სასწავლო სტატია 11
მოუსმინეთ იეჰოვას ხმას
„ეს არის ჩემი საყვარელი ძე . . . მას უსმინეთ“ (მათ. 17:5).
სიმღერა 89 უსმინეთ, იყავით მორჩილნი და მიიღეთ კურთხევები
მოკლე შინაარსიa
1, 2. ა) როგორ ურთიერთობდა იეჰოვა ადამიანებთან? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
იეჰოვას სიამოვნებს ჩვენთან ურთიერთობა. წარსულში ის წინასწარმეტყველების, ანგელოზებისა და თავისი ძის მეშვეობით გადასცემდა ხალხს სათქმელს (ამოს. 3:7; გალ. 3:19; გამოცხ. 1:1). დღეს იეჰოვა თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გვაწვდენს ხმას. მას სურს, ამ წიგნის დახმარებით ჩავწვდეთ მის აზროვნებასა და გზებს.
2 იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს სამჯერ გაისმა ზეციდან იეჰოვას ხმა. განვიხილოთ, რა თქვა იეჰოვამ, რის სწავლა შეგვიძლია მისი სიტყვებიდან და ჩვენ როგორ გვეხება მისი ნათქვამი.
„შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე“
3. მარკოზის 1:9—11-ის თანახმად, რა თქვა იეჰოვამ იესოს ნათლობის დროს და რომელი მნიშვნელოვანი მხარეები გამოიკვეთა ამ სიტყვებიდან?
3 მარკოზის 1:9—11-ში ჩაწერილია პირველი შემთხვევა, როცა იეჰოვამ ზეციდან დაილაპარაკა (წაიკითხეთ). მან თქვა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე. მე მოგიწონე“. როგორ გაუთბობდა იესოს გულს მამისგან სიყვარულისა და ნდობის გამომხატველი სიტყვების მოსმენა! ამ სიტყვებიდან იესოს შესახებ სამი მნიშვნელოვანი რამ იკვეთება. პირველი, იესო იეჰოვას ძეა; მეორე, იეჰოვას უყვარს ის; და მესამე, იეჰოვამ მოიწონა თავისი ძე. მოდი დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული მხარე.
4. რა ახალი ურთიერთობა დაიწყო ღმერთსა და იესოს შორის მას შემდეგ, რაც იესო მოინათლა?
4 „შენა ხარ ჩემი . . . ძე“. ამ სიტყვებით იეჰოვამ მიანიშნა, რომ მასა და მის საყვარელ ძეს, იესოს შორის ახალი ურთიერთობა დაიწყო. ზეცაში ყოფნის დროს იესო ღვთის სულიერი ძე იყო, ნათლობის შემდეგ კი ღვთის წმინდა სულით ცხებული ძე გახდა. ზემოხსენებული სიტყვებით ღმერთმა მიანიშნა, რომ იესოს, როგორც წმინდა სულით ცხებულ ძეს, ახლა უკვე ზეცაში დაბრუნებისა და ღვთის სამეფოს მეფედ და მღვდელმთავრად მსახურების იმედი ჰქონდა (ლუკ. 1:31—33; ებრ. 1:8, 9; 2:17). ამიტომ გასაგებია, რატომ უთხრა იეჰოვამ იესოს ნათლობის დროს: „შენა ხარ ჩემი . . . ძე“ (ლუკ. 3:22).
5. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და სხვების მიმართ სიყვარული და მოწონება გამოვხატოთ?
5 „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე“. იეჰოვას მაგალითი, რომელმაც თავისი ძის მიმართ სიყვარული და მოწონება გამოხატა, შეგვახსენებს, რომ ჩვენც უნდა ვეძებოთ სხვების გამხნევების შესაძლებლობები (იოან. 5:20). გვიხარია, როცა საყვარელი ადამიანები კარგი საქმეებისთვის გვაქებენ და ჩვენდამი სიყვარულს გამოხატავენ. მსგავსად, ოჯახისა თუ კრების წევრებს ჩვენგან სიყვარული და გამხნევება სჭირდებათ. როცა სხვებს ვაქებთ, ვაძლიერებთ მათ რწმენაში და ვეხმარებით, ერთგულად ემსახურონ იეჰოვას. მშობლებს განსაკუთრებით მართებთ შვილების გამხნევება. ბავშვებს ფრთები ესხმებათ, როცა მშობლები გულწრფელად აქებენ და სიყვარულს გამოხატავენ მათ მიმართ.
6. რატომ შეგვიძლია ვენდოთ იესო ქრისტეს?
6 „მე მოგიწონე“. ამ სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა ენდობოდა თავის ძეს და დარწმუნებული იყო, რომ ის ერთგულად შეასრულებდა მამის ნებას. თუკი იეჰოვა ენდობოდა იესოს, განა ჩვენ არ უნდა ვენდოთ, რომ ის ბოლომდე შეასრულებს იეჰოვას ყველა დაპირებას?! (2 კორ. 1:20). როცა იესოს მაგალითზე ვფიქრობთ, უფრო მეტად გვიჩნდება მისი მიბაძვის სურვილი. იეჰოვა თავის მსახურებსაც უცხადებს ნდობას და დარწმუნებულია, რომ, როგორც ჯგუფი, ისინი კვლავაც ერთგულად მიჰყვებიან იესოს ნაკვალევს (1 პეტ. 2:21).
„მას უსმინეთ“
7. მათეს 17:1—5-ის თანახმად, როდის გაისმა მეორედ იეჰოვას ხმა და რა თქვა მან?
7 წაიკითხეთ მათეს 17:1—5. მეორედ იეჰოვას ხმა ზეციდან იესოს გარდასახვის დროს გაისმა. იესო მაღალ მთაზე პეტრესთან, იაკობსა და იოანესთან ერთად ავიდა, სადაც მოციქულებმა დაუვიწყარი ხილვა იხილეს. იესოს სახე გაუნათდა და ტანსაცმელი გაუბრწყინდა. ორი მამაკაცი, რომლებიც მოსესა და ელიას განასახიერებდნენ, იესოს მომავალი სიკვდილისა და აღდგომის შესახებ ელაპარაკებოდნენ. სამივე მოციქულს ძილი მოერია, თუმცა გამოფხიზლების შემდეგ საოცარი რამ იხილეს (ლუკ. 9:29—32). ამის შემდეგ ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და ღრუბლიდან ღვთის ხმა გაისმა. როგორც ნათლობის დროს, იეჰოვამ ამჯერადაც გამოხატა თავისი ძის მიმართ სიყვარული და მოწონება. მან თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“. თუმცა ამჯერად დასძინა: „მას უსმინეთ“.
8. როგორ იმოქმედა ხილვამ იესოზე და მის მოწაფეებზე?
8 ამ ხილვაში წინასწარ გამოჩნდა იესოს, როგორც ღვთის სამეფოს მომავალი მეფის დიდება და ძალაუფლება. ეჭვგარეშეა, იესოს ეს ძალიან გაამხნევებდა და გააძლიერებდა, რომ ღირსეულად აეტანა წამება და მტანჯველი სიკვდილი. ხილვამ მის მოწაფეებსაც განუმტკიცა რწმენა. ეს დაეხმარა მათ, მზადყოფნით შეხვედროდნენ რწმენის გამოცდებს და არაერთი წლის მანძილზე ერთგულად შეესრულებინათ რთული დავალება. დაახლოებით 30 წლის შემდეგ მოციქულმა პეტრემ გაიხსენა იესოს გარდასახვის ხილვა, რითაც ცხადყო, რომ ცოცხლად ახსოვდა ეს მოვლენა (2 პეტ. 1:16—18).
9. რა პრაქტიკული რჩევა მისცა იესომ თავის მოწაფეებს?
9 „მას უსმინეთ“. ამ სიტყვებით იეჰოვამ იმის სურვილი გამოხატა, რომ მისი ძისთვის მოგვესმინა და მისადმი მორჩილება გამოგვევლინა. დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ ბევრი ყურადსაღები რამ თქვა. მაგალითად, მან მოწაფეებს სასიხარულო ცნობის ქადაგება ასწავლა და არაერთხელ შეახსენა სიფხიზლის აუცილებლობა (მათ. 24:42; 28:19, 20). იესომ თავის მოწაფეებს ისიც მოუწოდა, რომ ძალ-ღონე არ დაეშურებინათ „ვიწრო კარში შესასვლელად“ და ბოლომდე ებრძოლათ (ლუკ. 13:24). მან განსაკუთრებული ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მის მიმდევრებს უნდა ყვარებოდათ ერთმანეთი, ერთობა შეენარჩუნებინათ და მისი მცნებები დაეცვათ (იოან. 15:10, 12, 13). მისი მოწაფეებისთვის ეს რჩევა ნამდვილად პრაქტიკული იყო და მას დღემდე არ დაუკარგავს ფასი!
10, 11. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვუსმენთ იესოს?
10 იესომ თქვა: „ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა, ისმენს ჩემს ხმას“ (იოან. 18:37). ჩვენ ვისმენთ მის ხმას, როცა ვუთმენთ და მთელი გულით ვპატიობთ ერთმანეთს (კოლ. 3:13; ლუკ. 17:3, 4). იესოს ხმას მაშინაც ვისმენთ, როცა „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“ გულმოდგინედ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას (2 ტიმ. 4:2).
11 „ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას“, — თქვა იესომ (იოან. 10:27). ქრისტეს მიმდევრებისთვის იესოს მოსმენა მისი სიტყვებისთვის უბრალოდ ყურადღების მიქცევას კი არ ნიშნავს, არამედ მოსმენილის თანახმად ცხოვრებას. მათ ყურადღებას ვერ უფანტავს „ცხოვრებისეული საზრუნავი“ (ლუკ. 21:34). ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი მათთვის უმთავრესი იესოს მცნებების დაცვაა. ბევრი და-ძმა მძიმე განსაცდელებს ხვდება. ეს შეიძლება იყოს მოწინააღმდეგეების მხრიდან თავდასხმა, უკიდურესი სიღარიბე და სტიქიური უბედურებები. რისი ატანაც არ უნდა უწევდეთ, ისინი იეჰოვასადმი ერთგულებას ინარჩუნებენ. იესო მათ შემდეგი სიტყვებით ამხნევებს: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს“ (იოან. 14:21).
12. კიდევ როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვუსმენთ იესოს?
12 იესოს მოსმენის კიდევ ერთი საშუალება მათთან თანამშრომლობაა, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრია (ებრ. 13:7, 17). ბოლო პერიოდში ღვთის ორგანიზაციაში ბევრი ცვლილება მოხდა. ეს შეეხო შუა კვირის შეხვედრის ფორმატს, მსახურებაში ახალი მეთოდებისა და დამხმარე საშუალებების გამოყენებას, აგრეთვე სამეფო დარბაზების მშენებლობას, გარემონტებასა და მოვლა-პატრონობას. ჩვენ ძალიან ვემადლიერებით იმ ძმებს, რომლებიც ბევრს ფიქრობენ, რომ სიყვარულით გაგვიწიონ ხელმძღვანელობა. თუ მივყვებით ორგანიზაციის დროულ მითითებებს, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა აუცილებლად აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას.
13. რატომ არის კარგი იესოს მოსმენა?
13 იესოს მოსმენა ბევრ რამეში გვეხმარება. მან დაარწმუნა მოწაფეები, რომ მისი სწავლებები გამომაცოცხლებელი იქნებოდა, და უთხრა: „გამოცოცხლდება თქვენი სული“. შემდეგ კი დასძინა: „ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათ. 11:28—30). ღვთის სიტყვის, მათ შორის სახარებების კითხვა, რომლებიც იესოს ცხოვრებასა და მსახურებაზე მოგვითხრობს, გამომაცოცხლებლად მოქმედებს ჩვენზე, სულიერი ძალის აღდგენაში გვეხმარება და გვაბრძენებს (ფსალმ. 19:7; 23:3). იესომ თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკ. 11:28).
განვადიდებ ჩემს სახელს
14, 15. ა) იოანეს 12:27, 28-ის თანახმად, როდის დაილაპარაკა იეჰოვამ ზეციდან მესამედ? ბ) რატომ ანუგეშებდა და გააძლიერებდა იესოს იეჰოვას სიტყვები?
14 წაიკითხეთ იოანეს 12:27, 28. იოანეს სახარებაში აღწერილია მესამე შემთხვევა, როცა ზეციდან იეჰოვას ხმა გაისმა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესო იერუსალიმში წავიდა, რათა უკანასკნელი პასექი აღენიშნა. „ჩემი სული აფორიაქებულია“, — თქვა მან. შემდეგ კი იეჰოვას მიმართა ლოცვით: „მამა, განადიდე შენი სახელი“. მამამ ზეციდან მიუგო: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“.
15 იესო აფორიაქებული იყო, რადგან ესმოდა, რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრა — მას იეჰოვასადმი ერთგულება უნდა შეენარჩუნებინა. მან იცოდა, რომ დაუნდობელი წამება და საშინელი სიკვდილი ელოდა (მათ. 26:38). თუმცა იესოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზეციერი მამის სახელის განდიდება იყო. მას აღელვებდა, რომ ღვთის მგმობელის სახელით სიკვდილი ღმერთს შეურაცხყოფდა. უეჭველია, იესოს თვითრწმენას შემატებდა იეჰოვას სიტყვები! ის დარწმუნდებოდა, რომ იეჰოვას სახელი აუცილებლად განდიდდებოდა. მამის სიტყვები დიდად გაამხნევებდა მას და მომავალი განსაცდელების ასატანად გააძლიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამჯერად მხოლოდ იესომ გაიგო მამის ნათქვამი, იეჰოვამ იზრუნა, რომ მისი სიტყვები თითოეული ჩვენგანისთვის ჩაწერილიყო (იოან. 12:29, 30).
16. რატომ შეიძლება ვწუხდეთ იმაზე, რომ ღვთის სახელს ჩრდილი არ მიადგეს?
16 იესოს მსგავსად ჩვენც შეიძლება გვაღელვებდეს, რომ ჩრდილი არ მიადგეს იეჰოვას სახელს. შეიძლება ჩვენც ვართ უსამართლობის მსხვერპლი ან გვაფორიაქებს მოწინააღმდეგეების მიერ ჩვენზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. შესაძლოა გვაწუხებს, რომ ეს იეჰოვას სახელსა და მის ორგანიზაციას ჩრდილს მიაყენებს. ასეთ დროს ჩვენც დიდად გვანუგეშებს იეჰოვას სიტყვები, რომლებიც იესოს უთხრა. ამიტომ ამაზე ზედმეტად არ უნდა ვიწუხოთ. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს . . . [ჩვენს] გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 4:6, 7). იეჰოვას ხელს ვერაფერი შეუშლის თავისი სახელის განდიდებაში! სამეფოს მეშვეობით ის სატანისა და მისი ქვეყნიერების მიერ მიყენებულ ყოველგვარ ზიანს აუნაზღაურებს თავის ერთგულ მსახურებს (ფსალმ. 94:22, 23; ეს. 65:17).
იეჰოვას ხმის მოსმენა დღესაც გვამხნევებს
17. ესაიას 30:21-დან გამომდინარე, როგორ გველაპარაკება დღეს იეჰოვა?
17 იეჰოვა დღესაც გველაპარაკება (წაიკითხეთ ესაიას 30:21). მართალია, პირდაპირ ზეციდან არ გვესმის მისი ხმა, მაგრამ ის თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გვასწავლის და გვხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ღვთის სული „ერთგულ და გონიერ მმართველს“ აღძრავს, რომ სულიერი საზრდო არ მოაკლოს იეჰოვას მსახურებს (ლუკ. 12:42). დღეს მართლაც უამრავი სულიერი საზრდო გვაქვს, იქნება ეს ბეჭდური თუ ელექტრონული პუბლიკაციები და ვიდეო თუ აუდიომასალა.
18. როგორ გმატებთ გაბედულებას და რწმენას იეჰოვას სიტყვები?
18 მოდი ყოველთვის გვახსოვდეს იეჰოვას სიტყვები, რომლებიც განკაცებულ იესოს უთხრა! დაე, ბიბლიაში ჩაწერილმა ღვთის სიტყვებმა განგვიმტკიცოს რწმენა, რომ იეჰოვა ყველაფერს აკონტროლებს და სატანისა და მისი ბოროტი ქვეყნიერებისგან მოყენებულ ყველა ზიანს აგვინაზღაურებს. მოდი გადაწყვეტილი გვქონდეს, ყურადღებით მოვუსმინოთ იეჰოვას ხმას! ეს დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას როგორც დღეს, ისე მომავალში. ბიბლია შეგვახსენებს: „მოთმინება გჭირდებათ, რომ შეასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ დანაპირები“ (ებრ. 10:36).
სიმღერა 4 „იეჰოვაა ჩემი მწყემსი“
a იესოს დედამიწაზე მსახურების პერიოდში სამჯერ გაისმა ღვთის ხმა ზეციდან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს იეჰოვამ მოუწოდა ქრისტეს მოწაფეებს, მოესმინათ მისი ძისთვის. დღეს იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით გვაწვდენს ხმას, რომელიც იესოს სწავლებებსაც შეიცავს. გარდა ამისა, ის თავისი ორგანიზაციის მეშვეობითაც გველაპარაკება. ამ სტატიაში განვიხილავთ, რატომ არის ჩვენთვისვე კარგი, მოვუსმინოთ იეჰოვას და იესოს.
b სურათის აღწერა: უხუცესი ამჩნევს, როგორ უვლის ახალგაზრდა მომსახურე სამეფო დარბაზს და როგორ ასრულებს თავის პასუხისმგებლობას ლიტერატურის მაგიდასთან. უხუცესი მას გულთბილად აქებს.
c სურათის აღწერა: წყვილი სიერა-ლეონეში მეთევზეს კრების შეხვედრაზე მოსაწვევს სთავაზობს.
d სურათის აღწერა: მოწმეები სახლში ატარებენ კრების შეხვედრას, რადგან მათ ქვეყანაში ჩვენი საქმიანობა აკრძალულია. ზედმეტი ყურადღება რომ არ მიიპყრონ, მათ არაოფიციალურად აცვიათ.