„მთელი გულმოდგინებით . . . ასწავლე“
„თქვენ მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ და მართალს ამბობთ, რადგან ასეც არის“ (იოან. 13:13). ამ სიტყვებით იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ მასწავლებელი იყო. ზეცად ამაღლებამდე ცოტა ხნით ადრე მან თავის მიმდევრებს მოუწოდა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათ. 28:19, 20). მოგვიანებით პავლე მოციქულმაც აღნიშნა, რომ ღვთის სიტყვის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის ქრისტიან უხუცესს, ტიმოთეს ურჩევდა: „მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს, შეაგონე და ასწავლე, . . . ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება“ (1 ტიმ. 4:13—15).
დღეს, ისევე როგორც პირველ საუკუნეში, სწავლება ჩვენი მსახურებისა თუ ქრისტიანული შეხვედრების მთავარი თავისებურებაა. როგორ შეგვიძლია მთელი გულმოდგინებით ვასწავლოთ და როგორ დაგვეხმარება გულმოდგინება, გავხდეთ ღვთის სიტყვის წარმატებული მასწავლებლები?
მიჰბაძეთ დიდებულ მასწავლებელს
იესოს სწავლების მეთოდებით ბევრი იყო მოხიბლული. მიაქციეთ ყურადღება, რა გავლენა მოახდინა იესოს საუბარმა ნაზარეთის სინაგოგაში მყოფ ხალხზე: „ყველა მოწონებით ლაპარაკობდა მის შესახებ, გაოცებულები იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლიანი სიტყვებით“ (ლუკ. 4:22). მოწაფეები ქადაგებაში თავიანთ ბატონს ჰბაძავდნენ. თავად პავლე მოციქულიც მოუწოდებდა თანაქრისტიანებს: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორ. 11:1). პავლე იესოს სწავლების მეთოდებს იყენებდა, რის გამოც დახელოვნებულად ქადაგებდა „სახალხოდ და კარდაკარ“ (საქ. 20:20).
სწავლება მოედანზე
პავლეს საჯაროდ სწავლების არაჩვეულებრივი უნარი რომ ჰქონდა, კარგად ჩანს საქმეების მე-17 თავიდან. იქიდან ვიგებთ, რომ პავლე ათენში (საბერძნეთი) ჩავიდა. სადაც არ უნდა გაევლო, ქუჩებში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ის ყველგან კერპებს ხედავდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამან აღაშფოთა პავლე; მაგრამ მან დაიოკა ემოციები. უფრო მეტიც, „მსჯელობდა ის სინაგოგაში . . . და ყოველდღე ესაუბრებოდა მათ, ვისაც მოედანზე ხვდებოდა“ (საქ. 17:16, 17). რა კარგი მაგალითია ჩვენთვის! თუ ყველა ადამიანს პატივისცემით მოვეპყრობით და განსჯას არ დავუწყებთ, შეიძლება ისინი ჩვენ მოსასმენად განეწყონ და ბოლოს ცრუ რელიგიის ტყვეობიდანაც დააღწიონ თავი (საქ. 10:34, 35; გამოცხ. 18:4).
მოედანზე ქადაგება პავლესთვის ადვილი არ იყო. მის მსმენელებს შორის იყვნენ ფილოსოფოსები, რომელთა შეხედულებები განსხვავდებოდა იმ ჭეშმარიტებისგან, რომელსაც პავლე ქადაგებდა. მიუხედავად ამისა, საპირისპირო აზრს პავლე პატივისცემით ისმენდა. ზოგი პავლეს მოლაყბეს ეძახდა (ბერძნულად სიტყვასიტყვით „საკენკის მკენკავს“ ნიშნავს). სხვები კი ამბობდნენ: „ეტყობა, უცხო ღვთაებებს ქადაგებს“ (საქ. 17:18).
პავლეს გული არ გასტეხია მსმენელების დამამცირებელი შენიშვნების გამო. პირიქით, როცა თავისი მრწამსის ახსნა მოსთხოვეს, პავლემ ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და საფუძვლიანად დაამოწმა, რაც მისი სწავლების შესანიშნავ უნარზე მეტყველებს (საქ. 17:19—22; 1 პეტ. 3:15). მოდი, დეტალურად განვიხილოთ მისი სიტყვით გამოსვლა, რაც სწავლების უნარის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.
გამონახეთ საერთო ენა
პავლემ ხალხს მიმართა: «ათენელებო, ყველაფერში გეტყობათ, რომ სხვებზე მეტად გეშინიათ ღვთაებებისა. როცა . . . თქვენი თაყვანისცემის საგნებს ვათვალიერებდი, ვნახე სამსხვერპლოც, რომელზეც ეწერა: „უცნობ ღმერთს“. მე სწორედ იმის შესახებ გაუწყებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით» (საქ. 17:22, 23).
პავლე გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა. აქედან გამომდინარე, ის ბევრს იგებდა თავისი მსმენელების შესახებ. დაკვირვებულები თუ ვიქნებით, მობინადრის შესახებ ჩვენც ბევრს შევიტყობთ. მაგალითად, შეიძლება ეზოში სათამაშოები შევნიშნოთ ან კარზე გაკეთებული რაიმე ნიშანი. თუ მობინადრის მდგომარეობის შესახებ რაღაც გვეცოდინება, არა მარტო სალაპარაკო თემას შევარჩევთ, არამედ იმაზეც კარგად დავფიქრდებით, როგორ ვუთხრათ სათქმელი (კოლ. 4:6).
პავლე არ განსჯიდა სხვებს. მას ესმოდა, რომ ათენელებს ღვთის შესახებ არასწორი ცოდნა ჰქონდათ. პავლემ გასაგებად მიანიშნა იმაზე, თუ როგორ უნდა ეცათ ჭეშმარიტი ღვთისთვის თაყვანი (1 კორ. 14:8). მაშასადამე, მნიშვნელოვანია, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას, ჩვენი საუბარი გასაგები და დადებითი იყოს.
იყავით ტაქტიანი და მიუკერძოებელი
პავლემ განაგრძო თავისი სიტყვა: „ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, და რომელიც არის ცისა და დედამიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, არც ადამიანთა ხელით სამსახურს მოითხოვს, თითქოს რამე სჭირდებოდეს, რადგან თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს“ (საქ. 17:24, 25).
პავლემ ტაქტიანად მიანიშნა ხალხს, რომ იეჰოვა იყო სიცოცხლის მომცემი და ის „ცისა და დედამიწის უფლად“ მოიხსენია. ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, გავაგებინოთ სხვადასხვა რელიგიისა თუ კულტურის წრფელი გულის ადამიანებს, რომ იეჰოვა ღმერთია სიცოცხლის წყარო (ფსალმ. 36:9).
პავლემ შემდეგ დასძინა: „მან ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი . . . და დასასახლებლად დაუნიშნა დროები და დაუდო საზღვრები, რათა ეძებნათ ღმერთი, იქნებ როგორმე ეგრძნოთ იგი, და ეპოვათ, თუმცა ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქ. 17:26, 27).
ის, თუ როგორ ვასწავლით, ბევრს ეტყვის ჩვენს მსმენელს, როგორ ღმერთს ვემსახურებით. იეჰოვა მიუკერძოებელია და ყველა ერის ადამიანს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ‘იგრძნონ იგი, და იპოვონ’. ჩვენც ყველასთან მიუკერძოებლად ვქადაგებთ და ვცდილობთ, ღმერთთან დაახლოებაში დავეხმაროთ მათ, ვისაც სწამს შემოქმედის, რათა მარადიული კურთხევები მიიღონ (იაკ. 4:8). მაგრამ როგორ დავეხმაროთ იმ ხალხს, ვისაც ღვთის არსებობაში ეჭვი ეპარება? შეგვიძლია პავლეს მივბაძოთ.
შენიშნეთ, რას ამბობს პავლე: „მისით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ, როგორც თქვენს ზოგ პოეტსაც უთქვამს, ჩვენ მისი მოდგმა ვართო. რადგან ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა გვეგონოს, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს, ვერცხლს ან ქვას, ადამიანის ხელოვნებითა და წარმოსახვით გამოქანდაკებულს“ (საქ. 17:28, 29).
პავლე მსმენელების ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, ამიტომ ათენელებს ცნობილი და აღიარებული პოეტების ციტატა მოუყვანა. ჩვენც შეგვიძლია საერთო ენა გამოვნახოთ მსმენელებთან და იმ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რაც მათთვის მისაღებია. მაგალითად, დღესაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ძლიერი მაგალითი, რომელიც პავლემ ებრაელებისთვის მიწერილ წერილში მოიყვანა: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრ. 3:4). ამ მარტივი მაგალითის საფუძველზე შეიძლება მობინადრე ჩვენი სიტყვების ჭეშმარიტებაში დავარწმუნოთ. ათენელების წინაშე პავლეს სიტყვით გამოსვლა კიდევ იმიტომ იყო ეფექტური, რომ ის მოქმედებისკენ აღძრავდა მსმენელებს.
ყურადღება გაამახვილეთ დროზე, რომელშიც ვცხოვრობთ
პავლე აღნიშნავს: „ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრო და ახლა ყველას ყველგან ეუბნება, რომ მოინანიონ. ვინაიდან დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით“ (საქ. 17:30, 31).
ღმერთმა დროებით დაუშვა დედამიწაზე ბოროტება, ეს კი თითოეულ ჩვენგანს იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გამოვავლინოთ, რა არის სინამდვილეში ჩვენს გულში. მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ყურადღება იმაზე გავუმახვილოთ, თუ რა დროში ვცხოვრობთ და დამაჯერებლად ველაპარაკოთ იმ კურთხევებზე, რასაც უახლოეს მომავალში სამეფოს მმართველობა მოიტანს (2 ტიმ. 3:1—5).
სხვადასხვანაირი გამოხმაურება
„როცა მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოისმინეს, ზოგს ეს სიცილად არ ეყო, ზოგი კი ამბობდა, ამის შესახებ სხვა დროსაც მოგისმენთო. ბოლოს პავლე წავიდა, ზოგიერთები გაჰყვნენ მას და ირწმუნეს“ (საქ. 17:32—34).
ზოგი შეიძლება მყისვე გამოეხმაუროს ჩვენს სწავლებას, სხვებს კი მეტი დრო დასჭირდეთ ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად. მაგრამ როცა ჭეშმარიტებას გასაგებად და მარტივად გადავცემთ და თუნდაც ერთ ადამიანს ვეხმარებით იეჰოვას შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში, ძალიან გვიხარია, რადგან ღმერთი ჩვენი მეშვეობით აახლოებს ადამიანებს თავის ძესთან (იოან. 6:44).
რას ვსწავლობთ
პავლეს მიერ ათენელების წინაშე წარმოთქმული სიტყვიდან ჩვენ ბევრს ვსწავლობთ იმაზე, თუ როგორ ავუხსნათ სხვებს ბიბლიური ჭეშმარიტება. კრებაში საჯარო მოხსენებებით გამოსვლისას, შეგვიძლია პავლეს მივბაძოთ და ტაქტიანად ვილაპარაკოთ, ამგვარად ბიბლიური ჭეშმარიტების მიღებაში დავეხმარებით იმ ხალხს, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს. ჩვენ გვინდა, ჭეშმარიტება გასაგებად გადავცეთ, მაგრამ ამავე დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სხვების რწმენაზე კრიტიკული შენიშვნები არ გავაკეთოთ. აგრეთვე, უნდა ვეცადოთ, რომ დამაჯერებლად და ტაქტიანად ვიქადაგოთ. თუ ასე მოვიქცევით, გავითვალისწინებთ პავლეს რჩევას და ‘მთელი გულმოდგინებით ვასწავლით’.
[სურათი 30 გვერდზე]
პავლე გასაგებად, მარტივად და ტაქტიანად ასწავლიდა
[სურათი 31 გვერდზე]
ჩვენ პავლეს მივბაძავთ, თუ ქადაგებისას მსმენელების აზრს გავითვალისწინებთ