვე. ან ასეთი რამ წარმოიდგინე: სახლში მარტო ხარ და ვერავინ გხედავს, რას აკეთებ: ვერც დედა, ვერც მამა და ვერც სხვა ადამიანი. უყურებ ტელევიზორში ისეთ გადაცემებს ან ინტერნეტში ისეთ რამეებს, რაზეც იცი, რომ იესოს არ მოეწონებოდა? ~ გახსოვდეს, იესო ცოცხალია და ყველაფერს ხედავს, რასაც ვაკეთებთ!
იესო კიდევ იმიტომ უნდა გვიყვარდეს, რომ გვსურს, იეჰოვას მივბაძოთ. იესომ თქვა: „მამას ... ვუყვარვარ“. იცი, რატომ უყვარს იეჰოვას იესო და რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენც? ~ გაიხსენე, იესო მზად იყო, ღვთის ნების შესასრულებლად მომკვდარიყო (იოანე 10:17). ამიტომ, მოდი ის გავაკეთოთ, რასაც ბიბლია გვეუბნება: „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში, როგორც ქრისტემ შეგიყვარათ და თქვენთვის საკუთარი თავი გადასცა ღმერთს შესაწირავად“ (ეფესოელები 5:1, 2).
უფრო მეტი მადლიერება რომ გამოვავლინოთ იესოსადმი იმისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა, წავიკითხოთ: იოანეს 3:35; 15:9, 10 და 1 იოანეს 5:11, 12.