თავი 1
შენ შეგიძლია გქონდეს ბედნიერი მომავალი!
1, 2. რა სურს შენთვის შემოქმედს?
საყვარელი პიროვნების მიერ გულში თბილად ჩაკვრა. მეგობრებთან ერთად სადილობის დროს გულწრფელი სიცილი. მხიარულად მოთამაშე შენი ბავშვების მზერით ტკბობა. ამის მსგავსი წუთები ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთებია. მაგრამ მრავალი ადამიანისთვის ცხოვრებას, როგორც ჩანს, ერთიმეორეზე მიყოლებით მოაქვს სერიოზული პრობლემები. თუ შენც გამოგიცდია იგივე, გულს ნუ გაიტეხ, გამაგრდი.
2 ღმერთის სურვილია, რომ შენ დატკბე შესანიშნავ გარემოში საუკეთესო პირობებითა და ხანგრძლივი ბედნიერებით. და ეს არ არის მხოლოდ ოცნება, რადგან ღმერთი ნამდვილად გთავაზობს ასეთი ბედნიერი მომავლის გასაღებს. ეს გასაღები არის შემეცნება.
3. რომელი შემეცნება წარმოადგენს ბედნიერების გასაღებს და რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღმერთს შეუძლია უზრუნველგვყოს ასეთი შემეცნებით?
3 ჩვენ ვისაუბრებთ განსაკუთრებული სახის შემეცნებაზე, რომელიც აღემატება ადამიანთა სიბრძნეს. ეს არის ‘ღვთის შემეცნება’ (იგავნი 2:5). დაახლოებით 2 000 წლის წინ, ბიბლიის ერთ-ერთმა მწერალმა თქვა: „ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს ამშენებელი ღმერთია“ (ებრაელთა 3:4). მხოლოდ დაფიქრდი იმ ცოდნის შესახებ, რომელსაც ყოველივეს შემოქმედი უნდა ფლობდეს! ბიბლია მოგვითხრობს, რომ ღმერთს აღნუსხული აქვს ყველა ვარსკვლავი და თითოეულს უწოდებს სახელს. რა განსაცვიფრებელი აზრია, რადგან ჩვენს გალაქტიკაში არსებობს ასობით მილიარდი ვარსკვლავი და ასტრონომები იუწყებიან, რომ არის დაახლოებით ასი მილიარდი სხვა გალაქტიკაც! (ფსალმუნი 146:4). ღმერთმა, აგრეთვე, ჩვენს შესახებაც იცის ყველაფერი, ამიტომ ვის შეეძლო უკეთესად ეპასუხა ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე? (მათე 10:30).
4. რატომ უნდა მოველოდეთ, რომ ღმერთი უზრუნველგვყოფს ინსტრუქციებით ხელმძღვანელობისთვის და რომელი წიგნი აკმაყოფილებს ამ საჭიროებას?
4 წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: ორი ადამიანი ცდილობს თავიანთი ავტომობილების შეკეთებას. ერთი გულგატეხილი ყრის სამუშაო იარაღებს. მეორე მშვიდად უმკლავდება პრობლემას, ატრიალებს გასაღებს და იღიმება, რადგან მანქანა იქოქება და ნელ-ნელა იძვრება ადგილიდან. ალბათ, შენთვის ძნელი არ იქნება მიხვდე, ამ ორიდან რომელს ჰქონდა ინსტრუქცია მწარმოებლისგან. განა გონივრული არ არის ვიფიქროთ, რომ ღმერთი უზრუნველგვყოფდა ინსტრუქციებით, რითაც ვიხელმძღვანელებდით ცხოვრებაში? შეიძლება შენთვის ცნობილია ბიბლიის პირდაპირი განაცხადი, რომ ის არის სასწავლო და სახელმძღვანელო წიგნი ჩვენი შემოქმედისგან, განკუთვნილი იმისთვის, რომ გადმოგვცეს ღვთის შემეცნება (2 ტიმოთე 3:16).
5. რამდენად ძვირფასია შემეცნება, რომელსაც შეიცავს ბიბლია?
5 თუ ბიბლიის მტკიცება ჭეშმარიტია, შენ მხოლოდ წარმოიდგინე, რა შემეცნების განძს უნდა შეიცავდეს ის! იგავნის 2:1–5-ში ბიბლია მოგვიწოდებს, ისე ვეძებოთ სიბრძნე, როგორც შევეცდებოდით საიდუმლო განძის ამოთხრას, არა ადამიანთა აზრების წიაღში, არამედ ღმერთის სიტყვაში. თუ ვეძებთ იქ, ‘მოვიპოვებთ ღვთის შემეცნებას’. რადგან ღმერთმა იცის ჩვენი შეზღუდვები და მოთხოვნილებები, ის გვაძლევს ინსტრუქციას, რომელიც დაგვეხმარება, ვიცხოვროთ მშვიდობიანად და ბედნიერად (ფსალმუნი 102:14; ესაია 48:17). უფრო მეტიც, ღვთის შემეცნება გვაძლევს ამაღელვებელ კეთილ ცნობებს.
მარადიული სიცოცხლე!
6. როგორი მტკიცება მოგვცა იესომ ღვთის შემეცნების შესახებ?
6 კარგად ცნობილმა ისტორიულმა პიროვნებამ, იესო ქრისტემ, ნათლად წარმოგვიდგინა ეს განსაკუთრებული ღვთის შემეცნება. მან განაცხადა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და ვინც შენ წარმოგზავნე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). შენ მხოლოდ წარმოიდგინე — შემეცნება, რომელიც მიმყვანია მარადიულ სიცოცხლემდე!
7. საიდან ვიცით, რომ ღმერთს არ განუზრახავს ადამიანებისთვის სიკვდილი?
7 სწრაფად ნუ უარყოფ მარადიულ სიცოცხლეს, როგორც მხოლოდ ოცნებას. ამის მაგივრად, შეხედე იმას, თუ როგორაა შექმნილი ადამიანის სხეული. ის ისე საოცრად არის კონსტრუირებული, რომ მას აქვს: გემოვნების, სმენის, ყნოსვის, მხედველობისა და შეხების გრძნობები. რამდენი რამეა დედამიწაზე, რითაც შეიძლება დატკბეს შენი გრძნობები — გემრიელი საკვები, ჩიტების სასიამოვნო გალობა, სურნელოვანი ყვავილები, შესანიშნავი პეიზაჟი, სასიამოვნო ურთიერთობა! ჩვენი განსაცვიფრებელი ტვინი, რომელიც ყველანაირ მძლავრ კომპიუტერს აღემატება, შესაძლებლობას გვაძლევს, დავაფასოთ ყოველივე ეს და დავტკბეთ ყოველივე ამით. ნუთუ შენ ფიქრობ, რომ ჩვენს შემოქმედს სურს, მოვკვდეთ და დავკარგოთ ეს ყველაფერი? განა უფრო გონივრული არ იქნებოდა, დასკვნა გამოგვეტანა, რომ მას სურს ვიცხოვროთ ბედნიერად და დავტკბეთ მარადიული სიცოცხლით? აი, რას შეიძლება ნიშნავდეს შენთვის ღვთის შემეცნება.
ცხოვრება სამოთხეში
8. რას ლაპარაკობს ბიბლია კაცობრიობის მომავლის შესახებ?
8 რასაც ბიბლია ლაპარაკობს დედამიწისა და ადამიანების მომავლის შესახებ, შეგვეძლო შეგვეჯამებინა ერთი სიტყვით — სამოთხე! ამის შესახებ თქვა იესო ქრისტემ, როდესაც შეჰპირდა მომაკვდავ ადამიანს: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). სამოთხის ხსენებამ, უეჭველია, მიახვედრა ის ადამიანი, თუ რამდენად ბედნიერები იყვნენ ჩვენი წინაპრები, ადამი და ევა. როდესაც ღმერთმა ისინი შექმნა, იყვნენ სრულყოფილები და ცხოვრობდნენ პარკის მსგავს ბაღში, რომელიც შემოქმედმა მათთვის გააშენა და მოაწყო. მას შესაფერისი სახელი ერქვა — ედემის ბაღი — რაც ნეტარებაზე მიუთითებს.
9. როგორი ცხოვრება იყო თავდაპირველად სამოთხეში?
9 რა თვალწარმტაცი იყო ის ბაღი! ნამდვილი სამოთხე. მის შესანიშნავ ხეებს შორის იყო ისეთები, რომლებიც გემრიელ ნაყოფს ისხამდა. რადგან ადამმა და ევამ შეისწავლეს თავიანთი სამფლობელო, სვამდნენ მტკნარ წყალს და კრეფდნენ ნაყოფს ხეებიდან, მათ არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ, საზრუნავით ან შიშით ყოფილიყვნენ მოცული. ცხოველებიც კი მშვიდობიანები იყვნენ, რადგან ღმერთმა ისინი დაუქვემდებარა პირველი მამაკაცისა და მისი მეუღლის სიყვარულით აღსავსე ბატონობას. გარდა ამისა, ადამიანთა პირველ წყვილს ჰქონდა შესანიშნავი ჯანმრთელობა. სანამ ისინი ღმერთის ერთგულები იყვნენ, ბედნიერი, მარადიული მომავალი მოელოდათ. მათ მიცემული ჰქონდათ დამაკმაყოფილებელი სამუშაო, რომ ეზრუნათ თავიანთ შესანიშნავ სამოთხეზე. შემდეგ ღმერთმა ადამსა და ევას მისცა დავალება, ‘შეევსოთ დედამიწა და დაუფლებოდნენ მას’. მათ და მათ შთამომავლებს უნდა გაეფართოებინათ სამოთხის ფარგლები, სანამ მთელი პლანეტა არ გადაიქცეოდა სილამაზისა და ნეტარების ადგილად (დაბადება 1:28).
10. რას გულისხმობდა იესო, როდესაც სამოთხის შესახებ ლაპარაკობდა?
10 როდესაც იესომ ახსენა სამოთხე, მას არ აღუძრავს მომაკვდავი პიროვნება, ეფიქრა შორეული წარსულის შესახებ. არა, იესო მომავალზე ლაპარაკობდა! მან იცოდა, რომ მთელი დედამიწა უნდა გადაქცეულიყო სამოთხედ. ამგვარად შეასრულებდა ღმერთი თავის თავდაპირველ განზრახვას ადამიანებისა და დედამიწისთვის (ესაია 55:10, 11). დიახ, სამოთხე აღდგენილი იქნება! როგორი იქნება ის? მოდი, მივმართოთ ღმერთის სიტყვის, წმინდა ბიბლიის, პასუხს.
ცხოვრება აღდგენილ სამოთხეში
11. რა დაემართება ავადმყოფობას, სიბერესა და სიკვდილს აღდგენილ სამოთხეში?
11 ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი აღარ იქნება. „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:5, 6). „თვით ღმერთი იქნება მათთან [ადამიანებთან]. და შეაშრობს ღმერთი მათ თვალებზე ყოველგვარ ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი; და აღარც გლოვა, აღარც ტირილი და აღარც ტანჯვა აღარ იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი“ (გამოცხადება 21:3, 4, სსგ).
12. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მომავალ სამოთხეში აღარ იქნება დამნაშავეობა, ძალადობა, ბოროტება?
12 დამნაშავეობა, ძალადობა და ბოროტება სამუდამოდ გაქრება. „ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან. . . კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი. . . აღარ იქნება იგი. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ (ფსალმუნი 36:9–11). „ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავნი 2:22).
13. როგორ დაამყარებს ღმერთი მშვიდობას?
13 მთელ დედამიწაზე გავრცელდება მშვიდობა. „[ღმერთი] შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს“ (ფსალმუნი 45:10). „გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“ (ფსალმუნი 71:7).
14, 15. რას ლაპარაკობს ბიბლია საცხოვრებლის, სამუშაოსა და საკვების შესახებ აღდგენილ სამოთხეში?
14 სასიამოვნო სამუშაო და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა. „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ. . . არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები. ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს“ (ესაია 65:21–23).
15 სასარგებლო საკვები უხვად იქნება. „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ფსალმუნი 71:16). „მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა“ (ფსალმუნი 66:7).
16. რატომ იქნება სასიამოვნო აღდგენილ სამოთხეში სიცოცხლე?
16 მარადიული სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე სასიამოვნო იქნება. „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29). „მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება“ (ესაია 35:1).
შემეცნება და შენი მომავალი
17. ა) რა უნდა მოიმოქმედო, თუ გიზიდავს ცხოვრება, რომელიც სამოთხეში იქნება? ბ) საიდან ვიცით, რომ ღმერთი მოახდენს დიდ ცვლილებებს დედამიწაზე?
17 თუ მარადიული სიცოცხლის საკითხი ღრმად შეეხო შენს გულს, მოდი, ნუღარ დააყოვნებ ღვთის შემეცნების მიღებას. ღმერთს უყვარს ადამიანები და ის მოახდენს იმ ცვლილებებს, რომლებიც საჭიროა დედამიწის სამოთხედ გადასაქცევად. ბოლოს, მხედველობაში მივიღოთ ერთი საკითხი: შენ რომ გქონდეს ძალა, ნუთუ არ გამოიყენებდი იმისთვის, რომ ბოლო მოგეღო უბედურებებისა და უსამართლობისთვის, რომელიც ასე გავრცელებულია მსოფლიოში? ნუთუ არ უნდა მოველოდეთ, რომ ღმერთი უფრო მეტს გააკეთებს? ნამდვილად, ბიბლია თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს იმ დროს, როდესაც ღმერთი ბოლოს მოუღებს უთანხმოებებით აღსავსე ამ სისტემას და შეცვლის მას სრულყოფილი სამართლიანი მმართველობით (დანიელი 2:44). მაგრამ ბიბლია არა მხოლოდ მოგვითხრობს, არამედ უფრო მეტსაც გვამცნობს ამ ყველაფრის შესახებ. ის გვიჩვენებს, როგორ შეგვიძლია გადავიდეთ ღმერთის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში (2 პეტრე 3:13; 1 იოანე 2:17).
18. რისი მოტანა შეუძლია შენთვის ღვთის შემეცნებას დღეს?
18 ღმერთის შემეცნებას შეუძლია აგრეთვე სარგებელი მოგიტანოს ახლაც. ბიბლია გვპასუხობს ცხოვრების ღრმა და მტკივნეულ საკითხებზე. მისით ხელმძღვანელობა დაგეხმარება, მეგობრული ურთიერთობა განავითარო ღმერთთან. რა დიდებული უპირატესობაა! და ეს საშუალებას მოგცემს, დატკბე მშვიდობით, რომლის მოტანაც შეუძლია მხოლოდ ღმერთს (რომაელთა 15:13, 33). თუ დაიწყე სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი შემეცნების მიღება, იცოდე, რომ უკვე გადადგი შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ჯილდოსმომტანი ნაბიჯი. არასოდეს ინანებ, რომ იძენ ღვთის შემეცნებას, რომელიც მიმყვანია მარადიულ სიცოცხლემდე.
19. რომელ საკითხს განვიხილავთ მომდევნო თავში?
19 ჩვენ მივმართავთ ბიბლიას, წიგნს, რომელიც შეიცავს ღმერთის შემეცნებას. მაგრამ საიდან ვიცით, რომ ის არ არის ადამიანური სიბრძნის წიგნი, არამედ რაღაც უფრო დიდებულია? ამ საკითხს განვიხილავთ მომდევნო თავში.
ამის მსგავსი შესანიშნავი პირობები შესაძლებელია, გქონდეს მარადიულად!
შეამოწმე შენი ცოდნა
რატომ შეუძლია ღვთის შემეცნებას, მიგიყვანოს მარადიულ ბედნიერებამდე?
როგორი იქნება სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე?
რატომ არის სასარგებლო ღმერთის შემეცნების მიღება ახლა?