თავი 71
ფარისევლები უპირისპირდებიან უკვე თვალხილულ კაცს
ფარისევლები უპირისპირდებიან კაცს, რომელიც ერთ დროს ბრმა იყო
რელიგიური წინამძღოლები „ბრმები“ არიან
ფარისევლები, რომლებსაც არ სურთ იმის აღიარება, რომ იესომ მხედველობა დაუბრუნა დაბადებიდან ბრმა კაცს, მის მშობლებს უხმობენ. ამ კაცის მშობლები შიშობენ, ვაითუ სინაგოგიდან მოკვეთონ (იოანე 9:22). ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა იუდეველებისგან გარიყულები იქნებიან და სიდუხჭირეში მოუწევთ ცხოვრება.
ფარისევლები მათ ორ კითხვას უსვამენ: „ეს არის თქვენი ვაჟი, რომელზეც ამბობთ, უსინათლო დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“. ამაზე ისინი პასუხობენ: „ვიცით, რომ ეს ჩვენი ვაჟია და უსინათლო დაიბადა, მაგრამ როგორ მოხდა, რომ ახლა ხედავს, არ ვიცით. არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი“. შესაძლოა მათ შვილი მოუყვა მომხდარის შესახებ, მაგრამ ისინი სიფრთხილეს იჩენენ და ამბობენ: „მას ჰკითხეთ; პატარა აღარ არის, თავის თავზე თვითონ ილაპარაკოს“ (იოანე 9:19—21).
ამის მოსმენაზე ფარისევლები ისევ იხმობენ ამ კაცს და დაშინების მიზნით ეუბნებიან, რომ იესოს წინააღმდეგ სამხილი აქვთ. „დიდება მიაგე ღმერთს, — მოითხოვენ ფარისევლები მისგან. — ჩვენ ვიცით, რომ ეგ კაცი ცოდვილია“. კაცი ცდილობს, სხვა მიმართულებით წაიყვანოს საუბარი და ეუბნება მათ: „ცოდვილია თუ არა, არ ვიცი“. მაგრამ აქვე დასძენს: „ერთი ის ვიცი, რომ უსინათლო ვიყავი და ახლა ვხედავ“ (იოანე 9:24, 25).
ფარისევლები ამით არ კმაყოფილდებიან და ეკითხებიან: „რა გაგიკეთა? როგორ აგიხილა თვალი?“. კაცი გაბედულად პასუხობს: „უკვე გითხარით და არ მომისმინეთ. რად გინდათ, მეორედ მოისმინოთ? თქვენც მისი მოწაფეობა ხომ არ გსურთ?“. ამის გაგონებაზე ფარისევლები რისხდებიან და კაცს ბრალს სდებენ: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი, ეს კაცი კი არ ვიცით, საიდან არის“ (იოანე 9:26—29).
ამაზე კაცი პასუხობს: „საკვირველიც ის არის, რომ არ იცით, საიდან არის, მე კი თვალი ამიხილა“. შემდეგ დამაჯერებელი საბუთი მოჰყავს იმის თაობაზე, თუ ვის უსმენს ღმერთი და ვის იწონებს: „ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს, მაგრამ ვისაც ღვთის შიში აქვს და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს. არავის გაუგონია, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადდაბადებულისთვის“. ბოლოს ასეთ დასკვნას აკეთებს: „ის რომ ღვთისგან არ იყოს, ვერაფერს გააკეთებდა“ (იოანე 9:30—33).
ფარისევლები, რომლებსაც არ ძალუძთ, საწინააღმდეგო აზრი გამოთქვან, კაცს შეურაცხყოფას აყენებენ: „შენ ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“. შემდეგ გარეთ აგდებენ მას (იოანე 9:34).
როდესაც იესო მომხდარის შესახებ იგებს, პოულობს კაცს, რომელსაც თვალისჩინი დაუბრუნა და ეკითხება: „გწამს კაცის ძე?“. კაცი პასუხობს: „ვინ არის ის, ბატონო, რომ ვირწმუნო?“. იესო ისეთ რამეს ეუბნება, რომ მას ეჭვის არანაირი საფუძველი არ რჩება: „შენ გინახავს იგი. ვინც გელაპარაკება, ის არის“ (იოანე 9:35—37).
პასუხად კაცი ეუბნება: „მწამს, უფალო“ და მდაბლად თაყვანს სცემს იესოს, რითაც აჩვენებს, რომ სწამს მისი და პატივისცემას ავლენს მის მიმართ. შემდეგ იესო მას ღრმა მნიშვნელობის სიტყვებს ეუბნება: „ქვეყნიერებაზე გასასამართლებლად მოვედი, რათა ვინც ვერ ხედავს, დაინახოს, ხოლო ვინც ხედავს, დაბრმავდეს“ (იოანე 9:38, 39).
იქვე ახლოს ზოგი ფარისეველიც იმყოფება, რომელთაც ესმით იესოს სიტყვები. მართალია, ისინი პირდაპირი გაგებით არ არიან ბრმები, მაგრამ განა შეიძლება ეწოდოთ სულიერი მწყემსები, რაზეც თავად აცხადებენ პრეტენზიას? ფარისევლები თავის დასაცავად ამბობენ: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“. იესო პასუხობს: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ, რადგან ამბობთ, ვხედავთო, თქვენი ცოდვა რჩება“ (იოანე 9:40, 41). ისრაელი ერის სულიერი მოძღვრები რომ არ ყოფილიყვნენ, მაშინ იესო მათ ასე მკაცრად არ განსჯიდა იმის გამო, რომ უარყვეს იგი. მაგრამ მათი მხრიდან იესოს უარყოფა სერიოზული ცოდვა იმიტომაა, რომ მათ კარგად იციან კანონი.