მოციქულთა საქმეები
17 მათ ამფიპოლისი და აპოლონია გაიარეს და თესალონიკეში+ ჩავიდნენ, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო. 2 ჩვეულებისამებრ, პავლე+ სინაგოგაში შევიდა და სამი კვირის განმავლობაში ყოველ შაბათს მათთან ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე.+ 3 ის უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა+ და მკვდრეთით აღმდგარიყო,+ და ეუბნებოდა: „იესოა ქრისტე, რომლის შესახებაც გაუწყებთ“. 4 ზოგმა მათგანმა ირწმუნა და პავლესა და სილას+ შეუერთდა. ასევე მოიქცა მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არაერთი გავლენიანი ქალი.
5 იუდეველებს კი შეშურდათ,+ ბაზრის მოედნიდან წაიყვანეს უსაქმური, ბოროტი კაცები, ბრბო შეყარეს და ქალაქში აურზაური ატეხეს. იასონის სახლს მიაწყდნენ, უნდოდათ, ბრბოს წინაშე გამოეყვანათ პავლე და სილა, 6 მაგრამ რომ ვერ იპოვეს, იასონი და რამდენიმე ძმა წაათრიეს ქალაქის გამგებლებთან, თან გაჰყვიროდნენ: „ამათ ქვეყანა ყირაზე დააყენეს და აქაც მოვიდნენ,+ 7 იასონმა კი სახლში შეუშვა. ესენი კეისრის დადგენილებებს ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, სხვა მეფეც არისო, იესო“.+ 8 ამის გაგონებაზე ხალხი და ქალაქის გამგებლები აღშფოთდნენ. 9 თუმცა იასონისა და დანარჩენებისგან თავდები აიღეს და გაუშვეს.
10 ძმებმა პავლე და სილა იმავე ღამეს ბერეაში გაგზავნეს; ისინი ჩასვლისთანავე იუდეველთა სინაგოგაში შევიდნენ. 11 იქაურები თესალონიკელებზე მონდომებულები იყვნენ, რადგან მთელი გულით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო. 12 მათგან მრავალმა ირწმუნა. ირწმუნეს პატივდებულმა ბერძენმა კაცებმაც და მრავალმა პატივდებულმა ბერძენმა ქალმაც. 13 მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდეველებმა გაიგეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ, ხალხი წააქეზეს და აამხედრეს.+ 14 ძმებმა პავლე მაშინვე ზღვისკენ გაგზავნეს,+ სილა და ტიმოთე კი იქ დარჩნენ. 15 გამცილებლებმა პავლე ათენში ჩაიყვანეს. სანამ გაბრუნდებოდნენ, პავლემ მათ სილასა და ტიმოთესთან+ დააბარა, რომ რაც შეიძლება მალე ჩასულიყვნენ მასთან.
16 პავლე მათ ათენში ელოდებოდა; იქ მან ნახა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე, რამაც აღაშფოთა იგი. 17 დაიწყო მან მსჯელობა სინაგოგაში იუდეველებთან და ღვთისმოშიშ უცხოტომელებთან, და ყოველდღე ესაუბრებოდა მათ, ვისაც მოედანზე ხვდებოდა. 18 ეპიკურელ და სტოიკოს ფილოსოფოსთაგან ზოგიერთმა მას დავა დაუწყო. ზოგი ამბობდა, რისი თქმა უნდა ამ მოლაყბესო, ზოგი კი ამბობდა, ეტყობა, უცხო ღვთაებების შესახებ ქადაგებსო. ამას იმიტომ ამბობდნენ, რომ სასიხარულო ცნობას აუწყებდა იესოსა და აღდგომის შესახებ.+ 19 მიიყვანეს იგი არეოპაგში* და ჰკითხეს: „აგვიხსენი ერთი, რა მოძღვრებას ქადაგებ. 20 ისეთ უცნაურ რამეებს ამბობ, რაც არასოდეს გვსმენია. გაგვაგებინე, რაზე გველაპარაკები“. 21 საერთოდ, ათენელები და იქ ჩასული უცხოელები თავისუფალ დროს მხოლოდ ახალი ამბების მოყოლასა და მოსმენაში ატარებდნენ. 22 პავლე არეოპაგის+ შუაში დადგა და ხალხს მიმართა:
«ათენელებო, ყველაფერში გეტყობათ, რომ სხვებზე მეტად გეშინიათ ღვთაებების.+ 23 როცა მოვდიოდი და თქვენს სიწმინდეებს ვათვალიერებდი, ვნახე სამსხვერპლო, რომელზეც ეწერა: „უცნობ ღმერთს“. მე სწორედ მის შესახებ გაუწყებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. 24 ღმერთი, ცისა და დედამიწის უფალი,+ რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს,+ 25 არც ადამიანთაგან საჭიროებს რამეს,+ პირიქით, თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას+ და ყველაფერს. 26 მან ერთი ადამიანისგან წარმოშვა+ ყველა ერი, რომ მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ,+ და განსაზღვრა დროები და დაადგინა საზღვრები, თუ სად დასახლდებოდნენ ადამიანები,+ 27 რათა ეძებნათ ღმერთი, გულმოდგინედ ეძებნათ და ეპოვათ;+ ის ხომ არცერთი ჩვენგანისგან არ არის შორს. 28 ჩვენ მისით ვარსებობთ, ვცოცხლობთ და დავდივართ, როგორც თქვენს ზოგიერთ პოეტსაც უთქვამს, ჩვენც მისი შვილები ვართო.
29 ვინაიდან ღვთის შვილები+ ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი თავისი წარმოსახვით ოქროსგან, ვერცხლისგან თუ ქვისგან ღმერთს ვერ გამოსახავს.+ 30 ღმერთი ადრე თვალს ხუჭავდა ასეთ უცოდინარობაზე,+ მაგრამ ახლა ყველგან ყველას მოუწოდებს მონანიებისკენ, 31 რადგან დანიშნული აქვს დღე, როცა სამართლიანად გაასამართლებს+ მსოფლიოს მისი მეშვეობით, ვინც თავად დანიშნა; ამაში იმით დაარწმუნა ყველა, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი».+
32 როცა მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოისმინეს, ზოგს ეს სიცილად არ ეყო,+ ზოგი კი ეუბნებოდა, ამის შესახებ სხვა დროსაც მოგისმენთო. 33 ბოლოს პავლე წავიდა. 34 ზოგიერთები მიემხრნენ მას და ირწმუნეს. მათ შორის იყვნენ არეოპაგის სასამართლოს მოსამართლე დიონისე, ერთი ქალი, სახელად დამარისი, და სხვები.