იეჰოვას ორგანიზაციასთან ერთად ურყევი ერთგულებით მსახურება
„ურყევად ერთგულს ურყევი ერთგულებით მოექცევი“ (მეორე მეფეთა 22:26, აქ).
1, 2. რომელია ურყევი ერთგულების ზოგი მაგალითი, რომლებსაც ყველა ჩვენგანი შეიძლება ხედავდეს კრებაში?
ერთ გვიან საღამოს უხუცესი მოხსენებას ამზადებს ქრისტიანული შეხვედრისთვის. ის სიამოვნებით შეჩერდებოდა და შეისვენებდა; ნაცვლად ამისა, აგრძელებს მუშაობას და ეძებს ბიბლიურ მაგალითებსა და შემთხვევებს, რომლებიც სამწყსოს გულს ჩასწვდება და გაამხნევებს. იმავე კრების წევრი გადაღლილი მშობლები სიამოვნებით გაატარებდნენ ოჯახში საღამოს, როცა შეხვედრაა დაგეგმილი; ნაცვლად ამისა, მოთმინებით ამზადებენ შვილებს და შეხვედრაზე მიდიან. შეხვედრის შემდეგ ქრისტიანთა ჯგუფი უხუცესის მოხსენებას არჩევს. ერთ დას ცდუნება აქვს, მოიხსენიოს, რომ ერთხელ ამ ძმამ აწყენინა; ნაცვლად ამისა, აღტაცებით ლაპარაკობს მის მიერ მოყვანილ ერთ-ერთ პუნქტზე. ხვდები, რა აკავშირებს ამ შემთხვევებს?
2 ეს ურყევი ერთგულებაა. უხუცესი ურყევი ერთგულებით ემსახურება ღვთის სამწყსოს; მშობლები ურყევი ერთგულებით ესწრებიან კრების შეხვედრებს; და კი ურყევი ერთგულებით უჭერს მხარს უხუცესებს (1 პეტრე 5:2; ებრაელთა 10:24, 25; 13:17). დიახ, ვხედავთ, რომ ღვთის ხალხი ცხოვრების ყველა სფეროში აღსავსეა გადაწყვეტილებით — ურყევი ერთგულებით იმსახუროს იეჰოვას ორგანიზაციასთან ერთად.
3. რატომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ იეჰოვას მიწიერი ორგანიზაციისადმი ურყევად ერთგულები ვრჩებოდეთ?
3 როცა იეჰოვა ამ ზნეობრივად გარყვნილ მსოფლიოს დაჰყურებს, თითქმის ვერ ხედავს ურყევ ერთგულებას (მიქა 7:2). როგორ სიხარულს უნდა გრძნობდეს მისი გული, როცა თავისი ხალხის ურყევ ერთგულებას აკვირდება! დიახ, შენი პირადი ურყევი ერთგულება სიამოვნებას ანიჭებს მას. მაგრამ ეს ამძვინვარებს სატანას, თავდაპირველ მეამბოხეს, და ამტკიცებს, რომ ის ცრუა (იგავნი 27:11; იოანე 8:44). ელოდე, რომ სატანა ეცდება, შეარყიოს იეჰოვასა და მისი მიწიერი ორგანიზაციისადმი შენი ურყევი ერთგულება. განვიხილოთ ზოგი მხარე, რომლებშიც სატანა ამას აკეთებს. ასე უკეთ დავინახავთ, თუ როგორ შეგვიძლია ბოლომდე ურყევად ერთგულები დავრჩეთ (2 კორინთელთა 2:11).
ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილებას ურყევი ერთგულების დარღვევა შეუძლია
4. ა) რატომაა ადვილი, უარყოფითი შეხედულება გქონდეს პასუხისმგებელ პიროვნებაზე? ბ) როგორ აღმოჩნდა კორახი იეჰოვას ორგანიზაციისადმი ორგული?
4 როცა ძმას საპასუხისმგებლო მდგომარეობა უკავია, შეცდომები შეიძლება უფრო აშკარა გახდეს. რა ადვილია, ვეძებოთ ‘ბეწვი ჩვენი ძმის თვალში, მაშინ როცა საკუთარ თვალში დირესაც კი არ ვამჩნევთ’! (მათე 7:1–5). მაგრამ შეცდომებზე ყურადღების შეჩერებას ორგულობის გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, ყურადღება მიაქციე სხვაობას კორახსა და დავითს შორის. კორახს ბევრი პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული და, შესაძლებელია, მრავალი წელი ურყევად ერთგული იყო, მაგრამ პატივმოყვარე გახდა. მას აღიზიანებდა მოსესა და აარონის, თავისი ბიძაშვილების, უფლებამოსილება. თუმცა მოსე უთვინიერესი კაცი იყო, კორახმა, როგორც ჩანს, კრიტიკული თვალით დაუწყო ყურება. შესაძლებელია, ის მოსეს შეცდომებს ხედავდა. მაგრამ ეს შეცდომები არ ამართლებდა იეჰოვას ორგანიზაციისადმი კორახის ორგულობას. ის მოსპობილ იქნა კრებულიდან (რიცხვნი 12:3; 16:11, 31–33).
5. რატომ შეიძლებოდა დავითს სურვილი ჰქონოდა, რომ საულის წინააღმდეგ წასულიყო?
5 მეორე მხრივ, დავითი მსახურობდა მეფე საულის ქვეშევრდომობით. საული, ერთ დროს კარგი მეფე, ახლა ბოროტი გახდა. დავითს რწმენა, მოთმინება და გარკვეული სიმარჯვეც კი ესაჭიროებოდა, რომ შურიანი საულის თავდასხმები გადაეტანა. მაგრამ, როცა დავითს შურისძიების შესაძლებლობა მიეცა, თქვა, „უფალმა დამიფაროს“, რომ იეჰოვას ცხებულს ვუღალატოო (პირველი მეფეთა 26:11).
6. რა არ უნდა გავაკეთოთ არასოდეს, თუნდაც უხუცესების სუსტი მხარეები და შეცდომები შევნიშნოთ?
6 როცა შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვინმეს, ვინც ჩვენს შორის ხელმძღვანელობას იღებს, არასწორი გადაწყვეტილება გამოაქვს, უკმეხად ლაპარაკობს ან, ვფიქრობთ, რომ მიკერძოებას ავლენს, დავიწყებთ მათზე უკმაყოფილების გამოხატვას, რითაც, შესაძლებელია, ხელი შევუწყოთ კრიტიკულ სულს კრებაში? შევწყვეტთ პროტესტის ნიშნად ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარულს? უეჭველია, არა! მსგავსად დავითისა, სხვის შეცდომებს არასოდეს მივცემთ უფლებას, გვიბიძგოს, რომ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ ორგულები ვიყოთ! (ფსალმუნი 118:165).
7. რომელი ზოგი სახეობის თაღლითობას ჰქონდა ადგილი იერუსალიმის ტაძარში და რას გრძნობდა იესო ამაზე?
7 ურყევი ერთგულების ყველაზე დიდებული მაგალითი ადამიანებიდან იყო იესო ქრისტე, რომელიც წინასწარმეტყველურად აღიწერა როგორც „ურყევად ერთგული“ (ფსალმუნი 15:10, აქ). იერუსალიმის ტაძრის ბოროტად გამოყენების დროს ურყევი ერთგულების შენარჩუნება დიდ სირთულეს წარმოადგენდა. იესომ იცოდა, რომ მღვდელმთავრის საქმიანობა და შესაწირავები თავისი მსახურებისა და სიცოცხლის შეწირვის წინასახეობა იყო და იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხალხისთვის აქედან გაკვეთილის მიღება. ამგვარად, ის აღივსო სამართლიანი აღშფოთებით, როცა დაინახა, რომ ტაძარი „ავაზაკთა ბუნაგად“ იყო ქცეული. ღვთისგან ბოძებული ძალაუფლებით მან ორჯერ გადადგა ნაბიჯი — განეწმინდა იგი (მათე 21:12, 13; იოანე 2:15–17).
8. ა) როგორ გამოავლინა იესომ ურყევი ერთგულება ტაძრის დადგენილების მიმართ? ბ) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას თაყვანისცემას მის წმინდა ორგანიზაციასთან ერთად?
8 მიუხედავად ამისა, იესო ურყევი ერთგულებით უჭერდა მხარს ტაძრის დადგენილებას. ის ბავშვობიდან ესწრებოდა ტაძარში დღესასწაულებს და ხშირად ასწავლიდა იქ. ის ტაძრის გადასახადსაც კი იხდიდა — თუმცა, სინამდვილეში, არ იყო ვალდებული (მათე 17:24–27). იესომ შეაქო ღარიბი ქვრივი ტაძრის საგანძურში ‘მთელი მისი სარჩო-საბადებლის’ ჩადებისთვის. ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვამ სამუდამოდ მიატოვა ის ტაძარი. მაგრამ, ვიდრე ეს მოხდებოდა, იესო ტაძრის მიმართ ურყევად ერთგული იყო (მარკოზი 12:41–44; მათე 23:38). დღეს ღვთის მიწიერი ორგანიზაცია ბევრად აღემატება იუდეველთა სისტემას მის ტაძართან ერთად. რასაკვირველია, ის არ არის სრულყოფილი; ამიტომ დროდადრო შესწორებები ხდება. მაგრამ ის არც კორუფციით არის გაჟღენთილი, არც იეჰოვა აპირებს მის შეცვლას. არანაირ ნაკლოვანებას, რასაც მასში ვამჩნევთ, არასოდეს უნდა მივცეთ უფლება, მოგვწამლოს ან გვაიძულოს, რომ კრიტიკული, უარყოფითი სული განვავითაროთ. პირიქით, იესო ქრისტეს ურყევ ერთგულებას მივბაძოთ (1 პეტრე 2:21).
ჩვენი ნაკლოვანებები
9, 10. ა) როგორ იყენებს სატანის სისტემა ჩვენს ნაკლოვანებებს, რომ ორგულ საქციელში შეგვიტყუოს? ბ) რა უნდა გააკეთოს პიროვნებამ, რომელმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა?
9 სატანა აგრეთვე ცდილობს, ხელი შეუწყოს ორგულობას ჩვენი ნაკლოვანებების გამოყენებით. მისი სისტემა სარგებლობს ჩვენი სუსტი მხარეებით და გვიტყუებს, გავაკეთოთ ის, რაც იეჰოვას თვალში არასწორია. სამწუხაროდ, ყოველწლიურად ათასობით პიროვნება ებმება უზნეობაში. ზოგი ზრდის ამ ორგულობას იმით, რომ გაორებულ ცხოვრებას ეწევა და ცოდვილ ცხოვრებას აგრძელებს, თუმცა თავი ერთგულ ქრისტიანად მოაქვს. ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ რუბრიკაში „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას“. . . წარმოდგენილი იმ სტატიების სერიის საპასუხოდ, რომლებიც ამ საკითხს ეხებოდა, ერთი ახალგაზრდა ქალი წერდა: „სტატიები ჩემი ცხოვრების ისტორია იყო“. ის საიდუმლოდ დაუმეგობრდა ახალგაზრდებს, რომლებსაც იეჰოვას მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნდათ. შედეგი? ის წერს: „ჩემი ცხოვრება უკან-უკან წავიდა, უზნეობაში გავეხვიე და გაკიცხვა დავიმსახურე. იეჰოვასთან ჩემი ურთიერთობა დაზიანდა და მშობლებისა და უხუცესების ნდობა დავკარგე“.
10 უხუცესების დახმარებით ეს ახალგაზრდა ქალი დაუბრუნდა იეჰოვასადმი ურყევი ერთგულებით მსახურებას. მაგრამ, სამწუხაროდ, მრავალი იტანჯება უარესი შედეგებით, ზოგი კი არასოდეს უბრუნდება სამწყსოს. რამდენად უკეთესია, იყო ურყევად ერთგული და წინააღმდეგობა გაუწიო ცდუნებებს ამ ბოროტ წუთისოფელში! ყურადღება მიაქციე ჟურნალებში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მოცემულ გაფრთხილებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნიური საზოგადოება და გარყვნილი გართობა. დაე არასოდეს გაება ორგული ქცევის მახეში. მაგრამ, თუ გაებმები, არასოდეს აჩვენო თავი იმად, რაც არა ხარ (ფსალმუნი 25:4). ნაცვლად ამისა, მიიღე დახმარება. ამისთვის არიან ქრისტიანი მშობლები და უხუცესები (იაკობი 5:14).
11. რატომ იქნებოდა არასწორი, საკუთარი თავი ჩაგვეთვალა გამოუსწორებელ ცუდ პიროვნებად და რა ბიბლიურ პრეცედენტს შეეძლო დაგვხმარებოდა თვალსაზრისის გამოსწორებაში?
11 ჩვენმა ნაკლოვანებებმა შეიძლება სხვა საფრთხე შეგვიქმნას. ორგულობის გამომვლენი ზოგი ადამიანი ხელს იღებს მცდელობაზე — ასიამოვნოს იეჰოვას. გაიხსენე, რომ დავითმა მრავალი სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. მიუხედავად ამისა, მისი სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ იეჰოვამ ის ერთგულ მსახურად გაიხსენა (ებრაელთა 11:32; 12:1). რატომ? იმიტომ რომ, მას არასოდეს აუღია ხელი მცდელობაზე — ესიამოვნებინა იეჰოვასთვის. იგავნის 24:16 ამბობს: „მართალი შვიდგზისაც რომ დაეცეს, წამოდგება“. უეჭველია, თუ რომელიმე სუსტი მხარის გამო, რომელსაც ვებრძვით, უმნიშვნელოდ ვცოდავთ — დიახ, განმეორებით — შეიძლება მაინც მართლები ვიყოთ იეჰოვას თვალში, თუკი ვაგრძელებთ ‘წამოდგომას’ — რაშიც იგულისხმება გულწრფელი მონანიება და ურყევი ერთგულებით მსახურების გაგრძელება (შეადარე 2 კორინთელთა 2:7).
ერიდე ორგულობის შეუმჩნეველ ფორმებს!
12. ფარისევლების შემთხვევაში, როგორ გამოიწვია ორგულობა მკაცრმა, კანონების მომხრესთვის დამახასიათებელმა თვალსაზრისმა?
12 ორგულობა შეუმჩნეველ ფორმებშიც ვლინდება. მას ურყევი ერთგულების სახეც კი შეიძლება ჰქონდეს! მაგალითად, იესოს დღეებში მცხოვრები ფარისევლები საკუთარ თავს, ალბათ, სახელგანთქმულ ურყევად ერთგულ ადამიანებად თვლიდნენ. მაგრამ ისინი ვერ ხედავდნენ სხვაობას ურყევად ერთგულ პიროვნებასა და ადამიანის მიერ დადგენილი წესების უდრეკ მომხრეს შორის, რადგანაც მკაცრი და უხეში განმსჯელები იყვნენ (შეადარე ეკლესიასტე 7:16). ამ მხრივ ისინი ნამდვილად ორგულები იყვნენ — ადამიანების მიმართ, ვისთვისაც უნდა ემსახურათ; რჯულში ჩადებული სულის მიმართ, რომელსაც ვითომდა ასწავლიდნენ, და თვით იეჰოვას მიმართ. მათ საპირისპიროდ, იესო ურყევად ერთგული იყო სიყვარულზე დაფუძნებულ რჯულში ჩადებული სულის მიმართ. ამგვარად ის აღაშენებდა და ამხნევებდა ხალხს, ზუსტად ისე, როგორც მესიაზე იყო ნაწინასწარმეტყველები (ესაია 42:3; 50:4; 61:1, 2).
13. ა) როგორ შეიძლება, რომ ქრისტიანი მშობლები ორგულები იყვნენ? ბ) რატომ უნდა ერიდებოდნენ მშობლები, რომ მეტისმეტად უხეშები, კრიტიკულები ან შარიანები იყვნენ შვილების დასჯისას?
13 გარკვეული უფლებამოსილების მქონე ქრისტიანები ამ მხრივ იესოს მაგალითიდან დიდ სარგებლობას ნახულობენ. მაგალითად, ურყევად ერთგულმა მშობლებმა იციან, რომ უნდა დასაჯონ შვილები (იგავნი 13:24). მაგრამ ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ არ აღიზიანებენ თავიანთ შვილებს მრისხანებითა და უხეში დასჯით ან კრიტიკის გაუთავებელი ნაკადით. ბავშვებს, რომლებიც გრძნობენ, რომ ვერასოდეს ასიამოვნებენ მშობლებს ან რომლებიც ფიქრობენ, რომ მშობლებს მათი თაყვანისმცემლობა, როგორც ჩანს, მხოლოდ შარიან და კრიტიკულ ადამიანებად ხდის, სავსებით შესაძლებელია, რომ გული გაუტყდეთ და, შედეგად, ზურგი აქციონ ჭეშმარიტ რწმენას (კოლასელთა 3:21).
14. როგორ შეუძლიათ ქრისტიან მწყემსებს ურყევად ერთგულები აღმოჩნდნენ სამწყსოსადმი, რომელსაც ემსახურებიან?
14 ასევე ქრისტიანი უხუცესები და მიმომსვლელი ზედამხედველები აქცევენ ყურადღებას პრობლემებსა და ხიფათებს, რომლებსაც სამწყსო ხვდება. როგორც ურყევად ერთგული მწყემსები, ისინი იძლევიან რჩევას, როცა საჭიროა — უპირველესად, რწმუნდებიან, რომ მათთვის ყველა ფაქტი ცნობილია და ნათქვამს ყურადღებით აფუძნებენ ბიბლიასა და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებზე (ფსალმუნი 118:105; იგავნი 18:13). მათ აგრეთვე იციან, რომ სამწყსოს მათი მხრიდან სულიერი აშენებისა და კვების იმედი აქვს. ამიტომ ისინი ცდილობენ, მიბაძონ იესო ქრისტეს — კეთილ მწყემსს. ქრისტიანულ შეხვედრებზე ისინი ურყევი ერთგულებით ემსახურებიან სამწყსოს კვირიდან კვირამდე — არა იმისთვის, რომ დასცენ ისინი, არამედ რომ აღაშენონ და განუმტკიცონ რწმენა (მათე 20:28; ეფესელთა 4:11, 12; ებრაელთა 13:20, 21).
15. როგორ გამოავლინა ზოგმა პირველ საუკუნეში უადგილო ურყევი ერთგულება?
15 ორგულობის მეორე შეუმჩნეველი ფორმა უადგილო ურყევი ერთგულებაა. ბიბლიური თვალსაზრისით ნამდვილი ურყევი ერთგულება უფლებას არ იძლევა, რომ რამე ერთგულება იეჰოვა ღმერთისადმი ურყევ ერთგულებაზე წინ დავაყენოთ. პირველ საუკუნეში მრავალი იუდეველი ჯიუტად ეჭიდებოდა მოსეს რჯულსა და იუდეველთა სისტემას. მაგრამ დადგა იეჰოვას დრო, კურთხევა ამ მეამბოხე ერიდან სულიერ ისრაელ ერზე გადაეტანა. მხოლოდ შედარებით მცირე იყო იეჰოვას მიმართ ურყევად ერთგული, რომლებიც შეეგუენ ამ მნიშვნელოვან ცვლილებას. ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორისაც კი ზოგი იუდეველი ქრისტიანი დაჟინებით მოითხოვდა მოსეს რჯულის ‘უძლურ და ღატაკ საწყისებზე’ დაბრუნებას — რჯულისა, რომელიც იესო ქრისტეში შესრულდა (გალატელთა 4:9; 5:6–12; ფილიპელთა 3:2, 3).
16. როგორ ეხმაურებიან იეჰოვას ურყევად ერთგული მსახურები შესწორებებს?
16 ამის საპირისპიროდ, ამჟამად იეჰოვას ხალხი აჩვენებს, რომ ცვლილების დროს ურყევად ერთგულია. იმ დროს, როცა გაცხადებული ჭეშმარიტების სინათლე უფრო და უფრო ნათდება, შესწორებები ხდება (იგავნი 4:18). ახლახან „ერთგული და გონიერი მონა“ დაგვეხმარა, დაგვეხვეწა გაგება მათეს 24:34-ში გამოყენებულ ტერმინ ‘მოდგმაზე’ და მათეს 25:31–46-ში მოხსენიებულ ‘ცხვრებისა’ და ‘თხების’ სამსჯავროს დროზე, ასევე ჩვენს თვალსაზრისზე გარკვეულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებით (მათე 24:45). უეჭველია, ზოგი განდგომილი აღტაცებული იქნებოდა, თუკი მრავალი იეჰოვას მოწმე მაგრად ჩაეჭიდებოდა ასეთ საკითხებთან დაკავშირებულ ადრინდელ გაგებას და უარს იტყოდა წინსვლაზე. მსგავსი არაფერი მომხდარა. რატომ? იეჰოვას ხალხი ურყევად ერთგულია.
17. როგორ შეიძლება საყვარელმა პიროვნებებმა დროდადრო გამოცდას დაუქვემდებარონ ჩვენი ურყევი ერთგულება?
17 მაგრამ უადგილო ურყევი ერთგულების საკითხი შეიძლება პირადად შეგვეხოს. როცა ძვირფასი მეგობარი ან თვით ოჯახის წევრიც კი ბიბლიური პრინციპების დარღვევას ირჩევს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ურყევი ერთგულების მხრივ შუაზე ვიყოფით. ბუნებრივია, ოჯახის წევრების მიმართ ურყევ ერთგულებას ვგრძნობთ. მაგრამ ჩვენ არასოდეს უნდა დავაყენოთ მათდამი ერთგულება იეჰოვასადმი ურყევ ერთგულებაზე წინ! (შეადარე პირველი მეფეთა 23:16–18). ჩვენ არც ცოდვის ჩამდენთ დავეხმარებით, დამალონ სერიოზული ცოდვა და არც უხუცესების წინააღმდეგ მივემხრობით, რომლებიც ცდილობენ, ‘გამოასწორონ ისინი თავმდაბლობის სულით’ (გალატელთა 6:1). ამის გაკეთება ორგულობა იქნებოდა იეჰოვას, მისი ორგანიზაციისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. ბოლოს და ბოლოს, ცოდვის ჩამდენსა და მისთვის საჭირო დასჯას შორის ჩადგომა, სინამდვილეში, ეღობება მისადმი იეჰოვას სიყვარულის გამოხატვას (ებრაელთა 12:5–7). აგრეთვე გახსოვდეს, რომ „მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია“ (იგავნი 27:6). გულწრფელმა, სიყვარულით აღსავსე რჩევამ, რომელიც ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული, შეიძლება ტკივილი მიაყენოს ცოდვის ჩამდენი საყვარელი პიროვნების სიამაყეს, მაგრამ, საბოლოოდ, ის შეიძლება სიცოცხლის გადამრჩენი აღმოჩნდეს!
ურყევი ერთგულება უძლებს შევიწროებას
18, 19. ა) რა სურდა აქაბს ნაბოთისგან და რატომ უთხრა ნაბოთმა უარი? ბ) ღირდა ნაბოთის ურყევი ერთგულება იმ ფასად, რაც დაუჯდა? ახსენი.
18 ზოგჯერ სატანა პირდაპირ უტევს ჩვენს ურყევ ერთგულებას. ყურადღება მიაქციე ნაბოთის შემთხვევას. როცა მეფე აქაბი დაჟინებით მოითხოვდა მისგან ვენახის გაყიდვას, ნაბოთმა უპასუხა: „უფალმა დამიფაროს, ჩემი მამა-პაპის სამკვიდრო მოგცე!“ (მესამე მეფეთა 21:3). ნაბოთი ჯიუტი არ ყოფილა; ის ურყევად ერთგული იყო. მოსეს რჯული ბრძანებდა, რომ სამემკვიდრეო მიწა არც ერთ ისრაელს არ გაეყიდა სამუდამოდ (ლევიანნი 25:23–28). ნაბოთმა, უეჭველია, იცოდა, რომ ამ ბოროტ მეფეს მისი მოკვლა შეეძლო, ვინაიდან აქაბმა უკვე მისცა უფლება თავის ცოლს, იზებელს, მოესპო იეჰოვას მრავალი წინასწარმეტყველი. მიუხედავად ამისა, ნაბოთი მტკიცედ იდგა (მესამე მეფეთა 18:4).
19 ზოგჯერ ურყევი ერთგულება მსხვერპლს მოითხოვს. იზებელმა რამდენიმე ‘ნაძირალის’ დახმარებით ნაბოთს ბრალი დასდო დანაშაულში, რომელიც მას არ ჩაუდენია. შედეგად, ნაბოთი და მისი ვაჟები სიკვდილით დასაჯეს (მესამე მეფეთა 21:7–16; მეოთხე მეფეთა 9:26). ნიშნავს ეს, რომ ნაბოთის ურყევი ერთგულება მცდარი იყო? არა! ნაბოთი იმ მრავალ ურყევად ერთგულ მამაკაცსა და ქალს შორისაა, რომლებიც ამჟამად ‘ცოცხლები’ არიან იეჰოვას მეხსიერებაში და უსაფრთხოდ სძინავთ სამარეში, ვიდრე აღდგომა იქნება (ლუკა 20:38; საქმეები 24:15).
20. როგორ შეუძლია იმედს დაგვეხმაროს ურყევი ერთგულების შენარჩუნებაში?
20 იგივე დანაპირები დაჯერებულობით მოსავს იეჰოვას ურყევად ერთგულ მსახურებს დღეს. ვიცით, რომ ურყევი ერთგულება ამ წუთისოფელში შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. ურყევი ერთგულება იესო ქრისტეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა და მან თავის მიმდევრებს უთხრა, რომ არც მათ მოექცეოდნენ უკეთესად (იოანე 15:20). როგორც მას გააძლებინა მომავლის იმედმა, ასევე გვაძლებინებს ჩვენც (ებრაელთა 12:2, აქ). ასე რომ, შეგვიძლია ურყევად ერთგულები დავრჩეთ ნებისმიერი შევიწროების წინაშე.
21. რაში არწმუნებს იეჰოვა თავის ურყევად ერთგულ მსახურებს?
21 რასაკვირველია, დღეს შედარებით მცირე ჩვენგანი თუ იტანჯება ურყევ ერთგულებაზე ასეთი პირდაპირი შემოტევებით. მაგრამ სავსებით დასაშვებია, რომ აღსასრულის მოსვლამდე ღვთის ხალხი მეტად შეავიწროონ. როგორ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ურყევ ერთგულებას შევინარჩუნებთ? თუკი ახლავე ვართ ურყევად ერთგულები. იეჰოვამ მოგვცა დიდებული დავალება — მისი სამეფოს შესახებ ქადაგება და სწავლება. მოდი ურყევი ერთგულებით განვაგრძოთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა (1 კორინთელთა 15:58). თუ ადამიანურ ნაკლოვანებებს უფლებას არ ვაძლევთ, შეარყიოს იეჰოვას ორგანიზაციის მიმართ ჩვენი ურყევი ერთგულება და თუ ფხიზლად ვართ შეუმჩნეველი ორგულობის ისეთი ფორმების მიმართ, როგორიცაა უადგილო ურყევი ერთგულება, მაშინ უკეთესად ვიქნებით მომზადებულები, რაც არ უნდა მკაცრად გამოიცადოს ჩვენი ურყევი ერთგულება. როგორც არ უნდა იყოს, შეგვიძლია ყოველთვის დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა თავისი ურყევად ერთგული მსახურების მიმართ ყოველთვის ურყევად ერთგულია (მეორე მეფეთა 22:26, აქ). დიახ, ის დაიცავს თავის ურყევად ერთგულ მსახურებს! (ფსალმუნი 96:10).
[სქოლიოები]
იესომ გაბედულად შეუტია ასეთ სარფიან სავაჭრო საქმიანობას. ერთი ისტორიკოსის თანახმად, ტაძრის გადასახადი განსაკუთრებული ძველი ებრაული ფულით უნდა გადახდილიყო. ამიტომ გადასახადისთვის ტაძრის მრავალ მნახველს საკუთარი ფულის გადაცვლა სჭირდებოდა. ფულის გადამცვლელებს უფლება ჰქონდათ, გადაცვლისთვის უცვლელი ფასი დაედგინათ, და ეს დიდი თანხების მომტანი იყო.
იხილე ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ 1993 წლის 22 დეკემბრის (ინგლ.), 1994 წლის 8 იანვრისა (რუს.) და 1994 წლის 8 თებერვლის (რუს.) ნომრები.
მათი საძმო მომდინარეობდა ხასიდებისგან — ჯგუფისგან, რომელიც საუკუნეებით ადრე წარმოიშვა ბერძნულ ზეგავლენასთან საბრძოლველად. ხასიდებმა სახელი მიიღეს ებრაული სიტყვიდან „ხასი·დიმʹ“, რომელიც „ურყევად ერთგულებს“ ან „ღვთისმოშიშებს“ ნიშნავს. შესაძლებელია, ისინი თვლიდნენ, რომ საღვთო წერილში მოცემული მითითება იეჰოვას „ურყევად ერთგულებზე“ რაღაც განსაკუთრებული მხრივ მათ ეხებოდა (ფსალმუნი 49:5, აქ). ისინი, მათ შემდეგ კი ფარისევლები, იყვნენ რჯულის სიზუსტის ფანატიკოსი, თვითმარქვია დამცველები.
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ შეგვიძლია უფლება არ მივცეთ სხვების ნაკლოვანებებს, რომ ორგულობამდე მიგვიყვანოს?
◻ რა მხარეებში შეიძლება მიგვიყვანოს ორგულ მოქმედებამდე ჩვენმა საკუთარმა ნაკლოვანებებმა?
◻ როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ უადგილო ურყევი ერთგულების ტენდენციას?
◻ რა დაგვეხმარება ურყევი ერთგულების შენარჩუნებაში შევიწროების დროსაც კი?
[ჩარჩო 9 გვერდზე]
ურყევი ერთგულებით მსახურება ბეთელში
„ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს“. ამას წერდა პავლე მოციქული (1 კორინთელთა 14:40). პავლემ იცოდა, რომ კრების ფუნქციონირებისთვის საჭირო იყო ‘წესიერება’, ორგანიზაცია. მსგავსად ამისა, დღეს უხუცესებმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ისეთ პრაქტიკულ საკითხებზე, როგორიცაა: კრების წევრების განაწილება სხვადასხვა წიგნის შესწავლის ადგილებზე, სამქადაგებლო მსახურებისთვის შეხვედრების მოწყობა და თვალყურის დევნება, თუ როგორ მუშავდება ტერიტორია. ასეთი ღონისძიებები ზოგჯერ შეიძლება ურყევი ერთგულების გამოცდას იწვევდეს. ისინი არ წარმოადგენენ ღვთის მიერ ინსპირირებულ ბრძანებებს და, შეუძლებელია, რომ თითოეული პიროვნების მოწონებას იმსახურებდეს.
დროდადრო პრობლემად ხომ არ თვლი ქრისტიანულ კრებაში მოწყობილი ზოგი პრაქტიკული ღონისძიების მიმართ ურყევ ერთგულებას? თუ დიახ, მაშინ შეიძლება ბეთელის მაგალითი დაგეხმაროს. სახელი ბეთელი — ებრაული სიტყვა, რომელიც „ღვთის სახლს“ ნიშნავს, — საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 104-ვე ფილიალს, მათ შორის შეერთებულ შტატებში არსებულ მთავარ სამმართველოს, ჰქვია. ბეთელებში მცხოვრებ და მომუშავე მოხალისეებს სურთ, რომ ეს ადგილები იეჰოვასადმი ღრმა პატივისცემის გრძნობასა და მოკრძალებას ირეკლავდეს. ეს კი თითოეულის მხრიდან ურყევ ერთგულებას მოითხოვს.
ბეთელის სტუმრები ხშირად აღნიშნავენ იქ ნანახ წესრიგსა და სისუფთავეს. მსახურები ორგანიზებულები და ბედნიერები არიან; მათი მეტყველება და მანერები და გარეგნობაც კი მოწიფულ, ბიბლიით განსწავლულ ქრისტიანულ სინდისზე მეტყველებს. ბეთელის ოჯახის ყველა წევრი ურყევი ერთგულებით იცავს ღვთის სიტყვის ნორმებს.
გარდა ამისა, ხელმძღვანელი საბჭო უზრუნველყოფს მათ სახელმძღვანელოთი, რომელიც თავაზიანად გადმოსცემს პრაქტიკულ ზომებს, საჭიროს იმისთვის, რომ ასეთმა დიდმა ოჯახმა კარგად იმუშაოს ერთად (ფსალმუნი 132:1). მაგალითად, ის ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დაბინავება, კვება, ჰიგიენა, ჩაცმულობა, გარეგნობა და სხვა. ბეთელის ოჯახის წევრები ურყევი ერთგულებით მხარს უჭერენ და იცავენ ასეთ ზომებს, მაშინაც კი, როცა პირადად შეიძლება სხვა რამე ურჩევნიათ. ისინი ამ სახელმძღვანელოს უყურებენ არა როგორც ცივი პრინციპებისა და წესების, არამედ როგორც იმ სასარგებლო მითითებების კრებულს, რომლებიც იმისთვისაა გათვალისწინებული, რომ ხელი შეუწყოს ერთიანობასა და ჰარმონიას. ზედამხედველები ურყევად ერთგულები არიან ბიბლიაზე დაფუძნებული ამ მეთოდებისთვის მხარის დაჭერაში და იყენებენ მათ, რომ აღაშენონ და გაამხნევონ ბეთელის ოჯახი, განაგრძოს ბეთელის წმინდა მსახურება.
სტამბების, განყოფილებებისა და საცხოვრებლების ეს კომპლექსები არ წარმოადგენს ღვთის დიდებულ სულიერ ტაძარს, ანუ სახლს. ღვთის სულიერი ტაძარი სუფთა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული მისი ღონისძიებაა (მიქა 4:1). ის, როგორც ასეთი, არ შემოიფარგლება დედამიწაზე არსებული ნაგებობით.
[ჩარჩო 10 გვერდზე]
ურყევად ერთგული და კანონების მომხრე
„რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედია“ (Encyclopædia of Religion and Ethics) 1916 წელს აღნიშნავდა, რომ „ურყევად ერთგულსა და კანონების მომხრეს შორის არსებული სხვაობის დანახვა ყოველთვის და ყველგან შეიძლება“. ის განმარტავდა: „არსებობს კანონების მომხრე, ვინც აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან, და არანაირ წესს არ არღვევს; მას ღრმად სწამს დაწერილი სიტყვა. არსებობს ურყევად ერთგული, ვინც აკეთებს ამას, მაგრამ შეუძლია. . . უფრო მეტ რამეში იყოს სანდო, ვინც მთელ გონებას აქსოვს თავის მოვალეობაში, ვინც განსახორციელებელი მიზნის სულს ეწყობა“. შემდეგ იგივე ნაშრომი შენიშნავდა: „იყო ურყევად ერთგული ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კანონის მორჩილებაა. . . ურყევად ერთგული ადამიანი განსხვავდება კანონის მორჩილი ადამიანისგან როგორც პიროვნება, რომელიც მთელი გულითა და გონებით მსახურობს. . . ის განზრახ არ შესცოდავს, დაუდევრად არაფერს მოეკიდება და არც არაფერს უგულებელყოფს“.