თავი 5
ვისი თაყვანისცემაა მისაღები ღმერთისთვის?
1. რისი გაგება სურდა სამარიელ ქალს თაყვანისცემის შესახებ?
თუ დაინტერესებულხარ ოდესმე: „ვისი თაყვანისცემაა მისაღები ღმერთისთვის?“ ერთ-ერთ ქალს, შესაძლოა, დაებადა ასეთი კითხვა, როდესაც იესო ქრისტეს ელაპარაკა სამარიაში, გერიზიმის მთის მახლობლად. როდესაც ყურადღება გაამახვილა სამარიელებისა და იუდეველების თაყვანისმცემლობას შორის სხვაობაზე, ქალმა თქვა: „ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს“ (იოანე 4:20). უთხრა თუ არა იესომ სამარიელ ქალს, რომ ღმერთისთვის ყველა თაყვანისცემაა მისაღები? თუ მან განაცხადა, რომ ღმერთის მოწონების დასამსახურებლად განსაკუთრებული რამეა საჭირო?
2. რა უპასუხა იესომ სამარიელ ქალს?
2 იესოს განსაცვიფრებელი პასუხი ასეთი იყო: „დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას“ (იოანე 4:21). სამარიელები დიდი ხნის განმავლობაში ეთაყვანებოდნენ გერიზიმის მთაზე იეჰოვასა და სხვა ღმერთებს (მეოთხე მეფეთა 17:33). ახლა კი იესომ აღნიშნა, რომ არც გერიზიმი და არც იერუსალიმი იქნებოდა მნიშვნელოვანი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში.
თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით
3. ა) რატომ არ იცნობდნენ სინამდვილეში სამარიელები ღმერთს? ბ) როგორ შეეძლოთ ერთგულ იუდეველებსა და სხვებს ღმერთის შეცნობა?
3 იესომ გააგრძელა საუბარი სამარიელ ქალთან: „თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა“ (იოანე 4:22). სამარიელებს ჰქონდათ ცრუ რელიგიური წარმოდგენა და ღმერთის მიერ ინსპირირებულად სცნობდნენ ბიბლიის მხოლოდ ხუთ წიგნს — და თანაც მათ მიერ გადამუშავებული ფორმით, როგორც სამარიელთა პენტატეუხი. ამიტომ, სინამდვილეში, ისინი არ იცნობდნენ ღმერთს. მაგრამ იუდეველებს მინდობილი ჰქონდათ წმინდა წერილების ცოდნა (რომაელთა 3:1, 2). ერთგულ იუდეველებსა და სხვებს, ვინც მოისმენდა, წმინდა წერილები აძლევდა იმ აუცილებელს, რაც საჭირო იყო ღმერთის შესაცნობად.
4. იესოს სიტყვების თანახმად, რისი გაკეთება ესაჭიროებოდათ როგორც სამარიელებს, ასევე იუდეველებს, თუ სურდათ, რომ მათი თაყვანისცემა ღმერთისთვის მისაღები ყოფილიყო?
4 სინამდვილეში, იესომ ნათელყო, რომ ღმერთის მოწონების მისაღებად, როგორც იუდეველებს, ასევე სამარიელებს ცვლილებები უნდა შეეტანათ თავიანთ თაყვანისცემაში. მან თქვა: „დგება ჟამი და უკვე აქ არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:23, 24). საჭიროა ღმერთისადმი ‘სულით’ თაყვანისცემა, რომელიც სიყვარულითა და რწმენით აღსავსე გულიდან გამომდინარეობს. ღმერთის თაყვანისცემა „ჭეშმარიტებით“ შესაძლებელია მისი სიტყვის, ბიბლიის, შესწავლით და მის მიერ ახსნილი ჭეშმარიტების შესაბამისი თაყვანისცემით. ისწრაფი თუ არა, რომ ასე მოიქცე?
5. ა) რას ნიშნავს „თაყვანისცემა“? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს, რომ ჩვენი თაყვანისცემა ღმერთისთვის მისაღები იყოს?
5 იესომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღმერთს სურს ჭეშმარიტი თაყვანისცემა. ეს კი გვიჩვენებს, რომ არსებობს ღმერთისთვის მიუღებელი თაყვანისცემის ფორმები. ღმერთის თაყვანისცემა ნიშნავს, რომ მას მოკრძალებით მივაგოთ პატივი და შევასრულოთ მისადმი წმინდა მსახურება. თუ გინდა, გამოამჟღავნო პატივისცემა ძლიერი მმართველის მიმართ, ალბათ, მოისურვებდი, გემსახურა მისთვის და გაგეკეთებინა ის, რაც მას მოეწონებოდა. რასაკვირველია, ჩვენ ნამდვილად გვსურს, ვასიამოვნოთ ღმერთს. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ მხოლოდ ვთქვათ: „მე მაკმაყოფილებს ჩემი რელიგია“, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი თაყვანისცემა შეესაბამება ღმერთის მოთხოვნებს.
მამის ნების შესრულება
6, 7. რატომ არ სცნობს იესო ზოგიერთს, ვინც აცხადებს, რომ მისი მოწაფეა?
6 მოდი, წავიკითხოთ მათეს 7:21–23 და ვნახოთ, თუ შეგვიძლია, გამოვყოთ ის ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, არის თუ არა ყველა რელიგია ღმერთისთვის მისაღები. იესომ თქვა: „ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს. ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს [ბოროტ სულიერ ქმნილებებს] და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა’“.
7 იესო ქრისტეს, როგორც უფლის შეცნობა, აუცილებელია ჭეშმარიტ თაყვანისცემაში. მაგრამ მრავალ მათგანს, ვინც აცხადებს, რომ ქრისტეს მოწაფეა, რაღაცა გამორჩებოდა მხედველობიდან თავის თაყვანისცემაში. მან თქვა, რომ ბევრი მოახდენდა „მრავალ სასწაულს“, ისეთს, როგორიცაა ვითომ სასწაულებრივი განკურნება. მაგრამ ისინი არ შეასრულებდნენ იმას, რაზეც იესომ თქვა, რომ მნიშვნელოვანია. ისინი არ ‘შეასრულებდნენ მისი ზეციერი მამის ნება-სურვილს’. თუ გვინდა ვასიამოვნოთ ღმერთს, უნდა შევისწავლოთ, რა არის მისი ნება და შემდეგ შევასრულოთ ის.
ზუსტი შემეცნება დამცველია
8. თუ ღმერთის ნებას ვასრულებთ, რა მოგვეთხოვება და როგორ მცდარ თვალსაზრისს უნდა ვერიდოთ?
8 ღმერთის ნების შესრულება მოითხოვს იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ ზუსტი შემეცნების მიღებას. ასეთი შემეცნება მიმყვანია მარადიულ სიცოცხლემდე. ამიტომ, უეჭველია, ყოველი ჩვენგანი მოისურვებს, სერიოზულად მოეპყროს იმ საკითხს, რომ შეიძინოს ზუსტი შემეცნება ღმერთის სიტყვიდან, ბიბლიიდან. ზოგი ამბობს, რაც შეეხება ამ საკითხს, სულაც არ არის აუცილებელი, მივიღოთ შემეცნება, რადგან ჩვენ წრფელები და გულმოდგინეები ვართ ჩვენს თაყვანისცემაში. ზოგი აცხადებს: „რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო ცოტა მოგეთხოვება“. მაგრამ ბიბლია მოგვიწოდებს, გავიზარდოთ ღმერთისა და მისი განზრახვების შემეცნებაში (ეფესელთა 4:13; ფილიპელთა 1:9; კოლასელთა 1:9).
9. როგორ დაგვიცავს ზუსტი შემეცნება და რატომ გვესაჭიროება ასეთი დაცვა?
9 ასეთი შემეცნება ჩვენს თაყანისცემას შებღალვისგან იცავს. მოციქული პავლე ლაპარაკობდა ერთ-ერთი სულიერი ქმნილების შესახებ, რომელმაც პრეტენზია განაცხადა ‘სინათლის ანგელოზობაზე’ (2 კორინთელთა 11:14). ასეთი შენიღბვით, ეს სულიერი ქმნილება — სატანა — ცდილობს შეცდომაში შეგვიყვანოს, რომ გაგვაკეთებინოს ღმერთის ნების საწინააღმდეგო. სხვა სულიერი ქმნილებებიც შეუერთდნენ სატანას და ისინიც ბილწავენ ადამიანთა თაყვანისცემას, ვინაიდან პავლე მოციქული წერდა: „რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს“ (1 კორინთელთა 10:20). ალბათ, მრავალი ფიქრობდა, რომ სწორად სცემდა თაყვანს, თუმცა ღმერთის ნებას არ ასრულებდა. ისინი შეცდნენ არაწმინდა, ცრუ თაყვანისმცემლობით. მოგვიანებით, ჩვენ უფრო მეტს შევისწავლით სატანისა და დემონების შესახებ, მაგრამ ღმერთის ეს მტრები, უდავოა, ბილწავენ ადამიანთა თაყვანისცემას.
10. რას გააკეთებდი, ვინმეს რომ განზრახ მოეწამლა შენი წყლის მარაგი და რის გასაკეთებლად აღგვჭურავს ღმერთის სიტყვის ზუსტი შემეცნება?
10 შენ რომ გცოდნოდა, რომ ვიღაცამ განზრახ მოწამლა შენი წყლის მარაგი, ნუთუ კვლავ გააგრძელებდი ამ წყლის მარაგით სარგებლობას? უეჭველია, შენ სასწრაფოდ მიიღებდი ზომებს, რათა მოგეძებნა სუფთა, დაუბინძურებელი წყლის მარაგი. ამიტომ ღმერთის სიტყვის ზუსტი შემეცნება აღგვჭურავს ცოდნით, რომ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი რელიგია და უარი ვთქვათ სიბინძურეზე, რომელიც თაყვანისცემას მიუღებელს ხდის ღმერთისთვის.
ადამიანთა განკარგულებები მოძღვრების მსგავსად
11. რა იყო არასწორი მრავალი იუდეველის თაყვანისცემაში?
11 როდესაც იესო დედამიწაზე იმყოფებოდა, მრავალი იუდეველი არ მოქმედებდა ღვთის ზუსტი შემეცნების თანახმად. ამგვარად, მათ დაკარგეს შესაძლებლობა, წმინდად მდგარიყვნენ იეჰოვას წინაშე. მათ შესახებ პავლე წერდა: „ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად“ (რომაელთა 10:2). ნაცვლად იმისა, რომ ღმერთისთვის მოესმინათ, თავად გადაწყვიტეს, როგორ ეცათ მისთვის თაყვანი.
12. რა ბღალავდა ისრაელთა თაყვანისცემას და როგორი შედეგით?
12 ისრაელები თავდაპირველად ღმერთის მიერ მოცემულ შეუბღალავ რელიგიას მისდევდნენ, მაგრამ ის დაბინძურდა ადამიანთა სწავლებებითა და ფილოსოფიებით (იერემია 8:8, 9; მალაქია 2:8, 9; ლუკა 11:52). იუდეველების რელიგიური ბელადები, რომლებიც ფარისეველთა სახელწოდებით იყვნენ ცნობილი, ფიქრობდნენ, რომ თავიანთი რელიგია ღმერთისთვის მისაღები იყო, მაგრამ იესომ უთხრა მათ: „თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან’. ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა განკარგულებებს მოძღვრების მსგავსად ასწავლიან“ (მათე 15:7–9).
13. რას შეიძლება ვაკეთებდეთ ფარისეველთა მსგავსად?
13 ჩვენც ფარისევლებივით ხომ არ ვიქცევით? ეს შესაძლებელია ასეც მომხდარიყო, თუ მივყვებოდით რელიგიურ ტრადიციებს, რომლებიც თაობიდან თაობაში გადმოგვეცა, იმის მაგივრად, რომ გამოგვეკვლია, რას ამბობს ღმერთი თაყვანისცემის შესახებ. როდესაც მიუთითებდა ამ რეალურ საშიშროებაზე, მოციქული პავლე წერდა: „სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს“ (1 ტიმოთე 4:1). საკმარისი არ არის, მხოლოდ ვარაუდი, რომ ჩვენი რელიგია ღმერთისთვის მოსაწონია. სამარიელი ქალის მსგავსად, რომელიც იესოს შეხვდა, შესაძლოა, თაყვანისცემის ფორმა ჩვენც მემკვიდრეობით მივიღეთ წინაპრებისგან. მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის საქმეები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ღმერთის მოწონებას იმსახურებს.
გაფრთხილდი, რომ არ შეურაცხყო ღმერთი
14, 15. რატომ გვესაჭიროება სიფრთხილე თუნდაც ღმერთის შესახებ გარკვეული შემეცნება გვქონდეს?
14 თუ არ ვფრთხილობთ, შესაძლოა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ღმერთისთვის მიუღებელია. მაგალითად, მოციქული იოანე მუხლებზე დაეცა ანგელოზის წინაშე, რომ ‘თაყვანი ეცა მისთვის’. მაგრამ ანგელოზმა გააფრთხილა: „ამას ნუ იზამ. შენი და შენი ძმების თანამსახური ვარ, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. თაყვანი ეცი ღმერთს, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია“ (გამოცხადება 19:10). ხედავ თუ არა აუცილებლობას, შეამოწმო, შენი თაყვანისმცემლობა ხომ არ არის დაბინძურებული კერპთაყვანისმცემლობის რომელიმე სახეობით? (1 კორინთელთა 10:14).
15 როდესაც ზოგიერთმა ქრისტიანმა დაიწყო რელიგიური წეს-ჩვეულებების მიყოლა, რომლებიც ღმერთის მოსაწონი არ იყო, პავლემ დასვა კითხვა: „როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ საწყისებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ? დღეებს იცავთ თქვენ და თვეებს, ვადებსა და წელიწადებს. ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენს შორის“ (გალატელთა 4:8–11). ამ პიროვნებებმა შეიძინეს ღმერთის შემეცნება, მაგრამ, მოგვიანებით, სცოდავდნენ, რადგან იცავდნენ რელიგიურ წეს-ჩვეულებებსა და დღესასწაულებს, რომლებიც ღმერთისთვის მიუღებელი იყო. როგორც პავლემ თქვა, ჩვენთვის საჭიროა ‘გამოვცადოთ, რა არის უფლის მოსაწონი’ (ეფესელთა 5:10).
16. როგორ გვეხმარება იოანეს 17:16 და 1 პეტრეს 4:3 გადავწყვიტოთ, მისაღებია თუ არა დღესასწაულები ან წეს-ჩვეულებები ღმერთისთვის?
16 ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ თავს ვარიდებთ რელიგიურ დღესასწაულებსა და სხვა წეს-ჩვეულებებს, რომლებიც არღვევენ ღმერთის პრინციპებს (1 თესალონიკელთა 5:21). მაგალითად, იესომ თქვა თავის მიმდევრებზე: „ისინი წუთისოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 17:16). არის თუ არა შენი რელიგია ჩარეული ცერემონიებსა და დღესასწაულებში, რომლებიც არღვევენ ნეიტრალიტეტის პრინციპს ამქვეყნიური საქმეების მიმართ? ან შენი რელიგიის მიმდევრები ზოგჯერ, ხომ არ მონაწილეობენ იმ ჩვეულებებსა და დღესასწაულებში, რომლებიც, შესაძლოა, შეიცავს ისეთ მოქმედებას, რომელიც აღწერა მოციქულმა პეტრემ? ის წერდა: „თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში იქცეოდით წარმართთა ნებისამებრ, რაკი ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და საძაგელ კერპთაყვანისმცემლობაში“ (1 პეტრე 4:3).
17. რატომ უნდა ავიცილოთ თავიდან ყველაფერი, რაც ირეკლავს ამ ქვეყნიერების სულს?
17 მოციქული იოანე ხაზს უსვამდა აუცილებლობას, თავიდან აიცილო ნებისმიერი ჩვევა, რომელიც ირეკლავს ჩვენს გარშემო მყოფ ამ უღმერთო წუთისოფლის სულს. ის წერდა: „ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. ვისაც წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის. გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:15–17). შეამჩნიე თუ არა, რომ ისინი, რომლებიც ‘ღმერთის ნებას ასრულებენ’, უკუნისამდე დარჩებიან? დიახ, თუ ღმერთის ნებას ვასრულებთ და თავს ვარიდებთ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც ირეკლავს ამ ქვეყნიერების სულს, ჩვენ შეგვიძლია მარადიული სიცოცხლის იმედი გვქონდეს.
იმოქმედე ღმერთის მაღალი ნორმების შესაბამისად
18. როგორი მცდარი შეხედულებები ჰქონდა ზოგიერთ ქრისტიანს ქცევებთან დაკავშირებით და რა უნდა ვისწავლოთ აქედან?
18 ღმერთს თაყვანისმცემლებად სურს ისინი, ვინც შეესაბამება მის მაღალ მორალურ ნორმებს. ზოგიერთი ძველ კორინთში შეცდომით ფიქრობდა, რომ ღმერთი მოითმენდა ამორალურ ქცევას. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ ცდებოდნენ ისინი, როდესაც ვკითხულობთ კორინთელთა მიმართ პირველი წერილის 6:9, 10. თუ გვინდა, რომ ღმერთს მისაღები სახით ვცეთ თაყვანი, უნდა ვასიამოვნოთ მას სიტყვითა და საქმით. შენი თაყვანისცემის ფორმა ნებას გრთავს თუ არა, ასე მოიქცე? (მათე 15:8; 23:1–3).
19. როგორ გავლენას ახდენს ჭეშმარიტი თაყვანისცემა ჩვენს მოქმედებაზე სხვების მიმართ?
19 სხვა ადამიანების მიმართ ჩვენი მოქმედებაც უნდა ირეკლავდეს ღმერთის ნორმებს. იესო ქრისტე აღგვძრავს ისე მოვექცეთ სხვებს, როგორც ვისურვებდით, მოგვქცეოდნენ ისინი, იმიტომ რომ, ესეც ჭეშმარიტი თაყვანისცემის ნაწილია (მათე 7:12). აგრეთვე ყურადღება მიაქციე, რა თქვა მან ძმური სიყვარულის გამოხატვის შესახებ: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). იესოს მოწაფეებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი და სიკეთეს უნდა უკეთებდნენ როგორც თანამორწმუნეებს, აგრეთვე სხვებსაც (გალატელთა 6:10).
თაყვანისცემა — მთელი სულით
20, 21. ა) როგორ თაყვანისცემას მოითხოვს ღმერთი? ბ) რატომ უარყო იეჰოვამ ისრაელთა თაყვანისცემა მალაქიას დროს?
20 შეიძლება გულში გსურს, მისაღები სახით სცე თაყვანი ღმერთს. თუ ასეა, მაშინ იეჰოვას თვალსაზრისი უნდა გქონდეს თაყვანისცემასთან დაკავშირებით. მოწაფე იაკობი ხაზგასმით ამბობდა, რომ მნიშვნელოვანია ღმერთის თვალსაზრისი და არა ჩვენი. მან თქვა: „წმიდა და შეუბღალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი წუთისოფლისაგან“ (იაკობი 1:27). იმ სურვილთან ერთად, რომ ვასიამოვნოთ ღმერთს, ყოველ ჩვენგანს ესაჭიროება, შეამოწმოს საკუთარი თაყვანისცემა და დარწმუნდეს, რომ ის არ არის შებღალული უღმერთო ჩვევებით ან რომ არ უგულებელყოფს იმას, რასაც ღმერთი მნიშვნელოვნად თვლის (იაკობი 1:26).
21 მხოლოდ წმინდა, მთელი სულით თაყვანისცემა სიამოვნებს იეჰოვას (მათე 22:37; კოლასელთა 3:23). როცა ისრაელი ერი ნაკლებად ამჟღავნებდა ამას, იეჰოვამ თქვა: „შვილი პატივს სცემს მამას და ყმა — თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში?“ ისინი შეურაცხყოფდნენ ღმერთს ბრმა, კოჭლი და სნეული ცხოველების მსხვერპლად შეწირვით, ის კი უარყოფდა თაყვანისცემის ასეთ ფორმას (მალაქია 1:6–8). იეჰოვა უწმინდესი თაყვანისცემის ღირსია და იწონებს მხოლოდ განსაკუთრებულ ერთგულებას (გამოსვლა 20:5; იგავნი 3:9; გამოცხადება 4:11).
22. რას უნდა ავარიდოთ თავი და რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს, რომ ღმერთმა მიიღოს ჩვენი თაყვანისცემა?
22 სამარიელი ქალი, რომელიც იესოს ელაპარაკა, როგორც ჩანს, დაინტერესებული იყო ღმერთის მიმართ მისაღები თაყვანისცემით. თუ ჩვენი სურვილიც ასეთია, თავს ავარიდებთ შემბღალავ სწავლებებსა და საქმეებს (2 კორინთელთა 6:14–18). ამასთანავე, მთელი ძალა უნდა მოვიკრიბოთ, რათა მივაღწიოთ ღმერთის შესახებ ზუსტ შემეცნებას და შევასრულოთ მისი ნება-სურვილი. გულდასმით უნდა მივყვეთ მის მოთხოვნებს, რომ ჩვენი თაყვანისცემა მისაღები იყოს (1 ტიმოთე 2:3, 4). იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ზუსტად ასე მოიქცნენ და ისინი გულთბილად მოგიწოდებენ, შენც მიიღო მონაწილეობა მათთან ერთად ღმერთისადმი „სულითა და ჭეშმარიტებით“ თაყვანისცემაში (იოანე 4:24). იესომ თქვა: „მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23). იმედია, რომ შენ ასეთი პიროვნება ხარ. იმ სამარიელი ქალის მსგავსად, უეჭველია, გსურს მიაღწიო მარადიულ სიცოცხლეს (იოანე 4:13–15). მაგრამ შენ ხედავ, რომ ადამიანები ბერდებიან და კვდებიან. შემდეგი თავი განმარტავს, თუ რატომ.
შეამოწმე შენი ცოდნა
როგორი თაყვანისცემაა მისაღები ღმერთისთვის, როგორც ნაჩვენებია იოანეს 4:23, 24-ში?
როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, იწონებს თუ არა ღმერთი გარკვეულ ჩვეულებებსა და ზეიმებს?
რომელია ზოგიერთი მოთხოვნა მისაღები თაყვანისცემისთვის?
[მთელი 44 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]