მათ შეასრულეს იეჰოვას ნება
ყველაზე დიდებული ადამიანი თავმდაბლურად ემსახურება სხვებს
იესომ იცოდა, რომ მოციქულებთან ყოფნის ბოლო საათები ძვირფასი იქნებოდა. სულ მალე მას დააპატიმრებდნენ და მისი რწმენა გამოიცდებოდა ისე, როგორც არასდროს. აგრეთვე იცოდა, რომ დიდი კურთხევები ელოდა: მალე განდიდდებოდა ღვთის მარჯვნივ და მიეცემოდა „ყველა სახელზე უმაღლესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს მუხლი ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელისამ“ (ფილიპელთა 2:9, 10, აფ).
მაგრამ იესოსთვის არც მოახლოებულ სიკვდილზე წუხილსა და არც დაპირებული ჯილდოს მოლოდინს შეუშლია ხელი, ეზრუნა მოციქულების საჭიროებებზე. მას „ბოლომდე უყვარდა ისინი“, — წერს იოანე თავის სახარებაში (იოანე 13:1). სრულყოფილი ადამიანური ცხოვრების კრიტიკულ ბოლო საათებში იესომ თავის მოციქულებს მნიშვნელოვანი მაგალითი დაუტოვა.
თავმდაბლობის მაგალითი
მოციქულები იერუსალიმში, ზემოთა ოთახში, იესოსთან ერთად იყვნენ პასექის აღსანიშნავად. მანამდე იესოს მოსმენილი ჰქონდა, რომ ისინი კამათობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი (მათე 18:1; მარკოზი 9:33, 34). იესო არაერთხელ ესაუბრა მოწაფეებს ამის თაობაზე და შეეცადა, მათი თვალსაზრისი შეეცვალა (ლუკა 9:46). მაგრამ ამჯერად ამ მიზნის მისაღწევად სხვა მეთოდი გამოიყენა. მან არჩია, არა მხოლოდ ესაუბრა მათთან თავმდაბლობაზე, არამედ თვალსაჩინოდ ეჩვენებინა.
იესო „წამოდგა სერობიდან, გადადო ზემო სამოსელი, — წერს იოანე. — აიღო ტილო და წელზე შემოირტყა. შემდეგ ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფეხის ბანა და იმ ტილოთი შემშრალება, რომელიც წელზე ერტყა“ (იოანე 13:4, 5).
ძველად ახლო აღმოსავლეთში თბილი კლიმატის გამო სანდლებს ატარებდნენ. როდესაც სტუმარი, რომელმაც მტვრიანი გზა გაიარა, ღარიბის სახლში შედიოდა, მასპინძელი ესალმებოდა და ფეხების დასაბანად საბანელი და წყალი მიჰქონდა. შეძლებულთა ოჯახებში ამ სტუმარს მონა ჰბანდა ფეხებს (მსაჯულნი 19:21; პირველი მეფეთა 25:40–42).
ზემოთა ოთახში იესო და მისი მოციქულები არავის სტუმრები არ იყვნენ. იქ არც მასპინძელი იყო, საბანელი რომ მიეტანა, და არც მონები იყვნენ, ფეხები რომ დაებანინებინათ. როდესაც იესომ მათ ფეხების დაბანა დაუწყო, მოციქულები უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, რადგან მათ შორის ყველაზე დიდებული, თავმდაბლურად ემსახურებოდა მათ.
თავდაპირველად პეტრემ იუარა, რომ იესოს მისთვის ფეხები დაებანა, მაგრამ შემდეგი პასუხი მიიღო: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი“. როდესაც იესომ ყველა მოციქულს დაბანა ფეხები, თქვა: „იცით რა გიყავით? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს. სწორად ამბობთ, რადგანაც ვარ. ამიტომ, თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ“ (იოანე 13:6–15).
იესო ფეხების დაბანის რიტუალს კი არ აწესებდა, არამედ ეხმარებოდა თავის მოწაფეებს, ახლებურად ეაზროვნათ: ყოფილიყვნენ თავმდაბლები და ჰქონოდათ სურვილი, მომსახურებოდნენ ძმებს. როგორც ჩანს, მათ ეს აზრი გაიგეს. გავიხსენოთ, რა მოხდა რამდენიმე წლის შემდეგ, როცა წინადაცვეთის საკითხი ირჩეოდა. თუმცა ‘ხანგრძლივი მსჯელობა’ გაიმართა, დამსწრეები წესრიგს იცავდნენ და პატივისცემით ისმენდნენ ერთმანეთის აზრებს. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოციქულებიც იყვნენ, შეხვედრას მოწაფე იაკობი უძღვებოდა. „საქმეებში“ მოყვანილი ეს ცნობა გვიჩვენებს, რომ მოციქულებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს თავმდაბლობის გამოვლენაში (საქმეები 15:6–29).
მისაბაძი მაგალითი
მოწაფეებისთვის ფეხების დაბანით იესომ თავმდაბლობის ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა. მართლაცდა, ქრისტიანმა არ უნდა იფიქროს, რომ ის ისეთი განსაკუთრებულია, რომ ყოველთვის სხვები უნდა მოემსახურონ. განდიდებისა და პრესტიჟისკენ კი არ უნდა ისწრაფოდეს, არამედ უნდა მიბაძოს იესოს მაგალითს, რომელიც ‘არ მოსულა იმისათვის, რომ მას მომსახურებოდნენ, არამედ იმისათვის, რომ თავად მომსახურებოდა და თავი შეეწირა მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28). დიახ, იესოს მიმდევრები მზად უნდა იყვნენ, თავმდაბლურად მოემსახურონ ერთმანეთს.
სწორედ ამიტომ დაწერა პეტრემ: „შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (1 პეტრე 5:5). ბერძნული სიტყვა „შემოსვა“ წარმოქმნილია სიტყვიდან, რომლის მნიშვნელობაც არის „მონის წინსაფარი“, რომელიც მონას გაშვებულ ტანსაცმელზე ჰქონდა შემორტყმული. იქნებ პეტრე იმაზე მიუთითებდა, იესომ წელზე ტილო რომ შემოირტყა და მოციქულებს ფეხები დაბანა? დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იესოს თავმდაბლურმა მსახურებამ წარუხოცელი შთაბეჭდილება დატოვა პეტრეზე, რამაც ანალოგიურად უნდა იმოქმედოს ქრისტეს მიმდევრებზე (კოლასელთა 3:12–14).