ᲗᲐᲕᲘ 8
„კრებას მშვიდობიანი დრო დაუდგა“
დაუნდობელი სავლე გულმოდგინე მქადაგებელი ხდება.
1, 2. რისთვის მიდიოდა სავლე დამასკოში?
ᲓᲐᲣᲜᲓᲝᲑᲔᲚᲘ კაცები ბოროტი განზრახვით დამასკოსკენ მიემართებიან. გულში ჩაუდვიათ იესოს მოწაფეების სახლებიდან გამოყრა, შეპყრობა, შეურაცხყოფა, იერუსალიმში წაყვანა და სინედრიონის წინაშე წარდგენა.
2 ამ დაუნდობელ ჯგუფს სავლეa მეთაურობს, კაცი რომელსაც ხელები სისხლით აქვს დასვრილი. სულ ცოტა ხნის წინ ის უყურებდა, ფანატიკოსები როგორ ქოლავდნენ იესოს ერთგულ მოწაფეს, სტეფანეს, და იწონებდა მათ საქციელს (საქ. 7:57—8:1). სავლე ვერ კმაყოფილდება იერუსალიმში იესოს მიმდევრების დევნით და სხვაგან მიემართება მათ შესავიწროებლად. ის „უფლის გზის“ სახელით ცნობილი საშიში სექტის განადგურებას ცდილობს (საქ. 9:1, 2; იხილეთ ჩარჩო „ქრისტიანების დასაპატიმრებლად სავლეს დამასკოში ჩასვლა“).
3, 4. ა) რა შეემთხვა სავლეს? ბ) რა კითხვებს გაეცემა პასუხი?
3 უეცრად სავლეს თვალისმომჭრელი სინათლე ეფინება. მისი მხლებლებიც ხედავენ სინათლეს, მაგრამ გაოგნებულები ხმას ვერ იღებენ. სავლეს თვალისჩინი ერთმევა, მიწაზე ეცემა და ციდან ხმა ესმის: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი?“. სავლე გაოგნებული ეკითხება: „ვინა ხარ, ბატონო?“, პასუხად კი სულის შემძვრელი სიტყვები ესმის: „მე იესო ვარ, შენ რომ დევნი“! (საქ. 9:3—5; 22:9).
4 რით არის ჩვენთვის საინტერესო იესოს შეკითხვა: „რატომ მდევნი?“ და ის მოვლენები, რაც სავლეს გაქრისტიანებას უკავშირდებოდა? როგორ გამოიყენეს ქრისტიანებმა სავლეს გაქრისტიანების შემდეგ დამდგარი მშვიდობიანი პერიოდი, და რას ვსწავლობთ მათი მაგალითიდან?
„რატომ მდევნი?“ (საქმეები 9:1—5)
5, 6. რას ვიგებთ სავლესთვის დასმული შეკითხვიდან?
5 დამასკოში მიმავალი სავლესთვის იესოს ის კი არ უკითხავს, რატომ დევნი ჩემს მოწაფეებსო, ის ჰკითხა, მე რატომ მდევნიო (საქ. 9:4). იესოსთვის თავისი მიმდევრების განსაცდელი საკუთარი განსაცდელის ტოლფასია (მათ. 25:34—40, 45).
6 თუ რწმენის გამო იდევნებით, გახსოვდეთ, რომ იეჰოვასა და იესოს კარგად ესმით თქვენი მდგომარეობა (მათ. 10:22, 28—31). შესაძლოა დღესვე არ გათავისუფლდეთ განსაცდელისგან. მაგალითად, იესო ხედავდა, როგორ ედებოდა სავლეს ვალად სტეფანეს სისხლი და როგორ ყრიდა სახლებიდან იერუსალიმელ მოწაფეებს (საქ. 8:3), მაგრამ იესო მაშინვე არ ჩარეულა. მიუხედავად ამისა, იეჰოვა ერთგულების შესანარჩუნებლად საჭირო ძალას სწორედ მისი მეშვეობით აძლევდა სტეფანესა და სხვა მოწაფეებს.
7. რა დაგეხმარებათ განსაცდელების ატანაში?
7 თქვენც გაუძლებთ დევნას, თუ 1) გადაწყვეტილი გაქვთ, ნებისმიერ ფასად ღვთის ერთგულები დარჩეთ; 2) იეჰოვას დახმარებას სთხოვთ (ფილ. 4:6, 7); 3) შურისძიებას იეჰოვას ანდობთ (რომ. 12:17—21); 4) ენდობით იეჰოვას, რომ მოგათმენინებთ მანამ, სანამ თვითონ არ ჩათვლის საჭიროდ ამ განსაცდელის დასრულებას (ფილ. 4:12, 13).
„სავლე, ძმაო, უფალმა . . . გამომგზავნა“ (საქმეები 9:6—17)
8, 9. რა გრძნობა დაეუფლებოდა ანანიას დავალების მიღებისას?
8 კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ იესომ სავლეს უთხრა: „ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რა უნდა გააკეთო“ (საქ. 9:6). თვალისჩინწართმეული სავლე მისმა მხლებლებმა დამასკოში წაიყვანეს, სადაც სამი დღე ლოცვასა და მარხვაში გაატარა. ამასობაში იესომ სავლეს ამბავი თავის მოწაფე ანანიას გააგებინა, რომელსაც დამასკოელ „იუდეველებს შორის კარგი სახელი ჰქონდა“ (საქ. 22:12).
9 რას აღარ იფიქრებდა ანანია. მას პირადად კრების თავი, მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ელაპარაკა და განსაკუთრებული დავალება მისცა. ეს დიდი პატივი იყო, მაგრამ არცთუ ისე იოლი შესასრულებელი. როცა იესომ ანანიას უთხრა, სავლესთან მისულიყო, ანანიამ მიუგო: „უფალო, ბევრისგან გამიგია, რამხელა ზიანი მიაყენა ამ კაცმა შენს წმინდებს იერუსალიმში. მას ახლა უფროსი მღვდლებისგან უფლებამოსილება აქვს, რომ შეიპყროს ყველა, ვინც შენს სახელს უხმობს“ (საქ. 9:13, 14).
10. რას ვსწავლობთ იესოს მიდგომიდან?
10 ანანია საგონებელში ჩავარდა, მაგრამ იესოს არ გაუკიცხავს ამისთვის. მან აშკარად დაანახვა, რა უნდა გაეკეთებინა, და რატომ სურდა, რომ ეს უჩვეულო დავალება ანანიას შეესრულებინა. იესომ სავლეზე ასეთი რამ უთხრა: „ეს კაცი ჩემი რჩეული ჭურჭელია, რათა ჩემი სახელი ამცნოს უცხოტომელებს, მეფეებსა და ისრაელებს. ვაჩვენებ, რამდენი რამ უნდა გადაიტანოს ჩემი სახელისთვის“ (საქ. 9:15, 16). ანანია უყოყმანოდ დაემორჩილა იესოს, მოძებნა მდევნელი სავლე და უთხრა: „სავლე, ძმაო, უფალმა იესომ, გზაზე რომ გამოგეცხადა, გამომგზავნა, რათა მხედველობა დაგიბრუნდეს და წმინდა სულით აღივსო“ (საქ. 9:17).
11, 12. რას ვსწავლობთ სავლეს გაქრისტიანებასთან დაკავშირებული მოვლენებიდან?
11 სავლეს გაქრისტიანებასთან დაკავშირებული მოვლენები რამდენიმე საკითხს ჰფენს ნათელს. მაგალითად, როგორც იესოს ჰქონდა ნათქვამი, ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა სამქადაგებლო საქმიანობის წარმართვაში (მათ. 28:20). მიუხედავად იმისა, რომ დღეს იესო უშუალოდ არ აძლევს დავალებას ცალკეულ ადამიანებს, ის სამქადაგებლო საქმიანობას ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით უძღვება, ვისაც მთელი თავისი ქონება ჩააბარა (მათ. 24:45—47). გონიერი მონის წარმომადგენელი ხელმძღვანელი საბჭო მაუწყებლებსა და პიონერებს მათ საძებნელად გზავნის, ვისაც ქრისტეს შესახებ მეტის გაგება სურს. როგორც წინა თავში იყო ნათქვამი, ასეთი ადამიანები ღმერთს ხელმძღვანელობას სთხოვენ, მერე კი იეჰოვას მოწმეები აკითხავენ მათ (საქ. 9:11).
12 ანანია დაემორჩილა იესოს, დავალება მიიღო და მოვლენებიც წარმოუდგენლად განვითარდა. თქვენც მზადყოფნით ასრულებთ დავალებას და საგულდაგულოდ ქადაგებთ მაშინაც კი, როცა დავალების შესრულებას გარკვეული შიში ახლავს თან? ზოგი შეიძლება კარდაკარ ქადაგებისას და უცხოსთან საუბრისას ღელავდეს, ზოგს კი საქმიან ტერიტორიაზე, ქუჩაში, ტელეფონით ან წერილებით ქადაგება უჭირდეს. ანანიამ დაძლია შიში და სავლეს წმინდა სულის მიღებაში დაეხმარა.b მისი ძალისხმევა კურთხეული იყო იმიტომ, რომ ის ენდო იესოს და სავლე ძმად მიიჩნია. ანანიას მსგავსად ჩვენც დავძლევთ შიშს, თუ გვჯერა, რომ სამქადაგებლო საქმიანობას იესო ხელმძღვანელობს, გულისხმიერები ვართ და მათაც კი მომავალ ძმებად მივიჩნევთ, ვისიც შეიძლება გვეშინოდეს (მათ. 9:36).
იესოზე „დაიწყო . . . ქადაგება“ (საქმეები 9:18—30)
13, 14. რაში შეუძლიათ ბიბლიის შემსწავლელებს, მიჰბაძონ სავლეს?
13 სავლეს დრო არ დაუკარგავს და დაუყოვნებლივ დაიწყო ნასწავლის გათვალისწინება. თვალის ახელისთანავე მოინათლა, დამასკოელ მოწაფეებს დაუახლოვდა და, უფრო მეტიც, „მან დაუყოვნებლივ დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იმის შესახებ, რომ იესო ღვთის ძე იყო“ (საქ. 9:20).
14 თუ ბიბლიას სწავლობთ, მაგრამ ჯერ არ მონათლულხართ, მზად ხართ, სავლესავით გაითვალისწინოთ ნასწავლი? სავლემ თავის თავზე გამოსცადა ქრისტეს სასწაულის ძალა, რაც უეჭველად თავის წვლილს შეიტანდა მის ქრისტიანად ჩამოყალიბებაში. ბევრს უნახავს, როგორ ახდენდა იესო სასწაულებს. მაგალითად, მან რამდენიმე ფარისევლის თვალწინ განკურნა ხელგამხმარი კაცი; ბევრმა იუდეველმა იცოდა ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის ამბავი. მაგრამ მხოლოდ ცოტამ თუ ირწმუნა იესო, ბევრი ეწინააღმდეგებოდა კიდეც მას (მარ. 3:1—6; იოან. 12:9, 10). მათგან განსხვავებით სავლე თხემით ტერფამდე შეიცვალა. რამ შეცვალა სავლე მაშინ, როცა ბევრზე არაფერს უმოქმედია? მას ღვთის შიში უფრო ჰქონდა, ვიდრე ადამიანებისა, და ქრისტეს გულმოწყალებას აფასებდა (ფილ. 3:8). თუ ამაშიც მიჰბაძავთ სავლეს, თქვენც არაფერი შეგიშლით ხელს ქადაგებასა და მონათვლაში.
15, 16. რას აკეთებდა სავლე სინაგოგებში, და როგორი იყო დამასკოელი იუდეველების რეაქცია?
15 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ იუდეველების გაოგნება და განრისხება, როცა სინაგოგებში იესოზე მოქადაგე სავლეს დაინახავდნენ? განცვიფრებულები ამბობდნენ: „ეს ის კაცი არ არის, ამ სახელის მომხმობთ რომ არბევდა იერუსალიმში?!“ (საქ. 9:21). სავლე ცდილობდა, აეხსნა მათთვის, რამ შეცვალა მისი დამოკიდებულება და „ლოგიკური მსჯელობით“ უმტკიცებდა მათ, რომ სწორედ იესო იყო ქრისტე (საქ. 9:22). მაგრამ ყველას ლოგიკური მსჯელობით ვერ დაარწმუნებ. ტრადიციების გულმოდგინე დამცველ და ამაყ ადამიანებთან ხშირად ლოგიკური მსჯელობაც არ ჭრის. ამის მიუხედავად, სავლეს ფარ-ხმალი არ დაუყრია.
16 დამასკოელი იუდეველები სამი წლის შემდეგაც ეწინააღმდეგებოდნენ სავლეს, ბოლოს მისი მოკვლაც მოინდომეს (საქ. 9:23; 2 კორ. 11:32, 33; გალ. 1:13—18). როცა სავლემ მათი განზრახვა გაიგო, გონივრულად მოიქცა; ღამე ქალაქის გალავნიდან გოდრით გააპარეს. როგორც ლუკა ამბობს, გაქცევაში სავლეს თავისი მოწაფეები დაეხმარნენ (საქ. 9:25). როგორც ჩანს, ზოგიერთმა დამასკოელმა მოისმინა სავლეს ქადაგება და ქრისტეს მიმდევარი გახდა.
17. ა) როგორ რეაგირებს ხალხი ჭეშმარიტებაზე? ბ) რისი კეთება უნდა განვაგრძოთ და რატომ?
17 ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ნაცნობებს როცა პირველად უქადაგეთ, ალბათ, გეგონათ, მათთვისაც იმდენად ნათელი იქნებოდა ბიბლიური ჭეშმარიტება, რომ ყველა ირწმუნებდა. ზოგმა შესაძლოა ირწმუნა კიდეც, მაგრამ ბევრზე ვერ ვიტყვით ამას. შეიძლება საკუთარი ოჯახის წევრები გექცნენ მტრად (მათ. 10:32—38). მაგრამ თუ ცდილობთ, წმინდა წერილების საფუძველზე უკეთ იმსჯელოთ და ქრისტიანისთვის შესაფერისად იქცეოდეთ, საბოლოოდ შეიძლება შეიძინოთ კიდეც მოწინააღმდეგეები (საქ. 17:2; 1 პეტ. 2:12; 3:1, 2, 7).
18, 19. ა) რა მოჰყვა შედეგად ბარნაბასაგან სავლეს მხარდაჭერას? ბ) რაში უნდა მივბაძოთ ბარნაბასა და სავლეს?
18 არაფერია გასაკვირი იმაში, რომ იერუსალიმში ჩასულ სავლეს მოწაფეები ეჭვის თვალით უყურებდნენ და ვერ იჯერებდნენ, რომ ისიც მოწაფე იყო. მაგრამ ბარნაბა გვერდით დაუდგა სავლეს და მოციქულებმაც მიიღეს ის. ამის შემდეგ სავლე ცოტა ხნით მათთან დარჩა (საქ. 9:26—28). სავლე წინდახედული იყო, მაგრამ სასიხარულო ცნობის არასდროს შერცხვენია (რომ. 1:16). ის გაბედულად ქადაგებდა იერუსალიმში, სწორედ იმ ქალაქში, სადაც თვითონ ქრისტეს მიმდევრების დევნა დაიწყო. მათდა სამწუხაროდ, იერუსალიმელი იუდეველები მიხვდნენ, რომ მათმა გმირმა „უღალატა“ მათ, და მისი მოკვლა გადაწყვიტეს. ბიბლიაში წერია: „ეს რომ ძმებმა შეიტყვეს, სავლე კესარეაში ჩაიყვანეს და ტარსოსში გაგზავნეს“ (საქ. 9:30). სავლემ გაითვალისწინა კრების მითითება, რაც იესოს ხელმძღვანელობისადმი მორჩილებას ნიშნავდა, და სასიკეთო აღმოჩნდა როგორც სავლესთვის, ისე კრებისთვის.
19 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბარნაბამ საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა და გვერდში დაუდგა სავლეს. უეჭველია, ამგვარი სიკეთე იეჰოვას ამ ორ გულმოდგინე მსახურს შორის კარგი მეგობრობის საფუძველი იქნებოდა. თქვენც ცდილობთ, ბარნაბასავით გვერდში დაუდგეთ კრებაში ახალ მაუწყებლებს, მათთან ერთად გახვიდეთ მსახურებაში და დაეხმაროთ სულიერ წინსვლაში? თქვენი მზადყოფნა ყოველთვის გამოიღებს შედეგს! და თუ ახალი მაუწყებელი ხართ, აძლევთ კრებაში და-ძმებს იმის შესაძლებლობას, რომ გვერდში დაგიდგნენ? გამოცდილ მაუწყებლებთან მსახურება უკეთეს მქადაგებლად ჩამოგაყალიბებთ, მეტ სიხარულს შეგძენთ და ისეთ სანდო მეგობრებს გაპოვნინებთ, რომლებიც მთელი ცხოვრება გვერდით გეყოლებათ.
„მრავალმა ირწმუნა უფალი“ (საქმეები 9:31—43)
20, 21. როგორ იყენებდნენ ღვთის მსახურები „მშვიდობიან დროს“ პირველ საუკუნეში და რა შეიძლება ითქვას მეოცე საუკუნეზე?
20 მას შემდეგ, რაც სავლე ქრისტეს გზას ეზიარა და მდევნელებს თავი დააღწია, „მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში კრებას მშვიდობიანი დრო დაუდგა“ (საქ. 9:31). როგორ გამოიყენეს მოწაფეებმა ეს „კარგი დრო“? (2 ტიმ. 4:2). როგორც ბიბლიაში წერია, კრება ძლიერდებოდა. მოციქულებმა და სხვა პასუხისმგებელმა ძმებმა მოწაფეებს რწმენა განუმტკიცეს და კრებას წაუძღვნენ, კრება კი „იეჰოვას შიშითა და წმინდა სულით ნუგეშცემული“ ცხოვრობდა. მაგალითად, პეტრემ არ დაკარგა დრო და განამტკიცა მოწაფეები ლიდაში, შარონის ველზე. მისი ძალისხმევის შედეგად ახლომახლო მცხოვრებლებმა „ირწმუნეს უფალი“ (საქ. 9:32—35). მოწაფეებს ისეთი მიზნები კი არ დაუსახავთ, რომლებიც უმთავრესი მიზნიდან გადაახვევინებდა მათ, არამედ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეზრუნათ ერთმანეთზე და სასიხარულო ცნობა ექადაგათ; შედეგი კი ის იყო, რომ კრება „რიცხობრივად იზრდებოდა“.
21 მეოცე საუკუნის ბოლოს მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებსაც „მშვიდობიანი დრო“ დაუდგათ. ბოლო მოეღო ისეთ მმართველობებს, რომლებიც ათეულობით წლის მანძილზე ავიწროებდა ღვთის ხალხს. ზოგან წინააღმდეგობა შესუსტდა, ზოგან კი სამქადაგებლო საქმიანობაზე ყოველგვარი შეზღუდვა მოიხსნა. ათობით ათასმა იეჰოვას მოწმემ ხელიდან არ გაუშვა საჯაროდ ქადაგების შესაძლებლობა, რასაც შესანიშნავი შედეგი მოჰყვა.
22. როგორ შეგიძლიათ რელიგიური თავისუფლების საუკეთესოდ გამოყენება?
22 თქვენ როგორ იყენებთ „მშვიდობიან დროს“? თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც რელიგიური თავისუფლება არ არის შეზღუდული, სატანა შეეცდება, იმით გაცდუნოთ, რომ სამეფოს ინტერესებზე წინ სიმდიდრისკენ სწრაფვა დაგაყენებინოთ (მათ. 13:22). ყურადღება არ მოადუნოთ! საუკეთესოდ გამოიყენეთ ნებისმიერი მშვიდობიანი დრო და ის საგულდაგულოდ ქადაგებისა და კრების აღშენების დროდ მიიჩნიეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი მდგომარეობა შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს.
23, 24. რას ვსწავლობთ ტაბითას მაგალითიდან და რისი გაკეთება გვმართებს?
23 ვნახოთ, რა შეემთხვა მოწაფე ტაბითას, იგივე ქურციკს.c ის იოპეში ცხოვრობდა, ლიდადან არც ისე შორს. ეს ერთგული ქალი უქმად არ კარგავდა დროს, „ის გაჭირვებულებს ეხმარებოდა და ბევრ სხვა კარგ საქმესაც აკეთებდა“. მოულოდნელად ავად გახდა და მოკვდა. ამან დიდად დაამწუხრა იოპეში მცხოვრები მოწაფეები და განსაკუთრებით მისი სიკეთით გულგამთბარი ქვრივები. ძმებმა ქურციკის სიკვდილი პეტრეს შეატყობინეს და ისიც იოპეში ჩავიდა. როცა ქურციკის სახლს მიადგა, ცხედარს დასაკრძალავად ამზადებდნენ. ამ დროს პეტრემ ისეთი სასწაული მოახდინა, რაც იესოს მოციქულებს შორის ჯერ არავის გაეკეთებინა. პეტრემ ილოცა და ტაბითა მკვდრეთით აღადგინა! ქვრივებისა და სხვა მოწაფეების სიხარულს საზღვარი არ ექნებოდა, როცა პეტრე დაუძახებდა მათ და ცოცხალ ტაბითას წარუდგენდა! ეს მოვლენა განამტკიცებდა მათ და მომავალ განსაცდელებთან შესახვედრად მოამზადებდა! მომხდარი სასწაული მთელმა იოპემ გაიგო და „მრავალმა ირწმუნა უფალი“ (საქ. 9:36—42).
24 ტაბითას გულის ამაჩუყებელი მაგალითიდან ორ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: 1) ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ ვიდრე შეგვიძლია, კარგი სახელი უნდა დავიმკვიდროთ ღვთის წინაშე (ეკლ. 7:1); 2) მკვდრეთით აღდგომა ნამდვილად იქნება. იეჰოვას ახსოვდა ტაბითას კარგი საქმეები და აკურთხა კიდეც. მას ახსოვს ჩვენი გარჯა, და თუ არმაგედონამდე დასრულდა ჩვენი სიცოცხლე, ის აუცილებლად გაგვაცოცხლებს (ებრ. 6:10). ასე რომ, „კარგ დროში“ ვცხოვრობთ თუ „ცუდ დროში“, ყველანაირად ვეცადოთ, საგულდაგულოდ ვიქადაგოთ ქრისტეს შესახებ (2 ტიმ. 4:2).
a იხილეთ ჩარჩო „ფარისეველი სავლე“.
b როგორც წესი, ახალ მოწაფეებს წმინდა სულის ძღვენი მოციქულების ხელების დადებით გადაეცემოდა. მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, იესომ ანანიას ხელით გადასცა წმინდა სულის ძღვენი სავლეს. როცა სავლე პირველად მოციქულებს შეხვდა, მისი გაქრისტიანებიდან საკმაოდ დიდი დრო იყო გასული, თუმცა ამ დროს, ალბათ, გულმოდგინედ ქადაგებაში ატარებდა. იესო აძლევდა სავლეს ძალას მიცემული დავალების შესასრულებლად.
c იხილეთ ჩარჩო „ტაბითა ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა“.