„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“
ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ ბიბლიურმა პრინციპებმა ის სრულიად შეცვალა
ახალგაზრდობაში ადრიანა ძალიან აგრესიული და ფიცხი ხასიათის იყო. ის ადვილად რისხდებოდა. გარდა ამისა, სასმელსაც ეძალებოდა, ეწეოდა და უზნეობას სჩადიოდა. ის პანკი იყო და სხეული ტატუირებული ჰქონდა, რითაც თავის ანარქისტურ განწყობას გამოხატავდა. ადრიანა იმ დროის შესახებ იხსენებს: „პანკებისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობა გავიკეთე და თმისთვის მიცემული ფორმის შესანარჩუნებლად ძლიერ წებოს ვხმარობდი. ხანდახან თმას წითლად ან სხვა ფერად ვიღებავდი“. მას ცხვირიც ჰქონდა გახვრეტილი.
ადრიანა სხვა რამდენიმე თავაშვებულ ახალგაზრდასთან ერთად ნახევრად დანგრეულ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ისინი ერთად იღებდნენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. „სიამოვნების მიღების მიზნით მეთილამფეტამინს (სტიმულატორს) ვიღებდი და, ამასთანავე, საკუთარი ხელით ვიკეთებდი დიაზეპამსა და სხვა წამლებს, რაც ხელში მომხვდებოდა, — იხსენებს ადრიანა. — როდესაც გამაბრუებელი ნივთიერებები არ მქონდა, მანქანებიდან ბენზინს ვიღებდი და მისი საშუალებით ვიბრუებდი თავს“. ქუჩურმა ცხოვრებამ და დამნაშავეთა სამყაროსთან კავშირმა იგი საშიში და აგრესიული გახადა. ადამიანებს მასთან არანაირი ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ასეთი რეპუტაციის გამო მისკენ მხოლოდ ცუდი საზოგადოების წარმომადგენლებს მიუწევდათ გული.
დროთა განმავლობაში ადრიანა მიხვდა, რომ მის ეგრეთ წოდებულ მეგობრებს მასთან მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით ჰქონდათ ურთიერთობა. ამავე დროს, ასეთ დასკვნამდე მივიდა: „რისხვითა და აგრესიულობით ვერაფერს მივაღწიე“. იმედგაცრუებულმა და გულგატეხილმა ადრიანამ მეგობრების წრე მიატოვა. ერთხელაც, სამშენებლო უბანზე ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ იპოვა და ძალიან მოეწონა მასში ჩაწერილი ბიბლიური ცნობა. ამას იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა მოჰყვა. ადრიანა მთელი გულით გამოეხმაურა მოწვევას: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8, აქ). მალე მიხვდა, რომ აუცილებელი იყო, საღვთო წერილში მოცემული პრინციპების თანახმად ცხოვრება.
ბიბლიური ცოდნის გაღრმავებამ დადებითი გავლენა იქონია ადრიანას სინდისზე და ცხოვრების კურსი შეაცვლევინა. მას მოწმეები დაეხმარნენ საკუთარი გრძნობების მოთოკვის სწავლასა და თავშეკავების გამომუშავებაში. ღვთის სიტყვის ძალით ადრიანა სრულიად სხვა პიროვნება გახდა (ებრაელთა 4:12).
როგორ ახდენს ბიბლია ასეთ ძლიერ გავლენას? საღვთო წერილში მოცემული შემეცნება გვეხმარება ‘ახალ კაცად შემოსვაში’ (ეფესელთა 4:24). დიახ, ბიბლიაში მოცემული საფუძვლიანი ცოდნის გამოყენების შედეგად ჩვენი პიროვნება იცვლება. როგორ ცვლის ასეთი შემეცნება ადამიანებს?
უპირველეს ყოვლისა, ბიბლიაში ნაჩვენებია, რა არასასურველი თვისებებისგან არის საჭირო გათავისუფლება (იგავები 6:16—19). გარდა ამისა, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ გამოვავლინოთ სასურველი თვისებები. მათი გამომუშავება კი ღვთის სულიწმიდის ძალითაა შესაძლებელი. ეს თვისებებია „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალატელთა 5:22, 23, აქ).
მას შემდეგ, რაც ღვთის მოთხოვნებს კარგად გაეცნო, ადრიანამ გამოიკვლია საკუთარი თავი და დაინახა, რა თვისებების გამომუშავება ესაჭიროებოდა და რისგან უნდა გათავისუფლებულიყო (იაკობი 1:22—25). თუმცა, ეს ჯერ დასაწყისი იყო. ცოდნის მიღების გარდა, ადრიანას ისეთი რამ სჭირდებოდა, რაც საკუთარ თავში ცვლილებების მოხდენის ძალას მისცემდა.
ადრიანამ დაინახა, რომ სასურველი ახალი პიროვნება „შემოქმედის პიროვნებისამებრ“ ყალიბდება (კოლასელთა 3:10, აქ). ის მიხვდა, რომ ქრისტიანი უნდა ირეკლავდეს ღვთის თვისებებს (ეფესელთა 5:1). ბიბლიის შესწავლის დროს მან გაიგო, როგორ ეპყრობა იეჰოვა კაცობრიობას და დაინახა ღვთის ისეთი შესანიშნავი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, სიკეთე, სიკარგე, გულმოწყალება და სამართლიანობა. მიღებულმა ცოდნამ ადრიანა აღძრა, იეჰოვასადმი სიყვარული განევითარებინა და მის მოსაწონ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო (მათე 22:37).
დროთა განმავლობაში, ღვთის სულიწმიდის დახმარებით ადრიანამ ხელში აიყვანა საკუთარი თავი და აგრესიული ხასიათი შეიცვალა. ამჟამად ის მეუღლესთან ერთად სხვებს ეხმარება ბიბლიური შემეცნების საშუალებით ცხოვრების შეცვლაში. „ბევრი ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, რომლებიც ამჟამად ცოცხლები აღარ არიან, ცოცხალი ვარ და ბედნიერი ოჯახი მაქვს,“ — ამბობს ადრიანა. დღეს ის თავად წარმოადგენს იმის ცოცხალ მაგალითს, რომ ბიბლიას შესწევს ძალა, ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
[ჩანართი 25 გვერდზე]
„რისხვითა და აგრესიულობით ვერაფერს მივაღწიე“.
[ჩარჩო 25 გვერდზე]
ბიბლიური პრინციპები მოქმედია
ბიბლიური პრინციპები ბევრ ფიცხ და აგრესიულ ადამიანს დაეხმარა, გამხდარიყვნენ მშვიდობისმოყვარენი. აი, მათგან ზოგიერთი:
„ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო“ (რომაელთა 12:18, 19). მიეცით ღმერთს საშუალება, რომ მან გადაწყვიტოს, ვისზე და როდის იძიოს შური. მას შეუძლია ამის გაკეთება, რადგან მომხდარი ფაქტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა აქვს. ღვთის ნებისმიერი შურისგება მის სრულყოფილ სამართლიანობას აირეკლავს.
«განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე [„მზე ისე ნუ ჩავა, რომ ისევ გაღიზიანებულები იყოთ“, აქ]. ადგილი არ მისცეთ ეშმაკს» (ეფესელთა 4:26, 27). ზოგჯერ ადამიანი შეიძლება სამართლიანად გაბრაზდეს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ის არ უნდა დარჩეს „ისევ გაღიზიანებული“. რატომ? ამან შეიძლება მას არასწორი მოქმედებისკენ უბიძგოს და ამგვარად ‘ეშმაკს მისცეს ადგილი’, რაც იეჰოვას უკმაყოფილებას გამოიწვევს.
„მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე“ (ფსალმუნები 36:8). მოუთოკავ ემოციებს გაუკონტროლებელ ქმედებამდე შეუძლია ადამიანის მიყვანა. ვინმე უარყოფით ემოციებს როცა ვერ თოკავს, შეიძლება ისეთი რამ თქვას ან გააკეთოს, რითაც გარშემომყოფებს გულს ატკენდა.