მეფეები — წიგნი პირველი
21 ამის შემდეგ ეს ამბავი მოხდა: იზრეელელ ნაბოთს სამარიის მეფის, ახაბის, სასახლის გვერდით ვენახი ჰქონდა იზრეელში.+ 2 ახაბმა ნაბოთს უთხრა: „დამითმე შენი ვენახი, ბოსტანს გავაშენებ სასახლის გვერდით; სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ ან, თუ გინდა, მის საფასურს გადაგიხდი“. 3 ნაბოთმა ახაბს მიუგო: „იეჰოვამ დამიფაროს, ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობა შენ მოგცე!“+ 4 დაღვრემილი და დამწუხრებული შევიდა ახაბი თავის სასახლეში იზრეელელი ნაბოთის სიტყვების გამო, ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობას არ მოგცემო. დაწვა საწოლზე, პირი კედლისკენ იბრუნა და არაფერს ჭამდა.
5 შევიდა მასთან მისი ცოლი იზებელი+ და უთხრა: „რამ დაგამწუხრა და რატომ არაფერს ჭამ?“ 6 მან მიუგო: „იზრეელელ ნაბოთს ველაპარაკე, შენი ვენახი მომყიდე ან, თუ გინდა, სხვა ვენახში გაგიცვლი-მეთქი, მაგრამ მან მითხრა, არ მოგცემო ვენახს!“ 7 უთხრა მას იზებელმა, თავისმა ცოლმა: „ისრაელის მეფე არა ხარ?! ადექი, ჭამე და გული გაიმხიარულე, მე მოგცემ იზრეელელი ნაბოთის ვენახს!“+ 8 დაწერა წერილები ახაბის სახელით, დაბეჭდა მისი ბეჭდით+ და ნაბოთის ქალაქში უხუცესებსა+ და დიდებულებს დაუგზავნა. 9 აი, რა მისწერა: „გამოაცხადეთ მარხვა და დასვით ნაბოთი ხალხის თავში. 10 ორი უვარგისი კაცი დაუსვით წინ, ცილი რომ დასწამონ,+ შენ ღმერთი და მეფე დაგმეო.+ შემდეგ გაიყვანეთ და ჩაქოლეთ!“+
11 ისე მოიქცნენ ქალაქში მცხოვრები კაცები, უხუცესები და დიდებულები, როგორც იზებელის დაგზავნილ წერილებში ეწერა. 12 გამოაცხადეს მარხვა და ნაბოთი ხალხის თავში დასვეს. 13 მოვიდა ორი უვარგისი კაცი და წინ დაუჯდა მას; ისინი ცილს სწამებდნენ ნაბოთს მთელი ხალხის წინაშე, ნაბოთმა ღმერთი და მეფე დაგმოო.+ გაიყვანეს ნაბოთი ქალაქიდან და ჩაქოლეს.+ 14 შეუთვალეს იზებელს, ნაბოთი მკვდარია, ჩავქოლეთო.+
15 როგორც კი გაიგო იზებელმა, რომ ჩაქოლეს ნაბოთი, ახაბს უთხრა: „ადექი და დაეუფლე იზრეელელი ნაბოთის ვენახს,+ რომელიც არ მოგყიდა, რადგან აღარ არის ნაბოთი ცოცხალი, მკვდარია!“ 16 როცა გაიგო ახაბმა, რომ მკვდარი იყო ნაბოთი, მაშინვე ადგა, რომ იზრეელელი ნაბოთის ვენახში ჩასულიყო და დაჰპატრონებოდა.
17 იეჰოვამ თიშბელ ელიას+ უთხრა: 18 «ადექი, წადი სამარიაში და შეხვდი ისრაელის მეფე ახაბს.+ ახლა ნაბოთის ვენახშია მის ხელში ჩასაგდებად. 19 უთხარი, ასე ამბობს-თქო იეჰოვა: „ჯერ მოკალი+ და ახლა მის მიწასაც ისაკუთრებ?!“+ უთხარი, ასე ამბობს-თქო იეჰოვა: „სადაც ნაბოთის სისხლს ლოკავდნენ ძაღლები, იქ შენს სისხლსაც ალოკავენ!“»+
20 უთხრა ახაბმა ელიას: „ჩემო მტერო, მაინც მომაგენი, არა?“+ მან მიუგო: «დიახ, მოგაგენი! ღმერთი ამბობს: „რადგან მუდამ ბოროტებას სჩადიხარ იეჰოვას თვალში,+ 21 უბედურებას დაგატეხ, პირწმინდად გავხვეტ შენს შთამომავლებს და ამოგიწყვეტ ყველა მამაკაცს*+ ისრაელში, უმწეოსაც და უსუსურსაც.+ 22 დავამსგავსებ შენს საგვარეულოს ნებატის ვაჟის, იერობოამის,+ საგვარეულოს და ახიას ვაჟის, ბააშას,+ საგვარეულოს, რადგან განმარისხე და ცოდვაში გახვიე ისრაელი!“ 23 იზებელზეც თქვა იეჰოვამ: „იზებელს ძაღლები შეჭამენ იზრეელის მიწაზე.+ 24 ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, ძაღლები შეჭამენ, ხოლო ვინც მინდორში — ცის ფრინველები.+ 25 არავის ჩაუდენია იმდენი ბოროტება იეჰოვას თვალში, რამდენიც ახაბს,+ რომელსაც თავისი ცოლი იზებელი აქეზებდა.+ 26 ამორეველების მსგავსად, რომლებიც განდევნა იეჰოვამ ისრაელებისგან, სისაძაგლეს სჩადიოდა იგი და საზიზღარ კერპებს* ემსახურებოდა“».+
27 ამ სიტყვების გაგონებაზე ახაბმა ტანსაცმელი შემოიხია და ჯვალოს სამოსით შეიმოსა; მარხულობდა, ჯვალოში იწვა და დამწუხრებული დადიოდა. 28 უთხრა იეჰოვამ თიშბელ ელიას: 29 „ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი ჩემ წინაშე?!+ რაკი დაიმდაბლა თავი, მის სიცოცხლეში აღარ დავატეხ მას უბედურებას, მისი ვაჟის სიცოცხლეში დავატეხ უბედურებას მის სახლეულობას!“+