რას ასწავლიდა იესო ღვთის შესახებ?
„არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა. ასევე, არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გაუმჟღავნოს“ (ლუკა 10:22).
ღვთის ძემ დედამიწაზე ჩამოსვლამდე საუკუნეები გაატარა მამასთან ერთად ზეცაში; მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის მამასთან (კოლოსელები 1:15). ამიტომ, ძეს კარგად ესმოდა, რას ფიქრობდა და გრძნობდა მამამისი, და რა განზრახვები ჰქონდა. როდესაც იგი დედამიწაზე ჩამოვიდა, სიხარულით აცნობდა სხვებს თავის ზეციერ მამას. თუ მოვუსმენთ ღვთის ძეს, ბევრს ვისწავლით იეჰოვას შესახებ.
ღვთის სახელი. ღვთის სახელი, იეჰოვა იესოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ღვთის საყვარელ ძეს უნდოდა, რომ სხვებსაც გაეგოთ და გამოეყენებინათ მისი მამის სახელი. სახელი იესო ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“. სიკვდილის წინა ღამეს იესომ ლოცვით მიმართა იეჰოვას: „ვამცნე მათ შენი სახელი“ (იოანე 17:26). იესო სხვებს ამცნობდა ღვთის სახელს. როგორ გაიგებდნენ იესოს მსმენელები სიმართლეს იეჰოვას შესახებ, თუ არ ეცოდინებოდათ მისი სახელი და ამ სახელის მნიშვნელობა?!a
ღვთის უსაზღვრო სიყვარული. იესომ ერთხელ ლოცვაში უთხრა ღმერთს: „მამა . . . ქვეყნიერების შექმნამდე შემიყვარე“ (იოანე 17:24). იესომ ზეცაში ბოლომდე შეიგრძნო მამის სიყვარული, ამიტომ დედამიწაზე სიყვარულს არაერთი სახით ავლენდა.
იესომ დაგვანახვა, რომ იეჰოვას სიყვარული უსაზღვროა. მან აღნიშნა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). „ქვეყნიერებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა არ ნიშნავს „დედამიწას“. ამაში იგულისხმება ადამიანები, ანუ მთელი კაცობრიობა. ადამიანებისადმი ღვთის სიყვარული ყველაზე მეტად მაშინ გამოვლინდა, როცა თავისი საყვარელი ძე გასწირა, რათა ღვთის ერთგულნი გათავისუფლებულიყვნენ ცოდვისა და სიკვდილისგან და მარადიულად ეცხოვრათ. ჩვენ ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით ღვთის სიყვარულის სიღრმეს (რომაელები 8:38, 39).
იესომ ყველაზე დიდი ჭეშმარიტება დაადასტურა — იეჰოვას ძალიან უყვარს თითოეული თავისი თაყვანისმცემელი. იესომ იეჰოვა შეადარა მწყემსს, რომლისთვისაც ყველა ცხვარი ერთმანეთისგან განსხვავებული და ძვირფასია (მათე 18:12—14). იესომ თქვა, რომ არც ერთი ბეღურა არ დავარდება მიწაზე ისე, რომ იეჰოვამ არ იცოდეს. მან დასძინა: „თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია“ (მათე 10:29—31). თუ იეჰოვას ისიც კი არ რჩება შეუმჩნეველი, რომ ბუდეს ერთი ბეღურა აკლია, მით უმეტეს არ გამორჩება მხედველობიდან არც ერთი თავისი თაყვანისმცემელი და იზრუნებს მათზე. თუკი მას შეუძლია შეამჩნიოს და დაითვალოს ჩვენს თავზე თმის თითოეული ღერი, განა გამორჩება ჩვენი ცხოვრების რაიმე დეტალი, თუნდაც ის, რა გვჭირდება, რაზე ვწუხვართ ან რასთან გვიწევს ბრძოლა?!
ზეციერი მამა. როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, იესო არის ღვთის მხოლოდშობილი ძე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საყვარელი ძე ხშირად უწოდებდა იეჰოვას თავის მამას. იესოს პირველი სიტყვები, რომლებიც სახარებებში ჩაიწერა, წარმოითქვა მაშინ, როცა ის 12 წლის იყო და ტაძარში იმყოფებოდა; პირველად მან სწორედ მაშინ მოიხსენია იეჰოვა მამად (ლუკა 2:49). სიტყვა „მამა“ სახარებებში დაახლოებით 190-ჯერ გვხვდება. იესო სხვადასხვანაირად მოიხსენიებს იეჰოვას: „თქვენი ზეციერი მამა“, „ჩვენო ზეციერო მამა“ და „ჩემი ზეციერი მამა“ (მათე 5:16; 6:9; 7:21). ცოდვილი და არასრულყოფილი ადამიანი ბოლომდე ვერ ჩასწვდება, რაოდენ თბილი ურთიერთობა ჰქონდა იესოს იეჰოვასთან და რაოდენ ენდობოდა მას.
გულმოწყალე და მიმტევებელი. იესომ იცოდა, რომ იეჰოვა არაერთხელ გამოავლენდა არასრულყოფილი ადამიანების მიმართ გულმოწყალებას. გზასაცდენილი შვილის შესახებ იგავში იესომ იეჰოვა შეადარა თანამგრძნობ და გულმოწყალე მამას, რომელიც გულში იკრავს მომნანიებელ ვაჟს (ლუკა 15:11—32). იესოს სიტყვები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი ამჩნევს ცოდვილი ადამიანის გულში, რაც მას გულმოწყალების გამოვლენის საფუძველს აძლევს. იეჰოვა მზად არის, აპატიოს მომნანიებელ ცოდვილს. იესო ამბობს: „ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომლებსაც მონანიება არ სჭირდებათ“ (ლუკა 15:7). ვინ არ მოინდომებს ასეთ გულმოწყალე ღმერთთან დაახლოებას?!
ლოცვების მომსმენი. დედამიწაზე ჩამოსვლამდე იესო პირადად გახდა იმის თვითმხილველი, რომ იეჰოვა „ლოცვების მომსმენი“ ღმერთია და ძალიან სიამოვნებს თავისი ერთგული თაყვანისმცემლების ლოცვების მოსმენა (ფსალმუნი 65:2). იესომ ასწავლა თავის მსმენელებს, როგორ და რის შესახებ ელოცათ: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად“. ის მოუწოდებდა მათ, ელოცათ იმის შესახებ, რომ ღვთის ნება შესრულებულიყო „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“. ჩვენც შეგვიძლია ლოცვაში ვთხოვოთ ღმერთს, რომ იზრუნოს ჩვენს ყოველდღიურ საზრდოზე, გვაპატიოს ცოდვები და დაგვეხმაროს ცდუნებების დაძლევაში (მათე 6:5—13). იესოს სიტყვების თანახმად, იეჰოვა მამობრივი სიყვარულით პასუხობს თავის მსახურთა გულწრფელ ლოცვებს, რომლებსაც რწმენით წარმოთქვამენ (მათე 7:7—11).
აშკარაა, რომ იესო ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას, იეჰოვასა და მისი თვისებების შესახებ ექადაგა. მაგრამ ის თავის მამაზე კიდევ ერთ რამეს აცხადებდა მთელი გულით, კერძოდ იმას, თუ რისი მეშვეობით შეასრულებს იეჰოვა თავის განზრახვას დედამიწაზე. სწორედ ეს იყო იესოს ქადაგების მთავარი თემა.
[სქოლიო]
a ბიბლიის დედნისეულ ტექსტში ღვთის სახელი იეჰოვა დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. ამ სახელის მნიშვნელობა კარგად ჩანს შემდეგ სიტყვებში: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ (გამოსვლა 3:14). ღმერთს შეუძლია იქცეს იმად, რაც მისი განზრახვის განსახორციელებლად არის საჭირო. მისი სახელი იმის გარანტია, რომ ის ყოველთვის მართალია, და რასაც გვპირდება, უთუოდ შეასრულებს.