ღმერთი თავის სიყვარულს გვიჩვენებს
„წყალობა [იმეფებს] სიმართლის საშუალებით მარადიული სიცოცხლისთვის“ (რომ. 5:21).
1, 2. რა ძღვენს აფასებენ ადამიანები, მაგრამ რომელი ძღვენია ბევრად უფრო ღირებული?
„რომის იმპერიამ კაცობრიობას უდიდესი მემკვიდრეობა, თავისი კანონები, დაუტოვა“ (დ-რ. დეივიდ უილიამზი, ბიბლიის მთარგმნელი და მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრალია). მაგრამ, რაც არ უნდა დიდი იყოს ეს მემკვიდრეობა, არსებობს ბევრად უფრო ღირებული მემკვიდრეობა, ანუ ძღვენი. ეს არის ღვთიური ძღვენი, რომელიც ადამიანებს ღვთის წინაშე მართლებად აღიარების, ხსნისა და მარადიული სიცოცხლის საშუალებას აძლევს.
2 გარკვეული გაგებით ის, თუ როგორ გვიბოძა ღმერთმა ეს ძღვენი, დაკავშირებულია მის კანონებთან, ანუ მის სამართლიანობასთან. რომაელების მე-5 თავში მოციქული პავლე ამ საკითხს არ განიხილავს, როგორც მშრალ, იურიდიულ საკითხს. პირიქით, ის ამ თავს აღმაფრთოვანებელი სიტყვებით იწყებს: „რწმენის გამო მართლებად ვართ აღიარებულნი, მშვიდობა შევინარჩუნოთ ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით“. ისინი, ვინც ღვთის ამ ძღვენს იღებენ, აღძრულნი არიან სიყვარულით უპასუხონ მას. პავლე ერთ-ერთი მათგანი იყო. მან თქვა: „ჩვენს გულებში ღვთის სიყვარული ჩაიღვარა ჩვენთვის ბოძებული წმინდა სულის მეშვეობით“ (რომ. 5:1, 5).
3. რა კითხვებს განვიხილავთ?
3 რატომ იყო აუცილებელი ეს ძღვენი, რომელიც ღმერთმა სიყვარულით გაიღო? როგორ გაიღებდა ღმერთი ამ ძღვენს ისე რომ, არც მისი სამართლიანობა დარღვეულიყო, და ყველა ადამიანისთვისაც სარგებლობის მომტანი ყოფილიყო? და რა მოითხოვება ადამიანებისგან ამ ძღვნის მისაღებად? მოდი, მივიღოთ ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები და ვნახოთ, როგორ ჩანს ამ ყოველივეში ღვთის სიყვარული.
ღვთის სიყვარული ცოდვის წინააღმდეგ
4, 5. ა) რა დიდებული სახით გამოავლინა იეჰოვამ სიყვარული? ბ) რის ცოდნა დაგვეხმარება რომაელების 5:12-ის გაგებაში?
4 უდიდესი სიყვარულით აღძრულმა იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ადამიანების დასახმარებლად. პავლემ ეს ასეთი სიტყვებით გამოხატა: „ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:8). დაფიქრდით აქ მოცემულ ერთ ფაქტზე — „როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, როგორ გახდა ყველა ცოდვილი.
5 პავლემ ამის ახსნა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომ. 5:12). ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავიგოთ ეს, რადგან ღმერთმა ბიბლიის მეშვეობით გაგვიმხილა, როგორ მიეცა ადამიანებს დასაბამი. იეჰოვამ შექმნა ორი ადამიანი, ადამი და ევა. რამდენადაც შემოქმედი სრულყოფილია, სრულყოფილები იყვნენ მისი ქმნილებებიც, პირველი ადამიანები — ჩვენი წინაპრები. ღმერთმა მათ მხოლოდ ერთი რამ აუკრძალა და თან გააფრთხილა, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მის მითითებას, სიკვდილს დაიმსახურებდნენ (დაბ. 2:17). მაგრამ მათ არასწორი არჩევანი გააკეთეს — ღვთის გონივრული მითითება დაარღვიეს და ამგვარად უარყვეს იეჰოვა, როგორც კანონმდებელი და უზენაესი მმართველი (კან. 32:4, 5).
6. ა) რატომ კვდებოდნენ ადამიანები, როგორც მოსეს კანონის მიცემამდე, ისე მის შემდეგაც? ბ) რის დანახვა შეიძლება ჰემოფილიის მაგალითზე?
6 ადამს შვილები მხოლოდ შეცოდების შემდეგ გაუჩნდა. ამიტომ ცოდვა და მისი შედეგები მთელ თავის შთამომავლობას გადასცა. რა თქმა უნდა, ადამის შთამომავლებს ისე არ დაურღვევიათ ღვთის მითითება, როგორც ეს ადამმა გააკეთა და, შესაბამისად, იმავე ცოდვაში არ ედებათ ბრალი. იმ დროს მათ ღვთისგან ჯერ არანაირი კანონთა კრებული არ ჰქონდათ მიღებული (დაბ. 2:17). მაგრამ ადამის შთამომავლებმა ცოდვა მემკვიდრეობით მიიღეს. ამგვარად, ცოდვა და სიკვდილი მეფობდა მანამ, სანამ ღმერთმა ისრაელებს არ მისცა კანონები, რომლებიც აშკარად ცხადყოფდა, რომ ისინი ცოდვილები იყვნენ (წაიკითხეთ რომაელების 5:13, 14 ). ცოდვის გავლენა შეიძლება შევადაროთ ზოგიერთ დაავადებას, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცემა, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის ანემიას ან ჰემოფილიას. შესაძლოა, წაგიკითხავთ, რომ რუსეთის მეფე ნიკოლოზ II-ისა და დედოფალ ალექსანდრას შვილ ალექსეის მემკვიდრეობითი დაავადება ჰემოფილია ჰქონდა. საბედნიეროდ, ასეთ ოჯახებშიც კი, ზოგი ბავშვი არ ავადდება ამ ავადმყოფობით, მაგრამ ისინი შეიძლება მათი მატარებლები იყვნენ. იმავეს ვერ ვიტყვით ცოდვაზე. ადამის ცოდვის შედეგები ყველაზე ვრცელდება, აბსოლუტურად ყველაზე და ყოველთვის სასიკვდილოა. შესაძლებელია ოდესმე მისგან თავის დაღწევა?
რის საფუძველი შექმნა ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით
7, 8. ერთმანეთისგან განსხვავებული რა შედეგები გამოიღო ორი სრულყოფილი ადამიანის მოქმედებამ?
7 იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა იმაზე, რომ კაცობრიობა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან ეხსნა. პავლემ განმარტა, რომ ეს შესაძლებელი გახდა სხვა ადამიანის, სრულყოფილი კაცის — მეორე ადამის მეშვეობით (1 კორ. 15:45). ამ ორი ადამიანის მოქმედების შედეგები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იყო. რაში მდგომარეობდა ეს განსხვავება? (წაიკითხეთ რომაელების 5:15, 16 ).
8 პავლე წერდა: „ძღვნის შემთხვევაში ისე არ არის, როგორც შეცოდების შემთხვევაში იყო“. ადამი დამნაშავე იყო ამ შეცოდებაში და ღმერთმა სასიკვდილო განაჩენი სამართლიანად გამოუტანა. მაგრამ მხოლოდ ის არ მომკვდარა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთი ადამიანის შეცოდებით მრავალი მოკვდა“. ღვთის სამართლიანი ნორმების შესაბამისად, ადამის ყველა არასრულყოფილი შთამომავალი, მათ შორის ჩვენც, იმავე განაჩენს ვიმსახურებთ, რასაც ადამი. მაგრამ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ სრულყოფილი ადამიანის, იესოს, ცხოვრებამ სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. რა შედეგი? პავლე ამბობს, რომ მას „ყველასთვის მართლებად აღიარება მოაქვს სასიცოცხლოდ“ (რომ. 5:18).
9. რას ნიშნავს ადამიანების მართლებად აღიარება, როგორც ეს რომაელების 5:16, 18-შია მოხსენიებული?
9 რა მნიშვნელობა დევს ბერძნულიდან ნათარგმნ გამოთქმაში „მართლებად აღიარება“? ზემოხსენებულმა ბიბლიის მთარგმნელმა განმარტა: „აქ გამოყენებულია მეტაფორა, რომელსაც იურისპრუდენციაში იყენებენ, მაგრამ ის მაინც არ არის წმინდა წყლის იურიდიული ტერმინი. აქ საუბარია ღვთის თვალში ადამიანის მდგომარეობის ცვლილებაზე და არა ადამიანის შინაგანი პიროვნების ცვლილებაზე . . . ამ მეტაფორაში ღმერთი წარმოდგენილია მოსამართლედ, რომელმაც, ასე ვთქვათ, ღვთის სასამართლოზე განაჩენი უმართლობაში ბრალდებულების სასარგებლოდ გამოიტანა. დიახ, ღმერთმა ბრალდებულები გაამართლა“.
10. რა გააკეთა იესომ, რამაც ადამიანების მართლებად აღიარების საფუძველი შექმნა?
10 რის საფუძველზე ამართლებს „მთელი დედამიწის მოსამართლე“ უმართლოებს? (დაბ. 18:25). გამართლებას ღმერთმა საძირკველი თავისი მხოლოდშობილი ძის დედამიწაზე გამოგზავნით ჩაუყარა. იესომ განსაცდელების, დაცინვისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, სრულყოფილად შეასრულა მამის ნება. მან უმწიკვლობა ბოლომდე, წამების ძელზე სიკვდილამდე, შეინარჩუნა (ებრ. 2:10). თავისი სრულყოფილი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით, იესომ ღმერთს წარუდგინა გამოსასყიდი, რომელსაც ადამის შთამომავლობის ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლება შეეძლო (მათ. 20:28; რომ. 5:6—8).
11. რა შესაბამისობა უდევს საფუძვლად გამოსასყიდს?
11 სხვა წერილში პავლემ ამას „შესაბამისი გამოსასყიდი უწოდა“ (1 ტიმ. 2:6). რის შესაბამისი იყო გამოსასყიდი? ადამმა არასრულყოფილება და სიკვდილი მოუტანა მილიარდებს, თავის ყველა შთამომავალს. იესოს კი, როგორც სრულყოფილ ადამიანს, შეეძლო მილიარდობით სრულყოფილი შთამომავალი ჰყოლოდა.a აქედან გამომდინარე, როგორც ადრე იხსნებოდა, იესოს სიცოცხლეს პლუს ყველა მისი პოტენციური სრულყოფილი შთამომავლის სიცოცხლე, ტოლი იქნებოდა სრულყოფილი ადამისა და ყველა მისი შთამომავლის სიცოცხლისა, რომლებსაც მან სრულყოფილება დააკარგვინა. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რომ იესოს პოტენციური შთამომავლები გამოსასყიდის გაღებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. რომაელების 5:15—19-ში აღნიშნულია, რომ მხოლოდ „ერთი ადამიანის“ სიკვდილმა მოიტანა ხსნა. დიახ, იესოს სრულყოფილი სიცოცხლე შეესაბამებოდა ადამის სრულყოფილ სიცოცხლეს. აქ ყურადღება მხოლოდ იესო ქრისტეზე მახვილდება და ეს ასეც უნდა იყოს. იესოს „ერთი მოქმედების, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა“, მისი მორჩილებისა და სიკვდილამდე უმწიკვლობის შენარჩუნების შედეგად, ყველა ადამიანისთვის შესაძლებელი გახდა მიეღო ეს უსასყიდლო ძღვენი და, შედეგად, სიცოცხლე (2 კორ. 5:14, 15; 1 პეტ. 3:18). როგორ გაამართლა ღმერთმა კაცობრიობა გამოსასყიდის საფუძველზე?
გამართლება გამოსასყიდის საფუძველზე
12, 13. რატომ საჭიროებენ მართლებად აღიარებულნი ღვთის წყალობასა და სიყვარულს?
12 იეჰოვა ღმერთმა მიიღო თავისი ძის მიერ გაღებული მსხვერპლი (ებრ. 9:24; 10:10, 12). მაგრამ დედამიწაზე იესოს მოწაფეები, მისი ერთგული მოციქულების ჩათვლით, კვლავ არასრულყოფილები იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, ცუდი არაფერი გაეკეთებინათ, მაგრამ ყოველთვის არ გამოსდიოდათ. რატომ? იმიტომ რომ მათ ცოდვა მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული (რომ. 7:18—20). ღმერთს კი შეეძლო ამ მდგომარეობის გამოსწორება და გამოასწორა კიდეც. მან მიიღო „შესაბამისი გამოსასყიდი“ და მზად იყო, გამოეყენებინა ეს თავისი მიწიერი მსახურების სასარგებლოდ.
13 მოციქულები და სხვები ღვთისმოსაწონ საქმეებს აკეთებდნენ, მაგრამ ამ მიზეზის გამო ღმერთი არ იყო ვალდებული მიეღო გამოსასყიდი. ნაცვლად ამისა, იეჰოვამ გამოსასყიდი თავისი გულმოწყალებისა და უდიდესი სიყვარულის გამო მიიღო. მან გაამართლა მოციქულები და სხვები, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ, და მემკვიდრეობით მიღებული დანაშაულისგან გათავისუფლებულად მიიჩნია. პავლემ ეს ასე განმარტა: „ამ წყალობით ხართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით და ეს თქვენი დამსახურება კი არ არის, არამედ ღვთის ძღვენია“ (ეფეს. 2:8).
14, 15. რას მიიღებენ ისინი, ვისაც ღმერთი მართლებად აღიარებს, მაგრამ ჯერ კიდევ რა უნდა გააკეთონ მათ?
14 დაფიქრდით, ყოვლისშემძლე ღვთისგან რა დიდებული ძღვენია, ადამიანებს მიუტევოს როგორც მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა, ისე ყველა ჩადენილი დანაშაული! ვინ მოთვლის, რამდენ ცოდვას იდენს ადამიანი სანამ ქრისტიანი გახდება, მაგრამ გამოსასყიდის საფუძველზე ღმერთს შეუძლია ყველა ამ ცოდვის პატიება. პავლემ დაწერა: „მრავალმა შეცოდებამ . . . [მოიტანა] ძღვენი — მართლად აღიარება“ (რომ. 5:16). მოციქულებსა და სხვებს, რომლებმაც მიიღეს იეჰოვას მიერ გაღებული ეს ძღვენი და მართლებად იქნენ აღიარებულნი, ჭეშმარიტი ღვთისადმი რწმენით თაყვანისცემა უნდა განეგრძოთ. შედეგად, რას მიიღებენ მომავალში? „იმეფებენ სიცოცხლეში ერთი ადამიანის, იესო ქრისტეს მეშვეობით ისინი, ვინც უხვად მიიღებს წყალობასა და სიმართლის უსასყიდლო ძღვენს“. დიახ, სიმართლის ძღვენს ცოდვის საპირისპირო შედეგი, სიცოცხლე მოაქვს (რომ. 5:17; წაიკითხეთ ლუკას 22:28—30 ).
15 ისინი, ვინც ამ ძღვენს იღებენ, მართლებად ცხადდებიან, და ღვთის სულიერი შვილები, იესოს თანამემკვიდრეები ხდებიან. მათ ზეცაში მკვდრეთით აღდგომის პერსპექტივა აქვთ, სადაც პირდაპირი გაგებით, სულიერი შვილები იქნებიან და იესო ქრისტესთან ერთად იმეფებენ (წაიკითხეთ რომაელების 8:15—17, 23 ).
ღმერთი სიყვარულს სხვებისადმიც ავლენს
16. რა ძღვნის მიღება შეუძლიათ დღესვე მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ?
16 ყველა, ვინც ღვთისადმი რწმენას ავლენს და მას ერთგულად ემსახურება, არ მოელის ზეცაში ქრისტესთან ერთად მეფობას. ბიბლიის საფუძველზე მრავალს ისეთივე იმედი აქვს, როგორიც ქრისტემდე მცხოვრებ ღვთის მსახურებს ჰქონდათ — დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი. შეიძლება მათ დღესვე მიიღონ ღვთისგან სიყვარულით გაღებული ეს ძღვენი, მართლებად ჩაითვალონ და დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდეთ? რომაელებისთვის პავლეს მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია.
17, 18. ა) როგორ დააჯილდოვა ღმერთმა აბრაამის რწმენა? ბ) რა გაგებით მიიჩნია იეჰოვამ აბრაამი მართლად?
17 პავლე განიხილავს აბრაამის მაგალითს. ის იყო რწმენის კაცი, რომელიც ცხოვრობდა ისრაელებისთვის იეჰოვას მიერ კანონის მიცემამდე და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ქრისტეს თანამემკვიდრეებს ზეციერი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემოდათ (ებრ. 10:19, 20). ბიბლიაში ვკითხულობთ: „აბრაამს ან მის შთამომავლობას კანონის მეშვეობით კი არ მიეცა დაპირება, რომ ქვეყნიერების მემკვიდრე გახდებოდა, არამედ იმის გამო, რომ რწმენით მართლად იქნა აღიარებული“ (რომ. 4:13; იაკ. 2:23, 24). ასე რომ, ღმერთმა ერთგული აბრაამი მართალ კაცად ჩათვალა (წაიკითხეთ რომაელების 4:20—22 ).
18 ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბრაამი მრავალი წელი უცოდველად ემსახურებოდა იეჰოვას. მართლად აღიარება სულაც არ ნიშნავდა უცოდველობას (რომ. 3:10, 23). თავისი უსაზღვრო სიბრძნით, იეჰოვამ მხედველობაში მიიღო აბრაამის გამორჩეული რწმენა და ის საქმეები, რომლებიც მან ამ რწმენით გააკეთა. კერძოდ, აბრაამმა ირწმუნა, რომ აღთქმული „შთამომავალი“ მისი საგვარეულო ხაზიდან მოვიდოდა. ეს შთამომავალი მესია, ანუ ქრისტე, აღმოჩნდა (დაბ. 15:6; 22:15—18). ამგვარად, „ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდის“ საფუძველზე ზეციერ მოსამართლეს შეუძლია ამ გამოსასყიდის გაღებამდე ჩადენილი ცოდვების პატიება. ასე რომ, აბრაამი და ქრისტემდე მცხოვრები ღვთის სხვა მსახურები მკვდრეთით აღდგებიან (წაიკითხეთ რომაელების 3:24, 25; ფსალმ. 32:1, 2).
თქვენც შეგიძლიათ ჩაითვალოთ მართლებად
19. რატომ არის გამამხნევებელი ის, რომ ღმერთმა აბრაამი მართლად მიიჩნია?
19 ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ სიყვარულის ღმერთმა აბრაამი მართლად მიიჩნია. იეჰოვას აბრაამი მართლად იმ გაგებით არ ჩაუთვლია, რა გაგებითაც „ქრისტეს თანამემკვიდრე“ სულით ცხებულები. მხოლოდ ღვთის ერთგულ მსახურთა პატარა ჯგუფი არის „წმინდებად მოწოდებული“ და „ღვთის ძეებად“ აღიარებული (რომ. 1:7; 8:14, 17, 33). მათგან განსხვავებით, აბრაამს „იეჰოვას მეგობარი“ ეწოდა და ეს გამოსასყიდის გაღებამდე მოხდა (იაკ. 2:23; ეს. 41:8). რა შეიძლება ითქვას ჭეშმარიტ ქრისტიანებზე, რომლებსაც დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში ცხოვრების იმედი აქვთ?
20. რას მოელის ღმერთი მათგან, ვისაც აბრაამივით მართლებად მიიჩნევს?
20 მათ არ მიუღიათ „სიმართლის [ის] უსასყიდლო ძღვენი“, რომელიც ზეციერი ცხოვრებისთვის გათავისუფლებულებმა მიიღეს „ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით“ (რომ. 3:24; 5:15, 17). მიუხედავად ამისა, ისინი დიდ რწმენას ავლენენ ღვთისა და გამოსასყიდისადმი, და ამ რწმენას საქმეებით ამტკიცებენ. ამ საქმეებიდან ერთ-ერთი ის არის, რომ „ღვთის სამეფოზე“ ქადაგებენ და „უფალ იესო ქრისტეზე“ ასწავლიან (საქ. 28:31). ამგვარად, იეჰოვა მათაც იმ გაგებით მიიჩნევს მართლებად, რა გაგებითაც აბრაამი მიიჩნია. მათ მიერ მიღებული ძღვენი, იეჰოვასთან მეგობრობა, განსხვავდება „უსასყიდლო ძღვნისგან“, რომელსაც ცხებულები იღებენ. მიუხედავად ამისა, ეს ნამდვილად არის ძღვენი, რომლისთვისაც ისინი დიდად მადლიერები არიან.
21. რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ღვთის სიყვარულსა და სამართლიანობას?
21 დღევანდელი მმართველები ბევრ დაპირებას იძლევიან, მაგრამ ისინი მარადიულ სიცოცხლეს არ გვპირდებიან. ჩვენი იმედი მათზე არ არის დამოკიდებული. ეს იმედი დაფუძნებულია უზენაესი მმართველის გონივრულ განზრახვაზე. იეჰოვამ უკვე ბევრი რამ მოიმოქმედა თავისი განზრახვის შესასრულებლად და ყველაფერი სამართლიანად გააკეთა. უფრო მეტიც, ყოველივე ამაში მისი დიდი სიყვარული გამოჩნდა. პავლემ თქვა: „ღმერთი . . . თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:8).
[სქოლიო]
a იხილეთ, „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ ტომი 2, გვ. 736, აბზ. 4, 5 (ინგლ.) და 2000 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 4, აბზ. 4.
გახსოვთ?
• რა მიიღო მემკვიდრეობით ადამის შთამომავლობამ და რა მოჰყვა ამას შედეგად?
• როგორ იქნა გაღებული შესაბამისი გამოსასყიდი და რის შესაბამისი იყო ის?
• რა შესაძლებლობას გაძლევთ მართლად აღიარების ძღვენი?
[სურათი 13 გვერდზე]
სრულყოფილმა ადამმა შესცოდა. სრულყოფილმა ადამიანმა, იესომ „შესაბამისი გამოსასყიდი“ გაიღო
[სურათი 15 გვერდზე]
მართლაც სასიხარულო ცნობაა, რომ იესოს მეშვეობით გვაქვს შესაძლებლობა, მართლებად ვიყოთ აღიარებული!