„თქვენთან ერთად წამოვალთ“
„თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23).
1, 2. ა) რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ ჩვენს დროზე? ბ) რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
ჩვენი დროის შესახებ იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „იმ დროს ყველა ენის ხალხიდან ათი კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23). ამ მუხლში მოხსენიებული „ათი კაცის“ მსგავსად, მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები „ეჭიდებიან იუდეველის კალთას“. მათ ეამაყებათ სულითცხებულ ქრისტიანებთან, „ღვთის ისრაელთან“ თანამშრომლობა, ვინაიდან იციან, რომ იეჰოვა აკურთხებს მათ (გალ. 6:16).
2 წინასწარმეტყველ ზაქარიას მსგავსად, იესომაც გაუსვა ხაზი იმ ერთობას, რომელიც ღვთის ხალხს შორის სუფევს. ქრისტემ თქვა, რომ მისი მიმდევრები ორ ჯგუფად იქნებოდნენ წარმოდგენილნი — „მცირე სამწყსოდ“ და „სხვა ცხვრად“; მაგრამ ისიც დასძინა, რომ ისინი „ერთ სამწყსოში“ იქნებოდნენ გაერთიანებული და „ერთი მწყემსი“ ეყოლებოდათ (ლუკ. 12:32; იოან. 10:16). თუმცა ამ ორ ჯგუფთან დაკავშირებით მაინც წამოიჭრება კითხვები: 1) რამდენად აუცილებელია, რომ „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლებმა თითოეული ცხებული ქრისტიანის სახელი იცოდნენ? 2) რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ცხებულებს საკუთარი მდგომარეობის მიმართ? 3) პირადად თქვენ, რა რეაქცია უნდა გქონდეთ თანაკრებელის მიმართ, რომელმაც უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღება დაიწყო? 4) უნდა გაღელვებდეთ გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიმღებთა რიცხვის ზრდა? მოდი, ამ სტატიაში სათითაოდ გავცეთ პასუხი ზემოთ მოყვანილ კითხვებს.
უნდა ვიცოდეთ თითოეული ცხებული ქრისტიანის სახელი?
3. რატომ არ შეგვიძლია იმის ხელაღებით თქმა, რომ ესა თუ ის ცხებული უსათუოდ გახდება 144 000-ის წევრი?
3 უნდა იცოდნენ „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლებმა თითოეული ცხებული ქრისტიანის სახელი? არა, ვინაიდან ცხებულებს მხოლოდ ზეციური ცხოვრების მოწოდება აქვთ, რაც საბოლოო ბეჭედდასმას არ ნიშნავს. სწორედ ამიტომ სატანა იყენებს „ცრუწინასწარმეტყველებს . . . რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ“ (მათ. 24:24). დედამიწის ზურგზე არავის ხელეწიფება იმის წინასწარ განსაზღვრა, მიიღებს თუ არა ცხებული ქრისტიანი ზეციურ ჯილდოს, სანამ იეჰოვა არ მიაკუთვნებს მას ამ ჯილდოს. იეჰოვა ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს საბოლოო ბეჭედს სიკვდილამდე ან „დიდი გასაჭირის“ დაწყებამდე დაასვამს (გამოცხ. 2:10; 7:3, 14). აქედან გამომდინარე, აზრს მოკლებულია, თუკი ვინმე მოჰყვება იმის მტკიცებას, რომ რომელიმე ცხებული ქრისტიანი უსათუოდ მიიღებს ზეციურ ჯილდოს და 144 000-ის წევრი გახდება.[1]
4. როგორ შეძლებენ „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები ცხებულებთან ერთად „სიარულს“, თუკი დღეს დედამიწაზე მცხოვრებ სულითცხებულთა სახელების ცოდნა შეუძლებელია?
4 ისმის კითხვა: თუკი შეუძლებელია დღეს დედამიწაზე მცხოვრებ სულითცხებულთა სახელების ცოდნა, როგორღა შეძლებენ „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები მათთან ერთად „სიარულს“? ნახეთ, რა არის ნათქვამი „ათი კაცის“ შესახებ ზაქარიას წინასწარმეტყველებაში: „ათი კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“. მართალია, ამ მუხლში „იუდეველი“ მხოლობით რიცხვშია მოხსენიებული, მაგრამ ამავე მუხლში მოყვანილ ნაცვალსახელში, „თქვენთან“, ერთზე მეტი ადამიანი იგულისხმება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიგურალური მნიშვნელობით გამოყენებულ სიტყვა „იუდეველში“ ადამიანთა ჯგუფი იგულისხმება და არა ერთი კონკრეტული ადამიანი. სწორედ ამიტომ ნამდვილად არაა საჭირო თითოეული „იუდეველის“ გაცნობა იმისათვის, რომ მათთან ერთად „ვიაროთ“. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ და მხარს ვუჭერდეთ მათ, როგორც ჯგუფს. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ არ გავხდეთ რომელიმე ადამიანის მიმდევარი; მასში ვკითხულობთ, რომ ჩვენ ერთი წინამძღოლი, ქრისტე, გვყავს (მათ. 23:10).
რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ცხებულებს საკუთარი მდგომარეობის მიმართ?
5. რა გაფრთხილებას უნდა ჩაუკვირდნენ ცხებულები და რატომ?
5 ის, ვინც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს, უნდა ჩაუკვირდეს გაფრთხილებას, რომელიც ჩაწერილია 1 კორინთელების 11:27—29-ში (წაიკითხეთ). რის თქმა სურდა ამ სიტყვებით პავლე მოციქულს? ამით მას იმის თქმა სურდა, რომ თუ ცხებულ ქრისტიანს გაუფუჭდებოდა იეჰოვასთან ურთიერთობა, მაგრამ კვლავ განაგრძობდა სიმბოლოების მიღებას, ეს უღირს საქციელში ჩაეთვლებოდა (ებრ. 6:4—6; 10:26—29). ეს გაფრთხილება ცხებულ ქრისტიანებს შეახსენებს იმ ფაქტს, რომ მათ ჯილდო ჯერ არ მიუღიათ. მათ კვლავაც უნდა ისწრაფონ „მიზნისკენ, ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 3:13—16).
6. რა დამოკიდებულება აქვთ ცხებულ ქრისტიანებს თავიანთი მდგომარეობის მიმართ?
6 ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ ცხებულებს მოუწოდა, რომ ევლოთ „იმ მოწოდების ღირსად . . . რომლითაც მოწოდებულნი“ იყვნენ. საინტერესოა, როგორ შეძლებდნენ ისინი ამას? პავლე განაგრძობს: „სრული თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, რომ სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს და გულმოდგინედ იცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფეს. 4:1—3). დიახ, იეჰოვას სული ჩვენში თავმდაბლობას ბადებს და არა — სიამაყეს (კოლ. 3:12). ცხებული ქრისტიანები თავმდაბლად აღიარებენ, რომ მათ მიწიერი იმედის მქონე თანაქრისტიანებზე მეტი წმინდა სული არ მიუღიათ. ისინი არც იმას აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ ცოდნას ფლობენ ან ხილვებს ხედავენ; არც იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ სხვებზე რამით აღმატებულნი არიან. ისინი თანაქრისტიანებს არ არწმუნებენ იმაში, რომ ისინიც ცხებულები არიან და არც გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღებისკენ მოუწოდებენ; მათ კარგად ესმით, რომ ამგვარ მოწვევას ქრისტიანი მხოლოდ იეჰოვასგან იღებს.
7, 8. რას არ ელიან ცხებული ქრისტიანები და რატომ?
7 მართალია, ცხებულ ქრისტიანებს ზეციური მოწოდების განსაკუთრებული პატივი ხვდათ წილად, მაგრამ ისინი ამის გამო თანაქრისტიანებისგან განსაკუთრებულ პატივისცემას არ ელიან (ეფეს. 1:18, 19; წაიკითხეთ ფილიპელების 2:2, 3). იეჰოვასგან ზეციური მოწვევა მათ პირადად მიიღეს; ამის შესახებ სხვებმა არაფერი იციან. ამიტომ მათ არ უკვირთ, როცა ვინმეს უჭირს იმის დაჯერება, რომ ისინი სულითცხებულები არიან. უფრო მეტიც, მათ იციან, რომ წმინდა წერილები თანაქრისტიანებს მოუწოდებს, სწრაფად არ დაუჯერონ მას, ვინც აცხადებს, რომ ღვთისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს მიღებული (გამოცხ. 2:2). სულითცხებული ქრისტიანებისთვის თავიანთი სტატუსი „სავიზიტო ბარათი“ ნამდვილად არ არის. ხშირ შემთხვევაში, ისინი არც კი ახსენებენ, რომ ცხებულები არიან, ვინაიდან ყურადღების ცენტრში მოქცევა არ სურთ; ისინი არც თავიანთი მომავლის იმედით ტრაბახობენ (1 კორ. 1:28, 29; წაიკითხეთ 1 კორინთელების 4:6—8).
8 ამასთანავე, ცხებული ქრისტიანები საკუთარ თავს „ნაღებ საზოგადოებას“ არ მიაკუთვნებენ. ისინი არ ეძებენ მათ, ვინც აცხადებენ, რომ ზეციური მოწოდება აქვთ, იმ მიზნით, რომ იურთიერთონ მათთან ან ჩამოაყალიბონ ბიბლიის შემსწავლელთა კერძო ჯგუფები (გალ. 1:15—17). ამგვარი მოქმედება კრებაში განხეთქილებებს გამოიწვევდა და წმინდა სულის მოქმედებას ხელს შეუშლიდა, რაც კრებაში მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნების საწინდარია (წაიკითხეთ რომაელების 16:17, 18).
რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ცხებულების მიმართ?
9. რატომ უნდა გვქონდეს გაწონასწორებული დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს? (იხილეთ ჩარჩო „სიყვარული უწესოდ არ იქცევა“)
9 რა დამოკიდებულება უნდა გქონდეთ მათ მიმართ, ვინც უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს? იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“. შემდეგ კი დასძინა: „ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“ (მათ. 23:8—12). აქედან გამომდინარე, არაგონივრულია, თანაქრისტიანების განდიდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ქრისტეს ცხებული ძმები არიან. მართალია, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ მივბაძოთ ქრისტიანი უხუცესების რწმენას, რომელთაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრიათ, მაგრამ ბიბლია გაკვრითაც კი არ მიანიშნებს იმაზე, რომ რომელიმე ადამიანი განვადიდოთ (ებრ. 13:7). მართალია, ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, რომ ზოგი „ორმაგი პატივის ღირსად“ უნდა ჩაითვალოს, მაგრამ „ორმაგი პატივის“ მიგების მიზეზი ვინმეს ცხებულობა კი არაა, არამედ ის, თუ რამდენად კარგად სწევს ხელმძღვანელობას და რამდენად ირჯება სიტყვასა თუ სწავლების საქმეში (1 ტიმ. 5:17). აქედან გამომდინარე, ცხებული ქრისტიანები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუკი თანაქრისტიანები მათი ზეციური მოწოდების გამო ზომაზე მეტ ყურადღებას გამოიჩენენ და განადიდებენ. უფრო მეტიც, თუ ცხებულებს განსაკუთრებულად მოვექცევით, მათ შესაძლოა გაუჭირდეთ თავმდაბლობის შენარჩუნება (რომ. 12:3). დიახ, ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რომ ცხებული ძმებისთვის დაბრკოლების ლოდი აღმოვჩნდეთ (ლუკ. 17:2).
10. როგორ უნდა ცხადვყოთ, რომ პატივს ვცემთ მათ, ვინც იეჰოვამ თავისი წმინდა სულით სცხო?
10 მაშ, როგორ უნდა ცხადვყოთ, რომ პატივს ვცემთ მათ, ვინც იეჰოვამ თავისი სულით სცხო? ჩვენ უნდა მოვერიდოთ ისეთი კითხვების დასმას, რაც მათ სულით ცხებას უკავშირდება; ჩვენ არ ვინტერესდებით ისეთი საკითხებით, რაც არ გვეხება (1 თეს. 4:11; 2 თეს. 3:11). არ უნდა დავასკვნათ, რომ სულითცხებული ქრისტიანის მშობლები, მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრებიც სულითცხებულები არიან. არ დაგვავიწყდეს, რომ სულით ცხებასთან გენეტიკა და ქორწინება არაფერ შუაშია (1 თეს. 2:12). გარდა ამისა, ცხებული ქრისტიანის მეუღლეს არ უნდა ვკითხოთ, თუ რას გრძნობს, როცა ფიქრობს იმაზე, რომ ახალ ქვეყნიერებაში მეუღლე გვერდით არ ეყოლება. ამგვარი კითხვების დასმის ნაცვლად, რითაც თანაქრისტიანს შესაძლოა გული მოვუკლათ, უმჯობესია, ვენდოთ იეჰოვას, რომელიც ახალ ქვეყნიერებაში „გაშლის ხელს და დააკმაყოფილებს ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ (ფსალმ. 145:16).
11. რა საფრთხეს ავირიდებთ თავიდან, თუ ადამიანთა განდიდების მახეში არ გავებმებით?
11 ისინი, ვინც სულითცხებულ ქრისტიანებს განსაკუთრებულ პატივს არ მიაგებენ, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს ზიანისგან იცავენ. წმინდა წერილები გვაფრთხილებს, რომ კრებაში შემოიპარებოდნენ ცრუძმები (გალ. 2:4, 5; 1 იოან. 2:19). ასეთებმა შესაძლოა ისიც თქვან, რომ ცხებული ქრისტიანები არიან. ამასთანავე, ზოგი ცხებული შეიძლება საერთოდ ჩამოშორდეს რწმენას (მათ. 25:10—12; 2 პეტ. 2:20, 21). იუდას მე-16 მუხლში მოხსენიებული სიტყვა „პირფერობა“ შეიძლება „ადამიანთა განდიდებადაც“ ითარგმნოს. აქედან გამომდინარე, თუ მოვერიდებით ადამიანთა განდიდების მახეს, ცრუქრისტიანები ვერ ჩამოგვაცილებენ ჭეშმარიტებას. ჩვენს რწმენას არც იმ შემთხვევაში შეუდგება წყალი, თუ იეჰოვას ორგანიზაციას დატოვებენ ისინი, ვისაც დიდი პასუხისმგებლობები აკისრია ან დიდი ხნის განმავლობაში ემსახურება ღმერთს.
რა შეიძლება ითქვას გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიმღებთა რიცხვის ზრდაზე?
12, 13. რატომ არ უნდა გვაღელვებდეს გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიმღებთა რაოდენობა?
12 ბოლო წლებში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიმღებთა რიცხვი იზრდება. არადა, ათწლეულების განმავლობაში ეს რიცხვი იკლებდა. უნდა გვაღელვებდეს სიმბოლოების მიმღებთა რიცხობრივი ზრდა? არავითარ შემთხვევაში! მოდი, ვისაუბროთ ამის რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზზე.
13 „იეჰოვა იცნობს თავისას“ (2 ტიმ. 2:19). ძმებს, რომლებიც გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიმღებთ ითვლიან, არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, თუ სინამდვილეში ვის აქვს ზეციური იმედი. სიმბოლოების მიმღებთა რიცხვში შესაძლოა ის ქრისტიანებიც შედიოდნენ, რომლებიც შეცდომით ასკვნიან, რომ ცხებულები არიან. არიან ისეთებიც, ვინც სიმბოლოების მიღება დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით შეწყვიტა. ზოგს კი შესაძლოა ფსიქიკური და ემოციური პრობლემების გამო ჰგონია, რომ ქრისტეს თანამმართველი იქნება ზეცაში. მაშასადამე, სიმბოლოების მიმღებთა რიცხვი ნამდვილად არ განსაზღვრავს დედამიწაზე დარჩენილ ცხებულ ქრისტიანთა რეალურ რაოდენობას.
14. რას ამბობს ბიბლია ცხებულთა რაოდენობაზე, რომელიც დიდი გასაჭირის დაწყებისას დედამიწაზე იქნება?
14 როდესაც იესო მოვა, ის დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ცხებულებს შეკრებს და ზეცაში წაიყვანს. ამ დროის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ის [იესო] გაგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და ისინი შეკრებენ მის რჩეულებს ქარის ოთხივე მიმართულებიდან, ცის კიდით კიდემდე“ (მათ. 24:31). წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ ბოლო დღეებში დედამიწაზე ცხებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება დარჩენილი (გამოცხ. 12:17). თუმცა ცხებულ ქრისტიანთა ზუსტი რიცხვი, რომლებიც დიდი გასაჭირის დაწყებისას დედამიწაზე იქნებიან, ბიბლიაში არსადაა დაკონკრეტებული.
15, 16. რას ვსწავლობთ იეჰოვას მიერ 144 000-ის შერჩევის პროცესიდან?
15 იეჰოვა ყოველთვის თავად წყვეტს, თუ როდის აირჩევს ცხებულებს (რომ. 8:28—30). იეჰოვამ ცხებულების შერჩევა იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დაიწყო; როგორც ჩანს, პირველ საუკუნეში ყველა ქრისტიანი სულითცხებული იყო. პირველი საუკუნიდან მოყოლებული ბოლო დღეების დაწყებამდე, მათი უმრავლესობა, ვინც თავს ქრისტეს მიმდევრებად აცხადებდნენ, ცრუქრისტიანები იყვნენ. იესომ მათ „სარეველა“ უწოდა. მიუხედავად ამისა, მთელი ამ დროის მანძილზე იეჰოვა კვლავაც სცხებდა სულით ზოგ ერთგულ ქრისტიანს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით ცხადყოფდნენ, რომ იესოს იგავში მოხსენიებული „ხორბალი“ იყვნენ (მათ. 13:24—30). ბოლო დღეების განმავლობაში იეჰოვა კვლავაც სცხებს თავისი წმინდა სულით მათ, ვინც ცხებულთა საბოლოო რიცხვს, 144 000-ს შეავსებს.[2] და, თუკი იეჰოვა ბოლო დღეების მიწურულსაც ირჩევს ცხებულებს, იმის არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ მის სიბრძნეში ეჭვი შევიტანოთ (ეს. 45:9; დან. 4:35; წაიკითხეთ რომაელების 9:11, 16).[3] ჩვენ სიფრთხილე გვმართებს, რომ არ დავემსგავსოთ იესოს იგავში მოხსენიებულ მუშებს, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ბატონმა მათაც და მეთერთმეტე საათზე დაქირავებულ მუშებსაც ერთნაირი გასამრჯელო არგუნა (წაიკითხეთ მათეს 20:8—15).
16 ყველა, ვისაც ზეციური მოწოდება აქვს, არ არის „ერთგული და გონიერი მონა“ (მათ. 24:45—47). როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღეს, იეჰოვა და იესო ერთეულთა ხელით აპურებენ მრავალს. პირველ საუკუნეში ღმერთმა მართლაც ერთეულები გამოიყენა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დასაწერად. დღესაც, ცხებულ ქრისტიანთა მხოლოდ მცირე ნაწილია პასუხისმგებელი იმაზე, რომ ყველას დროულად ჰქონდეს სულიერი საზრდო.
17. რა გავიგეთ ამ სტატიიდან?
17 რა გავიგეთ ამ სტატიიდან? იეჰოვა სულიერი ისრაელის წარმომადგენლებს ზეციური ცხოვრების ჯილდოს უბოძებს, ხოლო სიმბოლურ ათ კაცს — სიცოცხლეს დედამიწაზე. მიუხედავად ამისა, იეჰოვა როგორც ზეციურ, ისე მიწიერი იმედის მქონეთაგან, ერთგულებას ერთნაირად მოითხოვს. ამასთანავე, ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს თანაბრად მართებთ თავმდაბლობის გამოვლენა. გარდა ამისა, მათ შორის ერთობა უნდა სუფევდეს და კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას უწყობდნენ ხელს. და, რაც უფრო ვუახლოვდებით ბოლო დღეების აღსასრულს, მით უფრო მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ ერთ სამწყსოდ გაერთიანებულებმა ერთგულად ვემსახუროთ ღმერთს და ფეხდაფეხ მივსდიოთ ქრისტეს.
^ [1] (მე-3 აბზაცი) ფსალმუნის 87:5, 6-ის საფუძველზე, როგორც ჩანს, ჩვენთვის ცნობილი გახდება მათი სახელები, რომლებიც ქრისტესთან ერთად იმმართველებენ ზეცაში (რომ. 8:19).
^ [2] (მე-15 აბზაცი) მართალია, საქმეების 2:33-დან ვიგებთ, რომ იესო მონაწილეობს წმინდა სულით ცხების პროცესში, მაგრამ ცხებულები ზეციურ მოწოდებას უშუალოდ იეჰოვასგან იღებენ.
^ [3] (მე-15 აბზაცი) დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 2007 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებული „მკითხველთა შეკითხვები“, გვ. 30, 31.